ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], რომელიც საიმიგრაციო იზოლატორში 28-ე დღეა შიმშილობს, პროტესტის ნიშნად სამედიცინო გამოკვლევებზე უარს ამბობს.
ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძეს შიმშილობის გამო 17 კილოგრამი აქვს დაკლებული.
„ისევ აგრძელებს ბატონი თემური შიმშილობას და გამოკვლევების ჩატარების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს, მისი პროტესტიდან გამომდინარე.
თანაც, მისი საქმე გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. იცით, რომ მას უკვე 4 სასამართლო პროცესი ჰქონდა, კიდევ ერთი იქნება, სადაც უნდა გაასაჩივროს ლტოლვილისა და ჰუმანიტარულ სტატუსზე უარის თქმის საკითხი. ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის მას სჭირდება შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითება და მტკიცებულებები.
მისი შიმშილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ის ყოველდღე ამზადებს გარკვეულ ახსნა-განმარტებებს საქმისთვის, უკავშირდება ახლობლებს მტკიცებულებების მოძიების მიზნით და ამაშიც ძალიან შეზღუდულია, რადგან კვირაში სამი დღე აქვს, როცა შეუძლია 4-წუთიანი ზარის განხორციელება ახლობლებთან,“ – ამბობს ადვოკატი მარიამ გაბროშვილი.
მისი თქმით, თემურ ქათამაძეს შიმშილობის გამო 17 კილოგრამი აქვს დაკლებული. დროებითი მოთავსების ცენტრში მის ჯანმრთელობას აკონტროლებენ, თუმცა ეს არ არის საკმარისი.
„შემოწმება, რაც მას იზოლატორში უტარდება – წნევის გაზომვა, შაქრის დონის ან სატურაციის გაზომვა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული სურათი მოგვცეს.
თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში და კრიტიკული იქნება, რა თქმა უნდა, მისი კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა არსებობს, თუ ამაზე ექიმის დასკვნა იქნება,“-ამბობს მარიამ გაბროშვილი.
ადვოკატს ვკითხეთ, თუკი ის უარს ამბობს კვლევებზე და არც სხვა ექიმი შედის მასთან გამოკვლევებზე, ვინ დაწერს ამ სამედიცინო დასკვნას?
მარიამ გაბროშვილის თქმით, რადგან ამ ეტაპზე თემურ ქათამაძე პროტესტის გამო უარს ამბობს გამოკველევებზე, ამიტომ ვერ მოხერხდება დამოუკიდებელი ექიმის შეყვანა დასკვნის დასაწერად.
თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე იმაზე, თუ რა კვლევები აქვს ჩატარებული მოშიმშილეს, ინფორმაცია გამოთხოვილი ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატს. ამიტომ ადვოკატს ვკითხეთ, მიიღო თუ არა ეს ინფორმაცია სახალხო დამცველმა და აპირებს თუ არა რეაგირებას ამ საკითხზე.
მარიამ გაბროშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს გვიან მიეწოდა ეს ინფორმაცია და „როგორც შეაფასეს, არსებობდა გარკვეული კვლევების ჩატარების აუცილებლობა. ამის გამო სურდათ ბატონი თემურის კლინიკაში გადაყვანა, თუმცა, როცა შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ბატონმა თემურმა ჯერ-ჯერობით უარი განუცხადა კლინიკაში გადაყვანაზე,“-ამბობს ადვოკატი.
თემურ ქათამაძე ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს. მეორედ, კი იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. პირველი დაკავების შემდეგ, თემურ ქათამაძე საუბრობდა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, ის საქართველოში ათ წელზე მეტია ცხოვრობს და ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენას ფლობს, ასევე ჩაბარებული აქვს მოქალაქეობის მინიჭებისთვის საჭირო ტესტები, მას „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება, მოქალაქეობაზე უარს ეუბნება და მის ქვეყნიდან გაძევებას აპირებს.
თემურ ქათამაძე ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, რის გამოც ის რეჟიმმა დააკავა.
„ციხეში რომ შევხვდით, მითხრა, რომ იყო ამაყი“ – რას ჰყვებიან თემურ ქათამაძეზე მეგობრები