ბათუმის საქალაქო სასამართლოში 17 თებერვალს ჩაინიშნა იმ პირთა პროცესი, რომლებიც 11 იანვარს საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
მათ შორის ჩანიშნულია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული სამართალდარღვევის საქმის განხილვა.
„სასამართლო სხდომა ისე ჩაინიშნა, რომ ამის შესახებ არ უცნობებიათ არც მზია ამაღლობელისათვის და არც მისი ადვოკატებისათვის, რაც დარღვევას წარმოადგენს.
ამ დრომდე ჩვენთვის არ გადმოუციათ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დაწყების წინაპირობაა. სამართალდარღვევის პროცესის ჩანიშვნა და განხილვა მხარისათვის შეტყობინების გარეშე, დაუშვებელია,“ – წერია საიას განცხადებაში.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს მხოლოდ სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. დაკავების ოქმში ჩაიწერა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, რაც სრული სიცრუეა. ამ სიცრუეს ადასტურებს მზია ამაღლობელის დაკავების ვიდეოკადრები.
მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.
- რა მოხდა 11 იანვარს
11 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ იმართებოდა საპროტესტო აქცია, რა დროსაც დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სტიკერის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“.
დაკავებული აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. სამმართველოსთან წავიდნენ აქციის სხვა მონაწილეებიც. ციალა ქათამიძემ, პროევროპული საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ საპროტესტო შინაარსის სტიკერი დააკრა ასფალტზე. ამის გამო ციალა ქათამიძე პირადად დააკავა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ. დაკავებისას დგებუაძემ მას უთხრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე აკავებდნენ.
ციალა ქათამიძის დაკავების შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეთა თვითნებური დაკავება დაიწყო. ჯამში 11 იანვრის საღამოს 9 ადამიანი დააკავეს (მათგან ერთი არასრულწლოვანი), მეათე დაკავებული კი იყო მზია ამაღლობელი.
როდესაც მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ მისი მეგობარი და კოლეგა, ციალა ქათამიძე დააკავეს, თავადაც მივიდა აქციის მიმდინარეობის ადგილას და ერთ-ერთ პირს გამოართვა სტიკერი, რომელიც გაშალა კედელზე. სწორედ ამ დროს, სტიკერის გაკვრის გამო მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავებიდან დაახლოებით ერთ საათში ხელწერილის საფუძველზე მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს.
საჯარო სივრცეში არსებობს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების კადრები, სადაც ჩანს, რომ აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია თავად აკავებს მას სტიკერის გაკვრისთანავე და მზია ამაღლობელი ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის და სიტყვიერი კომენტარის გარეშე ემორჩილება მის უკანონო დაკავებას.
საიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია პირი დააკავოს.
“სტიკერის შენობის ღობეზე დროებითი განთავსება, არ შეიძლება ჩაითვალოს იერსახის დამახინჯებად, ამასთან ამავე კოდექსით არ იკრძალება სტიკერის დროებითი განთავსება ადმინისტრაციულ შენობებზე. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად და ნახატის შესრულებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება. მზია ამაღლობელის თვითნებური და უკანონო დაკავების შენიღბვის მიზნით პოლიციამ დაკავების ოქმი შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა 173-ე მუხლით, რომელიც არ გადასცემია მზიას დაკავებისას. დაკავების ოქმში ჩაიწერა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, რაც სრული სიცრუეა. ამ სიცრუეს ადასტურებს მზია ამაღლობელის დაკავების ვიდეოკადრები,” – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
2025 წლის 21 იანვარს, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი მზია ამაღლობელის სახელით გასაჩივრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, ამ დროისათვის საჩივართან დაკავშირებით არ არის მიღებული არანაირი გადაწყვეტილება.
უკანონო პატიმარი მზია ამაღლობელი 35 დღეა შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად. 4 თებერვალს ის რუსთავის ქალთა კოლონიიდან კლინიკა”ვივამედში” გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.
ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე – დამოუკიდებელი ჟურნალისტის დაპატიმრების ქრონიკა






