„სუბარიც კი შეშინებული იდგა“ – რა გეგმა აქვს ივანიშვილს და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ | ინტერვიუ

„ეს ყველას საქმეა და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის – ხელახლა არჩევნების ჩატარება არის არა პოლიტიკური ამოცანა, არამედ ეროვნული ამოცანა. საუბარია იმაზე, ჩვენ გვექნება თუ არა დემოკრატიული სახელმწიფო. თუ ეს ყველას საქმეა, მაშინ ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამაში და მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არ უნდა გამოდიოდნენ ამ მოძრაობის ავანგარდში,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.

მისი აზრით, ამ პროცესში, როცა ქვეყანაში არაკონსტიტუციური პარლამენტი გვყავს, ოპოზიციური პარტიები უნდა დავინახოთ, როგორც საპროტესტო ჯგუფი.

საპროტესტო ჯგუფების გაერთიანებით და კონსოლიდაციით კი, შესაძლებელია, ივანიშვილს ხელახლა მოუწიოს არჩევნების ჩატარება.

პოლიტოლოგთან საუბარი ივანიშვილის გადაწყვეტილების შეფასებით დავიწყეთ: პრეზიდენტობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. კახა გოგოლაშვილს ეჭვი არ ეპარება, ივანიშვილი მარტო მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, ყველა დიქტატორი ადრე თუ გვიან ძალიან ეჭვიანი ხდებაო.

„ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კახა, თქვენი აზრით, რას ცვლის მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება, როცა არაკონსტიტუციური პარლამენტი გვყავს? 

იცვლება რამდენიმე რამ: ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია მოახდინოს. მეორეა ის, რომ ისეთი ადამიანი დანიშნა, მისგან არ ელოდება არანაირ წინააღმდეგობას, არანაირ გართულებებს…

შეამჩნევდით პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების დროს, ძალიან მოწყენილი რომ იდგნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, ცოტა შეშინებულიც კი ჩანდნენ. ეტყობა, კარგად ვერ გაიაზრეს, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, თუმცა ყველა დიქტატორი ადრე თუ გვიან ხდება ძალიან ეჭვიანი, როცა ის ვეღარავის ვეღარ ენდობა.

„ქართული ოცნება“ ინტელექტუალურად შედარებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე „ხალხის ძალა“, სადაც ინტელექტის აშკარა დეფიციტია. მაგალითად, იმავე კობახიძეს, ან პაპუაშვილს, მორალური თვისებები აკლიათ, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც განათლებული ხალხია და ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ ხომ? ღარიბაშვილმაც ენები იცის, თანაც გამდიდრებულია.

„ოცნებაში“ აშკარად ბევრისგან პირდაპირ გამოსჭვივის თვითკმაყოფილება, ამბიციები, ამიტომაც, ასეთ სიტუაციაში, შესაძლოა, ივანიშვილმა იფიქრა: წლები გადის, მემატება ასაკი, არ არის გამორიცხული, ამათ მიღალატონ. მით უმეტეს, მას აქვს მარგველაშვილის და ზურაბიშვილის გამოცდილება. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მას უღალატეს, რადგან გამოვიდნენ მისი ჩრდილიდან და მათი აზრები გამოააშკარავეს.

ამიტომაც, ივანიშვილი ახლა აქცენტს „ხალხის ძალაზე“ აკეთებს და მის წინ წამოწევას ალბათ შეეცდება ისევ. ივანიშვილისთვის საფრთხე შესაძლოა ყველა მხრიდან მომდინარეობდეს. ვთქვათ, როცა რუსეთზეა ლაპარაკი, პუტინის მომხრეები შესაძლოა პირდაპირ გავიდნენ ღარიბაშვილზე, ან კობახიძეზე გავიდნენ და უთხრან, ივანიშვილს ნუ უსმენთ, ჩვენ დაგიჭერთ ყველანაირად მხარს და მაგას ხელებს შევუკრავთო.

ივანიშვილს იმედი აქვს, რომ „ხალხის ძალის“ დეპუტატები ასეთ რამეს ვერ გაბედავენ, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი პოტენციალი. ისინი ყოველთვის იქნებიან კომპლექსის ქვეშ, რომ ივანიშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენენ. ამიტომაც, შეეშინდებათ ივანიშვილის ლოიალურობის ველიდან გასვლის.

მე რუსებზე ვლაპარაკობ და რატომ გამოვრიცხავთ, ამერიკელებსაც ჰქონდეთ მსგავსი კონსულტაცია რომელიმესთან, მოდი, ასე გავაკეთოთ და ივანიშვილს ნუ მოუსმენთო?

კახა გოგოლაშვილი
  • თქვენი აზრით, გადაწყვეტილება ყაველაშვილის პრეზიდენტობაზე ივანიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო? 

დარწმუნებული ვარ, მარტომ მიიღო ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება. ისეთი სახე ჰქონდა ყველას, რომ ეს ამას აჩვენებდა. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებსაც ისეთი სახეები ჰქონდათ, მაჭარაშვილს და სუბარს, ისინიც შეშინებულნი იდგნენ – გამოდის, რომ მათ ფრაქციაში ლიდერი გამოარჩია ივანიშვილმა, როცა ყაველაშვილი ლიდერი არ იყო. შესაძლოა, დამცირებულადაც იგრძნეს თავი.

მე ასე მგონია, ივანიშვილმა სცადა ძალაუფლება დაებალანსებინა იმ კანდიდატით, რომელსაც ნაკლები ამბიცია აქვს, იცის თავისი შესაძლებლობები, რომ წარმოუდგენელი მაქსიმუმია, რისთვისაც შეიძლებოდა მიეღწია და ეს ყველაფერი ივანიშვილის დამსახურებაა.

  • რა გზავნილია ყაველაშვილის პრეზიდენტის კანდიდატად დასახელება დასავლეთისთვის? 

ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის აბსოლუტური დისკრედიტაცია. გასაგებია, რომ რუსეთი ყველასთან მოძებნიდა საერთო ენას, ვინც უნდა დაენიშნათ, ზებრაც რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა პრობლემა, მთავარია, პრეზიდენტი რაღაცებზე დაითანხმონ და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა დონის ადამიანს ელაპარაკებიან.

დასავლეთისთვის კი, ეს იქნება გარკვეული შოკი, მათ დაკარგეს ბოლო შესაძლებლობა, რაღაც კონტაქტი მაინც ჰქონოდათ საქართველოში ასეთ ხელისუფლებასთან მაინც. დასავლეთში უკვე სურვილიც კი არ ექნებათ, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ ასეთ პრეზიდენტთან.

რაც მთავარია: ამ გადაწყვეტილებით ქართველი ხალხი ჩააყენეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში – საბოლოო ჯამში, როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლება, ქვეყნის დონეს აფასებენ იმით, თუ რა დონის პრეზიდენტი ჰყავს ამ ქვეყანას. პრეზიდენტი არის წარმომადგენლობითი სახე, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. პრეზიდენტი აჩვენებს, როგორი კულტურის ხალხია ამ ქვეყანაში, როგორი ინტელექტის, მორალის, მსოფლმხედველობის ხალხია… პრეზიდენტით იწყება ერზე შთაბეჭდილების შექმნა. ამიტომაა, პრეზიდენტი ქვეყნის გარკვეული სიმბოლო.

შესაძლოა, ესეც ივანიშვილმა სპეციალურად გააკეთა – საქართველო საინტერესო ქვეყნად კი არ ჩანდეს, არამედ ჩამორჩენილ, პოსტსაბჭოთა ქვეყნად და გაიზარდოს ინტერესი ივანიშვილის ფულების მიმართ: ვისაც დააინტერესებს ბიზნესურთიერთობა ივანიშვილთან, შეიძლება გავიდეს კავშირზე უშუალოდ მასთან. საქართველო მისთვის არ უნდა იყოს საინტერესო.

  • სურვილის გაქრობა აღნიშნეთ – თქვენი დაკვირვებით, აქეთკენ მიდის საქმე დასავლეთში, როცა საკითხი საქართველოს ეხება? 

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს ხალხი: საზოგადოება უნდა გამოჩნდეს, როგორც ღირსეული.

თუ საზოგადოება გაჩუმდება, ოპოზიციაც მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნება და მთლიანობაში საზოგადოებრივი პროტესტი ჩაქრება, რა თქმა უნდა, დასავლეთში იტყვიან, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც არავისთან ურთიერთობა არ შეიძლება. ამიტომაც, მოდი, მხოლოდ პრაგმატულად ვიმოქმედოთ, ვივაჭროთ ამ ქვეყანასთან და გამოვიყენოთ, რაც გვჭირდება, ნუღარ გვაქვს იმედი, რომ საქართველოში დემოკრატია განვითარდება, ან თანასწორუფლებიანი პარტნიორობა გვექნება.

  • ბოლო ფეისბუქპოსტში საუბრობთ იმაზე, რომ განხეთქილებაა საპროტესტო დემოსსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. რა ფაქტორებზეა ახლა დამოკიდებული ის, რომ ეფექტურად შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა?  

ჩემი აზრით, მართლაც დემოსი და ოპოზიცია ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს.

საქართველო ყოველთვის იყო დაქსაქსული ქვეყანა, სადაც უჭირთ ერთი ლიდერის, ერთი აქტორის ქვეშ გაერთიანება. ეს კარგი თვისებაც არის – მრავალფეროვნებაა და ადამიანები ცდილობენ, არ მოექცნენ ვინმეს გავლენის ქვეშ.

შესაძლებელია, ეს გამოიყენოს ოპოზიციამაც, რომელმაც ასპარეზი უნდა მისცეს სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფს, გვერდით დაიყენოს. ისე კი არ უნდა ხდებოდეს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ჩაატარონ მიტინგი და საპროტესტო ჯგუფები მოვიდნენ მათ დაძახებულზე. ეს ადამიანები არ ეთანხმებიან ყველაფერს, რაც ამ მიტინგზე ჟღერდება, ისინი არ არიან ამ ოპოზიციური პარტიების უპირობო ამომრჩევლები – ზოგადად ოპოზიციურ პარტიებს ადამიანებმა დაუჭირეს მხარი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და იმისთვის, რომ შესრულდეს საზოგადოებრივი დაკვეთა.

საპროტესტო ჯგუფები ანდობენ ოპოზიციურ ძალებს მანდატს, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა და ახლა პროტესტია. ამ პროცესში კი, ოპოზიცია არ უნდა ეცადოს იმგვარად პოზიციონირებას, თითქოს ისინი არიან ამ პროტესტის წარმმართველები.

ოპოზიციური ძალები და ეს ხალხი ერთად უნდა დადგნენ, უნდა გამოჩნდეს თანასწორუფლებიანობა. არ უნდა გამოჩნდეს, რომ რომელიმე პარტია დომინირებს და ცდილობს, თვითონ წარმართოს ეს პროცესი.

  • ვინ უნდა აიღოს ინიციატივა, როცა არსებობს კოორდინაციის პრობლემა? 

პირველ რიგში, არსებობს ურთიერთაღიარების პრობლემა: ყველამ ყველა უნდა აღიაროს, მაგალითად, არსებობს ჯგუფი, სადაც 2 ათასი კაცია, უნდა აღიარო, რომ ეს საზოგადოებრივი ძალაა, უნდა აღიარო ყველა მსგავსი ჯგუფი და მათი წარმომადგენლები უნდა შეიკრიბონ, ერთად იმსჯელონ ამა თუ იმ საკითხზე.

შემდეგ უკვე, როცა ამ ჯგუფის წარმომადგენელი დაბრუნდება შეხვედრიდან, იტყვის, რომ აი, ერთად ვიმსჯელეთ საკითხზე, მეც ვიყავი ჩართული და ჩემი წინადადება ვთქვი, კენჭი ვუყარეთ საკითხს და ასეთია გადაწყვეტილება, მაგალითად, ზეგ ვიკრიბებით და მოთხოვნა იქნება ეს და ეს. მიტინგზე მოვლენ ამ ჯგუფების წევრებიც, რადგან იგრძნობენ თავს არა რაღაც მასალად, როცა ხალხი გამოიყენეს მიტინგის შევსებისას, არამედ იგრძნობს ჩართულობას, რომ ამ დიდი პროცესის თანამონაწილეა.

ყველა მოქალაქემ ეს უნდა იგრძნოს, რომ ის რაღაცის შემძლეა ამ პროცესში. შესაბამისად, მას აქვს ვალდებულებებიც და სხვანაირად შეხედავს მიტინგსაც.

ჩემი აზრით, ოპოზიციურმა ძალებმა, თუ არ უნდათ, რომ დაკარგონ მხარდაჭერა, ეს ჯგუფები გვერდით უნდა დაიყენონ და კოლეგიალურად გადადგან შემდეგი ნაბიჯები. ეს ერთიანობა, რა თქმა უნდა, გამოჩნდება, თუ იქნება კოორდინაცია და ერთნაირი მესიჯები, ეს შექმნის ძალის, ერთიანობის განცდას.

სხვათა შორის, „ქართულ ოცნებას“ აქვს მყარი იერარქიული სისტემა, ყველაფერს გეგმავენ და იერარქიულად ხდება მისი განხორციელება, მაგრამ იქ არ არის დემოკრატია. სამაგიეროდ აქვთ დიდი ფინანსური რესურსი. ავტორიტარული რეჟიმები სტაბილური არიან, თუ მათ საკმარისი ფინანსური რესურსი აქვთ.

საპროტესტო ელექტორატი კი, არ მიიღებს იერარქიულ სტრუქტურას და არც აქვს ვინმეს ამის შესაბამისი რესურსი ოპოზიციაში, მაგალითად, დააფინანსოს ხალხის მიყვანა აქციაზე, როგორც ამას „ოცნება“ აკეთებდა, თუმცა  ჯერ კიდევ მაკიაველი დემოკრატიაზე საუბრის დროს ამბობდა, რომ დემოკრატიული წყობა არის ყველაზე სწორი, რადგან თითოეული მონაწილე გრძნობს, რომ თანამფლობელიაო.

ის კი არა, რომ უბრალო ჯარისკაცი ხარ, არამედ, თანამფლობელი ხარ და შენსას იცავ – ასეა ჩვენს შემთხვევაშიც: ყველამ უნდა იგრძნოს, რომ თავის ტერიტორიას იცავს. მიტინგზე რომ არ მიდის ადამიანი და სძინავს, ან ტელევიზორის ყურებას ამჯობინებს, ეს იმიტომ ხდება, რომ მიტინგზე დარჩენილ ცარიელ ადგილას ის საკუთარ თავს ვერ ხედავს. მას უნდა გაუჩნდეს გრძნობა, რომ ეს მისი პასუხისმგებლობაა, უნდა იცოდეს, რომ ის თუ იქ არ მივა, რაღაც არ გაკეთდება. აი, ეს ბმა უნდა გაჩნდეს.

  • პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამ არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა. სპეცოპერაციაში ყველაფერი განსაზღვრულია. მოქალაქეების ნაწილიც ამჯერად ერთმანეთს უპირისპირდება, ან ოპოზიციას საყვედურობს, ხელისუფლებაზე გაბრაზების ნაცვლად. თქვენთვის რა ფაქტორია მთავარი, რომ საზოგადოებრივი პროტესტი ანგარიშგასაწევი გახდეს? 

რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მოქმედებს თავისი სტრატეგიით და ტაქტიკით…

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთადერთი, რაც შეიძლება ითავონ, არის ის, რომ დაქსაქსული ჯგუფები შეკრიბონ და დაამყარონ მათთან უშუალო კონტაქტი, აგრძნობინონ, რომ ერთმანეთს პატივს სცემენ იმის მიუხედავად, ვის რა პოლიტიკური ამბიციები აქვს. ამ ჯგუფებს უნდა გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ პოლიტიკური პარტიები არაფერს არ წყვეტენ მათ გარეშე.

საჭიროა ერთიანი ფრონტის შექმნა, სადაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებს და მოსაზრებებს, მოხდება ამ იდეების განხილვა და საერთოდ სტრუქტურების შექმნა თავისი ვალდებულებებით. დაყოფილი იქნება საქმე და ყველას ეცოდინება, ვინ რას გააკეთებს.

მგონია, რომ ჯობია, პარტიებმა დაიწყონ ეს პროცესი, რადგან ყველაზე ორგანიზებული ძალაა. იგივე შეიძლება გააკეთოს რომელიმე ძლიერმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ. ეს ყველას საქმეა და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის, თუ პარტიების საქმე – ხელახლა არჩევნების ჩატარება არის არა პოლიტიკური ამოცანა, არამედ ეროვნული ამოცანაა. საუბარია იმაზე, ჩვენ გვექნება თუ არა დემოკრატიული სახელმწიფო. თუ ეს ყველას საქმეა, მაშინ ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამაში და მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არ უნდა გამოდიოდნენ ამ მოძრაობის ავანგარდში.

მაგალითად, სტუდენტები შეიძლება ცალ-ცალკე კი არ გამოდიოდნენ, არამედ კავშირი შექმნან, დელეგატები დაასახელონ და პერმანენტულად კავშირი ჰქონდეთ თავიანთ უნივერსიტეტებთან, ოპოზიციასთანაც მოახდინონ კოორდინაცია და ისე მოქმედება?

ამ პირობით პოლიტიკური პარტიაც ერთ-ერთი საპროტესტო ჯგუფი გამოდის, ის პარტიად მაშინ გადაიქცევა, როდესაც დაიწყება საარჩევნო კამპანია და მივაღწევთ ხელახლა არჩევნებს. ამ პროცესში კი, პოლიტიკური პარტია თავის ამოცანებს არ ასახელებს, ის გამოდის, როგორც საპროტესტო ჯგუფი.

არის მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ოპოზიციამ უნდა გააკეთოს, რაც არასწორია. ოპოზიციისთვისაც უკეთესია, სრულ პასუხისმგებლობას თუ მოიხსნის და გაუნაწილებს საზოგადოებრივ ჯგუფებს. მოქალაქეც უფრო წყნარად იქნება, როცა ეცოდინება, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც ის უფრო მეტად ენდობა, ვიდრე, მაგალითად, პოლიტიკურ პარტიას, ამ ჯგუფს მიაწვდის თავის ხმას.

  • ფართომასშტაბიანი პროტესტის შენარჩუნება იქნება გამოსავალი ამ კრიზისიდან? ასევე, სანქციები აშშ-დან საზოგადოების პროტესტზეა დამოკიდებული? 

ნებისმიერი შეიძლება აიძულო, წავიდეს დათმობაზე, როცა პროტესტი არის ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული. თუ იმდენად კოორდინირებულია ეს, რომ კოლაფსის გამოწვევა შეუძლია, მაგალითად, სატრანსპორტო სისტემის კოლაფსი, ან სასწავლო დაწესებულებების, საერთაშორისო ფრენების, ამას ვერაფერს დაუპირისპირებს ხელისუფლება. ამ დროს ხელისუფლება წავა დათმობაზე.

რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები და ევროპა უყურებენ, რა განწყობებია მოსახლეობაში, არის თუ არა ძლიერი საპროტესტო მუხტი და სჭირდება თუ არა მას მხარდაჭერა. მეორეს მხრივ, საპროტესტო გამოსვლა აძლევს ინსპირაციას საერთაშორისო საზოგადოებას, რომ იყოს უფრო აქტიური. ესენი ერთმანეთს აძლიერებენ, ან ასუსტებენ.

ორივე ძალიან მნიშვნელოვანია: როგორც საგარეო მხარდაჭერა, ზეწოლა, ასევე შიდა მხრიდან ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა ის დაითანხმო ახალ არჩევნებზე.

ბათუმის მერის ხელფასი გაიზარდა და 8 760 ლარი გახდა – რატომ მოიმატა ჩიქოვანის ანაზღაურებამ 31,7%-ით

ბათუმის მერის ხელფასი ახალი წლიდან 2 110 ლარით გაიზრდება და 8 760 ლარი იქნება. ამ დრომდე ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 6 650 ლარი იყო.

ანუ მერის ხელფასი იანვრიდან 31,7 პროცენტით გაიზრდება, მაშინ, როცა ქვეყნის მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები იანვრიდან მხოლოდ 10 პროცენტით გაიზრდებოდა.

საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ „საბაზო თანამდებობრივი სარგო 2024 წელთან შედარებით იზრდება 10 პროცენტით და განისაზღვრება 1 460 ლარის ოდენობით, რაც უზრუნველყოფს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას ასევე 10 პროცენტის ოდენობით.“

რატომ იზრდება მერის ხელფასი 31,7 პროცენტით? – საქმე ისაა, რომ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო დგინდება ამავე კანონით დადგენილი შესაბამისი კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით“.

ანუ, აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის [ამ შემთხვევაში ქალაქის მერის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის] თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არის 6. საბაზო თანამდებობრივი სარგო 2025 წლიდან კი, იქნება 1 460 ლარი. შესაბამისად, ბათუმის მერის ხელფასი განისაზღვრა 6 × 1 460 = 8 760 ლარით.

„ქალაქ ბათუმის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა“ ქალაქის საკრებულომ 2024 წლის 25 ნოემბერს დაამტკიცა. საკრებულოს დადგენილება 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

ამავე დადგენილებით და ზემოთ ნახსენები პრინციპით ბათუმის მერიაში 2025 წლის იანვრიდან გაიზრდება მერის მოადგილეებისა და სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებიც.

მაგალითად:

  • ბათუმის ვიცე-მერის ხელფასი დღეს არის 5 680 ლარი, იანვრიდან კი მისი ხელფასი 1 620 ლარით [28,5 პროცენტით] მეტი, ანუ 7 300 ლარი იქნება.
  • ბათუმის მერს ორი მოადგილე ჰყავს. რომელთა ხელფასებიც, თითოეულის, 5 015 ლარიდან 6 570 ლარამდე [ანუ ერთი მოადგილის ხელფასი 1 555 ლარით, ანუ 31 პროცენტით] გაიზრდება.

20 პროცენტით [854 ლარით] გაიზრდება ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის ხელფასი და 4 256 ლარის ნაცვლად იანვრიდან იქნება 5 110 ლარი.

5 110 ლარამდე გაეზარდათ ხელფასები ასევე მერიის [პირველადი სტრუქტურული ერთეულის] სამსახურების უფროსებსაც.

თითქმის 23 პროცენტით გაიზარდა მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსების ხელფასებიც – 3 325  ლარის ნაცვლად იანვრიდან იქნება 4 088 ლარი.

4 088 ლარი იქნება მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ხელფასიც, თუმცა ამ შემთხვევაში ხელფასი 9,3 პროცენტით იზრდება – ამ განყოფილების უფროსის ხელფასი დღეს 3 724 ლარია.

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტი საკრებულომ უკვე დაამტკიცა. შესაბამისად, დამტკიცებულია სახელფასო ხარჯებიც.

ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის მერიაში და საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასებში მომავალ წელს 55 455 300 ლარი, ანუ 11,5 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე მიმდინარე 2024 წელს [წელს ხელფასებზე ქალაქის ბიუჯეტში 43 862 900 ლარია გაწერილი]. ბიუჯეტის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 2025 წლისთვის იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასს ქალაქის ბიუჯეტიდან იღებენ, მხოლოდ 109 ადამიანით იზრდება და ჯამში 2 952 იქნება.

რაც შეეხება საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტს, მისი [შესაბამისად საბაზო თანამდებობრივი სარგოს – 1 460 ლარის] დამტკიცება, არაკონსტიტუციურ პარლამენტს მოუწევს.

არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცესკოს შედეგების მიხედვით 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. მათი პოზიციაა, რომ არჩევნები გაყალბდა და არ აპირებენ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციაში მონაწილეობის მიღებას.

კონსტიტუციონალისტების განმარტებით, იქამდე, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სარჩელზე, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციოში 20 ნოემბერს დარეგისტრირდა, თუმცა გამწესრიგებელი სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.

ამ თემაზე: როგორ გაინაწილეს თანამდებობები არაკონსტიტუციურ პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებმა

ბინის ქირა, დაბალი ხელფასი და დრო, რომელიც სწავლისთვის არ რჩება – სტუდენტების ცხოვრება საქართველოში

„ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს“ – ასე გამოეხმაურა „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ წელს თსუ-ში სწავლის დაწყებას. მათ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში გამოფინეს ბანერები საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით და სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. „დაპირება დარჩება დაპირებად, თუკი არ ვაჩვენეთ ერთიანი ძალა და არ ვაიძულეთ რექტორატი და სახელმწიფო ააშენოს ის, რაც ყველას გვეკუთვნის“, – აცხადებდნენ სტუდენტები.

სტუდენტებს ეს პერფორმანსი მალევე, იძულებით შეაწყვეტინეს: „მივმართავდით სტუდენტებს, როდესაც უნივერსიტეტის დაცვამ ძალის გამოყენებით შეგვაწყვეტინა საუბარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია ცდილობს დაუპირისპირდეს სტუდენტებს და იმ პროგრესულ მოთხოვნებს, რომლებიც საყოველთაოა…

დაიწყო კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი უნივერსიტეტებში დაპირებული სტუდენტური საცხოვრებლის გარეშე!“ – აცხადებენ „მაისის სტუდენტურ მოძრაობაში“.

საცხოვრისის აშენება/გარემონტების მოთხოვნით სტუდენტებმა აქამდეც არაერთი საპროტესტო აქცია გამართებს. სტუდენტების მოთხოვნები ამ მხრივ განსაკუთრებით მწვავე კოვიდ პანდემიის შემდეგ გახდა, როდესაც ონლაინ სწავლებიდან აუდიტორიებში დაბრუნებულმა სტუდენტებმა ბინის დაქირავება ვეღარ შეძლეს.

ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როცა საქართველოს მოაწყდა მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების ნაკადი – ამან დასაქირავებელი ბინების ფასი სტუდენტებისთვის ფაქტობრივად ხელმიუწვდომელი გახადა.

საბოლოო ჯამში, არასამტავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, 2023 წლისთვის, ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებით, სტუდენტის სტატუსი მთლიანობაში 88 ათასზე მეტ სტუდენტს აქვს შეჩერებული, მათ შორის საცხოვრისის მიზეზით.

  • თსუ-ს სტუდენტის, შუახევის სოფელ ნენიიდან – ლიზა მიქელაძის გამოცდილება 

ლიზა მიქელაძე შუახევში ცხოვრობს და უკვე მეორე წელია თსუ-ში ქართულ ფილოლოგიაზე სწავლობს. ლიზას თქმით, ის რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა თბილისში ბინის დაქირავებას, მაგრამ ბინების სიას რომ ვათვალიერებდით, ისეთი ფასები ჰქონდა ფარეხებს, უბრალოდ ვერ იცხოვრებდი, 800 ლარი ღირდაო.

ლიზას ოჯახმა სესხი აიღო ბანკიდან და საცხოვრისი დაიგირავეს. ახლა პედაგოგი დედის ხელფასი მთლიანად ბანკის პროცენტს უზრუნველყოფს, ამიტომ ლიზა და მისი და სწავლის პარალელურად მუშაობენ… მუშაობენ იმისთვის, რომ თავი გაიტანონ, მაგრამ ძირითადი მიზნისთვის – სწავლისთვის დრო თითქმის არ რჩებათ.

ძმაც აბიტურიენტია და მალე ისიც შემოგვიერთდებაო.

„თბილისში ბინა ვიგირავეთ, მე და ჩემი და ვცხოვრობთ აქ. ორივე ვმუშაობთ და თან ვსწავლობთ. რომ არა ეს სამუშაო, თავის გატანას ნამდვილად ვერ შევძლებთ, იმიტომ, რომ სახლის გამო დედაჩემის მთლიანი ხელფასი მიდის ბანკში და ძალიან გაგვიჭირდებოდა“, – უთხრა ლიზამ „ბათუმელებს“.

ლიზას შეფასებით, გაცილებით სხვა ვითარება იქნებოდა, უნივერსიტეტებს რომ შეეძლოთ სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრისის შეთავაზება ხელმისაწვდომ ფასად და სამუშაო გრაფიკიც ისეთი რომ ჰქონდეთ, როგორიც ევროპის ქვეყნებშია:

„უნივერსიტეტს საერთო საცხოვრებელი რომ არ აქვს, ეს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა – ცოტა მეტი დრო გვექნებოდა და ცოტა უკეთესი განათლების მიღება შეგვეძლებოდა.

ლიზა მიქელაძე, თსუ-ს სტუდენტი

პრობლემაა ისიც, რომ სტუდენტების 95%-ს თან მუშაობა უწევს და თან სწავლა. მუშაობაში კი არ არის პრობლემა, საქმე ისაა, რომ რეალურად კარგი არჩევანი არ აქვს სტუდენტს – კარგი იქნება, ცოტა ნორმალური სამსახური რომ იყოს, ცოტა ნორმალური ხელფასით და სწავლაც რომ მოვასწროთ. სტუდენტმა უნდა იმუშაოს, მაგრამ არ უნდა იმუშაოს მარკეტში კონსულტანტად, ისეთ ადგილებში, სადაც მაქსიმალურ ენერგიას ხარჯავს. უნდა იყოს შესაძლებელი, რომ ისწავლო და ეს შესაძლებლობა ამ ქვეყანაში არ გვაქვს სტუდენტებს“.

ლიზას სამუშაო და სასწავლო გრაფიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სტუდენტს არათუ სწავლისთვის, არამედ გამოძინებისთვისაც კი არ რჩება დრო:

„მე ვმუშაობ საღამოს 6-დან ღამის 02 საათამდე. სამ საათისთვის ვბრუნდები სახლში. დაღლილი და ნამუშევარი თავს რომ მოიწესრიგებ, ხუთი საათი სრულდება. როცა სწავლა დილის 9 საათზე მეწყება, ფაქტობრივად, გამოუძინებელი ვრჩები. შაბათ-კვირას ვისვენებ.

ხანდახან სამსახურში ვმეცადინეობ, ხანაც უნივერსიტეტში, თუ შუალედები მაქვს. რა თქმა უნდა, უკეთეს განათლებას მივიღებდი, დრო რომ მქონოდა.

გუშინ სამსახურიდან მოვდიოდი და ტაქსის მძღოლი მელაპარაკებოდა, რომ ჩემი გოგო საფრანგეთშია – თან მუშაობს და თან სწავლობსო. ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრება გაცილებით იაფია და ხელფასიც გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში, აქ 500-600 ლარს უხდიან სტუდენტებს“.

  • რა არის საქართველოში სტუდენტების საერთო წუხილი

„ბათუმელები“ თბილისში რამდენიმე სტუდენტს ესაუბრა, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ. მათ, ყველას, საერთო წუხილი აქვთ – ბინის ქირა, მძიმე სამუშაო გრაფიკი, დაბალი ანაზღაურება და დრო, რომელიც სწავლისთვის არ რჩებათ.

ბევრ სტუდენტს იდენტური ბარიერის დაძლევა უწევს რეგიონების უნივერსიტეტებშიც. მაგალითად, ლარა ქარცივაძის მთელ ოჯახს დასჭირდა საცხოვრებლის გამოცვლა, რომ ბსუ-ში ჩარიცხული სტუდენტი შვილისთვის სწავლაში მხარდაჭერა აღმოეჩინა. ოჯახი ქობულეთის სოფლიდან ბათუმში გადმოვიდა და ნაქირავებ ბინაში დაიწყო ცხოვრება.

„ვსწავლობ ბსუ-ში, პირველ კურსზე ვარ. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე სტუდენტურ საცხოვრებელში მოთავსება, ამიტომ ოჯახი მთლიანად გადმოვედით და ქირით ვცხოვრობთ ბათუმში. ოჯახის გარეშე ვერ გავუმკლავდებოდი ამ ყველაფერს. მე ვერ გადავიხდიდი ბინის ქირას. 700 ლარად ვიქირავეთ ბინა, ამას ემატება კომუნალურები“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლარამ.

სტუდენტს ვკითხეთ, რატომ არ ისარგებლა ბსუ-ს საერთო საცხოვრებლით, რომელიც 200 სტუდენტზეა გათვლილ. ბსუ-მ ეს საცხოვრებელი 2019 წელს ააშენა და როგორც სტუდენტები ამბობენ, აქ ცხოვრებაში 100 ლარს იხდიან.

„მე ქობულეთის სოფელ ხალაში ვცხოვრობ, ბათუმთან შედარებით ახლოსაა. განცხადება შევიტანე, მაგრამ უარი მითხრეს. სავარაუდოდ ჩათვალეს, რომ არ უნდა გამჭირვებოდა სოფლიდან სიარული.

ზოგადად კი, მე თუ ვისარგებლებდი მაგ საცხოვრისით, მაშინ, მაგალითად, გურიიდან ჩამოსულ სტუდენტებს მოუწევდათ იმავე გზის გავლა, რასაც მე გავდივარ. მე მხარდაჭერა მაქვს ოჯახისგან, ისინი ჩემთან ერთად წამოვიდნენ, გურიიდან კი სტუდენტები მარტო მოდიან და მათთვის უფრო რთული იქნებოდა“, – გვითხრა ლარამ.

ლარა ქარცივაძე, ბსუ-ს სტუდენტი

თავის მხრივ, ლარაც ეხმარება ოჯახს – მუშაობს, რომ ცხოვრების საჭიროებებს ერთად გაუმკლავდნენ, ამიტომ ძალიან ცოტა დრო რჩება სწავლისთვის.

„რეალურად რთული იყო ყოველ დღე სოფლიდან ჩამოსვლა, ამას ემატებოდა ისიც, რომ სტუდენტურ სამუშაოს ვასრულებდი, რაც ცოტა რთულია.

სწრაფი კვების ამერიკულ კომპანიაში ვმუშაობ. ღამის ცვლაში მიწევს ყოფნა, რეალურად უნივერსიტეტიდან პირდაპირ აქ მოვდივარ და 11 საათამდე აქ ვარ.

დაღლილი როცა ვარ, სწავლისთვის დრო არ მრჩება, დასვენებისთვისაც კი არ მრჩება დრო. ვცდილობ, ლექციებს მაინც დავესწრო, რაღაც მივაშველო. კვირაში ერთი დღე არ ვმუშაობ და ასევე ღამეებს ვათევ, რომ სემინარები ჩავაბარო და შევინარჩუნო დაფინანსება“, – ასე აღწერა თავისი მდგომარეობა ლარამ, რომელიც გამოტყდა, რომ სტუდენტური ცხოვრება ცოტა სხვაგვარად წარმოედგინა: ექსკურსიები, შემეცნება, განათლება.

ლარასგან განსხვავებით, ლიზა წულუკიძეს შეხვდა ბსუ-ს საერთო საცხოვრებელში ოთახი. ის 2 სტუდენტთან ერთად ინაწილებს ოთახს და კმაყოფილია პირობებით.

„ადრე ნაქირავებ მქონდა და ახლა სტუდენტურ საცხოვრისში ვცხოვრობ თვეში 100 ლარად. კომფორტი არის. ოთახს ვინაწილებ სხვა სტუდენტთან, 3 სტუდენტი ვართ, ნორმალური ზომის ოთახია.

ბსუ-ს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი

შარშან მქონდა ბინა ქირით და ეს ძალიან რთული იყო, დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამას ემატებოდა ტრანსპორტის ხარჯები. ფეხით ხომ ვერ წახვალ გვიან ღამით სოფელში, ტაქსით გიწევს წასვლა.

ამას სტუდენტი ვერ გაუმკლავდება, თვეში 100 ლარი მაინც მჭირდებოდა თავის სარჩენად და აქეთ უნივერსიტეტის გადასახადი, მაგას დაემატება ბინის ხარჯი. მაშინ მოგიწევს მუშაობა და ვეღარ ისწავლი“.

ბსუ-ში დაახლოებით 7 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. შესაბამისად, საერთო საცხოვრებელი, რომელშიც 200 სტუდენტის მიღება შეუძლია, არ არის საკმარისი. თუმცა სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, ბსუ ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელსაც მეტ-ნაკლებად კომფორტული საერთო საცხოვრებელი აქვს.

  • ჯავახიშვილის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი

სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აქვს თბილისი ჯავახიშვილის უნივერსიტეტსაც, თუმცა იქ, სტუდენტების შეფასებით, საცხოვრებლად ღირსების შემლახავი პირობებია. ეს საცხოვრისი 500 ადამიანზეა გათვლილი.

თსუ-ს სტუდენტები განსაკუთრებით ხმამაღლა ითხოვენ საცხოვრებლის გარემონტებას/აშენებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამას თითქმის 2 წლის წინ დაჰპირდნენ, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.

„მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ 2024 სასწავლო წლის დასაწყისში თსუ-ს რექტორს, ჯაბა სამუშიას წერილობით ჰკითხა, რა ეტაპზეა სტუდენტების საერთო საცხოვრისის პროექტი. გასულ კვირას ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი შამათავას წერილობით „ბათუმელებმაც“ სთხოვა კომენტარი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საკითხზე. სატელეფონო ზარებისა და წერილობითი კომუნიკაციის მიუხედავად, მისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

გიორგი შამათავას ხელმოწერილი დოკუმენტით კი, სტუდენტებს აცნობეს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საცხოვრებლის გამაგრებითი სამუშაოების ნებართვის მისაღებად თბილისის მერიას მიმართა, თუმცა, „არქიტექტურის სამსახურის მხრიდან გამოვლენილი იქნა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსასწორებლადაც საჭირო გახდა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა“. ამავე დოკუმენტის თანახმად, საკითხს შუალედური სტატუსი აქვს მერიაში, რადგან უნივერსიტეტს საჭირო დოკუმენტაცია ჯერ არ წარუდგენია.

„ადგილზე მისულებს გვითხრეს, რომ შენობაში დასუფთავების სამუშაოებია დაწყებული. როგორც ჩანს, ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ეს მოხერხდა“, – აცხადებენ სტუდენტები.

სტუდენტების შეფასებით, რეგიონებიდან ჩასული სტუდენტები, ბიზნესისთვის იაფი მუშახელია: „ყოველ სექტემბერს თბილისში რეგიონებიდან ჩამოდის სტუდენტების ახალი ტალღა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენებია და სამთავრობო ელიტისთვის იაფი მუშახელია.

სტუდენტებს უწევთ დათანხმდნენ მძიმე სამუშაო პირობებს, სადაც მათი შრომა კაპიკებად გაიყიდება. დათანხმდნენ იმისთვის, რომ გადაიხადონ გაზრდილი ბინის ქირა, დაფარონ განათლების გადასახადი. ამიტომაც საერთო საცხოვრებლის აშენება ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის დაიხსნის მრავალ სტუდენტს მძიმე და იაფად გაყიდული შრომისგან“, – ამბობენ სტუდენტები.

ფოტო: „მაისის სტუდენტური მოძრაობა. 2024 წლის თებერვალი
ადგილი, სადაც თსუ-ს საერთო საცხოვრებელი უნდა აშენდეს
  • სტუდენტების შეხედულება წინასაარჩევნო დაპირებებზე

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საარჩევნო გზავნილსაც –  ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე განაცხადა, რომ მთავრობა თსუ-სთვის ახალი კამპუსის აშენებას გეგმავს.

„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ შეფასებით, ეს წინასაარჩევნოდ მოგონილ ტყუილ დაპირებას უფრო ჰგავს: „სხვა შემთხვევაში უცნობია რატომ არ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ უნივერსიტეტმა ან ერთი სიტყვა მაინც როგორ არ დაცდა უნივერსიტეტის პირველი დღის შეხვედრაზე ამის შესახებ რექტორს.

საპროტესტო პერფორმანსი თსუ-ში, რომელიც სტუდენტებს იძულებით შეაწყვეტინეს

ჩვენ უკვე მივიღეთ განათლების სამინისტროსა და სხვადასხვა უნივერსიტეტის დაპირებები საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ჯერ ხელშესახები რეალობა არ დამდგარა. ათასობით სტუდენტი ელოდება საცხოვრებელს. მანამდე კი მათი იძულებითი შრომა საარსებო საშუალებებისთვის გრძელდება“.

  • არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ თავმჯდომარე, ელენე  ელბაქიძე აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ მათი არასამთავრობო ორგანიზაცია უსახსროდ აგრძელებს სტუდენტების უფლებებზე მუშაობას.

ელენე ელბაქიძე თავიანთი ორგანიზაციის მიგნებებს გვიზიარებს:

„პროგრესის ცენტრი“ 2017 წლიდან ვსაქმიანობთ, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია, მაგრამ რუსული კანონის გამო ძირითადად მოხალისეობრივად შემოიფარგლება ჩვენი ჩართულობა.

ჩვენი შეფასებით, სტუდენტების მდგომარეობა გაუსაძლისი ძირითადად პანდემიიდან გამომდინარე გახდა – ძალიან დიდი ქირის გადახდა უწევდათ სტუდენტებს.

ორი წლის წინ ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ლისზე იწყებდა სტუდენტური საცხოვრისი აშენებას. იქ ცუდი მდგომარეობა. მიდის რემონტი, როგორც ამბობენ, მაგრამ რამდენჯერაც მივედით, რომ გვენახა რა ხდება, იქ არაფერი არ ხდება. შიგნით არ გვიშვებენ – არ მოგვეცა ამის უფლება.

ბაგები მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

ბოლო წლებში, როდესაც ჩვენ დავიწეთ ამაზე აქტიური მუშაობა და პროტესტები, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ ღირსეული საცხოვრებელი და რაღაც საშუალება, ამხელა ქირა რომ არ გადაიხადონ, ანუ უნივერსიტეტებმა გამოყონ ამაზე რესურსი, მივიღეთ პასუხი, რომ დაიწყეს მუშაობა. თუმცა ეს საკითხი გაჩერებულია და არაფერი ისმის.

ვიცით, რომ ბათუმის უნივერსიტეტმა გახსნა საცხოვრისი, სამედიცინომ და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაახლოებით ერთი წლის წინ გვაცნობეს, რომ გეგმავენ მშენებლობას და ამაზე მუშაობენ, თუმცა ამ ორი უნივერსიტეტის შემთხვევაშიც არაფერი არ ხდება – მგონი კახეთს გზატკეცილზე ჰქონდა გადაწყვეტილი რაღაც პროექტი: 2023 წლის შემოდგომაზე ითქვა, მაგრამ ამ მხრივ ჩვენ წინსვლა მათგან არ გაგვიგია.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი მონაცემები, რამდენმა სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი 2024-25 სასწავლო წლებში, მაგრამ ვიცით 2023 წლამდე მონაცემები, პანდემიის გამო და ფინანსური პრობლემების გამო, რომელშიც შედის ქირის ხარჯებიც, დაახლოებით 33 ათასმა სტუდენტმა შეიჩერა სტატუსი.

ელენე ელბაქიძე

ბოლო რამდენიმე წლის მონაცემით კი, ჯამში იყო 88 ათასზე მეტი სტუდენტია, ვინც სტატუსი შეიჩერა. რასაკვირველია ეს მოხდა სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე. ასევე ვიცით, რომ ეს რიცხვი მუდმივად იზრდება და ეს ჩვენი ქვეყნისთვის საგანგაშოა.

რა არის გასაკეთებელი? – სწორად უნდა განაწილდეს ხარჯები იმ მხრივ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი და გარემო განათლებისთვის. იმდენად ბევრი პრობლემაა სისტემაში, იმდენად არასწორად ხდება ხარჯვა, იმდენად ბევრი გაფლანგული თანხაა განათლების სამინისტროში, ვერაფრით აიხსნება.

თუ ჩვენ გინდა ღირსეული განათლების პირობები, ამისთვის ხარჯები მოიძებნება, არის ჩვენს ბიუჯეტში ამის შესაძლებლობა, მაგრამ საჭიროა კეთილი ნება. მაგალითად, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ამის კონკრეტული თანხები. 2017 წლიდან ამბობენ, რომ ავაშენებთ, მოვაწყობთ ამ სივრცეს და ვერ აკეთებენ. რა თქმა უნდა, რაღაცა ხდება არასწორად.

მე ვიცი ძალიან ბევრი სტუდენტი, რომლებიც ერთად ქირაობენ ბინებს. ეს სტუდენტები მუშაობენ იმდენს, რომ განათლებისთვის დრო ფიზიკურად არ რჩებათ. ერთია, რომ ისინი იაფი მუშახელია და ეს ცალკე საკითხია, სტუდენტებისთვის ეს ძალიან რთული მოცემულობაა. ზოგი 10-12 საათი მუშაობს, რომ რაღაცნაირად დაფარონ საცხოვრისი ხარჯები. ეს აისახება სწავლების ხარისხზე.

ბევრი ფაქტორია, თუმცა პროტესტი რაღაცის ხარჯზე შეწყდა, მაგრამ არაფერი არ არის მოგვარებული. სტუდენტს არ უნდა უწევდეს არჩევანის გაკეთება – ისწავლოს თუ იმუშაოს, მას უნდა შეეძლოს სწავლა და თუ სურვილი აქვს, მუშაობაც. ძალიან ბევრს მოუწია დღეს ამ არჩევანის გაკეთება. სტუდენტების მოუწიათ ამ არჩევანის გაკეთება და ეს არ არის არჩევანი სწავლის სასარგებლოდ.

  • რას სთავაზობენ გერმანული უნივერსიტეტები სტუდენტებს

ალია სმაგულოვა აზის ერთ-ერთი ქვეყნიდან არის გერმანიაში სწავლობს. „ბათუმელებმა“ მას სთხოვა, თავისი გამოცდილების გაზიარება, რა გზას გადის სტუდენტი გერმანიაში საცხოვრისის ძიებისას.

„გერმანიაში თუ გინდა სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრება, აუცილებელია რომელიმე უნივერსიტეტში სწავლობდე. მაგალითად, თუ მიუნხენში გინდა ცხოვრება, აუცილებელია მიუნხენის რომელიმე უნივერსიტეტში, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდე. გადასახდელი თანხა ყველა საცხოვრებელში სხვადასხვაა, მაგრამ ძირითადად იაფია. მე, პირადად, ახლა 386 ევროს ვიხდი თვიურად, აქვე მაგალითად ვიხდი დაახლოებით 5 ევროს ინტერნეტში. ძირითადად კარგი ინტერნეტი მომეწოდება.

საცხოვრებლებზე ინფორმაციის ნახვა უნივერსიტეტების ვებგვერდებზეა შესაძლებელი. მე მაგალითად, მათ შესახებ ინფორმაცია ასე მივიღე.

საცხოვრებლებში სამზარეულოს ყველა სტუდენტი იყოფს, დაახლოებით 21 სტუდენტი. შეიძლება ეს პირველი მოსმენისას არ ჟღერს ძალიან სასიამოვნოდ, მაგრამ რეალობაში ეს საერთოდ არ ქმნის დისკომფორტს. ზოგჯერ საღამოობით არის ხოლმე ცოტა ქაოსი, როცა სამზარეულოში ერთდროულად რამდენიმე სტუდენტია. ზოგადად, საცხოვრებლებში ყველა ყველას იცნობს და არ არის პრობლემა.იმის მიუხედავად, რომ ბევრი სტუდენტია საცხოვრებელში, ჩვენ ყველას ჩვენი პირადი სივრცე გვაქვს – ყველას საკუთარი ოთახი აქვს ყველა საჭირო აღჭურვილობით. საცხოვრებელში სტუდენტებს სააბაზანოს გაყოფაც უწევთ, რომელიც ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებულია.საცხოვრებლებში სისუფთავეზე ძირითადად დამხმარე ქალები ზრუნავენ, რომლებიც მოდიან და ყველაფერს ასუფთავებენ.

ჩემს საცხოვრებელში ასევე ძალიან კარგია ის, რომ სპეციალური სასწავლო ადგილები არსებობს და არ გიწევს ყოველთვის ბიბლიოთეკაში წასვლა. ასევე არის სასმელების აპარატები და კიდევ ბევრი რამ.

სტუდენტური საცხოვრისი გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში

ყველაზე ცუდი ალბათ ის არის, რომ ძალიან რთულია სტუდენტურ საცხოვრებელში ადგილის მიღება. ყველაზე კარგ ვარიანტში ერთ სემესტრში იღებ ადგილს. მე, პირადად, დაახლოებით სამი წელი ველოდი პასუხს. არიან სტუდენტები, რომლებიც ერთი ან ორი წელი ელიან რიგს და არ მიუღიათ პასუხი.

როდესაც ადგილს მიიღებ, 3-4 წელზე მეტ ხანს დარჩენის უფლება არ გაქვს, ანუ იქ დარჩენის პერიოდი შენი სწავლის პერიოდს უნდა მოიცავდეს. არის სხვა საცხოვრებლები, სადაც მაგალითად იმდენ ხანს შეგიძლია დარჩე, რამდენ ხანსაც სწავლობ, თუ გინდ 10 წელი“.

___

მთავარი ფოტო: „მაისის სტუდენტური მოძრაობა“. 2024 წლის აპრილი.

___

ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

ბაღები, არა ყველა ბავშვისთვის – უთანასწორობა და სხვა პრობლემები სკოლამდელი განათლების სისტემაში

საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ბავშვი რჩება საბავშვო ბაღს მიღმა. დიდ ქალაქებში მდებარე საჯარო ბაღებში ხშირად არ არის საკმარისი ადგილები და ხან ისეც ხდება, რომ ბავშვი სასკოლო ასაკი ბაღის მომლოდინეთა რიგში უწევს.

მაგალითად, ბათუმში 5 წლის ასაკის სულ მცირე 61 ბავშვია საბავშვო ბაღის რიგში, რაც ძირითად შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ მათი მიღება მუნიციპალურმა ბაღებმა რამდენიმე წელი ვერ შეძლეს, მომავალი წლიდან კი ეს ბავშვები უკვე სკოლაში წავლენ.

საქართველოს კანონმდებლობა ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, საყოველთაო და ხელმისაწვდომია შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის, ხოლო მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს მისი ბავშვებისთვის მიწოდება.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით, რა გამომწვევები და პრობლემებია სისტემაში და რა გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

  • ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღის გარეშე რჩებიან

ადრეული განათლების ექსპერტი ანა ჯანელიძე, რომელიც წლებია საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით სხვადასხვა კვლევასა და პროგრამაშია ჩართული, არის თანაავტორი გაეროს ბავშვთა ფონდის 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევისა – „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა“, „ბათუმელებთან“ საბავშვო ბაღის ფუნქციებზე საუბრისას ის გამოყოფს რამდენიმე მთავარ მიმართულებას:

„ბაღებს სხვადასხვა ფუნქცია აქვთ, მათ შორისაა ოჯახების მხარდაჭერა, განსაკუთრებით დედების, რათა მათ შეძლონ მუშაობის გაგრძელება. 

კიდევ ერთი როლი არის კვება – საბავშვო ბაღები დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ ბავშვების კვებას იმ რაციონით, რაც ამ ასაკის ბავშვს განვითარებისთვის სჭირდება

და მთავარი, რაც ბაღს აქვს, რა თქმა უნდა, არის სწავლისა და სოციო-ემოციური უნარ-ჩვევების განვითარების ფუნქცია. ეს საფეხური დიდ როლს თამაშობს ბავშვის შემდგომი განვითარებისა და განათლების პროცესში,“ – განმარტავს ანა ჯანელიძე.  

საქართველოში სკოლამდელ განათლებაში ჩართულ მოსწავლეთა შესახებ ერთადერთი საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებია. 

საქსტატს ამ დროისათვის გასული, 2023-2024 სასწავლო მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რაც მოიცავს საჯარო სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში (ბაღების), ჩართული ბავშვების (აღსაზრდელების) და სისტემაში დასაქმებული პერსონალის (აღმზრდელ-პედაგოგი / აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწე /ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგი) რაოდენობას. 

მონაცემთა თანახმად, გასული სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოში სულ 141 324 აღსაზრდელი ირიცხებოდა 1 708 საჯარო დაწესებულებაში, სადაც მათ 17 620 პროფესიონალი აწვდიდა შესაბამის სერვისს. 

თუმცა საქსტატს არ აქვს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ბავშვი დარჩა საბავშვო ბაღს მიღმა. 

„ბათუმელები“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მაგალითზე შეეცადა გაერკვია, რამდენი ბავშვი დარჩა ბაღის გარეშე.  ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში ,,ბათუმელებმა” წერილობით გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ბათუმის ბაღების გაერთიანებიდან, თუმცა მონაცემები ამ დრომდე არ მიგვიღია.

2024 წლის ნოემბერში, ინფორმაციის გასაგებად, ალტერნატიულ წყაროდ გამოვიყენეთ ბათუმის ბაღების გაერთიანების ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა, რომელიც მისამართის, ბაღისა და ასაკის მითითებისას ავტომატურად აჩვენებს რამდენი ბავშვია აღნიშნული ბაღის კონკრეტულ ჯგუფში ჩარიცხული და რამდენიმომლოდინეთა რიგში.

საბავშვო ბაღში რეგისტრაციის ელექტრონული ფორმა – სქრინშოთი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ვებგვერდიდან

„ბათუმელებმა“ დაამუშავა ბათუმში არსებული 37-ვე მუნიციპალური საბავშვო ბაღის მონაცემები, 3, 4 და 5წლიანი ჯგუფების მიხედვით, რის შემდეგაც კვლავ დავუკავშირდით საბავშო ბაღების გაერთიანებას მონაცემების შესადარებლად. უწყებაში გვითხრეს, რომ მიღებული რიცხვი არაზუსტი იქნებოდა, რადგან შესაძლოა შეიცავდეს დუბლირებას, რაც მშობლების მიერ სასურველ ბაღად სამი ბაღის მონიშვნის შესაძლებლობითაა გამოწვეული. ბათუმის ბაღების გაერთიანებაში დაგვიდასტურეს, რომ თავად მარტივად აქვთ წვდომა რეალურ მონაცემზე და მოწოდებასაც დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს და ოფიციალური წერილით მიმართვისკენ მოგვიწოდეს.

დუბლირების გათვალისწინებითაც კი, თუ დავუშვებთ, რომ ყველა მშობელმა სამი ბაღი მონიშნა, მონაცემები ცხადყოფს, რომ 14 ნოემბრის მონაცემებით, ბათუმში სულ მცირე 717 ბავშვი ელოდება ბაღში რიგს, მათ შორის მინიმუმ 61 ბავშვი მომავალ წელს უკვე სკოლაში წავა.

ანა ჯანელიძე თავის გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ მკვლევრები ასეთ დროს სკოლამდელ განათლებაში ჩართულობის წილის გამოსათვლელად აღსაზრდელთა რაოდენობას სხვა, მაგალითად, შობადობის მაჩვენებელს ადარებენ.

ჩვენ ვცადეთ მსგავსი შედარების გაკეთება. აღსანიშნავია, რომ რიცხვები 100%-იანი სიზუსტის არ იქნება, რადგან გარდაცვალებისა და მიგრაციის მაჩვენებლებს არ გამოვიყენებთ, თუმცა საერთო სურათს ნათლად ასახავს.

ამ ფორმულის გამოყენებისას შედეგი ასეთია:

2023-2024 სასწავლო წლისთვის, საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვები (კანონმდებლობით ეს არის 2 წლიდან სკოლაში მისვლამდე, თუმცა ჩვენ ვიანგარიშებთ 2 წლიდან 5 წლის ჩათვლით ბავშვებს), ძირითადად 2018, 2019, 2020, 2021 წლებში დაბადებულები იქნებოდნენ. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ამ წლებში აღრიცხულია სულ 191 900 ცოცხლად დაბადებული ბავშვი. ჩვენ კი ვიცით, რომ 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისში, საჯარო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებში 141 324 აღსაზრდელი ირიცხებოდა. 

ეს იმას ნიშნავს, რომ 2023-2024 სასწავლო წელს, საჯარო ადრეული და სკოლამდელი განათლების მიღმა დაახლოებით 50 576  ბავშვი დარჩა, რაც დაახლოებით შესაბამისი ასაკის ბავშვების 26,4%-ია.  

  • უთანასწორობა სკოლამდელი განათლების სისტემაში 

ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე უფლება ბავშვებს ორი წლიდან სკოლაში შესვლამდე აქვთ, რის მიწოდებასა და უზრუნველყოფაზეც პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ.

თუმცა ამ პროცესში ცენტრალურ დონეზეც არსებობს შესაბამისი უწყებები, სამინისტროები, მათზე დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ები, სსიპ-ები და ასე შემდეგ, რომლებსაც გარკვეული პასუხისმგებლობები ეკისრებათ ამ პროცესში.

მაგალითად, სხვადასხვა სამინისტრო ვალდებულია შექმნას სახელმწიფოს სტანდარტები სკოლამდელი დაწესებულებებისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ვალდებულია შეაგროვოს მონაცემები ჩართული ბავშვების რაოდენობის შესახებ და ასე შემდეგ.

ანა ჯანელიძე ამბობს, რომ უთანასწორობა, რომელიც ქართულ სკოლამდელ განათლების სისტემაში არსებობს, დიდი გამოწვევაა, როგორც ხელმისაწვდომობის – ბაღების არსებობის, ასევე, ხარისხის კუთხით. 

მაგალითად, საბავშვო ბაღებში მუნიციპალიტეტების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს ბაღის აღმზრდელის ანაზღაურება და ისიც, თუ რა ხარჯს იღებს მუნიციპალიტეტი ერთი ბავშვის გამოკვებაზე, მაშინ როცა სტანდარტითაა განსაზღვრული, თუ რა რაოდენობის ცილებს, ნახშირწყლებს, რა ტიპის ვიტამინებს უნდა იღებდეს ამ საკვებით ბავშვი.

უთანასწორობას ამ სისტემაში ცხადად აჩვენებს ის პრობლემაც, რომ ათასობით ბავშვი ბაღში ვერ დადის, რადგან მუნიციპალიტეტი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ უზრუნველყოფს მათ სკოლამდელ განათლებაში ჩართვას, რადგან ბაღებში ან ადგილი არ არის – დიდი ქალაქების შემთხვევაში, ან საბავშვო ბაღი არ არის – არაერთ სოფელში. 

სკოლამდელი განათლების ექსპერტი, ანა ჯანელიძე

ანა ჯანელიძე ამბობს,  ხშირად ის ბავშვები რჩებიან სკოლამდელი განათლების მიღმა, რომლებისთვისაც ყველაზე მეტად არის საჭირო სკოლამდელი განათლების მიღება:

„ხშირად, ეს ბავშვები არიან სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები, სოფელში მცხოვრები ბავშვები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ასევე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.

ჩართულობის პრობლემები ძალიან მწვავედ დგას საქართველოს ორ რეგიონში, სადაც სომეხი და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა მჭიდროდ დასახლებულია და განსაკუთრებით ქვემო ქართლში, სადაც აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს – აქ, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი მესამედია ბავშვების, ვისაც ხელი მიუწვდება სკოლამდელ განათლებაზე“, – ამბობს ანა ჯანელიძე და დასძენს, რომ სამწუხაროდ, ამ უთანასწორობის შესამცირებლად საქართველოში მიზანმიმართული პოლიტიკა არ არსებობს.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტი ფინანსურად ვერ შეძლებს ყველა სოფლისთვის სტანდარტული სკოლამდელი დაწესებულების აშენებას, აუცილებელია ალტერნატიული ხედვის ქონა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს გამოცდილება, რომლის დანერგვაც ქართულ რეალობაში იქნებოდა შესაძლებელი და ბავშვებს მისცემდა შესაძლებლობას, სკოლამდელი განათლების გარკვეული სარგებელი მაინც მიეღოთ.

ანა ჯანელიძე მაგალითისთვის ნახევარგანაკვეთიან ადრეული განათლების ცენტრებს, მობილური პედაგოგის მომსახურებას და კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით პროექტებს ასახელებს:

„არსებობს ბევრი მოდელი, რომელიც ადგილობრივი თემის, ოჯახის საჭიროებებს შეიძლება მოერგოს ისე, რომ ბავშვმა ეს მნიშვნელოვანი პერიოდი არ გამოიტოვოს და მიიღოს საბაზისო, მინიმალური სკოლამდელი განათლება

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ადრეული განათლების ცენტრები, სადაც 3-4 საათის განმავლობაში არიან ბავშვები. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თავად წაიღონ საკვები ან ერთჯერადი კვება იყოს უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მიერ. 

მსგავსი ცენტრი, მაგალითად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში, შესაბამისი წესების დაცვით, გაცილებით მარტივად შეიძლება მოეწყოს სოფელში, სადაც შეიძლება მხოლოდ 5 ან 10 ბავშვია. იმ 5 ბავშვსაც ზუსტად ისევე ეკუთვნის განათლება, როგორც სხვა ბავშვებს.

სოფელში, სადაც 2 ბავშვია სკოლამდელი ასაკის, შეიძლება ასეთი ტიპის მომსახურებაც უადგილო იყოს და დიდი დანახარჯი ჰქონდეს; ასეთ შემთხვევაში არის მოდელი, რასაც მობილურ მასწავლებელს უწოდებენ. მასწავლებელი, რომელიც, ვთქვათ, კვირაში ერთ-ორჯერ მიდის სოფელში და რამდენიმე საათს ატარებს ბავშვებთან და მშობლებთან ერთად და მშობლებს ასწავლის, როგორ შეიძლება გარკვეული უნარები განუვითარონ ბავშვებს, როგორი თამაში უნდა შესთავაზონ და ასე შემდეგ“, – განმარტავს ანა ჯანელიძე.

მისი თქმით, არსებობს კერძო სექტორთან თანამშრომლობის მოდელიც, როცა მუნიციპალიტეტი კერძო სექტორს გამოუყოფს სივრცეს ან დაუფინანსებს კვებას, სამაგიეროდ კი ბაღმა ადგილობრივებს სერვისი უნდა მიაწოდოს ხელმისაწვდომ ფასად.

ანა ჯანელიძე აქვე განმარტავს, რომ ამ მოდელების დანერგვა საქართველოში ძნელია საკანონმდებლო თვალსაზრისითაც. ექსპერტი ამბობს, რომ კანონში ჩანაწერის თანახმად, საჯარო სკოლამდელი დაწესებულება ცხრა საათის განმავლობაში უნდა მუშაობდეს და ამის შეცვლაზე დიდი ხანია საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებას თითქოს ბევრი მომხრე ჰყავს, მისი მიღება მაინც ვერ მოხერხდა. 

„პოლონეთის მხარდაჭერით დაინერგა ნახევარდღიანი ბაღები საქართველოში, დაახლოებით 18-15 წლის წინ დაიწყო ეს პროცესი და ეს ცენტრები დღემდე არსებობს.

თავიდან ცენტრები პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით იქმნებოდა, მაგრამ იმ პირობით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ერთი-ორი წლის მერე გააგრძელებდა მათ დაფინანსებას. ანუ პირველადი ინვესტიცია, რაც რესურსებს თუ რემონტს სჭირდებოდა, გრანტის ფარგლებში ხორციელდებოდა და შემდეგ უკვე ხელფასს და ყოველდღიური მინიმალური რესურსების დაფინანსებას აგრძელებდა მუნიციპალიტეტი. ბევრ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ეს იყო გამოსავალი.

ვიტყვი, რომ ყველა ცენტრი, რაც დაფუძნდა ამ და სხვადასხვა დონორის მხარდაჭერით, ისევ ფუნქციონირებს. ზოგან მუნიციპალიტეტები აგრძელებენ მხარდაჭერას, ოღონდ ცოტა ჩრდილოვანია თითქოს ეს სერვისი, იმიტომ, რომ კანონში პირდაპირ წერია, რომ საჯარო სკოლამდელი დაწესებულება უნდა მუშაობდეს დღეში მინიმუმ ცხრა საათს“, –  ამბობს ანა ჯანელიძე.  

  • როგორ მოწმდება სწავლების ხარისხის საბავშვო ბაღებში 

კვლევა სათაურით – „ადრეული განვითარება და განათლება საქართველოში“, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2020 წელს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ მაშინაც კი, თუ კი ბავშვი ახერხებს ადრეულ განათლების სისტემაში ჩართვას, სისტემა მას შესაბამის ხარისხს ვერ სთავაზობს:

„სკოლამდელ განათლებაში მონაწილეობას არ აქვს მოსალოდნელი გავლენა ბავშვის განვითარებაზე. კვლევამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ვერ გამოავლინა სკოლამდელ განათლებაში მონაწილეობის მიხედვით“, – ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.

კვლევის თანაავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი ნათია ანდღულაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ეს ქართული ადრეული განათლების დაბალ დონეზე მიუთითებს:

„ბაღის ასაკი არის ბავშვის განვითარებაში საკვანძო. ამ ასაკში აქვს ბავშვს კოგნიტურ განვითარებაში ყველაზე მაღალი ნახტომის გაკეთების შესაძლებლობა და თუ ბავშვს შესაბამის გარემოს შევუქმნით, ეს ეფექტი გაჰყვება სკოლაში – უფრო ადვილად, უფრო ხალისით სწავლობს, უფრო თავისუფლად ურთიერთობს თანატოლებთან და უფროსებთან. მეტიც, კარგი ბაღის ეფექტი ბავშვს მიჰყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

სხვა ქვეყნებში ბევრი კვლევაა ჩატარებული ადრეული განვითარების და სკოლამდელი განათლების ეფექტზე. არის კვლევები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში აკვირდება იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებმაც რომელიმე ადრეული განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

შედეგები აჩვენებს, რომ თანატოლებთან შედარებით, ასეთ ბავშვებში მნიშვნელოვნად მაღალია წარმატების მაჩვენებელი, შემოსავლები, პროდუქტიულობა, ეფექტი ეკონომიკაზე ტრილიონებში იზომება და მნიშვნელოვნად აღემატება ადრეულ განათლებაზე გაწეულ ხარჯებს.

საქართველოში უკვე ბევრი ისეთი კვლევა ჩატარდა, ბაღის ეფექტის შეფასების საშუალებას რომ გვაძლევს. ეს კვლევები საქართველოში 2005 წლიდან მოყოლებული ტარდება. ათასობით ბავშვი იღებს ამ კვლევებში მონაწილეობას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაღში სიარული ბავშვის განვითარებასა და სკოლაში წარმატებაზე გავლენას არ ახდენს. 

ამ შედეგს ერთი ახსნა აქვს: ქართული ბაღი დღეს თავის ფუნქციას სრულად ვერ ასრულებს. იმიტომ, რომ ბაღი მხოლოდ ბავშვისთვის განვითარების მიზნით არ შექმნილა. მისი დანიშნულება ისიცაა, რომ დედას შრომის ბაზარზე დაბრუნების ან შესვლის შესაძლებლობა მისცეს. ეს ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალებს უნდა ჰქონდეთ სწავლისა და პროფესიულად რეალიზების შესაძლებლობა. ბევრი ქალი ოჯახის მარჩენალიცაა. მაგრამ ბაღი, როგორც ჩანს, ბევრს ვერაფერს სასარგებლოს სთავაზობს ბავშვს“, – ამბობს ნათია ანდღულაძე. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი ნათია ანდღულაძე

ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის მონიტორინგი ასევე მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაა. 

ანა ჯანელიძე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად საბავშვო ბაღების ავტორიზაციაც მუნიციპალიტეტებს უნდა განეხორციელებინათ, თუმცა, რადგან ეს წარმატებით ვერ დაინერგა, ავტორიზაციის ფუნქცია გარკვეული დროით „განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს“ მიენიჭა. 

ექსპერტი „ბათუმელებთან“ ბაღებსა და ბაღების გაერთიანებებში კვალიფიკაციის დონეზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ეს ადრეული განათლების ხარისხზე მძიმედ აისახება:

„მთავარი გამოწვევა ალბათ იმ ადამიანების კომპეტენციებია, ვინც ბავშვებთან მუშაობს – აღმზრდელები და  აღმზრდელ-პედაგოგები.

მათი კომპეტენციები ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ საკმაოდ მაღალ მოლოდინებს, რასაც სახელმწიფო აყენებს პროგრამული თვალსაზრისით. არც სახელმწიფოს ჩაუდია მსხვილი ინვესტიციები იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ იმ სტანდარტის და კურიკულუმის მიხედვით მუშაობა, რომელიც მათ შესთავაზა განათლების სამინისტრომ“, – ამბობს ანა ჯანელიძე. 

მისივე თქმით, პროგრესულია, რომ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული შინაარსობრივი პროგრამა არ არის სავალდებულო ხასიათის და სტანდარტის მიხედვით საბავშვო ბაღს აქვს საშუალება, დასაბუთების საფუძველზე, თვითონ აირჩიოს კურიკულუმი, რომელიც შეესაბამება ადგილობრივ თემს, ფილოსოფიას, ღირებულებებს და ა.შ. თუმცა ის კომპეტენცია, რაც საჭიროა სტანდარტის დანერგვისთვის, ადგილზე საკმარისი არ არის. 

მეტიც – ექსპერტი აღნიშნავს, რომ ხშირად არაკომპეტენტური პირები არიან მაკონტროლებლის როლში: 

„სამწუხაროდ, ხშირად მუნიციპალიტეტის ე.წ. ბაგა-ბაღების გაერთიანებებში, სააგენტოებში, რეალურად არ არსებობს კომპეტენტური კადრი, ვისაც შეუძლია სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად გაარკვიოს, პროცესი შეესაბამება თუ არა სტანდარტს. 

ხშირად გვსმენია საბავშვო ბაღების აღმზრდელებისგან, ვისთანაც გვიმუშავია სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რომ მეთოდისტი, რომელიც მოდის გაერთიანებიდან და მონიტორინგს უწევს, იმის საწინააღმდეგოს ეუბნება, რასაც ტრენინგებზე ისმენდნენ. 

ეს დამაზიანებელია სისტემისთვის და მოტივირებული ადამიანებისთვისაც. 

ვთქვათ, 30 პროცენტია აღმზრდელ-პედაგოგების, რომლებიც გადიან ტრენინგებს, უნდათ გამოასწორონ მიდგომები და ამ დროს ეუბნებიან – არა, შენ ეს ასე უნდა გააკეთო. მაგალითად, ძველებურად უნდა ჩაატარო ზეიმი და სამი თვის განმავლობაში ბავშვები ამზადო საახალწლო ზეიმისთვის, ასწავლო ლექსები და მერე მუნიციპალიტეტის მერთან, მერის მოადგილესთან ერთად წარმოადგინონ შენმა ბავშვებმა კონცერტი, ზეიმი თუ ასე შემდეგ.

ეს აბსოლტურ წინააღმდეგობაში მოდის მთელ იმ ღირებულებებთან, რასაც ახალი სტანდარტი გეუბნება – რომ ზეიმისთვის ბავში არ უნდა წვალობდეს და ზეიმი უნდა იყოს ზეიმი.

ადამიანები, რომლებიც საბავშვო ბაღის მასწავლებლებს უნდა ეხმარებოდნენ ხარისხის გაუმჯობესებაში, ხშირ შემთხვევაში ისინი ამას არ აკეთებენ. ბევრ მუნიციპალიტეტში მეთოდისტებს საერთოდ არანაირი გამოცდილება, განათლება შეიძლება არ ჰქონდეთ ამ დარგში.

წარმოიდგინეთ ეს ადამიანები ბაღში – როგორ ექნება ნდობა სისტემის მიმართ აღმზრდელ-პედაგოგს, რომელიც, თქვათ, 15-20 წელია მუშაობს საბავშვო ბაღში და ხედავს, როგორ მოდიან დარგის არასპეციალისტები და თავს უფლებას აძლევენ შენიშვნა მისცენ. დიდი უსამართლობა და უნდობლობაა და ეს ალბათ აისახება კიდევაც მათ მოტივაციაზე და საბოლოო ჯამში იმ ხარისხზე, რასაც ვიღებთ საბავშვო ბაღებში“, – ამბობს ანა ჯანელიძე. 

მისი თქმით, იშვიათია, რომ სკოლამდელი განათლების სპეციალისტი მუშაობდეს საბავშვო ბაღების გაერთიანების ან სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე და ძირითადად ამ პოსტზე დანიშვნა პოლიტიკური, პარტიული საკითხია. 

ანა ჯანელიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას საბავშვო ბაღებში ძველი, დაზიანებული წიგნები წარმოადგენს:

რამდენიმე წლის წინ ჩავატარეთ კვლევა ბათუმის, თბილისის და გორის საბავშვო ბაღებში. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ჯერ ეს ერთი, ძალიან განსხვავებული სიტუაციაა ბაღებს შორის ერთ მუნიციპალიტეტშიც კი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ მუნიციპალიტეტში ერთ ბაღს შეიძლება ჰქონდეს მეტი წიგნი, მეორე ბაღს – ნაკლები. 

ასევე, ხშირ შემთხვევაში ეს არის ძალიან ძველი გამოცემები, მოძველებული, დაფლეთილი, ნაკლები ილუსტრაციებით –  ძალიან რთულია, რომ ასეთი წიგნით ბავშვმა სიამოვნება მიიღოს კითხვის პროცესით.

კვლევის მიხედვით, წიგნების დაახლოებით ნახევარი არ იყო ასაკობრივად შესაბამისი, ანუ ასე ვთქვათ, დიდი ბავშვების წიგნები იყო.  

ამ კუთხით არის დიდი პრობლემა და ბევრი მუნიციპალიტეტი საერთოდ წლების განმავლობაში არ ყიდულობს საბავშვო წიგნებს ბაღისთვის. სათამაშო შეგიძლია ჩაანაცვლო ბევრი რაღაცით, მაგალითად: ბუნებრივი მასალებით, ხელნაკეთი რაღაც შეგიძლია მოამზადო და ასე შემდეგ, მაგრამ წიგნის ჩანაცვლება ძალიან რთულია, წიგნი ვერაფრით ჩანაცვლდება.

ხაზს გავუსვამ – ეს არ ნიშნავს რომ კითხვა უნდა იცოდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვმა, – არავითარ შემთხვევაში ამას არ ვგულისხმობ; კითხვას იწყებს სკოლაში, სწორედ  ექვსი წლის ასაკიდან ხდება ამ უნარების განვითარება, მაგრამ ის წინარე უნარები თუ არ უდევს, მერე კითხვის დაწყება რთულდება და ეს ნაპრალი ხშირ შემთხვევაში იზრდება“ – ამბობს ანა ჯანელიძე. 

  • როგორ შეიძლება ევროპული გამოცდილების გამოყენება 

ანა ჯანელიძეს ვკითხეთ, როგორ შეუძლია საქართველოს ევროპული გამოცდილების გამოყენება ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვაში. ექსპერტი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედებს ე.წ. ბარსელონას სამიზნე ნიშნულები“, – რაც აწესებს მიზნებს, რასაც 2030 წლისთვის უნდა მიაღწიონ ქვეყნებმა ადრეულ განათლებაში ჩართულობის კუთხით. 

„წევრი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, რომ მიაღწიონ გარკვეულ პროცენტულ ჩართულობას. 3-6 წლამდე ბავშვებისთვის ეს არის არის 96%. ჩვენთან ამ დროისთვის ჩართულობის მაჩვენებელი დაახლოებით 76%-ია, ანუ საკმაოდ დიდი ნაპრალი გვაქვს. 

ხოლო ხარისხთან დაკავშირებით არსებობს ჩარჩო დოკუმენტი ევროკავშირის მასშტაბით, რომელიც სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს ყველა ქვეყნისთვის – განსაზღვრულია საბაზისო ხარისის მიმართულებები, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხი.

საქართველოშიც, სანამ გარკვეული პოლიტიკური ტრაექტორიები შეიცვლებოდა, ეს ჩარჩო დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ამოსავალი წეტილი იყო, ყოველთვის ვხელმძღვანელობდით მისით სხვადასხვა დოკუმენტზე თუ პროგრამაზე მუშაობის პროცესში. ათი მიმართულებაა ხარისხის, რომელსაც ეს დოკუმენტი განსაზღვრავს. 

ახლა არ ვიცი რა ხედვა გვაქვს სახელმწიფოში“, – ამბობს ანა ჯანელიძე. 

მისი თქმით, საქართველოს განსაკუთრებით ბევრი რამის სწავლა შეუძლია პოსტსაბჭოთა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან:

„მსგავსი ტიპის სისტემები გვქონდა საბჭოთა წასულიდან გამომდინარე, მაგრამ მათ შეძლეს და ძალიან ბევრი გამოწვევა გადალახეს, რიგ შემთხვევებში სტრუქტურული, ფინანსური მხარდაჭერით ევროკავშირიდან, მაგრამ ასევე საკუთარი ძალიან დიდი ძალისხმევითაც.

ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. იგივე ბილინგვური განათლების კუთხით ესტონეთს აქვს ძალიან კარგი მოდელი და ახლა, როგორც ვიცი, მიმდინარეობს მოლაპარაკება გაეროს ბავშვთა ფონდსა და ესტონეთის მთავრობას შორის, რომ საქართველოში განვითარდეს ბილინგვური განათლება – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ბავშვებმა ქართული ენის სწავლა რომ შეძლონ, ადრეულ ასაკში და მშობლიური ენის შენარჩუნებაც“, – ამბობს ექსპერტი. 

მისი თქმით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში, როგორც ხარისხის, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით, ევროპის რეგიონში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემა საუკეთესოა.

ყველა მიმართულებით რა გამოწვევებიც არსებობს, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ანალოგები და გავითვალისწინოთ მათი განვითარების გზა.

კი არ დავაკოპიროთ, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, რაღაცები განსხვავებულია ჩვენთან, მაგრამ სწავლა ნამდვილად შეგვიძლია“, – ამბობს ანა ჯანელიძე.  

___

ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 735 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 580]
  • ტანკი – 9 449 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 19 304 ერთეული [+48]
  • საარტილერიო სისტემა – 20 830 ერთეული [+24]
  • MLRS – 1 255 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 005 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 616 ერთეული [+64]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 765 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 30 126 ერთეული [+84]
  • სპეცტექნიკა – 3 687 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 773 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 515 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 492 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 631 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 762 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ФСБ-ს დირექტორი დასავლეთს დსთ-ს ქვეყნებიდან მიგრაციის პრობლემის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები  პოსტსაბჭოთა სივრცეში დივერსიული საქმიანობის გაფართოებაში დაადანაშაულა, დივერსიის ხელისშემწყობად კი ტრადიციულად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია გამოაცხადა.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აგრესიული პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების, დიპლომატიური დეპარტამენტების და მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დივერსიული საქმიანობა ფართოდება პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – თქვა ФСБ-ეს დირექტორმა დღეს, 26 ნოემბერს, დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უწყებებისა და სადაზვერვო სამსახურების მეთაურთა მე-20 შეხვედრაზე.

ამ შეხვედრაზე მან კვლავ გაიმეორა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომ საქართველოში დასავლური დაზვერვის ძალისხმევით, ადგილი ჰქონდა მორიგ „ფერადი რევოლუციის განხორციელების“ მცდელობებს.

ბორტნიკოვმა მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების „დასავლეთისთვის ხელსაყრელი“ კენჭისყრის შედეგები შეაფასა, როგორც პირდაპირ დასავლური დაზვერვის სამსახურების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.

დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უწყებებისა და სადაზვერვო სამსახურების მეთაურთა შეხვედრაზე ბორტნიკოვმა საბჭოთა პროპაგანდისთვის დამახასიათებელ ანტიდასავლურ ნარატივებიც გამოიყენა, რომლის მიხედვითაც დასავლური სამყარო, პოსტსაბჭოთა სივრცეში განხეთქილების შემომტანი და კონფლიქტის წამახალისებელი აქტორია; ნატო მდგომარეობის ესკალაციას ახდენს. 

„ნატოს სამხედრო საფრთხე სტაბილურად იზრდება“, – თქვა მან. – „ნატოს ცალკეული ქვეყნები აქტიურად „ასხამენ ნავთს ცეცხლს“ დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე მოწინააღმდეგე მხარეებში იარაღის მიწოდებით“, – განაცხადა ბორტნიკოვმა.

მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს დასავლური სადაზვერვო სამსახურების მზარდი ძალისხმევა „დსთ-ს ქვეყნებში ეროვნული და ქსენოფობიური განწყობების გაღვივების, საერთო ისტორიის დამახინჯებისა და მიგრაციის პრობლემის პოლიტიზების მიზნით“.

უფრო დეტალურად ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისებზე, ქართულენოვანი საბჭოთა პრესის მაგალითებით, შეგიძლიათ წაიკითხოთ IDFI-ის კვლევით სტატიაში.

 

„ყვარყვარეები გვაზიან თავზე“ – რა ნაწარმოებები ამოიღო გამოცდების სასწავლო პროგრამიდან „ოცნებამ“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბას და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები ამოიღო, სადაც ყველაზე აქტიურადაა განხილული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, აჯანყება, ნათლადაა ასახული ქართველი ერის იდენტობა და მისი ბრძოლა თავისუფლებისთვის.

ამოღებული ნაწარმოებების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: ილიას „ბედნიერი ერი“, „ჩემო კალამო“, „განდეგილი“, „აჩრდილი“, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ და სხვა.

„ძალიან თავხედურად და უტიფრად, პირველი ცვლილება უკვე განხორციელებულია“ – ამბობს სოფო გოგოხია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი პედაგოგი, რომელსაც „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა.

როდის გადაწყდა ამ ნაწარმოებების ამოღება ეროვნული გამოცდების პროგრამიდან და რაზე მეტყველებს ამ ნაწარმოებების ამოღება, როგორ შეიძლება აისახოს ის მომავალი თაობის ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე? – ვკითხეთ მასწავლებელს.

მისი თქმით, აღნიშნული ნაწარმოებების ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოღების შესახებ დღეს, 26 ნოემბერს გახდა მისთვის ცნობილი.

„რამდენიმე ადამიანმა დაპოსტა დღეს ფეისბუქში ამის შესახებ, შემდეგ შევედი ეროვნული გამოცდების გვერდზე და ვნახე ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილი პროგრამა.

როდის გადაწყდა? – ცხადია ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან დარწმუნებული ვარ, ჯერ რუსული კანონის მიღებით და ახლა კიდევ არჩევნების მიტაცებით წაქეზებული გადაწყვეტილებაა.

ბოლო 250 წელი რითაც გვებრძოდა ჯერ მეფის რუსეთი და შემდეგ საბჭოთა რუსეთი, ესეც იგივე მეთოდებია. ზუსტად ამის გვეშინოდა, როცა ვამბობდით, რომ განათლება საფრთხეშია. ამიტომ არ გვინდოდა ეს რუსული კანონები, ამიტომ უნდა მოეგო არჩევნები პროდასავლურ ძალებს და ეს არის ამ ყველაფრის შედეგი. წარმოიდგინეთ, აწი რა გველოდება“ – ამბობს სოფო გოგოხია.

მისი აზრით, ეს არის მიზანმიმართული ქმედება.

„გასული საუკუნის 20-30-იანი წლებიდან, ერთი ერთზე, ზუსტად, კოპირებულად იმეორებენ ყველაფერს.

დასანანი ის არის, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ ესენი გააკეთებდნენ ამას, მაგრამ იმ ადამიანების სიჩუმე, ვინც ამ ყველაფერზე წამოეგნენ და არ აპროტესტებენ, ვინც ჩუმად არის, მათი ქმედება, უფრო შემზარავია.

ესენი ამისთვის მოვიდნენ, 2012 წელი იყო ამისთვის. ჩუმად, შემოტყუებით, თეატრების რემონტებით და ვითომ ეკლესიების შენებით მოვიდა რუსეთი, რუსული ცნობიერება, რუსული აზროვნება, ყველაფერი რუსული და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი რუსიფიკაციის გზაზე.

ეს არის წვეთი და ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ გზადაგზა ასეთი შემზარავი ცვლილება განახორციელონ“ – ამბობს სოფო გოგოხია.

მისი თქმით, ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოღებული ყველა ტექსტი მნიშვნელოვანია თავისი ღირებულებით, თუმცა განსაკუთრებით მტკივნეულია ილიას ტექსტების ამოღება.

„ძალიან ნიშანდობლივია ასევე კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის ამოღება. „ბახტრიონი“ მე-19 საუკუნეში დაიწერა, ზუსტად იმისთვის, ერს დაეჯერებინა, რომ გამარჯვება შეუძლია, ამ რწმენით შეიქმნა ეს ტექსტი, იმისთვის, რომ ბრძოლის გაგრძელების მოტივაცია ჰქონოდა ქართველს და ზუსტად ეს ტექსტია ამოღებული.

„ყვარყვარე თუთაბერია“ საერთოდ ამოღებული, რადგან ეს ყვარყვარეები, რომლებიც თავზე გვაზიან, არც ვიცოდეთ, რომ ყვარყვარეები არიან, რომ თაობებმა ვერც აღიქვან მათი ყვარყვარეობა. ჯერ ნაწარმოებს ამოიღებენ, მერე ფილმს აკრძალავენ და ყველაფერს დააცენზურებენ ნელ-ნელა.

რიგში ალბათ „ჯაყოს ხიზნებია“, მაგრამ ადამიანებს, რომელთაც შეთქმულების თეორიების სჯერათ, ალბათ ადვილად დააჯერებენ და ბოლოს ალბათ თალაკვაძის ლექსები გველოდება“ – ამბობს სოფო გოგოხია.

მას ვკითხეთ, ამ ნაწარმოებების ამოღება ეროვნული გამოცდების პროგრამიდან როგორ შეიძლება აისახოს ეროვნულ სასწავლო პროგრამაზე და რა ტიპის გავლენას მოახდენს ეს სასკოლო პროგრამაზე?

პედაგოგის თქმით, სასკოლო პროგრამიდან ეს ნაწარმოებები ამოღებული არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი სწორედ იმ ნაწარმოებებს და პროგრამას ანიჭებს უპირატესობას, რაც ეროვნული გამოცდების პროგრამაში შესული, ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს მოსწავლეების მოტივაციაზე.

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ სკოლაში ბოლო სამი წელი მოსწავლეები ძირითადად იმაზე აკეთებენ აქცენტს, რასაც აბარებენ ეროვნულ გამოცდაზე და რეპეტიტორებთანაც ამ ტექსტებზეა აქცენტი.

ამიტომ, ყველა შემთხვევაში, ძალიან ვერაგული და საშიშია, რადგან აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდებს აბარებენ და რამდენიმე თვეში ამომრჩევლები ხდებიან, რას ვეუბნებით, რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი არ არის საჭირო?!“ – ამბობს მასწავლებელი.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი გაგრძელებაა იმის, რაც „ქართული ოცნების“ უკვე ანტიკონსტიტუციურმა ხელისუფლებამ ჩაიდინა:

„გავრილოვის დასმა პარლამენტში, რუსული კანონი, მიტაცებული არჩევნები – ამ ყველაფრის გაგრძელებაა ესეც, გადაჯაჭვულია ყველაფერი.

ეს ყველაფერი კრემლში დაგეგმილი, კარგად განხორციელებული რუსული პროექტია. „გრაფი მონე კრისტოს“ იმიჯით, ვიღაც იდუმალი ადამიანი, რომელიც „ბევრ სიკეთეს აკეთებს“, მერე უცებ იხსნის ნიღაბს, მაგრამ ჩვენ არც უნიღბობის დროს გვეშველა არაფერი და არც ნიღაბმოხსნილი ჯაყოს გვეშინია.

ძალიან თავხედურად და უტიფრად, პირველი ცვლილება უკვე განხორციელებულია“ – ამბობს სოფო გოგოხია.

დღეს, 26 ნოემბერს, ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებით გამოეხმაურა  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და საუბარია ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამაზე:

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში“ – წერს სამინისტრო.

სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ წესრიგს – სახალხო დამცველის თანამშრომლები 

„ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას ხელს აწერს 37 ადამიანი.

„ჩვენ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების და მიზნების ერთგულნი. როგორც საჯარო მოხელეები, სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ფიცის დადების მომენტიდან, ვხელმძღვანელობთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

ჩვენი ერთადერთი მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვაზე დროული, სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საჯაროდ გამოვხატოთ პოზიცია პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველის დასწრების და პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ცნობის კონსტიტუციურობის საკითხზე.

საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დაუშვებლად მიიჩნევს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას, თუ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის მიერ (რომლებიც სახალხო დამცველთან ერთად, წარმოადგენენ სპეციალურ სუბიექტებს არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნებისთვის), საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერების საკითხი, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ შემჭიდროებულ ვადებში (30 დღე) უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

25 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულებელყოფით მოხდა საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სასამართლოს.

ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას.

აღსანიშნავია, რომ აპარატის თანამშრომლები მუდმივად ვცდილობთ აღნიშნულ და სხვა პრობლემებზე სასაუბროდ და მოსაგვარებლად შიდა რესურსების გამოყენებას.

ვინაიდან, საკითხები საჯარო ინტერესის მქონე თემებს ეხება, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, ჩვენი პოზიციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, რომელთა წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულები, როგორც საჯარო მოსამსახურეები.

ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს ინსტიტუტის რეპუტაციაზე, რომელსაც წლების მანძილზე აქ დასაქმებული მოხელეები ვქმნიდით და არა მხოლოდ გარკვეული ვადით არჩეული სახალხო დამცველები.

მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ აქ დასაქმებული პროფესიონალების პოზიცია არის პრინციპული არამხოლოდ ამ საკითხის, არამედ სხვა საკითხების მიმართაც და საქმიანობის პრიორიტეტები, ხედვა თუ რწმენა ადამიანის უფლებებისადმი არ შეცვლილა“, – წერია განცხადებაში, რომელიც დღეს, 26 ნოემბერს გავრცელდა.

განცხადებაზე ხელმომწერები:

  1. ანი სალდაძე
  2. ეკა მამრიკიშვილი
  3. ელენე ჩავლეშვილი
  4. ევა ფაჯიშვილი
  5. გიორგი კვირიკაშვილი
  6. გიორგი ტყებუჩავა
  7. გიორგი მელიქიძე
  8. გიორგი ქაჯაია
  9. გიორგი ჩარკვიანი
  10. გიორგი ძაძუა
  11. გვანცა ხარატიშვილი
  12. ლარა ჯამარაული
  13. ლიკა ბაციკაძე
  14. ლიკა ღვინჯილია
  15. ლევან პაპავა
  16. მაკო არაბული
  17. მარიამ თავდგირიძე
  18. მარიამ მახარაძე
  19. მარიამ მოსეშვილი
  20. მერაბ დობორჯგინიძე
  21. ნათია გორგილაძე
  22. ნათია ფიცხელაური
  23. ნათია საღრიშვილი
  24. ნინო ათაბეგაშვილი
  25. ნინო ბერიშვილი
  26. ნინო ლეჟავა
  27. ნინო შალამბერიძე
  28. ნინო სულამანიძე
  29. ნინო ვალიკოვი
  30. სოფო რუსეცკი
  31. თამარ გუგუტიშვილი
  32. თამარ ოგანოვა
  33. თამარ ხოხობაშვილი
  34. თამთა პაპუაშვილი
  35. თამუნა აბაზაძე
  36. თინათინ თინიკაშვილი
  37. ქეთი ხვედელიანი

„ოცნებას მარტო ვტოვებთ ნაქურდალ მანდატებთან ერთად” – კოალიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში სიას ხსნის

„ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ აჭარის უმაღლეს საბჭოში საარჩევნო სიას ხსნის.

კოალიციის წევრებმა დღეს, 26 ნოემბერს, ბრიფინგი გამართეს, სადაც სიების ჩახსნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს.

„კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება სიების ჩახსნათან დაკავშირებით. ეს ეხება არამარტო საქართველოს პარლამენტს, ასევე ეხება აჭარის უმაღლეს საბჭოსაც. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ჩვენი კოალიცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თქვა, რომ ამ თამაშში და დიდ ქურდობაში მონაწილეობას არ მიიღებდა. არ მივცემდით ლეგიტიმაციას „ქართულ ოცნებას“.

ჩვენ ვტოვებთ „ოცნებას“ მარტო თავის ნაქურდალ მანდატებთან ერთად,“ – თქვა გენო თებიძემ, კოალიციის წევრმა.

გენო თებიძე კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო და აჭარის უმაღლეს საბჭოში მოხვდა, თუმცა მანდატზე უარი თქვა. დღეს, როცა ახლადარჩეული აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა კონსტიტუციის დარღვევით იმართებოდა, გენო თებიძე უმაღლესი საბჭოს შენობის გარეთ იდგა და ამ სხდომის გამართვას აპროტესტებდა.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 სადეპუტატო მანდატიდან 13 მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო 8 მანდატი მიიღეს ოპოზიციურმა პარტიებმა. კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 1 მანდატი; ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 4 მანდატი; „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 1 მანდატი; „გახარია საქართველოსთვის“ – 2 მანდატი.

ოპოზიციური პარტიები არ სცნობენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, თვლიან, რომ ხმები მოპარულია, არჩევნები გაყალბებულია, ამიტომ არ აპირებენ მანდატების მიღებას.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები საქართველოს პრეზიდენტს გასაჩივრებული აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

კონსტიტუციონალისტების განმარტებით, საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

ამავე თემაზე:

აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ მუშაობა დაიწყო

აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ მუშაობა დაიწყო

დღეს, 26 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა. სხდომაზე სცნეს უსკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება.

26 ნოემბერს გამართულ უმაღლესი საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ოპოზიციური პარტია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები სხდომათა დარბაზში მარტო იყვნენ. ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, თვლიან, რომ ხმები მოპარულია, არჩევნები გაყალბებულია, ამიტომ არ აპირებენ მანდატების მიღებას.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 21 სადეპუტატო მანდატიდან 13 მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო 8 მანდატი მიიღეს ოპოზიციურმა პარტიებმა. კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 1 მანდატი; ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 4 მანდატი; „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 1 მანდატი; „გახარია საქართველოსთვის“ – 2 მანდატი.

დღეიდან აჭარას ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭო ჰყავს, ანტიკონსტიტუციური პარლამენტის მსგავსად.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები საქართველოს პრეზიდენტს გასაჩივრებული აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 72-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში.

კონსტიტუციონალისტების განმარტებით, საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

26 ნოემბრის სხდომაზე აჭარის ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ 13-მა დეპუტატმა  დავით გაბაიძე აირჩია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ – რამაზ ჯინჭარაძე.

დღესვე ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ ისინი არ მისცემენ ლეგიტიმაციას “ქართულ ოცნებას”, არ აღიარებენ მიტაცებულ არჩევნებს და არ შევლენ აჭარის უმაღლეს საბჭოში.

 

აშშ-მ დაადასტურა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ით დარტყმის უფლება მისცა

აშშ-მ საჯაროდ დაადასტურა, რომ შეამსუბუქა შეზღუდვები უკრაინისთვის აშშ-ის მიერ მიწოდებული შორი დისტანციის ბალისტიკური ტაქტიკური რაკეტების, ATACMS-ის გამოყენების შესახებ.

ATACMS-ი არის შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტა, რომლებსაც „ჰაიმარსი“ და M270 MLRS სისტემები ისვრის.

ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა 25 ნოემბერს.

კირბის თქმით, აშშ-მ უკრაინულ მხარეს დართო რაკეტების კონკრეტული ტიპის სამიზნეებზე დარტყმის უფლება რუსეთის ტერიტორიაზე.

„ახლა მათ შეუძლიათ გამოიყენონ ATACMS-ი თავდაცვისთვის საგანგებო შემთხვევაში და ახლა, გასაგები მიზეზების გამო, ეს ხდება კურსკში,“ – განაცხადა კირბიმ.

გასულ კვირას უკრაინამ შეუტია ბრიანსკის რეგიონს ამერიკული წარმოების ATACMS-ის ექვსი რაკეტით, ხოლო შემდეგ გამოიყენა ბრიტანული რაკეტა Storm Shadow და ამერიკული HIMARS სისტემები კურსკის რეგიონში სამიზნეებზე დასარტყმელად.

პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ შეერთებული შტატების და ნატოს მოკავშირეების ნებართვის საპასუხოდ [უკრაინამ გამოიყენოს ამ ქვეყნებში წარმოებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის], მოსკოვმა დაარტყა დნეპრის სარაკეტო ქარხანას არაბირთვული ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტით.

___________

ფოტო: ვიკიპედია

რა გზებზეა სავალდებულო ზამთრის საბურავები პირველი დეკემბრიდან

შს სამინისტროს ცნობით, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა

ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

შსს-ს ინფორმაციით, ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.
  • საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: – არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); – არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3).
  • საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი.
  • საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა.
  • ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული და გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.

შს-ს ცნობით, თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა. ხოლო თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის შესახებ, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით:

სქრინი დანართიდან
სქრინი დანართიდან
სქრინი დანართიდან
სქრინი დანართიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ნოემბრის 21 საათიდან 27 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვა, მაღალ მთაში –  ნისლი და ზოგან ძლიერი ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 28 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – ზოგან ძლიერი თოვა. 29 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 733 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 480]
  • ტანკი – 9 435 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 19 256 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 20 806 ერთეული [+19]
  • MLRS – 1 254 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 004 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 552 ერთეული [+72]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 765 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 30 042 ერთეული [+94]
  • სპეცტექნიკა – 3 683 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 719 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 508 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 492 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 562 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 739 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აშშ-მ დაადასტურა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ით დარტყმის უფლება მისცა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„შეგუების დრო არ არის“ – ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია იგეგმება

ბათუმში ხვალ, 26 ნოემბერს, ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო პირველ სხდომას გამართავს. სამოქალაქო ჯგუფები ბათუმში აქციას აანონსებენ.

„უმაღლესი საარჩევნო კომისიის „შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე“, აჭარის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება.

მოგიწოდებთ, 11 საათიდან შევიკრიბოთ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოსთან და ჩვენი ხმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც არალეგიტიმური არჩევნების შედეგების საფუძველზე, დაიკავებენ ადგილებს საბჭოში, რომელიც არა “ქართული ოცნების”, არამედ აჭარის მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს!

შეგუების დრო არ არის!

გელით ხვალ, 11 საათიდან უმაღლესი საბჭოს შენობასთან! საქართველოსთვის, დემოკრატიისთვის, ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა გრძელდება!“ – წერია ქარდში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა.

დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო. კონსტიტუციონალისტების განმარტებით, ეს პროცედურაც და გადაწყვეტილებაც არაკონსტიტუციურია. შესაბამისად, არაკონსტიტუციურია პარლამენტიც.

საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ, მალე დადგება არჩევნების დრო – პრეზიდენტი

დღეს, 25 ნოემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ საქართველოში.

„მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა. და უნდა ყველას გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე თავზე კონსტიტუცია.

ძალიან მეცოდებიან.

მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი, როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდებიან ყველა ის პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი. რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამოდენიმე თვით, თუ რამოდენიმე კვირით, არ ვიცი, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ, არც ერთს, არანაირი უფლება არ გააჩნიათ.

მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც ჩვენ დღეს ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო კადრი, ერთიმეორის მისალმების თუ დაჩოქების.

სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს.

არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელში არის და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ ძალიან მალე, ძალიან სწრაფად, ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის.

თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ის ძველი დრო ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის.

ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის, რომ ყოველ დღე მაინცდამაინც ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობა არის მომზადება და თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ნამდვილად მზად არ არიან, რომ მიატოვონ საქართველო და იმის, რომ მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად.

და მე, როცა გადავწყვეტ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე ყოველჯერ, გეტყვით წინასწარ, გეტყვით რისთვის მივდივარ, გეტყვით ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები.

მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“ – განაცხადა პრეზიდენტმა. დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო.

კონსტიტუციონალისტების განმარტებით, ეს პროცედურაც და გადაწყვეტილებაც არაკონსტიტუციურია. შესაბამისად, არაკონსტიტუციურია პარლამენტიც.

დღევანდელ დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „შავი ორშაბათი“ უწოდა.

„ფეხქვეშ გაითელა კონსტიტუცია“ – ომბუდსმენის თანამშრომლები პარლამენტის შეკრებასა და იქ იოსელიანის მისვლაზე

დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ ანტიკონსტიტუციური პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად ბარიერი გადალახა, რადგან როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ასევე ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ არჩევნების დროს, სხვა მძიმე დარღვევებთან ერთად, დაირღვა ამომრჩევლის ორი ძირითადი უფლება – ფარულობა და საყოველთაობა.

არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ასევე, 34 ოპოზიციონერი დეპუტატი. ამ სარჩელებით გასაჩივრებულია პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.

სწორედ ამიტომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული სხდომა არალეგიტიმურად, თვითგამოცხადებული პარლამენტი კი ანტიკონსტიტუციურად.

ანტიკონსტიტუციურ პარლამენტის სხდომას ესწრებოდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც.

დღევანდელ სხდომას გამოეხმაურნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და არაკონსტიტუციური პარლამენტის სხდომაზე ომბუდსმენის დასწრებაც გააკრიტიკეს.

„ყველა, ვინც დღეს ამ პროცესში იღებს მონაწილეობას, არღვევს კონსტიტუციას. ძალიან სამწუხაროა, სახალხო დამცველის, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, ამ პროცესში ხილვა.

საქართველოს მომავალი არის ევროპაში და არა მონობაში და კონფორმიზმში“ – წერს მაკო არაბული, რომელიც როგორც სახალხო დამცველის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, აპარატის თანამშრომელია.

მაკო არაბულის პოსტს გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატის მეორე თანამშრომელი მარიამ მოსეშვილიც.

„ასეთი თანამშრომლების და ღირებულებების გამო შევიყვარე ეს ინსტიტუტი 8 წლის წინ. ეტყობა ყველაფერში 8 წლის თავზე უწევს იმედების გაცრუების პიკი და დამშვიდობებაზე ფიქრი“, – წერს ფეისბუქში მარიამი.

ომბუდსმენის აპარატის მესამე თანამშრომელი, რომელმაც ასევე ღიად გამოხატა კრიტიკა დღევანდელი სხდომის მიმართ, გიორგი ტყებუჩავაა.

„საქართველოს კონსტიტუციის დაცვა და პატივისცემა, ამა თუ იმ პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, ყოველი მოქალაქის, განსაკუთრებით საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირების ვალდებულებაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარლამენტის დეპუტატების მანდატების კანონიერების საკითხის განხილვის პროცესში, პარლამენტი ვალდებულია დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არა მხოლოდ ინსტიტუტების პატივისცემის ფორმალური ჟესტია, არამედ კონსტიტუციური წესრიგის დაცვის სამართლებრივი ვალდებულებაა.

ფეხქვეშ გაითელა კონსტიტუციაც, სასამართლოც და თავმოყვარეობაც!“ – წერს გიორგი ტყებუჩავა.

___

დღეს, ანტიკონსტიტუციური პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. რკინის ჯებირით ჩარაზულ პარლამენტის შენობას მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად ფეხები, მუშტები და კვერცხები დაუშინეს.

მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომელიც არ აღიარებს 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, აცხადებს, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსული სპეცოპერაციის შედეგად მიიტაცეს ხელისუფლება, არ შეეგუებიან არალეგიტიმურ ხელისუფლებას და იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები გამოცხადდეს.

ანტიკონსტიტუციური პარლამენტის სხდომას არც მეგობარი სახელმწიფოების დიპლომატიური კორპუსი დასწრებია.

არჩევნების შედეგები არ უღიარებიათ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებსაც.

__________

მთავარ ფოტოზე: სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ანტიკონსტიტუციური პარლამენტის სხდომაზე

„შავი ორშაბათი საქართველოში“ – სალომე ზურაბიშვილი

„შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარებს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების მონები“ კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და მასხრად იგდებენ ჩვენს პარლამენტს“ – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც მხოლოდ „ოცნება“ ესწრებოდა.

დღეს, 25 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო.

კონსტიტუციონალისტების განმარტებით, ეს პროცედურაც და გადაწყვეტილებაც არაკონსტიტუციურია. შესაბამისად, არაკონსტიტუციურია პარლამენტიც.

კონსტიტუციონალისტების განმარტებით, იქამდე, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სარჩელზე, პარლამენტის შეკრება და დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციოში 20 ნოემბერს დარეგისტრირდა, თუმცა გამწესრიგებელი სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.

დღეს, 25 ნოემბერს, სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათენა, ნაწილი კი დილით მივიდა. პროტესტს უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდანაც.

პროტესტი თბილისში პარლამენტის პირველი სხდომის ფონზე | ფოტორეპორტაჟი

დღეს, 25 ნოემბერს, დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტთან. აქცია, რომელზეც მოქალაქეები და ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ, გუშინ, 24 ნოემბერს, საღამოს დაიწყო.

„ქართული ოცნება“ გეგმავს საქართველოს მე-11 პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დასრულებამდე დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა კანონდარღვევა იქნება და მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობა ვერაფრით გამართლდება.

ნახეთ ფოტოები 25 ნოემბრის აქციიდან:

საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი
საპროტესტო აქცია თბილისში – 25 ნოემბერი, 2024 წელი.
ფოტო: ნეტგაზეთი

„პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია“ – განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია.

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს.

კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, დადგენილების პროექტში, ასახავს არჩეული დეპუტატების სახელებს უფლებამოსილების ცნობის მიზნით. დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

ახალი პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის (100 წევრი) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. თუ დადგინდა, რომ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკანონმდებლო ორგანომ, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“- აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“.

„2024 წლის 25 ნოემბერს მმართველი პარტიის წევრები საკანონმდებლო ორგანოში იკრიბებიან ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობა და შესაბამისად 150 წევრის არჩევის კანონიერება. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი.

ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის (100 წევრის) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

უნდა აღნიშნოს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული პარლამენტის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლისა და ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო სასამართლოებში ასეულობით სარჩელი წარადგინეს ცალკეულ უბნებსა და ოლქებში არჩევნების შედეგების ბათილობის მოთხოვნით.

არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოსახლეობაში დიდი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. არჩევნების შედეგი არ ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოში სპეციალურ მისიას გამოაგზავნის, რომელიც საარჩევნო დარღვევებს შეისწავლის. საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია წარდგენილი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს არჩევნების ფარულობის დარღვევისა და საყოველთაო, თავისუფალი არჩევნების უფლების დარღვევის გამო. საქართველოს პრეზიდენტს არ მოუწვევია იმ პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმურობაც და შესაბამისად, მისი წევრების არჩევის კანონიერებაც საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი უნდა გახდეს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, 25 ნოემბერს დაანონსებული ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და მის მიერ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა“- აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, შეწყვიტოს სხდომა და არ ცნოს ახალი პარლამენტის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები მინისტრებად წარადგინეს

დღეს, 25 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრობის კანდიდატები წარადგინა.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.

მინისტრობის კანდიდატები ყოფილი დეპუტატები არიან, რომლებიც „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდნენ პარლამენტში.

იუსტიციის მინისტრის პოსტზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი წარადგინეს, რომელიც ბოლო წლებია ანტიევროპული რიტორიკით გამოირჩევა. ის ასევე მომხრე და ხელმომწერია რუსული კანონის, რომლის განხილვის დროს ის ოპოზიციონერ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში ყველაზე აქტიურად უშლიდა ხელს, მიკროფონს უთიშავდა, თუ კითხვის შინაარსი არ მოეწონებოდა და დარბაზიდან აძევებდა მათ.

ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა ოხანაშვილი ხელს უშლიდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც რუსული კანონის განხილვაში მონაწილეობასა და აზრის გამოხატვაში.

ანრი ოხანაშვილისთვის ბიძინა ივანიშვილი მეცენატია და არა ოლიგარქი, როგორც ამას ევროპარლამენტარები მიიჩნევენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილს მაკა ბოჭორიშვილი შეცვლის. ბოჭორიშვილიც მე-10 მოწვევის პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო, თუმცა ბოლო წლებში ისიც ანტიევროპული რიტორიკით გამოირჩეოდა.

მაკა ბოჭორიშვილიც რუსული კანონისა და ცენზურის კანონის მხარდამჭერი დეპუტატია.

მინისტრობის მესამე კანდიდატი დავით სონღულაშვილია. ის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე წარადგინეს.

სონღულაშვილიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტში.

ის კანონპროექტის ინიციატორი იყო, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენისა და უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში უნდა მოქცეულიყო, თუმცა ამ კანონპროექტმაც ბევრი კრიტიკა გამოიწვია.

სონღულაშვილი ამბობდა, რომ დეკემბერში მაუწყებლის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებზე ევროპის საბჭოსგან მიღებული რეკომენდაციები არ გამოადგათ, რადგან ევროკომისიამ, მათი გათვალისწინების მიუხედავად, რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩაუთვალა.

მინისტრობის კანდიდატები იმ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აღიარებს.

ახალი არჩევნების მოთხოვნით ათ დღეზე მეტია ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 26 ოქტომბრის არჩევნები არც საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებს უღიარებიათ.

საპროტესტო აქციები კი ქვეყანაში არ წყდება.

პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმურობასაც არც ოპოზიცია, არც პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორი არ აღიარებს, დღეს, 25 ნოემბერს, პროტესტის ფონზე გაიხსნა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 732 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 610]
  • ტანკი – 9 429 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 19 236 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 20 787 ერთეული [+22]
  • MLRS – 1 254 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 004 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 480 ერთეული [+114]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 764 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 29 948 ერთეული [+84]
  • სპეცტექნიკა – 3 681 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 648 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 501 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 492 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 502 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 718 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„დაიბრუნე ხმა“ – თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისში მომიტინგეების ნაწილმა 25 ნოემბრის ღამე რუსთაველზე გაათენა.

დღეს, 25 ნოემბერს, დაგეგმილია XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

აქცია რუსთაველის გამზირზე 24 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

პოლიციას ბლოკირებული აქვს ის ქუჩები, საიდანაც დეპუტატებს პარლამენტში უნდა შევიდნენ.

თავისუფლების მოედანზე პოლიციას მობილიზებული აქვს სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა. პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი ზონაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ონლაინმედიებს შესვლა და პარლამენტის საქმიანობის გაშუქება ეკრძალებათ.

დღეს, დილის 9 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილია აქცია „დაიბრუნე ხმა“. აქციის ინიციატორები სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.

წარწერა კარავზე პარლამენტის წინ. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ნინა ბაიდაური

არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. „ქართული ოცნება“ არ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დღეს, 25 ნოემბერს, დანიშნა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა. მათ თქვეს, რომ ამავე სხდომაზე გაიმართება პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა, აირჩევენ თავმჯდომარეს,  მოადგილეებსა და კომიტეტის თავმჯდომარეებს.

კონსტიტუციონალისტების თქმით, ახალარჩეულ პარლამენტს უფლება არ აქვს ცნოს საკუთარი უფლებამოსილება მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს.

____________

ფოტო: ნინა ბაიდაური/ნეტგაზეთი

პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ და პროტესტის ნიშნად ღამეს საკანონმდებლო ორგანოს წინ ათევენ.

დღეს, 25 ნოემბერს, „ქართული ოცნება“ გეგმავს საქართველოს მე-11 პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას და საკუთარი უფლებამოსილების ცნობას.

პარლამენტის ლეგიტიმაციას ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ. შესაბამისად, 25 ნოემბერს შეკრებილი პარლამენტი ერთპარტიული იქნება.

პარლამენტის წინ გაშლილია კარვები, მოწყობილია სცენა, საიდანაც საპროტესტო აქციაზე მისულ ხალხს გამომსვლელები სიტყვით მიმართავენ.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, 9 აპრილისა (ყოფილი ჩიტაძის) და ჭიჭინაძის ქუჩებზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციის კორდონის წინ
ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

საქართველოს პარლამენტის განცხადებით,  25 ნოემბერს, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე და  ვიზიტორებს შესვლა შეეზღუდებათ.

პარლამენტის სხდომაზე არაა მიწვეული არც ერთი ქვეყნის ელჩი. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც  დიპლომატიური კორპუსი ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიიწვიეს. მაგალთისთვის, 2020 წელს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც მაშინაც საპროტესტო აქციის პარალელურად გაიმართა, 26 ქვეყნისა და 5 საერთაშორისო ორგანიზაციის დიპლომატიური წარმომადგენლობები ესწრებოდნენ.

პოლიციას სრულად აქვს დაკავებული 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) ქუჩა პარლამენტთან
ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი
საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ
ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:

  • 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებულად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია.
  • 4 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და მანდატები მიიღეს, ამბობს, რომ არ შევა პარლამენტში და არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას.
  • არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 34-მა დეპუტატმა.
  • კონსტიტუციონალისტების განცხადებით, სანამ სასამართლო სარჩელს არ განიხილავს, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

 

„1121 წელს ქართველ მებრძოლებში შეიძლება არ იყო გამარჯვების იმედი, თუმცა იბრძოდნენ სამშობლოსთვის“ – სტუდენტები

დღეს, 24 ნოემბერს, დილიდან იმართება საპროტესტო აქციები თბილისში. მოქალაქეები ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, დეოლიგარქიზაციას, გასულ საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას…. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ  რუსულ, ეგრეთ წოდებულ ოჯახური სიწმინდის კანონსაც.

აქციას უერთდებიან მოქალაქეები რეგიონებიდან. მათი ნაწილი უკვე თბილისშია.

თსუ-ს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართეს.

„… დიდი ხანი ვიფიქრეთ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თუ რაზე გველაპარაკა. ჯერ ვიფიქრეთ, გვეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპა, თუმცა აქ ყველას იდეალურად აქვს გააზრებული, როგორ გვჭირდება ევროპა. მერე ვიქრეთ გველაპარაკა, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი ჩვენთვის, მაგრამ აქ ყველას იდეალურად აქვს გააზრებული, რას წარმოადგენს ჩვენთვის ეს ოკუპანტი ქვეყანა.

ამიტომ, გადავწყვიტეთ მივმართოთ მათ, ვინც დღეს აქციაზე არ დგას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრში დღეს, შეიძლება იყოს უიმედობა, გულგატეხილობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამას დიდი გავლენა აქვს და ამიტომაც ხალხი არ გამოდის. თუმცა გვინდა ყველას მოვუწოდოთ და ვუთხრათ, რომ 1121 წელს ქართველ მებრძოლებს, ჩვენ ვაჟკაცებს… ბევრში შეიძლება არ იყო იმედი გამარჯვების.

1921 წელს ბევრში შეიძლება არ იყო იმედი.

9 აპრილსაც ბევრში შეიძლება არ იყო იმედი, თუმცა ამის მიუხედავად ისინი იდგნენ იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ბრძოლის ველზე, გარეთ და იბრძოდნენ ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის. იბრძოდნენ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვყოფილიყავით თავისუფალი სამშობლოს, თავისუფალი საქართველოს შვილები და ჩვენ დღეს ვართ თავისუფალი საქართველოს შვილები.

მეგობრებო, გარეთ უნდა გამოვიდეთ. უიმედობის მიუხედავად უნდა ვიდგეთ, იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად საქართველო იქნება თავისუფალი, ევროპული და ჩამოყალიბებული სახელმწიფო“, – ასე მიმართა მოქალაქეებს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა, ლუკა თეთრაძემ.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ უსამართლოდ დაკავებულები: გიორგი [ოკმელაშვილი], ომარ [ოკრიბელაშვილი], საბა [მეფარიშვილი], მათე [დევიძე], ისაკო [დევიძე] გაათავისუფლონ. ისინი არიან ჩვენი თანამებრძოლები, ღამე გაათიეს ჩვენთან ერთად და იყვნენ ჩვენს გვერდზე.

ასევე, ბათუმის სტუდენტებმა მთხოვეს გადმომეცა თქვენთვის, რომ ისინი ახლა არიან გზაში და შემოგვიერთდებიან მალე. პირველი დეკემბრიდან ძალაში შედის ის კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართულ განათლებას და აკადემიურ თავისუფლებას. ამიტომაც, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავემორჩილოთ ამ ცენზურის კანონს.

მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, შეასრულონ თავიანთი დანაპირები და არავითარ შემთხვევაში არ შევიდნენ პარლამენტში. როგორც ეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა – პარლამენტში შესვლა არის რუსეთში შესვლა.

ხვალ ყველანი ვაცდენთ ლექციებს. ყველანი აუცილებლად ვდგავართ პარლამენტის უკან 9 საათიდან. შსს-ს რუსულიდან გადმომღერებული მუქარა ჩვენ ვერ შეგვაშინებს და ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ვიქნებით ბევრი, ვიქნებით ერთად და გავიმარჯვებთ აუცილებლად სახელოვნად“, – მიმართა აქციის მონაწილეებს სტუდენტმა ლილე მშვენიერაძემ.

ლილე ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრია.

„… საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დღეს არის არალეგიტიმური, ყალბი და ფარსი, ხვალ შედის პარლამენტში და ცდილობს, რომ როგორც გავრილოვის ღამეს დაგვაბრმავეს ანალოგიური გაგვიკეთონ. მე ვთვლი, რომ დაწესებულებაში [თსუ], რომლის წინაც ჩვენ ვდგავართ და შიგნით იმყოფებიან სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ასე ვთქვათ, სასიკვდილოდ გაწირეს და სცემეს გოგოები, ბიჭები, მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ეს არის უნივერსიტეტი, საიდანაც ტელეკომპანია „იმედის“ თქმით, მხოლოდ პოლიციის ეკიპაჟი გამოვიდა, მაგრამ იქ მყოფმა ხალხმა კარგად ვნახეთ, რომ იმყოფებოდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთაც ხელში ეჭირათ ხელკეტები და კარგად გვახსოვს ყველას იმ ღამეს რა დანიშნულება მისცეს ამ ხელკეტებს.

უკანონოდ დაკავებული ადამიანები არიან ჩვენი თანამებრძოლები, არიან ადამიანები, რომლებიც გოგოებს, ქალებს, ბავშვებს, ასევე კაცებს, იცავდნენ ხელისუფლებისგან, რომელიც ტირანიაშია უკვე გადაზრდილი. იცავდნენ რეჟიმისგან, რომელიც ძალადობს განურჩევლად ყველა ადამიანზე.

საკუთარ თავზე, პირადად ხუთჯერ გამოვცადე პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან თავდასხმა. ასვე, კონკრეტულ ადგილებში დახვედრა და ეს არ არის დემოკრატიული ქვეყნის მმართველობის წესი.

დემოკრატიული ვერ იქნება ქვეყანა, სადაც არ გვაძლევენ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების შესრულების საშუალებას. [დემოკრატიული] ვერ იქნება ქვეყანა, სადაც საარჩევნო ბიულეტენზე ჩანს – ვის მივეცით ხმა. ვერ იქნება ქვეყანა დემოკრატიული, სადაც 16 წელი მიმდინარეობს კონკრეტული პარტიის მმართველობა.

ვერასდროს ვერ გავხდებით დემოკრატიულები იქამდე, სანამ გვმართავს „ქართული ოცნება“, – თქვა სტუდენტმა ანამარია სააკაძემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. ის შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტია.

ანამარიამ სააკაძემ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გამოვიდნენ სახლებიდან, რადგან დღეს ბრძოლაა საჭირო საქართველოს გადასარჩენად – „… ყველას გვიყვარს სახლში თბილად ჯდომა. ალბათ 9 აპრილსაც უყვარდათ სტუდენტებს სახლში თბილად ჯდომა, მაგრამ საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძოლოთ. დავუმტკიცოთ ის, რომ ქართველები არასდროს გავხდებით რუსები, არასდროს ვიქნებით ის ადამიანები, ვინც საკუთარ ქვეყანას, რომელსაც აქვს ამხელა ისტორია, გახდება ქვეყანა, რომელმაც ბრძოლა წააგო. შეიძლება ჩვენ ბრძოლა წავაგეთ რუსულ კანონთან ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ ომი არ წაგვიგია. ქართველი ხალხი ომში არასდროს არ მარცხდება…”.

„ქვეყანაში, სადაც ჩვენი ჩინოვნიკების შვილები მიდიან საუკეთესო დასავლურ უნივერსიტეტებში და იგივე ხალხი ჩვენ გვიმტკიცებს, რომ დასავლეთი ცუდია, დასავლეთი გვერჩის და გვაშორებს ყველა იმ სიკეთეს, რომელიც დასავლეთთან ასოცირდება. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იყო ოპოზიციონერი, ნიშნავს იყო რადიკალი.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ ფასდება არც ჩვენი ცოდნა და არც ჩვენი შრომა, იმიტომ, რომ, ვიღაცის ნათესავი დასასაქმებელია. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ერთ გოგოს უმტკიცებდნენ, რომ ოთხი პოლიციელს სცემა. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, შეიძლება რომ ახალგაზრდები წლობით ციხეში გაუშვან და ის ხალხი, ვინც ჩვენ გვცემდა, ვინც დაასისხლიანა [დავით] ქაცარავა და სხვები, არა თუ დასჯილან, არამედ პრემიებიც აიღეს“, – მიმართა აქციის მონაწილეებს დავით ცინცაბაძემ. სტუდენტმა თავისუფალი უნივერსიტეტიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანია დემონსტრირებულად ქალებმა ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები და მათ მოუწევთ, რომ ჩვენი ხმა გაიგონ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ამბობენ, რომ თითქოს ქალების მიმართულებით რაღაც გააკეთეს, თითქოს მათ დროს იყო მაგალითად გენდერული კვოტების მიღება და ა.შ, ყოველთვის, ისინი რასაც აკეთებენ, არის ქალთა უფლებების ფეხქვეშ გათელვა.

ისინი რასაც აკეთებენ არის მოწყვლადი ჯგუფების უფლებების ფეხქვეშ გათელვა და რაც მთავარია, ადამიანების მოწყვლადობის გამოყენება. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ ოლიგარქებს, ბრჭყალებში ხელისუფლებას, რომ მოუწევთ ჩვენი ხმა გაიგონ და ვეღარასოდეს ვეღარ გამოიყენონ ჩვენი მოწყვლადობა.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ შშმ პირებს წაართვეს პირადობის მოწმობები. ვეღარ უნდა გაბედონ ასეთი რაღაცები. ვეღარ უნდა გადაგვახიოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ კონსტიტუცია და სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციები“, – უთხრა ნეტგაზეთს სტუდენტმა და შშმ აქტივისტმა, ანა სიხაშვილი.

სტუდენტი დღეს, 24 ნოემბერს, თბილისში გამართულ ქალთა საპროტესტო მარშში მონაწილეობდა.

_______

მთავარი ფოტო: მარიამ შონია/ნეტგაზეთი.

დენის ხაზი მოწყდა და დაეცა გაზის მილს, მდგომარეობა არის სახიფათო – მოქალაქე სოფელ სამებადან

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა სამებაში მცხოვრები ბაგრატ აკუჯბა „ბათუმელებში“ საუბარს ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლთან გზის მშენებლობა მიატოვეს, ფერდობი იშლება და ნაშალი მიწა და წვიმის ღვარი მის ეზოშიო ჩადის.

ფერდობის ჩამოშლის გამო საფრთხე შეექმნა ბუნებრივი აირის მილსაც, რომელიც ხის ქვეშ არის მოქცეული.

„გაზის მილთან ახლოს გადის ელექტროენერგიის ხაზი. ახლა შუქის ხაზიც მოწყდა და დაეცა გაზის მილს. ხე არის ნახევრად მოგლეჯილი, ფესვები გამოთხრილი აქვს.

დენის წყარო დადებულია ზემოდან და ხე რომ მოტყდეს ან დენმა რომ გაატაროს, მოხდება აფეთქება“-ამბობს ბაგრატ აკუჯბა.

მისი თქმით, ერთი თვის წინ, გზის რეაბილიტაცია დაიწყეს, მისი სახლის გვერდით კი კედელი უნდა ჩამოესხათ ფერდის შესაკავებლად. თუმცა სამუშაოები კომპანიამ გაზის მილის გამო ვეღარ გააგრძელა.

„როგორც ვიცი, კომპანიამ, რომელმაც ამ გზის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა აიღო, მიწერა წერილი გაზის კომპანიას და მოითხოვა ბუნებრივი აირის მილის გადატანა, მაგრამ არავინ მოსულა.

მერე მე დავრეკე „სოკარის“ ცხელ ხაზზე და მითხრეს, რომ დრო სჭირდება, სამი დღე მაინცო. გავიდა ეს სამი დღეც და 15 დღეც, მაგრამ მაინც არავინ მოვიდა. წელავენ დროს.

ფერდობის ნაშალი მიწა ეზოში ჩამომდის, გადათხრილია ყველაფერი და არის იმის საშიშროება, რომ საერთოდ ჩამოინგრეს და კაციშვილი პასუხისმგებელი არ არის.

ცალკე პრობლემაა გაზის მილი, უნდა ნახოთ როგორ არაკომპეტენტურად არის გაყვანილი. უსაფრთხოების არანაირი ნორმები არ აქვთ დაცული. ვინც ნახა, ყველა შოკში იყო, ისეა გაკეთებული და ეს ყველაფერი ხდება პირდაპირ ჩემს სახლთან, გზაზე.

დენი დადებულია გაზის მილზე და აფეთქება რომ მოხდეს, ვინმე რომ დაიღუპოს, მერე ხომ ჩამოდგება ყველა ერთად“-ამბობს ბაგრატ აკუჯბა.

ბაგრატ აკუჯბას სახლის ეზოში არსებული მდგომარეობა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის ხელვაჩაურის მერია, საგზაო დეპარტამენტი და „სოკარი“ უპასუხისმგებლობას იჩენენ, პრობლემურია გზის პროექტიც.

„ხელვაჩაურის მერია, საგზაო დეპარტამენტი არაფერს აკეთებენ. ისეთი პროექტი გააკეთეს კედლის ჩამოსხმაზე გაოცდები. პირველი პროექტი მთელი ამბით შევაცვლევინე და ახლაც, სრული განუკითხაობაა.

სასწრაფო ვერ მოდის ეზოში, ასევე ასაღებია მანდარინის მოსავალი და ვერც მანქანა შემოდის გადათხრილი გზის გამო. აქ გაჩერებაც დიდი საფრთხეა, რადგან სახლის საძირკველი იტბორება და წყალი ვერ გადის. ეს ხელს უწყობს გზის და ფერდობის საბოლოოდ ჩამოვარდნას“-ამბობს აკუჯბა.

ვიდეო:

წინაპრების წინაშე, აწმყოს გააზრებითა და მომავლის რწმენით ვფიცავ, რომ ვაგრძელებ ბრძოლას – ციალა ქათამიძე

ავტორი: ციალა ქათამიძე

რთულია გადმოვცე მდგომარეობა, რომელშიც ბოლო სამი კვირაა.. თუ, უფრო მეტი, ვიმყოფები… თუმცა ალბათ ბევრი გაიგებს, რას ვგულისხმობ – ბრაზს – უსუსურობის შეგრძნება ანაცვლებს, უსუსურობის შეგრძნებას – იმედი, იმედს – გამბედაობა, გამბედაობას – არსებული რეალობის გააზრება მოსდევს და ისევ უიმედობაა.

მერე პირიქით…

თავიდან ვიფიქრე, არ შევებრძოლები, რაც არის ეგაა, რაც წავა, წავა… რაც დარჩება, დარჩება…

არც გარეთ გასვლა მინდოდა, არც შემოსვლა, არც ლაპარაკი, არც სიჩუმე… არც ფიქრი, არც უაზროდ ყოფნა… არც ის ვიცოდი რა მექნა, არც უმოძრაოდ ყოფნის უფლებას ვაძლევდი ჩემს თავს… ირგვლივ მიმოვიხედე და ყველა მეტ-ნაკლები სიმძაფრით, მაგრამ მსგავს მდგომარეობაში იყო… იყო რა, არის… ჩამოვსქროლავთ სოციალურ ქსელებს… ამოვიხვნეშებთ… წამოვიწუწუნებთ… ისევ ჩამოვსქრილავთ…

მერე სადმე დათქმულ საპროტესტო აქციაზე გავალთ ან ჩავალთ… ცოტას ამოვისუნთქავთ და მერე ისევ თავიდან….

ამასობაში კი – მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული გოგო ფორმულას გადაცემა „მეჩვიდმეტე სართულის“ ეთერში ჰყვება, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა, მანქანაში რომლითაც იზოლატორში გადაჰყავდათ, მუხლებზე დააყენეს და სექსუალურად ავიწროებდნენ.

ასე მუხლებზე მდგარი ამგზავრეს იზოლატორამდე და სკამზე არ დასვეს“.

„23 წლის ბიჭი ექვსი წლით უნდა გამოამწყვდიონ ციხეში რკინის ჯებირის დაზიანების გამო.. არადა, ეს კაცი ოთხსულიანი უღატაკესი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი გახლდათ, თბილისში არემონტებდა ბინებს და თანხას მშობლებსა და დეიდას უგზავნიდა. მამა ავად ჰყავს, ძლივს დადის; დედას კიდურები აქვს დამწვარი, დეიდა ოცი წელია ლოგინსაა მიჯაჭვული.

სამი ავადმყოფი მოხუცი დარჩა მარტო, ლუკმის მიმწოდებლის გარეშე…“

მე დღეს შემრცხვა… ავტოპილოტის რეჟიმში ჩართული საკუთარი თავის შემრცხვა… მართალია ერთი შეხედვით არ გავჩერებულვარ, არ დავნებებულვარ, არ გავჩუმებულვარ, მაგრამ შემრცხვა!

შემრცხვა იმის, რომ 25 ნოემბერს, 12 საათზე, თბილისში, საქართველოს პარლამენტში იკრიბება – ხალხი, ადამიანები, რომელთა იქ ყოფნისთვისაც სისტემამ ყველა სხვა ბოროტებასთან ერთად, მინიმუმ ამ ორი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა! მათი ბუტაფორიული არსებობის გასახანგრძლივებლად სისტემამ ჩვენ თვალწინ ფეხქვეშ გათელა ორი მოქალაქე… ძალა დაგვანახა და გვითხრა, რომ გავჩუმდეთ და თუ არ გავჩუმდებით, დანარჩენს მოგვიანებით ვნახავთ!

მე, საქართველოს მოქალაქე ჩვენი წინაპრების წინაშე, აწმყოს გააზრებითა და მომავლის რწმენით ვფიცავ, რომ ვაგრძელებ ბრძოლას, ბრძოლას ტყუილთან, ბრძოლას კორუფციასთან, ბრძოლას ავტორიტარიზმთან, ბრძოლას ბიძინა ივანიშვილთან და დიახ, ვაგრძელებ ბრძოლას რუსეთთან, ყველა ხერხისა და საშუალების გამოყენებით!

არავის გსაყვედურობთ და გამუნათებთ, მესმის ყველასი – ვინც დაიღალა, ვისაც აღარ სჯერა, ვინც უიმედოდაა, ვისაც ეშინია… მესმის – მარტივი არაა! მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა გრძელდება და როცა მიხვდებით, რომ თქვენც შეგიძლიათ, რომ მზად ხართ, რომ დრო მოვიდა, რომ ეს ბრძოლა თქვენიცაა, მჯერა რომ აუცილებლად შეურთდებით ბრძოლას, რომელიც საქართველოს დეოკუპაციით დასრულდება!

თქვენს გარეშე არ გამოვა! შენს გარეშე, არ გამოვა! მაგრამ გახსოვდეთ ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა შენ გელოდება! შეხვედრამდე!

ძალა ერთობაშია!

 

მთავარი ფოტო: ედო მჟავანაძე

საქართველოს არჩევნები ტრამპისთვისაც საყურადღებო იქნება – რესპუბლიკელი კონგრესმენი და სხვები არჩევნებზე

მოამზადა ნათია კაპანაძემ

___

18-23 ნოემბრის დაიჯესტი:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, 25 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების და სასამართლო დავების ფონზე, მაინც აპირებს პარლამენტში შეკრებას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება პირველი სხდომა, რომელსაც არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დაესწრებიან და არც ოპოზიცია, რომელმაც საზოგადოებას 24 და 25 ნოემბრის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნების შედეგები არ მიულოცავს. თუმცა როცა ელჩები პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებიან – „მსგავსი რამ აქამდე არ ყოფილა“

„ბევრი ქართველისთვის „ქართული ოცნება“ – „რუსული ოცნებას“ უდრის. რა მოხდა და, სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია. საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი.

უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში სალომე ზურაბიშვილის მანდატიც ამოიწურება და დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიას ენდომება ამ ინსტიტუტის გაკონტროლებაც“, – ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მიმართა. გასულ კვირას, საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.

„ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე ხსნის, რატომ იქნება ახლა არასწორი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა. გასულ კვირას საქართველოში ვითარდებოდა ამბები, რომელზეც განგაში დიდი ხნის წინ იყო ასატეხი.  

ირანის ხელისუფლების ცნობით, თეირანის უნივერსიტეტში გაშიშვლების შემდეგ დაკავებული სტუდენტი აჰუ დერიაი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.  საქართველოში აქციაზე დაკავებული ქალი კი ჰყვება, რომ პოლიციის მანქანაში სექსუალურად ავიწროებდნენ, მუხლებზე დაყენებული ამგზავრეს.

აქციაზე შსს-მ, ჯამში, 16 ადამიანი დააკავა. დემოკრატიის კვლევის ცენტრი აცხადებს, რომ  აქციის დასაშლელად პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ომბუდსმენის მიერ მონახულებული 16 მომიტინგიდან 10 „სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ან ძალის გადამეტების მსხვერპლია“

დავით კირთაძე დააჯარიმეს და ცესკოდან რიცხავენ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, რომელმაც გასულ კვირას ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, „კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევის გამო“ 500 ლარით დააჯარიმეს. ცესკოს პრესსამსახურის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გამოიწვევს მის გარიცხვას კომისიიდან. გარდა ამისა, კირთაძეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში არ ექნება ცესკოს არცერთი დონის კომისიის წევრობის უფლება.

სასამართლომ კი პატიმრობაში დატოვა 400-ლარიანი ჯებირის საქმეზე დაკავებული ახალგაზრდები.

აქციების გაშუქებისას პოლიციის სამიზნედ ტრადიციულად იქცნენ მედიის წარმომადგენლებიც. პოლიციის მაღალჩინოსნის თქმით, ჟურნალისტს აქციაზე დაკავებისაგან იმუნიტეტი არ იცავს.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. პროტესტს ეხმიანებიან ლექტორები. “მხარს ვუჭერ სტუდენტების პროტესტს. სხვაგვარად არ მექნება ლექციაზე შესვლის მორალური უფლება” –  ამბობს აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი და ბსუ-ს პროფესორი ინგა შამილაშვილი.

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეები იზრდება. გასულ კვირას საქართველოში მსჯელობდნენ შეაჩერეს თუ არა ცენზურის გამო მურაკამის გაყიდვა – ნახეთ გამომცემლობის განმარტება.

„ქართული ოცნების” პოლიტიკური ხედვა უცვლელია – ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა

20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა: ერთი მხრივ, ისინი აჯამებენ იმ მიღწევებს, რაც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას აქვს, მეორე მხრივ კი, იმ ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა გადაიდგას იმისთვის, რათა მე-11 მოწვევის პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

ამ დრომდე, რეალობა უცვლელია, ელჩები პარლამენტის I სხდომაზე არ მიიწვიეს – შალვა პაპუაშვილი პრაქტიკას ცვლის – ის ამტკიცებს, რომ ერთი მხრივ, არჩევნები და პარლამენტის პირველი სხდომა შიდასახელმწიფოებრივი საკითხია, მეორე მხრივ კი, საჭიროა „უცხოელების არასწორი გავლენის“ მინიმუმამდე დაყვანა.

საქართველოში ჩატარებული არჩევნების თემები ტრამპისთვისაც საყურადღებო იქნება – ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი, რომელიც დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია. საქართველო შეერთებული შტატების კარგი მეგობარია და დასავლეთისკენ მისი სვლა საერთო ინტერესია.

ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი:

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა

ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადამეტებული საპოლიციო ძალების გამოყენებით

არჩევნების შედეგები საკონსტიტუციოში 34-მა დეპუტატმაც გაასაჩივრა

პროცენტები და მანდატები ცესკოს შემაჯამებელი ოქმიდან – არჩევნები 2024

„გაჟონილია!“ – ხმის ფარულობა, როგორც კონსტიტუციური უფლება

რას ითხოვს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?

ტურავა: არჩევნების შესახებ პრეზიდენტისა და პარლამენტარების სარჩელები გაერთიანდება

პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს – ნონა ქურდოვანიძე არჩევნებზე

რა ხდება, როცა არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციოში | საიას განმარტება

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“ – ბათუმში ბანერი გადმოფინეს

არჩევნებში დახარჯული მილიონები

დღეს უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აჯამებს – შენობასთან აქციაა

„არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში

სულაკაურის გამომცემლობა აქციის მონაწილეებს წიგნებს ცოცხალი ჯაჭვით მიაწვდის

ღამისთევით უნივერსიტეტში – ბათუმელი სტუდენტების პროტესტი | დისკუსია

ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ სტუდენტებთან – ლექტორების განცხადება

ბსუ-ს პროფესორი: კბილებით იჭერენ უნივერსიტეტებს. ვისურვებდი მეტ გამბედაობას, ყველას ვერ მოხსნიან

მელიქიშვილზე დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სტუდენტების წიგნის კაფე ბათუმში – „გვინდა ბიზნესს მაგალითი მივცეთ, რომ მხარი დაუჭირონ სტუდენტებს“

ნიკო მანაგაძის თქმით, საგამოძიებოში დაიბარეს “იმედის” ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის ეპიზოდზე

„ახალი თაობა გაიმარჯვებს. არ გვინდა არც ჩრდილოეთ კორეა გავხდეთ და არც ბელარუსი“- იულონ გაგოშიძე

აქტივისტი ნინოწმინდიდან: „არჩევნებზე აქ იყო ტოტალური კონტროლი“

 

Პ ო ლ ი ტ ი კ ა: 

რუსული პროპაგანდა: პროდასავლური პრეზიდენტი საქართველოს პრობლემაა, ეს უნდა მოაგვარონ

რით კვებავს შსს აქციის დამშლელ პოლიციელებს

საპროტესტო აქციის დარბევა და დაკავებები – რა ხდება თბილისში

„ძირს ვეგდე და მირტყამდნენ“ – „მთავარი არხის“ ოპერატორი

მოვუწოდებთ შსს-ს შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა – მედიაომბუდსმენი

შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შს სამინისტროს

ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისთვის ხელშეშლას – ონლაინ მედიის განცხადება

ბჟანიამ აფხაზეთი დატოვა – რუსული მედია

ბათუმის მერიამ 10 თვეში ჯარიმებიდან 11 მლნ-ზე მეტი ამოიღო, კაზინოებიდან – 54 მლნ ლარი

„რით ამაყობენ, არცერთი არ იცავს მოქალაქის უფლებებს“ – პრეზიდენტი სახელმწიფო სააგენტოებსა და კომისიებზე

კუნძულის აშენების შემდეგ ბათუმის მოსახლეობა 70 000-ით გაიზრდება – რას სთხოვს სააგენტო „ამბასადორს“

2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი

„ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ“ – მოქალაქე | ვიდეო

„შიმშილობის 61-ე დღეს, მე და ჩემმა შვილებმა აფგანის მონახულება მოვახერხეთ“- ცოლი

 

ი ნ ტ ე რ ვ ი უ:

მითოლოგია ბიძინაზე უნდა დაინგრეს, სისტემაში ჯერ კიდევაა ილუზია მის ყოვლისშემძლეობაზე“ – ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა საქართველოს ისტორიაში  – ინტერვიუ ლევან ლორთქიფანიძესთან

ივანიშვილს აქვს ვნება, გაიფორმოს დიქტატურა, მაგრამ ეშინია ხალხის“ – ინტერვიუ ზვიად ქორიძესთან

ბიზნესმენი ქედიდან, რომელმაც საკუთარ სოფელში „გლემფინგი“ მოაწყო – ინტერვიუ ბაგრატ თავართქილაძესთან

დამკვირვებელი იორმუღანლოდან: „გაყალბების მინიმუმ 20 მეთოდი გამოიყენეს” – ინტერვიუ თოზუ გულმამედლისთან

უ ც ხ ო ე თ ი  ს   ა მ ბ ე ბ ი:

ჰააგის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გამოსცა

ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და უთხრეს, სარაკეტო თავდასხმაზე არ ესაუბრა, ზარი მიკროფონებმა ჩაიწერეს

CPJ: პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია

უ კ რ ა ი ნ ა:

ბაიდენმა კიევისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დაამტკიცა

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ნოემბერი

კ ვ ი რ ი ს  ა მ ბ ა ვ ი:

  ელჩები პარლამენტის I სხდომაზე არ მიიწვიეს – პაპუაშვილი პრაქტიკას ცვლის

___

ამავე თემაზე:

PROტესტი და პოლიტიკა საქართველოში – ორი კვირის დაიჯესტი 

ჩვენთვის არ უნდა იკეტებოდეს ევროპის კარები და არ უნდა იღებოდეს რუსეთის კარები- მასწავლებლების მარში

დღეს 24 ნოემბერს, სკოლებისა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორ-მასწავლებლებმა თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

მასწავლებლები, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, არ აღიარებს 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგს და მოითხოვს ახალ არჩევნებს.

ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგები გააყალბა, დაარღვია კონსტიტუცია და საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროინტეგრაციას.

მასწავლებლების საპროტესტო მარში

„არა რუსულ რეჟიმს“, „არა რუსულ მთავრობას“ , „არა ცენზურას“, „სოლიდარობა დაკავებულებს“- ისმოდა შეძახილები მასწავლებლების მარშზე.

საპროტესტო მარშზე გამოსული მასწავლებლები, ლექტორები და სტუდენტები აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან ცენზურის კანონს და ასევე აცხადებენ, რომ მოითხოვენ ახალ არჩევნებს.

აქციის მონაწილეები აპირებენ მთელი ღამე გაათენონ პარლამენტის წინ, სადაც ხვალ, 25 ნოემბერს, „ქართული ოცნება“ საზოგადოების მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარების მიუხედავად, მაინც აპირებს სხდომის ჩატარებას.

„პარლამენტში შესვლა, რუსეთში შესვლას ნიშნავს, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ასე, რომ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში და ჩვენც აქ ვიდგებით, ჩვენი თავისუფლების დასაცავად“-ამბობენ აქციაზე მყოფი სტუდენტები.

„არ ვაპირებთ დანებებას და არავის მივცემთ უფლებას წაგვართვას ხმა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი – ევროკავშირი. ცვლილებების მოხდენა ბრძოლის გარეშე შეუძლებელია, ძალა ერთობაშია და მჯერა რომ ერთად ბრძოლით გავიმარჯვებთ“-აცხადებს საპროტესტო აქციაზე მყოფი სტუდენტი.

უნივერსიტეტის კარი არ უნდა იკეტებოდეს სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის კარი არ უნდა იღებოდეს სპეცრაზმისთვის, ევროპის კარი არ უნდა იკეტებოდეს ჩვენთვის და რუსეთის კარი არ უნდა იღებოდეს ჩვენთვის, ვერ შევეგუებით ამ ყველაფერს“ – აცხადებენ საპროტესტო აქციაზე მყოფი ლექტორ-მასწავლებლები.

თბილისში საპროტესტო აქციები ახალი არჩევნების მოთხოვნით ათ დღეზე მეტია მიმდინარეობს.

მოქალაქეების განცხადებით, დღეს არსებული ხელისუფლება არის „არალეგიტიმური, ყალბი და ფარსი“, ამანამდე პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ასევე მოითხოვენ იმ ახალგაზრდების გათავისუფლებას, რომელიც პოლიციამ აქციის დარბევის დღეს დააკავა.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ნოემბრის 21 საათიდან 25 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა ღამით 4-5 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 26 და 27 ნოემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა.

„ბიძინა წადი, მე ვრჩები“ – თბილისში ქალთა მარში დაიწყო

თბილისში ქალთა მარში მიმდინარეობს.

„ბიძინა წადი, მე ვრჩები“, – საპროტესტო მარშზე ქალები ამ სლოგანიანი ჩემოდნებით მივიდნენ და ასე უპასუხეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, შეუძლია უცხოეთში წავიდეს.

„თუ ვინმე უნდა წავიდეს საქართველოდან, ეს არის პუტინის ბატონ-ყმა ივანიშვილი, ჩვენ აქ ვრჩებით.

12 წელია ბატონ-ყმა ივანიშვილმა ვერ გაიგო, რომ რუსული ოცნებები საქართველოში არ სრულდება. ამიტომ ასეთი შემართებით გავაგრძელოთ და მივუტანოთ ეს ჩემოდნები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ალაგდნენ, ჩალაგდნენ და წავიდნენ ამ ქვეყნიდან“, – ამბობს საპროტესტო აქციის მონაწილე.

ქალთა მარში თბილისში გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ

„ქალებს გვიბრძოლია ამ ქვეყნისთვის 90-იანი წლებში და ქალები ვიბრძვით დღეს. ჩვენ რამდენიმე ათასი ადამიანი აქ დგომით ვიცავთ ამ ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვიქნებით დასაწყისი ახალი საქართველოსი და ჩვენ არ დავუშვებთ გაყალბებულ არჩევნებს“, – ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილე ქალები.

საპროტესტო აქციაზე მყოფი ქალები ასევე საუბრობენ იძულებით ემიგრაციაზე, რომელიც არ არის არცერთი ქალის არჩევანი. „შენი მთავრობა გაიძულებს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე დატოვო ქვეყანა, ამას ეს მთავრობა უწყობს ხელს. მით უმეტეს, ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე, რომელიც იყო ერთადერთი იმედი ემიგრაციაში წასული ხალხის, რომ გაიმარჯვებდა სიმართლე და ისინი უკან დაბრუნდებოდნენ“, – ამბობს საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

„ცვლილებებს ქალების ხმა აქვს“, – აცხადებენ ქალები აქციაზე.

„ივანიშვილი ერთადერთ ალტერნატივად გვთავაზობს ემიგრაციას, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ და თუ ვინმე უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, ეს არის ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული მმართველობა.

ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც შეიყვანა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო ივანიშვილმა, მხოლოდ ერთი გამოსავალია – მოძრაობა ცვლილებისთვის და მოძრაობა ცვლილებებისკენ.

თუ რამე უნდა „ქართულ ოცნებას“, ეს არის ამ მოძრაობის და სულისკვეთების ჩახშობა. ამიტომ ვეტყვით ივანიშვილს, რომ ეს მოძრაობა არ გაჩერდება, ჩვენ წასვლას არ ვაპირებთ“, – ამბობს აქციის მონაწილეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 730 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020]
  • ტანკი – 9 423 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 19 209 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 20 765 ერთეული [+5]
  • MLRS – 1 254 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 004 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 366 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 764 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 29 864 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 3 679 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 603 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 496 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 492 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 472 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 701 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“ – ბათუმში ბანერი გადმოფინეს

23 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო ბანერი გადმოფინეს და ასე გააპროტესტეს “ქართული ოცნების” პოლიციური რეჟიმი.

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“ – წერია ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადმოფენილ ბანერზე.

გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდების, ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის პროცესზე, მოსამართლე ნათია გუდავამ, ახალგაზრდების პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა. ისინი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გუშინ, 22 ნოემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ, 21 წლის მათე დევიძეს, რომელსაც რამდენიმე პოლიციელის ფიზიკურად დაზიანება ედება ბრალად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მხარს ვუჭერ სტუდენტების პროტესტს. სხვაგვარად არ მექნება ლექციაზე შესვლის მორალური უფლება – ინგა შამილიშვილი

ბსუ-ს პროფესორი, ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს, როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, ასევე სტუდენტების საპროტესტო აქციებს თბილისში.

„ბათუმელებმა“ ინგა შამილიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. პროფესორს ვკითხეთ, მისი აზრით, რა ძალა აქვს სტუდენტების პროტესტს და როგორ აფასებს მიმდინარე პროცესებს.

  • ქალბატონო ინგა, როგორ ფიქრობთ, რა ძალა აქვს სტუდენტების პროტესტს და რას გვეტყვით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტზე, რომლებიც მეცხრე ღამეს გაათევენ დღეს უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად?

სტუდენტები ყველაზე ჯანსაღი ნაწილია საზოგადოების, რომელთაც პირდაპირ შეუძლიათ აღიქვან ის რეალობა, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე, სახელმწიფოზე და ა.შ. პროტესტი, რომელიც წამოიწყეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სწორედ ჯანსაღი პროტესტის მაგალითია. პროტესტი იმის მიმართ, რომ არჩევნები არ იყო ის და ისეთი, რასაც ისინი ელოდნენ. ანუ, მათ მოჰპარეს ხმები, რაც გახდა პროტესტის მთავარი საწყისი.

ჩემი სტუდენტებიც იყვნენ დამკვირვებლები [საარჩევნო უბნებზე]. არჩევნების შემდეგ ისინი ძალიან გულგატეხილები იყვნენ, იმის გამო, რაც ხდებოდა. მე ვთვლი, რომ სტუდენტების პროტესტი ეს არის ბუნებრივი მოვლენა – ყოველთვის სტუდენტები იწყებდნენ ძალიან დიდი ეროვნული საქმეების კეთებას და ყოველთვის უნივერსიტეტიდან იწყებოდა.

რაც შეეხება ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს, [პროტესტის მონაწილეები] არიან ჩემი სტუდენტებიც. მე მათთან ვარ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მორალურად თუ ფიზიკურად და ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით.

უნივერსიტეტის გაცხადებული მისიაა, რომ მან უნდა აღზარდოს მოქალაქეობრივი  პასუხისმგებლობის და ზოგადი განათლების მქონე მოქალაქე. ეს არის ბათუმის უნივერსიტეტის მისიის ნაწილი და არამარტო ბათუმის უნივერსიტეტის. თითქმის ყველა უნივერსიტეტს ეს აქვს გათვლილი მისიაში და ამიტომ, სტუდენტების ეს პროტესტი სწორედ რომ მათი მოქალაქეობრივი პოზიციების დაფიქსირებაა. მე ვთვლი, რომ ეს ნამდვილადაა პროტესტის ჯანსაღი ფორმა.

ამ პროტესტთან ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ სტუდენტები უსმენენ ლექციებს. მოიწვიეს პროფესორები, რომლებმაც ჩაატარეს მათთან შეხვედრები. მათ შორის ვიყავი მეც და ეს ძალიან საინტერესო ფორმატი იყო. ეს ადასტურებს, რომ ამ ახალგაზრდებს სურთ განათლება მიიღონ, მიიღონ ევროპული განათლება და ამავე დროს, მათი მიზანია ის, რომ უნივერსიტეტი იყოს მათთვის ის კერა, რომელიც მისცემს ძალიან დიდ სტიმულს და ამავე დროს შესაძლებლობას, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ და ჰქონდეთ ის ღირებულებები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ.

  • გაზაფხულის პროტესტებისას გაცილებით მეტი ახალგაზრდა იყო ქუჩაში. რატომ იკლო მათმა რაოდენობამ, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა?

საზოგადოებაში გარკვეული ნიჰილიზმი შეინიშნება ამ არჩევნების შემდეგ. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა და მე ვეთანხმები, რომ ხელისუფლებამ მოახერხა ადამიანებში ერთგვარად უიმედობის [გაჩენა] და ჩააქრო ცვლილების გარკვეული მუხტი, რომელიც არსებობდა.

წინა პროტესტები ნამდვილად უფრო ხალხმრავალი იყო, ბევრი პროფესორიც იდგა მაშინ სტუდენტების გვერდით და ეს იყო ერთიანი განწყობა იმ კანონის [რუსული კანონის] მიმართ, რომელიც ნამდვილად ზღუდავს ჩვენს უფლებებს და აქვე ვიტყვი, რომ კანონმა გარკვეულწილად დაიწყო ამოქმედება.

ამასობაში მეორე კანონი წამოგვეწია, ვგულისხმობ, ოჯახური ღირებულებების კანონს და მისი ერთ-ერთი პუნქტი გარკვეულ წილად აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, რადგან შესაძლებელია, რომ გარკვეული ტექსტები არ გახდეს მისაღები საუნივერსიტეტო სივრცისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი კოლეგების აკადემიურ თავისუფლებასაც ზღუდავს.

მე ვარ მოძრაობა ქართული განათლება საფრთხეშია“ წევრი და ვთვლი, რომ ამ რეალობიდან გამომდინარე განათლება ნამდვილად არის საფრთხეში. ზოგადად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორმე დავაღწიოთ თავი ამ მოჯადოებულ წრეს.

  • თუ გაქვთ რეალური ცვლილების მოლოდინი?

იმედი ბოლოს კვდებაო ამბობენ, ზოგადად. ვფიქრობ, რომ ცვლილებები უნდა დადგეს აუცილებლად ჩვენს ქვეყანაში. სხვანაირად პროგრესი წარმოუდგენელი იქნება, მით უმეტეს, რომ ჩვენ წინ კიდევ ერთი არჩევნები გვაქვს და აი, ამ რეალური სურათით, რომელიც დღეს დადგა, ეჭვქვეშ ვაყენებ მომავალი არჩევნების ობიექტურობასაც.

  • რა ელით სტუდენტებს განათლების შესაძლებლობების თვალსაზრისით?

ძალიან რთულია გაუმკლავდე ამ კანონს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. მსმენია – „არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააყოლეთ ყველაფერი“, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ [რუსული კანონი] პირდაპირ ზღუდავს თავისუფალ სიტყვას, რაც შეეხება მედიებსაც. განსაკუთრებით რეგიონულ მედიებს, რომლებსაც ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლიათ იგივე აჭარაში მიმდინარე პროცესებში.

თუ კი ასე წავიდა და ევროკავშირის დაფინანსებები შეჩერდება, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების მობილობაზე. პირადად ჩემი გამოცდილებით ვამბობ – რომ არა ჩვენი ევროპელი, ამერიკელი მეგობრები და ამავე დროს მათი საელჩოების ჩართულობა, ვერ განვახორციელებდით ბევრ იმ პროექტს, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღარაფერს ვამბობ „ერაზმუსზე“ და ა.შ.

პირველ რიგში, რაზეც მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, ეს არის ჩემი, როგორც პროფესორის აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, ამდენად, ალბათ განვმეორდები, თუკი ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მაგონებს საბჭოთა პერიოდს, როდესაც ყველაფრის თქმა და ყველაფერზე საუბარი აუდიტორიაში არ შეიძლებოდა. ეს სურათი გვექნება, თუკი ეს ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის.

მე ვთვლი, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ იმ ღირებულებების სტუდენტების აღზრდას, რა ღირებულებებიც გვინდა, რომ ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას.

  • როგორი განწყობებია აუდიტორიებში, უნივერსიტეტის ფოიეში შეკრებილი სტუდენტების პროტესტის მიღმა?

გაცხადებულია, რომ უნივერსიტეტი აპოლიტიკური დაწესებულებაა, ამიტომ პოლიტიკურ თემებზე საუბარი ლექციის მსვლელობის დროს, რა თქმა უნდა, არასწორია. ეს არის ერთგვარად უნივერსიტეტის იდეის უარყოფა, ამიტომ პირდაპირ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ.

თუმცა, ჩვენს [უნივერსიტეტში] ძალიან ბევრ თემაზე გვისაუბრია, ძალიან ბევრი საკითხია, განსაკუთრებით ფილოლოგიაში, როცა მე-20 საუკუნის ლიტერატურაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკური კონტექსტების გარეშე… ამიტომ, ჩვენ გვიწევს შევეხოთ ბევრ მტკივნეულ საკითხს. ერთი, რაც არის და ამ სტუდენტებთან ურთიერთობაშიც ეს დავინახე, ისინი განიცდიან ყველაფერ ამას და თვლიან, რომ მათი ბრძოლა მნიშვნელოვანია.

მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ის, ვინც აუდიტორიაში ზის დღეს, ახლა თან შუალედურების კვირაა, ძალიან ბევრი მათგანი მხარს უჭერს სტუდენტების პროტესტს. უბრალოდ, ყველასგან გმირობას ალბათ ვერ მოვითხოვთ, მაგრამ მათი შინაგანი განწყობა სწორედ რომ ამ სტუდენტების თანადგომაა.

  • რას აპირებთ თქვენ, რჩებით სტუდენტური პროტესტის მხარდამჭერად?

მე აუცილებლად ვიქნები ჩემს სტუდენტებთან ერთად ყოველთვის. სხვაგვარად არ მექნება მორალური უფლება, რომ შევიდე ლექციაზე. მოძრაობა – „ქართული განათლება საფრთხეშია“ ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. 24 ნოემბერს მოეწყობა მსვლელობა თბილისში, რაც ჩემთვის ძალიან ღირებულია.

არჩევნებში დახარჯული მილიონები

საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ბევრად მეტი დახარჯა, ვიდრე არჩევნებში მონაწილე სხვა თითოეულმა პარტიამ თუ კოალიციამ. ანტიკორუფციული ბიუროსთვის 8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 27 აგვისტოდან არჩევნების დღემდე – 26 ოქტომბრამდე პერიოდში „ოცნების“ ფაქტობრივმა ხარჯმა 23 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. აქედან 21 მილიონი საკასო, ანუ გადახდილ ხარჯებში მიუთითეს.

ამ თანხაში შედის როგორც ოფისის, ასევე რეკლამის, სახელფასო და სხვა ხარჯი. 

2024 წლის იანვრიდან 26 ოქტომბრამდე „ქართულმა ოცნებამ“ შემომწირველებისგან 15 მილიონ 527 057 ლარი მიიღო, ამას დაემატა საბიუჯეტო დაფინანსებაც.   

8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, რომელიც „ბათუმელებმა“ შეისწავლა, „ოცნებამ“ წინასაარჩევნო ხარჯებიდან 917 457 ლარი შრომის ანაზღაურების ნაწილში ჩაწერა. აქედან ხელფასების სახით 391 049 ლარი გაუცია. ეს ადმინისტრაციაში დასაქმებულების ხელფასებია. დარჩენილი თანხა – 526 408 ლარი კი ფინანსურ დეკლარაციაში ასახეს, როგორც „სხვა ანაზღაურება“.

ამ ეტაპზე არ ვიცით, არის თუ არა ეს თანხა კოორდინატორების, აგიტატორების ან ე.წ. კაპიტნების დაფინანსების ნაწილი, რომლებმაც „ოცნების“ სასარგებლოდ ქოლცენტრებში იმუშავეს.

„ოცნების“ სასარგებლოდ წელს ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში ბევრად მეტი აგიტატორი, კოორდინატორი და ე.წ. კაპიტანი მუშაობდა, ვიდრე სხვა ნებისმიერ წინა არჩევნებზე 2012 წლიდან დღემდე. შესაბამისად, დეკლარაციაში მითითებული თანხა – 526 408 ლარი – მათი შრომის ასანაზღაურებლად საკმარისი ვერ იქნება. დეკლარაციაში შრომის ანაზღაურების ნაწილში ასახულ თანხას საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის მკლევარები „სასაცილო თანხასაც“ კი უწოდებენ. 

„ქართული ოცნების“ აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნება“ ქოლცენტრების მეშვეობით მუშაობდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„…წელს განსხვავებით წინა წლებისა, ყველა უბანზე გავაკეთეთ პატარა-პატარა ქოლცენტრები, საიდანაც უფრო მარტივი გავხადეთ კომუნიკაცია უბნის უფროსებთან და ქოლცენტრის უფროსებს დავარქვით კაპიტნები. ბათუმში წლები გვქონდა ერთი ქოლცენტრი და წლევანდელ არჩევნებზე გავხადეთ მეტი. ადამიანების ჯამი არ შეცვლილა“, – დაწერა ირაკლი ჭეიშვილმა.

8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციაში, რომელიც 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო პერიოდს მოიცავს, „ოცნება“ არ უთითებს, რამდენი კოორდინატორი, აგიტატორი და უბნის უფროსი, ე.წ. კაპიტანი ამუშავა საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუმცა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს არაერთი მტკიცებულება, რომ „ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს კოორდინატორები ქოლცენტრების დახმარებით ამუშავა. 

თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა დიდ ქალაქებში, ჯამში, 1 147 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამ უბნებს ქოლცენტრებში დასაქმებული ჯამში მინიმუმ 3 441 პირი ემსახურებოდა [გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ერთ ქოლცენტრში 3 ადამიანი მუშაობდა].

ცესკოს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 3 044 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ერთ უბანზე, გარდა ქოლცენტრებისა, „ოცნების“ მინიმუმ 2 კოორდინატორი მუშაობდა: შესაბამისად, ჯამში 6 088 კოორდინატორი. ანუ „ოცნებას“ ქოლცენტრებსა და უბნებზე მინიმუმ 9 529 პირი ჰყავდა დასაქმებული. 

„ოცნების“ კოორდინატორებმა ბათუმში, თბილისში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ხულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამი თვე იმუშავეს და ანაზღაურების სახით თვეში 200 ლარი მიიღეს. ასეთ შემთხვევაში ქოლცენტრებში, პირობითად 3 441 კაპიტნის ერთი თვის შრომის ანაზღაურებისთვის „ოცნებას“ 688 200 ლარი დასჭირდებოდა. უბნებზე დასაქმებული 6 088 კოორდინატორისთვის კი, ერთი თვის ანაზღაურება [200 ლარიდან] 1 მილიონ 217 800 ლარი გამოდის, სამ თვეში კი – 3,6 მილიონზე მეტი ლარი. 

8 ნოემბერს წარდგენილ დეკლარაციაში, ამ ოდენობის სახელფასო ხარჯებზე არაფერი აქვს „ოცნებას“ მითითებული. შესაბამისად უცნობია, რა თანხა გადაუხადა „ოცნებამ“ თავის კოორდინატორებს, აგიტატორებსა და ქოლცენტრებში დასაქმებულებს და ხომ არ არის ეს შავი ფული? – ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ამ ეტაპზე არ არსებობს. 

  • 8 ნოემბრის დეკლარაცია – „ოცნებამ“ საარჩევნო წელს 1 მილიონ 373 679 ლარის უძრავი ქონება შეიძინა.

„ოცნების“ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ სახელისუფლებო პარტიამ საარჩევნო წელს 1 მილიონ 373 679 ლარის უძრავი ქონება შეისყიდა. მათ შორის 1 მილიონ 355 425 ლარი შენობა-ნაგებობებში გადაიხადეს, 13 294 ლარი კი – მანქანა-დანადგარებში. 

საიჯარო ქირის ხარჯის სახით 583 348 ლარი მიუთითეს, გაცილებით მეტი – 790 661 ლარი მიუთითეს ამ ნაწილში საკასო ხარჯის სახით. ოფისების ხარჯის სახით კი „ოცნებამ“ დეკლარაციაში 442 573 ლარი მიუთითა, აქედან მხოლოდ 295 318 ლარია საკასო ხარჯი. ეს იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციის შევსების მომენტისთვის დარჩენილი თანხა გადახდილი არ იყო.

  • „ოცნებამ“ წინასაარჩევნო რეკლამაში 16 მილიონამდე ლარი დახარჯა

მმართველი პარტიის სარეკლამო ხარჯი ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. „ოცნებამ“ რეკლამაში არც მეტი არც ნაკლები 15 მილიონ 903 117 ლარი დახარჯა. ამდენი თანხის რეკლამაში დახარჯვა კი არა, საერთო ჯამში შეგროვებაც კი ვერ შეძლო, არათუ რომელიმე პარტიამ, არამედ ცალკეულმა კოალიციამაც კი, რომელშიც 3-4 პარტიაა გაერთიანებული.

სარეკლამო ხარჯიდან 5 მილიონ  763 104 ლარი „ოცნებას“ სატელევიზიო რეკლამაში დაუხარჯია, 820 230 ლარი კი – ინტერნეტრეკლამაში. 7  მილიონ 130 686 ლარი გარე რეკლამის ხარჯია, ხოლო 1 828 466 ლარი დეკლარაციაში „სხვა სარეკლამო ხარჯის“ სახით არის მითითებული. ბეჭდური რეკლამის ხარჯი 360 632 ლარია.

  • გრაფაში სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება: 2 მილიონ 955 224 ლარი 

მმართველი პარტია არ აზუსტებს ამ გრაფაში მითითებული თანხა კონკრეტულად რაში დახარჯა.

  • 1 მილიონ 515 166 ლარი – მაისურები, კეპები და ქუდები 

მილიონ-ნახევარი ლარი დაუხარჯია მმართველ პარტიას მითითებულ აქსესუარებში – კეპებში, მაისურებში, ქუდებში, დროშებში და ასე შემდეგ.

თითქმის ყველა ფიზიკური პირი, ვინც სახელისუფლებო პარტიას საპარლამენტო არჩევნებისთვის 40 000 – 60 000 ლარი შესწირა მსხვილი ბიზნესის მფლობელი, პარტნიორი, კომპანიის დირექტორი ან უფროსი მენეჯერია. შემწირველების კომპანიების დიდი ნაწილი ტენდერებში მონაწილეობს ან მშენებელია და მშენებლობის ნებართვას სასურველი პარამეტრებით უპრობლემოდ იღებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევრები ანგარიშებში წერენ, რომ ამ შემოწირულობების შესწავლა იწვევს საფუძვლიან კითხვებს და ეჭვებს კორუფციაზე.

  • 9 მილიონ-ნახევარი ლარი კოალიცია „ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ 

ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში კოალიციამ „ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“  9 მილიონ 901 350 ლარი დახარჯა. ეს ფაქტობრივი ხარჯია, საკასო ხარჯი კი 9 მილიონ 289 120 ლარია.

რეკლამისთვის 6 მილიონი დახარჯეს, მათ შორის 3 მილიონ 819 210 სატელევიზიო რეკლამის ხარჯია, 744 724 კი – ინტერნეტრეკლამის ხარჯი, ბეჭდური რეკლამისთვის 197 760 ლარი მიუთითეს. ბრენდირებულ აქსესუარებში კოალიციას 44 660 ლარი დაუხარჯია. გარე რეკლამის ხარჯი კი 1 მილიონ 164 526 ლარი.

2024 წლის იანვრიდან დღემდე კოალიციას 9 მილიონ 138 061 ლარი შეუგროვებია.

  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

ამ კოალიციამ 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში 2 მილიონ 801 276 ლარი დახარჯა. თანხის ძირითადი ნაწილი რეკლამაში დახარჯეს, მათ შორის 1 მილიონ 113 211 ლარი სატელევიზიო რეკლამაში გადაიხადეს. შრომის ანაზღაურების ხარჯის სახით კი 201 495 ლარი მიუთითეს. 2024 წლის დასაწყისიდან არჩევნების დღემდე კოალიციის შემოწირულობებმა 3 მილიონ 143 101 ლარს მიაღწია.

„ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის“ 

27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდისთვის კოალიციის „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის“ ფაქტობრივი  ხარჯი 8 მილიონ 134 849 ლარია. რეკლამისთვის 7 მილიონი ლარი დახარჯეს, მათ შორის სატელევიზიო რეკლამაში 4 მილიონ 692 036 ლარი გადაიხადეს, ინტერნეტრეკლამაში 866 554 ლარი დაუხარჯიათ, ხოლო ბეჭდურ რეკლამაში – 48 035 ლარი. გარე რეკლამის ხარჯი 852 523 ლარია. ბრენდირებულ აქსესუარებში ამ კოალიციას 71 760 ლარი აქვს დახარჯული.

  • „გახარია საქართველოსთვის“

8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციით ყოფილი პრემიერის პარტიამ – „საქართველოსთვის“ შემოწირულობის სახით 348 755 ლარი მიიღო და ეს ძირითადად არაფინანსური შემოწირულობები იყო. შესაბამისი იყო პარტიის ხარჯები. 2024 წლის იანვრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში კი პარტიას 457 200 ლარი შეუგროვებია.

  • შემოწირულობები

ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილი დეკლარაციები ცხადყოფს, რომ ოპოზიციური პარტიები გარკვეული თანხის მობილიზებას მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ახერხებენ. შესაბამისად, სახელისუფლებო პარტიას სხვა მთელ რიგ რესურსთან ერთად, რომელსაც შემზღუდველი ბარიერების უგულებელყოფით იყენებს, დიდი ფინანსური უპირატესობაც აქვს.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ წინა წელს შემოწირულობის სახით მიღებული 11 მილიონი ლარიც. მართალია, 2023 წელს საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, თუმცა იმ გარემოებების გამო, რაც ქვეყანაში დღის წესრიგში მწვავედ იდგა, მმართველმა პარტიამ, ისევე, როგორც ოპოზიციამ, მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის გაცილებით ადრე დაიწყო. ადრევე დაიწყეს აქტიურობა „ოცნების“ შემწირველებმაც, განსაკუთრებით სამშენებლო ბიზნესმა იაქტიურა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ არჩევნების კოორდინატორი, გიგი ჩიხლაძე „ბათუმელებთან “ ამბობს, რომ „ოცნების“ შემწირველების მჭიდრო კავშირი ხელისუფლებასთან აჩენს კითხვებს და ეჭვებს კორუფციაზე, რადგან შემწირველი ბიზნესმენების უმრავლესობა სახელმწიფო კონტრაქტორია ან სახელმწიფო პროგრამით სუბსიდიის მიმღები.

YouTube video player

„გამჭვირვალობა საქართველო“ ინტენსიურად სწავლობს წინასაარჩევნოდ პარტიების შემოწირულობებს. განსაკუთრებით კი სახელისუფლებო პარტიის კავშირს შემწირველებთან, რადგან სწორედ ხელისუფალს აქვს ბერკეტი მომავალში.

__

Exit mobile version