მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს

17.03.2025 •
მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 18 მარტს დაიწყება. მზია ამაღლობელის საქმეს არსებითად მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. სასამართლო სხდომა დღის 2 საათზეა ჩანიშნული.

ნინო სახელაშვილი დასანქცირებული მოსამართლეა. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო.

მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილი გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს.

ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ნინო სახელაშვილი ისევ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ 2025 წლის 16 იანვარს უთხრეს, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილს საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით აქვს ჩაბარებული. დღეს, 17 მარტს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

„მართალია, ქალბატონ ნინოს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, მაგრამ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლებას გადიან სამივე დარგში, როგორც სამოქალაქო-ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართალში. ამასთან, ქალბატონი ნინო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში,“ – მოგვწერეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

კიდევ ერთი დეტალი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოსამართლე ნინო სახელაშვილს ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა აქვს გავლილი.

ნინო სახელაშვილმა 2010 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, 2012 წელს კი მან ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა დაასრულა. 2011 წელს ნინო სახელაშვილმა ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, 2019 წელს კი – მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.

ნინო სახელაშვილი 2012-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, 2014-2016 წლებში – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სხდომის მდივანი, 2016-2018 წლებში კი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2018-2020 წლებში ნინო სახელაშვილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი – მოსამართლის თანაშემწე; 2020 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი.

ასევე, ხვალ, 18 მარტს, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე სალიხ შაინიძე გამოაცხადებს. ამ საქმეში მოსამართლემ უკვე დაადასტურა იმ ფაქტების ნამდვილობა, რაც ადვოკატებმა წარუდგინეს. საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

„ჩვენ დღევანდელ სხდომაზე გამოვიკვლიეთ ვიდეომტკიცებულებები და მე ვაფიქსირებ სასამართლო სხდომის ოქმში, რომ ვიდეომტკიცებულებების გამოქვეყნების შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია – პირველი შემთხვევა არის სტიკერის მიკვრის, ბესელიამ თუ დგებუაძემ, ბესელიამ მგონი, ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას, შეჰყვა მას პოლიციას ეზოში. მეორე ჩანაწერია ასევე, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს – „150-ე მუხლით დავაკავეთ“, ეს ორი ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია“, – განაცხადა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.

სწორედ ადმინისტრაციულ საქმეზე გაყალბებული ოქმი გახდა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის საფუძველი.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.

  • რა ხდება

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.

სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: