„აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ ბათუმის აქციაზე, სადაც რუსული გემის შემოსვლას ვაპროტესტებდით, წამართვა მობილური ტელეფონი. ტელეფონში მესაკუთრეს 2500 ლარი აქვს გადახდილი.
ორი თვეა, მობილურს პოლიცია არ მიბრუნებს,“ – ამბობს მოქალაქე ლია მგელაძე. ის ბათუმში 31 ივლისს რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციას ესწრებოდა და ფეისბუქლაივი ჰქონდა ჩართული, როცა მობილური ტელეფონი გრიგოლ ბესელიამ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა წაართვა.
ნახეთ, ვის წაართვა აჭარის პოლიციის უფროსმა მობილური – ქალი, რომელიც ავეჯს ამზადებს: შეკვეთის მისაღებად მოტიციკლით მივდივარ
მოქალაქეს რომ აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია, სამართლებრივი პროცედურის დაცვის გარეშე, ძალით ართმევს მობილურ ტელეფონს და სხვა პოლიციელებს აძლევს, ჩანს „ალტერნატივას“ ფეისბუქლაივში.
რუსული გემის წინააღმდეგ ბათუმში, აქციაზე პოლიციელებმა სულ 23 პირი დააკავეს, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეები. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ძირითადად 2000-2000 ლარით დააჯარიმა, თუმცა ამჯერად მოსამართლე სალიხ შაინიძის სამუშაო მაგიდაზე კიდევ ერთი საქმე გაჩნდა – „ლია მგელაძის საქმე“.
ლია მგელაძე პოლიციელებს აქციაზე არ დაუკავებიათ, მის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა სამართალდარღვევის ოქმი 31 ივლისის აქციიდან 25 დღეში შეადგინეს, მას შემდეგ, როცა ლია მგელაძე ხან აჭარის პოლიციის სამმართველოს მიადგა და ხან გენინსპექციას მობილური ტელეფონის დაბრუნების მოთხოვნით. საბოლოოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვის შემდეგ, მოქალაქეს უთხრეს, რომ მისი მობილური ტელეფონი ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებაში ინახება.
„აქციაზე პოლიციელები ჩემს დაკავებას ცდილობდნენ, მაგრამ მომეხვია ხალხი, ვეღარ დამაკავეს, მე მქონდა ლაივი და ვითხოვდი, არ შეეშალათ პოლიციელებს ხელი. პოლიციელებმა თქვეს, რომ თითქოს მათ ძაღლებს და ღორებს ვეძახდი, ასევე აჩვენეს ვიდეო, სადაც ხელს ვიქნევ, გვირტყამდაო. მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არც არავის ვურტყამდი, ხელს ვიქნევ იმიტომ, რომ ვიდეოს ვიღებდი, ხელი არ მახლოთ-მეთქი, ეს ჩემს ლაივშიც ისმის, ვიდრე გაითიშებოდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლია მგელაძე.
„ხელი არ მახლო, ხელი არ მახლო“, – ისმის ლია მგელაძის ხმა მისივე ფეისბუქლაივში. ქალი გრიგოლ ბესელიას მიმართავს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და რკინის ჯებირს მიღმა – საავტომობილო გზაზე გადასვლას ითხოვს.
„ხელი არ მახლო კი არა, გახლებ ხელსაც, კაცო,“ – მიმართავს მოქალაქეს გრიგოლ ბესელია.
„ალტერნატივას“ აქტივისტის, ხათუნა ბერიძის ვიდეოჩანაწერის მიხედვით კი, პოლიციელები ძალის გამოყენებით ატოვებინებენ ლია მგელაძეს აქციის მონაწილეების თავდაპირველი შეკრების ადგილს, მას გრიგოლ ბესელია ხელიდან მობილურს ძალით ართმევს და იქვე სხვა პოლიციელებს აძლევს.
31 ივლისის აქციაზე რუსეთიდან, სოჭიდან გამოსული გემისთვის უსაფრთხოდ დახვედრის არგუმენტით, შსს-მ რკინის ღობე საავტომობილო გზას და ტროტუარს შორის მოაწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეები ნავმისადგომთან შეიკრიბნენ, მალევე პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ პორტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. აქცია გოგებაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გაგრძელდა, რომელიც პოლიციელებმა ავტომანქანებისთვის ჩაკეტეს.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ შემთხვევის შესახებ გამომკითხეს, თუმცა გამოძიება არ დაიწყო. მქონდა ჩალურჯებებიც ამ შეხლა-შემოხლის შედეგად მიღებული, მაგრამ არც ეს დაზიანებები შეუსწავლია ვინმეს. ჩემი მობილური ტელეფონი პოლიციის განყოფილებაშია, როგორც ამას პოლიციელები ამბობენ, მაგრამ ვერ მიხსნიან, რატომ და რა უფლებით წამართვეს, ან ახლა რატომ არ მიბრუნებენ.
მე ვიღებდი გენრი დოლიძის დაკავებას ამ დროს, როცა მომვარდნენ და ტელეფონი წამართვეს.
მოსამართლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უთხრა, რომ უმკაცრესად უნდა დავისაჯო და ამას მსუსხავი ეფექტი უნდა ჰქონდეს, ანუ უნდა დამაჯარიმონ, ან დამაპატიმრონ…. აქციიდან მეხუთე თუ მეექვსე დღეს მივმართე პოლიციას, დაებრუნებინათ ჩემი მობილური, მანამდე ველოდებოდი, რომ დამიბრუნებდნენ,“ – ამბობს ლია მგელაძე.
„შინაარსობრივად მობილურის წართმევა იგივეა, რაც ძარცვა. ეს სრული უკანონობაა. გასაგებია, რომ პოლიციას შესაძლოა არ ჰქონდა მატერიალური სარგებლის მიღების ინტერესი, მაგრამ სავარაუდოდ მას ჰქონდა სხვა მიზანი,“ – ლია მგელაძის ადვოკატი უშანგი მიქელაძე ყურადღებას ამახვილებს კანონზე, რომლის მიხედვითაც მობილური ტელეფონის ამოღებას და ჩამორთმევას შესაბამისი პროცედურის დაცვა სჭირდება, რაც არ მომხდარა.
„პოლიცია განმარტავს, რომ გვინდოდა ამ მოქალაქის დაკავება, მაგრამ ბევრი მოქალაქე იყო და ვერ დავაკავეთ, შემდეგ კი, მისი იდენტიფიცირება ვერ მოვახდინეთ, რომ ოქმი შეგვედგინაო. ეს ააშკარავებს ტყუილს, რადგან მანამდე ლია მგელაძემ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსაც მიმართა და მობილური ტელეფონის დაბრუნება ითხოვა. სასამართლო სხდომაზე ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსმა, თორნიკე ვანაძემ დაადასტურა, რომ ტელეფონი განყოფილებაშია, მაგრამ ის ვერ განმარტავს, რატომაა ტელეფონი განყოფილებაში,“ – გვიყვება იურისტი უშანგი მიქელაძე.
რას ნიშნავს, როცა აქციის მონაწილეს პოლიციის უფროსი სამართლებრივი პროცედურის გარეშე მობილურ ტელეფონს ართმევს? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 22 სექტემბერს, ამ თემაზე ვერაფერი გვითხრეს.
რაც შეეხება სამართალდარღვევის ოქმს, ირკვევა, რომ ლია მგელაძეს 31 ივლისის აქციაზე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
„შსს-ს არგუმენტია ის, რომ კანონიერ მოთხოვნას არ ასრულებდა მოქალაქე, მაგრამ მოთხოვნის შემდეგ მოქალაქეს უნდა მისცე გონივრული ვადა, რომ მან ეს მოთხოვნა შეასრულოს,“ – გვიყვება ადვოკატი უშანგი მიქელაძე და განაგრძობს იმ არგუმენტების ჩამოთვლას, რის გამოც, მისი შეფასებით, მოსამართლემ საქმისწარმოება უნდა შეწყვიტოს:
„აქციის დაშლაზე გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და შემდეგ უნდა მიმართონ აქციის ორგანიზატორს, მისცენ მას ასევე კანონით განსაზღვრული 15 წუთი, რომ აქცია დაიშალოს. შსს პროცესზე მიუთითებდა „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის სხვა მუხლზე, რომლის მიხედვით პორტთან აქციის გამართვა აკრძალულია, მაგრამ პორტი იქ არ არის, მოშორებითაა.
შესაბამისად, კანონით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევაა საჭირო იმისთვის, რომ აქციის დაშლა ლეგიტიმური იყოს. ეს პირობები კი, აქციაზე არ იყო. შსს-მ არც სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირი – ზაურ კეკელიძე წარმოადგინა, ვის ჩვენებასაც უშუალოდ მოისმენდა მოსამართლე,“ – ამბობს უშანგი მიქელაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე [სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი]გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. ამ უწყების პრესცენტრში განმარტავენ, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და გამოძიება გრძელდება „სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით.“
რაც შეეხება ლია მგელაძეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „მოწმის სახით გამოიკითხა მოქალაქე ლიანა მგელაძე, რა დროსაც განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, მის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან.