„დაუღალავი მედროშე“ – ასე მოიხსენიებენ ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები 54 წლის თემურ ქათამაძეს, რომელიც უკვე ერთი თვეა ბათუმში ყველა აქციაზე დგას დროშით ხელში. ბათუმში პროტესტი და აქციები უკვე ყველასთვის წარმოუდგენელია მედროშის გარეშე.
კაცი საქართველოს დროშით ყოველ საღამოს მიდის აჭარის მთავრობის სახლთან, რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებზე, არჩევს ნათელ ადგილს და მთელი ძალითა და მონდომებით აფრიალებს საქართველოს დროშას.
მედროშე თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
თემურის შვილი და ოჯახის სხვა წევრები თურქეთში ცხოვრობენ. თემურს ერთი შვილი ჰყავს, თამარი. ამბობს, რომ შვილს სახელი თამარ მეფის პატივსაცემად დაარქვა.
„ჩემი სახელი და გვარია გაფფარ ილმაზი, ჩვენებურად თემურ ქათამაძე. მე თურქეთის ქართველებიდან ვარ. ჩემი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ. ქობულეთის სოფელ ხინოდან წასულები, 150 წლის წინ, ორდუს პროვინციაში, ფაცაში ჩასახლებულები. სტამბულში დავიბადე, მაგრამ სკოლის ასაკამდე ფაცაში ვიზრდებოდი, ბებია-ბაბუასთან.
იქ ქართველი მუჰაჯირები ერთად დასახლებულები იყვნენ. თავიდან, 100 წლის განმავლობაში, ყველაფერ ქართულს ინარჩუნებდნენ. აჭარიდან წასული ხალხი ქართულად საუბრობდა, ქართულ კერძებს აკეთებდა, ქართულ ბეღლებს აშენებდა და ხილის დამყნამდე მისვლამდე, ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც საქართველოში“.
თემურ ქათამაძის თქმით, სწორედ ბებია-ბაბუის წყალობითაა, რომ ჯერ კიდევ მაშინ შეუყვარდა საქართველო, თავის სამშობლოდ ჩათვალა და გაუჩნდა ენისა და ქართული კულტურის კარგად შეცნობის სურვილი.
„ბაბუასთან ერთად ყანაში ან საქონლის საბალახოდ რომ გავიდოდი, ბაბუა ხშირად მეტყოდა, დატოვე ეს საქმე, მოდი, დამიჯექი გვერდზე და რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრეო.
მეტყოდა – „ჩვენ ქათამაძეები ვართ გვარად, ძველი წიკვიროღლები, ხინოდან წამოსულები“. მე მაშინ ბავშვი ვიყავი და კარგად ვერ ვხვდებოდი, ხინო რა იყო, არ ვიცოდი, ან წიკვიროღლი ქათამაძე რას ნიშნავდა, მაგრამ კარგად დავიმახსოვრე ეს ყველაფერი.
ბოსტანში რომ გავიდოდით, ბაბუა ხშირად იმასაც მეტყოდა, მოდი, ნახე, ამ მსხლის ნერგი ბათუმიდანაა წამოღებული, სხვა ნერგებიცო. სახლში სულ მაჩვენებდა ნივთებს და მიყვებოდა მათ ამბებს, თუ როგორ ჩამოიტანეს საქართველოდან“.

თემურ ქათამაძე აქციაზე. 2024 წლის 20 დეკემბერი. ფოტო: „ბათუმელები“
როგორც თემური გვიყვება, ბავშვობაშივე გრძნობდა, ქართველი რომ იყო: „სიტყვა ქართველს, ქართულს ნაკლებად ვიყენებდით. უფრო ხშირად თავს „ჩვენებურებად“ მოვიხსენიებდით.
მახსოვს, რადიოდან ერთხელ ქართული მოვისმინე. ეს ქართული ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რაც მე ვიცოდი და როგორც ჩვენებურები საუბრობდნენ ერთმანეთში. მივხვდი, რომ მე არ ვიცოდი ქართული. მხოლოდ ცალკეული სიტყვების მნიშვნელობას ვიგებდი. მაგალითად, მახსოვს, რომ ბაბუას ვკითხე, რას ნიშნავს სიტყვა „ბატონი“-მეთქი და არც მან იცოდა“.
თემური გვიყვება, რომ სკოლის ასაკის რომ გახდა, სტამბოლში, მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გაჰყვა ძლიერი ინტერესი საქართველოს ნახვის. მედროშემ მალევე დაიწყო ქართულის სწავლა.
„ხშირად ვკითხულობდი საქართველოს ისტორიის შესახებ. როცა სტამბოლში, უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებზე ვსწავლობდი, საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იყო… საზღვარი გაიხსნა, საქართველოდან ჩვენი ხალხი ჩამოვიდა, მათთან ურთიერთობა დავამყარე. ძალიან უკვირდათ, ქართულად საუბარი რომ შემეძლო“.
ქართველებთან კომუნიკაცია თემურს ენის დახვეწაში დაეხმარა. ამ ამბიდან მალევე მოვახერხე და პირველად დავადექი საქართველოს გზასო, ამბობს ის.
„ძველი იკარუსის ავტობუსში ჩავჯექი. 24 საათი ფეხზე ვიდექი და ასე ჩამოვედი პირველად ბათუმში. შოკი მქონდა. ყველაფერი საბჭოური იყო. შენობები, მანქანები… სამი თვე დავრჩი.
იცით, როდის იყო ჩემი პირველი ჩამოსვლა? გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადა. მაშინაც ვიყავი მიტინგებში ჩართული.
ძალიან შევეჩვიე საქართველოს და როცა თურქეთში დავბრუნდი, მალევე მომინდა გამობრუნება“, – გვიყვება თემური.
საქართველოში პირველად ჩამოსვლისას თემურმა ნათესავები გაიცნო და მათთან ერთად მოინახულა ყველა მნიშვნელოვანი ადგილი ბათუმში. ესტუმრა თბილისს და იქაურ ღირსშესანიშნაობებსაც.
„საქართველოში საბოლოოდ 2012 წელს დავბრუნდი. ჩემი გონება აქ იყო დარჩენილი და ვგრძნობდი, რომ გასაკეთებელიც ბევრი იყო აქ.
დავაარსე „მსოფლიო ქართველთა კავშირი ფენიქსი“, რომლის მიზანიც თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ენის, კულტურის, იდენტობის შენარჩუნებაა. ვხვდებოდი, რომ მათი ძალებით ვერ შეინარჩუნებდნენ ისინი ქართულ იდენტობას და სჭირდებოდათ დახმარება.
ჩემთვის „ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი 2018 წელს ჩამოიხსნა და მისი ნამდვილი სახე აჩვენა ქართველ საზოგადოებას. ის, თუ როგორი პრორუსი იყო და საბჭოთა კავშირის პერიოდში დაბრუნებას ლამობს.
მე ჩემი პირადი ბრძოლა საერთო ბრძოლას შევუერთე და ქუჩაში გამოსულ ხალხს შევუერთდი. შარშან, რუსული კანონის პროტესტში ჩავერთე და დღემდე მოვედით.
რა თქმა უნდა, ჩემთვის პირველ რიგში უპირატესობა სამშობლოს აქვს. სამშობლო თუ ძლიერი არ იქნება, საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, დიასპორას, არაფერი არ ეშველება. ჯერ საქართველო უნდა დავიბრუნოთ და შემდეგ დიასპორის ხალხსაც გვიპატრონებენ – თურქეთის ჩვენებურებს, ირანის ფერეიდნელებს და ჰერეთის ინგილოებს.
მე რომ ქართული ოცნების ლიდერებს შევხვდე, ან თქვენი მეშვეობით დაველაპარაკო, ვეტყოდი:
თქვენ ქართველები ხართ, საქართველოში ცხოვრობთ, საქართველოს შვილები ხართ, საქართველოს მართავთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ქართველი ისე უნდა მოიქცეს, როგორც მას, მის ერსა და სამშობლოს დაშვენდება. ქართველობას თუ არ კადრულობთ, ადამიანები ხომ ხართ!? ადამიანურად მოიქეცით!
ყველაფერი საუკეთესო ევროპაშია, ჩვენი მისწრაფება ევროპაა. თქვენ რამ დაგაბნიათ? რა მიზეზით გინდათ რუსეთში? ეს მარტო ჩვენთვის კი არა, თქვენთვისაც კატასტროფაა. რა უნდა ნახოთ იქ თქვენი შვილების მომავლისთვის? ასლან აბაშიძე რომ გაიქცა და რუსეთში თავი შეაფარა, რა ნახა? თქვენც ეს გელით, ეს გინდათ თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი მომავლისთვის? ეს გინდათ ჩვენთვის, ქართველი ერისთვის? დადექით ცივილიზაციის და დემოკრატიის მხარეს!
მე ამ ყველაფრის თქმის და ყოველ დღე მიტინგზე დაუღალავად დროშის ფრიალის ძალას ჩემი ქართული გენი მაძლევს, რაც წინაპრებისგან მაქვს. ხედავთ, რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის და თქვენ რა ქენით, რა ჭამეთ და სვით, რომ ასე უმოქმედოდაა თქვენი გენი?!
აი, ეს მიკვირს „ქართული ოცნების“, – გვითხრა საუბრის ბოლოს თემურ ქათამაძემ.
მალე „ბათუმელებზე“ ნახავთ ვიდეორეპორტაჟსაც თემურ ქათამაძის შესახებ.