მთავარი,სიახლეები

„ოქუაშვილი „მთავარ არხს“ აჩერებს“ – ტელეკომპანიის განცხადება

15.02.2025
„ოქუაშვილი „მთავარ არხს“ აჩერებს“  – ტელეკომპანიის განცხადება

„ოქუაშვილი „მთავარ არხს“ აჩერებს“  – დღეს, 15 თებერვალს, მაყურებელს, რომელმაც „მთავარი არხი“ ჩართო, ეკრანზე ეს წარწერა დახვდა.

ტელეკომპანიამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერს, რომ არხზე მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები გადის, რადგან პირდაპირ ეთერში გასვლისთვის საჭირო ხარჯები ტელეკომპანიას აღარ აქვს.

“მთავარი არხის” თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.

გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში:

საინფორმაციო გამოშვებები

სპეც-ეთერები

პოსტ-ფაქტუმი

მთავარი შაბათს

დღის სტუმარი

განსხვავებული აქცენტები

ღამის მთავარი

შენი დილა

შენი შუადღე

შენი შუაღამე

ლიტერატურული სამკუთხედი

მთავარი მსოფლიოში

ამ დროისთვის „მთავარი არხის“ ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად.

მთავარი ხართ თქვენ,“ – ნათქვამია „მთავარი არხის“ განცხადებაში.

“მთავარი არხის” ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ გასული წლის 11 დეკემბერს განაცხადეს, რომ ზაზა ოქუაშვილი არხს ხურავდა. ჟურნალისტები ეჭვობდნენ, რომ ოქუაშვილი ტელევიზიას შესაძლოა „არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან სავაჭროდ” იყენებდა.

„მთავარი არხის“ დირექტორის გიორგი გაბუნიას თქმით, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა, თვითონაც ჩაერთოს „ოცნების” წამოწყებულ ძალადობაში  და მის ხელთ არსებული საშუალებებით იძალადოს “მთავარი არხის”  ჟურნალისტებზე.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილი კონფლიქტის დაწყებამდე „ახალის” საპარლამენტო სიაში 3 ადამიანის ჩასმას ითხოვდა. როგორც გვარამია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, მან ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელი, ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ არხის მენეჯმენტს გენერალურ დირექტორად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას სთავაზობდა, რაც ახლაც ძალაშია. ნანუკა ჟორჟოლიანმა არხი დატოვა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მფლობელებს შორის დავას არ უკავშირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: