მთავარი,სიახლეები

ბაკურიანში კოტეჯიდან რუსული დროშა ჩამოხსნეს – „რუსეთის დროშა საქართველოში ვერ იფრიალებს“

14.02.2025
ბაკურიანში კოტეჯიდან რუსული დროშა ჩამოხსნეს – „რუსეთის დროშა საქართველოში ვერ იფრიალებს“

ბაკურიანში, სადაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კოტეჯზე რუსეთის დროშა გადმოფინეს.

ვიდეოკადრები დღეს, 14 თებერვალს მოქალაქემ გადაიღო ბაკურიანში და ფეისბუქით გაავრცელა.

მოქალაქეების თქმით, აღნიშნული კომპლექსი სასტუმრო crystal hotel and spa-ს ეკუთვნის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სასტუმროს ადმინისტრაციას და ჰკითხა, თუ რატომ არის გადმოფენილი რუსული დროშა და რა ზომები მიიღეს იმისთვის, რომ ოკუპანტი ქვეყნის დროშა აეღოთ, თუმცა სასტუმროში ამ თემაზე არ გვიპასუხეს და ტელეფონი გათიშეს.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ მეორე ვიდეოც მოაწოდეს, სადაც ასახულია, თუ როგორ ხსნიან ქართველები და უკრაინელები რუსეთის დროშას აივნიდან.

ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქეები ჯერ დაცვის თანამშრომელს ესაუბრნენ და სთხოვეს, გაერკვია თუ ვინ ცხოვრობდა ნომერში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის დროშა იყო გამოფენილი, თუმცა დაცვამ მათ უხეშად მოუწოდა დაეტოვებინათ ტერიტორია.

„რუსეთის დროშა საქართველოში ვერ იფრიალებს“ – ამბობენ ვიდეოში მოქალაქეები. მათ უკრაინელებთან ერთად ჩამოხსნეს აივანზე გადმოფენილი დროშა, ფეხით გათელეს, შემდეგ კი ნაგავში გადააგდეს.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, „კრისტალ ჯგუფმა“ დროშასთან დაკავშირებით ფეისბუქზე გააკეთა განცხადება, სადაც წერს:

„გვსურს განვმარტოთ ბაკურიანში, კოტეჯ 16/1-ზე გამოფენილი რუსეთის ფედერაციის დროშის გარშემო შექმნილი ვითარება.

აღნიშნული კოტეჯი არ წარმოადგენს Crystal Hotel & SPA-ს ან კრისტალ ჯგუფის საკუთრებას. მას ჰყავს კერძო მფლობელი, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებით გადმოფინა აღნიშნული დროშა. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი თხოვნისა, ის კატეგორიულ უარს აცხადებს მის ჩამოხსნაზე.

ამავე პერიოდში კრისტალის საკურორტო ზონა მასპინძლობს EYOF Bakuriani 2025-ს, რომლის ფარგლებში საკურორტო სივრცეში განთავსებულია 45 მონაწილე ქვეყნის დროშა. რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ ფესტივალში არ მონაწილეობს, შესაბამისად, მისი დროშა ფესტივალის ფარგლებში არ გამოუყენებიათ.

ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს კრისტალ ჯგუფის რეპუტაციაზე.

ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ქმედება მიზანმიმართული მცდელობა იყოს ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციისთვის.

კრისტალ ჯგუფი მკაფიოდ ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საზოგადოებაში არასწორ აღქმას იწვევს, და ვრჩებით ერთგულნი ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების“ – აცხადებს „კრისტალ ჯგუფი“.

______________

მთავარი ფოტო: მოქალაქეებმა ბაკურიანში კოტეჯის აივნიდან რუსული დროშა ჩამოხსნეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: