მთავარი,სიახლეები

ქალის სილისგან ახალგაზრდა კაცი არც დავარდნილა, თავდასხმა კი უნდა იყოს სახიფათო – ინტერვიუ იურისტთან

07.05.2025 •
ქალის სილისგან ახალგაზრდა კაცი არც დავარდნილა, თავდასხმა კი უნდა იყოს სახიფათო – ინტერვიუ იურისტთან

„მზია ამაღლობელის საქმეზე“  კვალიფიკაცია არ არის დამაჯერებელი, მით უმეტეს, პატიმრობის გამოყენება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ევროსასამართლო დიდი ალბათობით ამ საქმეზე დაადგენს ევროკონვენციის მე-5 მუხლის [თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება] დარღვევას,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. მას „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ვკითხეთ: არის ჟურნალისტი უკანონო პატიმარი?

იურისტი ყურადღებას ამახვილებს ამ საქმის კვალიფიკაციაზე და განმარტავს, რომ თავდასხმა „ხიფათის შემცველი“ უნდა იყოს.

„მარტო განცხადება, რომ სილა გამარტყა და ტკივილი განვიცადე, მერე ამის გამო ციხეში ჩასვა ადამიანი, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა… კონკრეტულ შემთხვევაში, ქალის მიერ ჯანმრთელი, ახალგაზრდა კაცისთვის სილის გარტყმას არ მოჰყოლია დავარდნა, სხეულის დაზიანება ან სხვა შედეგი.

დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაში პოლიციელი განიცდიდა მხოლოდ მორალურ უსიამოვნებას. სილის გაწვნით, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, გარე დამკვირვებლისთვის არ და ვერ იქნება გასაგები, თუ რა ზიანი მიადგა მმართველობის წესს, პოლიციელის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საკუთრებას,“ – გვითხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ადვოკატი ასაბუთებს, რატომ არის უკანონო მზია ამაღლობელის პატიმრობა – „ბათუმელებმა“ არაერთი გახმაურებული სისხლის სამართლის ადვოკატთან, არჩილ ჩოფიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო არჩილ, ეთანხმებით შეფასებას, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია? თუ ეთანხმებით, როგორია თქვენი არგუმენტი? 

მე რა ინფორმაციაზეც მიმიწვდება ხელი, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თუნდაც ბრალდების კანონიერების და დასაბუთებულობის პირობებში მისცემდა სასამართლოს საშუალებას, რომ გამოეყენებინა ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ქალისთვის ერთი ეპიზოდური ქმედების გამო, რომლის ვიდეოჩანაწერიც არსებობს. ეს ფაქტი სადავო არ არის.

ამ საქმეში სადავოა მხოლოდ შეფასებები. ევროკონვენციის მე-5 მუხლის [თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება] და ევროსასამართლოს დადგენილი პრაქტიკის, ასევე ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით კი, პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ სხვა აღკვეთის ღონისძიება, მაგალითად, გირაო, ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს:

მაგალითად, გამოძიებას ხელი არ უნდა შეეშალოს და არ უნდა განადგურდეს მტკიცებულებები, ბრალდებული არ უნდა მიემალოს გამოძიებას და არ გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა. სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით კი, არ არის ისეთი გარემოება, რაც დაადასტურებს, რომ გამოძიებას ხელი შეეშლება, ან მოწმეებზე ზემოქმედება მოხდება. ასეთ საქმეში მოწმეები რას იტყვიან მეორეხარისხოვანია, როცა არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომელსაც ვერავინ შეცვლის. ეს ფაქტობრივი გარემოებები ვიდეოკადრზეა აღწერილი და ეს საფრთხე არ არსებობს.

მიმალვის საფრთხეს რაც შეეხება: მზია ამაღლობელი დაახლოებით 50 წლისაა და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას. ის არათუ ძალადობრივი დანაშაულისთვის ნასამართლევი არ ყოფილა, სამართალდარღვევაც კი არ ჰქონია.

მიმალვის საფრთხე რომც არსებობდეს, დღევანდელ პირობებში ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს ამ საფრთხის ნიველირებისთვის, მაგალითად, პასპორტის მოქმედების შეჩერება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს ბევრ დამატებით მექანიზმს იმისთვის, თუ თეორიული საფრთხე არსებობს, ამის ნიველირება მოსამართლემ შეძლოს.

  • მზია ამაღლობელს პატიმრობა გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდეს – მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სასამართლოს არ ჰქონდა დადგენილი, როცა სისხლის სამართლის მოსამართლე ადმინისტრაციულ საქმეს დაეყრდნო ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდების დროს. ეს რას აჩვენებს თქვენთვის? 

ევროსასამართლოს ნათქვამი აქვს, რომ დაპატიმრებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბრალდების სიმძიმე, მათ შორის, როცა ბრალდება არსებობს ორგანიზებულ დანაშაულებზე – შეკვეთილ მკვლელობებზეც კი, აქვს მსგავსი განმარტება ევროსასამართლოს.

პოლიციელზე თავდასხმა 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ევროსასამართლო განმარტავს, რომ მოსალოდნელი სასჯელის შიში არაა საკმარისი საფუძველი იმისთვის, კაცი ციხეში ჩასვა. ამას სჭირდება შესაბამისი დასაბუთება, რაც ჩვენ არ მოგვისმენია.

ჩემი შეფასებით, „მზია ამაღლობელის საქმეზე“  კვალიფიკაცია არ არის დამაჯერებელი, მით უმეტეს, პატიმრობის გამოყენება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ევროსასამართლო დიდი ალბათობით ამ საქმეზე დაადგენს ევროკონვენციის მე-5 მუხლის დარღვევას.

  • მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. თქვენ კვალიფიკაცია ახსენეთ. რატომ მიგაჩნიათ, რომ ის დაუსაბუთებელია? 

სისხლის სამართლის ავტორიტეტული კომენტარების და ზოგადი ანალიზითაც, 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულმა დანაშაულმა უნდა ხელყოს მმართველობის დადგენილი წესი [თავი XL დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ], დამატებით კი, პოლიციელის ჯანმრთელობა, სიცოცხლე ან საკუთრება. ანუ დანაშაულის ძირითადი ობიექტია – მმართველობის წესი.

ქალის მიერ ჯანმრთელი, ახალგაზრდა კაცისთვის სილის გარტყმას არ მოჰყოლია მისი დავარდნა, სხეულის დაზიანება ან სხვა შედეგი.

დიდი ალბათობით,  ამ შემთხვევაში პოლიციელი განიცდიდა მხოლოდ მორალურ უსიამოვნებას. სილის გაწვნით, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, გარე დამკვირვებლისთვის არ და ვერ იქნება გასაგები, თუ რა ზიანი მიადგა მმართველობის წესს, პოლიციელის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საკუთრებას.

თუნდაც გარეგნულად ეს ჰგავდეს დანაშაულს, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, შესაძლოა ფორმალურად შეიცავს კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

ჩემთვის ცნობილი ფაქტების გათვალისწინებით, დანაშაულად არ შეიძლება შეფასდეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედება.

  • პოლიციელმა დგებუაძემ თქვა, რომ სილის გაწვნის დროს ტკივილი განიცადა. როგორ უნდა დადასტურდეს ეს? 

სუბიექტურია  ტკივილის განცდა. შეიძლება განიცადა, შეიძლება – არ განიცადა.

ასე რომ, ტკივილი ობიექტურად უნდა შეფასდეს სამედიცინო დასკვნით: აისახა რამე დაზიანება თუ არა, ასევე, ეს ტკივილი რამეში გამოიხატა თუ არა? მარტო განცხადება, რომ სილა გამარტყა და ტკივილი განვიცადე და მერე ამის გამო ციხეში ჩასვა ადამიანი, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა.

  • თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დაზიანებულა. 

დიახ, ეს არის მნიშვნელოვანი.

თავდასხმად რომ შეფასდეს ქმედება, პოლიციელს უნდა მიადგეს ზიანი, თავდასხმა უნდა იყოს რეალური და სახიფათო, ეს ქმედება უნდა იყოს ხიფათის შემცველი და არა ის, რომ სილა გააწნა.

მოვისმინე სხვა იურისტების ნაწილის შეფასებაც, რომ ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. მე იმავეს ვერ ვიტყოდი. ზოგადი პრინციპია სამართალში, რომ შენი ხელების ქნევის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ჩემი სახე იწყება.

  • ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ისმის „დაზარალებული“ დგებუაძის ხმა, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 150-ე მუხლით რომ დააკავა. ეს მუხლი დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს, ამავე დროს, მოქალაქეებზე ძალადობს პოლიცია, როცა ისინი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებენ. 

გასაგებია, მაგრამ როცა პოლიციელი ძალადობს მოქალაქეებზე, არსებობს რეაგირების შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, გენინსპექცია და ასე შემდეგ.

ვერ გეტყვით, როგორ უნდა შეფასდეს ეს ქმედება [სილის გაწვნა], მაგრამ ეს არ არის პოლიციელზე თავდასხმა. ეს ბრალდება ძალიან დაუსაბუთებლად გამოიყურება. მით უმეტეს, როცა სისხლის სამართალში ერთი მტკიცებულება არ არის საკმარისი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მისაღებად. ირაკლი დგებუაძე რომ ამბობს მეტკინაო, ეს უნდა დასტურდებოდეს რაღაცით. ეს ვიდეოკადრებით ვერ დადგინდება.

მე არ ვიცნობ საქმის დეტალებს. შეიძლება, პატარა ნიუანსი იყოს და სურათს ცვლიდეს, მაგრამ არა მგონია, რაღაც განსაკუთრებული იყოს, რომელიც ძირითად შეფასებას შემიცვლიდა.

  • რაც შეეხება საქმის განმხილველ მოსამართლეს – ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და დასანქცირებულია „მზია ამაღლობელის საქმეზე“ მანამდე მიღებული გადაწყვეტილების გამო. ეს რამდენად არის პრობლემა? 

მეც მქონდა ამ მოსამართლესთან პროცესი და როცა განაჩენი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, ჩავწერეთ, რომ ეს არის კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა, როცა მოსამართლეს არ აქვს ჩაბარებული გამოცდა სისხლის სამართლის კვალიფიკაციით, რა კატეგორიის საქმესაც განიხილავს.

ეს არათუ უსამართლოა, აბსურდია. თუ ეს მოსამართლე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას „მზია ამაღლობელის საქმეზე“, ეს იქნება დიდი ალბათობით კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.

ამ თემაზე:

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: