აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის წევრები, რომლებიც „ოცნების“ გამსვლელ სიაში არ ჩაწერეს, სამინისტროებში მოადგილის თანამდებობებზე დანიშნეს. მანამდე აჭარის სამინისტროების დებულებაში ცვლილებები შეიტანეს და მეხუთე მოადგილის თანამდებობა დაამატეს.
შესაბამის ცვლილებებს თორნიკე რიჟვაძემ გასული წლის ბოლოს მოაწერა ხელი.
მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ თანამდებობები უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ სიის გარეთ დარჩენილებისთვის შექმნეს, თუმცა ამას აჭარის მთავრობაში არ ადასტურებდნენ. მიუხედავად ამისა, მოსაზრება გამართლდა და წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, მათთვის შექმნილი თანამდებობები დაიკავეს.
სამინისტროების დებულების მიხედვით, მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
განათლების მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ მგალობლიშვილი დანიშნეს, ის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში [2020 – 2024წწ ] საკონსტიტუციო, იურიდიულ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, 2016-2020 წლების უმაღლეს საბჭოში კი განათლების კულტურისა სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში მუშაობის დროს მან ამომრჩეველს თავი „კარბამიდის“ სკანდალით დაამახსოვრა.
აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა, როგორც თავად ირწმუნებოდა, „ქიმიური ნივთიერება კარბამიდი შეჭამა. ლადო მგალობლიშვილმა ეს იმის საილუსტრაციოდ გააკეთა, რომ ნივთიერება, რომლის გადატანაც იგეგმებოდა ბათუმის ახალი ტერმინალიდან უსაფრთხო იყო. იმ დროს გარკვეული ჯგუფი ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობას აფასებდა, როგორც „ბათუმზე ქიმიურ შეტევას“ და ახალ მშენებლობას აპროტესტებდა. ლადო მგალობლიშვილს პირდაპირ ეთერში ოპონირებას უწევდა ალექსანდრე თევზაძე, რომელიც საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს ილია ვერძაძე, წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გიორგი მანველიძეც, წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს „ოცნების“ ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე – ეს ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე ჯერ ატვირთული არ არის. თუმცა პირად საუბარში სამინისტროში დასაქმებულმა პირმა დაგვიდასტურა, რომ ის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნეს და კიდევ ერთ ახალ მოადგილეს ელოდებიან, თუმცა მისი ვინაობა არ იციან.
თანამდებობაზე დანიშვნა, თავად გიორგი მანველიძემაც დაგვიდასტურა. ჯერჯერობით არ ვიცით ვის ნიშნავენ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მეხუთე მოადგილედ.