„ნიღბიანმა სპეცრაზმელმა წამართვა ტელეფონი და გაიქცა,“ – თითქმის ერთნაირად აღწერენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, როგორ გაძარცვეს ისინი სამართალდამცველებმა: წაართვეს მობილური ტელეფონები, საფულე, პირადი ნივთები…
საპროტესტო აქციაზე ნაცემი ადამიანები ჰყვებიან, რომ რამდენიმე მათგანმა მიაგნო საკუთარ „აიფონს“ „ხარებას“, ანუ შსს-ს განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის ოფისში, თუმცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური არც ამ შემთხვევებზე ასრულებს გამოძიებას.
მოძალადე სპეცრაზმელები არც აქციის მონაწილეებისთვის ტელეფონის გატაცებისთვის დაუსჯია ვინმეს.
„მე ნაცემი მიმიყვანეს მიკროავტობუსში. მესმოდა პირველმა ნიღბიანმა მეორეს უთხრა, ამოუღე მობილური ტელეფონიო… საფულეც მომპარეს, იგრძნობოდა, რომ ფული მედო. ჩხრეკა არ იყო ეგ – პირდაპირ ძარცვაზე იყვნენ ორიენტირებული, ვეღარ ვინძრეოდი მაგ დროს, ნახევრად გათიშული ვიყავი უკვე,“- უყვება „ბათუმელებს“ თბილისში, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე გაძარცვული გია ჯვარშეიშვილი.
გია ჯვარშეიშვილი 2024 წლის 30 ნოემბრის აქციაზე არ დაუკავებიათ – იგი სპეცრაზმელების მანქანაში შეაგდეს, სცემეს და გაძარცვეს, შემდეგ სასწრაფოს მანქანაში გადაიყვანეს, საიდანაც უკვე კლინიკაში აღმოჩნდა.

გია ჯვარშეიშვილი
მოქალაქის დაკვირვებით, იმ დღეს ნიღბიანი სპეცრაზმელები ერთი და იგივე ბრძანების შესაბამისად მოქმედებდნენ. ერთმანეთთან გადაძახილიც კი, სპეცრაზმელებს ერთნაირი ჰქონდათო – ამბობს.
„იმ დღის ფრაზა იყო: „ამან ისროლა „მოლოტივი“ და სცემდნენ. ჩემს შემდეგ კიდევ ერთი ბიჭი შემოაგდეს მიკროავტობუსში და იქაც ეს ფრაზა გაიმეორეს. ისიც უმოწყალოდ სცემეს…
როცა კლინიკიდან გამწერეს, სახლში ვიყავი, წოლითი რეჟიმი მქონდა, გამომძიებლები მოვიდნენ და გამომკითხეს, რა მოხდაო…. დაზარალებულის სტატუსიც არ მომანიჭეს,“ – გვიყვება გია ჯვარშეიშვილი.
გამოძიებამ არაფერი იღონა, თუმცა მოქალაქეს საკუთარი „აიფონი“ გდდ-ს ბაზაზე, „ხარებას“ სამსახურში მიუგნია:
„იმ დღეს 112-ზეც დავრეკეთ, რომ მოეხდინა რეაგირება. არც კი მოვიდნენ, ბევრმა მიაგნო ასე სხვადასხვა მისამართზე საკუთარ ტელეფონს, მაგრამ ვერავინ ვერ დაიბრუნა. ჩემს შემთხვევაში ჩანდა პირდაპირ გდდ-ს [განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი] ბაზა, სამინისტროს ქვემოთ. გამორთვის შემდეგ დაიკარგა ადგილმდებარეობა, რაღაც უქნეს ტელეფონს,“ – გვიყვება გია ჯვარშეიშვილი.
2025 წლის 16 იანვარს გია ჯვარშეიშვილი უკვე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 2200 ლარით დააჯარიმეს. მოქალაქე ირონიის შენარჩუნებას ცდილობს, ცრუ პოლიციელების ჩვენებებს კი მოვუსმინე, მაგრამ ამჯერად არაფერი წაურთმევიათო.
პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილე, მარი არსენიძე გვიყვება, როგორ წაართვეს სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონი:
„2 თებერვლის აქციაზე, „თბილისი მოლთან“ ჩავდიოდით ქვედა მხრიდან… ბევრი ხალხი იყო, უკვე ბნელოდა, ვიწრო ტროტუარზე მივდიოდით და უცებ შავფორმიანებმა დაიწყეს მორიგი თავდასხმა უმიზეზოდ – გასაქცევი არ გვქონდა, ჩიხში მოგვაქციეს ფაქტობრივად.

საპროტესტო აქცია თბილისში, 2 თებერვალი
იმ ვითარებაში იქ არ იყო არცერთი სხვა მედია. პანიკაში ჩავვარდი. ამ დროს დავიწყე მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღება, ერთ-ერთმა ნიღბიანმა წამართვა ტელეფონი და გაიქცა… ხელში მწვდა და იქამდე არ მომეშვა, სანამ არ გამაგდებინა ტელეფონი, თითები დამიზიანა. თან მიყვიროდა, ვის უღებ, გოგო, შენ, მომეცი დროზეო.
რამდენიმე დღის შემდეგ მივედი და განცხადება დავწერე პოლიციის განყოფილებაში, მითხრეს, დაგიბრუნდებათ მობილური ტელეფონიო… დღეები გავიდა და მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ტელეფონმა შეიცვალა ადგილმდებარეობა, მე ამას ვხედავ.
ბოლო ადგილსამყოფელზე თავად მივედი რამდენიმე დღის წინ და დავურეკე პოლიციას, მალოდინეს 3 საათი, მერე მითხრეს, ველოდებით პასუხსო. ვისგან ელოდნენ პასუხს, ვერ მითხრეს. საბოლოოდ არ მოვიდნენ და არც დაურეკავთ.
ტელეფონი თავდაპირველად ჩანდა გდდ-ს ბაზაზე, შემდეგ ვაგზალზე, ტელეფონებს, სადაც შლიან და აწყობენ,“ – ამბობს მარი არსენიძე.

ზვიად ხარაზიშვილი [ხარება] თბილისში 2 თებერვლის აქციაზე
„სპეცრაზმელი, დიდი, ჯანიანი კაცი გვემუქრებოდა, რომ თუ ტელეფონს არ მივცემდით, უფრო მაგრად გვცემდნენ, ვიდრე ამას აპირებდნენ,“ – მოქალაქე ზაზა იოსებაშვილმა თავისი ამბავი ფეისბუქზე გაგვიზიარა, ჯგუფ „დაიტოვეში“. ისიც 2 თებერვლის საპროტესტო აქციის მონაწილეა.
2 თებერვალს კამერების თვალწინ სცემეს აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელებმა უშუალოდ შსს-ს მაღალჩინოსნის ზვიად ხარაზიშვილის მითითებით. აშშ-ს მიერ სანქცირებული შსს-ს მაღალჩინოსანი მეტსახელად „ხარება“ აქციის მონაწილეებს აგინებდა და ემუქრებოდა. ამ შემთხვევაზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, თუმცა გდდ-ს უფროსი ისევ „ხარებაა“.
„დამაკავეს და გვცემეს ორ სხვადასხვა მანქანაში, ბოლოს გადააბარეს ჩემი თავის იმას, ვინც ოფიციალური დამკავებელი გამოვიდა. როცა გამოვჯანმრთელდი, განვაცხადე შსს-ს შუშებიან შენობაში, მანამდე ოქმშიც მეწერა, რომ მქონდა ნივთები, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. არც გამოძიება დაუწყიათ.
ჩემი ტელეფონის ადგილსამყოფელი არ ჩანს. ხელოსანმა მითხრა, დაშლილი იქნება, როდესაც ვერ პოულობო. „აიფონ 13“ მქონდა, მაგრამ ყუთი შემრჩა მხოლოდ. აღნიშნეთ ჩემ შესახებ – უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, როგორი სისტემა გვაქვს და ვინ გვმართავს „ნაცებზე უარესები“,- მოგვწერა ზაზა იოსებაშვილმა.

2 თებერვლის აქცია თბილისში
ტელეფონებს მოქალაქეებს პოლიციელები ართმევენ ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის წესით დაკავების დროსაც. ამ დროს მობილური ტელეფონის ჩამორთმევაზე ოქმი ფორმდება და პირადი ნივთები ილუქება, თუმცა როცა საქმე საპროტესტო აქციებს ეხება, რთული არაა იპოვო მოქალაქე, რომელიც, მაგალითად, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გამოვიდა, მაგრამ ნივთს არ უბრუნებენ, ან ტელეფონი დაუბრუნეს და შიგ ყველაფერი წაშლილია.
მაგალითად, „ბათუმელების“ ოპერატორს, გურამ მურვანიძეს ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ ტელეფონიდან ყველაფერი წაუშალეს.
გურამ მურვანიძე 2025 წლის 12 იანვრის აქციაზე დააკავეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. მას სამართალდამცველებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და მის მობილურ ტელეფონში უკანონოდ შეაღწიეს. ორივე სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა არავინ დასჯილა. გურამ მურვანიძე უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 8 დღით დააპატიმრეს.
მობილური ტელეფონი საპროტესტო აქციაზე მოქალაქე ლია მგელაძეს თავად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ წაართვა. მოქალაქე ბათუმში 31 ივლისს რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციას ესწრებოდა და ფეისბუქლაივი ჰქონდა ჩართული, როცა იქ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ამ აქციაზე 23 პირი დააკავეს, მათ შორის, იყო გენრი დოლიძე, რომლის თქმითაც, დაკავების დროს მას ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სახეში ფეხი ჩაარტყა.
გენრი დოლიძის დაკავებას იღებდა ლია მგელაძე, როცა მას გრიგოლ ბესელიამ ტელეფონი წაართვა. მას შემდეგ, რაც მან ტელეფონის უკან დაბრუნება მოითხოვა, სამართალდამცველებმა სამართალდარღვევის ოქმი ლია მგელაძესაც ამ აქციის გამართვიდან 25 დღეში შეუდგინეს. ამ შემთხვევის „ბათუმელებში“ გაშუქების შემდეგ, ლია მგელაძეს მისი წართმევიდან დაახლოებით ორ თვეში უკან დაუბრუნეს, თუმცა მას ტელეფონში ყველაფერი წაშლილი დახვდა.
„ჩემს თვალწინ დალუქეს ტელეფონი დაკავების დროს და შემდეგ პოლიციის შენობაში გახსნეს. მე არ ვუთხარი პაროლი, მაგრამ მაინც გახსნეს,“ – გვიყვება ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზურაბ აბაევი. ისიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ამჯერად კი, მუქარის ჩადენასაც ედავებიან.
„პაროლი არ ვუთხარი და დიდი ყუთი მოიტანეს, ის შეუერთეს ლეპტოპს და გატეხეს პაროლი, 20-30 წუთი დასჭირდათ, რაღაცას აკეთებდნენ და ბოლოს მაინც გატეხეს. ჩვეულებრივ შევიდნენ ყველგან და მანახებდნენ გზავნილებს, ეს რას ნიშნავს, ამ გოგოსთან ერთად დადიხარ აქციებზეო? ფეისბუქში დედაჩემიც ანგარიშიცაა და იქაც შევიდნენ, იმ პროფილზე, მიმოწერას ნახულობდნენ და თან რაღაცას მეკითხებოდნენ.
ტელეფონი უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ მითხრეს, რომ ვიდრე სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო განაჩენი არ იქნება მიღებული, არ დაგიბრუნებთო,“ – გვითხრა ზურა აბაევმა.
დაკავებულ, მშვიდობიან დემონსტრანტებს რომ ტელეფონებს არ უბრუნებენ – განცხადება ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელმა 2024 წლის 23 დეკემბერს გაავრცელა:
„…დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონები, ყურსასმენები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე და სხვა. ზოგიერთი დაკავებულის განმარტებით, სამართალდამცველები მათ სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს, უარის შემთხვევაში კი, ძალადობდნენ მათზე. იყო შემთხვევები, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულებს ჩამოართვეს განყოფილებაში, თუმცა, გათავისუფლებისას ამ პირებს არ დაუბრუნდათ ნივთები. ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას შესაბამის დოკუმენტებში აღინიშნებოდა, რომ მათ რაიმე ტიპის ნივთები არ ჰქონდათ დაწესებულებაში მიყვანის დროისთვის.
აღსანიშნავია, რომ უმეტესად დაკავებულებს ნივთები არ ჩამორთმევიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ცალკეულმა სამართალდამცავებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაუყარეს ისინი, რათა მათ აღარ ჰქონოდათ ნივთების დაბრუნების შესაძლებლობა.
ზოგიერთი დაზარალებულის განცხადებით, მათ პირადი ნივთები და ტელეფონები ჩამოართვეს სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით, ზოგ შემთხვევაში დაზარალებულებმა შეძლეს მათი ტელეფონის ლოკაციის დადგენა, რაზეც სპეციალური საგამოძიებოს სამსახურიც ინფორმირებულია, თუმცა, უწყების მხრიდან რაიმე სახის რეაგირებას დღემდე არ ჰქონია ადგილი.
მაგალითისთვის, ერთ-ერთი დაზარალებულის ტელეფონი ჩაირთო ქალაქ გორში. რამდენიმე შემთხვევებში კი, მობილური ტელეფონები დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტების ანალიზით დგინდება, რომ რიგ შემთხვევაში ნივთების ჩამორთმევა ხდებოდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ამ მოქმედებას არავითარი საერთო აქვს სამართლებრივ პროცედურასთან.
ამდენად, ამ დრომდე დაკავებულებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაუბრუნდებათ ჩამორთმეული/წართმეული ნივთები, ასევე, უცნობია გარკვეული ნივთების ადგილსამყოფელი. მნიშვნელოვანია, ცალკეული საქმეების შესაბამისი კვალიფიკაციით ობიექტური გამოძიება და იმ პირების დასჯა, რომლებიც მონაწილეობდნენ ნივთების თვითნებურ და უკანონო ჩამორთმევასა და მისაკუთრებაში,“ – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
__________________
ფოტოზე: აქცია თბილისში, 2025 წლის 2 თებერვალი, ფოტო: „ნეტგაზეთი“