მთავარი,სიახლეები

ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე სახანძროს შენობას ბზარები გაუჩნდა – რას ამბობენ სააგენტოში

13.02.2025
ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე სახანძროს შენობას ბზარები გაუჩნდა – რას ამბობენ სააგენტოში

ბათუმში, 26 მაისისა და სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩების კუთხეში არსებულ შენობას, სადაც სახანძრო სამსახურია განთავსებული, ბზარები აქვს.

შენობის ფასადზე ბზარი შენობის სახურავიდან იწყება და შენობის პირველ სართულამდე აღწევს, შენობის თაღში კი რკინის კონსტრუქციებია მოწყობილი შენობის გასამაგრებლად.

XIX საუკუნის ბოლოს აგებულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

სახანძროს გვერდით, მაღლივი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა საძირკველიც ძეგლი სტატუსის მქონე შენობასთან არის გათხრილი.

„ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა და ჰკითხა, არიან თუ არა ინფორმირებული შენობის დაზიანებაზე და რამ გამოიწვია შენობის დაზიანება.

„როგორც მონიტორინგის სამსახურში გვითხრეს, ინფორმირებული არიან და ადმინისტრაციული წარმოებაც დაწყებულია“ – გვითხრეს სააგენტოს პრესსამსახურში.

კითხვაზე, ხომ არ არის შენობის დაზიანება მიმდინარე მშენებლობასთან კავშირში, სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ამას ექსპერტიზა დაადგენს, სხვა დეტალებთან დაკავშირებით კი ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა მოგვთხოვეს.

ბზარები ბათუმის სახანძროს შენობაზე.

შენობის ისტორიული მახასიათებლების მიხედვით, ბათუმის სახანძროს შენობა თავის დროზე ბათუმის ყველაზე მაღალი შენობა იყო და იმდროინდელი ქალაქმშენებლობითი რეგულაცია მის სათვალთვალო კოშკურაზე მაღალი სახლის აგებას კრძალავდა.

„ლათინური L-ის ფორმის შენობა შელესილია და წითლად არის შეღებილი.

მის გრძელ ფასადებს პირველ სართულზე სწორკუთხა, ხოლო მეორეზე თაღოვანი ღიობები ანაწევრებს.

შენობის თაღში, გამაგრების მიზნით, რკინის კონსტრუქციებია განთავსებული.

26 მაისის ქუჩაზე გამავალი ფასადის ცენტრი მსუბუქად შვერილი რიზალიტითაა აქცენტირებული. სწორედ მის თავზეა აღმართული არქიტექტურული ელემენტებით (კბილანები, კრონშტაინების იმიტაცია) სათვალთვალო კოშკურა, რომელიც ლითონისმოაჯირიანი ბაქნით სრულდება.

რიზალიტის ორივე მხარეს სახანძრო მანქანებისთვის სამ-სამი განიერი თაღოვანი კარია გაჭრილი. მარცხენა კიდეში მოწყობილი ტალანი შენობის ვრცელ ეზოში გადის. ეზოს ფასადები სადაა, მათ თაღოვანი და სწორკუთხა ღიობების რიგი ანაწევრებს“ – წერია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღწერაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: