ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], რომელიც დღეს, 15 თებერვალს კლინიკაში გადაიყვანეს, უკან, იზოლატორში დააბრუნეს.
„გამოკვლევები და გადასხმები ჩაუტარდა. ექიმების გადაწყვეტილებით არ საჭიროებდა დამატებით ჰოსპიტალიზაციას. კონკრეტულად რა გამოკვლევები ჩაუტარდა ან როგორია გამოკვლევების შედეგები, ორშაბათს გახდება ჩვენთვის ცნობილი. დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ვფლობთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა.
თემურ ქათამაძე 30 დღეა უკვე რაც შიმშილობს. ის თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული.
თემურ ქათამაძე დღეს, დილით მოინახულა მისმა მეგობარმა ნინო კაკულიამ.
„დილას ვნახე, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო. ცუდად გამოიყურებოდა, წვერიც არ ჰქონდა გაპარსული, მაგრამ სულიერად მხნედ იყო. საბუთებს აგროვებს თავის საქმეზე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო კაკულიამ თემურ ქათამაძის მდგომარეობის შესახებ.
მან შიმშილობა 16 იანვარს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ის მეორედ დააკავეს.
ამავე თემაზე:
„17 კილოგრამი აქვს დაკლებული“ – რას ამბობს ადვოკატი თემურ ქათამაძის ჯანმრთელობაზე






