სიახლეები

„მზიას და ყველა პატიმრის თავისუფლებას ვითხოვ“ – ერთი ქალის პროტესტი მარტვილში

14.02.2025 •
„მზიას და ყველა პატიმრის თავისუფლებას ვითხოვ“ – ერთი ქალის პროტესტი მარტვილში

74 წლის პენსიონერი მზისა გაბეშია 28 ნოემბრიდან მარტვილის მერიასთან საპროტესტო აქციებს მართავს.

მზისა ორ თვეზე მეტია ტრანსპარანტებით ხელში მარტო დგას. ამბობს, რომ აქციების გამართვის გადაწყვეტილება მიიღო, როგორც კი ირაკლი კობახიძის განცხადება მოისმინა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს აჩერებს:

„მერიასთან გასაპროტესტებლად გავედი. ისევე, როგორც სხვა მოქალაქეები გავიდნენ რუსთაველზე თბილისში, იმ განსხვავებით, რომ ისინი ბევრნი არიან და მე მარტო ვარ აქ.“

ყოველ საღამოს თავად ამზადებს ტრანსპარანტებს, რომლითაც მეორე დღეს მერიასთან გადის.

„ყველანაირ ამინდში იქ ვდგავარ, ვაპროტესტებ. მზიას და ყველა პატიმრის გათავისუფლებას ვითხოვ. დიახ, მე ვითხოვ უდანაშაულო პატიმრების თავისუფლებას, სამართლიანობა მინდა. სიკვდილის პირამდე მიიყვანეს ხალხი და არავინაა დასჯილი. ყველამ ერთად უნდა ვუშველოთ ქვეყანას. უკვე 79 დღე გავიდა რაც მერიასთან ვდგავარ.“

 

მზისა გაბეშია გვიყვება, რომ ამ შენობაშია საკრებულოც, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოსულა და მას არავინ დალაპარაკებია. მისი თქმით, გამვლელებს ძირითადად ერთნაირი რეაქცია აქვთ, ჩუმად არიან ან ეცინებათ, მხოლოდ ერთი შემთხვევა ახსენდება, როცა მისი აქციის გასაპროტესტებლად მივიდნენ:

„მოვიდა ვიღაც ქალი, შენ რომ აქ ევროკავშირის დროშას აფრიალებ, ჩვენი დროშა უნდა აფრიალოო. ჯერ ვუთხარი, ჩვენს დროშასაც ვაფრიალებ, შემდეგ ვინ გკითხავს შენ, მე რომელ დროშას ავაფრიალებ- მეთქი. შემდეგ ვიღაცები მოვიდნენ და ის ქალი წაიყვანეს. 2 თვე-ნახევარია იქ ვარ და ჯერ ჩემთან მერიიდან და საკრებულოდან არავინ მოსულა. კარგად ან ცუდად არავინ დამლაპარაკებია“.

მზისა გვიყვება, რომ 24 წელი იმუშავა საავადმყოფოში ექთნად. როცა მისმა შვილმა თბილისში სწავლა დაიწყო, თავადაც იქ გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ისევ მარტვილში დაბრუნდა. ამბობს, ივანიშვილის მოყვანაში დიდი წვლილ მაქვს და ახლა თავს ვსჯიო:

„თავიდან ვიყავი მხარდამჭერი, ახლა ვსჯი ჩემს თავს, დანაშაული ჩამიდენია თურმე, მე კი არა ბევრმა ჩავიდინეთ. ახლა ბევრი განუდგა, ვინც მოიყვანა, ისინიც განუდგნენ, მე ვინა ვარ. გაჭირვებულად ვასწავლე და არ დაასაქმეს. ახლა გვეძახიან ნაციონალები-ხართო, მთელი საკრებულო და მერია პორტირებული ნაციონალებია. მარტვილის ცენტრში ვცხოვრობ აქ ბინაში, ღია აივანი მაქვს და გამოფენილი მაქვს დროშები ჩვენი, ამერიკის, ევროკავშირის. საელჩო ეგონება კაცს“.

მზისა გვიყვება, რომ როცა აქციაზეა მერიასთან, ხანდახან პოლიცია აკითხავს:

„პოლიცია ირგვლივ მივლის, მაგრამ ჯერ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.

გურჯაანში მარტო ვაპროტესტებო ვიღაც ბიჭმა და ვედროთი წყალი გადაასხესო. ასეთი რამ არ ჩაუდენიათ, მაგრამ არც კარგს ამბობენ და არც ცუდს. გავდივარ 11-12 საათიდან და ექვს საათამდე ვარ მერიასთან.

ზოგი უსიტყვოდ ჩამივლის, ზოგს ეცინება. ძირითადად დამცინიან, ერთი მეუბნება, ჰო, შენ თუ მოითხოვე, ჟურნალისტს გაუშვებენო. მას მთელი საქართველო უდგას ფეხზე და სიმართლეს ითხოვს-მეთქი ვუპასუხე. შემდეგ ვუთხარი, დემონსტრანტები რომ დაასისხლიანეს, რატომ არავინ არის დაჭერილი, ეს არის სამართალი-მეთქი.

რა დააშავა გურამ როგავამ, მაკა ჩიხლაძემ და შეწირულმა?

ხშირად ნერვებს მიშლიან, მაგრამ ზოგი მლოცავს. მარტო რატომ ხარო – მეკითხებიან, მოდით და დასხედით, ყველა დავეტევით-მეთქი – ვამბობ.

მე სხვას არ ვუყურებ ვზივარ და ვაპროტესტებ. ვითხოვ სამართლიანობას.“

მზისა ფიქრობს, რომ ხალხს აშენებენ, ძირითადად საჯარო მოხელეებს.

„ერთმა წყალი მომიტანა და ცოტა ხანს გამომელაპარაკა, თანვე უფროსმა დაიბარა“ – გვეუბნება მზია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: