მთავარი,სიახლეები

15 თებერვალს სარფსა და ბათუმში საპროტესტო აქცია და მარში გაიმართება

13.02.2025
15 თებერვალს სარფსა და ბათუმში საპროტესტო აქცია და მარში გაიმართება

15 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იმართება საპროტესტო მარში – „ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა!“.

„დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსული სცენარით ახორციელებს რეპრესიებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამკაცრებს კანონმდებლობას და ცდილობს, ქვეყანა კრემლის გავლენის ქვეშ მოაქციოს!

თუ არ გავაპროტესტებთ, საქართველო გადაიქცევა პუტინის რუსეთის ანალოგიურ დიქტატურად, სადაც:

  • დაპატიმრებები და რეპრესიები გახდება ყოველდღიურობა!
  • სიტყვის თავისუფლება დაიხშობა, მედია კი სრულად დაექვემდებარება რეჟიმს!
  • შეკრებისა და პროტესტის უფლება აღარ იარსებებს!
  • ქვეყანა საბოლოოდ ჩამოშორდება ევროპას და აღმოჩნდება რუსეთის ბნელი გავლენის ქვეშ!

ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის! თუ ახლა არ შევაჩერებთ ამ პროცესს, ხვალ გვიანი იქნება!“ – წერენ აქტივისტები.

ბათუმში მარშის მონაწილეები შაბათს, 15 თებერვალს 18:00 საათზე ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობა გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოსკენ. 

გარდა ამისა, ასევე შაბათს, 15 თებერვალს, 13:00 საათზე იგეგმება თემურ ქათამაძის, მზია ამაღლობელის, ზვიად ცეცხლაძის, ანრი კაკაბაძის და სხვა პოლიტიკური ტყვეების მხარდასაჭერი შეკრება-აქცია სარფში.

„ჩვენი პირველი გასვლა ბათუმის ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო. მეორე გასვლაც, გვინდა, რომ ასეთივე გამოვიდეს – სარფი შეირჩა საიმისოდ, რომ ერთგვარად ხაზი გავუსვათ თემურის, როგორც მუჰაჯირების შთამომავლის წარსულს და მის დაუღალავ ჯაფას ჩვენებურების [თურქეთის ქართველობის] კულტურული ბმის აღსანიშნად ისტორიულ სამშობლოსთან.  მთავარია, მივაწვდინოთ ხმა გონიო-სარფის ერთეულში მოქალაქეებს, რომ შემოგვიერთდნენ.

დარწმუნებული ვარ, სარფშიც შინაარსებით გაჯერებული შეხვედრა იქნება. ბათუმში 15:00 საათის მერე დავბრუნდებით და 18:00-საათიან მარშს შევუერთდებით“ – წერენ აქტივისტები განცხადებაში.

გასვლა იგეგმება 12 საათზე ევროპის მოედნიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: