სიახლეები

„ჩემი ხმა ეკუთვნით დედებს, რომლებსაც ჰყავთ უკანონოდ დაჭერილი შვილები“ – ნინო ქათამაძის სიტყვა სასამართლო სხდომაზე

10.02.2025
„ჩემი ხმა ეკუთვნით დედებს, რომლებსაც ჰყავთ უკანონოდ დაჭერილი შვილები“ – ნინო ქათამაძის სიტყვა სასამართლო სხდომაზე

„რადგან ჩემი მუსიკის ხმა არ ისმის, აუცილებლად მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი ხმა ეკუთვნის 690 000 სოციალურად დაუცველ ადამიანს, არა მათ, ვინც საარჩევნო ხმებია, არამედ მათ, ვინც სასადილოში ელოდება თავის რიგს. ჩემი ხმა ეკუთვნით აფხაზ მეგობრებს, რომლებსაც დაარქვეს ლტოლვილები და 30 წლის მანძილზე წამებაში ამოვხადეთ ჩვენს დებს და ძმებს სული და ამ ტკივილის შემდეგ ვიცით როგორ დამთავრდა, ადამიანმა დაიწვა თავი.“ – მიმართა მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ მოსამართლე ციცინო მოსიძეს.

დღეს, 10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლო მუსიკოს ნინო ქათამაძის და კიდევ რვა პირის საქმეს განიხილავდა. შსს მათ  შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით ედავება.

სხდომაზე ნინო ქათამაძემ სიტყვით მიმართა მოსამართლეს:

„ჩემი ხმა ეკუთვნით ემიგრანტებს, გასტროლების დროს მე მინახავს დედები, რომლებსაც 20 წელი შვილი არ უნახავს და მთელი თვე არ მიძინია იმიტომ, რომ დავტოვე პატარა და წვერ- ულვაშიანი უნდა ჩამომივიდესო. ჩემი ხმა ეკუთვნის იმ ემიგრანტ დედას, რომელიც სამსახურში მყოფი გარდაცვლილ მამას დასტიროდა ჩუმად, იმიტომ, რომ თავის დამსაქმებელთან არ შეიძლებოდა ხმის ამოღება.

ჩემი ხმა ეკუთვნით იმ დედებს, რომლებსაც უკანონოდ ჰყავთ დაჭერილი შვილები. ყველა უსამართლო ტკივილიან ამბავს ეკუთვნის ჩემი ხმა, ასეთია ჩემი ხმაც. ჩემი ხმა იქნება იქ და გაიგონებენ ის ადამიანები, რომლებსაც არ ესმით. ჩვენი ხმა არავის არ ესმის, ქალბატონო მოსამართლევ, როდესაც ჩვენ გავიგეთ ამ მოვლენის შესახებ, შეგვეძლო, რომ ჩვენი ხმა მიგვეწვდინა.

ჩემი ხმა ეკუთვნის გარდაცვლილ ქალებს, რომლებსაც ქმრები კლავენ და დანაშაულისთვის მხოლოდ ხუთ და ექვს წელს უსჯიან.  სახელს და გვარებს ვერ გამოვეკიდები მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემაა ასეთი რთული, რაც არ უნდა სახელები და გვარები, მუსიკოსები და მოსამართლეები შეიცვალოს, თუ უსამართლო გარემოში ვცხოვრობთ … პირადად მე ვაკონტროლებდი, რომ ერთი სანტიმეტრით არ შელახულიყო პირადი სივრცე, არ ყოფილიყო ზედმეტი ინტონაცია… ჩვენ გადავამოწმეთ იურისტებთან და გვეგონა, რომ არ იყო ეს ის დანაშაული, რომელიც დღეს ჩვენ აქ შეგვყრიდა და ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით.

ყველა იმ მომენტის გათვალისწინებით, რომ მზიას, რომელიც იმ დღის გათვალისწინებით 14 დღე შიმშილობდა, მას სჭირდებოდა ჩვენი ხმა და ჩვენი ხმა მას იქედან გავაგონეთ სადაც ჩვენ გვეგულებოდა, რომ იქ უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა, ასეთია ჩემი დამოკიდებულება. “

ამ სიტყვის შემდეგ მოსამართლემ ნინო ქათამაძეს ჰკითხა ახლაც ფიქრობს თუ არა იმავეს, მან აქცენტი გააკეთა ფორმულირებაზე „უსამართლო მოსამართლე“.

„ჩემთვის საერთოდ არ არის კომფორტული, რომ ვინმეს კართან მიხვიდე და რაიმე თქვა, მაგრამ როდესაც რთულ მდგომარეობაში ხარ შეიძლება გადაცდენებიც მოგივიდეს, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი მართალი ხმა არ ისმოდეს.“ – უპასუხა მუსიკოსმა მოსამართლეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: