მთავარი,სიახლეები

„აქ ასდღიანი პროტესტი ისტორიას არ ახსოვს“ – პროტესტის ხმა ახალციხეში

07.05.2025 •
„აქ ასდღიანი პროტესტი ისტორიას არ ახსოვს“ – პროტესტის ხმა ახალციხეში

ყოველ საღამოს, 18:00 საათზე იკრიბებიან მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან. აქ დღეს, 7 მაისს, უწყვეტი პროტესტის 113-ე დღეა.

ახალციხეშიც მოქალაქეები უერთდებიან საპროტესტო მოძრაობის ორ მთავარ მოთხოვნას: გაათავისუფლონ სინდისის პატიმრები და ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

ამ სტატიაში წაიკითხავთ როგორია პროტესტის ახალციხეში და რა გზავნილები აქვთ აქციის მონაწილეებს სამცხე-ჯავახეთიდან.

აქცია ახალციხეში. ფოტო: თემო ინასარიძე, „სამხრეთის კარიბჭე“

„დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნა რეჟიმის ცვლილებაა. შეუძლებელია დღეს არსებული რეჟიმის პირობებში რომელიმე ადამიანმა შეძლოს ამ ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრება და სამართლიანად მუშაობა. რეჟიმის ცვლილებას კი ცალსახად უნდა ახლდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ახლა ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ბრძოლაა და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, – გვეუბნება თაკო თუმანიშვილი, ტრენერი, ახალგაზრდული მუშაკი და ახლა უკვე აქტივისტი ახალციხიდან.

თაკოს თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრულიად უგულებელყოფს საკუთარი მოქალაქეების მოთხოვნებს, გამოწვევებსა და უფლებებს. თაკო ამბობს, რომ წლების განმავლობაში, როცა თბილისში რაიმე კონკრეტული მოთხოვნით იმართებოდა საპროტესტო აქცია, ხელისუფლება პროტესტს მუდმივად „აშავებდა“ და ცდილობდა, ისეთი რაკურსით წარმოედგინა, თითქოს მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ ან/და ითხოვდნენ რაიმეს.

„ყველასთვის ცხადია, რომ დღეს მივედით ისეთ მდგომარეობამდე, რომ კონკრეტული პარტიები კი არა, მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვდივართ ქუჩებში და ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას.

დღეს თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე პროტესტი გამოხატავს ხალხის ხმას, მოქალაქეების ხმას, რომლებსაც უბრალოდ უკეთეს ქვეყანაში სურთ ცხოვრება.

ჩვენ ქუჩაში ხმების მოსაპოვებლად კი არ ვდგავართ, არამედ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების და მთლიანად ქვეყნის დასაცავად.

ახალციხეში პროტესტი დიდი ხანია არ ყოფილა და ის, რომ უკვე 100 დღეზე მეტია, ყოველდღე ვდგავართ ქუჩაში, ნიშნავს მხოლოდ ერთს – ქვეყანაში არსებული პრობლემები ყველა მოქალაქეს გვეხება. ეს არ არის ცალკეული ჯგუფების გამოწვევა. ახლა თითოეული მოქალაქე საფრთხეში ვართ”, – ამბობს თაკო.

თაკო თუმანიშვილი, აქტივისტი. ფოტო/”სამხრეთის კარიბჭე”.

თაკოს ვკითხეთ, რა აძლევს მოტივაციას, ყოველ საღამოს შეუერთდეს საპროტესტო აქციებს უცვლელი მოთხოვნებისთვის.

„ვერ ვიტყვი, რომ ვახერხებთ, არ დავიღალოთ. ხშირად ვსაუბრობთ ამაზე მეც და ჩემი მეგობრებიც.

გულწრფელად მგონია, რომ ახლა ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული დროა, დავიღალეთ ამდენი დაძაბულობით, დაგვიზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობა, მაგრამ ყველაზე მთავარი, რითაც დავიღალეთ და ყელში ამოგვივიდა – ქვეყანაში მიმდინარე უსამართლობაა და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დაღლა არაფერია იმასთან შედარებით, როცა უბრალოდ ყველაფერს გიზღუდავენ. შესაბამისად, ერთადერთი, რაც ახლა შეგვიძლია, ბრძოლაა და ზუსტად იმიტომ, რომ დავიღალეთ, მალე უნდა დავასრულოთ ეს ბრძოლა საქმის ბოლომდე მიყვანთ”, – გვითხრა მან.

როგორც აქტივისტი ამბობს, ირაკლი კობახიძის “სამარცხვინო” განცხადება 28 ნოემბერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჯერებასთან დაკავშირებით, “ბოლო წვეთი” აღმოჩნდა მოსახლეობისთვის და სწორედ ამას მოჰყვა უწყვეტი პროტესტის ორგანიზება ახალციხეში. იქამდეც გვქონდა პროტესტი, რუსულ კანონს ვაპროტესტებდით, თუმცა ყოველდღე არ ვმართავდით აქციებსო – გვითხრა თაკომ.

„კობახიძის განცხადების შემდეგ ახალციხეშიც დავიწყეთ გამოსვლები, თუმცა თავდაპირველად არ ქონია უწყვეტი ხასიათი და პერიოდულად ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ ვიკრიბებოდით, სხვა დღეებში კი თბილისში ვუერთდებოდით პროტესტს.

ამ დროის განმავლობაში მომხდარმა ძალადობამ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე გვიბიძგა, ჩვენც უწყვეტ რეჟიმში გადაგვეყვანა აქციები და დღეს უკვე 112-ე დღეა რაც ყოველ დღე აქციაზე ვართ”, – ამბობს თაკო.

თაკო ფიქრობს, რომ ამ პროტესტის სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა “სპეციფიკა” აქვს. მისი თქმით, ახალციხის აქციის მონაწილეების მთავარი მიზანია მოქალაქეების ინერტულ ნაწილამდე პროტესტის ხმა მიიტანონ და აჩვენონ, რამდენად ჩიხშია ქვეყნის ევროპული მომავალი.

„ახალციხე, კომუნისტური რეჟიმიდან მოყოლებული, ყოველთვის „წყნარი“ და „დამყოლი“ ქალაქი იყო, ისევე როგორც რეგიონის დიდი ნაწილი. მოსახლეობა იშვიათად გამოხატავდა რამეზე პროტესტს და ამავდროულად ყოველი არჩევნების დროს, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, ხელისუფლებაში არსებული პარტია იღებდა ყველაზე მეტ ხმას. ჩვენი მიზანია მოსახლეობამ დაინახოს, რომ ეს პროტესტი მათაც ეხებათ, რომ მხოლოდ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში კი არ აწუხებთ ადამიანებს უსამართლობა, არამედ აქაც, მათ გვერდით, მათ მეზობლადაც იგივე უსამართლობაში უწევთ მოქალაქეებს ცხოვრება.

აქციაზე ახალციხეში, ერთი შეხედვით, ძალიან ცოტა ადამიანი ვდგავართ მუდმივად, ხანდახან ხუმრობით “ოცეულსაც” ვეძახით ხოლმე ჩვენს თავს, თუმცა დასაწყისში ასეულობით ადამიანი გამოვიდა, რაც ახალციხისთვის საკმაოდ დიდი მასშტაბი იყო. არ არის გასაკვირი, რომ ყოველდღიურ გამოსვლას ვერ ახერხებენ მოქალაქეები.

ამასთან, იყო დაშინებისა და მუქარის მცდელობებიც, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, ვინც საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობდნენ.

იყო წნეხი და ზეწოლა სკოლის მოსწავლეებზეც, რომლებმაც საწყის ეტაპზე სკოლაშიც გამოხატეს პროტესტი. ჩვენი ერთი თანამოაზრე სამსახურიდან გამოუშვეს და არაერთი ადამიანისგან მოგვისმენია, როგორ ეუბნებიან „კეთილისმოსურნეები“, რომ აქციაზე გამოსვლით სამსახურს დაკარგავენ, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, ამ მოქალაქეების არც იდეები და არც დამოკიდებულებები არ იცვლება და ვერ შეუცვლიან დაშინებით ღირებულებებს.

ჩვენც კარგად ვიცით, რომ ჩვენთან ფიზიკური დგომით თუ მის გარეშე, ამ ადამიანებს რეალურად ადარდებთ ჩვენი ქვეყანა. დაშინებით, მუქარით თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით ვერ შეგვიცვლიან აზროვნებას. ქუჩაში, ტაქსიში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ შეკრების სხვა ადგილებში უამრავი ადამიანი გვეუბნება მადლობას ჩვენი სიმტკიცისთვის და იმას, რომ ისინიც იზიარებენ ჩვენს აზრს.

რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვინც ჩვენს მიმართ აგრესიით გამოირჩევა, მაგრამ ახალციხე ძალიან პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. იმ ადამიანების ძირითადი ნაწილი, ვინც გვლანძღავს, ან საჯარო მოხელეა, ან
იმ კომპანიების თანამშრომელი, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებით სულდგმულობენ ან კიდევ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები”, – გვიყვება თაკო თუმანიშვილი.

აქტივისტს იმაზეც ვკითხეთ, როგორ რეაგირებს ახალციხეში საპროტესტო შეკრებებზე ადგილობრივი პოლიცია:

„თავიდან ბევრად უფრო დაძაბულები იყვნენ და ყველა რაკურსიდან ფოტოებს გვიღებდნენ. მახსოვს, ერთხელ შენობის სახურავზე იყვნენ ასულები და დავინახეთ, რომ იქიდან იღებდნენ. გაგვეცინა, ძალიან კომიკურად ცდილობდნენ დამალვას.

ინტერაქციაში დიდად არ შემოდიან. იყო შემთხვევა, როცა აქციის შემდეგ რამდენიმე მონაწილეს უკან გამოგვყვნენ და რამდენიმე საათი იდგნენ ჩვენს სახლებთან თუ სამსახურებთან, მაგრამ ახლა განსაკუთრებული არაფერი. ყოველდღე რამდენიმე სურათს გადაიღებენ და უბრალოდ გვიყურებენ, მაგრამ თუ ვინმე მათთვის უცხო მოვიდა აქციაზე, მაშინ მრავლდებიან ხოლმე, რომ დაადგინონ ვინაა ეს „ახალი“, – გვითხრა მან.

მსახიობი და სამოქალაქო აქტივისტი დავით ჩილინგარაშვილი ახალციხის საპროტესტო აქციების კიდევ ერთი აქტიური მონაწილეა.

„აუცილებელია საქართველოს ყველა კუთხიდან რეჟიმის რყევა. ახალციხეში კიდევ უფრო დიდია რუსეთის გავლენა. აქ ბევრი ორმაგი მოქალაქე ცხოვრობს”, – ამბობს მსახიობი.

კითხვაზე, თუ როგორ ახერხებენ არ დაიღალონ უწყვეტი პროტესტით, დავითი ასე გვპასუხობს:

„დაღლა გონებაშიც არ გაგვივლია. რეჟიმის საპირწონედ სინდისის პატიმრები და მზია გვყავს. ჩვენი დაღლა დანებებას და მათ გაწირვას ნიშნავს”.

დავით ჩილინგარაშვილი, მსახიობი, სამოქალაქო აქტივისტი. ფოტო/ “სამხრეთის კარიბჭე”.

დავით ჩილინგარაშვილის თქმით, ძალიან ბევრი მოქალაქე დაშინებულია.

„ეს პატარა ქალაქია და ადვილია მოქალაქეების იდენტიფიცირება. ეშინიათ, ამას პირად საუბრებში გვიდასტურებენ.

ჩვენ ძირითადად დაგვცინიან სიმცირის გამო… პროტესტის უწყვეტობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მინელდა პროტესტი, საერთაშორისო პარტნიორებიც შეწყვეტენ ჩვენს დახმარებას. წინ „მეგობარი აქტი“ გველოდება. ცეცხლი ოლიგარქიას!”, – გვითხრა საუბრის დასასრულ მსახიობმა ახალციხიდან.

თამუნა უჩიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართულოს“ კოორდინატორია სამცხე-ჯავახეთში და ყოველ საღამოს უერთდება პროტესტს ახალციხეში. ის ამბობს, რომ პირველ რიგში თბილისში, ქუჩაში მდგომი ადამიანებისადმი სოლიდარობას გამოხატავენ და ცდილობენ, გაამხნეონ რეგიონიდან.

„ჩვენ ერთმანეთს ასე ვაძლებინებთ. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც უნდა იცოდნენ, რომ მათ თანამებრძოლები და თანამოაზრეები ჰყავთ სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში. რომ ამ ბრძოლაში, მხოლოდ თბილისი, ან დიდი ქალაქები, არ არიან მარტო.

არ დავღლილვართ ჩვენი პროტესტით. დამღლელი ის უფროა, როცა ადამიანებს სახის ძვლებს უმტვრევენ, უკანონოდ აპატიმრებენ, აჯარიმებენ, სამსახურიდან უშვებენ, ევროპელ ლიდერებს აგინებენ, პუტინს ციტირებენ, შენ გაჩუმებენ, რომ თვითონ ხალხი ძარცვონ… და ამ დროს შენი ქალაქისთვის ჩვეულებრივი დილა თენდება, არაფერი ხდება, თითქოს სხვა ქვეყანაში ცხოვრობ და შენ არაფერი გეხება.

დამღლელი ტელევიზორთან და ტელეფონის სქროლვაში გათენებული ღამეები უფროა, ვიდრე ქუჩაში შენი სათქმელის გაჟღერება, მინიმუმ, ერთი საათის შენს თანამოაზრეებთან ერთად გატარება და იმის გააზრება, რომ ვიღაცისთვის, ვინც ვერ ბედავს შენს გვერდით დადგეს, ქალაქში შენი ბანერით დგომით, მისი იმედიც ხარ.

პირველი რუსული კანონის დროს, გაზაფხულის აქციებზე, თბილისში დავდიოდი. რთული იყო ამხელა გზაზე სიარული, 3 საათი სჭირდება ახალციხიდან თბილისში ჩასვლას და მერე უკან დაბრუნებისას კიდევ 3 საათი გზაში ხარ, მაგრამ ახალციხეში დაბრუნება უფრო მკლავდა, სადაც არაფერი ხდებოდა. აი, ლაშა ჩხვიმიანი რომ ჰყვებოდა ხოლმე დმანისის მდუმარებაზე, სულ მეგონა მე ვიყავი და ახალციხეზე ვლაპარაკობდი…

ჩვენი ლოზუნგია – „არა რუსულ რეჟიმს!“ ახლაც იმ აზრზე ვრჩებით, რომ უნდა წავიდეს არალეგიტიმური მთავრობა და გათავისუფლდნენ ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვეები. მხოლოდ ამ პირობებში წარმომიდგენია, მე პირადად, ახალი არჩევნების ჩატარება ლეგიტიმურად”, – გვითხრა თამუნა უჩიძემ.

თამუნა უჩიძე. ფოტო/”სამხრეთის კარიბჭე”.

თამუნას თქმით, ხშირია, როცა აქციის მონაწილეებს შეძახილებით, მანქანის სიგნალით ეხმიანებიან მოქალაქეები, რაც კარგად აჩვენებს მათ განწყობას:

„ძირითადად, დადებით ემოციებს გამოხატავენ. თუმცა, არიან ისეთებიც, ჩვენი მისამართით სალანძღავ სიტყვებს რომ იყენებენ.

ძალიან ბევრი ადამიანი პირად საუბრებში თანადგომას გვიცხადებს, მაგრამ ეშინიათ, რომ იქ დადგნენ. სულ რამდენიმე კაცი ვდგავართ და წარმოიდგინეთ, რამდენიმე ჩამოგვაცილეს, ვინც ჩვენთან ერთად დგომას ვეღარ ბედავს. არადა, ჩვენი მცირერიცხოვნობის გამო, თითქმის თავიდან მართლა ვერ წარმომედგინა, რომ ამ პროტესტს ადგილობრივი „რუსული ოცნებისთვის“ მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვაწუხებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის დაშინებით არ შეწუხდებოდნენ.

ერთია რეპრესიები და მეორეა – გამბედაობა. შესაძლოა, ვიღაცას სულ არავინ აშინებდეს, მაგრამ პროტესტის გამოხატვა მაინც ვერ გაბედოს. არ ვიცი როგორ ვთქვა, როგორ ავხსნა, ახალციხეში და ამ რეგიონში, პროტესტის კულტურა, პრაქტიკა არ გვაქვს.

6 წელია რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კოორდინატორი ვარ რეგიონში და მანამდე 13 წელი „სამხრეთის კარიბჭეში“ ჟურნალისტად ვმუშაობდი. ამ წლების განმავლობაში, ყველა საპროტესტო აქციაზე, მხოლოდ 7-10 კაცი ვდგავართ. აი, მაგალითად, „ნაციონალების“ დროს ციხის კადრები რომ გავრცელდა, მაშინაც 7 კაცი ვიდექით შოთა რუსთაველის ძეგლთან. ის ადამიანები, რომლებიც ახლა, ჩვენ აქციაზე დგომის გამო გვაკრიტიკებენ, არც მაშინ მდგარან ჩვენს გვერდით, როცა მიშას ხელისუფლებას ვაპროტესტებდით”, – იხსენებს თამუნა უჩიძე.

ჩვენთან საუბრისას უჩიძე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას ეხმიანება:

„ბევრი წლის წინ, როცა „სამხრეთის კარიბჭეში“ პატარამ და გამოუცდელმა მუშაობა დავიწყე, „ბათუმელები“ იყო ის მედია, რომლისთვისაც უნდა მიმებაძა. როგორიც უნდა ვყოფილიყავი. ვისი მაგალითებიც უნდა გამეთვალისწინებინა. დამოუკიდებელ რეგიონულ მედიას, თითქმის ყოველთვის ბევრი პრობლემა ჰქონდა და მზიას გმირობის ისტორიები მესმოდა სულ, როგორ მუშაობდა „ბათუმელებისთვის“, რას აკეთებდა დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლებისთვის. ბევრჯერ მიფიქრია ჩემთვის, რომ ასე მე თავს ალბათ ვერსდროს გადავდებდი.

ამიტომ, ალბათ, უფრო მზიას დაკავება მაძლებინებს ქუჩაში. ჩემთვის, როგორც პროფესიით ჟურნალისტისთვის, მზია ციხეში – ეს უკვე არის რუსეთი. ადამიანები რომ აცნობიერებდნენ, რომ მზიას დაცვით ქვეყანაში არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას, არამედ ნებისმიერი სხვა ფორმით გამოხატული უსამართლობისგან საკუთარ თავებსაც იცავენ, ალბათ უკლებლივ ყველა გამოვიდოდა ქუჩაში”. 

ჩვენთან საუბარს თამუნა უჩიძე ასე ასრულებს:

„მგონია, რომ ამ რუსულ რეჟიმსაც შევცვლით. მე ვერ ვიცხოვრებ რუსეთში და არც ქვეყნის დატოვებას ვაპირებ. ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლებ ევროპული საქართველოსთვის“.

სამოქალაქო აქტივისტი ლაშა მამუკაშვილი ამბობს, რომ მისთვის მთავარი, რის გამო ყოველ საღამოს უერთდება პროტესტს ახალციხეში, ქვეყნის და შვილების მომავალია:

„როგორ შეიძლება ადამიანი დაიღალოს, როცა მისი ქვეყნის და შვილების მომავლისთვის იბრძვის?! – ეს ჩემთვის წარმოუდგენელია”, – ამბობს ლაშა მამუკაშვილი.

„არ შეიძლება მარტო თბილისში ისმოდეს პროტესტის ხმა მაშინ, როცა რეჟიმი მთელ საქართველოს მოედო მეტასტაზივით.

მიმაჩნია, რომ პროტესტი კიდევ უფრო უნდა გაიშალოს და ყველა ქალაქი მოიცვას… ყველა ვთანხმდებით, რომ სინდისის პატიმრების მიტოვება ბედის ანაბარა, ეს ნიშნავს საერთო ღირებულებების, ბოდიშით და ფეხებზე დაკიდებას. არ შეიძლება არ გტკიოდეს, არ გაწუხებდეს იმ ხალხის ბედი, ვინც საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გამო ისჯება. მათი გათავისუფლება ამ ე.წ. ხელისუფლების გაშვების გარეშე წარმოუდგენელია.

ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, გადადგეს ხელისუფლება, რათა საქართველომ შეძლოს და დაბრუნდეს ევროინტეგრაციის რელსებზე.

ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ ხალხმა, უფრო სწორედ ე.წ. “მდუმარე ადამიანებმა” დაინახონ ის საშინელი რეალობა, რაც დღეს საქართველოში გვაქვს. რომ დაძლიონ შიში და ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა ცივილიზებულ სამყაროს – ჩვენს ქვეყანას რუსებს ან სხვა ვინმეს არ დავუთმობთ”, – ამბობს ლაშა მამუკაშვილი.

ლაშა მამუკაშვილი

აქტივისტის თქმით, პირად საუბრებში არაერთი მოქალაქისგან სმენიათ, რომ მათ პროტესტს სრულიად იზიარებენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით თავს იკავებენ გავიდნენ და შეუერთდნენ პროტესტს ქუჩაში:

„დაშინების, ბულინგის, სამსახურის დაკარგვის და შევიწროვების შიშით ხმას ვერ იღებენ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და სწორედ ამიტომ გვინდა, მათ ჩვენი უწყვეტი აქციებით როგორმე დავაძლევინოთ ეს შიში და მდუმარენის რიგებიდან აქტიურ მოქალაქეების რიგებს შემოურთდნენ.

დღეს საკითხი აღარ დგას ისე, რომ მე ამის გვერდით არ დავდგები და იმის გვერდით არ დავდგები. სხვათაშორის, ბევრი ამის გამო არ გამოდის აქციაზე. დღეს აღარ გვაქვს მაგის ფუფუნება რაიმე დავიწუნოთ. დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხი დგას: საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დააღწიოს თავი რუსულ იმპერიას და მის წიაღს, რათა შეუერთდეს იმ უდიდეს ცივილიზაციას და ყველაფერ კარგს, რასაც ევროკავშირი ქვია”, – გვითხრა საუბრის ბოლოს ლაშა მამუკაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: