მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა კულტურის სამინისტროს ქმნის – ოთხის ნაცვლად ხუთი სამინისტრო აჭარაში

12.02.2025
აჭარის მთავრობა კულტურის სამინისტროს ქმნის – ოთხის ნაცვლად ხუთი სამინისტრო აჭარაში

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და ახალი, კულტურის სამინისტრო დაემატება. ინფორმაცია აჭარის მთავრობის აპარატში დაგვიდასტურეს.

აქ მიიჩნევენ, რომ „ახალი სამინისტროს ფორმატში შესაძლებელი იქნება დარგობრივი პოლიტიკის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება.“ – ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარაში ოთხის ნაცვლად ხუთი სამინისტრო და მინისტრის მოადგილის ხუთი ახალი თანამდებობა იქნება ვაკანტური.

სამინისტროს დაჭირდება შესაბამისი დეპარტამენტები, სამსახურები და მთელი რიგი რესურსი, რაც მუშაობისთვის იქნება საჭირო. შესაბამისი ცვალებები უნდა აისახოს რესპუბლიკურ ბიუჯეტშიც.

ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიცია საუბრობდა შტატების„ მოსალოდნელ გაბერვაზე “ არჩევნების შემდეგ, იმისათვის, რომ „მთავრობამ დაასაქმოს ისინი, ვინც არჩევნებზე ოცნების სასარგებლოდ იმუშავა“.

ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობამ სამინისტროებში მოადგილეების თანამდებობებიც დაამატა. ამ თანამდებობებზე დანიშნეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის წევრები, რომლებიც „ოცნების“ გამსვლელ სიაში არ ჩაწერეს.

სამინისტროების დებულების მიხედვით მინისტრებს ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.

ასევე, მინისტრის მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ცვლილებები მთავრობაში აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

დღეს, 12 თებერვალს დღეს აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება“ ვადამდე შეუწყვიტა უსკოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეულ წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან.

ვრცლად ნახეთ აქ:

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 ოპოზიციონერს უფლებამოსილება შეუწყვიტა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: