მთავარი,სიახლეები

„მოვითხოვთ სტიკერების დაუყოვნებლივ შეცვლას და ბოდიშს“- დისკრიმინაციული სტიკერი ბათუმის ავტობუსში

14.02.2025 •
„მოვითხოვთ სტიკერების დაუყოვნებლივ შეცვლას და ბოდიშს“- დისკრიმინაციული სტიკერი ბათუმის ავტობუსში

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე გაკრულია სტიკერები, სადაც გამოყენებულია დისკრიმინაციული ტერმინი „ინვალიდი“.

„შშმ პირებისადმი უპატივცემულობა კიდევ ერთხელ გვაჩვენა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ – ასე გამოეხმაურნენ აღნიშნულ ფაქტს ბათუმში მცხოვრები შშმ პირები.

თათო მახარაძე ეტლით მოსარგებლე პირია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, დისკრიმინაციული სტიკერები გაკრულია N16 ავტობუსში, რომელიც მოქალაქე ნანუკა დიასამიძემ გადაიღო და გაავრცელა.

თათო მახარაძემ დღეს, 14 თებერვალს,, პოსტიც გამოაქვეყნა ფეისბუქზე, სადაც „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ სტიკერების დაუყოვნებლივ შეცვლისკენ მოუწოდებს.

„შშმ თემი წლებია ვცდილობთ, რომ საზოგადოებაში დისკრიმინაციული დამოკიდებულება გაქრეს. ამისთვის ადგილობრივმა აქტივისტებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უდიდესი შრომა გასწიეს. სანამ შესაძლებელი იყო, ვატარებდით მძღოლებთან ტრენინგებს, ვხვდებოდით პასუხისმგებელ პირებს – ვთანამშრომლობდით თემის საჭიროებებიდან გამომდინარე!

გასულ ზაფხულს „გამითვალისწინეს“ გუნდმა დავამზადეთ და გავავრცელეთ ეტლისთვის განკუთვნილი ადგილის შესახებ ეთიკურად ფორმულირებული სტიკერი, რაც უნდა ყოფილიყო მათთვის სამაგალითო და ახალ ტრანსპორტში გასათვალისწინებელი!

მაგრამ ახალ ავტობუსში გვხვდება სტიკერი, სადაც ისევ დამაკნინებელი ტერმინი – „ინვალიდია“ გამოყენებული!

დისკრიმინაციული სტიკერის ნაცვლად ავტობუსში ეს სტიკერი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რომელიც შშმ პირებმა თავად გაავრცელეს გასულ წელს. თუმცა ავტოტრანსპორტმა მაინც დისკრიმინაციული სტიკერი გამოიყენა ავტობუსში.

ეს მხოლოდ ერთი შეცდომა არ არის! ეს არის სისტემური უპატივცემულობა შშმ თემის მიმართ. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აინტერესებს ინკლუზია, არ სცემს პატივს შშმ პირების მიერ მიღწეულ პროგრესს და გვაბრუნებს წარსულში.

ნამდვილად არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას უკან, საბჭოეთში დაგვაბრუნოთ. თქვენ არა, ჩვენ, შშმ თემმა ვიცით, რის ფასად დაგვიჯდა იქ ყოფნა.

მოვითხოვთ სტიკერების დაუყოვნებლივ შეცვლას და ბათუმის ავტოტრანსპორტის საჯარო ბოდიშს.

აი, როცა ლეგიტიმური მთავრობა გვეყოლება, მერე გავაგრძელებთ მუშაობას და მოვითხოვთ, ყველა სახელმწიფო უწყებამ ითანამშრომლოს თემთან პრინციპით – „არაფერი ჩვენ გარეშე“, რომ მსგავსი შეცდომები აღარ მოხდეს“ – წერს თათო მახარაძე ფეისბუქზე.

________________

მთავარი ფოტო: დისკრიმინაციული სტიკერი ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: