საზღვაო აკადემიის თანამშრომლები: ვგმობთ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციული პერსონალისა და კურსდამთავრებულების სახელით ვრცელდება განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და კურსდამთავრებულთა წარმომადგენლები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

გარდა იმისა, რომ ეს არის საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა და პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ის უშუალოდ მოახდენს ნეგატიურ გავლენას საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმების პროცესებზე.

ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების ერთგულნი და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გულწრფელად და მშვიდობიანი გზით გამოხატავენ უკმაყოფილებას ევროინტეგრაციის პროცესების შეჩერების გამო.

საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარების პერსპექტივა ევროკავშირთან თანამშრომლობაშია!

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააკეთოს ყველაფერი ქვეყნისა და მოქალაქეების კონსტიტუციით აღიარებული უფლებების დასაცავად!“

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ:

  1. აბდულ კახიძე – აკადემიური პერსონალი
  2. ნინო ყურშუბაძე – აკადემიური პერსონალი
  3. გურამ შანიძე – მოწვეული პედაგოგი
  4. დიანა ფალავანდიშვილი – ბსსა კურსდამთავრებული
  5. ზურაბ სალაძე – მოწვეული პედაგოგი
  6. პაატა ადამია – ადმინისტრაციული პერსონალი
  7. ირინა ინწკირველი – ადმინისტრაციული პერსონალი
  8. მიშიკო ბერიძე – ბსსა კურსდამთავრებული
  9. ალექსანდრე შალიკაშვილი – ბსსა კურსდამთავრებული
  10. ლუკა შუშანიძე – ბსსა კურსდამთავრებული
  11. აკაკი ორმოცაძე – ბსსა კურსდამთავრებული
  12. ნანა ბერიძე – ადმინისტრაციული პერსონალი
  13. მაია ტუღუში – აკადემიური პერსონალი
  14. გოჩა ჩიტიძე – ადმინისტრაციული პერსონალი
  15. ვალერიან მარგალიტაძე – აკადემიური პერსონალი
  16. სოფიკო მანჯგალაძე – მოწვეული პედაგოგი
  17. ლაშა დიასამიძე – აკადემიური პერსონალი
  18. ლუიზა სიხარულიძე – აკადემიური პერსონალი
  19. ირაკლი შარაბიძე – აკადემიური პერსონალი
  20. ნიკა გალოგრე – ბსსა კურსდამთავრებული
  21. ირმა ძიმისტარიშვილი – ადმინისტრაციული პერსონალი
  22. თეიმურაზ კვაჭაძე – ბსსა კურსდამთავრებული
  23. მარიამ კიწმარიშვილი – ადმინისტრაციული პერსონალი
  24. ირინე ხალვაში – ადმინისტრაციული პერსონალი
  25. გიული აბულაძე – ადმინისტრაციული პერსონალი
  26. სულიკო ჩებინოვი – ბსსა კურსდამთავრებული
  27. ნიკა შილაძე – ბსსა კურსდამთავრებული
  28. გოჩა ჩინჩალაძე – ადმინისტრაციული პერსონალი
  29. თამთა თურმანიძე – ბსსა კურსდამთავრებული
  30. ჯემალ მუთიძე –  მოწვეული პედაგოგი
  31. ლუკა ჯოჯუა – ბსსა კურსდამთავრებული
  32. რუსუდან ყიფიანი – ადმინისტრაციული პერსონალი

განცხადება, რომელსაც ამ დროისთვის 32 ადამიანი აწერს ხელს, 2 დეკემბერს, დღის პირველ საათზე გამოქვეყნდა. ხელმოწერები გრძელდება.

____

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება პერიოდულად და სასტიკად არბევს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესიც კი შეაჩერა.

სტუდენტები გაიფიცნენ რამდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის ბათუმშიც.

დღეს, 2 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის, ხელოვნების და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების სტუდენტები საზღვაო აკადემიასთან მივიდნენ და მოუწოდეს სტუდენტებს, გამოსულიყვნენ. აკადემიის სტუდენტთა მხოლოდ ნაწილი შეუერთდა სტუდენტების მარშს:

ბათუმში გაიფიცა აჭარის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განყოფილების უფროსი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსი ლელა მიქალაძე გაიფიცა. მან გვითხრა, რომ დილით იმყოფებოდა სამსახურში და დახვდა ვითარება, რაც ბოლო წვეთი იყო მისთვის, ამიტომაც სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ გაფიცულია:

„ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ხდება. მე ყოველთვის მქონდა ჩემი აზრი და ვაფიქსირებდი, მაგრამ ის, რომ თითქოს არაფერი ხდება…

ახალი მოადგილეების წარდგენისთვის ემზადებიან, ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის. მინისტრს არ შევხვედრივარ. მოადგილემ დამირეკა და ინფორმაცია მთხოვა, ვუთხარი, რომ სხვას სთხოვოს, რადგან გაფიცული ვარ. რა თქმა უნდა, ვაპროტესტებ როგორც ძალადობას, ასევე არჩევნების გაყალბებას“ – უთხრა ლელა მიქელაძემ „ბათუმელებს“.

გაფიცვის შესახებ ლელა მიქალაძემ ფეისბუქის გვერდზეც დაწერა:

სქრინი

ლელა მიქალაძეს ვკითხეთ, რა განწყობაა სამინისტროში და აპროტესტებენ თუ არა მისი თანამშრომლები არჩევნების შედეგებს, და, ასევე, ძალადობას აქციის მონაწილეებზე. მან გვითხრა, რომ სხვის ნაცვლად ვერ ისაუბრებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი აქციებზე იმყოფებოდა, თუმცა მათ საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.

„ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს“ – გურამ პეტრიაშვილის მიმართვა

ვახტანგ ლომთაძე ფეისბუქზე მწერალ გურამ პეტრიაშვილის მიმართვას ავრცელებს. გურამ პეტრიაშვილი ამ მიმართვით საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. „ბათუმელები“  მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ზვიადმა და მერაბმა ეროვნული მოძრაობა რომ წამოიწყეს, მეც უყოყმანოდ, მათ გვერდით დავდექი:

რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია და მეც, როგორც ყველა ნორმალური ქართველი, სამშობლოს რუსული იმპერიისაგან განთავისუფლებისთვის ვიბრძოდი!

ჩვენ მივაღწიეთ საუკუნოვან საწადელს – 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში დავამარცხეთ კომპარტია, საქართველოს ეროვნული ხელისუფლება დავუბრუნეთ და მალევე, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, 9 აპრილის ისტორიული აქტით, აღვადგინეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!

დღეს კი, ისევ რუსულ იმპერიაში მიგვათრევენ ეს თანამედროვე უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები!

რუსი პატრონების დავალებით გვიკლავენ ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ჩვენ სისხლი დავღვარეთ, 9 აპრილს ჩვენი გოგო-ბიჭები სწორედ, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაჩეხეს რუსმა ჯალათებმა!

დღეს, ხელმეორედ კლავენ რუსების მიერ მოკლულ ზვიადს და მერაბს!

მოკლედ, ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს!

ისევ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოს თავისუფლებისათვის!

მე, 82 წლის კაცს, რომ შემეძლოს, ჩვენი ლამაზი და ლაღი ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი…

როგორ მშურს მათი კეთილი შურით, რომ მათსავით, როგორც ეროვნული მოძრაობისას, დღესაც არ შემიძლია სამშობლოს დამცველთა პირველ რიგებში ვიდგე!

თუმცა, ესეც ბუნების კანონია – ახლა მათი ჯერია სამშობლოსათვის ბრძოლისა!

მე მთელი არსებით მხარს ვუჭერ მოძმე უკრაინელ ერს, ჩვენს საერთო მტერთან, რუსეთის იმპერიასთან თავისუფლებისათვის ბრძოლაში!

რადგან უკრაინის თავისუფლება და გამარჯვება – საქართველოს თავისუფლებასა და გამარჯვებას ნიშნავს!

და როგორც ზვიადი და მერაბი დაჰქუხებდნენ:

ძირს რუსეთის ძირგამომპალი იმპერია!

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

გურამ პეტრიაშვილი,

30 ნოემბერი, 2024 წ.”

  • რა ხდება?

28 ნოემბრიდან ანტირუსული აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 200- ზე მეტი ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. პროტესტის მეხუთე დღეს გაფიცვის შესახებ განაცხადეს საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლისა და უნივერსიტეტების მოსწავლეებმა და სტუდენტებმა.

 

ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს დახურულ სივრცეში – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] განცხადებით, 2024 წლის 1-2 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი ათზე მეტ დროით ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის.

„ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს ასევე დახურულ სივრცეში მყოფების წინააღმდეგ ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში კვლავ გარეული იყო ქიმიური გამაღიზიანებელი, რაც იწვევდა სხეულის წვას.

კვლავ ადგილი აქვს ჟურნალისტების საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლის შემთხვევებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებასა და კამერების განზრახ დამტვრევას, ასევე ფიზიკურ ძალადობასა და დაკავებას [დაკავებულია ონლაინ-მედია მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი].

ყველაზე შემაშფოთებელია აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პრაქტიკა, რასაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე აქვს. აქციის დარბევის დროსაც კი, სპეცრაზმი ვალდებულია, მისცეს მოქალაქეებს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. ამის ნაცვლად, გამთენიისას პოლიცია აქციის მონაწილეებს ალყაში აქცევს და მშვიდობიან დემონსტრანტებს დევნის. აქციაზე დააკავეს ასევე IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური.

გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს“ – აცხადებს საია.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციები გრძელდება დღესაც. გაფიცულია სკოლების და უნივერსიტეტების ნაწილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 17 და 21 წლის პირები არიან დაკავებული. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბსუ-ს სტუდენტები გაიფიცნენ, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა

დღეს, 2 დეკემბერს, სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტთა უმეტესობა ლექციებზე დასასწრებად არ მივიდა.

მანამდე სტუდენტებმა გაავრცელეს განცხადება, რომ არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და პროტესტის ნიშნად არ შევლენ ლექციებზე.

„სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. რაც შეეხება სწრებადობას, სტუდენტთა გამოცხადების ხარისხი დაბალია. ქართულენოვან სექტორზე სწრებადობა არის მცირე, ინგლისურენოვანზეა ძირითადად,“ – უთხრეს „ბათუმელებს“  ბსუ-ს ადმინისტრაციაში.

დღეს, 2 დეკემბერს, 12:00 საათზე ბსუ-ს უნივერსიტეტის კიბეებთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. სტუდენტები აუდიტორიებში შესვლის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე წასვლას აპირებენ.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ბათუმში აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს

დღეს, 2 დეკემბერს, ღამის პირველ საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა ჯევაიში დააკავეს.

როგორც ენმ-ს წარმომადგენელმა მიშა ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის დაკავებული ჯევაიში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვკითხეთ, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება და მამუკა ჯევაიშის გარდა, ხომ არ არიან დაკავებულნი აქციის სხვა მონაწილეებიც ბათუმში, თუმცა სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა.

საპროტესტო მსვლელობა ბათუმში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ათასობით მოქალაქე ჯერ ევროპის მოედანზე შეიკრიბა, შემდეგ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

საიას ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს, ხალხი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებს.

საპროტესტო აქციები დაგეგმილია დღესაც. უნივერსიტეტებში გაფიცულნი არიან სტუდენტებიც.

 

 

მთავარი ფოტო: სპეცრაზმი აჭარის მთავრობის სახლთან. ფოტო: „ბათუმელები“

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 743 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 790]
  • ტანკი – 9 478 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 19 397 ერთეული [+28]
  • საარტილერიო სისტემა – 20 953 ერთეული [+30]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 019 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 886 ერთეული [+83]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 852 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 30 606 ერთეული [+99]
  • სპეცტექნიკა – 3 619 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 082 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 590 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 497 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 847 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 935 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება“ – კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოში პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა.

„მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს – ხელისუფლება ჩაჭიდებულია იდეაფიქსს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი ივსება ძირითადად სახელმწიფო გადატრიალების მომხრეებით, რომელთაც ან არასწორად ესმით, ან არ უნდათ, რომ გაიგონონ მათი ნათქვამი.

სიმართლე კი იმდენად ცხადია, საჭიროა უბრალოდ თვალი გაუსწორო და დაინახო, რომ ქუჩაში გამოსულთა უმრავლესობა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ – სახელმწიფომ გაიგონოს მათი ხმა.

ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გარეშე ამ მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება, რადგან პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა.

ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე“ – წერს კვირიკაშვილი.

გიორგი კვირკაშვილი ბოლო დღეებია ეხმიანება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. 29 ნოემბერს მან დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით.

„ქუჩის გარდა – სასამართლო, პარლამენტი, პოლიცია, ყველაფერი ივანიშვილისაა“ – ლევან ღამბაშიძე

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ფეისბუქზე წერს, რომ ერთადერთი სივრცე, რომელიც თავისუფალი დარჩა ივანიშვილის გავლენისგან, ქუჩაა და რადგან „ოცნება“ არ უსმენს საზოგადოებას, ამიტომ ხალხის ხმა სულ უფრო ხმამაღლა ისმის.

„მანიფესტაცია არის რაღაცის ჩვენება. ეს რაღაცა არის მოქალაქეთა ნება.

წელს ჩვენ, რუსული კანონისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონის გაპროტესტებისას, ივანიშვილის უკვე არალეგიტიმურ რეჟიმს ვაჩვენეთ ჩვენი ნება, რომ ჩვენ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ნება გამოვხატეთ აბსოლუტურად მშვიდობიანად.

რა ქნა რეჟიმმა? მიიღო ორივე რუსული კანონი და ფეხზე დაიკიდა ჩვენი ნება.

ვინაიდან არჩევნები მოდიოდა, ჩვენ სახლში წავედით და პირობა მივეცით ჩვენს თავს რომ აუცილებლად ვიძიებდით შურს არჩევნების გზით, რომელიც ასევე მოქალაქის ნების მანიფესტაციაა.

და რა ქნა რეჟიმმა? გააყალბა არჩევნები – გააყალბა ჩვენი ნება.

ჩვენ ვცადეთ ამ დანაშაულის გაპროტესტება, მაგრამ არ ვიყავით საკმარისად ხმამაღალნი და რეჟიმმა ფეხებზე დაგვიკიდა.

აქ უკვე რეჟიმმა იფიქრა, რომ ჩვენ აღარ გვექნებოდა ჩვენი უფლებების, ჩვენი არჩევანის დაცვის შნო და ღიად გამოაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს და თუ ძალიან უნდა, იქით შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთან შემოერთება.

აქ უკვე გადაგვეკეტა და დავდექით ერთადერთ სივრცეში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ივანიშვილის – ქუჩაში.

სასამართლო ივანიშვილისაა, პარლამენტი ივანიშვილის მიტაცებულია, პროკურატურა მისია, პოლიცია მისია… ყველაფერი მისია – ქუჩის გარდა.

და ჩვენ ვცდილობთ მშვიდობიანად გამოვხატოთ ქუჩაში ჩვენი ნება.

და რას აკეთებს „ოცნება“ – არაფერს. სულ ფეხებზე ვკიდივართ. იცით რატომ? იმიტომ, რომ მისი ძალაუფლება ხალხის ნებაზე კი არა, ერთი ადამიანის ნებაზე დგას.

და რას შვება ხოლმე ადამიანი, როდესაც მისი არ ესმით? რას და ხმას უწევს. კი, დღეს ჩვენ ფეიერვერკებით ვყვირით. ვყვირით იმიტომ, რომ შანსი მივცეთ რეჟიმს, რომ მოგვისმინოს. უფეიერვერკოთ როგორც მოგვისმინა, ნანახი გვაქვს უკვე.

რას ვითხოვთ: ყველა დაკავებულის გამოშვებას და ხელახალ არჩევნებს. ეს ორივე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს და რაც შეიძლება სწრაფად.

პ.ს. დავით აღმაშენებლის აშენებული გელათი რომ ჩამოგირეცხათ და ხმა მიეცით მაინც, აი, ეგ ხალხი კომუნისტების აშენებულ პარლამენტის ბუფეტზე ნუ ამიწუწუნდებით, გთხოვთ“ – წერს ლევან ღამბაშიძე.

200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა შეტყობინება – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე 200-ზე მეტი დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.

„დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.

მხოლოდ გუშინ, მიმდინარე აქციის დროს, 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39-ზე მეტი უკვე მოინახულეს ჩვენმა ადვოკატებმა იზოლატორებში“- ამბობს აცხადებს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, დაკავებულთა დიდი ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.

„ხშირია სამედიცინო დახმარების საჭიროება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ ხდება.

პირადი ნივთების მიზანმიმართული ჩამორთმევა, მათ შორის მობილური ტელეფონების დაკარგვის ან მოპარვის ფაქტები. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სამართლებრივი სტანდარტების უგულებელყოფით, რაც ართულებს ადვოკატების მუშაობას. დაკავებულთა ჯანმრთელობის დაზიანებების შემთხვევები სასამართლოს მხრიდან იგნორირებულია“.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დღესაც მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. მოქალაქეები ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სპეცრაზმი სასტიკად უსწორდება აქციის მონაწილეებს. არასათანადო ძალის გამოყენებით დააკავეს აქციის მონაწილეები ბათუმშიც.

ბათუმის სასამართლომ აქციის მონაწილეებს პატიმრობა და 2000- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა – პროტესტი გრძელდება

ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია – EPAG

აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

„აღნიშნული მუხლის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანოს აკისრია მკაფიო ვალდებულება – უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელყოფს როგორც კონსტიტუციურ ნორმას, ასევე უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებასა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ არჩევანს.

მიგვაჩნია, რომ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ მიღებული ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს ართმევს იმ ევროპულ მომავალს, რომლისათვისაც წლებია ვიბრძვით.

მეტიც, ის ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია. შესაბამისად, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესის შეფერხებით ვკარგავთ იმ სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის შესაძლებლობას, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოს განვითარებასთან, პროგრესთან, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებასთან.

ამასთან, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალისმიერი, არაპროპორციული მეთოდების გამოყენებას, რომლებიც უხეშად ხელყოფენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების საერთო რესურსი სწორედ ევროპული ოჯახის წევრობისკენაა მიმართული, იმ ეროვნული მიზნისკენ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა განმტკიცებული და საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, პირველ დეკემბერს გავრცელდა, რომელსაც ხელს აწერს 204 ადამიანი.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს.

პოლიცია-სპეცრაზმი სასტიკად უსწორდება აქციის მონაწილეებს. ამ დროისთვის დაკავებული და დაშავებულია ასზე მეტი ადამიანი.

„ჩვენი ახალგაზრდების ჯალათად იქეცით“ – ნაირა გელაშვილის წერილი ივანიშვილს

მწერალი ნაირა გელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ნაირა გელაშვილის წერილს.

 

„საქართველოს ხელისუფლებას

ბატონ ბიძინა ივანიშვილს

აღარც კი მახსოვს უკვე მერამდენე მოწოდებით, თხოვნით თუ საპროტესტო განცხადებით მოგმართავთ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამაოდ.

სულ პირველად ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფილი ფეხბურთელის – კახი კალაძის დანიშვნა გავაპროტესტე. რადგან თქვენმა ამ ნაბიჯმა უკვე მაშინ ერთადერთი რამ გვამცნო, კერძოდ, რომ თქვენს მიერ მართულ სახელმწიფოს რაიმე დარგობრივი განათლება კი არა, წერა-კითხვის ცოდნაც არ სჭირდებოდა; რომ თქვენთვის მთელი საქართველო, მისი მიწა-წყალი მხოლოდ ბიზნესტერიტორია, ერთი დიდი ცეხი იყო, რომელსაც მოგება უნდა მოეტანა თქვენთვის და თქვენი მოკავშირე მდიდართა კლასისთვის; რომ თქვენ განამტკიცეთ წინა რეჟიმის მიერ დაფუძნებული ქართული ფეოდალური კაპიტალიზმი – მტაცებლური, დაუნდობელი, უიდეო და უიდეალო. რომ თქვენ და თქვენს გუნდს განათლება უბრალოდ გძულდათ!

და აი, ამ „სპორტული“ კურსის დაგვირგვინება – ამ დღეებში ყოფილი ფეხბურთელის პრეზიდენტად დანიშვნა, რომელიც მთავარი სათქმელი ის აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტობას არანაირი დიპლომი არ სჭირდება!

განა ეს საქართველოს ხალხისადმი თქვენი ქვეცნობიერი სიძულვილის, მისი დამცირების სურვილის გამოხატულება არ არის?

შემდეგ მეც და სხვებიც გაუთავებლად და, ცხადია, ამაოდ მოგიწოდებდით, შეგეცვალათ წინა რეჟიმის მიერ შემუშავებული ბარბაროსული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ლამის ყველა მდინარის გაყიდვას, მათ დაგუბებას და უდიდესი საფრთხის შემცველი გიგანტური ჰესების აშენებას, რაც ეკოლოგიური უბედურების საწინდარია, საერთოდ, და მით უფრო ჩვენს სეისმურად აქტიურ რეგიონში; ბიზნესგეგმა, რაც საქართველოს უნიკალური, ულამაზესი ბუნების განადგურებას ნიშნავს (ერთხელ პირად საუბარში მითხარით გამაოგნებელი ფრაზა, რომელიც მხოლოდ გვიან გავიაზრე, რასაც ნიშნავდა: „საქართველო არც ისე ლამაზიაო“. ასეთი რამ პირველად გავიგე ცხოვრებაში. ამით მეუბნებოდით, რომ ამ ბუნების გადაქცევა ტექნიკურ ლანდშაფტად არც ისეთი უბედურებაა).

სხვა საკითხები, რაზედაც საზოგადოებასთან ერთად, მე და ჩემი მეგობრებიც ვღელავდით, ვწერდით, ვლაპარაკობდით, მოგმართავდით, ეს იყო:

განათლების დონის უკიდურესი დაცემა, უმუშევრობა, სიღატაკე, მშიერი ბავშვები და სოციალურად სრულიად დაუცველი, მშიერი სტუდენტები (რომლებსაც ფულს ახდევინებთ სწავლაში და სამუშაო ადგილებს საერთოდ არ ჰპირდებით, სრულიად დაუცველებს ტოვებთ სასტიკი ცხოვრების წინაშე); კულტურის უძველესი ძეგლების გაპარტახება; ცუდი კვებითა და ცუდი ცხოვრებით მთელი ხალხის ერთიანად შერყეული ჯანმრთელობა და მათი ტანჯული სიარული თურქეთის საავადმყოფოებში; საქართველოს მიწის უკანონო გაყიდვა, რაც განუხრელად გრძელდება; განადგურებული სოფლის მეურნეობა და ამ ყველაფრის შედეგი: საქართველოს დაცლა ქართველებისაგან! მთლიანად დაცარიელებული სოფლები, ბოქლომდადებული ათიათასობით სახლი.

მკვიდრი მოსახლეობის ჩანაცვლება უცხოთი, ისევე როგორც წინა რეჟიმის შემთხვევაში, თქვენს გააზრებულ მიზანს, გეგმას წააგავს: არ არის ხალხი, არ არის პრობლემა.

განსაკუთრებით უსაშველო და შეუქცევადი: თბილისის, ბათუმის და სხვა ადგილების ყველა მტკაველის გაყიდვა და მათი გადაქცევა ქვისა და შუშის ჯუნგლებად. ულამაზესი და უძველესი დედაქალაქის ჯოჯოხეთური დამახინჯება, მისი გარდაქმნა სიკვდილით სავსე ქალაქად. დაბოლოს, საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის სრულიად მოულოდნელი და გაუგებარი რადიკალური დაპირისპირება მთელ დასავლეთთან – ევროპასა და ამერიკასთან, რომლებისგანაც უწყვეტად იღებდით ფინანსურ დახმარებას. და ამ დაპირისპირების მთავარი მანიფესტაცია: „გამჭვირვალობის“, ანუ, „აგენტების კანონი“- არასამთავრობო სექტორის ლიკვიდაციის სურვილი, კრიტიკული აზრის ამოძირკვის მიზნით.

ეს ძალიან ჰგავს გადაწყვეტილებას, თავიდან მოიშოროთ ყველანაირი კონტროლი და მოთხოვნები დასავლეთის მხრიდან და გადააქციოთ საქართველო შავი ფულის უკონტროლო ოფშორულ ზონად, დაცემულ ქვეყნად თავისი ურიცხვი კაზინოებით, ნარკობიზნესითა თუ კრიპტოვალიუტით. აი, რა აღმოჩნდა თქვენი ოცნება.

და ეს მაშინ, როცა ამდენი წელი ახალგაზრდებს მხოლოდ „ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“ უჭედავდით თავში და სხვა რაიმე მაღალი ეროვნული იდეა არც გაგიხმოვანებიათ. და აი, სწორედ ეს იქცა ბოლო წვეთად, რამაც ამდენი უკუღმართობის ამტანი, დაჩაგრული ახალგაზრდობის მოთმინების ძაფი გაწყვიტა, რასაც თქვენ და ძლიერ რვაფეხად ქცეული ფეოდალ-კაპიტალისტთა კლანი ვერასოდეს გაიგებთ, რადგან „მაძღარს მშიერიც მაძღარი ჰგონია“.

რადგან დაგავიწყდათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ღირსების განცდა ხალხში არ ისპობა და მოულოდნელად ამოხეთქს ხოლმე, თუნდაც სტიქიური პროტესტის სახით.

დაგავიწყდათ, რომ არსებობს ბოლო წვეთის ფაქტორი.

სავალალოდ გაუვიდა ყავლი თქვენს თავმოწონებას იმით, რომ „ნაცებზე“ უკეთესები ხართ. თქვენს აქტივში ხომ უკვე საკმარისზე მეტია ახალგაზრდების დალეწილი სახსრები, ხელ-ფეხი და თავყბა, ჩამსხვრეული კეფა და დათხრილი თვალები, შხამიანი აირით მოწამლული სასუნთქი გზები და ფილტვები, თქვენი ზონდერების მიერ წაქცეული ყმაწვილებისა და გოგონებისთვის მუცელში ჩაზელილი თუ ნიკაპში ამორტყმული წიხლები! სიცივეში ცივი წყლის ჭავლებითა და მომწამვლელი ნივთიერებით მათი გადაჯეგვა. ამით ხომ მათ ჯანმრთელობას ერთიანად არყევთ და შემდეგი დაავადებებისთვის იმეტებთ!

ოო, რა ამოფრქვევაა სიძულვილისა სხვისი შვილების მიმართ! რამხელა მარაგია დაფარული სადიზმისა!

ჩვენი ხელისუფლებები მართლაც რომ ქვეცნობიერი აგრესიის აუზები არიან!

რატომ პირდაპირ არ ელაპარაკებით ამ გამწარებულ, მართლა აღშფოთებულ ახალგაზრდებს, რატომ ვერც ერთი ვერ მიდიხართ მათთან, რატომ არ იწვევთ მოსალაპარაკებლად, რატომ ემალებით თქვენს სასახლეში, რატომ დასცინით, რატომ სწამებთ ცილს თქვენი სამარცხვინო, ყვითელი ტელევიზიებიდან? რატომ ასხამთ ცეცხლზე ნავთს, ნაცვლად იმისა, რომ რაიმე მოიფიქროთ და შემხვედრი ნაბიჯები გადადგათ?

ამდენი მამები და დედები ხართ და ნუთუ სხვა არაფერი გაქვთ სათქმელი? ხელისუფლების წევრებო და მსახურებო, უფრთხილდით არამ ლუკმას, რომელსაც სხვების შვილების ჩაწიხვლით თქვენს შვილებს აჭმევთ! იგრძენით საერთო განსაცდელის, კატასტროფის სუნთქვა! შეჩერდით! ნუთუ ფიქრობთ, რომ ან ღმერთი, ან ხალხი გაპატიებთ ტანჯვით გაზრდილი ბავშვების, გოგონებისა და ბიჭების – ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ამ პირუტყვულ გადაჯეგვას, ხელ-ფეხის მსხვრევას?

ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გზას. როგორ მოხვედით (ფულით ნაყიდ თანამდგომელ ინტელექტუალთა წყალობითაც) – იმ საყოველთაო, სახალხო სიყვარულიდან და ნდობიდან, რაც 2012 წელს გეხვიათ გარს, – დღევანდელ დღემდე, როცა ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯალათად, ჰეროდედ იქეცით და ვეღარ ძღებით მათი სისხლის ღვრითა და წამებით. ნუთუ კაციაჭამია ზონდერებისა და ანგარებიანი, პირმოთნე მხარდამჭერთა ამარა აპირებთ ცხოვრებას?

გამოერკვიეთ ამ მოჯადოებიდან და სასწრაფოდ გადადგით ნაბიჯი კომპრომისისკენ, ნუ დაუჯერებთ იმათ, რომლებიც ახლა სისასტიკისკენ მოგიწოდებენ. ისინი არაფერზე აგებენ პასუხს. ჩვეულებრივ, პირველი პირები ისჯებიან ყველაზე მეტად. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ სიტუაციის შეცვლა.

ნაირა გელაშვილი, 28 ნოემბერი, ღამე“.

ბათუმელი ადვოკატები: ვგმობთ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება

დღეს, პირველ დეკემბერს, ბათუმში, საქალაქო სასამართლოსთან ბათუმელი ადვოკატები შეიკრიბნენ და განცხადება გაავრცელეს საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით იმ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება და მისი საპოლიციო დანაყოფები, საქართველოს მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ. საქართველოს მომავალი ევროპაშია, ეს ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია და ამას ვერავინ წაართმევს ქართველ ერს.

ვგმობთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელისშემშლელ ნებისმიერ განცხადებას და ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს არ დაუშვან ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ არაადამიანური მოპყრობა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა. ვგმობთ პოლიციელთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას და ძალის გადამეტების ფაქტებზე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას.

დაუშვებელია მომიტინგეების დარბევა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს და ძალადობრივი გზით გამოხატვის თავისუფლების ხელშეშლა.“ –  ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ადვოკატები ავრცელებენ.

  • რა ხდება?

საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

ანტირუსული საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა მიმდინარეობს ბათუმშიც. 29 ნოემბერს ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, იმ დღესვე გაათავისუფლეს.

 

„ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს“ – ბსუ-ს ლექტორებისა და თანამშრომლების ნაწილის განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დააფიქსირონ პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავის მისიაში დეკლარირებული აქვს სახელმწიფოებრივი ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება, ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულება, ამიტომ ჩვენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის შეჩერების შესახებ გაკეთებულ განცხადებას!

უპირობოდ და ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა, ასევე, ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობას და ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს!

ვიყავით, ვართ და ვრჩებით კონსტიტუციის პრინციპების, ქართველი ხალხის არჩევანისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ერთგულნი.

მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს დააფიქსირონ თავისი პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით!

საქართველოს მომავალი ევროპაშია!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ:

1. ინგა შამილიშვილი;
2. ლელა თურმანიძე;
3. ლაშა ბაჟუნაიშვილი;
4. ლეილა ახვლედიანი;
5. ნელი ახვლედიანი;
6. ირაკლი ბარამიძე;
7. მარინა ქორიძე;
8. მაია ბარამიძე;
9. გვანცა საბაშვილი;
10. ლაშა ზარგინავა;
11. ელგუჯა წითლიძე;
12. თამარ ხაჟალია;
13. გულადი ფარტენაძე;
14. ნინო გორგილაძე;
15. ფირუზ ბოლქვაძე;
16. ნინო ფილია;
17. ნათია ხარატი;
18. ნატალია ჩაკვეტაძე;
19. ირაკლი გორგილაძე;
20. სოფიო ბერიძე;
21. მადონა მიქელაძე;
22. ია თურმანიძე;
23. კახაბერ ქაშიბაძე;
24. მაია მერკვილაძე

ხელმომწერთა სია განახლებადია. 

ბსუ-ში ხვალ, 2 დეკემბერს, ბსუ-ს გაფიცული სტუდენტები და ლექტორები უნივერსიტეტის ეზოში აპირებენ შეკრებას.

ასევე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები ითხოვენ აქციის დღეებში შეჩერდეს სწავლის პროცესი. პეტიციას, რომელიც manifest.ge-ზე გამოქვეყნდა, ამ დროისთვის 600-ზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს.

ბსუ არის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გაპროტესტება უშუალოდ უნივერსიტეტის შენობაში, უწყვეტი საპროტესტო აქციით დაიწყო. სტუდენტების ჯგუფმა 9 დღე და ღამე გაათენეს უნივერსიტეტის შენობაში და შემდეგ თბილისში შეუერთდნენ აქციას.

გუშინ დაკავებული 44 პირიდან 26-ს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2024 წლის 28-30 ნოემბერს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 125 პირი მოინახულეს.

„81 მათგანის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკვე მიეწოდა.

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით მოინახულეს 30 ნოემბერს დაკავებული 44 პირი, რომელთაგან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა [რეაგირება არ ისურვა 11-მა]). 26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა, უმეტესად, დაზიანებები ხილულად სახის არეში.

საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. დაკავებულთა ნაწილის გადმოცემით, ისინი ალყაში მოაქციეს, არ აძლევდნენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც სამართალდამცავები განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებულების ნაწილის თქმით, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ არამხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ, შემდგომშიც – ავტომობილში ყოფნის დროს.

დაკავებულების განმარტებით, აქამდე უკვე არსებული პრაქტიკის მსგავსად, დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა მათ მიმართ ხორციელდებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ, ხოლო შემდეგ, მათი გადაცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ხდებოდა.

საყურადღებოა, რომ დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი ნივთების [მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, საფულე მასში განთავსებული თანხით და სხვა] ჩამორთმევაზე მიუთითებს, რომელთა შემდგომი ბედი მათთვის უცნობია.

სახალხო დამცველის აპარატი, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულის შესახებ, პარალელურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამსახურს აპარატმა ასევე მიაწოდა საჯარო წყაროებში ასახული არაერთი ვიდეომასალა და ინფორმაცია, სადაც  ვლინდებოდა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მონახულებას და შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების დამატებითი ინფორმირება“ – წერია განცხადებაში, რომელიც დღეს, პირველ დეკემბერს გავრცელდა.

მათივე ინფორმაციით, უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81

დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საავადმყოფოში – ISFED შოთა ნარსიას გათავისუფლებას ითხოვს

„დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამედიცნო დაწესებულებაში“ – ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ შოთა ნარსიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შოთა ამ ორგანიზაციის მკვლევარია. „სამართლიანი არჩევნები“[ISFED] წერს, რომ მასზე სპეცრაზმმა იძალადა, შემდეგ კი დააკავეს:

„2024 წლის პირველი დეკემბრის გამთენიისას, მედიაში გავრცელებული კადრებით 01:39 საათზე, ძმები ზუბალაშვილებისა და ლესია უკრაინკას ქუჩების მიმდებარედ დააკავეს სამართლიანი არჩევნების უფროსი მკვლევარი, შოთა ნარსია, რომელიც მონაწილეობას იღებდა მშვიდობიან პროტესტში.

პოლიციის მიერ გაზის გამოყენების შემდეგ, იგი ქუჩაზე იდგა, რა დროსაც მას სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავს დაესხნენ კერძოდ, უკნიდან კეფაში ჩაარტყეს, რა დროსაც ის წაიქცა. როდესაც იგი წამოდგომას ცდილობდა, მას კვლავ ჩაარტყეს ფეხი და მიწაზე საკმაოდ დიდ მანძილზე ათრიეს.  გაქცევის მცდელობის დროს გაეკიდნენ, მიიმწყვდიეს კედელთან და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

შოთა ნარსიას დაზიანებები მიაყენეს თირკმლის და ხერხემლის მიდამოებში. მას შემდეგ რაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რაც მედიაში გავრცელებული კადრებიდანაც ნათლად ჩანს. ადვოკატთან საუბრის დროს, შოთა ნარსიამ აღნიშნა, რომ იგი განსაკუთრებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებისთვის მისი სამუშაო ადგილის შესახებ გახდა ცნობილი. ამჟამად იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.“

ორგანიზაციის განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შეწყვეტის არაერთი მოწოდების მიუხედავად, შსს აგრძელებს არაპროპორციული ძალის განსაკუთრებული სისასტიკით გამოყენებას და აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებებს.

ორგანიზაცია ითხოვს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად შეისწავლოს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი და მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები. ორგანიზაცია მზად არის საგამოძიებო სამსახურს მიაწოდოს იმ პოლიციელების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ჩართული იყვნენ უკანო ქმედებებში.

„შოთა ნარსია გადაიყვანონ გამოკვლევაზე სამედიცინო დაწესებულებაში და ასევე მოხდეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.“ – აცხადებს ISFED.

შოთა ნარსია

 

2600 მასწავლებლის პეტიცია: თუ ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ

ქართველი მასწავლებელი ავრცელებენ პეტიციას, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დუმილი დანაშაულია.

„რეჟიმი ასუსტებს და საკუთარი ინტერესების გასამყარებლად იყენებს მასწავლებლებს. დღეს დუმილი დანაშაულია“- აცხადებენ მასწავლებლებია.

პეტიციას ამ დროისთვის 2 600-ზე მეტი პედაგოგი აწერს ხელს. ხელმომწერთა სია ახლდება.

„ჩვენ, საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლების და არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების მასწავლებლები ვგმობთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას, დემონსტრანტების უკანონო დაკავებას. დღეს დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!

უკვე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკანა პლანზე სწევს რეჟიმი, ასუსტებს, საკუთარი ინტერესების გასამყარებლად იყენებს და სისტემის პროპაგანდისტულ სქემაში რთავს მასწავლებლებს, ამ პირობებში, მასწავლებლების ხმა უნდა ისმოდეს ბევრად უფრო ხმამაღლა და მქუხარედ!

მხარს ვუჭერთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში და წინააღმდეგობის მოძრაობაში ვდგავართ მათ გვერდით.

საქართველოს ევროპული კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ვთვლით, რომ დღეს მომავალი თაობების ევროპული მომავლის დაცვა სკოლაში მომუშავე თითოეული ადამიანის პირდაპირი მოვალეობა და უპირველესი ამოცანაა!

ვთხოვთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ ამ ბრძოლაში სწორ მხარეს, ჩვენივე მოსწავლეების ინტერესების დასაცავად.

თუკი ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ!

მივიჩნევთ, რომ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ ქვეყნის მომავლისა და ჩვენი გამოხატვის თავისუფლების დასაცავად“ – წერია პეტიციის ტექსტში.

  • რა ხდება?

საქართველოს ქალაქებში მეოთხე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ განცხადებამ იმაზე, რომ აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანების თაობაზე.

ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება თბილისში სასტიკად არბევს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, დაკავებულია 150-ზე მეტი ადამიანი. არიან მძიმედ დაშავებულებიც.

„ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“ – Fulbright-ის სტიპენდიატები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის (Fulbright) მონაწილეები განცხადებას ავრცელებენ. ისინი გმობენ პროტესტის მონაწილეთა მიმართ სასტიკი და არალეგიტიმური ძალის გამოყენებას და მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას.

განცხადებაში ნათქვამია:

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის, „ფულბრაიტის უცხოელ სტუდენტთა პროგრამის“, მონაწილეები ვიზიარებთ საქართველოში დაწყებულ საპროტესტო ტალღას და ხაზგასმით ვგმობთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ურყევ ნებას – გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი.

ამავდროულად, კატეგორიულად ვგმობთ პროტესტის მონაწილეთა მიმართ არალეგიტიმური და სასტიკი ძალის გამოყენებას. მხარს ვუჭერთ საქართველოს ქალაქებსა და საზღვარგარეთ მიმდინარე სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და ამ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, მათ შორის, გაფიცულ სტუდენტებსა და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დასაცავად.

დღეს, საქართველო რთულ გზაგასაყარზე იმყოფება, სადაც დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნება და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ხოლო დასავლური სამყაროსგან იზოლირება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ტოვებს.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და სტუდენტების, მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის განვითარებას იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.

გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, რამეთუ გვწამს, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან, რომლის ფუნდამენტიც თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობაა.

ვთხოვთ საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს, დროულად მიიღონ ის საჭირო დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები, რაც მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს კონსტიტუციური უფლებებისთვის სამართლიან ბრძოლაში“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 50 პირი აწერს ხელს.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ლადო ჯავახიშვილი, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
  2. ნაია ბეგაშვილი, ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და მონაცემთა ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
  3. იაკობ დადვანი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
  4. გვანცა დოლბაია, ნოტრ დამის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
  5. მერი ქადაგიძე, ვაშინგტონის უნივერსიტეტის განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
  6. სალომე ცეცხლაძე, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
  7. თეკლა გაგოშიძე, მიდლბერის საერთაშორისო ინსტიტუტის საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
  8. სალომე აფხაზიშვილი, სამხრეთ ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა, 2018-2020 წელი
  9. ნათია მეზვრიშვილი, ცინცინატის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა, 2016-2017 წელი
  10. დემეტრე შანშიაშვილი, რანსელიერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამა, 2019-2020 წელი
  11. ნიკოლოზ გაჩეჩილაძე, მინესოტას უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი.
  12. მარიამ ჟორჟოლიანი, კლარკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
  13. ნოდარ კვაჭანტირაძე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მშენებლობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
  14. ნათიკა ქანთარია, მინესოტას უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სამაგისტრო პროგრამა, 2022-2024 წელი
  15. მარიამ მალიძე, ვანდერბილტის უნივერსიტეტის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა,  2023-2024 წელი
  16. მარიამ ლაცაბიძე, მინესოტას უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2024 წელი
  17. ლუკა ლაზიშვილი, ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამა, 2024-2026 წელი
  18. ელიზბარ ხვიჩია, ტეხასის A&M, ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის, საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამა, 2023 – 2025 წელი
  19. მარიამ პირველი, პიტსბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამა, 2023-2024 წელი
  20. ანა არგანაშვილი, ტეხასის უნივერსიტეტის, ადამიანის უფლებების პროგრამა, 2019-2020 წელი
  21. ნათია ჯავახიშვილი, ორეგონის უნივერსიტეტი, 2023-2028 წელი
  22. ანიტა თვაური, სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტი (შIU), მედიის კვლევებისა და თეორიის სამაგისტრო პროგრამა, 2014-2016 წელი
  23. სალომე სულაბერიძე, ოჰაიოს უნივერსიტეტი,(OU) კინო რეჟისურა, 2023-2026 წელი
  24. ეთერი გვრიტიშვილი, კოლორადოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამა, 2019-2020 წელი
  25. არჩილ ბერიძე, სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
  26. თეა ნათელაური, ტულეინის მედიცინის სკოლა, სამედიცინო გენეტიკის და დიაგნოსტიკური გენომიკის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
  27. მარიამ კახიძე – მინესოტას უნივერსიტეტის ჰუბერტ ჰამფრის სკოლის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა 2024-2026 წელი
  28. სოფიკო ბერიაშვილი, მერილენდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
  29. თათული ოქრიაშვილი, ვილამეტის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, 2018-2020 წელი
  30. გულიკო მაჭარაშვილი, Uჩონნ (Uნივერსიტყ ოფ ჩონნეცტიცუტ), ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის სამაგისტრო პროგრამა, 2023-2024
  31. წელიალექსანდრე ხარატიშვილი, ნიუ-ორლეანის ლოილას უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
  32. მარიამ გამდლიშვილი, სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტი, კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა, 2019-2021 წელი
  33. ანა მაზმიშვილი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის, საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამა, 2019-2021 წელი
  34. ირინა მაჭავარიანი, მიზურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლა, 2021-2022 წელი
  35. ელენა დარჯანია, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის ურბანული დიზაინის სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
  36. მარიამ ჩაჩავა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
  37. მარიამ ცისკარაშვილი, ტულეინის უნივერსიტეტი, ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2020-2021 წელი
  38. ქეთევან მაისურაძე, ბოსტონ კოლეჯის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
  39. ბექა კირტავა, კოლუმბია კოლეჯ ჩიკაგო, კინო და ტელე პროდიუსინგის სამაგისტრო პროგრამა, 2020-2022 წელი
  40.  ანა ჩხეიძე, ვაშინგტონის უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა, 2017-2019 წელი
  41. სალომე ბახსოლიანი, ლოიოლას უნივერსიტეტი ნიუ ორლეანში, სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
  42. ნიუ-ორლეანის ლოილას უნივერსიტეტის სამა რთლის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
  43. ალექსანდრე ხუნჯუა, ტეხასის A&M უნივერსიტეტის, ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლა, 2018-2020 წელი
  44. ნინო მათეშვილი, ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტის გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამა (კონცენტრაცია დემოგრაფიასა და ა GIS-ში) 2020-2022 წელი
  45. გუგა ბურდული, Temple University, გამოთვლითი მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა, 2020-2022 წელი
  46. ალექსანდრე ონიანი, Bentley University ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
  47. არკადი აკოფიანი, Iowa State University, ელექტროინჟინერიის, კერძოდ მიკროელექტრინჟინერიისა და ნახევარგამტარების სამაგისტრო პროგრამა 2020-2022 წელი
  48. ქეთევან ხვედელიძე, როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (RIT) ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
  49. ქეთევან ჩადუნელი, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა. 2019-2020 წელი
  50. მარიამ ბეგიაშვილი, ბრენდაის უნივერსიტეტი, საერთაშორისო მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2017 წელი

______________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი

დიპლომატებო, არ გაუშვათ ისტორიული შანსი – აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტების მიმართვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ქართველი ემიგრანტები ამერიკაში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს პეტიციით მიმართავენ გააკეთონ სწორი არჩევანი და იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რაც მათ ავალდებულებს მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის

„დიპლომატია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც თქვენ, დიპლომატებს, სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში დასახული მიზნებისა მშვიდობიანი გზით მოგვარების საშუალებას გაძლევთ.

„დიპლომატია ძალადობის შეკავების ხელოვნებაა“ ეს სიტყვები ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა თქვა, ცივი ომის ეპოქაში. საქართველო კი სწორედ ასეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. როდესაც საფრთხე ემუქრება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ერის ფიზიკურ არსებობას.

თქვენ გევალებათ, რომ იმოქმედოთ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს გამოხატავს. ეს მუხლი ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მათ შორის, თქვენ, დიპლომატებს გავალდებულებთ, რომ „მიიღოთ ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.

2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმაც დაგანახათ, რომ ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტების 93% ზე, რომელსაც მიეცა თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთების უფლება, გამოხატა თავისი ურყევი ნება, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიული სამყაროს ნაწილად. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველმა ხალხმა უარი უთხრა „რუსულ ოცნებას“.

თქვენ, დიპლომატები, დგახართ არჩევანის წინაშე: ან შეასრულოთ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანება და გახდეთ სამშობლოს ღალატის მონაწილე, ან შეასრულოთ ქართველი ხალხის ისტორიული ნება.

თქვენ უნდა აირჩიოთ ღირსების, მაღალი ზნეობრიობის და პატრიოტიზმის გზა, რომელიც კანონის პრინციპებისა და ღირებულებებისადმი ერთგულებას მოითხოვს. ბევრმა თქვენმა კოლეგამ დღეს უკვე აჩვენა მაღალი პროფესიონალიზმი, გაბედულება და თავდადება და ღიად გამოხატა თავისი სახელმწიფოებრივი პოზიცია.

პატივცემულო დიპლომატებო, არ გაუშვათ ისტორიული შანსი. გამოიყენეთ თქვენი ავტორიტეტი და უფლებამოსილება, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, პროგრესის და ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად.

მოგიწოდებთ, რომ როგორც, ამერიკაში მოღვაწე ქართველმა დიპლომატებმა, საჯაროდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია, დაგმეთ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკა და ძალადობა ქართველი ხალხის მიმართ. დადექით დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე“ – ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის 114 ხელმოწერა აქვს.

____________

ფოტოზე: ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია ნიუ იორკში, 17 ნოემბერი. ია მერკვილაძის ფოტო

გადასახადებს აღარ გადავიხდით – „რეზიდენტ ჰილ სოპრა“

სასტუმრო „რეზიდენტ ჰილ სოპრა“ ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პროტესტის ნიშნად გადასახადებს აღარ გადაიხდის.

„რეზიდენტ ჰილ სოპრა, სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში და აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის, ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების საკითხზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ კურსს და გვჯერა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია არის ჩვენი ეროვნული და დემოკრატიული სტაბილურობის გარანტი.“ – ამ განცხადებასთან ერთად სასტუმროს მენეჯმენტი განმარტავს:

„გადასახადების გადახდის შეჩერება: თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ქვეყნის კონსტიტუციისა და მისი დემოკრატიული განვითარების პრინციპების დარღვევას, ჩვენი სასტუმრო დროებით შეწყვეტს ყველა გადასახადის გადახდას სახელმწიფოს მიმართ, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი რესურსების გამოყენება ხელისუფლებისთვის, რომელიც უგულებელყოფს ქვეყნის კონსტიტუციას.

თანამშრომლების უფლებების დაცვა: ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება იქნება სრულად დაცული და გადახდილი, სახელმწიფოსგან დაუბეგრავად. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების უფლებები, მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებებისა.

სოციალური პასუხისმგებლობა: თანხები, რომლებიც ჩვეულებრივ უნდა მიემართოს სახელმწიფო გადასახადებისთვის, ჩვენ გადავანაწილებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს რესურსები გამოვიყენოთ იმ პირების დასახმარებლად, რომლებიც ხმას აიმაღლებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული ღირებულებების დაცვაზე.

ჩვენი სასტუმრო აქტიურად დგას საზოგადოების გვერდით და ვცდილობთ, ჩვენი აქტივობებით ხელი შევუწყოთ ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი პროცესების გამართვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მტკიცედ დაკავშირებული ევროპულ ოჯახთან.“

  • რა ხდება?

საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

ბათუმში მეოთხე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. 29 ნოემბერს ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, იმ დღესვე გაათავისუფლეს.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი დეკემბრის 21 საათიდან 2 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 3 და 4 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საპროტესტო აქციებს – აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ.

„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების  მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც მომიტინგეთა მხრიდან ვერანაირი ძალადობის საბაბი ვერ გაამართლებს და რომელიც სამარცხვინო ჩირქს სცხებს ქართულ საზოგადოებას“ –  ვკითხულობთ განცხადებაში.

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები განცხადებაში წერენ, რომ „ევროპულ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების იმპერატივს და ხალხის უზენაეს ნებას, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ღვაწლით, ნათლადაა გამოხატული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მკაფიოდაა გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში“.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება ვალდებულია, იდგეს ქვეყნისა და ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე:

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ სიმართლის მხარეს“.

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერს 213 პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი, ხელმოწერები გრძელდება.

რა ხდება?

საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

ბათუმში მეოთხე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. 29 ნოემბერს ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, იმ დღესვე გაათავისუფლეს.

ნახეთ კადრები ქუთაისში 30 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციიდან:

„ვდგავართ ხალხის გვერდით, შეჩერდეს სწავლის პროცესი“ – ბსუ-ს სტუდენტები

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები ითხოვენ აქციის დღეებში შეჩერდეს სწავლის პროცესი. პეტიციას, რომელიც manifest.ge-ზე გამოქვეყნდა, ამ დროისთვის 600-ზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს.

„ჩვენ, ბსუ-ს სტუდენტები, ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობას და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით.

მოვითხოვთ: უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდეს საპროტესტო აქციების დღეებში, რათა ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს აქტიური მონაწილეობით.

ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის იდეასთან. ერთად დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი!“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

ამავე დროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფში, ფეისბუქზე, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები წერენ, რომ იფიცებიან.

ბსუ არის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გაპროტესტება უშუალოდ უნივერსიტეტის შენობაში, უწყვეტი საპროტესტო აქციით დაიწყო. სტუდენტების ჯგუფმა 9 დღე და ღამე გაათენეს უნივერსიტეტის შენობაში და შემდეგ თბილისში შეუერთდნენ აქციას.

საპროტესტო აქციას უერთდება ბსუ-ს 131 პროფესორი და მოწვეული ლექტორი. სია განახლებადია.

________________

ფოტოზე: შოთა რუსთაველის ბიუსტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. ფოტო: „ბათუმელები“

დღეს საპროტესტო აქცია ბათუმში 17 საათზე დაიწყება ევროპის მოედანზე

დღეს, პირველ დეკემბერს, საპროტესტო აქცია ბათუმში 17 საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყება. ამის შესახებ გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადეს ორგანიზატორებმა.

30 ნოემბერს ბათუმში ხალხმრავალი აქცია გაიმართა აჭარის მთავრობასთან, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს უმაღლესი საბჭოს შენობას და ასევე, საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას სახლთან. აქციის მონაწილეები პერიოდულად კეტავდნენ სხვადასხვა ქუჩას.

ბათუმში აქციაზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი.

გუშინ ხალხმრავალი აქცია გაიმართა თბილისში, სადაც გამთენიისას, დილის 7 საათზე სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მყოფი მომიტინგეების დაშლა დაიწყო. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაინაცვლეს, თუმცა აქცია არ დაშლილა.

უწყვეტი საპროტესტო აქციები საქართველოში 28 ნოემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს.

_________________

ფოტოზე: 30 ნოემბერი, საპროტესტო აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 742 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 730]
  • ტანკი – 9 469 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 19 369 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 20 923 ერთეული [+14]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 019 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 803 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 852 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 30 507 ერთეული [+76]
  • სპეცტექნიკა – 3 619 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 958 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 572 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 497 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 748 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 889 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პოლიციამ პარლამენტთან რადიო “თავისუფლების” პროდიუსერი დააკავა

რადიო თავისუფლების ცნობით, ბოლო ოთხი საათია [03:00 საათიდან] ვერ ხერხდება, გარკვევა თუ, სად არის მისი თანამშრომელი, ბექა ბერაძე, რომელიც მედიაგამოცემის პროდიუსერია. მედია იუწყება, რომ ბექა ბერაძე პოლიციამ დააკავა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს.

“რადიო თავისუფლებას აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება – რაზე არ დაემორჩილა მათ. ბექა პარლამენტთან მდებარე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს. ის რამდენიმე ასეულ მეტრში, ამაღლების ქუჩაზე ცხოვრობს.

ბექა ბერაძე დაკავებამდე ძმასთან და მეგობართან ერთად იყო. ძმა თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. თორნიკე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი – ამის შესახებ პოლიციიდან ოჯახს შეატყობინებს. ბექა ბერაძის ადგილსამყოფელი კი უცნობია” – წერს მედიაგამოცემა.

შეუძლებელია მუნდირის, ღირსების შემლახავი ქცევების ნახვა, ეს ანადგურებს ინსტიტუციებს – გიორგი ანწუხელიძის ცოლი

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე ანტირუსულ აქციებს ეხმაურება, რაც უკვე მეოთხე დღეა მთელ ქვეყანაში იმართება და აცხადებს, რომ „არავის აქვს უფლება დაბრკოლებად იქცეს ქვეყნის განვითარების იმ გზაზე, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ფიზიკურადაც კი ეწირებოდნენ“.

საქართველოს საზოგადოება მას შემდეგ გამოვიდა ქუჩაში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე.

მაკა ჩიკვილიაძე წერს:

„ჩვენ, 2008 წლის ომის გმირების ოჯახის წევრები თავს მოვალედ მივიჩნევთ დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე სამწუხარო პროცესებზე.

ფაქტია, რომ ათწლეულების ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩიხშია შესული.

ფაქტია, რომ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კარგავენ ერთმანეთს, აყენებენ შეურაცხყოფას…ეს არ არის ჯანსაღი გარემო.

ფაქტია, რომ მომავალი თაობა, ახალგაზრდები, მათი მშობლებიც, ამაზე ძალიან ვწუხვართ, არის პროტესტი.

თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ უფლება, მოვალეობაც აქვს, იზრუნოს თავის ქვეყნის სწორ განვითარებაზე, გააპროტესტოს ყველაფერი, რაც ქვეყნის ცივილიზაციურ მომავალს დაბრკოლებას უქმნის.

მათ ამაში ვერავინ და ვერაფერმა უნდა შეუშალოს ხელი. კონსტიტუცია და მისგან მონიჭებული უფლება-მოვალეობა, ყველაფერზე მაღლა დგას, რადგან მისი დაცვაა სწორედ სახელმწიფოს არსებობის ქვაკუთხედი.

პასუხისმგებლობაა ისიც, რომ როცა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი სწორად არ, თუ ვერ წარიმართა, ადამიანებს მიეცეთ საშუალება თავად განსაზღვრონ სწორი გზა, მოუსმინო მათ მოთხოვნებს.

არავის აქვს უფლება დაბრკოლებად იქცეს ქვეყნის განვითარების იმ გზაზე, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ფიზიკურადაც კი ეწირებოდნენ.

ვინ როგორ და რანაირადაც არ უნდა აღიქვამდეს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს, ისინი ჩვენი შვილები არიან.

მომავალი მათია და უფლება აქვთ ჰქონდეთ თავის შეხედულებები, სურვილები.

და თუ ვინმე მათ იმ აგრესიით უპასუხებს, რასაც ვხედავთ, აღარავის ექნება უფლება უსაყვედუროს შემხვედრ აგრესიაზე.

შეუძლებელია ამ გამეტებული ცემა-ტყეპის ყურება, ბეწვის ხიდზე სიარული, მოლოდინი, თუ როდის დატრიალდება უბედურება. შეუძლებელია მუნდირის, ღირსების შემლახავი ქცევების ნახვა, რადგან ეს ანადგურებს ინსტიტუციებს.

ვერავინ გაამართლებს ამ სურათს სოც.ქსელებში გავრცელებული უცხოური ვიდეოებითა და ფაშისტური, თუ ტერორისტული ორგანიზაციების დემონსტრაციათა დაშლის მაგალითებით.

ბიდიშით, ეს ქვეყანა პატარაა და ყველას გვყავს იქ საკუთარი, მეგობრის, მეზობლის თუ ნაცნობის შვილი. ვიცით, რაც აწუხებთ.

საქართველოს მომავალი ევროპაა და მონდომების შემთხვევაში, ბუნდოვანი და ფაქტებს მოკლებული დაპირებების მიღმა, ეს მომავალი არაა ეფემერული.

საქართველოს ჰყავს ერთი მტერი – რუსეთი.

ცივილიზაციური სამყაროსგან იზოლაციაში, ის გადაგვყლაპავს.

ნუ აღმოვჩნდებით ჩვენი ქმედებებით ამ მტრის მოკავშირე. ამაზე მან უნდა იფიქროს, ვისაც მეტი მოვალეობა აქვს, ზოგჯერ ინდივიდუალურადაც.

ჩვენ, როგორც შეგვიძლია ისე ვცდილობთ დავიცვათ ის იდეა, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები შეეწირნენ.

ბოდიში არავისთან გვაქვს მოსახდელი!!!

არც ის გვსურს, რომელიმე ქართველის შთამომავლობას მართლა ჰქონდეს საშვილიშვილო ბოდიში მოსახდელი თავის თანამემამულეებთან.

ვემსახურებით საქართველოს!
ღმერთი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას!

___

უკვე მეოთხე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.

შს სამინისტროს 30 ნოემბრის ინფორმაციით, დაკავებულია 150-მდე ადამიანი.

პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.

28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი – „არა რუსეთს! ვლოცულობ თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის“

ბათუმის ახალი მეჩეთის იმამი საქართველოში ანტირუსულ საპროტესტო მოძრაობას ეხმიანება, რომელიც სამი დღის წინ დაიწყო საქართველოში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე.

მუსლიმი სასულიერო პირი, იმამი თამაზ მგელაძე წერს, რომ ლოცულობს თავისუფალი საქართველოსთვის. „არა რუსეთს“ – ასე ასრულებს განცხადებას თამაზ მგელაძე:

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია ნათლად ჩანდეს ყველა ჩვენგანის პოზიცია და მოვლენების სრული შეფასება. დღეს, რაც საქართველოში ხდება სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. ჩვენი ქვეყანა ურთულეს გზას გადის და ასეთ დროს მოსალოდნელია შიდა და გარე ძალების პროვოცირება.

შესაბამისად, ყველა ჩვენგანს გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, რადგან ვხედავთ, რომ რისკის ქვეშ დგას ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქვეყნის მომავალი.

ჩემთვის, როგორც მუსლიმი სასულიერო პირისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, სიძულვილი, შუღლი და ბოროტება. მივმართავ ხელისუფლებას, გამოიჩინოს გონიერება და მოუსმინოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს. ასევე მივმართავ ძალოვან სტრუქტურებს, არ აუყვეთ პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დაიცავით მოქალაქეთა უფლებები და ნუ გადაამეტებთ თქვენს უფლებებს.

ამასთანავე, თავს მოვალედ ვთვლი, სამართლიანობის მხარეს ვიდგე და ვიყო იქ, სადაც უნდა იდგეს ყველა, ვისაც საქართველოს თავისუფლების, სამართლიანობის, განვითარების და წინსვლისთვის გული შესტკივა.

ვლოცულობ, მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის, ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის!
არა რუსეთს!
___

უკვე მესამე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.

შს სამინისტროს 30 ნოემბრის ინფორმაციით, დაკავებულია 150-მდე ადამიანი.

პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.

28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ბათუმის მერიის თანამშრომლები EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან

ბათუმის მერიის 26 თანამშრომელი აცხადებს, რომ ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას შეაჩერონ ევროკავშირთან მოლაპარაკება 2028 წლამდე.

მერიის თანამშრომლები წერენ:

„ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.

ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.

ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, და ევროპული ღირებულებების ერთგულნი.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სია განახლებადია.

ხელმომწერები:

1. ნინაკა ცინცაძე
2. მარიტა საგინაძე
3. შორენა ფაღავა
4. მარიამ დვალი
5. ვერიკო ზაქარიაძე
6. ხათუნა აბულაძე
7. მაგდა შავიშვილი
8. მარიანა ვარშანიძე
9. მაია ჭყონია
10. ლამზირა ბოლქვაძე
11. მზია კახაძე
12. თამრიკო ჯორბენაძე
13. ელენა სურმანიძე
14. სოფიკო გოგოლიშვილი
15. რუსუდან კახიძე
16. შორენა ხარაზი
17. გია ტუღუში
18. ნანა ანთაძე
19. მაია ჩხაიძე
20. ეკატერინე შაინიძე
21. ხათუნა ქათამაძე
22. ნარგიზ ჯიბლაძე
23. ირმა პაპუნიძე
24. შორენა ფარტენაძე
25. სალომე ჭანიშვილი
26. რუსუდან ტორაძე

___

უკვე მესამე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.

შს სამინისტროს 30 ნოემბრის ინფორმაციით, დაკავებულია 150-მდე ადამიანი.

პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.

28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

თიბისი: ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას

თიბისი საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„თიბისი, როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ  ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.

თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.

ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

#ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის“.

ეს ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია – პრეზიდენტი აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე

ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერიმ გაავრცელა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა მეთიუ მილერის განცხადებას და აღნიშნა, რომ ეს არის ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგი.

„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება არის „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგი. როგორც არასდროს, აშკარაა, რომ მათ მიერ გატარებული კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის – რუსეთისკენ.

ქართველი ხალხი არასოდეს დათმობს ევროპისკენ მიმავალ გზას და ევროპასთან პარტნიორობას!

პრეზიდენტი განასახიერებს ქართველი ხალხის ნების უწყვეტობას“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.

“ჩვენ ვგმობთ გადამეტებული ძალის გამოყენებას ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ კონსტიტუციის წინააღმდეგ ღალატს. ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ საყრდენია. ამის გამო შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან”, – დაწერა ცოტა ხნის წინ მეთიუ მილერი.

„გუშინ გალიიდან გამოუშვეს ასეულობით ცხოველი, მიასიეს ბავშვებს და დაამტვრიეს ძვლებში“ – ნინო ლაღიძე

„ყველა პოლიციელს უნდა ეშინოდეს, მისი შვილის ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ სწორედ მათ შვილებს ყველაზე მეტად გამოიყენებენ აი, ამ სიბინძურეში. მათი შვილები იქნებიან ყველაზე მთავარი საშანტაჟო ინსტრუმენტი მომავალში, იმიტომ, რომ დამპალია ეს რუსული სისტემა, რომელშიც ვცხოვრობთ და ვერასოდეს ვერ გამოვედით აქედან“, – მიმართა ნინო ლაღიძემ პოლიციელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან.

აქტივისტი ნინო ლაღიძე ეკოლოგი და მასწავლებელია. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც აქტიურად აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაზე.

დღეს ის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კატეგორიულად ითხოვდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ გაშუქებას.

გთავაზობთ ნინო ს გამოსვლას მცირე შემოკლებით.

„ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი თუ გამითენდებოდა ეს დღე, რომ დღეს სტუდიაში დავიწყებდი ამაზე საუბარს. დღეს გავიღვიძე, როგორც 9 წლის ასაკში 9 აპრილის შემდეგ, ზუსტად იგივე სუნი, ზუსტად იგივე რიტმი, იგივე გრძნობა მქონდა. ყველა იმ ადამიანს მივმართავ ამ ტელევიზიით, ვისაც ტელევიზიის იქით გასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, ეს არის უნარშეზღუდული ადამიანები, რომლებსაც არ ეღირსათ 35 წლის განმავლობაში, რაც ამ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან გამოვედით, რომ ეტლით თუნდაც მიტინგზე მივიდნენ და მონაწილეობა მიიღონ, ეს არის სირცხვილი.

ყველაზე ცუდი და საშინელება, რისთვისაც მოვედი არის ის, რომ როცა გავიღვიძე დღეს, არ ჩავრთე ის ღილაკი, რომელიც შეიძლებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოფილიყო მიმართული. ჩავრთე საერთოდ სხვა ღილაკი. რატომ ვლაპარაკობ ამას ამ არხზე, იმიტომ რომ ეს არხი არის ქვეყნის არხი, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ყველას სახლში იყოს ეს ინფორმაცია, ყველას შეეძლოს პულტზე ხელის დაჭერა და ამის მოსმენა, ჩემი ხმის მოსმენა, ყველას მოსმენა.

გთხოვთ ადამიანებო, არ იფიქროთ, რომ დავეცით და ისეთი მდაბიო და მშიშარა ვართ, სულ ყველა ისეთი გაყიდული ვართ, როგორც ის ადამიანები, რომლებიც სტუდიებში გამოდიან და ვერ ბედავენ, რომ თქვან მთავარი მოძალადის, მთავარი სისხლის მსმელის, ვინც გუშინდელი ღამე ჩაატარა, გადადგომის შესახებ.

მე კადრები ვნახე, რომელსაც მეგონა, რომ ცხოვრებაში აღარ ვნახავდი, რაზე ვლაპარაკობთ, საერთოდ რა ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, რა ფასეულობებზე ვლაპარაკობთ, გადის ალბათ ის კადრები, იქნებ აჩვენოთ, არც სახელი ვიცი, არც გვარი იმ ბავშვის [აქტივისტის ცემის კადრების გაშვება მოითხოვეს, სადაც რამდენიმე სპეცრაზმელი წაქცეულ ახალგაზრდას სახეში და თავში ფეხებს ურთყამს].

ცივილურ სამყაროში, აღიარებულია, რომ ადამიანის გარდა, არცერთ ცოცხალ ორგანიზმს დედამიწაზე, არა აქვს შესაძლებლობა განიცადოს სირცხვილი და თანაგრძნობა. ეს თუ არ შეგიძლია, ხარ ცხოველი, გუშინ გალიიდან გამოუშვეს რამდენიმე ასეული ცხოველი, მიასიეს ჩემი შვილის ხელა ბავშვებს და დაამტვრიეს ძვლებში. აქვე მოვითხოვ, გათავისუფლდეს ყველა ბავშვი, რომელსაც დაულეწეს თავ-პირი. იქ შეიძლება მე ვყოფილიყავი, გამიმართლა, რომ ვიღაც ვერ დამეწია და ფეხში ხელი ვერ წამომავლო.

ღმერთო ჩემო, ასეთები ვართ, ისეთები ვართო, რაღაც 400 ლარიანი ჟეშტის დაჭეჭყვისთვის ექვსი წელი მიუსაჯეს და ხმას იღებს ვინმე? ამას ვინმე ეთერებს უთმობს? ამაზე ლაპარაკობენ? – ამას ხელისუფალს მე ვერ დავუძახებ. სასაცილოა საერთოდ რა ხელისუფლებაზეა საუბარი, გაჟონა ბიულეტენმა? – გაჟონა იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე, რომ გაჟონა, დამთავრდა ამაზე საუბარი.

ეს არის ტერორისტული ჯგუფი, რომელიც აწამებს ხალხს, რომელიც გეშავს ცხოველებს ადამიანების მოსაკლავად და თქვენ არ გაქვთ იმის თავი, რომ ღირსება დაიცვათ ერის. თქვენ ხართ ეროვნული ტელევიზია, იმიტომ, რომ მე გენდოთ კი არა, თქვენს იქით არავინ დამრჩენია, თქვენს იქით არავინ არ მიცავს, იქ 100 ათას კაცთან ერთად ვდგავარ და მეუბნებიან ცოტანი ხართო, არასაკმარისი ხართო.

იცით რა არის სახელმწიფო? მე რომ ვდგავარ მარტო და ჩემი ხმა ისმის მთელს ქვეყანაში, აი ეს არის სახელმწიფო. მე ამ სახელმწიფოს ვერ ვეღირსე ამ ქვეყანაში, ვერასოდეს, მე ყოველთვის, როდესაც მივდიოდი და ვამბობდი მართალ სიტყვას, ისევე მესეოდნენ, როგორც დღეს ფოიეში შემომესივნენ, თურმე მე ვარ ცუდი, რომ ვიღაცას რუსი ვეძახე.

გათავისუფლდეს ყველა ნაცემი, ნაჟეჟი, ნაწამები ადამიანი, რომელიც დღეს ციხეში ჰყავთ გამოკეტილი“-, განაცხადა ნინო ლაღიძემ.

ამის შემდეგ ნინო ლაღიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს მიმართა:

„გაბედეთ და თქვით, რომ აქ აღარ უნდა ისხდეთ, უნდა გადადგეთ, იმიტომ, რომ ის საცხოველეთი, რაც გარეთ ხდებოდა, თუ თქვენთვის მორალურად მისაღებია, მაშინ ისხედით აქ სავარძელში. მაგრამ თქვენს ტელევიზიაზე მე და ჩემნაირი ადამიანები არასოდეს არ გადავრთავთ.

თუ ამის თავი არა გაქვთ ის მაინც თქვით, რომ ის ცხოველების უფროსი, ვინც გასცა ბრძანება, ის უნდა გადადგეს, რა გვარია ის გომელაურია თუ რაღაცა საშინელება. მე მყავს 15 წლის შვილი, სახლში რომ ვინმე შემომივარდეს, შენთან როგორ დავარეკინო? შენთან როგორ დავარეკვინო შენ ცხოველო არაადამიანო“.

ბოლოს აქტივისტმა მიმართა იმ მოქალაქეებს, რომლებიც „უყურებენ არხებს, სადაც ყველაფერი ნათელ ფერებშია.“

„ადამიანებო არ იფიქროთ, რომ თქვენ ხართ მარტო. კი შეიძლება თქვენ გაქვთ ისეთ არხებთან ხელმისაწვდომობა, სადაც ყველაფერი ნათელ ფერებშია და გადასარევად არის ამ ქვეყანაში, მაგრამ იცოდეთ, რომ არიან სხვა ადამიანებიც.“

ეთერი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წარმომადგენლებს ტელევიზიასთან მწვავე პროტესტის შემდეგ დაუთმო. გადაცემაში წამყვანი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი იყო, თუმცა მას კითხვების დასმის და ჩარევის საშუალება არ მიცეს.

___

უკვე მესამე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 150-მდე ადამიანი.

პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.

28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

„ერთად ვმართავთ პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ“ – პრეზიდენტის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 30 ნოემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ შედგა ეროვნული თანხმობა და ხვალ ხვდება ადამიანებს, რომლებთანაც შეთანხმება მიღწეულია. მან ასევე განაცხადა, რომ მისი მანდატი გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი.

„ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო, შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე, რომ არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, არ შეიძლება ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში. არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ნება და ევროპული მომავალი.

შედგა ეს ეროვნული თანხმობა ყველგან სადაც შეიძლებოდა და  ყოველ წუთს უფრო და უფრო ძლიერდება. საკმარისია ვახსენოთ, რომ თუნდაც დღეს ეროვნულ კორპუსში, ბიზნესში, ფოთის პორტში და კიდევ სად და სად ყოველდღიურად ძლიერდება ეს ეროვნული თანხმობა.

ეს არის ჩვენი ძალა, მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ახლაც პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც დარჩა ქვეყანაში, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა.  ჩემთან, ჩემს ირგვლივ და იმისთვის რომ თქვენ გემსახუროთ, შეიკრიბება ხვალ საზოგადოება ერთი მხრივ და პოლიტიკური პარტიები.

ჩვენ  ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკურ ნაწილს პროცესის, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, მართავთ ქუჩაში და მართავთ ყველგან, სადაც ხართ. საზოგადოების სხვადასხვა სფეროში, ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით.

ახალი საქართველო დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია თავისი განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის არ დავუთმობთ.

ხვალ ჩვენ შევხვდებით კიდევ, ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომელთან ერთად ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები იმიტომ, რომ მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი.

არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე ვერ აირჩევს ეს პარლამენტი ახალ პრეზიდენტს, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს, ვინც უნდა შემცვალოს მე“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბათუმში დაკავებულ 2 პირს დაზიანებები აღენიშნება – საიამ საგამოძიებო სამსახურს მიმართა

ბათუმში, გუშინ, 29 ნოემბერს 9 დაკავებულიდან ორ პირს დაზიანებები აღენიშნება – ამასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ მიმართა. მისი ინფორმაციით, ორივე პირთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო საქმის შესწავლა.

ნიკო მირცხულავა და ვლადიმერ თოდაძე ბათუმში გუშინ ძალის გამოყენებით დააკავეს.

საიას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ წულუკიძემ ისინი დღესაც მოინახულა. მათ ხვალ, 30 დეკემბერს, ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.

30 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო  აქციაზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის – არასრულწლოვანი და ერთი ქალი. მოგვიანებით არასრულწლოვანი და ქალი გაათავისუფლეს.

ბათუმში აქციაზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან.

საქართველოს იურისტთა ასოციაციის[ საია]  ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულები არიან: ლაშა ფალავანდიშვილი, ალბერტ არაქელოვი, ნიკო მირცხულავა, ვლადიმერ თოდაძე და სიმონ ბაჯელიძე. დააკავეს ასევე მიხეილ ბოლქვაძე და ნოდარ მამულაძე, ისინი ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

  • რა ხდება?

ბათუმში მესამე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. გუშინ ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, გუშინვე გაათავისუფლეს.

საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

 

ზუგდიდში პოლიციის წინ დიდ ეკრანს ამონტაჟებენ – „მათივე ძალადობის კადრები უნდა ვაჩვენოთ“

ზუგდიდში მოქალაქეები პოლიციის სამმართველოს წინ დიდი ეკრანის დამონტაჟებას გეგმავენ, სადაც გაუშვებენ კადრებს, როგორც ძალადობს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებზე.

„ერთ-ერთმა ახალგაზრდა პოლიციელმა მითხრა, რომ წუხელ თბილისში არაფერი მომხდარა, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოსო. ჩვენ ახლა დიდ ეკრანზე ამ პოლიციელებს ჩავურთავთ წუხანდელ კადრებს, როგორ სცემდნენ პუტინის მონები ახალგაზრდებს, მოხუცებს და რუსი ომონივით უპირისპირდებოდნენ თავის მოსახლეობას, ჩავრთავთ და ვაყურებინებთ“ – განაცხადა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოქალაქეები უკვე რამდენიმე საათია ზუგდიდში საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ოცნების“ მთავრობას ქვეყანას რუსეთში მიჰყავს.

ზუგდიდში პოლიცია ადმინისტრაციულ შენობებთან დგას
  • რა ხდება?

28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

უკვე მეორე დღეა თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ორ დღეში დაკავებულია 150-მდე ადამიანი.

პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.

Exit mobile version