სიახლეები

ქარტია ეხმიანება „ბათუმელების“ ჟურნალისტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე არ შეშვების ფაქტს

12.02.2025
ქარტია ეხმიანება „ბათუმელების“ ჟურნალისტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე არ შეშვების ფაქტს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს, 12 თებერვალს, ბათუმის მერიის შენობაში მიმდინარე საჯარო შეხვედრაზე გასაშუქებლად არ შეუშვეს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე.

„12 თებერვალს, „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ბათუმის მერიის დაცვის პოლიციამ მერიის შენობაში იმ კომისიის საჯარო სხდომაზე დასასწრებად არ შეუშვა, რომელიც უსახლკაროების საკითხს განიხილავდა. შეხვედრას ბათუმის მერი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ჟურნალისტი დიდხანს ელოდა ნებართვას მერიის პრეს-ცენტრისგან. დაცვის პოლიციელებმა უარის მიზეზი ვერ განმარტეს.

საგულისხმოა, რომ შეხვედრას ესწრებოდა და აშუქებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოპყრობა მედიის მიმართ ბევრ რეგიონში არცთუ იშვიათია – ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ჟურნალისტებს უკანონოდ უზღუდავენ წვდომას ღია სხდომებზე, „ბათუმელების“ პრაქტიკაში ის პირველი იყო.

ქარტიას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ „ბათუმელების“ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და მათი კანონიერი უფლებების შეზღუდვა პირდაპირ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებასა და პატიმრობასთან და მიზნად „ბათუმელების“ შევიწროებას ისახავს.

იმით, რომ საჯარო შენობაში კომისიის ღია სხდომაზე ჟურნალისტი არ შეუშვეს, დაცვის პოლიციელებმა და ბათუმის მერიამ დაარღვიეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომელიც მათ საჯარო შენობებში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნას ავალდებულებს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის დადგენილებაში (№34) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, 99-ე მუხლში, რომელიც აღწერს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესს, ვკითხულობთ:

1. ნებისმიერ პირს უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს. 2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში (კაბინეტში) უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებისათვის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმის მერიას მოუწოდებს, დაიცვას რეგლამენტის მოთხოვნა და მისცეს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის განხორციელების უფლება, რის ნაწილიცაა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში მიმდინარე სამუშაო პროცესების გაშუქება კორუფციის რისკების გამოსავლენად“ – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

______________

ფოტოზე: ბათუმის მერიის შენობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: