ტრამპის პუტინთან და ზელენსკისთან საუბრის შემდეგ არსებითად ჯერ უკრაინის ფრონტზე არაფერი იცვლებაო – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, აშშ-ს მთავარი ფოკუსი ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი ხდება, ევროპამ კი, ევროპას უნდა მიხედოს.
„ევროპას შესწევს ძალა – რესურსები და ტექნოლოგიური მხარე – რუსეთს მოუგოს შეიარაღებაში ბრძოლა. რუსეთი აღარ არის საბჭოთა კავშირი, ის საკმაოდ დასუსტებული ქვეყანაა სადღაც ბრაზილიას და იტალიას შორისაა,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი. მას ეჭვი არ ეპარება, რომ თუ ევროპა უკრაინის საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფს, რუსეთი ისევ უკრაინაში გამოჩენას ვეღარ შეძლებს.
„უკრაინას უკვე სრულიად საკმარისი სახმელეთო ძალები აქვს იმისთვის, რომ შეაკავოს რუსეთის შეიარაღებული ძალები,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, რა იცვლება უკრაინის ფრონტზე მას შემდეგ, რაც ტრამპი ზელენსკის და პუტინს ტელეფონით ესაუბრა? რა ჩანს ტრამპის განცხადებიდან, რომ როგორც ზელენსკის, ისე პუტინს „მშვიდობა სურთ“?
პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელი სულით და გულით სოლიდარობა გამოვუცხადო მზიას, ასევე ყველა უსამართლოდ დაკავებულ პატიმარს. იმედს გამოვთქვამ, სამართალი მალე იზეიმებს.
ტრამპის განცხადების შემდეგ ფრონტზე განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა, თუმცა 12 თებერვალი შეიძლება ჩაითვალოს დღედ, როცა საომარი მოქმედებების [და არა ომის] დასრულებისკენ მიმართული მოქმედებები დაიწყო. წარმატებით თუ წარუმატებლად, ეს სხვა თემაა.
ამ პროცესში არაერთგვაროვანი რეაგირება გამოიწვია იმან, რომ ტრამპმა ჯერ დაურეკა პუტინს და საათ-ნახევარი ესაუბრა, ზელენსკის შემდეგ დაურეკა და მას სადღაც ერთი საათი ესაუბრა. პუტინთან საუბარს ტრამპმა საკმაოდ დიდი კომენტარი მიუძღვნა, გაიხსენა, რომ მათი ბაბუები ერთად იბრძოდნენ, მილიონობით კაცი დაკარგა რუსებმა, პუტინს მშვიდობა უნდა და ასე შემდეგ. ეს ცოტა გაკვირვების საფუძვლის მქონე კომენტარია. მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირი იბრძოდა და არანაკლები უკრაინელი დაიღუპა.ზელენსკისთან საუბრის შემდეგ კი რამდენიმესიტყვიანი, მოკლე კომენტარი იყო.
შეიძლება ორი კუთხით შევხედოთ ამ საკითხს: დარეკვის თანმიმდევრობაში პოზიტიურია ის, რომ ტრამპს ომის მთავარ დამნაშავედ პუტინი მიაჩნია და, პირველ რიგში, ის უნდა გაჩერდეს. ნეგატიურად კი, შეიძლება შეფასდეს ის შესაძლო გარემოება, რომ მთავარ აქტორი ამ მოლაპარაკებებში, ტრამპისთვის, შესაძლოა, პუტინია.
მე პირადად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ გამონათქვამებს და ტრამპის განცხადებებს, ვინაიდან ის არაა დიპლომატი და გამოირჩევა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით, ასევე არაპროგნოზირებადია. გემახსოვრებათ, როგორ აქებდა იგი ჩინეთის, ან ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს.
ასე რომ, მთავარია შედეგი, ის ქმედებები, რაც იქნება განხორციელებული. ფართო რაკურსით რომ შევხედოთ, იგივე პირობაა დღეს, რაც იყო ბაიდენის დროს, ოღონდ პირდაპირ, ღიად არის უკვე გაცხადებული, რომ ნატო უკრაინამ უნდა დაივიწყოს გარკვეული პერიოდით, მოლაპარაკებაა საჭირო და 2014 წლის საზღვრამდე გასვლა არარელევანტურია…
ამ საკითხებზე მინიშნებები ბაიდენის პრეზიდენტობის დროსაც კეთდებოდა, შესაბამისად, მე დიდ განსხვავებას ტრამპის რიტორიკაში ვერ ვხედავ.
- თუ დათანხმდება უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას, რა უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთი ისევ არ განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმას? აშშ-ს თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთი განცხადებიდან ირკვევა, რომ უკრაინაში შესვლას არ აპირებს ამერიკული ჯარი, ხოლო ევროპული ჯარი თუ განლაგდება უკრაინაში, როგორც სამშვიდობო, ისინი იქ არ უნდა განლაგდნენ, როგორც ნატოს მისია და არ მოექცნენ მე-5 მუხლის ქვეშ. „უნდა არსებობდეს ძლიერი საერთაშორისო ზედამხედველობა კონტაქტის ხაზზე. ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტიის ნაწილად. აშშ-ის ჯარები არ იქნება განლაგებული უკრაინაში“, — განაცხადა ჰეგსეთმა.
ეს ნარატივიც ვრცელდებოდა ბაიდენის დროს, რომ ამერიკული ჯარი უკრაინაში არ იქნება. ამჯერად ეს ხმამაღლა გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციამ. მთავარი გარანტია, რომ რუსები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ვერ შეძლებენ თავისი აგრესიის გაგრძელებას, არის უკრაინის ძლიერი შეიარაღებული ძალები. სხვა რეალური გარანტია არ არსებობს.
სხვათა შორის, ტრამპის ცნობილი განცხადება, რომ ევროპამ უნდა მიხედოს თავის თავს, აჩვენებს მის დამოკიდებულებას.
მიმაჩნია, რომ ბრიტანელების ლიდერობა ამ მიმართულებით უფრო და უფრო ნათელი ხდება. ფრანგებიც აქტიურობენ, გერმანელები ჯერ არ არიან აქტიურად ჩართული… უხეშად რომ ვთქვათ, ტრამპმა თქვა, „ევროპამ უნდა მიხედოს ევროპას, მე ხელები დამიბანიაო“, მაგრამ ამ განცხადებას არ აქვს მხოლოდ უარყოფითი მხარე.
მიმაჩნია, რომ ევროპას მართლაც აქვს შანსი, აღორძინება დაიწყოს ევროპის სიძლიერემ, კვლავ გახდეს მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე.
ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპას შეუძლია სათადარიგო სკამიდან „უმაღლესი ლიგის“ თამაშში შემოვიდეს.
- ამას აჩვენებს დიდი ბრიტანეთის აქტიურობა და მისი განსაკუთრებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ?
ფაქტია, დიდი ბრიტანეთი ძალიან აქტიურობს. 100-წლიანი ხელშეკრულება დადეს უკრაინელებთან სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ.
ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ცნობილი კონტრშეტევა, რაც 2022 წლის ზაფხულში იყო უკრაინაში ხარკოვის მიმართულებაზე, როცა წარმატებით დაახევინეს უკრაინელებმა რუსებს უკან, მთლიანად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ბრიტანელების მი-6-ის მიერ.
ბრიტანელებს დიდი როლი აქვთ უკრაინაში საზღვაო ზედაპირული დრონების გამოყენების თეორიული და ტექნოლოგიური შემუშავებაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ. მე მგონია, რომ ევროპა იღებს თავის თავზე ვალდებულებას და ეს ჩანს უკვე ხელმძღვანელი პირების განცხადებებში, როცა ისინი კატეგორიულად იძახიან, რომ არცერთი მოლაპარაკება და შეთანხმება არ უნდა იყოს უკრაინის გარეშე მიღებული, რომ ევროპა განაგრძობს აქტიურად უკრაინის შეიარაღებას და ასე შემდეგ.
ასევე, ისმის მოწოდება, რომ უნდა გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი და ის, რომ ევროპის თითოეული ქვეყანა მზად უნდა იყოს დამოუკიდებლად მოიგერიოს რუსეთის აგრესია.
ასე რომ, არ არის აუცილებელი ნატოს ეგიდით შემოსვლა უკრაინაში. თუ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საჰაერო ძალები განახორციელებენ უკრაინის საჰაერო სივრცის კონტროლს, უკრაინას უკვე სრულიად საკმარისი სახმელეთო ძალები აქვს იმისთვის, რომ შეაკავოს რუსეთის შეიარაღებული ძალები, მით უმეტეს, თუ გადაიარაღებული იქნება და მომზადებული დასავლეთის მიერ.
- რა გამოჩნდა რამშტაინის ფორმატის ბოლო შეხვედრაზე, რა სტრატეგიით აპირებს ევროპა რუსეთის დამარცხებას?
რამშტაინის შეხვედრაც აჩვენებს დიდი ბრიტანეთის ლიდერობას.
რეალურად რუსეთის შემაკავებელი ფაქტორია ძლიერი უკრაინის არსებობა. ესტონეთის შეიარაღებული ძალების [ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად] შეყვანა უკრაინაში უფრო შეაჩერებს რუსეთს, თუ საბრძოლო გამოცდილების და მაღალი მოტივაციის მქონე უკრაინის შეიარაღებული ძალები?
ევროპის ქვეყნების ლიდერების განცხადებებშიც იკვეთება, რომ ევროპა იწყებს შესაბამის მომზადებას. ევროპას შესწევს ძალა – რესურსები და ტექნოლოგიური რესურსები – რუსეთს მოუგოს შეიარაღებაში ბრძოლა. რუსეთი აღარ არის საბჭოთა კავშირი, ის საკმაოდ დასუსტებული ქვეყანაა – სადღაც ბრაზილიას და იტალიას შორისაა, ცხადია, ბირთვული უპირატესობის გარეშე. მართალია, ბრიტანული და ფრანგული ბირთვული ქობინების ნაკლებია რუსულზე, თუმცა როცა ბირთვულ ომზეა საუბარი, აშშ-ს ჩარევის გარეშე ეს არ მოხდება და ეს უკვე იქნება ნატოზე თავდასხმა.
- ტრამპის პუტინთან სატელეფონო საუბრის დროსაც იყოს საუბარი ბირთვულ პროგრამასა და ახლო აღმოსავლეთზე. რატომ გამახვილდა ამაზე ყურადღება?
მათ საკითხების ფართო წრე განიხილეს. ფაქტია, რომ აშშ-მ მნიშვნელოვნად გაზარდა აქცენტი ისრაელის დახმარებაზე. უხეშად რომ ვთქვა, აშშ იღებს თავის თავზე ახლო აღმოსავლეთს და ჩინეთის მიმართულებას, ხოლო ევროპას ეუბნება, ევროპას მიხედეთ თქვენ თვითონ.
ევროპას შეუძლია მიხედოს თავის თავს, თუ არ უნდა, რომ თავის ტერიტორიაზე იხილოს რუსული ჯარები.
- რატომ გააქტიურდა საკითხი მოლაპარაკების უკრაინის გარეშე გამართვაზე? დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ჯონ ჰილის განცხადებით, უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკება არ შეიძლება. „ყველას გვსურს ვიხილოთ გრძელვადიანი მშვიდობა და არა კონფლიქტის დაბრუნება“, – განაცხადა ჯონ ჰილმა.
ეს არის გამაფრთხილებელი განცხადებები, წინასწარ აქცენტების დასმა ამერიკელებისთვის, რომ საკითხები განხილული იყოს უკრაინასთან ერთად და ეს არ იყოს მხოლოდ ტრამპის და პუტინის განსახილველი. ეს არის მცდელობა, რომ მოლაპარაკებების დროს აქცენტები იყოს სწორად გადანაწილებული.
- ზელენსკი უშვებს, რომ კურსკის ოლქის ნაწილი რუსეთს გაუცვალოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაში. რა ჩანს ამ გადასახედიდან: რა შეიძლება დაიბრუნოს უკრაინამ?
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დაკარგული ტერიტორიების ნებისმიერი რაიონი ძალიან მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ თუკი არჩევანზე მივა საქმე, ყველაზე მეტად მომგებიანი იქნება ზაპოროჟიეს დაბრუნება. ზაპოროჟიეს დაბრუნებით უკრაინელები შეძლებენ სახმელეთო დერეფნის გაწყვეტას რუსეთ-ყირიმს შორის და აზოვის ზღვაზე გასვლას.
პრიორიტეტების მიხედვით მეორე ადგილზე ალბათ უნდა ავიღოთ ხერსონის მიმართულება, რომლითაც მიუახლოვდებიან ყირიმის ნახევარკუნძულს. მესამეა ხარკოვის რაიონში ტერიტორიის დაბრუნება.
ამერიკელი ექსპერტების გათვლებით, 2025 წლის იანვარში რუსებმა დაკარგეს 48 240 კაცი. უხეშად რომ ავიღოთ, ეს არის სამი დივიზია. ეს ხომ არ არის ზურგის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დანაყოფების დანაკარგები, ძირითადად ეს არის წინა ხაზზე მებრძოლი ე.წ. ყველაზე გამოცდილი და გაწვრთნილი „აქტიური ხიშტები“-ს დანაკარგები. გამოდის, რომ დაახლოებით ერთ კვადრატულ კილომეტრზე რუსების დანაკარგი არის 96 კაცი, უხეშად რომ ვთქვათ – 100 კაცი. ყოველ 100 კვადრატულ მეტრზე გამოდის 1 კაცი. ეს ძალიან დიდი დანაკარგია.
ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინაში უკვე დაიწყეს 18-24 წლის კონტრაქტორების მიღება, ოღონდ ხელშეკრულებით. უკრაინელები ცდილობენ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების გარეშე გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობები.
- „ქართულ ოცნებას“ და მისი საგარეო უწყებას კვლავ არ გაუკეთებია კომენტარი რუსეთის მიერ სოხუმში აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით. სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან დაკეტილი იყო. თქვენთვის რის მთქმელია „ოცნების“ სიჩუმე ამ საკითხზე მაშინ, როცა მათ ვაზიანის ცნობილი სამხედრო აეროდრომის პრაქტიკულად გაუქმება გადაწყვიტეს?
ვიტყოდი იმას, რომ რუსებს ყველაფერი სჭირდებათ, რაც შავ ზღვასთან ახლოსაა. როგორც იცით, რუსეთმა უკვე დაკარგა გეოპოლიტიკური სამკუთხედი: გიუმრი, სევასტოპოლი, ტარტუსი [ლატაკია, სირია]. ეს სამკუთხედი მას აძლევდა საშუალებას დიდი ტერიტორია დაეფარა შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის და ბალისტიკური რაკეტებით და შეექმნა საჰაერო სივრცის ე.წ. ბუშტი, სადაც თავის ინტერესებს გაატარებდა და არავის დაუშვებდა.
ასე რომ, რუსებმა სირია დაკარგეს, გიუმრიში რა იქნება ხვალ – ღმერთმა უწყის, აზერბაიჯანთან კი, ურთიერთობა ურთულდებათ, თუ უკვე გართულებული არ არის. ვგულისხმობ ალიევის მოთხოვნას თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რაც რუსეთიდან ცინიკური ნაკადი მოჰყვა რუსი პროპაგანდისტებისგან. ფაქტია, რომ რუსებისთვის აზერბაიჯანთან მეგობრობა ამ ეტაპზე დასრულებული. რუსეთი რომ აზერბაიჯანს ვერაფერს გაუბედავს, ესეც ფაქტია, რადგან თურქეთია მის უკან. შესაბამისად, აზერბაიჯანს კარგავენ, სომხეთს კარგავენ და უნდათ, რომ ადგილი შეინარჩუნონ ამიერკავკასიაში. საქართველოზე ზემოქმედების იდეალური ვარიანტია აფხაზეთი. ამ გზით რუსეთი გარკვეული ძალის დემონსტრირებას ახდენს.
როდიდან არსებობს გამონათქვამი: ვინც ფლობს საქართველოს, ის ფლობს ამიერკავკასიას.
საქართველოს დაკარგვა კი, რუსეთს ნამდვილად არ უნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ასე შეიცვალა სიტუაცია სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამავე დროს, ხდება მოლაპარაკებები სუდანთან, რუსეთისთვის საზღვაო პორტის არენდასთან დაკავშირებით, სადაც შეეცდება ტარტუსის ბაზის გადატანას სირიიდან. ამ შემთხვევაში კვლავ შექმნის საჰაერო სივრცის კონტროლის სამკუთხედს: სევასტოპოლი – აფხაზეთი – სუდანი, ამ პრიზმაში, კარგად იკვეთება მისთვის საქართველოს მნიშვნელობა.





