რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 616 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350]
  • ტანკი – 8 592 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 16 760 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 17 636 ერთეული [+22]
  • MLRS – 1 176 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 940 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 507 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 557 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 881 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 991 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 641 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 30 920 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 801 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 434 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 898 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 501 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა ასს მიაღწია, 7 ადამიანი დაიღუპა

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მოძრაობა 7 საათით შეიზღუდება ბათუმი-ახალციხის გზის ხულოს მონაკვეთზე

2024 წლის 31 აგვისტოს 23:00 სთ-დან 1 სექტემბრის 06:00 სთ-მდე,  ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა ასს მიაღწია, 7 ადამიანი დაიღუპა

უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ ხარკოვში, ბოლო ცნობებით, 97 ადამიანი დაშავდა რუსეთის დაბომბვის შედეგად. მათგან 20-ზე მეტი არასრულწლოვანია.

გაიზარდა დაღუპულთა რიცხვიც. 12-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა ქალის ცხედარი გამოიტანეს, ეს მეშვიდე ადამიანია, რომელიც რუსეთის დაბომბვის შედეგად დაიღუპა გუშინ, 30 აგვისტოს ქალაქ ხარკოვში.

დაღუპულთა შორისაა 14 წლის მოზარდი.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  ხარკოვი 30 აგვისტოს, შუადღისას დაბომბეს.

უკრაინული მედიის ცნობით, გამოყენებული იყო მოდიფიცირებული მართვადი ავიაბომბები, მათგან ერთი მრავალსართულიან სახლს მოხვდა.

____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/სერგეი კოზლოვი

„რუსული კანონი კლავს თავისუფალ მედიას“ – ჟურნალისტები საკონსტიტუციო სასამართლოში

„რუსული კანონი კლავს თავისუფალ მედიას“ – მაისურზე ამ წარწერით ესწრებიან დღეს, 31 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას ჟურნალისტები თავისუფალი მედიიდან.

მესამე დღეა ბათუმში მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვა.

სასამართლოში კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო, რამდენიმე სარჩელი შევიდა.

რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი და საპარლამენტო ოპოზიცია.

საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის განხილვის გამწესრიგებელი ეტაპის ბოლო სხდომას დღეს,  31 აგვისტოს მართავს.

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

კანონის ძალაში შესვლიდან 60 დღის, ანუ 2 თვის ვადაში, იუსტიციის სამინისტროს რუსული კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი „მატერიალურ – ტექნიკური“ ღონისძიებები (მათ შორის იგულისხმება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციათა რეესტრის და შესაბამისი ვებგვერდის შექმნა, სადაც რეგისტრაციის შევსების განაცხადი იქნება) უნდა განეხორციელებინა.

ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კი ის სუბიექტები, რომლებიც 2023 წლის მონაცემებით, რუსული კანონის მიხედვით აკმაყოფილებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კრიტერიუმებს, ვალდებული არიან, მიმართონ საჯარო რეესტრს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე.

შესაბამისად, გრანტის მიმღებ სუბიექტებს რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება კანონის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 3 თვეში (3 სექტემბრიდან) წარმოეშვებათ.

იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უარს იტყვის ამ რეესტრში რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების მიუხედავად, მაინც დაარეგისტრირებენ.

რუსული კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამავე თემაზე: 

რა გადაწყვიტა 2014 წელს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე – ამონარიდები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 614 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 360]
  • ტანკი – 8 582 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 16 736 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 17 614 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 176 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 940 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 471 ერთეული [+18]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 557 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 825 ერთეული [+62]
  • სპეცტექნიკა – 2 977 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 641 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 30 749 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 790 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 433 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 846 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 474 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინას არ ვუწესებთ შეზღუდვას F-16-ების რუსეთში გამოყენებაზე – ნიდერლანდების შეიარაღებული ძალები

დააპატიმრეს შოუგუს მეორე მოადგილეც – დაკავებების სერია რუსეთის თავდაცვაში

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მკვლელობის მცდელობა ბათუმში – ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აგვისტოს, ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ასევე თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადად გაისროლა. სროლის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა და იქვე შემთხვევით მყოფმა საქართველოს სამმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული საზღვრის გადაკვეთისთვის დადგენილი წესების დარღვევით, უკანონოდ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორზე მეტი პირისა და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) დაუსწრებლად წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

კიევში კიდევ 7 ქუჩას შეუცვალეს სახელი დერუსიფიკაციის ფარგლებში

კიევის საკრებულომ დედაქალაქის კიდევ შვიდ ქუჩას და ჩიხს გადაარქვა სახელი უკრაინის დამცველების პატივსაცემად ქალაქის ობიექტების დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროცესში. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ჰრომადსკე“ წერს.

მაგალითად, კიევში, პოდოლსკის რაიონში დოსტოევსკის შესახვევს უწოდეს უკრაინელი პოეტის, უკრაინის შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტის, მაქსიმ კრივცოვის სახელი, რომელიც 2024 წლის 7 იანვარს 33 წლის ასაკში დაიღუპა. იგი 2014 წელს მოხალისედ წავიდა ფრონტზე.

ვეშენსკის შესახვევს უწოდეს უკრაინელი სამხედრო მფრინავის, უკრაინის გმირის, ზაპოროჟიელი ვიაჩესლავ რადიონოვის სახელი, რომელმაც სიცოცხლის ფასად გადაარჩინა საჰაერო ბრიგადა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში.

ასევე, კიევის საკრებულომ სახელი შეუცვალა ნახიმოვის, ზასლონოვის, ნაუმოვის და სხვა ქუჩებს. ყველა ქუჩას ეწოდა რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი მეომრების სახელი.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უკრაინის ქალაქებში მასობრივად უცვლიან სახელებს რუსი მწერელების, მეცნიერების, სამხედრო პირების და ა.შ. ქუჩებს.

ამავე თემაზე: 

უნდა იყოს რუსი მწერლების სახელობის ქუჩები ბათუმში? – რას ფიქრობენ ქართველი მწერლები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აგვისტოს 21 საათიდან 31 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტეს რაიონში, დღისით კი ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 1-2 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ავარია ბაგრატიონის ქუჩაზე, მანქანა სკვერში შევარდა

დღეს, 30 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. მსუბუქი ავტომანქანა ზებრა გადასასვლელთან ტროტუარზე ავარდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც.

„ბათუმელები“ შსს-დან და სასწრაფოდან დამატებით ინფორმაციას მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 613 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
  • ტანკი – 8 574 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 16 722 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 17 572 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 175 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 940 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 453 ერთეული [+84]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 556 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 763 ერთეული [+57]
  • სპეცტექნიკა – 2 967 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 640 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 30 649 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 593 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 426 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 741 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 335 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინას არ ვუწესებთ შეზღუდვას F-16-ების რუსეთში გამოყენებაზე – ნიდერლანდების შეიარაღებული ძალები

კიევი ადასტურებს, რომ გამანადგურებელმა „F-16“-მა კატასტროფა განიცადა

დააპატიმრეს შოუგუს მეორე მოადგილეც – დაკავებების სერია რუსეთის თავდაცვაში

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დააპატიმრეს შოუგუს მეორე მოადგილეც – დაკავებების სერია რუსეთის თავდაცვაში

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შოიგუს ყოფილი მოადგილე, პაველ პოპოვი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლითაა აღძრული.

რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, რომ გამოძიების თანახმად, პოპოვი, რომელიც 2021-2024 წლებში პასუხისმგებელი იყო პარკ „პატრიოტის“ განვითარებაზე, მოვლა-პატრონობაზე და ექსპლუატაციაზე, ამ დაწესებულების ხარჯზე გამდიდრდა.

კერძოდ, პოპოვმა, „პატრიოტის“ ხარჯზე ააშენა და გაარემონტა აგარაკი მოსკოვის ოლქის კრასნოგორსკის რაიონში და ასევე, თავისი ხელქვეითების მეშვეობით აიძულებდა იმ კომპანიებს, რომლებსაც ხელშეკრულებები ჰქონდათ „პატრიოტთან“, მის აგარაკზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ანაზღაურების გარეშე ეწარმოებინათ.

„პატრიოტი“ არის მუზეუმი და საგამოფენო სივრცე, რომლის ფართობი თითქმის 5,5 ათასი ჰექტარია, სადაც განთავსებულია რუსეთის არმიის მთავარი ტაძარი. „პატრიოტი“ 2014 წელს გახსნა სერგეი შოიგუმ, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე მოხსნეს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნეს.

პოპოვი მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში გაათავისუფლეს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან და სამხედრო სამსახურიდან.

პოპოვი ერთადერთი არ არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან, რომელიც შოიგუს წასვლის შემდეგ დააკავეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაკავებების სერია დაიწყო 2024 წლის აპრილში, როცა დააკავეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ტიმურ ივანოვი. ივანოვის შემდეგ დააკავეს თავდაცვის სამინისტროს საკადრო და კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელები: იური კუზნეცოვი და ვადიმ შამარინი, ასევე თავდაცვის შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ვერტელეცკი, ხოლო 2024 წლის 26 ივლისს დააკავეს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვი, რომელიც ლოჯისტიკაზე იყო პასუხისმგებელი.

____________

ფოტოზე: პაველ პოპოვი

დააკავეს მამა, რომელიც 17 წლის შვილს გათხოვებას აიძულებდა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე დაზარალებულის მამას ბრალდება წარუდგინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო.

დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„მე არ ვთაკილობ, ქალის საქმეს ვაკეთებ თუ კაცის“ – მემთეური გომისმთიდან

ბევრჯერ მოგვიყოლია მემთეურ ქალებზე, მაგრამ არც ერთხელ – მემთეურ კაცზე, რომელიც თვეობით რჩება იალაღზე, უვლის ძროხებს და ყველიც ამოჰყავს.

დღეს მემთეურ ილია ნაკაშიძეზე გიყვებით. ის ქედის სოფელ გეგელიძეებში ცხოვრობს და ზაფხულობით გომის მთაზე მემთეურობს.

როგორც ილია გვიყვება, წველა რომ ისწავლა, დაახლოებით 35-40 წლის იყო:

„თანდათან ვისწავლე ყველის ამოღებაც. ხუთი წელია მეუღლე დავკარგე და მარტო მიწევს აქ ყოფნა, მაგრამ მეუღლე რომ მყავდა, მაშინაც ვრჩებოდი ხოლმე მარტო მემთეურად, ის კი 10-15 დღით სოფელში, ბოსტნის მოსავლელად მიდიოდა.

„მე არ ვთაკილობ, ქალის საქმეს ვაკეთებ თუ კაცის. არავის არ ვუსმენ, ჩემი ოჯახისთვის ძროხასაც მოვწველი და ტყეში შეშასაც მოვამზადებ. სხვისი საუბარი ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს“ – მეუბნება ილია და იმასაც აღნიშნავს, რომ ბევრჯერ მოუსმენია – „ძროხის მოწველა რა კაცის საქმეა!“.

ილიას სამი მეწველი ძროხა ჰყავს. ამბობს, რომ დილაობით ბოსლის დასუფთავებას, ძროხების მოწველასა და საძოვარზე გაშვებას ერთ საათს ანდომებს. ყველაზე გვიან, დილის შვიდ საათზე იღვიძებს.

დიდი ხანი არ არის, რაც საწველი აპარატიც შეიძინა. როგორც მემთეური ამბობს, ყველის ამოღებასაც ერთ საათამდე ანდომებს.

„საქონელს რომ გავდენიდით, ერთგვარი შეკრება გვქონდა ცენტრში. ასაკოვანი ქალები წუხდნენ, „ყველი გამიფუჭდა, ვერ ამოვიღე…“. მე ვეტყოდი, ყველი როგორ გამიფუჭდება-მეთქი. ჩემზე ამბობდნენ – ა, კაცი, წველის, ყველსაც იღებს და თან არ უფუჭდება, ჩვენ კი ამდენი ხნის მემთეურები ვართ და ხანდახან მაინც გვიფუჭდებაო. ვიცინოდით“.

ილიას ყველის ამოყვანა მემთეურმა მეზობელმა, ფატიმ ასწავლა. თუ დამჭირდებოდა მას ვეკითხებოდი და ყველაფერს წვრილად მიხსნიდაო.

ილია ნაკაშიძე

„მართლა ძალიან გამიხარდა პირველად რომ ამოვიყვანე და გავჭიმე ყველი“, – იხსენებს ილია და ხელებით მაჩვენებს პროცესს.

„სულგუნის და სხვა ყველების ამოღება უფრო ადვილია. ჩეჩილი ყველის გაკეთებაა რთული. ყველაფერი უნდა შეუსაბამო ერთმანეთს… თუ დროზე არ ამოიღე, შეიძლება გაქვავდეს… სულ ვცდილობ, რომ დროზე ამოვიღო და კარგი ყველი მქონდეს“.

კაცის თქმით, რთულია ცხელ შრატში ხელების დიდხანს გაჩერება ყველის ამოსაყვანად.

გარდა ყველისა, ილია თავად ამზადებს კარაქს და რძის სხვა პროდუქტებს. ასევე, უვლის ბოსტანს, სადაც მწვანილი და კარტოფილი უთესია. მასთან საუბრისას ილიამ მისი იალაღის სამზარეულო, ყველი და ხისგან საკუთარი ხელით დამზადებული რძის საწურიც მაჩვენა.

ილიას დამზადებული ხის საწური, რომელზეც თხელ ნაჭერს აფენს და და შემდეგ წურავენ რძეს

როგორც კაცი ამბობს, თავადაც განსაკუთრებით უყვარს რძის პროდუქტები – „დილას კაიმაღს თუ არ დავასხამ და ჩაის არ მივაყოლებ, ისე არ ვსაუზმობ.

ზოგი კაცი გაკეთებულ საჭმელსაც ვერ დაისხამს და ჭამს. ოჯახი არის ზღვაო, იტყვიან. ყველაფერი უნდა იცოდე, ყველაფერი უნდა აკეთო.

მაშინაც, როცა მეუღლე არ იყო სახლში, ვაკეთებდი საჭმელი იქნებოდა თუ სხვა რამ“.

ილია იხსენებს, რომ როცა მეუღლე სახლში იყო, ძროხებს ჩვეულებრივ ის წველიდა ხოლმე, მაგრამ სხვა დანარჩენში თვითონ ეხმარებოდა.

როცა ვკითხე, სიყვარულით თუ იქორწინეთ თქვენს მეუღლეზე-მეთქი, რა თქმა უნდაო, მითხრა და მეუღლის გაცნობის ამბავი გაიხსენა:

„მე ვმუშაობდი ქედის სამკერვალოში, შარვალ-კოსტიუმებს ვკერავდი, თერძი ვიყავი. იქ შემხვდა. მე-10 თუ მე-11 კლასში იყო. მერე ვიქორწინეთ. იქამდეც ვხვდებოდით, საჩუქრებსაც ვუკეთებდი, მაგრამ ახლა აღარ მახსოვს რა ვაჩუქე. ყვავილს თუ ვაჩუქებდი, მაშინ რა უნდა გეჩუქებინა? მე 24 წლის ვიყავი, ის – 19-ის“.

ილიას თქმით, პირველი განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე მეუღლის „კოხტა“ ჩაცმულობამ მოახდინა.

კაცს დღემდე გული სწყდება, რომ მეუღლე კარგად სწავლობდა, სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელება უნდოდა, თუმცა ვერ მოვახერხეო – ახლაც წუხს.

უკრაინას არ ვუწესებთ შეზღუდვას F-16-ების რუსეთში გამოყენებაზე – ნიდერლანდების შეიარაღებული ძალები

ნიდერლანდების შეიარაღებულმა ძალებმა ხაზგასმით განაცხადეს, რომ მათ არ დაუწესებიათ არანაირი შეზღუდვა უკრაინისთვის გადაცემული F-16-ების გამოყენებაზე – უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ F-16 და ნიდერლანდებიდან მიღებული სხვა იარაღი საკუთარი შეხედულებისამებრ.

ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს ნიდერლანდების ეროვნულ მაუწყებელზე, NOS-ზე დაყრდნობით.

კერძოდ, დღეს, 29 აგვისტოს, ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სარდალმა, ონნო ეიჩელჰაიმმა NOS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ არ დაუწესებიათ არანაირი შეზღუდვა F-16-ის გამოყენებასა და დიაპაზონზე.

F-16 თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავია, რომელსაც რაკეტის გასროლა 800 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.

იგივე ეხება ნიდერლანდების მიერ მიწოდებულ სხვა იარაღს – უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მათი განკარგვა ბრძოლის ველზე „საკუთარი შეხედულებისამებრ“, თუ ისინი შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს.

„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მოიგოს ომი და ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ეს მოხდეს“, – თქვა ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სარდალმა ინტერვიუში.

ნიდერლანდები უკრაინას დაჰპირდა ჯამში 24 F-16 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემას. ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სარდალს არ დაუკონკრეტებია, რამდენი F-16 გადასცეს უკვე უკრაინას.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში აქტიურად განიხილება, რომ დასავლური იარაღის, კერძოდ, ბრიტანული შორი მოქმედების რაკეტების, Storm Shadow-ს რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვას უკრაინას აშშ-ი არ აძლევს. ეს საკითხი მოხვდა ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ბოლო ანგარიშშიც. მედია მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი თანახმა არიან ამაზე.

ISW-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ძალებმა შორს გადაიტანეს იარაღი, რუსული სამხედრო ობიექტების მნიშვნელოვანი რაოდენობა კვლავ რჩება დასავლური იარაღით დარტყმისთვის ხელმისაწვდომ მანძილზე.

ავარია ნაგომარში – დაშავდა ორი ადამიანი

ავტოავარია მოხდა დღეს, 29 აგვისტოს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და ხეს შეასკდა. დაშავდა მძღოლი და მგზავრი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.

უკრაინის თავდაცვამ რუსეთის ორი მართვადი რაკეტა და 60 ირანული დრონი ჩამოაგდო

29 აგვისტოს, ღამით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას თავს დაესხნენ სამი Х-59/Х-69 მართვადი რაკეტითა და 74 „შაჰედით“. მათგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 2 რაკეტა და 60 ირანული დრონი – ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით.

ასევე, რუსეთმა შეტევისთვის გამოიყენა კიდევ ორი მართვადი რაკეტა, რომელთა ტიპი ახლა დგინდება.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტები გაუშვეს ფედერაციის კურსკის და ბელგოროდის რეგიონების საჰაერო სივრციდან.

უკრაინაზე საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ძალები და მობილური საცეცხლე ჯგუფები.

უკრაინის საჰაერო თავდაცვა მუშაობდა ხარკოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, სუმისა და დონეცკის რეგიონებში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 612 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
  • ტანკი – 8 571 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 16 699 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 17 549 ერთეული [+27]
  • MLRS – 1 174 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 939 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 369 ერთეული [+21]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 556 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 706 ერთეული [+52]
  • სპეცტექნიკა – 2 965 ერთეული [+15]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 640 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 30 649 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 593 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 426 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 741 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 335 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი: ვაგრძელებთ კურსკში ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ზრდას

უკრაინამ შექმნა პირველი ბალისტიკური რაკეტა – ზელენსკი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ წამოვედი ამერიკაში? – საჯარო სამსახურში ჩემნაირების მომავალი უფროსის ცვლილებასაც კი უკავშირდება

ავტორი: ნათია როყვა

___

ირაკლი დანელია ამერიკაში წასვლამდე – 2013-2016 წლებში ჯერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შემდეგ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა. ბოლოს რუსთავის მერიაში საქმიანობდა. სწორედ საჯარო სამსახურში ყოფნის პერიოდში შეცვალა ცხოვრება – ტურისტული ვიზა აიღო, ამერიკაში სამოგზაუროდ წამოვიდა და დარჩა. მანამდე ირაკლი მედიაში მუშაობდა – ჟურნალისტი იყო.

  • რატომ წამოვედი ამერიკაში?                    

2018 წლის ბოლოს, რუსთავის მერიაში შვებულება ავიღე და ამერიკაში, ჩემი ოცნების ქვეყანაში წამოვედი სამოგზაუროდ.

მოგზაურობის პირველივე დღეების შთაბეჭდილებებმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ყოველდღიური ქაოსისგან დაშორების შემდეგ, უფრო მტკივნეულად გამოჩნდა ჩემი და ჩემნაირი  საჯარო მოხელეების ცხოვრება. მალევე მივხვდი, აქ ბევრად მშვიდად და სტაბილურად რატომ ცხოვრობს დამლაგებელი, რომელსაც უფრო მაღალი შემოსავალი აქვს, ვიდრე შუა რგოლის მოხელეს საქართველოში.

საჯარო სამსახურში ჩემი და ჩემნაირი ადამიანების ოჯახის მომავალი, უფროსის ცვლილებიდან დაწყებული არჩევნების შედეგებით დამთავრებული, ყველა ფაქტორს უკავშირდებოდა და უკავშირდება. უმრავლესობა ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს და ახლა სამსახურების შენარჩუნება ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

სწორედ პირველივე კვირაში აღმოვაჩინე ისიც, მთელი წლის ხელფასი აქ ერთ თვეში რომ შემეძლო გამომემუშავებინა. შემეძლო, ჩემი ოჯახის მომავალზე მშვიდად მეზრუნა, მეოცნება უკეთეს განათლებაზეც კი… გადავწყვიტე, მყარი ნაბიჯებით გამეგრძელებინა ჩემი ამერიკული ცხოვრება ძალიან ქაოსურ და არამყარ ქართულ რეალობაში დაბრუნების ნაცვლად. სტაბილურობის და ხელფასის სხვაობის გამო, უარი ვთქვი საჯარო სამსახურში დაბრუნებაზე.

ასე დავთმე ჩემი 19 წლიანი გამოცდილება.

  • როგორ ვახერხებ დავრჩე აქტიურ მოქალაქედ?

ამ მტკივნეულ ცვლილებებში უარი არასდროს მითქვამს ჩემ როლზე – დავრჩე ჩემი ქვეყნისთვის აქტიური მოქალაქე. ახლა ძალიან შორიდან და იგივე ძალისხმევით ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებაში.

ხომ ამბობენ, ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენო – მეც ზუსტად ინფორმაციის მიტანით ვცდილობ გარშემომყოფებს (და უკვე ამომრჩევლებს) ავუხსნა, რა საფრთხეები გაჩნდა რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ.

დღეს, ევროკავშირის წევრობა რეალობად იქცა და ამ გზისკენ მიისწრაფვის საქართველოს მოსახლეობა. ხელისუფლება კი ისე იღებს კანონს, რომ მისი მოქალაქეების აზრს არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს ქართველი ახალგაზრდების პროტესტს, არ უსმენენ მსოფლიო ლიდერების, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების რეკომენდაციებს.

როგორც ჟურნალისტი, დავინტერესდი და გადავამოწმე მართლა ჰგავს თუ არა რუსული კანონი ამერიკულ „ფარას“. შემიძლია ცალსახად ვთქვა, მსგავსი სახით აშშ-ში არცერთი კანონი არ მოქმედებს. ხელისუფლების ეს არგუმენტი ამერიკულ რეალობას აცდენილია.

ისევე როგორც არ მოდის თანხვედრაში რუსული კანონის იდეა ევროპულ კანონმდებლობასთან.

ხშირად ვფიქრობ იმაზეც, რატომ აპელირებს ხელისუფლება გამჭვირვალობის საკითხებზე. გამჭვირვალობა სწორედ საჯარო ფუნქციის ნაწილია – საქართველოს მთავრობის წევრები თავად უნდა იყვნენ გამჭვირვალეები ფინანსებისა თუ სხვა მიმართულებით, შემდეგ მიუთითონ მედიასა და არასამთავრობო სექტორს.

აქ, ჩემი ნაცნობების უმრავლესობა ფიზიკურად შრომობს – ქალები მოხუცებს უვლიან, სახლებს და ოფისებს ალაგებენ. კაცები კი ტაქსისა და სატვირთო მანქანების მძღოლებად მუშაობენ. ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი საჭმლის მიტანის სერვისზე ე.წ „დორდაშზე“ მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ „დორდაშმა“ და „უბერმა“ გადაარჩინა საქართველოს ეკონომიკა და დღემდე აცოცხლებს ქვეყანას. ფულადი გზავნილები ევროპიდან და ამერიკიდან ინახავს ქართულ ოჯახებს. და შეიძლება ჩვენ ყველას ხელისუფლებამ აგენტები გვიწოდოს?

  • რატომ არ მინდა რუსეთი?

ამაზე პასუხი მარტივია, რუსეთი ოკუპანტია!

წლებია რუსეთი ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებას არღვევდა, ახდენდა მშვიდობიანი სახელმწიფოების ოკუპაციას, ანექსიას და ფეხქვეშ თელავდა დამოუკიდებელი ქვეყნების უფლებას.

მე ხშირად ვაშუქებდი ინფორმაციას პუტინის რეჟიმის მიერ მიღებული კანონების შესახებ და ახლა ხალხი გადაწყვეტს შევძლებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, კრიტიკული მედია არ არსებობს, სადაც ადამიანის უფლებები გათელილია, სადაც ოპოზიციის წევრებს სასტიკად უსწორდებიან, სადაც მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდებიან?

იქნებ ასეთი რეალობა უკვე გარდაუვალი გახდება საქართველოში?

ალბათ, უნდა დაგვაფიქროს, გაურკვეველ ვითარებაში ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამ. ამის ფონზე, უკიდურესად საშიშად გამოიყურება საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაპატიმრების ანონსი. ასე მგონია, ეს ყველა საჯარო მოხელეს დევნის და რეპრესიების ანონსსაც ჰგავს.

  • როგორ დავბრუნდეთ?

ზუსტად ვიცი, ევროკავშირის წევრობა მართვის ევროპული სტილით მოსახლეობის კეთილდღეობაა. ადამიანებზე მორგებული, სერვისების შექმნის გარანტია ქართველი საჯარო მოხელეების ღირსეული სამუშაო პირობებიც მგონია. საჯარო სამსახური – სათანადო ანაზღაურებით და ხალხისთვის მუშაობის თავისუფლებით.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ – „ღირსებით ევროპისკენ“. მე ვიტყოდი, „ღირსებით სამსახურისკენ“, სადაც საჯარო სამსახურში ყოფნა ხალხისთვის მუშაობის პრივილეგია, დაცულობა და ოჯახების წარმატება გახდება.

კი ევროპას! – ეს არჩევანი ერის განვითარების კიდევ ერთი ტალღა იქნება, ემიგრანტების დაბრუნების ტალღა.

მხოლოდ ჩვენი მონაწილეობით დავბრუნდებით „ღირსებით სამშობლოსკენ“ – რომელსაც ახლა რუსეთისგან არჩევნების გზითაც გადავარჩენთ.

რა გადაწყვიტა 2014 წელს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე – ამონარიდები

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო აგენტების შესახებ კანონის შეჩერებაზე [რომლის ანალოგიც არის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონი] 2014 წელს მიმართეს რუსეთის მოქალაქეებმა. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეების მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა – ადმინისტრაციული ჯარიმების ნაწილში:

სასამართლოს დასაბუთებით, ადმინისტრაციული ჯარიმები არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-17 მუხლს, რამდენადაც – მოქმედი საკანონმდებლო რეგულირება არ იძლევა შესაძლებლობას, კანონით განსაზღვრულ სანქციით დადგენილ ქვედა ზღვარზე მცირე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საშუალებას – ის არ აძლევს უფლებამოსილ პირს უფლებას ყველა შემთხვევას მიუდგეს ინდივიდუალურად.

ხვალ, 29 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით შესული ოთხი სარჩელის განხილვას. არ არის გამორიცხული, ქართველი კანონმდებლების მსგავსად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც არ გაიზიაროს სარჩელის მოთხოვნები და იხელმძღვანელოს რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით – მაგალითად, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსად დააკმაყოფილოს ერთი რომელიმე ისეთი მოთხოვნა, რაც ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ხელისუფლების სურვილს მედია და არასამთავრობო სექტორი გაანადგუროს.

ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკომერციული ორგანიზაციებისა და არაკომერციული გაერთიანებების უცხოური ინტერესების აგენტების რეესტრში სავალდებულო რეგისტრაცია მიიჩნია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციასთან შესაბამისად.

გთავაზობთ ამონარიდებს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 8 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებიდან. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს ეს კანონი ეხება ყველას, მათ შორის ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ ჯგუფებსაც.

მოკლე მიმოხილვა:

რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ“ ფედერალური კანონი ითვალისწინებს, რომ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ უცხოური აგენტის ფუნქციებს, მიეკუთვნებიან ისეთი რუსული არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ ფინანსურ სახსრებს და სხვა სახის ქონებას უცხოური წყაროებიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აორგანიზებენ და ატარებენ პოლიტიკურ აქციებს, რომლებიც მიმართულია ზეგავლენის მოხდენაზე (მიუხედავად/განურჩევლად დასახული მიზნებისა) სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ მიერ განხორციელებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე, ასევე გარკვეული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული პოლიტიკისა და მიმდინარე პროცესების მიმართ.   

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე გასათვალისწინებელია, რომ საქმიანობა მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, ჯანდაცვის, მოქალაქეთა ჯანმრთელობის პრევენციისა და დაცვის, მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისა და დაცვის, დედობისა და ბავშვობის დაცვის, შშმ პირთა სოციალური დახმარების, ხელშეწყობის სფეროებში, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტის, მცენარეთა და ველური ბუნების დაცვის, საქველმოქმედო საქმიანობის, აგრეთვე ქველმოქმედებისა და მოხალისეობის ხელშეწყობის სფეროები არ უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობას (ფედერალური კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის მე-3 პუნქტით), რაც არის ერთ-ერთი პირობა არაკომერციული ორგანიზაციის უცხო ქვეყნის აგენტად ცნობის.

შესაბამისად, როგორიც არ უნდა იყოს არაკომერციული ორგანიზაციების სახსრებისა და სხვა მატერიალური რესურსების წყაროები, თუ მათი საქმიანობის მიზნები არ სცილდება მითითებულ სფეროებს, ისინი არ შეიძლება ჩაითვალოს უცხოური აგენტის ფუნქციების შესრულებად. 

ის არაკომერციული ორგანიზაციები და გაერთიანებები (არაკომერციული ორგანიზაციებისა და არაკომერციული გაერთიანებების შესახებ ფედერალური კანონები), რომლებსაც განზრახული აქვთ მიიღონ უცხოური დაფინანსება და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური საქმიანობაში, ვალდებული არიან წინასწარი რეგისტრაცია გაიარონ შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებაში. 

სასამართლოს განმარტებით: „ამ ვალდებულების დადგენისას ფედერალური კანონმდებელი ხელმძღვანელობდა არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის ფინანსური (ქონებრივი) კომპონენტის გამჭვირვალობის (გახსნილობის) აუცილებლობით, რომლებიც აპირებენ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ საქმიანობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და სურთ გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მათ მიერ გატარებულ საჯარო პოლიტიკაზე.

ასეთი საქმიანობა, როგორც შინაარსით, ასევე იმ შედეგებით, რომელთა მიღწევასაც ის ითვალისწინებს, არ შემოიფარგლება არაკომერციული ორგანიზაციის საკუთარი (შიდა) საჭიროებებით, არამედ აშკარა შემხებლობაშია როგორც საჯარო კანონიერ ინტერესებზე ზოგადად, ასევე ყველა მოქალაქის უფლებებთან და თავისუფლებებთან… 

აქედან გამომდინარე, არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მონაწილეობენ პოლიტიკურ საქმიანობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ვალდებულების დაკისრება, შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს ამის შესახებ და აღიარონ საკუთარი თავი არაკომერციულ ორგანიზაციებად, რომლებიც ასრულებენ უცხოური აგენტის ფუნქციებს (რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის, მე-2, მე-18 , 24 (2), 29 ( 4) და 30 (1) შეტყობინებების პროცედურის საშუალებით) არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციურ მიზნებთან და ღირებულებებთან შეუთავსებლად, რადგან ის მიზნად ისახავს უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირება უცხოური სუბიექტების (სახელმწიფოების, ორგანიზაციების ან ფიზიკური პირების) მონაწილეობის შესახებ, არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ფულადი  და (ან) სხვა მატერიალური მხარდაჭერის თაობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ არაკომერციული ორგანიზაციების მიერ ფინანსური ან სხვა საქმის ქონების მიღება უცხოური აგენტებისგან არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (ამ სახსრების/რესურსების) გამოყენების შესაძლებლობას, ასეთი წყაროების (უცხოური) ინტერესების სასარგებლოდ, მათი საკანონმდებლო გამიჯვნა, უცხოური ინტერესების გამტარებელი აგენტების სახით, შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, რადგან კონსტიტუციის პრეამბულა და მესამე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს რუსეთის ფედერაციას სუვერენულ სახელმწიფოდ და ხელისუფლების ერთადერთ წყაროდ კი რუსეთის ფედერაციის მრავალეროვან ხალხს. 

რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკომერციული ორგანიზაციებისათვის, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, სავალდებულო რეგისტრაციის დაწესება არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან „მიმართულია გამჭვირვალობის უზრუნველყოფისაკენ (ასეთი ორგანიზაციების) იმ ორგანიზაციების, რომლებიც პირდაპირი ან არაპირდაპირი (საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენა) გზით ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებასა და მათ მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობაზე.

გამჭვირვალობის ვალდებულების დაწესება არ ითვალისწინებს სახელმწიფო ჩარევას სასურველი შინაარსის ან მსგავსი საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრაში. შესაბამისად, რეგისტრაციის ვალდებულების დაწესება არ ნიშნავს არაკომერციული ორგანიზაციების, რომლებიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებენ, ნეგატიურ საკანონმდებლო შეფასებას.  

საკანონმდებლო ნორმები ადგენენ მხოლოდ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და არ აფერხებენ არაკომერციული ორგანიზაციებს თავისუფლად მოიძიონ და მიიღონ ფულადი სახსრები და სხვა სახის ქონება, როგორც უცხოური, ასევე რუსეთში არსებული წყაროებიდან და გამოიყენონ თავიანთი ორგანიზაციული პოლიტიკური საქმიანობისთვის, მათ შორის უცხოური წყაროების ინტერესების (თვის) სასარგებლოდ. 

რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლო უცხოური აგენტების რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას არც დისკრიმინაციულად მიიჩნევს, რადგან „რეგისტრაცია… არ აფერხებს არაკომერციულ ორგანიზაციას არც ფინანსური სახსრების ან ამა თუ იმ სახის ქონების მიღებაში, როგორც უცხოური, ან საერთაშორისო ორგანიზაციების, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებისგან.

არაკომერციული ორგანიზაცია, ასევე არ კარგავს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ის არ არის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომლებიც არ იღებენ უცხოურ დაფინანსებას და არ არიან რეგისტრირებული უცხოური აგენტების რეესტრში.

შესაბამისად, უცხოური დაფინანსების მიმღები არაკომერციული ორგანიზაციებისათვის საკანონმდებლო ვალდებულების დაკისრება, რომ გაიარონ რეგისტრაცია პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, მიმართულია მხოლოდ ასეთი ორგანიზაციების დამატებითი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. 

სასამართლოსავე განმარტებით, რეგისტრაციის ვალდებულება არ ნიშნავს სახელმწიფო ჩარევას ან კონტროლის განხორციელებას არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობის მიზანშეწონილობაზე. არ ზღუდავს ასეთ ორგანიზაციებს და ამ საქმიანობაში მონაწილე პირებს სასამართლო დაცვის უფლების განხორციელებაში, სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების თვალსაზრისით“. 

„ქალი რომ გაიაზრებს, ისე კაცი ვერ გაიაზრებს“ – რას ფიქრობენ მაჭახლის ხეობაში ქალების პოლიტიკაში ჩართვაზე

„ქალები უფრო სუფთები არიან, მამაკაცები კი კორუფციისკენ არიან მიდრეკილები,“ „ქალები უნდა იყვნენ პოლიტიკაში“, „ქალი უფრო შორსმჭვრეტელია“, „ქალები უფრო წინდახედულები არიან, მეტად ფიქრობენ“, „გლეხებს რომ მოუსმენენ, გლეხი ქალებისთვის რომ იფიქრებენ, ისეთი ქალები მინდა იყვნენ პოლიტიკაში“, „ქალებმა რომ პარტია ჩამოაყალიბონ სოფელს ააშენებენ“, – ეს მაჭახლის ხეობის მცხოვრებთა მოსაზრებებია.

„ბათუმელებმა“ მათ ჰკითხა, რას ფიქრობდნენ ქალების პოლიტიკაში ჩართვაზე, მით უფრო მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ კვოტირების წესი გააუქმა, ახლახან კი წარმოადგინა საარჩევნო სია [დელეგატები], სადაც არც ერთი ქალი არ ჰყავს შეყვანილი.

„ბათუმელებმა“ გამოკითხვა მაჭახლის ხეობის სამ სოფელში – ცხემლარაში, ქოქოლეთსა და ჩიქუნეთში ჩაატარა. ყველა მოქალაქე, რომელსაც ქალების პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით აზრი ვკითხეთ, ამბობს, რომ ქალების პოლიტიკაში ყოფნა აუცილებელია. ნაწილის აზრით, თუკი საკანონმდებლო ორგანოში კაცზე მეტი ქალი დეპუტატი იქნება, უკეთესი ქვეყანა გვექნება.

„უნდა იყვნენ ქალები პოლიტიკაში, რადგან ნაკლებად არიან ქალები კორუფციაში ჩართულები,“ – ასე ფიქრობს სოფელ ქოქოლეთში მცხოვრები ნელი ბასილაძე.

„ქალი რომ გაიაზრებს, ისე კაცი ვერ გაიაზრებს. გააზრება ქალს უფრო მეტი აქვს, მე ასე მგონია, მაგრამ კაცები არ გვიჯერებენ ამას.

ქალებმა რომ პარტია ჩამოაყალიბონ სოფელს ააშენებენ.

თანასწორუფლებიანობა არისო ამბობენ და კაცმა რომ ქალს დაუჯეროს, ვფიქრობ არ იქნება წაგებული,“ – გვეუბნება ქოქოლეთში მცხოვრები სურიე დევაძე. მასაც სჯერა, რომ თუკი უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში ჩართული, უკეთესი მმართველობა გვექნება.

„ქალები აუცილებლად უნდა იყვნენ პოლიტიკაში. ქალები კაცებთან შედარებით ლმობიერად და კეთილსინდისიერად მოემსახურებიან ქვეყანას. იმიტომ, რომ ქალი ოჯახის დედაა, იცის შვილები როგორ უნდა გაზარდოს და საზოგადოებას როგორ უნდა მოეპყროს.

ქალები კორუფციაში რომ არ ებმებიან, ამიტომ უნდა მოვიდნენ. კაცები კორუფციაში არიან ყველა ჩაფლული,“ – თავის აზრს გვიზიარებს ქალების პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით სულიკო სალვარიძე, სოფელ ცხემლარას მცხოვრები.

„კაცი სანამ მოიფიქრებს, ქალს საქმე გაკეთებული აქვს“, რატომ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში - გამოკითხვა

„ბათუმელების“ მიერ გამოკითხული ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე მოქალაქეები იყვნენ. მათ შორის, მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც ცალსახად ითხოვენ, რომ ქალების პოლიტიკაში ყოფნა აუცილებელია.

„ქალები მარტო პოლიტიკაში კი არა, საერთოდ ყველა სფეროში უნდა იყოს. ვფიქრობ, ქალი უფრო შორსმჭვრეტელია. ყველა დადებით და უარყოფით ეფექტს მოკლე დროში ხედავს. ქალების პარტია რომ შეიქმნას, არ არის ცუდი აზრი. დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მეც. შეიძლება უფრო უკეთესი პარტია იყოს, ვიდრე აქამდე არსებული პარტიები არიან.

რატომ მომინდებოდა ასეთ პარტიასთან თანამშრომლობა? შეიძლება ისეთი ახალი კანონი ან კანონში შესატანი ცვლილებები წარადგინოს, რომ შედეგიანი იყოს დღევანდელი მაცხოვრებლებისთვის. ყველაფერი მოსალოდნელია,“ – გვითხრა მაგული აბაშიძემ, სოფელ ქვედა ქოქოლეთიდან.

მაგულის თქმით, მას პოზიტიური განწყობა აქვს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რადგან სოფელში გზა დააგეს და გაზიც აქვთ. მაგრამ დღემდე ერთი მოუგვარებელი პრობლემის წინაშეა სოფელი – არ დადის მუნიციპალური ტრანსპორტი. 3,5 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით მაგულის და მის მეზობლებს იმისათვის, რომ ბათუმში მიმავალ ტრანსპორტამდე მიაღწიონ.

წყალს ითხოვენ სოფელ კირკიტეთში მცხოვრები ლეილა კირკიტაძე და მისი მეზობლები. ლეილას აზრით, გადაწყვეტილების მიმღები პირები ქალები რომ იყვნენ, ისინი უკეთ იზრუნებდნენ ხალხზე და მათი ცხოვრების გაიოლებაზე.

„მე ვფიქრობ, ქალებს უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე კაცებს. ქალებში უფრო არაა ღალატი. ქალები აუცილებელია პოლიტიკაში. ისეთი პარტია უნდა შეიქმნას, რომ გლეხისთვის რაღაცა იფიქრონ. გლეხი ქალებისთვის, გლეხი ოჯახებისთვის. მარტო მათთვის არ უნდა იფიქრონ. გლეხებს რომ მოუსმენენ, ისეთი ქალები მინდა იყვნენ,“ – გვითხრა ლეილა კირკიტაძემ.

ლეილას ეთანხმება მისი მეუღლე, შოთა კირკიტაძეც.

„პოლიტიკაში როგორც კაცების ყოფნაა აუცილებელი, ისეა ქალები. ზოგჯერ შეიძლება ქალის მოსაზრება უფრო ძლიერი დარჩეს, ვიდრე კაცის. ქალი არ ებმება კორუფციაში: ეშინია, ოჯახზე ფიქრობს, კაცი კი ებმება, რადგან ფეხებზე კიდია,“ – გვითხრა შოთა კირკიტაძემ.

„რამდენადაც ქალზეა დამოკიდებული ოჯახში გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც ერთი პატარა ოჯახია. ქალს უდიდესი როლი აქვს და ქალი უნდა ფიგურირებდეს ყველა სფეროში.

ქალს უნდა შევეკითხოთ, სად რა და როგორ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მე აპოლიტიკური გახლავართ და არცერთი პარტიისადმი მიკუთვნებულობას არ ვიჩენ, ყოველთვის ვემსახურები მმართველ პარტიას.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა სფეროში ქალმა უნდა შეასრულოს თავისი უდიდესი როლი. იმიტომ, რომ ქალები ვართ ის ძლიერი ხალხი, რომლებსაც შეგვიძლია ყველანაირი სიძნელის გადალახვა.

კაცებს უფრო ნაკლები ნებისყოფა აქვთ, ვიდრე ქალებს. თუ უფრო მეტი ქალი იქნება ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვფიქრობ უკეთესად შეიცვლება ჩვენი ცხოვრება,“ – ეს სოფელ კირკიტეთში მცხოვრები ნებული შაშიკაძის მოსაზრებაა ქალების პოლიტიკაში ჩართულობასთან დაკავშირებით.

„ქალები არიან ქვეყნის ამომრჩევლების უმრავლესობა და როგორც მინიმუმ, არასწორია ის, რომ ამ უმრავლესობას არ წარმოადგენდეს ქალთა ისეთი რაოდენობა, რომელიც შეესაბამება ამ უმრავლესობას.

ზოგადად, ქალთა ჩართულობას პოლიტიკაში დიდი ხნის ბრძოლის ისტორია აქვს. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ დასავლური ცივილიზაცია თვლის, რომ  ქალების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობას პოლიტიკაში, აქვს საკვანძო მნიშვნელობა. იმისთვის, რომ ხელისუფლება ასახავდეს საზოგადოების შემადგენლობას და ის პრობლემები, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას აქვს, იყოს ასახული სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე.

ამიტომაცაა, რომ იმ ცხრა პუნქტიდან, რომელიც საქართველოს უნდა შეესრულებინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში,“ – ამბობს ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის აუცილებლობაზე ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია.

ნონა წოწორიამ „ბათუმელებთან“ ერთად შემოიარა მაჭახლის სოფლები. გამოკითხვის დასასრულს მას შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

„საოცარი ამ გამოკითხვის დროს იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ სხვადასხვა საკითხის მიმართ რესპონდენტებს, ყველას აზრი იყო ერთხმა, რომ საჭიროა მეტი ქალი პოლიტიკაში.

ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რა მოთხოვნებიც ევროკავშირს აქვს იმისთვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს, ასევე თანხვედრაშია ქართველი ქალების და კაცები, ორივე ჯგუფის ხედვასთან საქართველოს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

ცალსახად დამამახსოვრდა, მოქალაქეები ითხოვენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მართავენ, აუცილებლად იცნობდნენ მთას. ასევე იცნობდნენ იმ სოფლებს და იმ ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან ქალაქებს. ანუ მათი წარმოდგენით, მათი მართვა შეუძლიათ მხოლოდ იმ ხალხს, ვინც იცნობს ადგილობრივ პრობლემებს,“ – გვითხრა ნონა წოწორიამ.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის თქმით, იმ პერიოდში, როცა ბათუმში ცხოვრობდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და მას, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს, უფლება არ ჰქონდათ სპეციალური ნებართვის გარეშე მაჭახლის ხეობაში ან ზემო აჭარაში ემოგზაურათ.

„ჩაკეტილი საზოგადოება, ჩაკეტილი ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ბათუმში მცხოვრებს შესაძლოა არასდროს არ ჰქონოდა შესაძლებლობა მაჭახელას ხეობაში მოხვედრის. პირველ რიგში, ამიტომაც გვჭირდება ჩვენ ღიაობა და საჯაროობა, რომ ეს საზღვრები არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც არ იყოს.

მე ვიცი ჩემი ცხოვრებიდან, რას ნიშნავს დაკეტილი საზღვარი, რას ნიშნავს არამხოლოდ მაჭახელას ხეობაში ამოსვლის შეუძლებლობა, არამედ ისიც, რომ ჩემ ახალგაზრდობაში, საღამოს, ბათუმში ზღვაზე გასვლის უფლება არ გვქონდა. იმიტომ, რომ ბათუმის ზღვას იცავდნენ რუსი სამხედროები. ამის გახსენებაც კი ჩემთვის კოშმარია და პირდაპირ ასოცირდება ტოტალიტარიზმთან და დაკეტილ საზოგადოებასთან“, – ამბობს ნონა წოწორია.

„ოცნების“ კანდიდატის კომპანია ბათუმის მერიის 16-მილიონიანი ტენდერისთვის იბრძვის

მწვანე კონცხსა და მახინჯაურში წყლის სისტემის მოსაწყობად გამოცხადებულ 16-მილიონიან ტენდერში ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალს“ უჩივიან.

მომჩივანი კომპანია „ბილდინგ-დეველოპერ“ მომსახურებას შემსყიდველს 14,9 მილიონად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო პრეტენდენტი კი „ოცნების“ კანდიდატის და შემწირველის, გიორგი ჭყონიას კომპანიაა, რომელიც „ბათუმის წყალს“  მომსახურებას 185 ათასი ლარით ძვირად, 15 მილიონ 85 ათას ლარად სთავაზობს.

ტენდერი „ბათუმის წყალმა“ 2024 წლის 18 ივლისს გამოაცხადა. სატენდერო კომისიამ კი „ბილდინგ-დეველოპერს“ დისკვალიფიკაცია 2023 წლის 23 აგვისტოს ოქმით მისცა. თარიღში აშკარად ტექნიკური შეცდომაა, თუმცა, თუ ოქმის შინაარსს გადავხედავთ, დისკვალიფიკაცია კომპანიას სწორედ „ტექნიკური შეუსაბამობის“ გამო მისცეს.

ამონარიდი სატენდერო კომისიის ოქმიდან:

„ბილდინგ-დეველოპერი“ სატენდერო კომისიის ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და ოქმის გაუქმებას ითხოვს.

მომჩივანი კომპანია თვლის, რომ განფასება, რომელიც კომისიამ დაზუსტებულ დოკუმენტში შეუსაბამოდ ჩათვალა, ანალოგიურად იყო იმ დოკუმენტშიც, რომელიც კომპანიამ მანამდე წარადგინა, ვიდრე კომისია მონაცემების დაზუსტებას მოსთხოვდა. დასაზუსტებელ ოქმში კი, აღნიშნული განფასების დაზუსტებაზე არაფერი იყო ნათქვამი.

„2023 წლის [უნდა ეწეროს 2024 წელი] 23 აგვისტოს N3 ოქმის მიხედვით კომპანიის მიერ ატვირთულ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად [სატენდერო კომისიამ] დაადგინა, რომ ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის მე-7 სტრიქონის ქვესტრიქონები არ ითვალისწინებდა განფასებას. თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც ავტვირთეთ 2024 წლის 6 აგვისტოს ეს ქვესტრიქონები ანალოგიურად არის განფასებული, როგორც 2024 წლის 19 აგვისტოს დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში. კომისიის 2024 წლის N2 ოქმით კი, აღნიშნული ქვესტრიქონები არ ითვალისწინებდა დაზუსტებას.

შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციას შერჩევა-შეფასების დროს თავად გამორჩა დასაზუსტებელი პუნქტები და არ მიუთითა დასაზუსტებელი პუნქტების ჩამონათვალში სრულად, რითაც დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. ასეთი პრაქტიკის დაშვება და დანერგვა კი დაუშვებელია.

მოვითხოვთ გაუქმდეს სატენდერო კომისიის N3 ოქმი და ჩვენს კომპანიას არ მიეცეს დისკვალიფიკაცია“, – აღნიშნულია კომპანიის საჩივარში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში კომპანიის საჩივრის განხილვის თარიღად 2024 წლის 29 აგვისტოა ჩანიშნული.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, მეორე პრეტენდენტია შპს „გზა“, რომლის 100 პროცენტი წილის მფლობელი „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭყონიაა [ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა].

შპს „გზა“ გამარჯვებულად გამოავლინეს საერთაშორისო ტენდერშიც, რომელიც აჭარის 40 სოფელსა და დაბაში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 62 მილიონი ევროა. ეს პროექტი ფინანსდება 40 მილიონი ევრო შეღავათიანი სესხით KFW-სგან და 20 მილიონი ევრო გრანტით [აქედან 17 მილიონი ევრო – გრანტი KFW-გან ხოლო 3 მილიონი ევრო – გრანტი ევროკავშირისგან]. ამ შემთხვევაში ტენდერი „აჭარის წყლის ალიანსს“ ჰქონდა გამოცხადებული.

ვრცლად: აჭარის რომელ სოფლებში უნდა აშენდეს წელს წყლისა და კანალიზაციის სისტემები

რაც შეეხება „ბათუმის წყლის“ 16-მილიონიან ტენდერს, სამუშაოები ამ შემთხვევაში ბათუმის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. ამასთან, მოეწყობა მხოლოდ სასმელი წყლის სისტემა წყალარინების, ანუ საკანალიზაციო ქსელის გარეშე. მერიის ადრინდელი განცხადებებით სამუშაოები KFW-ს მხარდაჭერილ მეხუთე ფაზაში უნდა შესრულებულიყო, თუმცა ქალაქის მერიაში გვითხრეს, რომ დაფინანსება საკმარისი არ აღმოჩნდა.

მწვანე კონცხსა და მახინჯაურში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა სავარაუდოდ მე-6 ფაზაში განიხილება, თუმცა, ვინ დააფინანსებს ამ „მეექვსე ფაზის“ სამუშაოებს და არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ ქალაქი შეღავათიან კრედიტს ისევ KfW-გან მიიღებს, უცნობია.

___

ამ თემაზე ვრცლად:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

 

ახალი მუნიციპალური პარკი ჭაჭა თაუერის ადგილას

ჭაჭა თაუერის ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება. ბათუმის საკრებულომ შპსბათუმი რივიერასმიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა

პარკში შენარჩუნდება არსებული ხეები, დაირგვება მრავალი ახალი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. ბათუმელებს და პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები. პარკი ბუნებრივად ინტეგრირდება ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში, როგორც ბათუმის ბულვარის გაგრძელება

ბათუმში ახალი პარკის პროექტირებისთვის ლანდშაფტის დიზაინის წამყვანი დანიური კომპანია “MASU Planning” მოვიწვიეთ. სწორედ მათი პარტნიორია ცნობილი იაპონური არქიტექტურული სტუდია კენგო კუმა არქიტექტს (KKAA), რომელიც სილქ თაუერსის პროექტზე უკვე მუშაობს. ამ ორ კომპანიას ბევრი წარმატებული ერთობლივი პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში.

ბათუმსაც შეემატება თანამედროვე, მდგრადი არქიტექტურის პრინციპებით მოწყობილი პარკი, სადაც ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დაისვენებენ და ისიამოვნებენ ბათუმის სანაპიროს და ქალაქის სილამაზით. ეს პარკი ქალაქის საკუთრება იქნება და დარწმუნებულები ვართ, ბათუმის ურბანული სივრცის ორგანული ნაწილი გახდება.”- ალექსანდრე ტოგონიძე, “ბათუმი რივიერასდირექტორი

პარკის კონცეფცია შემუშავდა უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, საიდანაც პარკი ორ ჰექტარ მიწაზე გაშენდება. კომპანია პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს. სამშენებლო მოედნის მომზადების სამუშაოები უკვე დაწყებულია. 

 

ნაკელი და ნაგავი ბახმაროს კინოთეატრში – ფოტო

ბახმაროს კინოთეატრის ახალ შენობაში, რომელიც 2012 წელს აშენდა და რომელსაც, როგორც აქ ამბობენ, არასოდეს უმუშავია, ნაგავი და ნაკელი ყრია.

დაზიანებულია დარბაზის სკამები, დამტვრეულია იატაკის ფილები, დაზიანებულია ჭერი.

ბახმაროს კინოთეატრის შენობა 2019 წელს დაარბიეს, რაშიც პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი ამხილა. შენობაში დაზიანებული ინვენტარის ნარჩენები დღემდე ყრია.

ბახმაროს კინოთეატრის შენობა მდებარეობს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფი ბახმარომ“ 2024 წლის თებერვალში იყიდა. გარდა ამ ნაკვეთისა „ორბი ჯგუფი ბახმაროს„ საკუთრებაშია ბახმაროში მდებარე 9 მიწის ნაკვეთი, ჯამში 4 ჰექტარზე მეტი მიწა, რომლებიც 2019 წელს სახელმწიფომ კომპანიას 1 ლარად მიჰყიდა.

ბახმაროს კინოთეატრის ერთ-ერთი შესასვლელი დაზიანებული ნაგვის ურნებით არის ჩახერგილი
კინოთეატრი ბახმაროში
კინოთეატრი ბახმაროში
კინოთეატრი ბახმაროში
კინოთეატრი ბახმაროში
კინოთეატრი ბახმაროში
კინოთეატრი ბახმაროში
კინოთეატრი ბახმაროში

ნაკელი კინოთეატრის შენობის თითქმის სრულ პერიმეტრზე
კინოთეატრი ბახმაროში
ბახმაროს კინოთეატრის დაზიანებული ჭერი
დამწვარი სკამების ნარჩენები

როსტოვში უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად ნავთობის საცავი იწვის

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და სპეციალური ძალების სპეცრაზმის სამხედროებმა რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის საცავს, „ატლასს“ უკრაინული წარმოების დრონებით შეუტიეს.

აღნიშნული საცავი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია და ნავთობპროდუქტებს აწვდის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

თვითმხილველების თქმით, ნავთობის საცავში ხანძარი ამ დრომდე გრძელდება.

_________

ფოტო: „ტელეგრამი“

 

სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 22-25 აგვისტოს სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური ასევე, ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 402,08 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 47 214,18 ლარი შეადგინა. აღნიშნულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრების მიერ კიდევ ერთი კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა – უცხო ქვეყნის მოქალაქეს საზღვარზე არადეკლარირებული 40 000 აშშ დოლარი და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა: 328.46 გრამი) შემოჰქონდა.

უწყების ცნობით, კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბათუმში ჭაჭა თაუერს დანგრევა დაიწყეს

ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარედ ჭაჭა თაუერს ანგრევენ.

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ არსებული სკვერის კონცეფცია ბათუმის მერიას შპს „ბათუმი რივიერამ“ წარუდგინა. კომპანიის განცხადებით, პარკის კონცეფცია, რომელიც „ქალაქის საკუთრება იქნება“ საკრებულომ მოიწონა. ჭაჭა თაუერის დანგრევას სწორედ ეს კონცეფცია ითვალისწინებს.

ბათუმში ჭაის კოშკის დანგრევა დაიწყეს / 28.08.2024. ფოტოები: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, სკვერის კონცეფცია მოიცავს ე.წ. „ბურუნ-თაბიეს“ ტერიტორიას, რომელიც ერთი მხრიდან ნავსადგომსა და გოგებაშვილის ქუჩას შორის არის მოქცეული, ხოლო მეორე მხრიდან – ბულვარსა და ე.წ. „ჭაჭის კოშკის“ სკვერს შორის.

ბათუმში ჭაის კოშკის დანგრევა დაიწყეს / 28.08.2024.

„ჭაჭის თაუერი“ 2012 წელს აშენდა. მისი მთავარი გუმბათი 25 მეტრი სიმაღლისაა, დანარჩენი 4 გუმბათი კი – 5 მეტრი სიმაღლის. კოშკს გარს აკრავს ოთხი შადრევანი. თითოეულ მათგანზე დამონტაჟებულია ჭაჭის ჩამოსასხმელი, სადაც ჭაჭა, განსაზღვრულ საათებში, სპეციალური სენსორული მოწყობილობის საშუალებით მოედინებოდა.

„ჭაჭის თაუერის“ მშენებლობაში ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან თავის დროზე 810 055 ლარი დაიხარჯა.

ბათუმში ჭაის კოშკის დანგრევა დაიწყეს / 28.08.2024.

ამ თემაზე:

ანგრევენ ჭაჭა თაუერს, რაშიც ბათუმმა 810 000 ლარი დახარჯა – „რივიერას“ კონცეფცია დაუმტკიცეს

„ოცნებას“ ყველაზე ბევრი აჭარიდან შესწირეს – მშენებლების „ფანდრაიზინგი“

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. დელეგატების წარდგენის შემდეგ თქვა, რომ საარჩევნოდ პარტიის ფანდრაიზინგი მას ევალება. ეს იგივეა, რაც არჩევნებზე პიარისთვის დასახარჯი ფულის შეგროვება. პრემიერმა განგვიმარტა ისიც, რომ „მთელ მსოფლიოში“ ასე ხდება.

შემოწირულობა ერთხელაც თუ გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ აგვისტოში ყველაზე მეტი ფული პარტიისთვის ირაკლი კობახიძეს აჭარაში შეუგროვებია, ეს თანხა ნახევარ-მილიონზე მეტია. ერთი თვალის გადავლებით მიხვდებით იმასაც, რომ „ოცნების“ სასარგებლოდ ძირითადად ის იხდის, ვინც დიდ ფულს აკეთებს ტენდერებიდან, მშენებლობიდან და ასე შემდეგ.

აგვისტოს მონაცემებს თუ შევისწავლით, მათი უმეტესობა სამშენებლო კომპანიის მფლობელია.

8 აგვისტოს „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის შვილმა, თემურ ბიწაძემ „ოცნებას“ 45 000 ლარი შესწირა, მმართველი პარტიის ანგარიშზე მან  გასული წლის ბოლოსაც გადარიცხა 40 000 ლარი. საერთო ჯამში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მმართველი პარტიის ანგარიშის შესავსებად თემურ ბიწაძემ 85 000 ლარი გაიღო. თემურ ბიწაძე თავადაც რამდენიმე სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი, თანამფლობელი და ხელმძღვანელია.

იმავე დღეს „ოცნებას“ 58 000 ლარი შესწირა „ალიანსის“ ფინანსურმა დირექტორმა დავით ბალაძემ. 2023 წლის დეკემბერში კი მას „ოცნების“ ანგარიშზე 60 000 ლარი აქვს შეტანილი. დავით ბალაძე „ოცნების“ შემწირველია 2019 წლიდან, ამ დროიდან 2024 წლის ჩათვლით მან „ოცნებას“ 258 000 ლარი შესწირა.

დავით ბალაძე აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრია. ერთ-ერთი კომპანიის დირექტორად ზაურ ფუტკარაძის დანიშვნის შემდეგ ის მეორე ყოფილი მინისტრია, რომელიც „ალიანსისთვის“ მუშაობს.

8 აგვისტოს „ოცნების“ ანგარიშზე 58 000 ლარი შეიტანა „ალიანსის“ კიდევ ერთმა პარტნიორმა და თანამესაკუთრემ, ბესიკ ჟღენტმა. გასული წლის ბოლოს მან ასევე შესწირა „ოცნებას“ 60 000 ლარი. ბესიკ ჟღენტს „ოცნებისთვის“ თანხა 2020-2021 წლებშიც შეუწირია, ჯამში 120 000 ლარი.

ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ალიანს ცენტროპოლისის“ კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო. მარცხნიდან მეორე „ალიანსის“ დამფუძნებელი გია ბიწაძე, ყოფილი პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ფოტო: საქართველოს მთავრობა.

2024 წლის 8 აგვისტოს „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა ზურა ნასყიდაშვილმა, ის შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტის“ ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორია, ამ კომპანიას ბათუმის ანბანის კოშკი მართვაში აქვს გადაცემული. ზურა ნასყიდაშვილი ხელმძღვანელობს შპს „მზიური დეველოპმენტს“, რომელმაც მახინჯაურში, ზღვასთან ახლოს მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენა. ის კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელი და თანამფლობელია.

„მზიური დეველოპმენტი“ – მიმდინარე მშენებლობა

„ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა ბიზნესმენმა ჯუმბერ ზოიძემ. ის რამდენიმე სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელია. მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა მისმა პარტნიორმა თამაზ ბექაიამაც. 40 000 ლარი შესწირა ასევე  „ოცნებას“ ჯუმბერ ზოიძის კიდევ ერთმა პარტნიორმა დავით დუმბაძემ, ის შპს „ჯეილან ჯორჯიას“, შპს „ტექნიკ სერვისის“ და სხვა კომპანიების დამფუძნებელი და თანამფლობელია. ოცნებას 15 000 ლარი შესწირა ალექსანდრე ბაღათურიამ, ისიც ჯუმბერ ზოიძის პარტნიორია.

2 აგვისტოს ნუკრი დოლიძემ „ოცნებას“ 58 000 ლარი შესწირა. ის შპს „ბონდი 2009“-ის დამფუძნებელი და ერთ-ერთი მფლობელია. ეს კომპანია სახელმწიფო უწყებების მაღალბიუჯეტიან ტენდერებს იგებს. ნუკრი დოლიძე შპს „მონოლითი 2005“-ის და კიდევ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და თანამფლობელია.

ის იყო ბათუმის 2007-2010 წლების საკრებულოს წევრი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი კომპანიების სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის ისტორიაც. მისი შვილი ლევან დოლიძე კი ბათუმის საკრებულოს წევრია „ოცნებიდან.“

„ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა ბიზნესმენმა რამინ დავითაძემ, ლაშა ზოიძემ კი მმართველ პარტიის ანგარიშზე 50 000 ლარი შესწირა, ჯემალ და ომარ ბოლქვაძეებმა ოცნებას 25-25 000 ლარი შეწირეს.

„ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა „ელთ ბილდინგის“ მფლობელმა ელგუჯა თურმანიძემ. მან ახალი ბულვარის მიმდებარედ რამდენიმე მასშტაბური სამშენებლო პროექტი დაასრულა, რამდენიმეს კი ახლა აშენებს.

25 ივლისს „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა თენგიზ პეტრიძემ, ბათუმის ყოფილი მერის, ყოფილმა მოადგილემ. ის ახლა გია ჭყონიას ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია.

თავად გია ჭყონიამ კი, რომელიც პრემიერ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით „ოცნების“ გამსვლელ სიაში იქნება, მმართველ პარტიას 2024 წელს 50 000 ლარი, გასული წლის ნოემბერში კი 60 000 ლარი შესწირა. საერთო ჯამში 2016 წლიდან დღემდე გიორგი ჭყონიას 460 000 ლარი აქვე შეწირული „ოცნებისთვის“.

გია ჭყონიამ 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო ტენდერებიდან – მან მთავრობას ჩარტერი დაუფინანსა.

ბათუმელი ბიზნესმენები მალიორკაზე – ბიზნესმენი გიორგი ჭყონია (მარჯვნიდან პირველი) აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესა და სხვა ბიზნესმენებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სწორედ ბათუმში მოქმედმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს.

19 აგვისტოს ბიზნესმენმა გელა გაბაიძემ „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა, ის დიდი ხანია, რაც სამშენებლო ბიზნესშია. ის არის „ტერასა ბათუმის“, „ბლექ სი ტერასას“ და კიდევ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და თანამფლობელი. გელა გაბაიძემ 60 000 ლარი „ოცნებას“ გასული წლის ნოემბერშიც შესწირა. 2021 წელს კი 10 000 ლარი შეუწირია მმართველი პარტიისთვის.

30 000 ლარი შესწირა „ოცნებას“ შპს ინსტრა-ბათუმის დირექტორმა დალი ჯიჯავაძემ. ის არის ასევე შპს ბლექ სი ფერის და კიდევ რამდენიმე კომპანიის თანამფლობელი და ხელმძღვანელი.

2023 წლის 7-8 დეკემბერს მმართველი პარტიის ანგარიშზე „ნოვას“ პარტნიორებმა საერთო ჯამში 300 000 ლარი შეიტანეს.

შპს „ნოვას“ ერთ-ერთმა მესაკუთრემ, ჯემალ ბოლქვაძემ „ქართულ ოცნებას“  60 000 ლარი შესწირა. მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე გასული წლის 8 დეკემბერს დაფიქსირდა.
ჯემალ ბოლქვაძე შპს „ნოვას“ 20 პროცენტის მფლობელია. ის შპს „აბბარენთის“ 50 პროცენტს, შპს „ბიას“ 25 პროცენტს და შპს „ელიტ ჰაუსის“ 12.5 პროცენტს ფლობს. ის არის ასევე შპს „ნოვა ტრანსის“ 20 პროცენტის მფლობელი.
„ნოვა“ დიდი ხანია, რაც ბაზარზე სამშენებლო მასალებისა და ავეჯის აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.
შპს „ელიტ ჰაუსი“ კი სამშენებლო კომპანიაა, ბათუმის ახალ ბულვართან და ზღვასთან ახლოს მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა მისმა პარტნიორმა ზვიად აბულაძემაც. ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და 20 პროცენტის მფლობელია. ის ფლობს ასევე შპს „ბიას“ 25 პროცენტს, „ელიტ ჰაუსის“ 25 პროცენტს და „ნოვა ტრანსის“ 20 პროცენტს.
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად, პოლიტიკური სიმპათიები ფულადი შეწირულობით ზვიად აბულაძემ მეორედ დააფიქსირა. 2012 წელს მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 25 000 ლარი შეუწირია.
„ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა „ნოვას“ კიდევ ერთმა თანამფლობელმა ჯემალ ანთაძემ. 60-60 ათასი ლარი შეიტანეს „ოცნების“ ანგარიშზე „ნოვას“ პარტნიორებმა – რამაზ ირემაძემ და ემზარ ირემაძემაც.

გასული წლის ბოლოს „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა აკაკი სონგულიამ, ისიც „ალიანსის“ პარტნიორია. 2011 წლამდე სონგულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. „ალიანსში“ 2016 წლიდან გამოჩნდა. „ოცნების“ მხარდაჭერა კი ცოტა ადრე, 2014 წელსაც ფულადი შენატანით, 20 000 ლარით გამოხატა.

2023 წლის ბოლოს „ოცნებას“ თანხები „ალიანსის“ მენეჯმენტში დასაქმებულებმაც შესწირეს. გასული წლის დეკემბერში „ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა მაგდანა ფეიქრიშვილმა, ის „ალიანსის“ გაყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

2021 წელს მან „ოცნებას“ თანხა ორჯერ, ჯამში 60 000 ლარი, ხოლო 2020 წელს 40 000 ლარი შესწირა. „ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა სალომე სიხარულიძემ, ის „ალიანსის“ გაყიდვების უფროსი მენეჯერია. 2020-2021 წლებში სალომეს „ოცნების“ ანგარიშზე ჯამში 50 000 ლარი შეუტანია.

„ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებელი გია ბიწაძე „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და შემწირველია. 2014 წელს გიორგი ბიწაძემ „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 611 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090]
  • ტანკი – 8 568 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 16 681 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 17 522 ერთეული [+27]
  • MLRS – 1 174 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 938 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 348 ერთეული [+94]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 553 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 654 ერთეული [+41]
  • სპეცტექნიკა – 2 950 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 640 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 30 613 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 589 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 426 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 720 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 312 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კიევი: ჩამოგდებულია რუსული სუ-25

უკრაინამ შექმნა პირველი ბალისტიკური რაკეტა – ზელენსკი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო

„სიღარიბეში გავიზარდე და ვიცი, რომ ძალიან ძნელია სიღარიბე. როცა ბავშვები კანფეტს ჭამდნენ და ქაღალდს აგდებდნენ, ავიღებდი და ვყნოსავდი, რა კაი სუნი აქვს-მეთქი. ამის თავიდან აცილება მინდოდა. არ მინდოდა, რომ უბრალოდ მეარსება. მეც მინდოდა მქონოდა ის კანფეტი.

სწორედ ამისთვის ვიბრძვი.

ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. წელს მე აქ სიკვდილმისჯილი ვარ.

მინდა მქონდეს პატარა მიწა, სადაც ცალკე სახლი და ბოსელი მექნება, თავშესაფარი ჩემი ცხოველებისთვის, რათა როგორც მუშა ფუტკარმა, ისე ვიფუსფუსო და ვიყო ბედნიერი. აი, როგორც ჭრიჭინა, ისე. აბა დელი დელი დელა…“ – წაიმღერა ნათიამ და ხმა გაუწყდა – „ნეტა რა მაცინებს?“

38 წლის ნათია აბულაძე მთელი ცხოვრებაა იბრძვის, რომ სიღარიბეს თავი დააღწიოს და მშობლებისგან დამოუკიდებლად, მოძველებული ტრადიციული შეხედულებებისგან თავისუფალმა იცხოვროს.

YouTube video player

ნათია იხსენებს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მის ცხოვრებაში იყო დრო, როცა „თვალი მხოლოდ გაპრანჭვაზე ეჭირა“, მაგრამ მალევე მიხვდა, ეს არაფერს მომიტანსო. ორი ხბო იყიდა და მესაქონლეობას მიჰყო ხელი. ამ ორიდან ერთი მგელმა შეუჭამა, მაგრამ ყურები არ ჩამოყარა და ბრძოლა განაგრძო.

ახლა ნათიას 30 სული პირუტყვი ჰყავს, თუმცა არ აქვს ბოსელი და არ აქვს სახლი, სადაც დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებდა. ნათიას წასასვლელი არსად აქვს, ის მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

ბევრჯერ ეცადა საქონლის გაყიდვას, თუმცა მისი თქმით, ის ფასი, რასაც პირუტყვში სთავაზობენ საგრძნობლად დაბალია.

მაგრამ ნათია ბევრს მუშაობს და ოცნებობს პატარა სახლსა და პირუტყვის სადგომზე, რომ მშვიდად იცხოვროს და საქმის კეთება განაგრძოს.

ნათია არ ნებდება. გასულ წელს, პირუტყვისთვის სადგომის შეძენაში დახმარების თხოვნით მან მთავრობასა და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ნათია გულდაწყვეტით ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოატყუა.

ნათიას ხულოში, სოფელ ვაშლოვანის იალაღზე შევხვდი. მემთეურები უკვე ნელ-ნელა ტოვებენ იალაღს, პირუტყვი ბარში, სოფლებში ჩაჰყავთ, მაგრამ ნათიამ არ იცის, სად უნდა წაიყვანოს თავისი ძროხები.

„ვარ დარჩენილი აქ, იალაღზე, რადგან წასასვლელი არსად მაქვს. საკუთარი არაფერი არ მაბადია, გარდა ამ პირუტყვისა. შარშან 20 სული იყვნენ, წელს – 30. უკვე სამი თვეა, რაც აქ ვარ. მყიდველები რომ მოდიან, იძახიან – „რა პატარაა, მოდი, 50 ლარში მომეცი და წავიღებ“. თან – „წავიღებ“ – ასე ამბობენ. ამდენ შრომას როცა ვდებ, ვერ გავატან ასე, ჰაერზე. მშობელიც ვერ მეხმარება, იმიტომ, რომ 500 მეტრი მიწა აქვს. სახლიც და პატარა ბოსელიც ამ მიწაზეა. მანქანის გასაჩერებელი ადგილიც არ რჩება.

ვწვალობ.

მშობლები მეუბნებიან, საქონელი უნდა გაყიდოო. ჩაი დალიე და ნუ იკლავ თავსო. მე კი არ მინდა უბრალოდ ვარსებობდე. მინდა წინ წავიდე, განვვითარდე და ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ.

იმის გამო, რომ მათხოვარი და მაწანწალა არ ვყოფილიყავი, ვიფიქრე, მოდი, რაღაცას გავაკეთებ, მე შევცვლი ჩემს ცხოვრებას – გამოვალ სიღარიბიდან. სხვა რა უნდა გააკეთო ღარიბმა ადამიანმა? ვიყიდე ორი ხბო და გავზარდე. ორი ოთხი გახდა, ოთხი – ექვსი და ასე შემდეგ. ზოგი დამეღუპა, ზოგი მგელმა შეჭამა, მაგრამ მაინც არ ვნებდები და ვიბრძვი.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე

შარშან 20 სული მყავდა და სახელმწიფოს ვთხოვე, რომ დამხმარებოდა. მითხრეს, ჩვენ ასეთი ფონდი არ გვაქვს, ამოწურულია და როგორც გინდა ისე მოიქეციო. ვუთხარი, სოფლის მეურნეობის მინისტრს დამალაპარაკეთ-მეთქი. ჩვენ ვერ ვხვდებით მაგას და შენ საიდან უნდა შეხვდეო.

გული მომიკლეს საბოლოოდ. იალაღზე ვიყავი და ველოდი, ეგებ რაღაც დახმარება გაეწიათ ჩემთვის, მაგრამ ერთ დღეს გავიხედე, რომ ისე თოვდა, შიშით გული კინაღამ გამისკდა.

მთელი დღე ვებრძოდი ქარბუქს. სახლებს მოხადა სახურავი და ხან სად გადააფრენდა და ხან – სად. ძროხებს შესცივდათ. კუდი ამოიჩარეს ფეხებში, კბილების კრაჭუნი დაიწყეს. თოვლმა დაფარა ყველაფერი. არც საკვები მქონდა, არც სითბო, არაფერი. საკუთარი ძალებით ვიბრძოდი საქონლის გადასარჩენად იმის იმედით, რომ მთავრობა რაღაცას დამეხმარებოდა.

ვიფიქრე, ამ სახლში ამოვიტან თივას, დავყრი და გამოვაზამთრებ ძროხებს, მაგრამ წყალი რომ გაიყინოს, რა ვქნა – მეთქი?! შარშან მგლები დამესივნენ, ძროხის სუნზე შეძვრნენ ქვემოთ. ბაგაში ჩავძვერი, რომ აიწყვეტდნენ ძროხები, მივაბამდი. დედაჩემს შიშით გული კინაღამ გაუსკდა. ლოგინში ჩაწვა და ხმას ვეღარ იღებდა.

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარეს ვთხოვე მაშინ, რომ ასეთი სიტუაციაა და იქნებ დამეხმაროთ რამენაირად-მეთქი. ვყიდდი და არ გაიყიდნენ, როგორ ფასშიც მე მინდოდა. უნდათ 1000 ან 500 ლარში. ავუხსენი ჩემი სიტუაცია, ბოსელი არ მაქვს სოფელში და მთაში არ გამიყინოთ პირუტყვი-მეთქი. რაღაც ვქნათ, დამეხმარეთ, მეც რაღაცას ვიზამ და ეგებ… სახელმწიფო ხარ და მეც სახელმწიფო ვარ, ჩემნაირებისგან შედგება სახელმწიფო.

მერს დაველაპარაკებით და რაღაცას ვიზამთო – მითხრა.

სიხარულისგან იცი როგორ ამოვედი იალაღზე?! სირბილით! გახარებული ვიყავი: დამეხმარებიან, მე ეს შევძელი, მე ეს გამომივიდა! და „ჩემი ფეხები“! ბოდიში.

დღეს ისევ ასე ვარ, ჩემი ხელების და ფეხების ამარა. ახლა უკვე მართლა არ მაქვს იმედი, იმიტომ, რომ ბევრნი არიან და ასეთი ბოსელი არავის არ აქვს. რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე? არ ვიცი. ცოტა ხნის მერე რომ დავურეკე საკრებულოს თავმჯდომარეს, მითხრა – მე ჩემი ძროხები მომწყენიაო. გული მომიკვდა. სხვა რაღა უნდა მეთქვა და რა უნდა გამეკეთებინა? შემომითვალეს, სასაკლაოა აგერ თუ ვერ გაყიდა, ჩამოკიდოს ფეხებითო“.

გასულ წელს ნათია იალაღზე პირუტყვთან ერთად რომ არ გაყინულიყო, მათ ჩამოსაყვანად ადგილზე პოლიცია და მაშველები ავიდნენ.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე

„იქ შემხვდა ერთი ქალი პოლიციელი და მითხრა, თავს რატომ აკლავ მაგ პირუტყვს, წაისვი მანიკიური, გაიარე, თმები გაისწორე…

დღესაც ჩაფიქრებული დავდივარ, ნუთუ ეს სამარცხვინო საქმეა?! დამამცირა. სილამაზეზე ღირებულიც არსებობს. ჩემნაირი დაკოჟრილი, დახეთქილი ხელები… მას ჰგონია, რომ მე არ ვარ ლამაზი, მე არ მინდა „გაკრასვა“ და არ შემშვენის? მე დღეს უფრო ღირებულად ის მიმაჩნია, რომ სიღარიბეს თავი დავაღწიო. ალბათ მოვა დრო და მეც „გავიკრასკები“.

ნათიამ მიამბო, როგორ მდგომარეობაში მოუწია მთელი ზამთრის გატარება ბარში ჩამოსულს მას შემდეგ, რაც მაშვლებმა იალაღიდან სოფელში ჩამოიყვანეს, სადაც საქონლისთვის სადგომი არ ჰქონდა.

„პირველ დღეს საქონელი სკოლის ეზოში შევრეკე და ღამე იქ გავათიე. კარგა ხანს ვერ ვიპოვე სადგომი. ჩვენი სახლის 10-სულიან ბოსელში 20 სული მყავდა შეშვებული. ერთი ძროხა მომიკვდა.

არავინ არ დამეხმარა და ბოლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც სოფელში არ ცხოვრობდა და ცარიელი ჰქონდა ბოსელი, მითხრა, შეუშვიო. პატარა იყო ეს ბოსელიც, მაგრამ 12 სული შევუშვი როგორღაც. ნახევარი ჩვენი სახლის ბოსელში გამოვაზამთრე, ნახევარი – იქ. ძალიან აღმართში იყო ეს ბოსელი და დღეში სამჯერ ავდიოდი პირუტყვზე რომ მეზრუნა.

მთელი ზამთარი ხის ტოტებზე ვიყავი გამოკიდებული, ოღონდ ეცოცხლათ. აქედან რომ ჩავედი, უკვე ზამთარი იყო და რა დროს ვუყიდდი საკვებს? ყველას გაყიდული ჰქონდა. სულ ხის ტოტებზე ვიყავი ციყვივით შემოსკუპებული. მარტო წვერებს ვუტოვებდი ხეს. დავამტვრევდი ტანებს, მოვიგდებდი ზურგზე… საქონელს რომ ჩავუყრიდი და კნატაკნუტს დაიწყებდნენ, ჩემთვის ყველაფერი იყო ეს, ბედნიერი ვიყავი.

ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ჩვენ რეგიონებში აღმოვფხვრით სიღარიბესო. მე დიდ სტიმულს მაძლევდა ეს სიტყვები და მუხლმოდრეკად ვშრომობდი, დღე და ღამეს ვასწორებდი, ეგება რამე გვეშველოს – მეთქი. ადამიანო, თუ კი შენ გლეხს არ დაასაქმებ, სასაკლაოზე გამიშვებ…

მეუბნები: უბრალოდ იარსებე და ნუ წვალობ. მე მინდა, რომ ამოვიდე სიღარიბიდან და გთხოვ, მშრომელი ადამიანი ვარ, ვიშრომებ და არ მაშრომებ… ისევე, როგორც მცენარეს სჭირდება ნიადაგი, რომ აღმოცენდეს და ყლორტი და ფოთლები გაშალოს, ისე სჭირდება გლეხსაც მთავრობის ხელშეწყობა. რა გააკეთოს საწყალმა გლეხმა, როცა არის ღარიბი და ღატაკი. უნდა შრომა, მაგრამ არანაირი პერსპექტივა და შესაძლებლობა არ აქვს, მაგალითად, მე – აგერ“.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე

ნათია ამბობს, რომ პირუტყვის გაყიდვა ბევრჯერ სცადა, თუმცა, გარდა იმისა, რომ მისი თქმით, მყიდველების შემოთავაზებული ფასი ძალიან დაბალია, ასევე, მას სჭირდება გარანტია, რომ თუ მაინცდამაინც სახორცედ წაიყვანენ საქონელს, ძროხები, რომლებიც ახლა მაკედ არიან, ხბოების დაბადებამდე არ დაკლან.

როგორც ნათია ამბობს, მისთვის დიდი სირთულეა რძის ნაწარმის გაყიდვაც, რადგან იალაღიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს: „მძღოლს გაატანდი და სთხოვდი ჩაებარებინა. მე ვერ მივდივარ, ერთი დღითაც ვერ ვტოვებ საქონელს. ვინ უნდა მიხედოს?“

ნათიას იმედი აქვს ადამიანების, რომლებიც მას გაუგებენ.

„მიწა რომ მქონდეს, ერთი-ორი პირუტყვი გავყიდო და რამე ჩავდგა… მაგრამ მე ხომ მიწა არ მაქვს?!

მშობელმა მითხრა, არ გვაქვს ამდენი საქონლისთვის ბოსელი, მე ვერ გაგიკეთებ და რომ არ გაყიდო, არ ჩამოგიშვებ სახლშიო. არ მინდა ასე, მთელი ცხოვრების ნაწვალებს როგორ გავანიავებ, აბა?! მერე რა ვქნა?! რა ვაკეთო?! დავჯდე და მართლა მანიკიური ვისვა?!

მე მინდა, რომ ჩემი მცირე დანაზოგით და მოქალაქეების დახმარებით, თუ კი გვერდში დამიდგებიან, სადმე მოშორებით, ცალკე პატარა სახლი გავიჩინო, დამოუკიდებლად ვიცხოვრო და ჩემი საქმე ვაკეთო. მივხედო პირუტყვს“.

ჩვენი საუბრისას ნათიამ ბევრჯერ თქვა, რომ მისი უწყვეტი და დაუღალავი შრომა სიღარიბისგან თავის დაღწევის მცდელობაა. მას დღემდე ცხადად ახსოვს, რა გამოიარა სიღარიბის გამო.

„ისე ვიზრდებოდით, რომ ხან გვქონდა საჭმელი და ხან – არა. მეცხრე კლასში მომიწია ბათუმში ექსკურსიაზე წასვლა. ბაბუ, ექსკურსიაზე მივდივართ და ეგებ ხუთი ლარი მომცე-მეთქი. მომცა 8 ლარი. ჩავედით ბათუმში. ზოგი „ეშმაკის ბორბალზე“ დაჯდა, ზოგი – სად. ვიცოდი, რომ ფული არ მეყოფოდა და მოვიმიზეზე, რომ „ეშმაკის ბორბლის“ მეშინოდა. არ დავჯექი. რომ მოვდიოდით, ორი კილო შაქარი ვიყიდე და წამოვიღე. დავმალე, ბავშვებს რომ არ დაენახათ და არ დაეცინათ ჩემთვის. დილას ჩაი რომ მიმეყოლებინა მჭადისთვის და სკოლაში ცუდად არ გავმხდარიყავი.

ეს მხოლოდ არსებობა იყო. არ მინდა ახლაც ასე იყოს. მინდა, ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ. ვშრომობ“.

ნათია საუბრობს იმაზეც, რომ „აჭარაში გოგო შვილს დიდ უპირატესობას არ ანიჭებენ“, ქალს ხშირად უთითებენ, რომ დროა დაქორწინდეს და მისი პირადი მიზნებისთვის პირუტყვის მოვლას შეეშვას.

„…სხვისი აზრით ძალიან ძნელია ცხოვრება. ვერა და ვერ მოვახერხე ჩემი შრომით პატარა ქოხი ვიყიდო.

მინდა, სახლში რომ მივალ, მშვიდად ვიყო და დაღლილს აღარ დამიწყონ ყვირილი. ხომ ხვდებით, არა?! იმდენი ვქენი, 30 სული პირუტყვის შეგროვება მოვახერხე. აი, გავიგონებ – „ჭინჭარი 20 თეთრი ღირს“, გავიქცევი და ვკრეფ, რომ ჩავაბარო და პირუტყვს წამალი, ქატო, მარილი, ზამთრის საკვები ვუყიდო“.

იალაღზე დილით პირუტყვის მოვლისა და სადგომის დასუფთავების შემდეგ ნათია მაშინვე კენკრის, ნეგოს, ჭინჭრის ან სხვა მცენარეების შესაგროვებლად მიდის, რომ პირუტყვის საკვების ფული შეაგროვოს.

ნათიას ვკითხე, ბოლოს შენთვის რა იყიდე-მეთქი. მითხრა, რომ თმის საღებავი, გასულ წელს, მაშინ შევხვდი საკრებულოს თავმჯდომარესაცო.

ახლა ნათიას პირუტყვი იალაღზე ორ ბოსელში ჰყავს გადანაწილებული. ერთ მოსახლეს სახლი დაკეტილი ჰქონდა და ნათიამ სთხოვა, მისთვის დაეთმო, სანაცვლოდ კი კარტოფილი გაუთოხნა და კიდევ პატივსაც ვცემო – ამბობს. აქ ნათიას დენი არ აქვს და არც კარგი ფანარი.

ფარანი კი არა, ძალიან მიყვარს ნაყინი და ისე გავა ზაფხული, ერთხელაც ვერ ვჭამო – ცრემლნარევი სიცილით ამბობს.

განსაკუთრებით უყვარს ლექსები და სიმღერა. ყოველთვის მღერის, როცა ძროხებს წველის, ნეგოს კრეფს ან სხვა საქმეშია გართული.

ჩვენი საუბრის დროსაც მოუნდა ემღერა. იქნებ ხვალ და ზეგ აქ, იალაღზე გავიყინო წასასვლელის არ ქონის გამო და ჩემი ეს ნამღერი დარჩესო.

ნათიას საყვარელი სიმღერები სამშობლოზეა. მიყვარს საქართველო, ძალიან მიყვარსო – ბევრჯერ მითხრა ჩვენი შეხვედრის დღეს.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე
  • ერთი ადამიანის ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ – სად არის ამ დროს სახელმწიფო და რა შეუძლია? 

„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რენარ ბოლქვაძეს დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, რა შეუძლია ხულოს მუნიციპალიტეტს ნათიას მხარდასაჭერად, როგორ ჩაიარა ნათიას შეხვედრამ მასთან გასულ წელს და თუ დაინტერესდა, როგორ გადაჭრა ნათიამ პრობლემა, ახლა როგორ ცხოვრობს და რა სჭირდება.

„მას [ნათიას] ჰყავს მშობლები, ბოსელიც აქვთ საქონლისთვის. მამამისმა უთხრა, რომ თქვენ ხართ ახალგაზრდა გოგო და ამდენი საქონელი მე არ მჭირდება, დააცოტავე და გაყიდეო, თორემ მაგას სადგომიც აქვს და დამხმარე ნაგებობაც, სადაც შეუძლია საქონელი დააბინაოს“, – გვითხრა ბოლქვაძემ. მას დავუზუსტეთ, რომ გასულ წელს ნათია სხვის სადგომს იყენებდა.

„ჰო, მაგრამ თვითონ მშობლებთან ვერ ჩამოყალიბდა. მშობლები უკრძალავენ, ამდენი საქონელი ჩვენ არ გვჭირდებაო.

ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ? ეროზიაში არ არის. სხვა როგორ უნდა დავეხმარო, ბოსელს აუშენებს ვინმე? არის გეოლოგების დასკვნა, რომ საცხოვრებელი ნორმალურია… უნარშეზღუდული არ არის, შშმ პირი არ არის ან რამე. დღესდღეობით პროგრამაში არ გვაქვს ჩვენ, რომ მოვიდეს ადამიანი და თქვას, მინდა შენობა და ამიშენეთო. როგორ უნდა აუშენო, აბა?!

ნებისმიერი პროგრამა, რაც გვაქვს, ნებისმიერი ის საშუალება, რითაც შეიძლება სახელმწიფომ გაუწიოს მას დახმარება, უნდა აკმაყოფილებდეს რაღაც კრიტერიუმებს. მოვიდა მარტო და თქვა, მე მჭირდება ეს – ასე არ ხდება, იმიტომ, რომ სახლიც აქვს, ბოსელიც, მთაც და ბარიც“.

რენარ ბოლქვაძე გვეუბნება, რომ 20-22 სული საქონლის ყოლა უკვე ფერმად ითვლება და მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხია.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები აქვს, რომ ფერმა გააკეთოს, რაც თანადაფინანსებით კეთდება. ნებისმიერ პროგრამაში ჩაერთოს, რაც დღესდღეობით სახელმწიფოს გააჩნია. სამინისტროს იმდენი პროგრამა აქვს, რომ დაწეროს პროექტი, რა თქმა უნდა, დავეხმარებით ან მეწარმეობა, ან რაღაც გააკეთოს, მაგაზე უკან არავინ არ იხევს, მაგრამ ეს გოგო თავისებურად რაღაცას აკეთებს, ეს არ ვიცი. შარშან ასე იყო, თოვლი მოვიდა, არ მოდიოდა და მერე მერიამ გამოუყო მანქანა და ჩამოვბარგეთ.

ჩემთან არ მოსულა და არ უკითხავს, რაიმე პროგრამა არის თუ არა და რაში დამეხმარებითო… ტელეფონზე რეკავდა და ეუბნებოდა მერს, ან ვიღაცას, რა ვიცი… მეც დამირეკა, პირადად ერთხელ მყავს ნანახი. მე ვუთხარი, თუ სახლი დაზიანებული და ავარიულია, გეოლოგებზე დაწერე განცხადება, დაგეხმარებით. თუ რაიმე პროგრამაში დახმარება გინდა, ინფორმაციის სახით მოგაწვდით, სად როგორ უნდა ქნა. იმის მერე არც შეგვეხმიანა“.

რენარ ბოლქვაძე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე

რენარ ბოლქვაძე ამბობს, რომ შარშანდელს შემდეგ ნათია მათ აღარ დაკავშირებია და ახლა ისიც არ იცის, საქონელი კიდევ ჰყავს თუ არა.

„მოემართა, დაეწერა განცხადება, მასალა მინდაო, მასალას მივცემდით და თავისით უნდა ააშენოს. როდის იყო, რომ ბოსელს ვინმე ვინმეს უშენებდა“.

„ბათუმელები“ შეეცადა დაეზუსტებინა, იმის შესახებ, რომ მასალის მოთხოვნა შეუძლია, გააცნო თუ არა მან ნათიას ინფორმაცია, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ნათიას სწორი კითხვები ვერ დაესვა ამ სახის ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობის გამო.

„მე რატომ უნდა გამომეჩინა ინიციატივა, მას თუ არ ჰქონდა ინიციატივა, რომ მოსულიყო და ეკითხა ან ეთხოვა, სადღაც დამარეგისტრირეთო. არ უკითხავს არაფერი და როგორ უნდა გამეზიარებინა ინფორმაცია“, – ამბობს ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე.

  • „ფაქტობრივად, ნათია სრულიად მარტოა. ეს არის სისტემური პრობლემა“

„ფაქტობრივად, ნათია სრულიად მარტოა დარჩენილი, როცა წესით და რიგით, სახელმწიფოს აინტერესებს თავისი მოქალაქის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობა“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, რომელიც სიღარიბეს და მოწყვლად ჯგუფებს იკვლევს.

„ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა ბედი ეწევა ნათიას. როგორ წავა მისი ცხოვრება, როგორ შეძლებს მარტო წელში გამართვას… რა პრობლემებზეც ის საუბრობს, ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა. ეს არის სისტემური პრობლემა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამაც ასე დაინახოს. ამ პრობლემის გადაჭრისკენ წლების განმავლობაში მოვუწოდებთ სახელმწიფოს არაერთი ორგანიზაცია, აქტივისტი, თუმცა არაფერი, რეალურად ხელშესახები, არ გაკეთებულა.

მარიამ ჯანიაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი

უშუალოდ ჩემი სამუშაო მიმართულებაა სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობის საკითხი. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის რიტორიკაში ძალიან ფართოდ გვხვდება, რომ თითქოს საქართველოში მთავრობა არის სოციალურ თემებზე ორიენტირებული, ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და ა.შ., სინამდვილეში დღემდე არ გვაქვს სოციალური დაცვის ერთიანი პოლიტიკა და ხედვა.

სად მივდივართ, როგორც სახელმწიფო, სოციალური დაცვის მიმართულებით, არ ვიცით. არ გაგვაჩნია არც სტრატეგია, არც სამოქმედო გეგმა, არც გაცხადებული მიზანი.

ამის მაგივრად ჩვენ ვხედავ პროგრამებს და სერვისებს, რომლებიც, ძირითად შემთხვევებში, უკიდურესად ფრაგმენტულია.

იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, რომ ერთიან ჭრილში ვერც შეაფასებ მუნიციპალურ პროგრამებს. შეიძლება ორ ადამიანს ერთი და იგივე საჭიროება ჰქონდეს, სჭირდებოდეს მხარდაჭერა და ერთმა მუნიციპალიტეტმა მხარი დაუჭიროს იმიტომ, რომ რაღაც პროგრამა ითვალისწინებს ამ მხარდაჭერას, ხოლო მეორე მუნიციპალიტეტმა უარი უთხრას, რადგან მისი პროგრამები ამგვარ მხარდაჭერას არ ითვალისწინებს”, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქალები ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან არსებულ სოციალურ სისტემაში სიღარიბის მიმართ და ეს არ არის გასაკვირი, რადგანაც ქვეყანაში ქალებზე მოდის მთელი ტვირთი შინშრომის, შვილების, შშმ პირების და ხანდაზმულების მოვლის.

  • „გამოწვევები, რაც ნათიას წინაშე დგას, სპეციფიკურად გენდერული განზომილების მატარებელია“

შეგვიძლია თუ არა ნათიას შემთხვევა განვიხილოთ ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის მაგალითად? – ამის შესახებ ეკატერინე სხილაძეს ვკითხეთ, ექსპერტს გენდერის საკითხებში. მას ასევე ვთხოვეთ ზოგადი სურათის შეფასებაც, რამდენადაა დაცული ქალთა უფლებები საქართველოში.

„საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა, მათ შორის რესურსების გადანაწილების და დასაქმების მიმართულებით.

ქალების ეკონომიკური აქტიურობა არსებითად დაბალია და საქსტატის მონაცემებით 41.5%-ს შეადგენს (კაცების 64%-ია). ამის ძირითადი მიზეზი შეიძლება ვეძებოთ ზრუნვის შრომის არათანაბარ გადანაწილებაში, ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი პროგრამების სიმწირესა და, ზოგადად, ამ საკითხისადმი არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებში.

ნათიას შემთხვევაც ამის ნათელი მაგალითია.

ცხადია, სიღარიბე ზოგადი პრობლემაა, თუმცა ის გამოწვევები, რაც ნათიას წინაშე დგას, სპეციფიკურად გენდერული განზომილების მატარებელიცაა. ეს მისი მონათხრობიდანაც იკვეთება, თუ როგორ აღიქვამენ მისი, როგორც ქალის შრომას, როგორი რთულია მისთვის პრობლემების გადაჭრისთვის გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღების მიპყრობა და სხვა.

ამ პრობლემების გადაჭრის გზა ადგილობრივ დონეზე მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა და გაძლიერებაა, თუმცა მნიშვნელოვანია არსებული დამოკიდებულებების ცვლილებაც, რაც გავლენას ახდენს ნათიას და სხვა ქალების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაუჭრელობაზე”, – გვითხრა ეკატერინე სხილაძემ.

ეკატერინე სხილაძე, ექსპერტი გენდერის საკითხებში

მკითხველთა თხოვნით ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს. ნათია აბულაძის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ შემდეგ ანგარიშზე:

GE61BG0000000589327577 

მიმღები: ნათია აბულაძე

ვინ ჩაკეტა თავისუფალი საპარკინგე სივრცე – ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ არ იცის

ბათუმის სანაპიროზე, თამარის დასახლებაში, თავისუფალი საპარკინგე ადგილი შლაგბაუმითაა გადაკეტილი. ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელსაც გასულ კვირას მივმართეთ, ამ დრომდე ვერ დაადგინა, ვინ მოაწყო შლაგბაუმი და რა უფლებით ჩაკეტა თავისუფალი სივრცე.

„ბენზეში „ოქროს თევზის“ გვერდით თავისუფალი საპარკინგე ადგილი იყო, რომლითაც როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამოსული ტურისტები თავისუფლად სარგებლობდნენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩაიკეტა შლაგბაუმით და მანქანით შესვლას ვეღარ შეძლებთ. არც თანხის გადახდის საშუალებაა, რომ შეხვიდე და მანქანა გააჩერო. იქნებ მოიკითხოთ ვინ აკონტროლებს ამ პარკინგს“, – მოგვწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ჩაკეტილი პარკინგი „ოქროს თევზთან“

„ბათუმელები“ ქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა, საიდანაც მოგვწერეს, რომ „პარკინგის ტერიტორია და მუსიკალური ცენტრის შენობა არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და მათ აქვთ გაკეთებული სტუმრების მისაღებად. პარკინგის საკითხი მუსიკალურ ცენტრთან დააზუსტეთ“.

მუსიკალურ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათ აქვთ საკუთარი შენობის მიმდებარედ პარკინგი და სანაპიროზე [ოდისეი დიმიტრიადის ქუჩასა და ზღვას შორის] არც მიწის ნაკვეთი აქვთ და არც პარკინგი მოუწყვიათ.

ვინაიდან ინსპექციაში სხვა ვერაფერი დაგვიკონკრეტეს [დღეს გვითხრეს, რომ ოფიციალურად წერილობით მივმართოთ] რესტორან „ოქროს თევზს“ დავუკავშირდით. რესტორნის ოფიციალურ გვერდზე მითითებულ ნომერზე გვიპასუხეს, რომ პარკინგი მათი მოწყობილია და ტერიტორია ქალაქის მერიისგან იჯარით აქვთ აღებული.

„პარკინგი რესტორნის სტუმრების მანქანებისთვის მოვაწყვეთ და საიჯარო ქირაც უნდა ვიხადოთ ქალაქის ბიუჯეტში“, – გვიპასუხეს „ოქროს თევზში“.

ჩაკეტილი პარკინგი „ოქროს თევზთან“

რესტორანში იჯარის ხელშეკრულების ელექტრონული ასლის გადმოგზავნასაც დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.

ტერიტორია, სადაც რესტორან „ოქროს თევზის“ შენობა დგას, 301 კვადრატული მეტრია და რეესტრის მიხედვით შპს „საგა ფუდის“ საკუთრებაშია.

რაც შეეხება პარკინგისთვის ჩაკეტილ სივრცეს, ის დაახლოებით 200 კვადრატული მეტრია და რეესტრის მიხედვით დაურეგისტრირებელია, ანუ არ ჩანს ეს ტერიტორია ბათუმის საკუთრებაა, ავტონომიური რესპუბლიკის, თუ სახელმწიფოსი.

როგორ გასცა მერიამ იჯარით ეს ტერიტორია, რა ვადით და რამდენია ყოველწლიური საიჯარო ქირა? – ბათუმის მერიისგან ამ კითხვებზე პასუხი „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო.

განახლება: მოგვიანებით რესტორან „ოქროს თევზიდან“ გადმოგვიგზავნეს ხელშეკრულების ასლის ერთი გვერდი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულება ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანსა და შპს „საგა ფუდს“ შორის 2024 წლის 29 ივლისს არის გაფორმებული. ამ ხელშეკრულების მიხედვით მერიამ „პარკირების ორგანიზების უფლება“ კომპანიას პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა. რესტორნის ინფორმაციით ხელშეკრულება 3 წლის ვადით არის დადებული.

„პარკირების ორგანიზების უფლების საფასურის ოდენობა ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის შეადგენს 150 ლარს, ყველა ადგილისათვის [104,25 კვ.მ.] კი 15 637,50 ლარს წელიწადში“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ჩაკეტილი პარკინგი [მონიშნულია შავი ხაზით], მის მომიჯნავედ „ოქროს თევზის“ ტერიტორია [წითელი ფერით], ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა და თამარ მეფის გამზირი [მწვანე ფერით] პლაჟი [ყვითელი] და ხელოვნური კუნძულის საპროექტო ტერიტორია ზღვაში [იასამნისფერი].
ადგილი თამარის დასახლებაში, სადაც [როგორც რესტორანში გვითხრეს] მერიამ საპარკინგე სივრცე იჯარით კერძო კომპანიაზე გაასხვისა, საცობების კუთხით ერთ-ერთი პრობლემურია ბათუმში.

ამ თემაზე ვრცლად: საცობში გაჭედილი ბათუმი – ქარავანი აღარ მიდის

ამ ადგილიდან 500 მეტრში კი, მდინარე ყოროლისწყალზე არის ხიდი, რომლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა და რომელიც დაავიწროვეს. ამან კიდევ უფრო გაართულა საცობის პრობლემა ამ მონაკვეთში. საბოლოოდ ხიდის კვლავ გაფართოება გადაწყდა, რისთვისაც ამჯერად დამატებით 210 ათასი ლარი დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან.

ამ თემაზე ვრცლად: ბენზეს ხიდს გააფართოებენ – სამუშაო წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს

ბათუმში, სადაც პარკინგის და საცობების სერიოზული პრობლემაა, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება პრობლემის მოგვარების ნაცვლად თავისუფალ საპარკინგე ადგილებს ასხვისებს. „ოქროს თევზის“ მიმდებარე ტერიტორია ამ კუთხით გამონაკლისი არაა.

თავისუფალი საპარკინგე სივრცე გაასხვისეს ბათუმის ცენტრშიც, იუსტიციის სახლთან, რომელიც კერძო კომპანიას 49 წლით გადასცეს. მოიჯარე „ალიანს მენეჯმენტმა“ აქ ორსართულიანი პარკინგი მოაწყო. შედეგი ისაა, რომ ღია სივრცე მოქალაქეებისთვის ჩაიკეტა, მიწისქვეშა სართულზე კი, თუ მანქანას 1-დან 2 საათამდე გააჩერებთ, 6 ლარის გადახდა მოგიწევთ [ყოველ ერთ საათში – 3 ლარი].

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმში, იუსტიციის სახლთან 49 წლით გადაცემულ ნაკვეთზე „ალიანს მენეჯმენტმა“ ფასიანი პარკინგი მოაწყო

 

 

 

 

მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება

UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლებს.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 22-23 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან მიიღებენ. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სათამაშოებს, ავეჯს, დეკორსა და სხვა ნივთებს წარუდგენენ.

დამთვალიერებლებს კი მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხე იქნება გამოყოფილი  იმ ტექნოლოგიური სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა. იგი ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, საინტერესო ბიზნესკავშირების დამყარებასა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ ბიზნეს უნარები, გაიარონ მენტორობის პროგრამა და ისარგებლონ მენტორების მხარდაჭერით, ისწავლონ საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა, შეხვდნენ სხვა მეწარმე ქალებს ევროპის და აზიის 13 ქვეყნიდან, მონაწილეობა მიიღონ ინვესტორებთან შეხვედრაში – Expo Capital Quest – ფიზიკურ ღონისძიებაში, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. მისი მხარდამჭერები და ორგანიზატორები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), თიბისი, „ექსპო ჯორჯია“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა და სხვ.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://shorturl.at/jpqTC

უკრაინამ შექმნა პირველი ბალისტიკური რაკეტა – ზელენსკი

დღეს, 27 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას და უკვე შექმნა თავისი პირველი ბალისტიკური რაკეტა.

„ვფიქრობდი, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ… დადებითად შედგა პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის გამოცდა“ – ციტირებს ზელენსკის „უკრაინსკა პრავდა“. 

მან დასძინა, რომ რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ გადაწყვიტა ამ ინფორმაციის გაჟღერება, რათა საზოგადოებამ დააფასოს ხალხი, რომელიც მუშაობს 24/7-ზე თავდაცვისთვის.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ 24 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიას ახალი უკრაინული დრონით, „პალიანიცათი“ პირველად დაარტყეს.

ისტორიაში პირველად პაციენტებზე ფილტვის კიბოს ვაქცინის გამოცდა დაიწყო

ექიმებმა დაიწყეს ფილტვის კიბოს პირველი ვაქცინის გამოცდა იმ პაციენტებში, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ კიბო. მედიის ცნობით, mRNA ვაქცინა შესაძლოა ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს, რადგან ის ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს. „მისი მიზანია გააძლიეროს ადამიანის იმუნური პასუხი კიბოს მიმართ, ხოლო ჯანმრთელი უჯრედები ხელუხლებელი დარჩეს, განსხვავებით ქიმიოთერაპიისგან“ – წერს ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“.

ფილტვის კიბო კიბოთი სიკვდილის წამყვანი მიზეზია მსოფლიოში და საქართველოშიც, ეს დიაგნოზი ყოველწლიურად დაახლოებით 1,8 მილიონი სიკვდილის მიზეზია. NCDC-ის ცნობით, 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 8024 ადამიანი, მათ შორის უმეტესი წილი ტრაქეას, ბრონქის, ფილტვის (15%) და სარძევე ჯირკვლის კიბოზე (10%) მოდის.

BBC–ი წერს, რომ ეს ვაქცინა ზოგიერთი Covid ვაქცინის მსგავსად, იყენებს mRNA ტექნოლოგიას, რათა ინსტრუქციები მისცეს იმუნურ სისტემას: „67 წლის კაცი გახდა პირველი ადამიანი დიდ ბრიტანეთში, ვინც სცადა ის, რასაც ექიმები იმედოვნებენ, რომ იქნება რევოლუციური მკურნალობა ფილტვის კიბოსთვის – ვაქცინა, რომელიც ეუბნება სხეულს, როგორ ებრძოლოს და მოკლას დაავადება“.

„ვაქცინა, რომელსაც ახლა ექსპერტები ამოწმებენ, ავალებს ადამიანის ორგანიზმს მოძებნოს და მოკლას კიბოს უჯრედები – შემდეგ კი ხელს უშლის მათ უკან დაბრუნებას [განმეორებას ანუ რეციდივს]“, – განმარტავს „გარდიანი“.

BNT116 ვაქცინა დამზადებულია გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის BioNTech-ის მიერ. ვაქცინა შექმნილია ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC) სამკურნალოდ, რაც დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

კვლევა დაიწყო 34 კვლევით ცენტრში შვიდ ქვეყანაში: დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, გერმანიაში, უნგრეთში, პოლონეთში, ესპანეთსა და თურქეთში.

ამავე თემაზე:

კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა 

 

წელს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო – naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.

2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი.

სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას – 1 600-მდე აპლიკანტი გააგრძელებს.

2024 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის – 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდაზე მონაწილეობის სურვილი კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში ხმელ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ნთკ 2016-დან“ ხმელი სუნელის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო იუწყება, რომ ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობამ შეადგინა 9323 მგ/კგ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას.

სააგენტოს ცნობით, ობიექტში არსებული სუნელი დაილუქა, ბიზნესოპერატორს აეკრძალა ხმელი სუნელის კონკრეტული პარტიის რეალიზაცია და დაევალა დასახელებული სურსათის ბაზარზე განთავსების შეჩერება, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება და გამოთხოვილი სურსათის შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე, წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის გამოსაყენებელი ნედლეულის, ინგრედიენტის ან სხვა ნებისმიერი მასალის ლაბორატორიული ტესტირება ტოქსიკურობაზე (ტყვიის შემცველობაზე).

„ნთკ 2016-ის„ არაგეგმური სახელმწიფო კონტროლისას დადგინდა, რომ ხმელი სუნელის მწარმოებელი ბიზნესოპერატორია ინდივიდუალური მეწარმე (მისამართი: ქარელის რაიონი, სოფელი ზემო ხვედურეთი და ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი), ხოლო შპს „ნთკ 2016“ არის დამფასოებელი.

შესაბამისად, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ინდმეწარმესთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სრულყოფილად არ აწარმოებს ჩანაწერებს მიკვლევადობის შესახებ; დარღვეულია ეტიკეტირების წესი. მეწარმე დაჯარიმდა 500 ლარით, დაილუქა ხმელი სუნელი და მისი შემადგენელი ინგრედიენტები (ქინძი, უცხო სუნელი, ძირა, ყვითელი ყვავილი, კურკუმა), რომელთა ნაწილი წარმოებულია ინდმეწარმის მიერ, ხოლო კურკუმა იმპორტირებულია ინდოეთიდან.

ბიზნესოპერატორს დაევალა დალუქული ნიმუშების კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში და ხმელი სუნელის რეალიზაციის აკრძალვა, ბაზარზე განთავსება, განთავსებული ამოღება და გამოთხოვილი სურსათის თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება“ – წერს სააგენტო.

ამავე თემაზე: 

სანელებლები უსაფრთხო ისევ არ არის – ტყვიით მოშხამვის შემდეგ სუდანი

„აირჩიე ევროპა“ – პარასკევს ბათუმში მუსიკალური აქცია გაიმართება

30 აგვისტოს, პარასკევს, 20:30 საათზე, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გაიმართება მუსიკალური აქცია – „აირჩიე ევროპა“.

„საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველა თაობა ერთიანდება. აღიარებული ქართველი მუსიკოსები თქვენთან შესახვედრად ემზადებიან, ერთობის დროა!“ – აღნიშნულია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე.

მუსიკალურ აქციაში მონაწილეობენ:

  •  ლანა ღოღობერიძე
  • გოგი მესხიშვილი
  • ნიკოლოზ რაჭველი
  • ნინო ქათამაძე
  • ლიზი რამიშვილი
  • ლიზა კერესელიძე
  • თემურიკო დიასამიძე
  • გიორგი უშიკიშვილი
  • ნიკალა ზუბიაშვილი
  • ლუკა თოფურია
  • ⁠დავით გოგისვანიძე
  • გიორგი კაპანაძე
  • ⁠ნატალია ნაყოფია
  • ანამარია ბურდული
  • ⁠LOUDspeakers
  • ჯგუფი „ყველა“
  • Asea Sool
  • ⁠ილო ბეროშვილი

მუსიკალურ აქციაზე დასწრება თავისუფალია.

„აირჩიე ევროპა“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომლის მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი.

Exit mobile version