მთავარი,სიახლეები

26 მაისს ფიცის დადების ღონისძიებაში თავდაცვა 2 მილიონს დახარჯავს

06.05.2025
26 მაისს ფიცის დადების ღონისძიებაში თავდაცვა 2 მილიონს დახარჯავს

26 მაისს ჩასატარებელ ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტრო 2 მილიონ 200 ათასამე ლარს ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით დახარჯავს.

თავდაცვის სამინისტროს თბილისსა და ქვეყნის ხუთ რეგიონში ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების ჩატარება, ტექნიკის გამოფენა, სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა, ავიაციის საჩვენებელი გადაფრენის მოწყობა და ფიცის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევების დაბეჭდვა-დარიგება ევალება.

აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება თავდაცვის სამინისტროს „26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმით“ დაევალა. ეს გეგმა „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 15 აპრილს დაამტკიცა.

გასამართი ღონისძიებები და შესასყიდი მომსახურებები უფრო კონკრეტულად ნახეთ ამ ცხრილში:

თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები 2025 წლის 26 მაისისთვის / წყარო: შესყიდვების პორტალი

„ღონისძიებების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შესასყიდი საქონლის/მომსახურების დეტალურად განსაზღვრას თავდაცვის სამინისტროს საწყობებში არსებული მარაგების გათვალისწინებით დაჭირდა გარკვეული დრო.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მიმართვამდე საჭიროა ჩატარდეს გარკვეული ბაზრის კვლევა შესასყიდი საქონლის/მომსახურების შესახებ რათა, მოწოდების ვადების გათვალისწინებით განისაზღვროს მათი სავარაუდო ღირებულებები ერთიანი ელექტრონული სისტემის მოდულში ასატვირთად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდვების პროცესის უფრო ადრე დაგეგმვა, ვიდრე ეს მოხდა, შეუძლებელი იყო“ – წერს სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს 2025 წლის 2 მაისს.

„ვინაიდან გარდა ტენდერის პროცედურის ჩატარებისა, საქონლის/მომსახურების მოწოდებისათვის/ტრანსპორტირებისათვის საჭიროა დამატებით ვადები, 26 მაისამდე ტენდერის პროცედურის საშუალებით საქონლის/მომსახურების მოწოდება შეუძლებელია“ – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში წინა წლების ტრადიციისგან განსხვავებით, არ ფიგურირებს რუსთაველის გამზირი.

ამ თემაზე: 26 მაისის ღონისძიებების რუსთაველზე გამართვა არ იგეგმება

აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 მაისს საქართველოს მთავრობის ღონისძიებაში გაუქმდა აშშ-ის მონაწილეობა. მიზეზი იმავე წლის 29 აპრილს თბილისში „ბიძინა ივანიშვილის“ სიტყვით გამოსვლა გახდა.

ამ თემაზე: საელჩო: 26 მაისის ღონისძიებაში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა

29 აპრილს მმართველმა პარტიამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფონზე შეკრება გამართა. ღონისძიებაზე დასასწრებად „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეები, ძირითადად საჯარო მოხელეები, რეგიონებიდანაც ჩამოიყვანა.

უკვე მეექვსე თვეა რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს იკეტება პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ. უწყვეტი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე გადაავადა. საპროტესტო აქციის მოთხოვნებია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშვნა და არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წელს ვერ შეძლეს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან მისვლა, სადაც პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილნი.

6 მაისს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებას გამოეხმაურა. მან ასევე დააანონსა 9 მაისისა და 26 მაისის აღნიშვნა:

„გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ, [ხალხმა] ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად — პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი, კულტურა, ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს. 26 მაისი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოა და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია!“.

__________________

მთავარი ფოტოზე: 26 მაისი, 2024 წელი, თბილისი / ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: