მთავარი,სიახლეები

რატომ არის უსაფუძვლო პროკურატურის და სასამართლოს არგუმენტები ამაღლობელის პატიმრობაზე

14.02.2025 •
რატომ არის უსაფუძვლო პროკურატურის და სასამართლოს არგუმენტები ამაღლობელის პატიმრობაზე

მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა მისთვის პატიმრობის გაუქმების შესახებ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არის მზია ამაღლობელის პატიმრობა უსაფუძვლო.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს ორ გარემოებაზე, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა, სასამართლომ კი დააკმაყოფილა. ნონა ქურდოვანიძე ორივე არგუმენტის კონტრარგუმენტს ასახელებს.

„მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა პროკურატურამ და სასამართლომ 2 ე.წ. საფუძვლით ახსნა:

  • მზია მოწმეებზე გავლენას მოახდენდა;
  • მზიამ სილის გაწვნამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა და კიდევ შეიძლება იგივე გაემეორებინა.

ამ ეტაპზე გამოძიებამ უკვე გამოჰკითხა ყველა ის პირი, ვისი გამოკითხვაც უნდოდა – 4 პოლიციელი. პოლიციელებზე გავლენის მოხდენა მზიას თეორიულადაც კი არ შეეძლო, თუმცა, თუ დავუშვებდით, რომ შეეძლო, ეს ე.წ. საფრთხეც აღარ არსებობს, ყველა უკვე დაკითხულია.

რაც შეეხება მეორე არგუმენტს – მზიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ამაზე ოქმიც კი არ არის ამ დრომდე შედგენილი. არსებობს მხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელიც თან გაყალბებული მონაცემების შემცველია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლემ დღეს შუამდგომლობა არ დაუშვა განსახილველადაც კი და მზია პატიმრობაში დატოვა“, – წერს ქურდოვანიძე.

დღეს, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე, რის გამოც მოსამართლეს მზია ამაღლობელი უნდა გაეთავისუფლებინა წინასწარი პატიმრობიდან.

გადაბეჭდვის წესი

„ქართულმა ოცნებამ" მიიღო რუსული კანონი, მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის მიუხედავად. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა.
ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, არ აპირებს დაემორჩილოს ამ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდემოკრატიულ კანონს და დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ მოქალაქეების ინფორმირებას.

ასევე: