„ოცნების“ წევრი ვარ, შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ“ – ვინ დანიშნა ცესკომ ნეიტრალურ წევრებად ხელვაჩაურში

„მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი 2012 წლიდან, რა თქმა უნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვარ,“ – არაფერს მალავს ედნარ მორთულაძე. ის რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ #3 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ შეარჩია – „ნეიტრალურ“ წევრად.

ნეიტრალური წევრი იმას ნიშნავს, რომ ვიდრე პარტიები საუბნო კომისიებში საკუთარი ინტერესების წარმომადგენლებს დანიშნავენ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად ჩატარებისთვის, პროფესიონალიზმისა და სანდოობის კუთხით, თითოეულ კომისიაში 8-8 წევრს ირჩევს.

რთული არაა იმის დადასტურება, რომ საუბნო თუ საოლქო კომისიების დონეზე ე.წ. ნეიტრალური კომისიის წევრები ხშირ შემთხვევაში პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არიან კავშირში. ზოგიერთი მათგანი მმართველი პოლიტიკური პარტიის აგიტაციაშიც კი არის ჩართული, რაც მათი ფეისბუქგვერდებიდან ჩანს.

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის სხდომის ოქმს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა განსხვავებული აზრი დაურთეს „ნეიტრალურ“ წევრებზე ვრცელი ჩამონათვალით და სქრინებით „ნეიტრალური“ წევრების ფეისბუქპოსტებიდან.

ოპოზიცია საოლქო კომისიას დაწვრილებით აწვდის ინფორმაციას, როგორაა ჩართული იმ პირების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ აგიტაციაში, ვისაც კომისიის უპარტიო წევრობა სურს, თუმცა კომისიას ეს მონაცემები თაროზე შემოუდია, ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურში სხვადასხვა საუბნო კომისიის რამდენიმე წევრს დაუკავშირდა და ჰკითხა: რამდენად შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, როცა არჩევნებს ნეიტრალური პირების ნაცვლად, პარტია „ქართული ოცნების“ სამსახურში ჩამდგარი პირები ჩაატარებენ?

„რატომ იქნება პრობლემა? რატომ იქნება კითხვები? ჩვენ პატიოსნურად ვმუშაობთ 2020 წლიდან. ვარშალომიძესაც ვიცნობ [ლევან ვარშალომიძე – აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე], ნათესაური კავშირიც მაქვს, ძალიან თუ გაინტერესებთ, მაგ უბანში ვცხოვრობ, მაგრამ მე ჩემი პრინციპები მაქვს, მათ – მათი პრინციპები…

პრობლემა არ იქნება არც იმ მხრიდან, არც ამ მხრიდან,“ – გვითხრა ედნარ მორთულაძემ.

ედნარ მორთულაძე

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის წევრი ენმ-დან, არმაზ ვარშალომიძე აცხადებს, რომ ედნარ მორთულაძემ „სამთავრობო სტრუქტურების დავალებით მიიღო მონაწილეობა კონკურსში“: ედნარ მორთულაძის ძმა – ალბერტ მორთულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

„ეს გამორიცხულია, ჩემი ძმა თავის საქმეს აკეთებს, რა შუაშია, რატომ მეკითხებით?“ – კითხულობს ედნარ მორთულაძე, რომელიც წლებია ხელვაჩაურის მერიის ააიპ „დასუფთავების სამსახურშია“ დასაქმებული.

საიდან ხართ ნეიტრალური, თუ 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ წევრი ხართ? – ვკითხეთ საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.

„გვერდში მდგომი ვარ, პარტიული არ ვარ,“ – ამჯერად ეს გვითხრა საარჩევნო მოხელემ. – „ვინ როგორ შემაფასებს, მაგი მათზეა დამოკიდებული,“ – დასძინა მან.

„ქართული ოცნების“ პოსტებს ყველაზე აქტიურად საკუთარ ფეისბუქგვერდზე მანუჩარ ცინცაძე აზიარებს. ის „ხელვაჩაურის წყლის“ თანამშრომელია და ხელვაჩაურში მეორე საარჩევნო უბნის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი ცოლი, დიანა ვერძაძე კი, მესამე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გახდა.

„რა პრობლემაა, რომ გამოვხატავ მხარდაჭერას. მე პარტიული არ ვარ, ვაზიარებ იმას, რაც მომწონს და გაკეთებულია, რა შეკითხვაა ეს?“ – კომისიის თავმჯდომარეს ფეისბუქგვერდზე „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიებების აქტიურ გაზიარებაზე ვკითხეთ.

ერთ-ერთი საჯარო ფეისბუქპოსტი მანუჩარ ცინცაძის ფეისბუქგვერდიდან

„2007 წლიდან ვატარებ არჩევნებს. მეხუთე არჩევნებია თავმჯდომარედ მირჩევენ. ახლა კონკურსის წესით ამირჩიეს, არასდროს მქონია გადაცდომა და საყვედური… არც 2012 წლამდე ყოფილა რამე, შესაძლოა რაღაც პროცედურული ყოფილიყო.

მე აგიტაციას არ ვეწევი, პარტიულ შეკრებებს არ ვესწრები. ვმუშაობ „ხელვაჩაურის წყალში“ აუზების ზედამხედველად. პარტიული მე არ ვარ, ამ ხელისუფლების რაც მომწონს, ის ყოველთვის იქნება ჩემთვის მისაღები, არავის ვკითხავ, რამეს გავაზიარებ, თუ დავალაიქებ,“ – გვითხრა მანუჩარ ცინცაძემ.

საარჩევნო პერიოდშიც გააზიარებთ პარტიულ აქტივობებს? – ვკითხეთ საარჩევნო მოხელეს. საარჩევნო რეგულაციებით წინასაარჩევნო პერიოდში ეზღუდება საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელს პოლიტიკური შეხედულებების ღიად გამოხატვა:

„არ ვიცი, შევხედავ… „ქართული ოცნების“ პოსტებსაც გავაზიარებ და თქვენს გვერდსაც, თუ მეგობრებში დამიმატებთ,“ – აღნიშნა მანუჩარ ცინცაძემ.

„ქართული ოცნების“ პოსტებს აზიარებს ირმა ნაკაშიძეც. ის მეხუთე საუბნო კომისიის წევრი და ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელია ხელვაჩაურში. ირმა ნაკაშიძეც, როგორც უპარტიო, ნეიტრალურ წევრად შეარჩია ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ.

„არანაირი პრეტენზია არ არის,“ – მხოლოდ ეს გვითხრა და დამშვიდობება არჩია ირმა ნაკაშიძემ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი პოსტი ირმა ნაკაშიძის ფეისბუქგვერდიდან

„ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის გავრცელებით არის დაკავებული თალიკო დევაძეც. იგი ახალშენის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელია და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ მე-17 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ შეარჩიეს. თალიკო დევაძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ერთ-ერთი პოსტი თალიკო დევაძის ფეისბუქგვერდიდან

„ქართული ოცნების“ სამსახურშია ახალსოფლის საბავშვო ბაღის კიდევ ერთი თანამშრომელი – მეგი სურმანიძე. ის 27-ე საუბნო კომისიის ნეიტრალურ წევრად აირჩიეს.

პოსტი მეგი სურმანიძის ფეისბუქგვერდიდან

ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ საოლქო კომისიას ბევრი სხვა შემთხვევის შესახებაც აწვდიდა ინფორმაციას, მაგალითად, მე-8 საუბნო კომისიაზე, სადაც საოლქო კომისიის ოპოზიციონერი წარმომადგენლების ინფორმაციით, ნეიტრალური 8 წევრიდან 5 – ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის – არჩილ მხეიძის ახლო ნათესავია.

არჩილ მხეიძე საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

სხდომის ოქმში ნახავთ მონაცემს მერაბ ფარტენაძის შესახებაც. ის პირველი საუბნო კომისიის თავმჯდომარეა. საოლქო კომისიის წევრების, არმაზ ვარშალომიძის [ენმ] და ია დავითაძის [სტრატეგია აღმაშენებელი] ინფორმაციით, მერაბ ფარტენაძე სუს-ის მოქმედი თანამშრომლის, დავით ფარტენაძის ძმაა და მან ამ სამთავრობო სტრუქტურის დავალებით მიიღო მონაწილეობა კონკურსში.

„მოგვიანებით გიპასუხებთ,“ – გვითხრა მერაბ ფარტენაძემ, თუმცა შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

  • რას ამბობს კანონი? 

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს [გარდა პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა] ეზღუდება პარტიული საქმიანობა.

„მოხელე ვალდებულია თავი აარიდოს ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს რომელიმე პარტიისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად/წინააღმდეგ ქმედებად. მოხელე თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს საჯარო ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან.

მოხელე ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა და პირადი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად“, – ვკითხულობთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში.

ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა დისციპლინურ გადაცდომად ითვლება და საარჩევნო მოხელეს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა.

ვინ მოახდენს რეაგირებას, როცა ზემდგომმა საოლქო კომისიამ შეარჩია ეს ადამიანები საუბნო კომისიის წევრებად?

„რა უფლება მაქვს, ვიღაცის პირად ცხოვრებაში ჩავერიო?“ – კითხვა შემოგვიტრიალა ომარ ვარშანიძემ, ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ. მას ვკითხეთ, რატომ აირჩია საოლქო კომისიამ ნეიტრალურ წევრებად „ქართულ ოცნების“ აგიტაციაში ღიად ჩართული ადამიანები, ასევე პარტიის წევრები?

„ბათუმელების“ ინფორმაციით,  მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან კონკრეტული ადამიანების კავშირის დამადასტურებელი ფაქტები ოპოზიციამ ომარ ვარშანიძეს სამუშაო მაგიდაზე დაულაგა.

„მთავარი მოთხოვნა იყო სერტიფიცირება. როგორც იცით, თავმჯდომარეს, მოადგილეს და წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სერტიფიკატი. დანარჩენი, რაც აქ შემოდიოდა, ჩვენ მაგის ვალდებულება არ გვაქვს, რომ შეგვესწავლა… ჩვენ ხომ საგამოძიებო ორგანო არ ვართ?

თუ ვინმეს პრეტენზია ჰქონდა კონკურსანტებთან დაკავშირებით, შეეძლო, მანამდე გამოეთქვა ეს მოსაზრება… მათ მოიტანეს მასალები, არ ვიცი, რა იყო. 400 ადამიანს ჩვენ სათითაოდ ვერ გავარკვევთ, ვინ ვისი მხარდამჭერია, ამის ვალდებულება არ გვაქვს. მთავარია, როცა საარჩევნო ადმინისტრაციაში ავირჩევთ, შემდეგ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იგივე ეთიკის კოდექსი ახსენეთ თქვენ. ალბათ გაათვითცნობიერებენ ამას,“ – უთხრა ომარ ვარშანიძემ „ბათუმელებს“.

„დადგენილ საკონკურსო პირობებს უნდა დამატებოდა გასაუბრების კომპონენტი კონკურსანტებთან, რადგან კომისიისთვის წევრებთან გასაუბრების შედეგად სარწმუნო გამხდარიყო მათი პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. მიღებული საკონკურსო განაცხადები იმდენად მწირი ინფორმაციის შემცველია და ზედაპირულია კონკურსანტის შესახებ, რომ კომისიის წევრების მიერ შეუძლებელია რაციონალური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.

გარდა ამისა, საოლქო კომისიამ გამოიყენა წარმოდგენილი საკონკურსო განცხადებების გასაცნობად მინიმალური ვადა, მიღების დასრულებიდან 1 კალენდარული დღე [ფაქტობრივად რამდენიმე საათი], რაც 344 კონკურსანტის გაცნობისა და განხილვისთვის არაოპტიმალურ ვადას წარმოადგენს.

კონკურსანტების ელექტრონულად და საოლქო კომისიაში ადგილზე მისვლით რეგისტრაცია; კონკურსანტების შესახებ მოძიებული [შეგროვებული] საჯარო ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა მათი კავშირების მყარი ფაქტობრივი მტკიცებულებები [ნათესაური კავშირები საჯარო თანამდებობის პირებთან, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება და სხვა]“, – ვკითხულობთ სხდომის ოქმის ჩანაწერში, სადაც არმაზ ვარშალომიძემ [ენმ] და ია დავითაძემ [სტრატეგია აღმაშენებელი] განსხვავებულ მოსაზრება დააფიქსირეს.

ამ თემას გამოეხმაურნენ პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ ცენტრალურ ოფისშიც, სადაც აღნიშნეს, რომ ეს პრობლემა ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა:

„საუბნო საარჩევნო კომისიის ე.წ. „ნეიტრალური“ წევრები, სინამდვილეში არიან ღიად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, დადიან მათ აქციებზე, მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, არიან საჯარო ბაღების, სკოლების, მერიის თანამშრომლები. მაგრამ, ამას არ იკვლევს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ეს ადასტურებს იმას, რომ წინასაარჩევნო გარემო არის უთანასწორო, არასამართლიანი. შეუძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაციამ სამართლიანი საარჩევნო გარემო შექმნას იმ პირობებში, როცა ქვედა დონის კომისიები გაუმჭვირვალე პროცედურებით კომპლექტდება,“ – აღნიშნა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ.

ნეიტრალურობის მიმართ დამოკიდებულება ენმ-მ გააპროტესტა ბათუმის საოლქო კომისიაშიც. ბათუმის საოლქო კომისიის დროებითი, ე.წ. ნეიტრალური წევრად ცესკომ გურანდა შაინიძე შეარჩია, რომლის ქმარიც ირაკლი სანადირაძეა – „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, საარჩევნო აგიტაციაში ჩართული პირი და საბიუჯეტო ორგანიზაცია „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ პროექტების კოორდინატორი.

სქრინი ირაკლი სანადირაძის ფეისბუქგვერდიდან, სადაც ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პოსტებს აზიარებს.

„როცა ჩვენ დავიწყეთ საუბნო კომისიების წევრების არჩევა, ოლქის თავმჯდომარემ წაგვიკითხა ამონარიდი კანონიდან, რომ ოლქის წევრებს არ უნდა აერჩიათ საუბნო კომისიის წევრები, რომლებიც იქნებოდა მათი ნათესავი, მეუღლე და ასე შემდეგ. თუ საუბნო კომისიებზე გვაქვს ეს სტანდარტი, საოლქოში ხომ უფრო მაღალი უნდა იყოს სტანდარტი – ზემდგომია.

ირაკლი სანადირაძე „ქართული ოცნების“ შტაბის წევრია და მე ეს მტკიცებულება წარმოვადგინე. გურანდა შაინიძემ გააპროტესტა, მე რა შუაში ვარო. მაგრამ ნეიტრალურობის სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა ამ კუთხით გაიზარდოს, მიუკერძოებლობაზე კითხვები არ უნდა გაჩნდეს,“ – გვეუბნება ირმა ხოროიშვილი, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში ენმ-ს წარმომადგენელი.

„რაში გამოჩნდა, რომ მიკერძოებული ვარ?“ – ბათუმის საოლქო კომისიის წევრი, გურანდა შაინიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ უნდა ჩნდებოდეს ეჭვი საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობაზე, თუ მისი მეუღლე „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერი და პარტიის შტაბის წევრია. საარჩევნო მოხელე მიიჩნევს, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში უნდა დავინახოთ, ვინმეს მითითებას დაექვემდებარა თუ არა.

„მე მაქვს ჩემი პოზიცია, ჩემს მეუღლეს – თავისი. მე პირადად ვერავინ მეტყვის, რომ ოდესმე მსგავსი რამ [„ქართული ოცნების“ პოსტები]  გავაზიარე… ჩემი მეუღლე არ არის რომელიმე კომისიის წევრი, რა შუაშია შტაბი და საოლქო კომისია?“ – კითხულობს გურანდა შაინიძე.

საარჩევნო მოხელეს ვუთხარით, რომ არსებობს ეთიკის კოდექსი, რომ ეს პრინციპი ემთხვევა, მაგალითად, მოსამართლის შემთხვევას: თუ მოსამართლე პირობითად თავისი ქმრის საქმეს განიხილავს და თვითაცილებას არ მოახდენს, შესაძლოა, მან საქმე სრულიად სამართლიანადაც განიხილოს, მაგრამ აუდიტორიას ექნება სამართლიანი საფუძველი იფიქროს: იქნებ მოსამართლემ რამე მიჩქმალა და სიმართლეს გვერდი აუარა?

„თუ თქვენ ჩემ რომელიმე გადაწყვეტილებაში დაინახავთ, რომ მე მივიღე ეს არანეიტრალური ინტერესებიდან გამომდიანრე, არამედ რომელიმე მითითებიდან გამომდინარე, მაშინ კი ბატონო… მე არ მაქვს ვალდებულება, რომ ჩემი მეუღლის აზრზე ვიყო,“ – უკან აღარ დაიხია ბათუმის საოლქო კომისიის ნეიტრალურმა წევრმა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 634 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
  • ტანკი – 8 683 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 17 071 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 18 123 ერთეული [+14]
  • MLRS – 1 187 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 947 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 263 ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 592 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 24 712 ერთეული [+28]
  • სპეცტექნიკა – 3 090 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 31 622 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 150 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 454 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 14 658 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 127 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის კონტრშეტევა კურსკში უმნიშვნელოა – პენტაგონი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სახიფათო პლაჟი – რატომ არ გააქვთ ხრეში ბათუმის კონცხიდან

ბათუმის კონცხთან პლაჟის უსაფრთხოებისთვის ჭარბი ნატანის ამოღება და გატანაა აუცილებელი, რის შესახებაც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ერთი წელია დოკუმენტებს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ათანხმებს.

ჭარბი ნატანის კონცხიდან ამოღებისა და მახინჯაურის სანაპიროსთან ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის განცხადებით სამმართველომ სააგენტოს 2023 წლის ოქტომბერში მიმართა, თუმცა იმავე წლის დეკემბერში შეწყვიტეს – „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო“. ამის შემდეგ ხელახლა წარდგენილი განცხადება კი სააგენტომ დაახარვეზა.

ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ამას შესაძლოა კატასტროფული შედეგიც კი მოჰყვეს. ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა და ზღვაში დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [თუმცა ეს მოხდა იმ დროს, როცა პლაჟზე არავინ იმყოფებოდა].

აჭარის გარემოს სამმართველომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ხელახალი [განახლებული] განცხადებით 2024 წლის 4 სექტემბერს მიმართა.

განცხადებას თან ახლავს „ჰიდრობიოლოგიური და იქთიოლოგიური კვლევის ანგარიშიც“, რომელიც სააგენტომ მოითხოვა.

ამ ანგარიშის მიხედვით „ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან [დაგროვილი ჭარბის აკუმულაციური უბნებიდან] მასალის ამოღებას და მახინჯაურის სანაპირო ზოლზე განთავსების პროექტის ფარგლებში, შესწავლილია შავი ზღვის იქთიოფაუნა და ფსკერული ჰიდრობიონტები რაზე დაყრდნობითაც მომზადდა შემდეგი დასკვნები:

  • ლიტერატურულ და საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ბათუმის და მახინჯაურის საპროექტო მონაკვეთებში გავრცელებული იქთიოფაუნა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და უმეტესად წარმოდგენილია სეზონურად მიგრირებადი სახეობებით. წარმოდგენილი თეზების სახეობები დაცული არ არის საქართველოს წითელი ნუსხით; შესაბამისად, კრიტიკული მნიშვნელობის ჰაბიტატები არ ფიქსირდება;
  • საპროექტო ლოკაციაზე წყალქვეშა ფერდის და ფსკერული მასის მუდმივი აკუმულაციის გამო ჰაბიტატი საკმაოდ ღარიბია ფსკერული ჰიდრობიონტებით; რაც იქთიოფაუნის მუდმივი სამყოფელის არარსებობაზე მიგვანიშნებს.
  • წარმოდგენილ ჰაბიტატში ფსკერული ჰიდრობიონტების და იქთოფაუნის მუდმივი საცხოვრისი არ გვხვდება; ლოკაცია მნიშვნელოვანი საკონსერვაციო ღირებულების არ არის და საპროექტო საქმიანობით ზემოქმედებას ადგილი ფაქტობრივად არ ექნება.
  • მახინჯაურის ტერიტორიაზე ჩატარებული სამუშაოების თანახმად, ჰიდრობიონტების რიცხოვნობა და ბიომასა მხოლოდ „მახინჯაური 1“ სადგურზეა შედარებით მრავლად წარმოდგენილი. „მახინჯაური 2“  და „მახინჯაური 3“ სადგურებში აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და ფაქტობრივად ჰიდრობიონტებით ღარიბი ჰაბიტატებია.
  • ფონური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბენთოფაუნაზე, იქთიოფაუნასა და შავი ზღვის ძუძუმწოვრებზე ზემოქმედების მასშტაბი მნიშვნელოვანი არ არის. დაგეგმილი საქმიანობის შედეგად, ზიანის მასშტაბი შესაძლოა უმნიშვნელოდ შეფასდეს;
  • შავ ზღვაში საკვლევი მონაკვეთების ბიომრავალფეროვნების ფონური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჰიდრობიონტებზე პრევენციული ღონისძიებების შემუშავება რეკომენდებულად არ იქნა მიჩნეული.“

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკრინინგის პროცედურა განაახლა. სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს სჭირდება თუ არა კონცხიდან ჭარბი ხრეშის ამოღებას და მახინჯაურთან ისევ ზღვაში ჩაყრას გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის მომზადება. სამუშაოების დაწყება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან, გასული წლის მონაცემების მიხედვით, ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი იყო ამოსაღები. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრას კი, წინასწარი გათვლებით 3,5 მილიონი ლარი სჭირდებოდა.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმის კონცხის სახიფათო ადგილებიდან ხრეშის გატანას 6 თვე დასჭირდება

 

მთავარი ფოტო: პლაჟი ბათუმის კონცხთან / „ბათუმელების“ არქივიდან

 

„ვის მოვუხადოთ ბოდიში?“ – აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრები ივანიშვილს პასუხობენ

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო, ბოდიში უნდა მოვიხადოთ“.

„2008 წლის 9 აგვისტო… „ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში გიორგი“, – წერს გიოგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

გიორგი ანწუხელიძე საქართველოს ერვნული გმირია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, 23 წლის ასაკში ტყვედ ჩავარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

„ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა?“ – წერს აგვისტოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში დაღუპული ერთ-ერთი გმირის, ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი.

„ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან, ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ?

ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!! ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით, ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო… ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“ – წერს თეო წილოსანი Facebook-ზე.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და აგვისტოს ომის ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

„ბოდიში?! რისთვის ხალხო, ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?! ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?! ომის ვეტერანებს რა ვუთხრათ?! მადლობა უთხარით იმათ, რომ ცოცხლები გადარჩით თქო?!

ტყვედ ჩავარდილი ბიჭების წამებისთვის? (ჩვენი მხრიდან, წამების ერთი ფაქტი არ არსებობს) რომლებსაც დღემდე სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქვთ ქცეული?!
და ყველაზე მთავარი –  ჩვენს შვილებს რა ვუთხრათ?! მამაშენი ჩვენი ქვეყნის დაცვას კი შეეწირა, მაგრამ შენ ბოდიში გაქვს მოსახდელი თქო?!

ბოდიში ბიჭებო, რომ დღეს საფლავებში მშვიდად ვერ განისვენებთ“, – წერს 2008 წლის ომის გმირის, თამაზ ნიკიტინის ცოლი, მარი სამუშია სოციალურ ქსელში.

„ბოდიში ჩვენს გმირებს, არ ვიმსახურებდით თქვენს თავგანწირვას, ნამდვილად არ ვიმსახურებდით…“ – წერს ვალერი ელიზბარაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაცემული ქართველი გმირის, პოლკოვნიკ დავით ელიზბარაშვილის შვილი.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული შმაგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე.

„ბოდიში შმაგი, ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის… ალბათ არ ღირდა… გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო…“ – წერს თეა ტაბატაძე სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის “გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, „ბოდიში უნდა მოვიხადოთ“ იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.

ამის შესახებ ივანიშვილმა 14 სექტემბერს, გორში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“ – ბიძინა ივანიშვილის მიმართვა გორის ამომრჩეველს:

რომელი პარტიები მონაწილეობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – სია

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] 14 პარტიაა დარეგისტრირებული. უმაღლესი საბჭოს არჩევნები 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება. უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული წესით.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, უსკოსთვის პარტიების მიერ პარტიული სიის წარდგენის ბოლო დღე 26 სექტემბერია.

უსკოში წარდგენილ პარტიულ სიას „უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი;

ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე;

უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ ის თანამდებობის პირები, რომლებიც სიაში იქნებიან;

თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს უმაღლეს საარჩევნო კომისიას.“

საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განცხადებით უნდა მიმართონ უსკოს.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში [ცესკო] 27 პარტიაა დარეგისტრირებული.

ცესკოს ინფორმაციით, აჭარაში ამომრჩევლებს, საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად სასურველი პარტიებისთვის ხმის მიცემა ერთ ბიულეტენზე შეეძლებათ. ბიულეტენზე ცალკე სვეტში იქნება პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი [სავარაუდოდ მწვანე ფერში], ხოლო მის გვერდით იმ პარტიების ჩამონათვალი [ყვითელ ფერში], რომლებიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის საარჩევნო ოლქებში, ჯამში, 312 328 ამომრჩეველია საერთო სიაში.

ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება [ასევე ცვლილების შეტანა, უბნის შეცვლა და სხვა] 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.

არჩევნები აჭარაში 66 უბანზე ძველი წესით ჩატარდება, ხოლო სხვა დანარჩენ უბნებში კი – ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ამავე თემაზე:

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონით:

„უმაღლესი საბჭო შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 21 დეპუტატისაგან.

უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 25 წელი და რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც. უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.“

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 სექტემბრის 21 საათიდან 16 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 28 – 32 გრადუსი
  • ღამით: 19 – 24 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 17 და 18 სექტემბერს ბათუმსა და მთელს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა.

 

—–

მთავარი ფოტო: ბათუმი, 14.09.2024 / ფოტო: არჩილ კახაძე/„ბათუმელები“

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 633 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
  • ტანკი – 8 680 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 17 063 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 18 109 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 186 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 947 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 235 ერთეული [+85]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 592 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 24 684 ერთეული [+53]
  • სპეცტექნიკა – 3 084 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 645 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 31 609 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 144 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 454 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 14 622 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 102 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის კონტრშეტევა კურსკში უმნიშვნელოა – პენტაგონი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა 1 პირი

დღეს, 14 სექტემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე.

თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, დაშავდა ერთი პირი. შემთხვევა შემოვლით გზაზე, კვირიკეს გადასახვევთან მოხდა.

ადგილზე უკვე იმყოფებიან პოლიცია და სასწრაფო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.

აჭარაში 26 ოქტომბერს ორი არჩევნები ჩატარდება – როგორ ბიულეტენს მიიღებს ამომრჩეველი

26 ოქტომბერს აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. შესაბამისად, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში [ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო] ამომრჩევლები განსხვავებულ ბიულეტენებს მიიღებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ინფორმაციით, აჭარაში ამომრჩევლებს, საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად სასურველი პარტიებისთვის ხმის მიცემა ერთ ბიულეტენზე შეეძლებათ.

ბიულეტენზე ცალკე სვეტში იქნება პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი [სავარაუდოდ მწვანე ფერში], ხოლო მის გვერდით იმ პარტიების ჩამონათვალი [ყვითელ ფერში], რომლებიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ.

იმიტირებული არჩევნები ბათუმში / 11.09. 2024

ამომრჩეველმა თითოეულ სვეტში მხოლოდ ერთი, მისთვის სასურველი პარტიის გასწვრივ არსებული წრე უნდა გააფერადოს სპეციალური კალმით, რომელიც ხმის მიცემის კაბინაში დახვდება [ანუ, პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან ირჩევს მხოლოდ ერთს და აფერადებს წრეს, ხოლო უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიებიდანაც ირჩევს მხოლოდ ერთს და აფერადებს შესაბამის წრეს].

გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ სვეტში თითო წრეზე მეტის გაფერადების შემთხვევაში ბიულეტენი გაბათილდება.

ბიულეტენი გაბათილდება ასევე თუ არსებულ წრეს გაფერადების ნაცვლად, შემოხაზავთ, ხაზს გაუსვამთ და სხვა. ბიულეტენი გაბათილდება იმ შემთხვევაშიც, თუ არცერთი წრე არ იქნება გაფერადებული, ან თუ ყველა ან რამდენიმე სუბიექტი იქნება გადახაზული.

ცესკოს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აჭარის ოლქებში ბიულეტენების მოსათავსებელი ყუთები ისეა დაპროგრამებული, რომ ერთი ბიულეტენით ხმის მიცემისას ცალკე ითვლის პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ცალკე ითვლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს.

შესაბამისად, აპარატი ცალ-ცალკე დაითვლის ბათილ ბიულეტენებსაც [მაგალითად, თუ აჭარაში ამომრჩეველი ბიულეტენზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში შემოხაზავს ერთ კანდიდატს, ხოლო მის გვერდით სვეტში არცერთს, ან ყველას გადახაზავს, ან არასწორად მონიშნავს, ამ შემთხვევაში სპეციალური მოწყობილობა ბიულეტენზე დააფიქსირებს საქართველოს პარლამენტში ასარჩევად კანდიდატისთვის მიცემულ ხმას, ხოლო უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში ბიულეტენს ჩათვლის ბათილად].

„ასეთი პრინციპით მოწყობილობები მხოლოდ აჭარაში იქნება დაპროგრამებული, ვინაიდან პარალელური არჩევნებიც ტარდება და საქართველოს სხვა ოლქებში ამის საჭიროება არ არის. რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, აპარატი ისეა დაპროგრამებული, რომ ხმის მიცემის დასრულების შემდეგ შედეგები ამოიბეჭდება ცალკე პარლამენტის და ცალკე უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის“, – გვითხრეს ცესკოში.

აქვე აღსანიშნავია, რომ პროცედურა ბიულეტენების ხელით გადათვლასაც ითვალისწინებს, რაც საბოლოოდ აპარატის მიერ დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების საშუალებას იძლევა.

განახლება: ცესკომ 2024 წლის 14 სექტემბერს მიიღო დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „2024 წლის 26 ოქტომბერს ერთდროულად ორი სახის არჩევნების გამართვის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენი იყოფა ორ სვეტად და საარჩევნო ბიულეტენის:

  • ა) პირველ სვეტში შეიტანება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემები;
  • ბ) მეორე სვეტში შეიტანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემები…“
იმიტირებული არჩევნები ბათუმში / 11.09.2024

2024 წლის 26 ოქტომბერს აჭარის საარჩევნო უბნების უმეტესობაში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება, თუმცა გამონაკლისია 66 უბანი, სადაც კენჭისყრა ძველი წესით ჩატარდება:

საარჩევნო უბნები აჭარაში, სადაც ხმის მიცემა ძველი წესით ჩატარდება

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აჭარის საარჩევნო ოლქებში, ჯამში, 312 328 ამომრჩეველია საერთო სიაში:

რამდენი ამომრჩეველია ბათუმისა და აჭარის სხვა ოლქებში – ცესკოს მონაცემები

ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანა კი, 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი:

როდის შეგიძლიათ საარჩევნო უბნის შეცვლა და რა დრო დაგრჩათ სიაში მონაცემების შესამოწმებლად

როგორ მივცეთ ხმა? – ნახეთ „ბათუმელების“ ლაივი საარჩევნო უბნიდან, სადაც იმიტირებული არჩევნები ჩატარდა:

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 632 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 8 674 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 17 043 ერთეული [+40]
  • საარტილერიო სისტემა – 18 086 ერთეული [+25]
  • MLRS – 1 186 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 946 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 149 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 591 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 24 631 ერთეული [+71]
  • სპეცტექნიკა – 3 084 ერთეული [+13]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 642 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 31 501 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 454 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 14 563 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 047 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის კონტრშეტევა კურსკში უმნიშვნელოა – პენტაგონი

ბრიტანეთი უკრაინას ნებას დართავს, Storm Shadow-ი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე – მედია

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ ნაციონალები“ – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, წინა არჩევნებზე – 2020 და 2021 წლებში – ჯამურად ოპოზიციას უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ამ მონაცემების და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წელს აღარც მაჟორიტარებს ვირჩევთ, რამდენად რჩება „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მოგების შანსი?

ამ თემაზე „ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კახა, ოფიციალური ციფრების მიხედვით, 2020 და 2021 წლების არჩევნებში  მოსახლეობის უმრავლესობა ოპოზიციას უჭერს მხარს. ავტორიტეტული კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კლებადია და წელს არ მაჟორიტარებს ვირჩევთ. რა ლოგიკით შეიძლება ეს არჩევნები მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“? 

ლოგიკურად არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უნდა მოიგოს. არჩევნები რომ მოიგოს, მან არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ნახევარზე მეტის ხმა უნდა მიიღოს. გარდა ამისა, ამ მოცემულობაში არ არის რომელიმე სხვა პარტია, რომელიც ალიანსს შეუქმნიდა „ოცნებას“ პარლამენტში.

შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს ეს არჩევნები.

თუმცა, რამდენიმე გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი: ამ დონეზე აგრესიული კამპანია მათ ჯერ არ უწარმოებიათ, დისკრედიტაციის პოლიტიკას აწარმოებენ არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციის, ევროპული არჩევანის მიმართულებით. ასევე, ამუშავებენ ომის და მშვიდობის გზავნილებს, შიშის ფაქტორს.

  • მიგაჩნიათ, რომ ამგვარი კამპანიით, სადაც არაფერს ჰპირდებიან ადამიანებს ოპოზიციის გაუქმების და ლგბტ კანონის მიღების გარდა, „ქართული ოცნება“ მოიპოვებს მხარდაჭერას? 

ეს უფრო გათვლილია მოსახლეობის პრორუსულ ნაწილზე, რომელიც მანამდე მაინცადამაინც „ქართულ ოცნებას“ არ აძლევდა ხმას – „პატრიოტთა ალიანსს“ უჭერდა მხარს, „ალტ-ინფოს“. ახლა „ქართული ოცნება“ ამ სეგმენტის სრულად მოცვას ცდილობს. ეს ამომრჩევლის დაახლოებით 10 % იქნება.

მეორე მხრივ, ამ ანტიდასავლური რიტორიკით და პოლიტიკით, ამომრჩევლის რაღაც ნაწილს ისინი კარგავენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ვინც ღიად პროევროპულია და „ოცნების“ ამგვარ პოლიტიკას არ დაუჭერდა მხარს, მათი დიდი ნაწილი ემიგრაციაშია უკვე. ემიგრაციაში კი, არ არის შესაბამისი პირობები, რომ ადამიანები მივიდნენ არჩევნებზე.

ვფიქრობ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ იმაზე მეტი ვერცერთი ლოგიკით ვერ უნდა აიღოს, რაც 2020 წელს აიღო.

„ქართულ ოცნებას“ აქვს იმედი, რომ ხმებს მოიპოვებს პრორუსული ჯგუფებიდან, ვიღაც შესაძლოა გააქტიურდეს ომის შიშით.

როგორც ხედავთ, აქტიურად იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებსაც. მაგალითად, დღეს თქვეს, უფრო მეტს გადავიხდით ყურძნის შესყიდვაზეო. თუ აქამდე ვიღაც პასიური იყო, შესაძლოა, გააქტიურდეს.

მათ გახსნეს რუსებისთვის მთელი ქვეყანა. ისინი არ ლაპარაკობენ, მაგალითად, რა რესურსით აპირებენ ეკონომიკის გაზრდას. ახლა ომია და ვაჭრობა გაიზარდა რუსეთთან, მოთხოვნა საქონელზე, რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს შემოაქვთ ფული, ყიდულობენ ბინებს, აწყობენ ბიზნესს… როგორც კი ეს სიტუაცია დამთავრდება, მერე რა იქნება? არანაირი ხედვა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ერთადერთი, რამაც შესაძლოა გაზარდოს საქართველოს ეკონომიკა, ეს არის ევროპული ინტეგრაცია და წინსვლა.

ამიტომაც, არჩიეს აქცენტი უფრო ფსიქოლოგიურ ფაქტორზე, ომის შიშზე, რომ ოპოზიცია მატყუარაა, დაქსაქსულია, არაპროფესიონალია, სააკაშვილი მოვა ხელისუფლებაში და დაიწყებს რეპრესიებს, რადიკალები არიან, რუსეთთან ომს გააჩაღებენ, იმპულსურად მოქმედებენ და ასე შემდეგ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის დემონიზებითაა დაკავებული.

  • ამ არჩევნებზე ხმების იგივე რაოდენობა რომ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ანუ 48 %, ნიშნავს, რომ მარცხდება? მაჟორიტარებს ვეღარ დაიმატებს წინა შემთხვევისგან განსხვავებით? 

რისკი არის იმის, რომ გაურიგდეს რომელიმე პარტიას, ვისაც ექნება 5%-ზე მეტი მხარდაჭერა და შევა პარლამენტში. მათი მუშაობის სტილია კულუარული გარიგებები.

  • უშვებთ, რომ შეიძლება შედგეს ასეთი გარიგება „ოცნებასთან“ იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციური პარტიები ამას გამორიცხავენ? 

გახარიასგან, მაგალითად, იმის ხაზგასმა, რომ სააკაშვილთანაც არ შევქმნი კოალიციასო, რას ნიშნავს?  საბოლოო ჯამში, სააკაშვილის გარეშე ოპოზიცია ვერ დააგროვებს 50 %-ზე მეტს. ძალიან ნაკლებია ამის შანსი. ასე თუ ისე, ოპოზიციურ ძალებს მოუწევთ გარიგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ შეძლონ მთავრობის დაკომპლექტება.

თუ გახარია იტყვის, რომ მაგათთან არ შევქმნი კოალიციას, შეიძლება, ჩაიშალოს ეს შესაძლებლობა. გამოვა, რომ კოალიციურ ხელისუფლებას ოპოზიცია ვერ შექმნის და გამოსავალი იქნება არჩევნების თავიდან ჩატარება.

  • გახარიას განაცხადი, რომ სააკაშვილს კოალიციას არ შეუქმნის და არც ივანიშვილს, რეალურად ივანიშვილს აწყობს? 

ოპოზიცია თუ ვერ შექმნის კოალიციას, ეს „ოცნებას“ გაუხანგრძლივებს ძალაუფლებაში ყოფნას, ვიდრე ახალი არჩევნები ჩატარდება. შემდეგ როგორ იმოქმედებს, არავინ იცის. ხალხიც იტყვის, ამათ მაინც არ აქვთ მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობაო – შეიძლება, გული გაუტყდეს ამომრჩეველს.

თუმცა შესაძლოა, სხვაგვარადაც გავიგოთ გახარიას განაცხადი, რომ სააკაშვილი არ უნდა იყოს დომინანტი ოპოზიციის კოალიციაში. სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება უფრო მეტი ადგილი პარლამენტში, ვიდრე რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიას. შესაძლოა, ამიტომ გახარია გამორიცხავს სააკაშვილის დომინაციას, მაგალითად, ნაციონალებმა რომ თქვან, პრემიერი ჩვენ უნდა დავნიშნოთო.

ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ „ნაციონალები“ და თქვან, რომ არ ექნებათ პრეტენზია მთავრობის ჩამოყალიბებაზე. შესაძლოა, რამდენიმე მინისტრი დანიშნონ და პრემიერი დაუთმონ სხვა ოპოზიციურ პარტიებს.

ამიტომაც, ოპოზიციამაც უნდა გამოიჩინოს კომპრომისის უნარი, მსხვერპლის გაღებისაც. თუ ეს უნარი არ აღმოაჩნდა ოპოზიციას, უფრო დაბალი პროცენტითაც შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს.

ასევე, აუცილებელია, ოპოზიციამ მოახერხოს ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. დღეს, როცა ნებისმიერ სოციალურ ჯგუფს ხელი მიუწვდება ინფორმაციაზე, მხოლოდ ციფრების დასახელება არაა საკმარისი. საჭიროა ოპოზიციის ნათქვამს შესაბამისი დასაბუთება ახლდეს. ასევე, ნებისმიერი დაპირება იყოს განხილული ევროინტეგრაციის ჭრილში.

ვისთვის რა იცვლება, როცა XII კლასელებს 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ

რას ნიშნავს მე-12 კლასში საათობრივი ბადეს ზრდა და ცვლის თუ არა რეალურად ეს სწავლის ხარისხს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს შალვა ტაბატაძეს ესაუბრა.

ტაბატაძის აზრით, საათობრივი ბადეს ცვლილება არსებითად ვერაფერს შეცვლის სწავლებაში, თუ არ მოხდება კომპლექსური ცვლილებები და არ შეიცვლება მისაღები გამოცდების სისტემა.

„ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი სისტემა გვაქვს მისაღები გამოცდების, რომელიც მთლიანად კლავს სკოლის ნდობას, განვითარებას, უნივერსიტეტების ავტონომიურობას და სტრესულ მდგომარეობაში აყენებს აბიტურიენტებს“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

„ჩემი აზრით და ჩემი ინფორმაციით, ის, რომ მე-12 კლასში საათობრივი ბადე გაზარდეს, უკავშირდება უფრო იმას, რომ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ნაკლები საათები აქვთ და, ამასთან, საატესტატო გამოცდების გაუქმების შემდეგ, კიდევ უფრო ნაკლები მოსწავლე ირჩევს მისაღებ გამოცდებზე, განსაკუთრებით ფიზიკაშია დაბალი შედეგები.

ამიტომ, იყო განცხადება, რომ რეაგირებას მოახდენდნენ და გააძლიერებდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას, სტემ მიმართულება უფრო ჰქონდათ იდეაში.

მეორე მიზეზი არის ის, რომ საათების ზრდა ორიენტირებულია იმ უკმაყოფილების დაბალანსებაზე, რომელიც გამოიწვია სახელფასო ანაზღაურების მიბმამ საათების რაოდენობაზე. საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ცოტა საათები აღმოაჩნდათ და ამით დააბალანსეს ეს უკმაყოფილება.

თუმცა, ეს ყველაფერი ამოვარდნილია კონტექსტიდან და საათებს ვზრდით ისე, რომ არ გვაქვს მისაღები გამოცდების რეფორმის ხედვა. ეს ყველაფერი კი წარმოდგენილი არ არის“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

მისი აზრით, სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს სკოლაზე. სკოლაში მიღებულ ცოდნაზე და აქ მიღებულმა გამოცდილებამ და გამომუშავებულმა უნარებმა, აქტივიზმმა უნდა იქონიოს გავლენა უმაღლესში ჩარიცხვის დროს.

„ამით დავუბრუნებთ სკოლებს ფუნქციას, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება იქნება, მათემატიკა თუ სხვა. ამ პრობლემას უნდა ვუპასუხოთ მთლიანობაში.

უნდა ვიმსჯელოთ ჯერ სკოლის როლზე, მისაღები სისტემის მთლიანად შეცვლაზე, რომ სტუდენტები შეარჩიონ უნივერსიტეტებმა სხვადასხვა კრიტერიუმით და არა სახელმწიფომ შეურჩიოს მათ ეროვნული გამოცდებით.

მაგალითად, აშშ-ში არის მინიმალური სტანდარტი ზოგადი განათლებისთვის და ეს სტანდარტი ყველამ უნდა დააკმაყოფილოს. ვისაც აქვს მეტი ინტერესი, აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ უმაღლესი მათემატიკა, რიცხვთა თეორია, სტატისტიკა, იმ დონის საგნები, რომელიც უმაღლესში ისწავლება და ეს ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ უმაღლესი ჩასარიცხად. ეს ყველაფერი უნდა იყოს საერთო ხედვის, საერთო რეფორმის ნაწილი.

რეალური არჩევანი უნდა არსებობდეს საგანი, პროფესიების და არა ის, რომ გავზარდე საათობრივი გეგმა მე-12 კლასში. ეს ზრდაც მოხდა ხელოვნურად“, – მიიჩნევს შალვა ტაბატაძე.

მისი აზრით, ეროვნული გამოცდების სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ყველა სხვა თანმდევი პროცესი აქეთკენ უნდა იყოს მიმართული.

„ეროვნული გამოცდების სისტემა ცალსახად უნდა შეიცვალოს, რადგან დღევანდელი სისტემა არის ერთ-ერთი მუხრუჭი სასკოლო განვითარების და განათლების რეფორმირების.

ახალი სკოლის მოდელი, რომელიც რეფორმის სახით იყო შემოთავაზებული, საინტერესო კონცეპტუალური საკითხი იყო საშუალო საფეხურზე, ვეღარ წავიდა ეფექტურად სწორედ იმ მიზეზით, რომელიც დღეს გვაქვს, ეროვნული გამოცდების სახით.

ეს სისტემა კლავს სკოლის ნდობას და განვითარებას, უნივერსიტეტების ავტონომიურობას, სტრესულ მდგომარეობაში აყენებს აბიტურიენტებს. გვაქვს ალოგიკური სისტემა, რადგან კონკურსები გვაქვს და გამოცდებს ვატარებთ ისეთ ადგილებზე, სადაც კონკურსი არ არის, რადგან ფიზიკურად არ არის მსურველი. საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ ყველა, ვინც მინიმალურ ზღვარს გადალახავს კმაყოფილია, რომ უმაღლესში ჩაირიცხა. სინამდვილეში კი, თუ გავაანალიზებთ ამ გამოცდების შედეგებს, საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს.

ვფიქრობ, მთლიანად და რადიკალურად არის შესაცვლელი მისაღები სისტემაც, გამოცდების ცენტრიც, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამოცდების ჩამტარებელი უნდა იყოს და სხვა არაფერი. თავის დროზე, ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა და უნივერსიტეტებში კორუფციის  აღმოფხვრამდე უნდა ემუშავა, მაგრამ ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ და მივსტირივართ ამ სისტემას, რომ როგორ შეიძლება ამას შეველიოთ.

გადასააზრებელია ეს სისტემა, მაგრამ იმდენად ჩაჭიდებული ვართ, რომ რაღაც უნიკალური შევქმენით 20 წლის წინ, აღარ უნდა შეიცვალოს თურმე.

ტაბატაძის აზრით, საჯარო სკოლებს ვერ გააძლიერებ, თუკი მთლიანად წაართმევ მიღების სისტემაში როლს:

„საათების დამატება მე-12 კლასებში რაიმე დიდი ხედვის და რეფორმის ნაწილი რომ არ არის ფაქტია, რადგან ამას მაშინ სხვა მიმართულებითაც მოჰყვებოდა – შესაბამისი ცვლილებები და არა ისე, როგორც ახლა მოხდა, რომ შეიტანეს ცვლილებები სასწავლო ბადეში და გაზარდეს საათები“.

„ესპანეთის ბევრ სოფელში წყალი არ არის“ – „ოცნების“ კანდიდატის შეხვედრა ამომრჩევლებთან

„ესპანეთის ბევრ ქალაქში, სოფლებში, წყალი არ არის. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა აქვთ, რომ სოფლებში წყალი საერთოდ არ არის. ძალიან ბევრ სოფელშია ესე, როგორც იტალიაში“, – თქვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას. ხინჩეგაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრის ვიდეოს „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ესპანეთის კი არა, საქართველოს მაგალითზეც შეეძლო ეთქვა, რომ ბევრ სოფელს წყალი არ მიეწოდება. მაგალითად, 21 აგვისტოს, აჭარაში, დაბა ოჩხამურელებმა ქობულეთთან საერთაშორისო მაგისტრალი გადაკეტეს წყლის მოთხოვნით.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერი და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხინჩეგაშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება.

ამავე თემაზე: 

ვერ დალევ, პურს ვერ მოზელ, თეფშებს რომ ვრეცხავ, ისიც მეზიზღება – უწყლო ოჩხამური

სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ 733 გრამი შეადგინა.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 93598.05 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ცესკო: გადაამოწმეთ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგეთ სად უნდა მისცეთ ხმა

26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს ამ არჩევნებზე ხმის მიცემა გასულ არჩევნებისგან განსხვავებულ ლოკაციაზე მოუწევთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებმა დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და წინასწარ იცოდნენ, სად არის მათი საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის და სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით.

წელს პირველად, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმებას ცესკოს ახალი მობილური აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს. ამ სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ სად უნდა მისცეთ ხმა 26 ოქტომბერს.

მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდზე voters.cec.gov.ge ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

„გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სააგენტოს მიმდინარე წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ“, – აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე – 2 51 00 51.

რუსეთის კონტრშეტევა კურსკში უმნიშვნელოა – პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შეაფასა რუსეთის მიმდინარე კონტრშეტევა კურსში.

პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა რუსეთის კონტრშეტევას „უმნიშვნელო“ უწოდა ბრიფინგზე, 12 სექტემბერს.

„ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე ეს უმნიშვნელოა [რუსეთის კონტრშეტევა], მაგრამ ცხადია, ამას ვაკვირდებით“ – თქვა რაიდერმა.

რაიდერის ამ პასუხს წინ უძღოდა 12 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს კონტრშეტევა კურსკის რეგიონში.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურსკის მახლობლად მოვლენები „უკრაინული გეგმის“ მიხედვით ვითარდება.

ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აღადგინა კონტროლი უკრაინის არმიის მიერ ოკუპირებულ ათ დასახლებულ პუნქტზე.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, ISW-ის ბოლო მიმოხილვაში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ნათქვამია, რომ რუსულმა ჯარებმა მცირე პროგრესს მიაღწიეს კურსკის იმ რაიონებში, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალები სრულად არ აკონტროლებდნენ.

ექსპერტები 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ გეოლოკაციის კადრებზე დაყრდნობით წერენ, რომ რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მცირე გამარჯვებას ვიშნევკას დასავლეთით (კორენევოის სამხრეთ-დასავლეთით) და კრასნოოკტიაბრსკის ჩრდილოეთით (კორენევოის სამხრეთ-დასავლეთით).

ასევე, გეოლოკაციის კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ქვეითი ჯარი საზღვრის გასწვრივ ტეტკინოში გადავიდა (დაახლოებით 40 კმ სამხრეთ-დასავლეთით უკრაინის ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან კურსკის რეგიონში).

ექსპერტები მიუთითებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა 10-დან 11 სექტემბრის ღამეს კონტრშეტევების დაწყების შემდეგ, აპანასოვკა, ბიახოვო, ვიშნევკა, ვიქტოროვკა, ვნეზაპნოიე, გორდეევკა, კრასნოუკტიაბრკაიე, აპანასოვკა, ბიახოვო, ვიშნევკა, ვიქტოროვკა, კორენევოს სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთით 10 დასახლება დაიბრუნეს.

ISW-ის თქმით, ჯერ არ არის ვიზუალური დადასტურება, რომ რუსულმა ძალებმა დაიბრუნეს რომელიმე ეს დასახლება, გარდა სნაგოსტისა და კრასნოოკტიაბრსკოეს ნაწილებისა.

ამავე დროს, ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსული ჯარები შევიდნენ კურსკის იმ რაიონებში, რომლებსაც უკრაინული ჯარები ჯერ არ აკონტროლებენ ან არ ცდილობენ გააკონტროლონ და რუსეთის ჯარებს, სავარაუდოდ, დიდი სირთულე შეექმნებათ შემდგომი წინსვლისთვის იმ რაიონებში, რომლებსაც უკრაინელები აკონტროლებენ.

15 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირს არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელყოფისა და შანტაჟისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გამოძალვის ბრალდებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან ა.ს.-ს სოციალური ქსელის მეშვეობით მისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნას სთხოვდა, რომლითაც შემდგომ მას აშანტაჟებდა და სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობის მუქარით ა.ს.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა“ – იუწყება შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 სექტემბრის 21 საათიდან 14 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 14 – 19 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 15-16 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ვიღაც ოცნებობს ჩვენს რელიგიურ თუ სქესობრივ ცხოვრებაზე ინფორმაციას ფლობდეს – სტუდენტი

„მე ვარ სტუდენტი, მეოთხე კურსზე ვსწავლობ ლიეტუვაში. 21 წლის ვარ და აქამდე არასდროს მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა – მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, მომავალში შევძლებთ თუ არა ერთმანეთის ნახვას საქართველოში, თუ შევძლებ ჩემი პატარა ძმის ნახვას. ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანის, ემიგრანტის და სტუდენტის მომავალია დამოკიდებული ამ არჩევნებზე“, – ასე აფასებს 26 ოქტომბრის არჩევნებს სტუდენტი სულიკო არჯევანიძე.

  • სულიკო, თქვენ, როგორც სტუდენტი, რომელიც უცხოეთში იღებს განათლებას, როგორ უყურებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

ჩემ ცხოვრებაში არ მახსოვს ისეთი პოლიტიკური მოვლენა თუ სიტუაცია ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან მეხება და ასეთ დიდ გავლენას ახდენს ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაზე. ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი თუ სხვა სტუდენტების რეალობა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ ან თუნდაც ემიგრანტების, რომლებიც ლუკმა-პურის საშოვნად უცხოეთში არიან. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის რეალობა.

პროტესტი აქამდეც ყოფილა, მაგრამ წელს, რაც თბილისსა და ბათუმში რაც ვნახე, იყო ძალიან განსხვავებული. ეს არ იყო უბრალოდ აქცია პარლამენტის წინ, ხალხი იყო მეტროშიც და ავტობუსებშიც, ყველა დადიოდა სასტვენებით და დროშებით. ხალხი იდგა ფეხზე მთელ ქვეყანაში. ეს იყო ერთგვარი ეროვნული მოძრაობა. ეს ამტკიცებს, რომ რუსული კანონი არ იყო უბრალოდ რაღაც კანონი – ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.

ამ აქციების დროს მეც ჩავედი თბილისში და მთელი კვირა იქ ვიდექი ქართველ ხალხთან ერთად. ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. მე და ჩემს მეგობარს პოლიცია გვიყვიროდა, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია, ლამის ფეხებით შეგვდგნენ. ჩემმა მეგობარმა მოიხსნა სათვალე, ნიღაბი და ტიროდა, პოლიციელს უთხრა არ გრცხვენიათო. ჯენზი არაა ის თაობა, ვინმეს სცემოს ან იძალადოს.

აქვე დავინახე, რომ ჟურნალისტების შრომა ნამდვილად ენით აღუწერელია. შეუძლებელია იმის გადმოცემა, თუ როგორ ათრევდნენ იმ მძიმე აპარატურას. ზოგი მარტო დაატარებდა ყველა მოწყობილობას და კამერას. ჟურნალისტების დამსახურება იყო ისიც, რომ პოლიცია ვერ ახერხებდა ბევრი ადამიანის გატაცებას – მათ ამაში ხელს უშლიდნენ.

ქვეყნისთვის წარმოუდგენლად ნეგატიურია, თუ ის სამყაროსგან იზოლირდება. ამიტომ არ შეიძლება ახლა ვთქვათ, რომ პოლიტიკა არ გვაინტერესებს. გული მწყდება, რომ ახლა საქართველოში ყოფნას ვერ ვახერხებ.

  • თუ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, გაიარეთ შესაბამისი პროცედურა?  

მე 21 წლის ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნებში მონაწილეობა აქამდე ჯერ არ მიმიღია. ვერ მოვახერხე, რადგან საარჩევნო უბანი მაშინ სხვა ქალაქში იყო და თან შუა სემესტრში სტუდენტებისთვის არც ისე ხელსაყრელი დრო იყო. სარეგისტრაციო პროცედურაზეც არ ვიყავი გაცნობიერებული – რა, როგორ უნდა გამეკეთებინა. წელს საინფორმაციო კამპანიის გავლენით, ადამიანები უფრო ინფორმირებულები ვართ რეგისტრაციის პროცესზე, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

მე და ჩემი მეგობრები მოუთმენლად, დიდი განცდებით ველოდებით მომავალ არჩევნებს, ამ ისტორიულ მომენტში ჩვენი ხმის დაფიქსირებას. ისიც ვიცით, რომ უბნის გახსნაც შეგვიძლია, იმ შემთხვევაში თუ საკმარისი ოდენობის ქართველი იქნება ქალაქში დარეგისტრირებული – არ არის აუცილებელი დედაქალაქის საარჩევნო უბანზე გამოვცხადდეთ.

დიდი იმედია მაქვს, რომ ის მუხტი, რაც დღეს საქართველოშია, აუცილებლად აისახება არჩევნებზე. რა თქმა უნდა, იმედიანად ვარ.

„ქართული ოცნება“ 2012 წელს სათავეში როცა მოვიდა, მათი კამპანია იყო „ევროპისთვის“ და „ერთად ევროპისკენ“. ნარატივი დროთა განმავლობაში შეცვალეს. ბოლო პერიოდში კი „ქართულმა ოცნებამ“, მისმა დეპუტატებმა, ევროკავშირის წარმომადგენლებისა და რეკომენდაციების კრიტიკა დაიწყეს. ეს პროცესი ნელ-ნელა დაიწყეს, ახლა კი აღარც ერიდებიან და ცხადად ამბობდნენ, რომ არ მოსწონდათ ევროკავშირი.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღი, რაც მათ დღეს აქვთ, არის პროპაგანდა, რომელშიც ძალიან გაწაფულები არიან. „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დროშას იყენებს ყველა მის ბანერზე. ისინი ცდილობენ ამ დროშის ქვეშ შემალვას, ტყუილების ძახილს, თითქოს ევროკავშირი მათი მიზანია, თითქოს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ევროინტეგრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გათვლილი კამპანია და პროპაგანდა ჰქონდათ და აქვთ დღესაც, ხალხი არ მოტყუვდება. „ქართული ოცნება“ ვერ მოატყუებს ხალხს.

  • პირადად თქვენ თუ მიგიღიათ ევროკავშირისგან რამე სიკეთე, რაში გამოადგებათ მოქალაქეებს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირი?

ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი სიკეთე, რაც ევროკავშირისგან მიმიღია, არის განათლება. ქვეყნიდან წამოსვლა არ იყო ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი იყო იმ გარემოში და იმ პროგრამის ფარგლებში განათლების მიღება, რომელიც ჩემმა უნივერსიტეტმა შემომთავაზა. საქართველოში რომ ყოფილიყო მსგავსი უნივერსიტეტი, აუცილებლად საქართველოში ჩავაბარებდი. უბრალოდ, მომხიბვლელია მსგავსი ტიპის საერთაშორისო გარემო, კავშირები და პარტნიორული ბმები, რაც უნივერსიტეტს აქვს. საქართველოში კი ასეთი ტიპის პროგრამა არ იყო.

მეგობრები, რომლებიც აქ შევიძინე, საქართველოში ჩამოვიდნენ და ნახეს, რომ მხოლოდ რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორია კი არ ვართ, დაინახეს, როგორი ევროპული ქვეყანა ვართ, რომ ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს ევროპასთან.

ევროკავშირს აქვს ძლიერი ეკონომიკური თუ ფულადი კავშირები საქართველოსთან. ვხედავთ, რამდენი სკოლის, ბაღის, უნივერსიტეტის აშენება დააფინანსა ევროკავშირმა.

  • რით ჩამოვრჩებით ყველაზე მეტად ევროპას?

ცხოვრების ხარისხით. ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ანაზღაურება ჰქონდეს, რომ შეძლოს ნორმალურად, ღირსეულად ცხოვრება. როდესაც ადამიანი კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, უნდა ჰქონდეს იმის გარანტია და იმის უფლება, რომ თავისი ხელფასით ღირსეულად იცხოვროს. როცა ადამიანი მუშაობს, არ უნდა უწევდეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ იკმაროს ხელფასი, რაც საქართველოში აქვთ ადამიანებს.

ვფიქრობ, ყველაზე დიდი სხვაობა ზუსტად ეს არის ჩვენსა და ევროკავშირს შორის.

  • აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

მე ვარ ქართველი, ქართველი ევროპელი. რა თქმა უნდა, მინდა ვიცხოვრო საქართველოში, ისეთ საქართველოში, რომელსაც ქართველ ერი ნამდვილად იმსახურებს. ძალიან ბევრი ადამიანის, ემიგრანტის და სტუდენტის მომავალია დამოკიდებული არჩევნებზე. საკუთარ ქვეყანაში უცხოური ინტერესის გამტარ აგენტად გამოცხადება ძალიან შეურაცხმყოფელია.

ის, რომ ვიღაცა ოცნებობს ფლობდეს ინფორმაციას ჩვენი რელიგიური მრწამსის, სქესობრივი ცხოვრებისა და მსგავსი დეტალების შესახებ, ეს ჩვენი უფლებების ხელყოფაა. „ქართული ოცნება“ ძალიან ცდილობს დაგვარქვას უცხოური ინტერესების გამტარი. არ და ყველამ ვიცით, ვინ ვისი ინტერესის გამტარია.

ლიეტუველები ძალიან განიცდიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რაც გასაგებია, რადგან ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ. ლიეტუველებს მუდმივად აქვთ ერთი ლოგიკური კითხვა ჩემთან – როგორ შეიძლება ერმა ვერ გადაწყვიტოს, ვინ აირჩიოს და ვისთან იმეგობროს მაშინ, როდესაც 2008 წელს რუსეთი ბომბავდა ჩვენს ქვეყანას, დაიხოცნენ ქართველები და დღემდე ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ხალხის ბრაზი და ტკივილი რუსეთიდან წინა ხელისუფლებაზე გადაიტანა, რაც ძალიან სამარცხვინოა. ეს იყო პირველი ნაბიჯი, რაც გადადგეს. ნამდვილი პრობლემები კი, რაც ქართველ ერს აქვს – ოკუპირებული ტერიტორიები, მედიის გარეშე დარჩენის საშიშროება – ძალიან მიჩქმალეს. „ქართული ოცნების“ გეგმაა, შეკრას ისეთი წრე, როგორც რუსეთშია, სადაც არ ჰყავთ ოპოზიცია და გარანტირებული აქვთ უვადო მმართველობა.

ისინი ამბობენ, რომ კიდევ დიდი ხანი აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას. მინიმუმ 12 წელი უნდა იყვნენ ხელისუფლებაში? ეს არის ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული. როგორ გინდა ევროკავშირის წევრი გახდე, თუ მხოლოდ პირად ინტერესებზე და იმაზე ფიქრობ, როგორ დარჩე ხელისუფლებაში ოპოზიციის გარეშე.

იმის ნაცვლად, რომ ხალხს შესთავაზონ პრობლემების გადაჭრის გზები, ცდილობენ გააჩუმონ  კრიტიკული მედია. უნდათ ყველას ვარდისფერი სათვალე წამოაცვან და საქმის კეთების გარეშე დარჩნენ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ დღემდე ასეა ხელისუფლებაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. კრიტიკულ მომენტებში დუმილი და ნეიტრალურ პოზიციაში დგომა, ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ხალხმა კარგად იცის ეს.

დემოკრატია ვერ იმუშავებს, თუ სათავეში ოლიგარქიული, დისკრიმინაციული და მონოპოლიური პარტია ჰყავს. ჩვენ თუ გვინდა დემოკრატია, ვერ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხალხს სცემს. ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება თავისუფალ ქართველ ადამიანს იცხოვროს ისეთ გარემოში, სადაც მთავრობა და პოლიცია იჭრება მოქალაქის ბინაში სასამართლო ნებართვის გარეშე.

წინა არჩევნებზე ჩემმა ბევრმა ნაცნობმა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“. ახლა ვეუბნები მათ, რომ ეს პარტიებს შორის დაპირისპირება არ არის. დღეს მე შემრაცხეს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარ ადამიანად. შესაბამისად, ვეუბნები, რომ ეს გვეხება ჩვენს ოჯახებს, იმას ეხება მომავალში შევძლებთ თუ არა ერთმანეთის ნახვას საქართველოში, თუ შევძლებ ჩემი პატარა ძმის ნახვას. დღეს გვყავს მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებსაც გვიცხადებენ აგენტებად, ავიწროებენ და დევნიან. ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრს ცვლის.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 631 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
  • ტანკი – 8 671 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 17 003 ერთეული [+48]
  • საარტილერიო სისტემა – 18 061 ერთეული [+52]
  • MLRS – 1 185 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 945 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 113 ერთეული [+80]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 591 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 24 560 ერთეული [+79]
  • სპეცტექნიკა – 3 071 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 642 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 31 501 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 454 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 14 563 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 047 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბრიტანეთი უკრაინას ნებას დართავს, Storm Shadow-ი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე – მედია

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ახალგაზრდები მოწამლეს პროპაგანდით, რომ რუსი მტერია, ასაკოვანი ხალხი ხმას არ აძლევს ოპოზიციას – რუსული მედია საქართველოზე

„ახალგაზრდები [საქართველოში] მოწამლულები არიან პროპაგანდით – რომ რუსი მტერია… რაც შეეხება შუახნის ხალხს და ხანდაზმულებს, ჩემ გარემოში არ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ხმა მისცენ ოპოზიციას“, – ეს განცხადება რუსული პროპაგანდისტული არხის – „სოლოვიოვ live“- ის ეთერში, რადიო Sputnik-ის პროგრამულმა დირექტორმა, გია სარალიძემ საქართველოში წინასაარჩევნო განწყობების შეფასებისას გააკეთა.

რუსი პროპაგანდისტები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას:

„რა თქმა უნდა, ახალგაზრდები დიდწილად მოწამლულები არიან პროპაგანდით, რომელიც თითქმის 30 წელია იღვრება იქ – რომ რუსი მტრებია, რომ გზა ევროპისკენაა, რომ ახლა ისინი აირჩევენ სხვა მთავრობას და ეგრევე ევროპაში აღმოჩნდებიან. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, განათლების ხარისხი იმდენად დაეცა ამ ხნის განმავლობაში და იმის უნარი, რომ როგორმე ადეკვატურად შეაფასო ზოგიერთი რამ, რაც ხდება მსოფლიოში… ისინი, როგორც ჩანს, არც თუ ისე აქტუალურია ახალგაზრდა თაობისთვის. ამიტომ, ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილი წინააღმდეგია [მთავრობის მიერ მიღებული კანონების]. რაც შეეხება შუახნის ხალხს და ხანდაზმულებს, შემიძლია გითხრათ, ჩემს გარემოში არ ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ხმა მისცენ ოპოზიციას“, – თქვა გია სარალიძე.

გუშინ რუსეთის საგარეო დაზვერვამ თავის მორიგ სიუჟეტში საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ ახალი დეტალები დაამატა და თქვა, რომ ვაშინგტონი საქართველოს არჩევნებში ჩასარევად ახალი ინსტრუმენტის ამოქმედებას გეგმავს: – კერძოდ, კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი [ეუთო/ოდირი] გამოაქვეყნებს დასკვნას, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად პირობები არ არსებობს, რითაც საბაბს მისცემს „პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას“ დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები.

„სპუტნიკის“ პროგრამული დირექტორი რუსეთის დაზვერვის სცენარის უტყუარობის დასამტკიცებლად, საქართველოს მთავრობის ნარატივს იმოწმებს და ამბობს:

„რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადება მხოლოდ ადასტურებს იმას, რაზეც საქართველოში ბევრს და დეტალურად საუბრობენ. საქართველოში, საუბარი იმის შესახებ, რომ ქართული ოპოზიციის დასავლელი კურატორები ისარგებლებენ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებით, ერთი წლის წინ დაიწყო, თუ მეტი არა. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მწვავდება ვითარება“.

ეს ის ამბავია, როცა ოპოზიციამ გამოიყვანა ახალგაზრდები და მათი ხალხი და ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდა იქ, როცა იღებდნენ კანონს უცხოური აგენტების შესახებ, ან როგორც იქ მას ეძახიან გამჭვირვალობისა და პოლიტიკური აქტივობის შესახებ [კანონი]; ამაზე ბევრს საუბრობდნენ საქართველოში, რომ ეს იყო რეპეტიცია მთავარ მოვლენებამდე, ხოლო მთავარი მოვლენები, რა თქმა უნდა, არის საპარლამენტო არჩევნები“.

პროპაგანდისტები საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეში განსაზღვრავს საქართველოს ბედს, რადგან სწორედ მისი შედეგები განსაზღვრავს „პოლიტიკურ ვექტორს, რომლითაც გააგრძელებს საქართველო განვითარებას.

ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირება – მიტოვებული სანატორიუმები ეკალბარდში

ოთხი წლის წინ, 2019 წელს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პირადად დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიურ კურორტს, აღადგენდა და განავითარებდა.

როგორც თავად წერდა, წყალტუბოსთვის ძველი დიდების დაბრუნება „ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრის და მათი ნახტომისებური განვითარების“ გეგმის ნაწილი იყო.

ამის საუკეთესო მაგალითად კი აბასთუმანს ასახელებდა. ბიძინა ივანიშვილის განცხადება, სადაც ექსპრემიერი წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვისა და რეაბილიტაციის გეგმის შესახებ წერდა, „ოცნებამ“ 2019 წელს გამოაქვეყნა.

„ვინაიდან სახელმწიფოს ამჟამად არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება“, – ბიძინა ივანიშვილის ეს სიტყვები ახლაც ახსოვთ წყალტუბოში, მივიწყებულ ბალნეოლოგიურ კურორტზე.

თუმცა ამბობენ, რომ ეს დაპირება მან მალევე დაივიწყა, ისევე როგორც მთავრობამ კურორტის ძველი დიდების აღდგენის გეგმა. 

„ტყუილი იმედი“ კურორტ წყალტუბოსთვის „ძველი დიდების დაბრუნებაზე“ აქ მცხოვრებლებს „ოცნების“ დამფუძნებელმა და მილიარდერმა ექსპრემიერმა 2019 წელს გაუჩინა. მისი განცხადების შემდეგ მთავრობამ წყალტუბოს განვითარების გეგმა წარადგინა თბილისში, სასტუმრო „რედისონში“, სადაც „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენელმა, ნინო ჩოლოყაშვილმა განაცხადა, რომ შესწავლილი სანატორიუმებიდან 12-ს არქიტექტურული ღირებულება ჰქონდა და მათ იერ-სახეს შეინარჩუნებდნენ.

მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გეგმის წარდგენიდან მალევე უნდა შეემუშავებინათ წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა. სამუშაოები ერთ ფაზად უნდა ჩატარებულიყო. პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი, მაშინდელი ინფორმაციით, 620-დან 865-მდე მილიონი აშშ დოლარი იყო.

თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა. წყალტუბოს სანატორიუმების შენობების ნაწილში წვიმს და ისინი ყოველდღე ნადგურდება.

წყალტუბო – ძველი სანატორიუმის შენობის ინტერიერი
წყალტუბო

ბევრი მათგანი კი, სადაც არ წვიმს, დღემდე ისეა შემონახული, რომ შენობებში დატოვებული ავეჯიც კი შენარჩუნებულია, ზოგი მათგანის ხელახლა გამოსაყენებლად დასუფთავებაც საკმარისი იქნება. ძველი კომპლექსების შენობებში ნახავთ ბევრ ისეთ ნივთს, წარწერას, ჩანაწერს, რომელიც თვალწინ გააცოცხლებს არცთუ ისე შორეულ ისტორიას.

წყალტუბო – ერთ-ერთი სანატორიუმის კლუბის ინტერიერი

ბევრ ნანგრევში უცხოელ ტურისტებს შევხვდით, ძირითადად გერმანელებს. ისინი შენობებში, ნანგრევებში დიდხანს რჩებიან და ფოტოებს უღებენ ყველაფერს, რაც კი საინტერესოდ ეჩვენებათ.

ტურისტები ძველი სანატორიუმის შენობაში

წყალტუბოს აღდგენის გეგმის პომპეზური პრეზენტაციიდან მეხუთე წელს აქ ამბობენ, რომ „წყალტუბოს“ მხოლოდ სამი კომპლექსის აღდგენამ, მათ შორის ნაწილობრივმა აღდგენამ, ვერ უშველა – ქალაქი „ისევ დეპრესიულია“, მისი კულტურული მემკვიდრეობა კი ისევ გაპარტახებულია.

წყალტუბო
წყალტუბო

წყალტუბოში სწყინთ, რომ დაპირება დაპირებად დარჩა, თუმცა მილიარდერ ექსპრემიერს არ საყვედურობენ: „ეს ბიძინას ბრალი სულაც არ არის“. მათი აზრით, ივანიშვილს „ხელი შეუშალეს“.

კითხვას, ვის შეიძლებოდა ხელი შეეშალა მილიარდერისთვის, რომელიც ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა და ყოფილი პრემიერი, წყალტუბოში ასე პასუხობენ: „ვისაც ჩვენი ქალაქის განვითარება არ უნდა“. თუ უფრო „ჩაეკითხებით“, მათი პასუხები დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ის, რომ ივანიშვილს „გლობალური ომის პარტია ებრძვის.“

მიტოვებულია ძველი რკინიგზის სადგურის შენობაც, აქ დღემდე შემორჩენილია ძველი ვიტრაჟები. მართალია, მათი ნაწილი დაზიანებულია, თუმცა როგორც წყალტუბოში ამბობენ, „ძველი დიდებულების კვალი ეტყობა.“

წყალტუბო- ყოფილი რკინიგზის სადგური
წყალტუბო -ყოფილი  მატარებლის სადგური

წყალტუბო – ყოფილი რკინიგზის სადგური

წყალტუბოში ამ დრომდე რამდენიმე წყარო აღუდგენიათ, ზოგი სრულად, რამდენიმეს კი შეუნარჩუნეს ძველი იერ-სახე.  აქ დასაქმებულები ამბობენ, რომ ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობენ. ერთ-ერთმა დასაქმებულმა გვითხრა, რომ მისი ოფიციალური ხელფასი 200 ლარია, დანარჩენი კი უნდა გამოიმუშაოს და იმდენს აიღებს, რამდენსაც გამოიმუშავებს, ეს კი იმაზეა დამოკიდებული რამდენი სტუმარი ეყოლება სასტუმროს და რამდენად დაინტერესდება ეს სტუმარი სწორედ იმ სერვისის მიღებით, რომელსაც ის სთავაზობს:

„ამიტომაც ვცდილობ ტურისტულად არააქტიურ სეზონზე სხვა სამუშაოც ვიპოვო, სხვა რამეც ვაკეთო“.

კითხვაზე ტურისტული სექტორის გარდა რა არის წყალტუბოში შემოსავლის ძირითადი წყარო, აქ ამბობენ, რომ არაფერი.

2022 წლის 5 ივლისს, წყალტუბოში ვიზიტისას, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის პრეზენტაციაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მთავრობა აუქციონზე გამოიტანდა წყალტუბოში არსებულ 14 სანატორიუმს, რომელთა ღირებულებაც, ჯამში, 50 მილიონი ლარია“.

ყოფილმა პრემიერმა ამ გამოსვლის დროს მთავრობისთვის ორ შემაფერხებელ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. მან მთავარ პრობლემად წყლის რესურსების ფლობის საკითხი და გენერალური გეგმის დამტკიცება დაასახელა: „ინვესტორი იყო კერძო პირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ისინი გამოვისყიდეთ, მთავრობა ოფიციალურად გახდა ამ რესურსის მფლობელი… განაშენიანების გეგმა დასრულებულია. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა“.

საქმე ისაა, რომ 2021 წლის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ სს „ბალნეოსერვისისგან“ 8 მლნ დოლარად გამოისყიდა 6 აბანო და უძრავ-მოძრავი ქონება. აქტივების მფლობელი დღეს სახელმწიფო კომპანია „წყალტუბოს თერმული წყლებია“. მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ წყლის ლიცენზიის უკან გამოსყიდვით ინვესტორებში წყალტუბოს მიმართ ინტერესი გაიზრდებოდა.

2022 წლის აგვისტოში ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოს სანატორიუმები და მასზე დაქვემდებარებული ინფრასტრუქტურა ელექტრონულ აუქციონზე, კურორტის აღდგენა-განვითარების პირობით გაიტანა. 12 ნაკვეთი, ჯამში, 66 ჰექტარი თავისი შენობებით და დამხმარე ნაგებობებით – ამ ქონების საწყისი გასაყიდი ღირებულება მთლიანობაში 38 მილიონი ლარი იყო.

მონიშნულია გასაყიდი სანატორიუმებიმონიშნულია აუქციონზე გასაყიდად გატანილი 14 ქონება – მათი ფართობი ჯამში 76 ჰექტარზე მეტია [767 167 კვ.მ]. აქედან ორი სანატორიუმი – „თბილისი“ და „მედეა“ გაიყიდა. დანარჩენი 12 ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება კი, 38 მილიონი ლარი იყო.
განმეორებით აუქციონზე 12 სანატორიუმიდან სახელმწიფომ ვერცერთი გაასხვისა. 2023 წლის სექტემბერში სანატორიუმი „წყალტუბო“ გაიყიდა. ის საპრივატიზებო პირობების მიხედვით, შპს „გოლდენ თაუერსმა“ შეიძინა. დღეის მდგომარეობით გაყიდული სანატორიუმებიდან კი ყველაზე ძვირადღირებულია ყოფილი სასტუმრო „უშიშროება“, რომელიც 6 886 კვადრატულ მეტრ შენობას და 250 768 კვადრატულ მეტრ მიწას აერთიანებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წყალტუბოში პირდაპირი წესით გაასხვისა კიდევ 2 სანატორიუმი, მათი აღდგენის პროცესი ჯერ დაწყებული არ არის.

ავტობანს ხალვაშის გამზირზე აერთებენ – როდის გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ისევ გამოჩნდა მძიმე ტექნიკა. გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ბათუმის შემოვლით გზას აერთებენ ფრიდონ ხალვაშის ქუჩას. მიმდინარე სამუშაოების გამო ხელვაჩაურის გზაზე ხშირად ისევ ფერხდება მოძრაობა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, სატრანსპორტო კვანძი ბათუმის შემოვლით გზაზე ასასვლელების მოსაწყობად კეთდება.

„ეს ცალკე პროექტია, საერთაშორისო ხელშეკრულებაა და სამუშაოს იგივე კომპანია ასრულებს, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას აშენებს“ – გვიპასუხეს გზების დეპარტამენტში.

როდის დასრულდება სამუშაოები და როდის გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა? – გზების დეპარტამენტის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ დაერთების სამუშაოები „უახლოეს პერიოდში დასრულდება“, ასევე მიმდინარე წელს გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზაც.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ მშენებლობის დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადაავადეს და მოგვიანებით 2023 წელი დაასახელეს, ბოლოს კი – 2024 წელი.

რაც შეეხება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ასფალტის საფარს, ის 2023 წლის ბოლო დააგეს, თუმცა  ორი თვის შემდეგ გზის ხელახლა გარემონტება გახდა საჭირო.

სამუშაოებზე დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე კომპანია „ერ ტე დემ“ იმუშავა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც თბილისში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობდა ეგრეთ წოდებული „გუთენტრაკენის მეთოდით“.

ამ თემაზე:

„ფული მიაქვთ ჯიბეში“, ანუ როგორ გააკეთეს ხალვაშის გამზირი – გამოკითხვა ხელვაჩაურში

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ აღძრა საქმე

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კურსკის რეგიონში, უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლადო გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს საგამოძიებო კომიტეტის მთავარ სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტზე დაყრდნობით.

რუსეთს საგამოძიებო დეპარტამენტის ცნობით, ქართველი მებრძოლი ეჭვმიტანილია ორი ან მეტი პირის მკვლელობაში, რომელიც ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, პოლიტიკური და იდეოლოგიური სიძულვილის საფუძველზე; ასევე, მას ბრალად ედება სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; ტერორისტული აქტის ჩადენა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება, სამართალდამცავების სიცოცხლის ხელყოფა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ა.შ.

„გამსახურდიამ და დაქირავებული ფორმირებების სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც მოქმედებდნენ უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებთან ერთად, ავტომატური მცირე და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღით, ასაფეთქებელი მოწყობილობების, აგრეთვე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი და შეიჭრნენ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე“, – წერს რუსული მედია.

ლადო გამსახურდია აფხაზეთიდანაა. იგი უკრაინაში მოხალისედ 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ წავიდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკის სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაუსწრებლად ასამართლებენ ქართველ სნაიპერ ქალს რუსუდან ივანეიშვილს, რომელსაც დაუსწრებლად უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

____________

ფოტოზე: ლადო გამსახურდია

AD BLACK SEA 2024 დაიწყო

კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ერთწლიანი ლოდინი დასრულდა. რეგიონის ყველაზე მასშტაბური, კრეატივის, რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024 დაიწყო და ის, ტრადიციულად ბათუმში 12-14 სექტემბერს გაიმართება. სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებზე, წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება მიეცემათ. ფესტივალმა შარშან დელეგატების რეკორდულ რაოდენობას – 1300 სტუმარს უმასპინძლა. წელს ეს რიცხვი განმეორდა.

დატვირთული სასემინარო პროგრამის პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, კრეატიული სტრატეგია, ვიდეო რეკლამა) და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში შეეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 20 ქვეყნიდან მოწვეული 29 კომპეტენტური ჟიურის წევრი შეაფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის კულმინაციურ ღონისძიებაზე – დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. 2023 წლიდან ფესტივალს დაემატა მე-14-ე Young Creative-ის კატეგორიაც, რომლის მხარდამჭერი თიბისი ბანკია და რომელიც მიზნად იმ ახალგაზრდა პროფესიონალის გამოვლენას ისახავს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კონკურსში მონაწილე რომელიმე პროექტში.

ტრადიციულად ფესტივალს ახალი თემა აქვს, რომლის გარშემოც იქნება აწყობილი როგორც სპიკერების გამოსვლები, ისე სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობა. ფესტივალის აფიშაზე მოგიზგიზე ცეცხლოვანი გული, იმ მიძღვნაზე მიგვანიშნებს, რაც ასეთი აუცილებელია შემოქმედებითი პროცესისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ქაოსურ და გამოწვევებით სავსე რეალობაში დარჩეს საღ გონებაზე, იყოს გულწრფელი და საკუთარი ღირებულებების ერთგული. ფესტივალის ვიზუალებზე ვხედავთ იკონური სარეკლამო რგოლებით შთაგონებულ ნახატებს, რომლებიც სტენსილით არის “დაზიანებული” და გადააზრებული. DEVOTED TO CRAFT, TO IDEAS, TO CREATIVITY.

DEVOTED წლევანდელი ფესტივალის მთავარი სიტყვაა და შევეცდებით ჩვენი სათქმელი მკაფიოდ მივიტანოთ ფესტივალის აუდიტორიამდე.”

შარშანდლის მსგავსად, ფესტივალის კონკურსი წელსაც დახურულია რუსული და ბელორუსული სააგენტოების ნამუშევრებისთვის. რუსული აგრესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული განსაკუთრებული პროექტიც – “დიზაინერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, რომელიც ცნობილი გრაფიკული დიზაინერის სტეფან ზაგმაისტერის კურატორობით შეიქმნა. ზაგმაისტერი თბილისს ამ წლის მაისში, Ad Black Sea-ს მიერ ორგანიზებული პირველი თბილისის დიზაინის ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდა და ამ ინიციატივასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი.

დიზაინერმა უკვე შეარჩია ის ნამუშევრები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავენ პროტესტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ამ ნამუშევრებს ფესტივალის დელეგატები სექტემბერში იხილავენ.

„წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებულად საინტერესო სპიკერებით არის წარმოდგენილი: ესპანელი Paco Conde-ს, რომელმაც კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა და Dove-ის Real Beauty Sketches-ის შექმნაშიც მონაწილეობდა.  გავიცნობთ ბრაზილიელ Saulo Rocha-საც, რომელიც ესპანეთში მოღვაწობს და მის ანგარიშზე 450-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოა. Tanja Grubner ბრენდის მხარეს გაგვაცნობს და Libresse-ის მიერ სტერეოტიპების მსხვრევის ამბავს მოგვიყვება, გამომსვლელებს შორის იქნება Iain Tait, Old Spice-ის ცნობილი კამპანიის “Responses” შემქმნელი. სასიამოვნო შეხვედრა გველის Guillermo del Toro-ს პინოქიოსთან და თოჯინას შემქმნელთან, მეტრო ფროდაქშენი და Innocean Berlin მოგვიყვებიან როგორ მოიგეს წლევანდელ კანის ფესტივალზე პირველი გრან-პრი საქართველოს ისტორიაში, უდიდესი პატივით ვმასპინძლობთ ქართველ არტისტებსაც: ეთერი ჭკადუას, ნიკა მაჩაიძეს, მიშიკო სულაკაურს (LAMB), და რადიო თავისუფლებასთან ერთად გლობალურ და ლოკალურ მედია ლანდშაფტზე და დემოკრატიის ბედზეც ვისაუბრებთ. “ – ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ცინცაძე.

ფესტივალის პარტნიორები არიან: europop, ქარვა, ბაკურიანი, Cellfie, Extra, UN Women, Metro Production, U.S. Embassy in Georgia, D Block, Radio Liberty, Metropol, Ranina Wine, Pepsi, Lays, Maxx Power, Elit Electronics, DeLonghi, ნიკორა, Windfor’s Workshops, Biletebi.ge, VAVAVA Agency, Smugglers, ROOMS, ტენე, Bloom Music.

უკვე მერვე წელია ფესტივალის ოქროს პარტნიორია თიბისი.

მედია პარტნიორები: ფორმულა; ნეტგაზეთი; ბათუმელები; On.ge;  At.ge; პუბლიკა; Forbes; BMG ; Marketer.ge

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.adblacksea.com 11 სექტემბრამდე.

YouTube video player

ავარია ბათუმში – დაშავდა ორი ადამიანი, მგზავრი და ქვეითი

ავტოავარია მოხდა დღეს, 12 სექტემბერს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

მეჯინისწყლის ხიდთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ორი პირი, ავტომობილის მგზავრი და ქვეითი, რომელსაც ავარიის დროს  ავტომანქანა დაეჯახა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგის შემდეგ TV პირველი ცესკოს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

დღეს, 12 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და  გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს“.  მას დღესვე გამოეპასუხა კრიტიკის ადრესატი, „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და ცესკოს თავმჯდომარე მუქარაში დაადანაშაულა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საუბარია ტელეკომპანია „TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობაზე:

„იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია აბსოლუტურად ღიაა ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან თანამშრომლობისთვის, გაუგებარია რა საჭიროებას წარმოადგენს ხსენებული ინფორმაციის დამუშავება, მაშინ როცა ადმინისტრაციისთვის კითხვით არ მოუმართავთ და მათთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუთხოვიათ და ასევე, მაშინ როცა  სახეზე არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის – ნათესაური კავშირებისა და აღნიშნული ნათესავების დასაქმების ადგილების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და ლეგიტიმური მიზანი, რაც ცხადია აჩენს ობიექტურ კითხვებს.

ხსენებული მედია საშუალების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ დასმული კითხვების შინაარსი და ფორმა, შეუძლებელია ემსახურებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს, გარდა იმისა, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობა, მიკერძოებულად მათი საქმიანობის წარმოჩენა მათი ნათესავების სხვადასხვა უწყებებში საქმიანობის ან შესაძლო საქმიანობის გამო და ამით დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და დააზიანებს საარჩევნო გარემოს.

….ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მუდმივად ვხელმძღვანელობთ თანამშრომლობის საუკეთესო სტანდარტით და ყოველთვის მზად ვართ მივაწოდოთ ნებისმიერ მედიასაშუალებას კომპეტენტური და გადამოწმებული ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. თუმცა, მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იძულებულნი გავხდებით, გადავხედოთ თანამშრომლობის საკითხს, რაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და დასაქმებული თანამშრომლების შესახებ ამომრჩევლებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების წინაპირობა“ – განაცხადა მან.

დღესვე, 12 სექტემბერს, ცესკოში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.

ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ გიორგი კალანდარიშვილი ზეწოლას ახდენს „შაბათის ეთერის“ გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება.

მელაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტის მიერ რესპონდენტის ტელეფონის ნომრის გაგება, მისთვის კითხვების დასასმელად და ფაქტების გადასამოწმებლად, პერსონალური მონაცემის უკანონოდ დამუშავება არ არის:

„ეს არის ტყუილი! თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს ან მისამართს, რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება. იცით რა იგულისხმა ცესკოს შეფმა? საიდან გაიგეს მისამართებიო?“ — ამბობს ნოდარ მელაძე.

მელაძის თქმით, საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები რეალურ მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ უწყება „გადახედავს მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას“:

„ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? ანუ აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბნებზე აღარ შეგვიშვებენ რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ ქართული ოცნების მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ?“ — განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მელაძის თქმით, დიდი რისკია „ერთი პარტიის ლეგიტიმაციით თანამდებობაზე არჩეულმა გიორგი კალანდარიშვილმა მედიაზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს ამავე პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოს კლანი ჟურნალისტების დასასჯელად“. შესაბამისად, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ განცხადება რეალურ მუქარად აღიქმება:

„მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას და მათ თანამშრომლებს, უპასუხონ კითხვებს, რომელიც კონკრეტული მასალის მზადებას პროცესში მედიას აქვს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზეწოლა ახდენს შაბათის ეთერის გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება“.

საჯარო სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება

ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი, საჯარო სკოლებში ორშაბათს, 16 სექტემბერს განახლდება.

წელს საჯარო სკოლებში სიახლე იქნება მეთორმეტეკლასელებისთვის. მათ დამამთავრებელ კლასებში საბუნებისმეტყველო საგნები და სამოქალაქო განათლება დაემატათ, რის გამოც 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ.

სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.

რამდენი პირველკლასელი ეყოლება წელს სკოლებს, განათლების სამინისტროს დაზუსტებული მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

გასული წლის მონაცემებით კი, საქართველოს სკოლებში სულ 643 311 მოსწავლე სწავლობს. აქედან 39 455 პირველკლასელი იყო.

ბრიტანეთი უკრაინას ნებას დართავს, Storm Shadow-ი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე – მედია

დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, უკრაინას ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების – Storm Shadow-ის გამოყენების უფლება მისცეს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი კიევში ამ საკითხზე იმყოფებოდნენ 11 სექტემბერს, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ  არ განუცხადებიათ და სავარაუდოდ, არც განაცხადებენ.

გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, უკრაინას შეეძლება გამოიყენოს Storm Shadow-ი გარკვეული შეზღუდვებით.

Storm Shadow-ი მონტაჟდება თვითმფრინავზე და მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრია. ეს არის მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომელიც გათვლილია ისეთ მსხვილ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმისთვის, როგორიცაა: პორტის ინფრასტრუქტურა, ბუნკერები, აეროდრომები და ხიდები.

საღამოს გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 12 სექტემბრის, დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ჭექა-ქუხილი, სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე – საშუალო“ – წერს სააგენტო.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში შაბათს, 14 სექტემბერს გამოიდარებს.

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სტაბილურია კაცის მდგომარეობა, რომელსაც ბათუმში მეხი დაეცა

ბათუმში დაახლოებით 35 წლამდე კაცს მეხი დაეცა.

მეხის დაცემის შედეგად, კაცმა სხეულის ნაწილობრივი დამწვრობა მიიღო. დაშავებული პირი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „აქვს დამწვრობები, მაგრამ ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და გადის მკურნალობას“, – თქვეს კლინიკაში.

შემთხვევა გუშინ, 11 სექტემბერს, საღამოს მოხდა, როცა ბათუმში ძლიერ ელვა და ჭექა-ქუხილი იყო.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მეხი ძლიერი ელვა-ჭექის დროს თევზის რესტორან „ფიშლანდიასთან“ ჩამოვარდა, რა დროსაც დაშავდა ერთი ადამიანი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 630 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
  • ტანკი – 8 653 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 16 955 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 18 009 ერთეული [+73]
  • MLRS – 1 184 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 945 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 033 ერთეული [+43]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 591 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 24 481 ერთეული [+93]
  • სპეცტექნიკა – 3 061 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 642 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 31 457 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 993 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 452 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 14 488 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 945 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ 144 დრონით შეუტია რუსეთის 9 რეგიონს – რუსული მედია

რუსეთი დაუსწრებლად ასამართლებს ქართველ სნაიპერ ქალს, რომელიც უკრაინაში იბრძვის

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„გზასაც კი არ გვიკეთებენ“ – რას ამბობენ სოფელში, სადაც ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

„კარგია, თუ კეთდება კუნძული, მაგრამ გლეხისთვის არაფერი არ კეთდება, სოფელს ამით სარგებელი არ აქვს, სოფელს რამე ხომ უნდა წაადგეს?“ – ქობულეთში, სოფელ ხალაში მცხოვრები აკაკი ბერიძე ერთადერთი არაა, ვისაც ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს.

სოფელში, სადაც 10 წელზე მეტია ტონობით ინერტულ მასალას მოიპოვებენ, ამჯერად ახალი კარიერისთვის გზა გაჰყავთ მთებში – ახალი კარიერი მოსახლეობასთან ბევრად უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ძველი, რომელიც ამ დროისთვის გაჩერებულია.

ახალ კარიერზე სოფელ ხალაში ნახევარ მილიონ კუბურ მეტრ ინერტულ მასალას ულიცენზიოდ მოიპოვებენ ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის.

პრემიერ კობახიძის მიერ 2024 წლის პირველ აგვისტოს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 1 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაში 24 თეთრს გადაიხდის. სოფლის სიმდიდრე გააქვთ, თუმცა ეს სოფელზე დადებითად არ ისახება. პირიქით, ამ სოფელში ცხოვრება, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, წლიდან წლამდე უარესდება.

მაგალითად, შიდა სასოფლო გზაზე, რომელიც აკაკი ბერიძის სახლამდე მიდის, მხოლოდ ალაგ-ალაგ დასხმული ბეტონის საფარი დაგხვდებათ. აკაკი ბერიძე ამბობს, ეს გზა 500 მეტრია და 10 წელია კეთდება არჩევნებიდან არჩევნებამდე.

გზა სოფელ ხალაში, სადაც ინერტულ მასალას ხელოვნური კუნძულისთვის მოიპოვებენ
კარიერთან მისასვლელ გზაზე მომუშავე ადამიანებმა კი, გვითხრეს, რომ გზის მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება. შემდეგი ეტაპი მთის დაშლა და ინერტული მასალის სოფლიდან გატანა იქნება

ხალაში მცხოვრები ნანი ლორთქიფანიძე კი, ყურადღებას ინერტული მასალის წინა მომპოვებელზე ამახვილებს, მასალა სოფლიდან გაიტანეს, გზები დაგვიზიანეს და მერე ეს გზებიც არ აღადგინეს, ისევ ბიუჯეტის ფული დაიხარჯა სოფლის ცენტრალური გზის მოსაწყობადო.

„სოფელს არანაირი სარგებელი არ მიუღია ამით, პირიქით, გზა იყო დაზიანებული და ისიც გამგეობამ გააკეთა, ბიუჯეტის ხარჯზე გაკეთდა… იქ ახლო-მახლო ვინც ცხოვრობს, საშიშ ზონაში აღმოჩნდნენ და ზოგი ოჯახი გადაიყვანეს საერთოდ. გამგეობას უნდა ჰქონდეს გაწერილი გეგმა, ვინც შემოვა სოფელში, რაღაც სოფელს მოახმაროს.

მრავალშვილიანი ოჯახები, შეიძლება შეღავათი დენის გადასახადზე, გარეგანათება მოსაწყობია, ან ის, რომ კაპიტალურად რაღაც გაკეთდეს: მაგალითად, თუ წვიმა და ქარი იქნა, მაშინვე ხალაში შუქი ითიშება,“ – გვიყვება ნანი ლორთქიფანიძე.

ნანი ლორთქიფანიძე

„ჩვენთან საერთოდ არავინ მოსულა, არავინ გველაპარაკება,“ – ამბობს აკაკი ბერიძე. ის, პირველ რიგში, უსაფრთხოების რისკებზე საუბრობს – ახალი კარიერი მისი სახლიდან ზუსტად ნახევარ კილომეტრშია. აკაკის და მისი მეზობლების სახლების მდგომარეობა, უსაფრთხოების რისკები არავის შეუსწავლია.

რამდენად უსაფრთხოა ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის ინერტული მასალის მოპოვება სოფელ ხალაში და რატომ არ იღებს ამით სარგებელს სოფელი?

ეს შეკითხვა სოფელ ხალადან ინერტული მასალის გატანაზე დღეს, 11 სექტემბერს უპასუხოდ დატოვეს ქობულეთის მერიაში. კითხვას არც კომპანია შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდში“ უპასუხეს.

„აქ მოსული იყო ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე. ვუთხარი, აქ გზა გაჰყავთ და აფეთქებები წავა, მოსახლეობა ვართ, რა უნდა ვქნათ? ვერაფერი პასუხი ვერ გამცა კაცმა.

კომპანიის წარმომადგენელს შეხვდი ერთხელ, როცა გზის გაყვანა დაიწყეს, რასაც დაგვავალებენ, ჩვენ იმას გავაკეთებთო… მოხარული ვართ, რომ კეთდება ეს კუნძული, მაგრამ სარგებელი მიაქვთ, ჩვენ კი, არაფერი სარგებელი არ გვაქვს. ეს გზები მაინც გაგვიკეთონ, ან აგვასახლონ. მე თუ დავზარალდი და სახიფათოდ გვაქვს საქმე, აგვასახლონ. ვინაა პატრონი-მეთქი, ვკითხე მერს და ვერ მიპასუხა.

იქ ყანებიც გვქონდა, ნიგოზი, სადაც ახლა გზები გაჰყავთ, სატყეოს ტერიტორიაა, მაგრამ ჩვენ ვსარგებლობდით, არავის არაფერი უთქვამს კომპენსაციაზე,“ – გვითხრა აკაკი ბერიძემ.

აკაკი ბერიძე
სოფელ ხალაში ახალ კარიერთან მისასვლელ გზას აწყობენ. ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად ულიცენზიოდ ინერტული მასალის მოპოვებაზე განკარგულება პრემიერმა კობახიძემ 2024 წლის პირველ აგვისტოს გამოსცა.
მოსაცდელი სოფელ ხალაში

„ოქროსაც ეძებდნენ ჩვენს სოფელში, ვინ გეტყვის, გლეხს, ვიპოვეთო. დახურეს მერე და წავიდნენ,“ – ოქროს საბადოს ხალაში მოპოვებაზე ღიმილით გვიყვება აკაკი ბერიძე და დასძენს, არც მაგით მიუღია რამე სარგებელი ჩვენს სოფელსო.

„ამდენი სიმდიდრე გადის სოფლიდან, ხომ შეიძლება პროცენტი დაირიცხოს-მეთქი. გამგეობაში მითხრეს, მაგი ჩვენ არ გვეხებაო. შენი სოფელი შენ როგორ არ გეხება? გლეხი კაცი ვხდები მაგას და გამგეობაში არ ფიქრობთ-მეთქი?

ეს არის ხელისუფლების არასწორი მოქმედებები, უყურადღებობა…“ – კატეგორიულია აკაკი ბერიძე.

ელოდებით ცვლილებებს არჩევნებზე? – აუცილებლადო, გვპასუხობს სოფელ ხალაში მცხოვრები: „ეს მთავრობა უნდა გადადგეს“, – უკმაყოფილებას არ მალავს აკაკი ბერიძე და პაუზის შემდეგ ქვეყნის საქმეზეც გვესაუბრება, რუსეთთან დამეგობრება არ მგონია სწორი იყოს, როგორც ჩვენ, ხალხს, გვინდა, ისე უნდა ვიცხოვროთო.

„რუსეთის დამეგობრება არ მგონია სწორი იყოს, როგორც გვინდა, ისე უნდა ვიყოთ. ევროპაში მიმავალი გზა ხსნილი უნდა იყოს ჩვენთვის.

ასე თუ წავიდა, რუსეთს დაპყრობილი ვყავართ, არ ვიცი, როგორ იქნება ევროპისკენ მიმავალი გზა, მოხარული ვართ, რომ ვიყოთ ამ გზაზე, ერთმანეთის მხარდაჭერაა საჭირო, მე სუფრასთან დავჯდები, თუ სხვაგან, ამაზე ვლაპარაკობ.

ევროპა იმიტომაა კარგი, რომ იქ კარგი განათლებაა, შეგნებაა, თავისუფლება, ადამიანის დაფასება. მე ევროპაში არასდროს ვყოფილვარ, გადმოცემით, რაც ვიცი და რასაც ტელევიზიით ვუყურებთ, ევროპაა მშვენიერი,“ – დაასრულა აკაკი ბერიძემ.

ხედი ძველი კარიერიდან – აქ ინერტულ მასალას დაახლოებით 10 წელი მოიპოვებდნენ. ხელოვნური კუნძულისთვის კი, კარიერი მოპირდაპირე ქედზე მოეწყობა.

„გზასაც კი არ გვიკეთებენ“- რას ამბობენ სოფელში, სადაც ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის მთას თხრიან

 

„მე დავსვი კითხვა: რა სარგებელი მოაქვს ინერტული მასალის ჩვენს სოფელში მოპოვებას ჩვენთვის? გზაც არ გვაქვს წესიერი, დააგებენ ხრეშს და წვიმის შემდეგ მიდის უკან. მოხარული ვართ, რომ საქართველო აყვავდება, მაგრამ მეორე მხრივ, მოსახლეობა ზარალდება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭაღალიძემ. ის ახალ კარიერთან ყველაზე ახლოს ცხოვრობს.

ზურაბ ჭაღალიძე

„ჩვენთან არავინ მოსულა, არცერთი ოჯახი არ შეუსწავლიათ. აფეთქებები წავა, ჩემ სახლს ბზარები არ აქვს არანაირი, პასუხისმგებელი ვინ არის ამაზე? პასუხს არავინ გვცემს,“ – გვითხრა ზურაბ ჭაღალიძემ.

სოფელი ხალა, ქობულეთი

რატომ „წუხს“ რუსული დაზვერვა ქართულ არჩევნებზე – შეთქმულების თეორიები საქართველოს პატრონებზე

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური თავის მორიგ სიუჟეტში საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ ახალ დეტალებს ამატებს.

მათი თქმით, ვაშინგტონი გეგმავს საქართველოს არჩევნებში ჩასარევად ახალი ინსტრუმენტი აამოქმედოს – კერძოდ, კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი [ეუთო/ოდირი] გამოაქვეყნებს დასკვნას, რითაც საბაბს მისცემს „პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას“ დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები. 

იქამდე რუსეთის დაზვერვამ საქართველოს მმართველი პარტიის მსგავსად თქვა, რომ აშშ საქართველოში რევოლუციას გეგმავს, რათა არ დაუშვას „ქართული ოცნების“ გამარჯვება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს გამოიყენოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), როგორც ინსტრუმენტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისთვის, რათა ხელი შეუშალოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, რომელიც არ მოსწონს ვაშინგტონს“, – იტყობინება რუსული სპეცსამსახური.

დღეს, 11 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკამ მდინარაძემაც პრაქტიკულად რუსეთის დაზვერვის ეს შეთქმულების თეორია გააჟღერა, როდესაც მან თქვა: „პოლიტიკურ ველზე ვიღაც პატარა პარტიებს კი არ ვეჭიდავებით, არამედ მათ პატრონებთან გვაქვს საქმე. მათი პატრონები ყოველდღიურად რაღაც-რაღაცებს გარედან უზრუნველყოფენ და მათი განცხადებები და მოქმედებები იქცა ხავსად წყალწაღებულებისთვისო“.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის „ინფორმაციის მიხედვით“ კი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს გამოიყენოს ჩარევის ახალი ინსტრუმენტი საქართველოში 26 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნებში, რათა აღკვეთოს, ვაშინგტონისთვის არახელსაყრელი, ამჟამინდელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ამერიკელები შეთანხმდნენ „თანამშრომლობაზე“ „ეუთოს/ODIHR-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მიმართულებით“ – წერს რუსული პროპაგანდისტული მედია ТASS დაზვერვის სამსახურიდან მიღებულ „დოკუმენტზე“ დაყრდნობით.

„დაგეგმილია, რომ ეუთო/ოდირი კენჭისყრამდე 10-20 დღით ადრე გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს, სადაც დაასკვნის, რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად… პირველი შედეგების გასაჯაროების შემდეგ, წარმოდგენილი იქნება დასკვნა საარჩევნო პროცესის დემოკრატიის ნორმებთან შეუსაბამობის შესახებ“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროში.

რუსეთი საგარეო დაზვერვის სამსახური აშშ-ის ადანაშაულებს, რომ იგი ამით საბაბს აძლევს პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას, დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები ქვეყანაში ძალისმიერი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით“.

რუსეთის დაზვერვა „წუხს“, რომ ეუთო/ოდირი „ასეთ მაქინაციებში მონაწილეობს  და მიიჩნევს, რომ „დაფინანსების შემცირებით უნდა შესუსტდეს ამ ერთ დროს პატივცემული საერთაშორისო სტრუქტურის დესტრუქციული საქმიანობა“.

განსაკუთრებით აღვნიშნავთ ბიუროს მზადყოფნას, კენჭისყრამდე დიდი ხნით ადრე ცნოს ის, როგორც არადემოკრატიული“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

რუსული სპეცსამსახურის ბრალდება განსაკუთრებით სარკასტულია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის კარგად დოკუმენტირებულ ძალისხმევას, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

4 სექტემბერს აშშ-მ დაასანქცირა რუსული პროპაგანდისტული მედიები – „რია ნოვოსტი“, „RT“, „ტვ-ნოვოსტი“, „Rutply“ და „სპუტნიკი“, რის მიზეზადაც „მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობები“ დასახელდა.

ქალი, რომელმაც კობახიძეს „მონა“ დაუძახა ბათუმში, მოსამართლემ 1500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 1500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე ხათუნა ბერიძე – მან პრემიერ ირაკლი კობახიძეს, ასევე „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს „მონებო, მოღალატეებო, გამყიდველებო“ დაუძახა.

ეს 2024 წლის 6 ივნისის შემთხვევაა: ბათუმში, გმირთა ხეივნის გახსნის შემდეგ, ხეივანში მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა, ხათუნა ბერიძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიმართა. მას გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა და ვიდეოს გადაღება პრემიერის თანმხლებმა პირებმა შეუზღუდეს. ხათუნა ბერიძე ამ მიმართვიდან რამდენიმე წუთში ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ხათუნა ბერიძე ხულიგნობის მუხლით მიიჩნია სამართალდამრღვევად მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ.

ხათუნა ბერიძე

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ხულიგნობა გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსამართლეს უთხრა, რომ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება იყო საჭირო, რადგან ბევრჯერ იქნა დაჯარიმებული და ამან შედეგი არ გამოიღოო,“ – ამბობს ხათუნა ბერიძე.

ირაკლი კობახიძეს ბათუმში მონა და მოღალატე დაუძახეს - ხათუნა ბერიძე ბათუმის პოლიციის უფროსმა დააკავა

XII კლასელებს 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ – ცვლილება საათობრივ ბადეში

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც წელს, ახალი სასწავლო წლიდან, მე-12 კლასელებს ხუთი საგანი – ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მოქალაქეობა და სამოქალაქო განათლება დაემატებათ და 4 გაკვეთილის ნაცვალს, დღეში 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ.

რამ გამოიწვია საათობრივი ბადის ზრდა დამამთავრებელ კლასში და გამოიწვევს თუ არა ეს მე-12 კლასელების უკმაყოფილებას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის №15 საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო მოდებაძეს ესაუბრა.

„წინა წლისგან განსხვავებით წელს საათობრივი ბადე უფრო დაიტვირთა. მაგალითად, აქამდე მე-11 კლასში წყდებოდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, ახლა კი ეს საგნები დაემატება.

ეს გამოიწვია იმან, რომ მოსწავლეები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე აბარებდნენ საბუნებისმეტყველო საგნებს, მე-12 კლასში ჰქონდათ წყვეტა და რჩებოდნენ ამ საგნების სწავლის გარეშე.

სკოლამ რომ მეტი მისცეს აბიტურიენტს და შეძლონ მათ არჩეულ სპეციალობაზე ჩაბარება, ამიტომ დაემატა ეს საგნები დამამთავრებელ კლასში“, – ამბობს ნინო მოდებაძე.

გაზრდილი საათების შედეგად, მე-12 კლასელებს დღეში 6-7 გაკვეთილზე დასწრება მოუწევთ.

თუმცა, როგორც დირექტორი გვეუბნება, 6 გაკვეთილი ჩაუტარდებათ თუ 7, ესეც სკოლაზეა დამოკიდებული.

„როცა სასწავლო გეგმას დაამტკიცებენ სკოლები, თვითონ გადაწყვეტენ, როგორი საათობრივი დატვირთვა ექნებათ, ამაში თავისუფალია სკოლა და შეუძლია ისე გადაანაწილოს საათები, რომ 6 გაკვეთილი ჩასვას, თუ არა, სრული დატვირთვის მოუწევთ ჩატარება“, – გვეუბნება ნინო მოდებაძე.

როგორც ვიცით, დამამთავრებელ კლასებში აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან და მოსწავლეების დიდი ნაწილი, რეპეტიტორთან ამზადებს სასურველ საგანს.

რამდენად იმუშავებს საათების დამატება და ხომ არ გამოიწვევს ეს მოსწავლეების უკმაყოფილებას? – ვკითხეთ დირექტორს.

მისი თქმით, მოსწავლეებს მეტი თავისუფალი დრო ურჩევნიათ, თუმცა გაკვეთილებს უნდა დაესწრონ.

„მე-12 კლასელების განწყობა ყველასთვის ცნობილია. ისინი თვლიან, რომ არ უნდა დაიტვირთონ სკოლაში და სკოლის გარეთ დაკავდნენ იმ საგნებით, რაც მათ სჭირდებათ ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ ჩვენ გვქონია ისეთი პრეცედენტებიც, როცა სკოლაში მიღებული განათლებით ჩაუბარებიათ მოსწავლეებს ეროვნული გამოცდები და ითხოვდნენ კიდეც მოსწავლეები, რომ სკოლას მიეცა მათთვის შესაბამისი ცოდნა.

საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ მივალთ დიფერენცირებულ სწავლებამდე. და შეიძლება უკვე იქითკენ მივდივართ კიდეც, როცა მე-12 კლასში იქნება დიფერენცირებული სწავლება.

ან თვითონ ეროვნულმა გამოცდებმა შეიძლება იცვალოს სახე“, – ამბობს დირექტორი.

გასულ წელს, განათლების სამინისტრომ გააჟღერა, რომ განიხილება უმაღლესში მიღების ახალი წესი, როცა უნივერსიტეტში ჩარიცხვა სკოლის ნიშნებით იქნება შესაძლებელი. თუმცა განათლების სამინისტროსგან არ მოგვისმენია კონკრეტული ხედვა, სტრატეგია, თუ რომელ ეტაპზე შეიძლება დაინერგოს ახალი მოდელი და რა ეტაპებს გაივლის ეს.

ამ გეგმის გაგრძელება შეიძლება იყოს საათობრივი ბადეს გაზრდა? – ისევ ვეკითხებით ნინო მოდებაძეს.

„შესაძლოა მაგ ეტაპისკენ მიმავალი გზაა, ზუსტად ვერ გეტყვით“, – გვეუბნება ის.

ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, რომელიც ასევე 2024 წლის ივლისში შევიდა ძალაში, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება საათების მიხედვით განისაზღვრა.

მასწავლებელი იმ შემთხვევაში აიღებს მაღალ ხელფასს, თუ მას სრული დატვირთვა აქვს.  გადაწყვეტილებამ პედაგოგების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან სრულ განაკვეთზე ცოტა მასწავლებელი მუშაობს სკოლაში.

ყველაზე ცოტა დატვირთვა კი სწორედ საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგებს ჰქონდათ.

ამანაც ხომ არ გამოიწვია საათების დამატება სკოლაში, რომ ხელფასი გაეზარდოთ მასწავლებლებს? – ვკითხეთ დირექტორს.

„არა მგონია“, – გვპასუხობს ის.

დირექტორთან საუბარში შევეხეთ სკოლების გადატვირთვის პრობლემასაც, რადგან ბათუმში თითქმის ყველა საჯარო სკოლა ორცვლიანია. ამიტომ, თუკი მე-12 კლასშიც გაიზრდება გაკვეთილების რაოდენობა, შეუქმნის თუ არა ეს პრობლემას იმ ბავშვებს, რომლებიც მეორე ცვლაში სწავლობენ? – ნინო მოდებაძე მიიჩნევს, რომ არა.

„6-7 გაკვეთილი ისედაც ტარდებოდა თითქმის ყველა კლასში, მარტო მე-12 კლასელებს ჰქონდათ ნაკლები. ამიტომ ეს არ შეუშლის ხელს მეორე ცვლის ბავშვებს ხელს. როგორც აქამდე იწყებოდა გაკვეთილები, ასევე იქნება წელსაც – ორიდან 3-ის ნახევრამდე დაიწყება მეორე ცვლა“, – ამბობს ნინო მოდებაძე.

Exit mobile version