დღეს, 7 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმელი აქტივისტის, „ციალა ქათამიძის საქმის“ განხილვა დაიწყო.
პროევროპული აქციის აქტივისტი ამჯერად სასამართლოში სტიკერის გაკვრისთვის დაიბარეს. სტიკერი ციალა ქათამიძემ პოლიციის დეპარტამენტის წინ, ასფალტზე სტიკერი 2025 წლის 11 იანვარს გააკრა. იგი ამისთვის დააკავეს და ეს ვიდეოკადრებზეცაა ასახული.
2025 წლის მაისში, სტიკერის გაკვრიდან 4 თვის შემდეგ, მოსამართლემ უნდა გაარკვიოს, სტიკერის გაკვრა პოლიციის შენობის შესასვლელთან, ასფალტზე, არის თუ არა „შენობის იერსახის დამახინჯება“.
სხდომის დასაწყისშივე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ირმა აბაშიძემ მოსამართლე მარიანა ფომაევას უთხრა, რომ სტიკერის გაკვრის გამო ასკ-ის 150-ე მუხლზე (შენობის იერ-სახის დამახინჯება) შსს-ს ცალსახად არ შეეძლო არათუ ვინმეს დაკავება, არამედ ოქმის შედგენაც კი.
შსს-ს წარმომადგენელი, მარიამ კერესელიძე საიას იურისტს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ 150-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირება შეუძლია, როგორც მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე შსს-ს.
მოსამართლე შსს-ს წარმომადგენელს დაეთანხმა.
საიამ ამ საქმეზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვა მოითხოვა – სწორედ ირაკლი დგებუაძემ შეადგინა პატაკი ციალა ქათამიძის წინააღმდეგ, სტიკერის გაკვრიდან სამ თვე-ნახევრის შემდეგ.
სტიკერის – „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო ციალა ქათამიძე ბათუმში 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დააკავეს – მან სტიკერი საჯარო სივრცეში, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან გააკრა. აქტივისტი ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დააკავა ასკ-ის 150-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს იერსახის დამახინჯებას, თუმცა ასკ-ის150-ე მუხლის საფუძველზე პოლიციას არ აქვს ვინმეს დაკავების უფლება.
ამიტომაც, ისევე, როგორც მზია ამაღლობელის საქმის შემთხვევაში, ციალა ქათამიძის დაკავება პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს და გამოიგონეს ფაქტი: ციალა ქათამიძე და მზია ამაღლობელი თითქოს ერთნაირი ფრაზებით შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და თითქოს ისინი სტიკერის გაკვრის გამო კი არ დააკავეს, რაც აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეოკადრებში ჩანს, არამედ პოლიციელების შეურაცხყოფის და წინააღმდეგობის გაწევის [ასკ-ის 173-ე მუხლი] გამო. საქმის გაყალბების მიუხედავად, ციალა ქათამიძე მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო.
2025 წლის 11 იანვრის აქციიდან სამ თვე-ნახევრის გასვლის შემდეგ, 2025 წლის 28 აპრილს, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ პატაკი დაწერა: მოქალაქემ სტიკერი დააკრა პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთანო.
2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა. სხვა პოლიციელების მსგავსად, პოლიციის ხელმძღვანელიც გამოიჭირეს ტყუილში ადვოკატებმა.
გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს ასეთი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და, რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო შენობის იერ-სახის დამახინჯება] არისო…,“ – განაცხადა 28 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
ასკ-ის 150-ე მუხლით სამართალდარღვევის ოქმი არც ციალა ქათამაძის მიმართ არსებობდა, თუმცა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომიდან 2 დღეში, 2025 წლის 30 აპრილს, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, [სწორედ მასზე სილის გაწვნის გამო ედავებიან მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას] პატაკით მიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს, გიორგი ბუხრაშვილს.
„…შეკრების მონაწილეთა გარკვეული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გადაცდომის ფაქტს, კერძოდ: მოქალაქე ციალა ქათამიძემ დეპარტამენტის შესასვლელთან ე.წ. შლაგბაუმთან დააკრა სტიკერი წარწერით – „იფიცება საქართველო“, ვინაიდან ციალა ქათამიძის ქმედებაში იკვეთებოდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნები, მე მას განუმარტე დარღვევის არსი და მოვუწოდე, რომ შეეწყვიტა სამართალდარღვევა. მოწოდებისა და განმარტების მიუხედავად, ციალა ქათამიძე არ დაემორჩილა ჩემს მითითებას და კვლავ განაგრძო სამართალდარღვევის ჩადენა,“ – წერს პატაკში ირაკლი დგებუაძე.
პატაკის საფუძველზე სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის მე-8 განყოფილების დეტექტივს, თენგიზ კვირკველიას შეუდგენია.
დღეს, 7 მაისს, საიამ სასამართლოში იმ პოლიციელების გამოკითხვაც მოითხოვა, რომლებმაც ახსნა-განმარტებები დაწერეს და ოქმი შეადგინეს.
შსს-ს იურისტმა მარიამ კერესელიძემ ირაკლი დგებუაძის და სხვა პოლიციელების გამოკითხვაზე უარი თქვა. მისი აზრით, ფაქტობრივი გარემოებები პოლიციელებმა უკვე აღწერეს.
„მითხრეს, რომ დამაკავეს სტიკერის გამო, შემდეგ გაჩნდა საქმეში 173-ე მუხლი, თითქოს პოლიციელებს ვეძახდი ღორებს და ჩმორებს… ეს სიტყვები არავისთვის არ მითქვამს,“- პოლიციის მაღალჩინოსნების ცრუ ჩვენებას გაუსვა ხაზი ციალა ქათამიძემ. მან ითხოვა საქმეს გრიგოლ ბესელიას მიერ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ მიცემული ჩვენების ვიდეო ჩანაწერი დაერთოს.
„სასამართლო გადის სათათბიროდ“ – გამოაცხადა ამ დროს მოსამართლე მარიანა ფომაევამ და დარბაზიდან გავიდა.
„წავიდა დარეკვები“- რეპლიკა მიაძახეს დარბაზიდან მოსამართლეს.

მოსამართლე მარიანა ფომაევა
„თქვენს თავთან მარტო რომ დარჩებით, იცოდეთ, რომ ყაჩაღების ბანდას ემსახურებით“,- შსს-ს წარმომადგენლებს მიმართა ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ზურა ჭავჭანიძემ, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა.
თათბირიდან დაბრუნებულმა მოსამართლემ თქვა, რომ გრიგოლ ბესელიას ჩვენება „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ამ საქმეს ვერ დაერთვება. მოსამართლე მხოლოდ ორი პოლიციელის, ირაკლი გორგილაძის და თენგიზ კვირკველიას გამოკითხვას დათანხმდა.
შემდეგ სხდომაზე პოლიციელების ჩვენებებს მოვისმენთ.
ციალა ქათამიძის საქმის შემდეგი პროცესი 9 ივნისს, 12 საათზე ჩაინიშნა.