მთავარი,სიახლეები

„ბათუმში მერია რომ ქალაქის იერსახის დამახინჯებას დაგაბრალებს“ – რას წერენ საჯარიმო ოქმებში

13.02.2025 •
„ბათუმში მერია რომ ქალაქის იერსახის დამახინჯებას დაგაბრალებს“ – რას წერენ საჯარიმო ოქმებში

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს – მათ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება.

მოქალაქეებს ამის შესახებ დღეს, 13 თებერვალს შეატყობინეს. მათ შორის ერთ-ერთია ბათუმელი სტუდენტი, მათე ცენტერაძე. მისი თქმით, უკვე მიიღო უწყება, სადაც ნათქვამია:

„გაცნობებთ, რომ თქვენს მიმართ ა[ა]იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 2025 წლის 31 იანვარს ქ. ბათუმში, შ. რუსთაველის ქ. N28-ში მდებარე სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელის ქვეითად სავალ ნაწილზე საღებავის გამოყენებით წარწერების შესრულების ფაქტთან დაკავშირებით, რაზედაც შესაბამისი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით“.

მათე ცენტერაძის თქმით, უწყებაში, რომელიც მიიღო, მხოლოდ ერთი სიმართლე წერია – მისი მისამართი.

„22 იანვარს ვიყავი „შერატონთან“ გამართულ აქციაზე – შეცდომით წერია თარიღი. საფეხმავლო ბილიკზე არ გამიკეთებია წარწერა – ქვაფენილზე იყო, სამანქანოზე, სტუმრები სადაც შეჰყავთ მანქანით. Not safe – ეს წარწერა გავაკეთე“ – გვიყვება მათე ცენტერაძე.

მოქალაქეები რამდენჯერმე შეიკრიბნენ „შერატონის“ ფოიეში, სადაც 15 იანვარს, თავს დაესხნენ გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს. აქციის მონაწილეები შერატონის ადმინისტრაციისგან თავდასხმის ღამის უწყვეტი კადრების გადაცემას ითხოვდნენ დაზარალებული მხარისთვის, გიორგი გახარიასთვის.

„სატელეფონო საუბარში მითხრეს, რომ 25 იანვრით თარიღდება ჩემთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 25-ში არც კი ვყოფილვარ ბათუმში. 150-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის დარღვევას მედავებიან. 24 იანვრის საღამოს დავტოვე ბათუმი. ოქმი ჯერ არ ჩამბარებია, სხვა დეტალები არ ვიცი. ხვალ უნდა მივიღო, როგორც ფოსტიდან მითხრეს.

მე ვიყავი „შერატონთან“ გამართულ აქციაზე და კი, წარწერაც გავაკეთე. მაგრამ იმ ადგილზე ინფორმაცია წინასწარ მოვიძიე, სადაც გავაკეთე წარწერა. ეს ადგილი წესით არ ითვლება საფეხმავლო [მონაკვეთად] იქიდან გამომდინარე, რომ მას არ გააჩნია შენობის გასწვრივ გაგრძელება და ვერანაირ შემთხვევაში საფეხმავლო ბილიკად ვერ ჩაითვლება.

ტერიტორია, სადაც ჩვენ გავაკეთეთ წარწერა, ეკუთვნის კერძო კომპანიას, ამ შემთხვევაში „შერატონს“. შესაბამისად, უშუალოდ „შერატონმა“ უნდა გვიჩივლოს“, – გვეუბნება ვიკა ფილფანი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი.

ცნობისთვის, 150-ე მუხლი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. ამ მუხლის მე-3 ქვეპუნქტით – „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“.

ბათუმის მერია ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება ასევე ვაჟა დარჩიას და აკაკი გვიანიძეს. ბათუმის საკრებულოს წევრები ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფოტოებს აქვეყნებენ.

„ბათუმის მერია ქალაქის იერსახის დამახინჯებას მედავება, კომედიურ ჟანრში არიან გადასულები.

მუნიციპალურმა ინსპექციამ გამომიგზავნა ოქმი და მითხრა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს კარებზე „იფიცება საქართველოს“ სტიკერის გაკვრა იერსახის დამახინჯებააო და ნახევარი ბათუმის რუსული წარწერებით აჭრელება შენარჩუნებაა ნეტა? მშენებლობებზე და ახალი კორპუსების იერსახეზე აღარაფერს ვამბობ, სამარცხვინოები!“, – წერს ვაჟა დარჩია სოციალურ ქსელში.

„…ბათუმში მერია ქალაქის იერსახის დამახინჯებას რომ დაგაბრალებს, ტრაგიკომიკური ამბავია“, – დაწერა აკაკი გვიანიძემ.

აკაკი გვიანიძისა და ვაჟა დარჩიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები 150-ე მუხლის პირველი ნაწილით შეუდგინეს, რაც 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: