ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც პოლიციამ ორჯერ დააკავა, დღეს, 17 იანვარს, შიმშილობა დაიწყო.
თემურ ქათამაძე გუშინ, 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს.
ამჯერად პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს.
თემურ ქათამაძის უფლებებს საია იცავს. „ბათუმელები“ მის ადვოკატს დარეჯან სალდაძეს ესაუბრა, რომელმაც დღეს. 17 იანვარს, მოინახულა დაკავებული და დაგვიდასტურა, რომ თემურ ქათამაძე შიმშილობს.
„დაკავების დღიდან შიმშილობს, მხოლოდ წყალს სვამს და საკვებზე უარს ამბობს. ის მანამდე აპირებს შიმშილობას, სანამ მის საქმეზე კონკრეტული შედეგი არ დადგება. თუმცა ჯერ სასამართლო პროცესი ჩანიშნული არ არის, ოფიციალურად რაიმე წერილი ჩაბარებული არ აქვს და არც იმაზე მოუწოდებიათ ინფორმაცია, როდის შეიძლება ჩაინიშნოს პროცესი“ – გვითხრა ადვოკატმა.
შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ იმიტომ დააკავეს, რომ ის საქართველოში „არალეგალურად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“ იმყოფება.
„ფაქტზე დაიწყო შესაბამისი სამართალწარმოება, რის შემდგომაც გატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად დაკავდა“ – ამბობენ შს სამინისტროში.
ვიდეოში, რომელიც თემურ ქათამაძის დაკავებისას გადაიღო ბათუმის საკრებულოს წევრმა, აკაკი გვიანიძემ, თემურ ქათამაძე ამბობს, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს სასამართლო განიხილავს და მისი ქვეყნიდან დეპორტირება კანონდარღვევაა.
ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძე მის დაკავებას უკავშირებს საპროტესტო აქციებზე აქტივობას. „როგორც ვიცით, დისკრიმინაციული მოტივით მოხდა მისი დაკავება, რადგან თურქეთში მცხოვრებში ქართველების და ჩვენებურების თემის გაძლიერებაზე მუშაობს და ამ ყველაფერს უკავშირებს მის დაკავებას.
სხვა რაიმე ზეწოლაზე, იქნება ეს სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, მას ამაზე არ უსაუბრია“ – ამბობს ადვოკატი.
რა სამართლებრივი ნაბიჯებია გადასადგმელი თემურ ქათამაძის უფლებების დასაცავად? – ვკითხეთ ადვოკატს. მისი თქმით, „პირველ რიგში უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში და შემდეგ, როცა საქმის მასალებს გავეცნობით, გვაქვს კონკრეტული სტრატეგია, რასაც პროცესზეც გავაჟღერებთ, რომ მან შეძლოს საქართველოში ცხოვრება, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებს გავითვალისწინებთ.
„ვალ, წესით, უნდა ჩაინიშნოს სასამართლო“ – ამბობს დარეჯან სალდაძე.
ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძე, შიმშილობის მიუხედავად, ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.
თემურ ქათამაძის დაკავებას ბათუმში სტენსილით გამოეხმაურნენ. სტენსილზე, რომელიც დღეს ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოჩნდა, წერია:
„რუსებს მოქალაქეობა, ლაზი მედროშე, ისტორიული სამშობლოს გარეშე. მო*ნთ სამართალი“.

თემურ ქათამაძის მხარდასაჭერი სტენსილი ბათუმში.
ამავე თემაზე:
„წადი შენს ქვეყანაში“ – რა უთხრეს პოლიციელებმა ბათუმის აქციების მედროშეს