რას ნიშნავს, როცა ელჩები პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებიან – „მსგავსი რამ აქამდე არ ყოფილა“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, 25 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციების და სასამართლო დავების ფონზე, მაინც აპირებს პარლამენტში შეკრებას. თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება პირველი სხდომა, რომელსაც არც ოპოზიცია დაესწრება და არც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები.

რაზე მეტყველებს ელჩების განცხადება, რომ ისინი არ დაესწრებიან „ოცნების“ მიერ მოწვეულ სხდომას და ის, რომ არც „ქართულმა ოცნებამ“ მოიწვია დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები სხდომაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა:

„არ ყოფილა მსგავსი რამ, რომ ელჩები არ დასწრებოდნენ პარლამენტის პირველ სხდომას. ელჩების დასწრება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ყოველთვის ესწრებიან ახალარჩეული პარლამენტის სხდომებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი დგას და „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არ დაესწრებოდნენ ელჩები, წინსწრებით გააკეთეს განცხადება, რომ თითქოს პირველ შეხვედრაზე ელჩები არ იქნებიან დაპატიჟებული.

თვითონ ელჩებმაც გააკეთეს განცხადება მანამდე, რომ ისედაც არ დაესწრებოდნენ ამ სხდომას, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან დაიძაბა ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის და ამ განწყობებს მკვეთრად გამოხატავენ.

რეალურად,  ხელისუფლების მხრიდან ეს არის იმის აღიარება, რომ მათ აკლიათ ლეგიტიმურობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, ის, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არცერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ არ მიულოცა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება.

„თუ არ ჩავთვლით უნგრეთის და სომხეთის ხელისუფლებას, დანარჩენი ქვეყნები ვინც მიულოცეს, მეზობელი ავტორიტარული სახელმწიფოებია. ბუნებრივია, ეს ლეგიტიმაციას ვერ უქმნის საერთაშორისო მასშტაბით.

როცა ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმურობის პრობლემა, ბუნებრივია ასეთ ხელისუფლების მიერ მოწვეულ სხდომას არ დაესწრებიან ელჩები.

თანაც ყველა ელოდება ეუთოს ბოლო დასკვნას, შუალედური დასკვნა აშკარად ამბობდა, რომ ეს არ იყო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, მაგრამ საბოლოო დასკვნით განსაზღვრავს ევროკავშირი და ბევრი სხვა აქტორი საქართველოსთან ურთიერთობას.

როგორც ვიცით, ევროკავშირმა გამოაგზავნა ტექნიკური მისია, რომელიც გამოარკვევს ამ დარღვევებს და იმას, თუ რა გავლენა ჰქონდა არჩევნების შედეგებზე ამ დარღვევებს. ანუ საბოლოო ვერდიქტი ჯერ გამოტანილი არ არის“, – ამბობს კაკაჩია.

როცა „ქართული ოცნებას“ ხელისუფლებას არ აქვს საერთაშორისო აღიარება, ქვეყნის შიგნით კი ასევე დგას ხელისუფლების არალეგიტიმურობის საკითხი, რამდენად რეალურია, რომ პირველი სხდომის ჩატარების და შეკრების მიუხედავად, ასეთმა პარლამენტმა არსებობა დიდხანს გააგრძელოს? – ვკითხეთ კორნელი კაკაჩიას.

მის თქმით, ეს კიდევ უფრო გამოიწვევს სიტუაციის გამწვავებას, რადგან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ამას არ შეეგუება.

„ასეც რომ მოხდეს, ისინი დაამთავრებენ ერთპარტიული პარლამენტით, რომელსაც ლეგიტიმურობის პრობლემა შეექმნება და ეს არის ძალიან სახიფათო არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის – რაც უფრო დანაწევრებულია, არალეგიტიმურია ხელისუფლება და პარალიზებულია ქართული საზოგადოება, მით უფრო ადვილია მასზე გავლენის მოხდება, თუნდაც რუსეთის მხრიდან.

ზუსტად ეს არის ის სურათი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას უნდა საქართველოში.

როცა ფაქტობრივად შენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარ არ გაღიარებს, საერთაშორისო თანამეგობრობა არ გაღიარებს, შენ ხარ გარიყული სახელმწიფო და ამას მოჰყვება არა მარტო პოლიტიკური და დიპლომატიური იზოლაცია, არამედ ეკონომიკური და სოციალურიც, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა პროგრამებზე, რომლითაც ეხმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას. ეს პროცესი გაგრძელდება.

და ყველაზე მთავარი არის ის, რომ თუ ეუთოს დასკვნაც იქნება კრიტიკული, არ არის გამორიცხული, რომ ვიზა ლიბერალიზაციაც შეჩერდეს. ამას არ სჭირდება ყველა სახელმწიფოს თანხმობა, საკმარისია 15-მა სახელმწიფომ დააინიციიროს და შეუჩეროს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია. ეს გამოიწვევს სერიოზულ რყევებს არა მარტო პოლიტიკური გაგებით, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასაც კიდევ უფრო დაძაბავს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 729 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420]
  • ტანკი – 9 419 ერთეული [+20]
  • ჯავშანტექნიკა – 19 192 ერთეული [+36]
  • საარტილერიო სისტემა – 20 760 ერთეული [+24]
  • MLRS – 1 254 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 004 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 365 ერთეული [+105]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 764 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 29 850 ერთეული [+73]
  • სპეცტექნიკა – 3 678 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 559 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 491 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 492 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 405 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 661 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და უთხრეს, სარაკეტო თავდასხმაზე არ ესაუბრა, ზარი მიკროფონებმა ჩაიწერეს

პუტინის თქმით, რუსეთმა დნიპროში „უახლესი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა“

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ“ – მოქალაქე | ვიდეო

„ხელვაჩაურში, ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მივედი, თანამდებობის პირებმა ჩემზე ფიზიკურად იძალადეს, სახეში შემაფურთხეს, შემაგინეს, დამემუქრნენ და გამომაძევეს,“ – ამბობს მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე.

ის, რასაც მოქალაქე ამბობს, დასტურდება ვიდეოჩანაწერითაც. ობიექტური მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა.

მოქალაქე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში 18 ნოემბერს ხელვაჩაურის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე მივიდა. განხილვაზე მისული თორნიკე ქავთარაძე თანმხლებ ორ პირთან ერთად დარბაზიდან გააძევეს. მოქალაქეებს ბიუჯეტის განხილვაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.

„კამერები არ იყოს, სხვანაირად დაგელაპარაკებოდი“, „ხულიგანი ხარ, ენას ნუ ატლიკინებ“, „ტუტუცი ბაღანა ხარ,“ – მიმართავს მოქალაქე თორნიკე ქავთარაძეს ხელვაჩაურის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, იოსებ ბოლქვაძე.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, მას თავდაპირველად ააიპ „ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის“ დირექტორმა, ფარნაოზ თედორაძემ დარბაზში, სადაც ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ და ადამიანები იკრიბებოდნენ, სახეში შეაფურთხა, დაემუქრა და შეაგინა. ხელვაჩაურის მერის მოადგილემ გიორგი ქარცივაძემ და ააიპ„ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა, პაატა ზაქარაძემ კი, დარბაზიდან გამოძევების დროს მასზე ფიზიკურად იძალადეს.

მოქალაქის თქმით, ხელვაჩაურის საკრებულოს აპარატის წევრმა, იოსებ ბოლქვაძემ მას დარბაზიდან გამოძევების შემდეგ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

დარბაზიდან გამოძევების შემდეგ თორნიკე ქავთარაძეს აგრესიულად მიმართავს კიდევ ერთი თანამდებობის პირი – ააიპ „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ ხელმძღვანელი ირაკლი კარანაძე. ის რამდენჯერმე იმეორებს: „რატომ მიღებ?“

ხელვაჩაურში საჯარო მოხელეებმა მოქალაქეს სცემეს და აგინეს. ის ბიუჯეტის პროექტის  განხილვაზე მივიდა

თორნიკე ქავთარაძე ის მოქალაქეა, რომელიც 2023 წელს „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ მოსახლეობას ფული გამოსძალა, „ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, არის კორუმპირებული – ამ სიტყვებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა დამაკავა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ კი, ფეხები მირტყა თავისა და ტანის არეში“, – გვითხრა მაშინ თორნიკე ქავთარაძემ.

ვიდეო, რომელიც თორნიკე ქავთარაძის თანმხლებმა პირმა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში 2024 წლის 18 ნოემბერს გადაიღო, ჩანს, რომ თორნიკე ქავთარაძეს აგინებს და ემუქრება „სასპორტო სკოლის დირექტორი“, თორნიკე ქავთარაძეს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ დარბაზს და უკანონოდ სთხოვენ მობილურის გამორთვას. ჩანაწერში ჩანს კიბეზე ჩასვლის დროს, როგორ ძალადობენ საჯარო მოხელეები ისევ მოქალაქეზე.

„დაპირისპირება ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში მოჰყვა იმას, რომ არ უნდათ კრიტიკის მოსმენა,“ – გვიყვება მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე. – „ჩვენ მანამდე ვამხილეთ ხელვაჩაურის მერია, როგორ ხდებოდა გამოძალვა… დარბაზში როცა შევედით, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძემ გვითხრა, დატოვოთ უნდა დარბაზიო. თან მახლდა, მაგალითად, ტარიელ ბარამიძე, რომელიც ამ დრომდე ქოხში ცხოვრობს და არავინ ყურადღებას არ აქცევს. ვუთხარი, რომ პრობლემებზე სალაპარაკოდ ვიყავი მისული, მაგრამ მათ კრიტიკის მოსმენა არ სურდათ. ქარცივაძემ შეხვედრის დაწყებამდე მოიყვანა პარტაქტივი და მოაწყვეს პროვოკაცია, მაგრამ თავად აღმოჩნდნენ ამ პროვოკაციის მსხვერპლი.

იქვე, ჩემზე ძალადობის შემდეგ, მოვიდა პოლიცია, რომელმაც ოქმიც კი არ შეადგინა, წარმოგიდგენიათ? ეს არის ზონდერპოლიცია, რომელიც მხარს უჭერს გამომძალველ და კორუმპირებულ მერს, ასევე მის მიერ დანიშნულ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამორალურად მოქმედებენ რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ.

გამომიგზავნეს უწყება გამოკითხვაზე, მაგრამ პოლიციაში არ მივედი, ცუდი გამოცდილება მაქვს – ჩემ შესახებ „ბათუმელები“ წერდა, როგორ გამისწორდნენ პოლიციის განყოფილებაში ზონდერ ჯგუფები პოლიციის უფროსის ჩართულობით. პოლიციას გავუგზავნე ჩემი განცხადება და ვიდეოჩანაწერი, სადაც აღწერილია საჯარო მოხელეების მხრიდან ძალადობა.

გამოძიება დაიწყო მუქარის მუხლით, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ფიზიკური ძალადობაც – პაატა ზაქარაძე და გიორგი ქარცივაძე იღებდნენ ჩემს გამოძევებაში მონაწილეობას, კიბეზეც ძალით ჩამომიყვანეს, ეს იყო მტკივნეული…

მეორე დღეს კიდევ მივედი, ისევ იყო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და არ შემიშვეს, ადგილი არ არისო. სპეციალურად საჯარო მოხელეებით წინასწარ ავსებენ დარბაზს. აღარ შეგვიშვეს დარბაზში საერთოდ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თორნიკე ქავთარაძემ.

„კარგად ბრძანდებოდეთ“ – მხოლოდ ეს უთხრა „ბათუმელებს“ ფარნაოზ თედორაძემ, ააიპ „ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის“ დირექტორმა. მას ტელეფონით დავუსვით კითხვა მოქალაქეზე ძალადობის შესახებ: გამოჰკითხეს თუ არა საგამოძიებო ორგანოში?

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, გიორგი ქარცივაძემ. ჩვენს სატელეფონო ზარებს არც პაატა ზაქარაძემ უპასუხა.

რა რეაგირება მოჰყვა ხელვაჩაურში მოქალაქეზე თანამდებობის პირების მხრიდან მუქარას და ძალადობას? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

შსს-ს გარდა, მსგავს შემთხვევაზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება უნდა დაეწყო ხელვაჩაურის მერიასაც. რა რეაგირება მოჰყვა ხელვაჩაურის მერიაში თანამდებობის პირების მხრიდან კანონის დარღვევას? – ინფორმაციის მოწოდებას ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრშიც დაგვპირდნენ, თუმცა უშედეგოდ.

სტუდენტების წიგნის კაფე ბათუმში – „გვინდა ბიზნესს მაგალითი მივცეთ, რომ მხარი დაუჭირონ სტუდენტებს“

ხატია ფუტკარაძემ და ლუკა დუმბაძემ თავიანთი პირველი ბიზნესი ერთი თვის წინ დაიწყეს. ბათუმში, ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კუთხეში გახსნეს Book Cafe/წიგნის კაფე, რომელიც პირველი სტუდენტური კაფეა ქალაქში.

„ჯანსაღი კვება, სამუშაო სივრცე და ლიტერატურა“ – ამ კონცეფციაზე ააწყვეს კაფე ხატიამ და ლუკამ.

„დიდი ხნის სურვილი იყო საკუთარი საქმე გვქონოდა. წლების განმავლობაში ვფიქრობდი მსგავსი ტიპის კაფეს გახსნაზე, მაგრამ სანამ ხატიას არ შევხვდი, მანამდე იდეა საქმედ ვერ ვაქციე. კაფეს კონცეფცია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩამოვაყალიბეთ, რადგან თავად არ გვქონდა ისეთი სივრცე, სადაც თან ვისწავლიდით, თან ვიმუშავებდით და თან თავისუფლად ვიქნებოდით“, – ამბობს ლუკა დუმბაძე.

კარგი ყავა, გემრიელი, ჯანსაღი საკვები და კარგი ლიტერატურა – აი, რა დახვდება Book Cafe-ში მისულ სტუმარს.

„ჩვენი ბიზნეს მოდელი მორგებულია სტუდენტებზე. ამიტომ თითოეულ კომპონენტში გავითვალისწინეთ სტუდენტები. ჩვენი სამუშაო სივრცე უფასო გავხადეთ ყველა სტუდენტისთვის და შემოსავლების მიღება გადავწყვიტეთ მხოლოდ იმ პროდუქციით, რომელსაც კაფე აწარმოებს.

გვინდოდა ისეთი მყუდრო გარემოს შექმნა, სადაც სტუდენტი მშვიდად მუშაობას შეძლებდა. შემდეგი ამოცანა იყო ზუსტად შეგვერჩია ის ლიტერატურა, რომელიც სტუდენტებისთვის იქნებოდა აუცილებელი, ამიტომ სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით შევძელით შეგვევსო მსოფლიო ლიტერატურა და ის ლიტერატურა, რომელიც სწავლის პროცესში შეიძლება დასჭირდეთ სტუდენტებს.

ასევე, სტუდენტური ბარათის შემთხვევაში სტუდენტები კაფეში 35 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სრულ პროდუქციაზე“, – ამბობს ხატია ფუტკარაძე.

ხატია და ლუკა ბსუ-ს სტუდენტები არიან, მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობენ.

14 ნოემბერს ბსუ-ში სტუდენტური პროტესტი დაიწყო. სტუდენტები გაყალბებულ არჩევნებს და წინასაარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის სასარგებლოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ჩართულობას აპროტესტებენ.

8 დღე და ღამეა სტუდენტთა ერთი ჯგუფი ღამეს უნივერსიტეტში ათევს პროტესტის ნიშნად. ხატიამ და ლუკამ გადაწყვიტეს თავიანთი წვლილი შეეტანათ ამ პროცესში, მათი მხარდაჭერა სტუდენტებისადმი საკვების და წიგნების მიტანაში გამოიხატა.

„დამწყები ბიზნესისათვის მსგავსი აქტივობის გაკეთება საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენ გვინდოდა იქ ვყოფილიყავით, სადაც ჩვენი მეგობრები და სტუდენტები არიან,“ – ამბობს ლუკა დუმბაძე.

„ჩვენც სტუდენტები ვართ და გვინდოდა ასე გამოგვეხატა სტუდენტებისათვის გვერდში დგომა. ჩვენი მიზანია სტუდენტები გავამხნეოთ, ამასთან, კომპანიებს მივცეთ მაგალითი და მოვუწოდოთ, რომ ჩაერთონ მსგავს აქციებში.

ჩვენი მხარდაჭერა სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი იქნება თუ ბევრი კომპანია მოგვბაძავს და დაეხმარება სტუდენტებს, რადგან ახლა სტუდენტების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ხატია ფუტკარაძე.

"გვინდა ბიზნესს მაგალითი მივცეთ, რომ მხარი დაუჭირონ სტუდენტებს" - წიგნების კაფე სტუდენტებისთვის

ბსუ-ს პროფესორი: კბილებით იჭერენ უნივერსიტეტებს. ვისურვებდი მეტ გამბედაობას, ყველას ვერ მოხსნიან

„ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გეოპოლიტიკური ბრძოლა, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, არ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის რკალში,“ – მიიჩნევს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი. მან გაფიცულ სტუდენტებს მხარდაჭერის ნიშნად ბსუ-ს ფოიეში საჯარო ლექცია ჩაუტარა.

პროფესორს არ უკვირს ის, რომ სტუდენტების ნაწილმა პროტესტის მძიმე ფორმა აირჩიეს – ღამის თევა უნივერსიტეტში. ლაშა ბაჟუნაიშვილთან ინტერვიუ ხელისუფლებაზე საუბრით დავიწყეთ: რა ფორმით ცდილობს ხელისუფლება სტუდენტური პროტესტის ჩახშობას? რა შეიცვალა მას შემდეგ, როცა, მაგალითად, წინა ხელისუფლება ბსუ-ში სპეცრაზმით შევიდა, თუმცა ეს შემთხვევაც კი, ახალმა ხელისუფლებამ არ გამოიძია – პირიქით, თსუ-ს ეზოში დააბანაკა სპეცრაზმი, მშვიდობიანი მომიტინგეების დასარბევად.

„ბათუმელებმა“ ასოცირებულ პროფესორთან, ლაშა ბაჟუნაიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ლაშა, რა შეგიძლიათ თქვათ სტუდენტების პროტესტზე, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ათევენ ღამეს. თქვენ მათ საჯარო ლექცია წაუკითხეთ ევროპის თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტური პროტესტი? 

პროტესტის ეს ფორმა შედარებით უკიდურესია, მაგრამ იგი გამოძახილია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა. ეს სტუდენტების ბუნებრივი რეაქციაა, ვინც ფიქრობს ქვეყნის მომავალზე. სხვა სტუდენტების გამოძახილიც საქართველოს მასშტაბით აჩვენებს, რომ პრობლემა ნამდვილად ღრმაა – მოსახლეობის დიდი ნაწილი განიცდის და ხედავს საქართველოს მომავალს არა ნათელ, არამედ ძალიან მუქ ფერებში, ძალიან ცუდი პერსპექტივით.

ჩემი ლექცია, პირველ რიგში, მხარდაჭერის გამოხატვა იყო. კარგია, რომ ასეთი ფორმით მიმდინარეობს ეს საპროტესტო აქცია, როცა საჯარო ლექციებიც ტარდება. ჩემი ლექცია ეხებოდა მარადიული მშვიდობის კონცეპტს ევროპაში – თეორია მოქმედებაში.

ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ საკითხზე, როგორიცაა ჭეშმარიტი მშვიდობა, რასაც მიაღწია ევროპულმა საზოგადოებამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გვქონდა კვეთა თანამედროვეობასთან, როცა, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება პირიქით ევროპელ პარტნიორებს აბრალებდა ომის გაჩაღებას. ამ დროს მშვიდობის პროექტი ნამდვილად არის ევროპა და აბსურდიც კია, ევროკავშირი კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მქონე სახელმწიფოს უბიძგებდეს ომში ჩართვას ისეთი გიგანტური და აგრესიული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია.

  • თქვენ 2007 წელსაც მუშაობდით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როცა იქ სპეცრაზმი შემოვიდა. დღეს ხელისუფლებამ თსუ-ს ეზოში გააჩერა სპეცრაზმი, რომ შემდეგ მშვიდობიანი დემონსტრანტები დაერბიათ. რამდენად იცვლება ხელისუფლების დამოკიდებულება, როცა სტუდენტები იწყებენ პროტესტის გამოხატვას? 

ეს ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში. წლები გადის და არაფერი იცვლება, პირიქით, უარესდება. 2007 წელი იყო ტრაგიკული წელი ამ კუთხით. ჩვენ გვახსოვს ბათუმის უნივერსიტეტი, სადაც შემოიჭრნენ, სცემეს სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს. დღეს ვხედავთ თსუ-ს, რომელსაც იყენებენ, როგორც ბაზას. ხვალ რისთვის გამოიყენებენ, არავინ იცის.

ჩემს საჯარო ლექციაზე ბსუ-ში მოვიყვანე 1974 წლის საბერძნეთის მაგალითი – ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში საბერძნეთის შავი პოლკოვნიკების მაშინდელმა დიქტატორულმა რეჟიმმა დაარბია ისეთივე სტუდენტები, როგორც ახლა ბათუმში არიან შეკრებილი და გამოხატავენ პროტესტს – ისინიც უნივერსიტეტში ათევდნენ ღამეს. თუ არ ვცდები, 20 დღე აპროტესტებდნენ რეჟიმს, რჩებოდნენ უნივერსიტეტში და შემდეგ რეჟიმმა დაარბია. ამ რეჟიმის 1975 წელს ჩამონგრევა დემოკრატიული ძალების მხრიდან დაიწყო სწორედ სტუდენტების დარბევით.

ლაშა ბაჟუნაიშვილის საჯარო ლექცია ბსუ-ს გაფიცულ სტუდენტებთან

რაც მთავარია: ამ პროცესების შემდეგ უნივერსიტეტებმა საბერძნეთში მიიღეს ხელშეუხებელი ავტონომია. მე 2010 წელს ვსწავლობდი საბერძნეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, იქ მოქმედებდა წესი და ახლაც მოქმედებს, რომ პოლიციას არ შეუძლია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე ფეხი შედგას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იმ შემთხვევაშიც კი, როცა გარკვეული კრიმინალის არსებობაა საეჭვო.

როცა ჩვენი ქვეყანა დაადგება ჭეშმარიტი დემოკრატიზაციის გზას და ევროინტეგრაციას გააგრძელებს, ეს მწარე გაკვეთილები უნდა იყოს გამოყენებული, რომ მსგავსი საკითხები საბოლოოდ გადაიჭრას უმაღლესი სასწავლებლების სასარგებლოდ. სამომავლოდ იქ არ უნდა შეიჭრას სპეცრაზმი ტაქტიკური თუ ოპერატიული მოქმედებების დასაგეგმად, თუ განსახორციელებლად.

ეს არის, რა თქმა უნდა, უდიდესი კრიტიკის და პასუხისმგებლობის საგანი, ვინც დაუშვა თსუ-ს ტერიტორიაზე სპეცრაზმი, რომელმაც შემდეგ დაარბია მშვიდობიანი აქცია.

  • რას აჩვენებს ის, რომ 2007 წელს უნივერსიტეტში შეჭრის ამბავი დღემდე არ არის გამოძიებული, არავინ დაუსჯიათ… 

ეს ჩემთვის აჩვენებს იმას, რომ არაფერი შეცვლილა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება  2012 წელს მოვიდა, მოვიდა იმით, რომ უნდა შეეცვალა ძალადობრივი ელემენტები… 2007 წელი საბედისწერო შეცდომა იყო, მაგრამ დავითვალოთ, რამდენი წელი გავიდა? მე სახელებით და გვარებით დაგიდასტურებთ იმას, რომ, მაგალითად, დავით ბედია იყო სამმართველოს უფროსი, რომელსაც პირადად შევხდით 2007 წელს, შუამავლად მივედით, იქნებ თავიდან ავირიდოთ-მეთქი, ქუჩის ბოლოში შედგა ეს შეხვედრა. ცინიკურად გამოგვიშვა და პირიქით, დაგვემუქრა, ნახეთ, რაც მოგივათო.

და ვნახეთ, რაც მოხდა…

სამწუხაროდ, ეს ბედია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააწინაურა – შსს-ს ერთ-ერთ სამმართველოში გადაიყვანეს და შემდეგ დააწინაურეს კიდეც.

მე ვერ ვავლებ გამყოფ ხაზს 2012 წლამდე არსებულ ძალადობრივ პოლიტიკურ მეთოდებსა და თანამედროვე მეთოდებს შორის – ეს მიდგომა უფრო მეტად გაუარესდა, რადგან კანონი შეცვალეს.

ახლა კანონის უზენაესობა ფეხქვეშ ითელება: როდესაც პოლიტიკური ნიშნით განსხვავებული აზრის მქონე პირის მიერ ჩადენილი გადაცდომა ისჯება ძლიერი სასჯელით, ხოლო სახელისუფლებო წრეებიდან თუ ვინმე ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ნულია რეაგირება, აბსოლუტური წაყრუებაა. პირიქით, ეს ადამიანები ხალისდებიან ხელისუფლების მხრიდან ახალი ძალადობისთვის.

  • რა ფორმით ახერხებს უნივერსიტეტი ჩაახშოს პროტესტი? სტუდენტები საუბრობენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, რასაც აჩვენებდა წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი შემთხვევაც: „ოცნების“ კანდიდატი ბსუ-ს სტუდენტურ პროექტის ფარგლებში შეხვდა და მათ სიგელებიც გადასცა. 

რა თქმა უნდა, ჩანს ყველაფერი, რასაც ადმინისტრაცია ცდილობს, თუმცა ყოველთვის არსებობდა უნივერსიტეტში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა. აქ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ერთ-ორი პროფესორი, ან ადმინისტრაციიდან რამდენიმე კაცი დაუჭერს მხარს თუ არა პროტესტს, რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია პრეცედენტის არდაშვება, რომ რომელიმე საჯარო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პროტესტს მხარი არ დაუჭიროს – შემდეგ ეს გახდება სისტემის რყევის მაჩვენებელი.

ამიტომაცაა, რომ კბილებით იჭერენ უნივერსიტეტებს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენად დიდია ზეწოლა, რომ მსგავს სიტუაციებში არათუ მხარდაჭერა, სიმპათიის დემონსტრირება არ მოხდეს.

ვისურვებდი მეტ გამბედაობას. ამ ქვეყანაში ყველას ვერ მოხსნიან, ყველას ვერ დასჯიან, ყველას ვერ დაიჭერენ. ადამიანურ ფაქტორს სჭირდება გადალახვა. ეს ის მომენტია ერის ისტორიაში – კრიტიკული მომენტი, როდესაც ერი იწყებს კარდინალურად შემოტრიალებას გარკვეული, დიდი ცვლილებისთვის. როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ ამ კუთხით გარკვეული ნაწილი არ არის მზად, ამჯობინებს ამ წნეხის ქვეშ ყოფნას.

მესმის ისიც, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაშიც ბევრი ღირსეული ადამიანია, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, მკვეთრად არ მოხდეს ის, რაც სხვა შემთხვევებში გვინახავს, თუმცა ბათუმშიც ვნახეთ საარჩევნოდ, „ოცნების“ პარტიულ ყრილობაზე როცა კონკრეტული პირები დააფიქსირეს.

თქვენ ახსენეთ „კრიტიკული მომენტი“. რა ეტაპია ეს ახლა ჩვენი ქვეყნისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი პროტესტის გამოხატვა? 

ეს არის ეტაპი, როცა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის. ეს უკავშირდება ევროატლანტიკურ, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი უსაფრთხოება სწორედ გარანტირებული უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი, ფარი იქნება ქვეყნისთვის.

მე ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, ის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. მას უფრო ძლიერი ინსტრუმენტებიც აქვს, რომელიც სცილდება ქვეყნის საზღვრებს, ვგულისხმობ კრემლისა და რუსეთის მხარდაჭერას.

ეს არამხოლოდ რეჟიმის შეცვლაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გეოპოლიტიკური ბრძოლა, თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას, არ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის რკალში.

  • ეს ნიშნავს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხს? 

დიახ, ეს ერთგვარი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა. მე ძალიან ვშიშობ, რომ თუკი ჩვენ ვერ შევძლებთ გავარღვიოთ ეს რკალი, ფორმალურად გვექნება დამოუკიდებლობა და ბევრ ნაწილში დავკარგავთ დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე აისახება. ეს აისახება ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე.

განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ ვაზვიადებ: აქ ვინმე არ შეგიშლით ხელს მაღალი შენობების აშენებაში, იმაში, რომ ვინმემ გზა გაიყვანოს, მაგრამ დავკარგავთ, მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის სადერეფნო ფუნქციას, დავკარგავთ განვითარების დინამიკას. ამას მოჰყვება უდიდესი ფინანსური ზარალი. მაგალითად, ანაკლიის პორტი უკვე აშენებული რომ იყოს და ოპერირებაში გაშვებული, წარმოგიდგენიათ რამდენი დასაქმების ადგილი იქნებოდა? რამდენი ახალი სატერმინალო კომპანია იქნებოდა?

  • თქვენი აზრით, რა არის ამ პროცესში მთავარი, როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ თავი დავაღწიოთ რუსეთს? 

მთავარი ხალხის ძალაა. ჩვენ მეტი არაფერი დაგვრჩენია.

ვხედავ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ოპოზიციის მხრიდან მას შემდეგ, რაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს. არ მიკვირს შეხლა-შემოხლა პოლიციასთან, რომელიც სხვადასხვა პროვოკაციული გზით ცდილობს დემონსტრანტების გამოწვევას.

არ მიკვირს გაბრაზებაც, როცა სამართალდამცველები გადაჭარბებით იყენებენ ძალას. როცა ხელისუფლება აცხადებს რადიკალურია ოპოზიციაო, ეტყობა, მათ არ იციან, რა შეიძლება იყოს რადიკალური ფორმები პოლიტიკური ბრძოლის, ან ქუჩაში ბრძოლის, არც „ყვითელი ჟილეტების მოძრაობის“ აქციები, როგორც ჩანს, აქვთ ნანახი საფრანგეთში…

ხელისუფლება ცდილობს ხელის გადაგრეხას – არანაირი მოლაპარაკების მცდელობა, არანაირი პირობა. ამიტომაც ვერ ვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ივანიშვილი იყენებს სურვილისამებრ…

ვფიქრობ, რაც არის საჭირო, ეს შიდასაზოგადოებრივი, მაქსიმალური ზეწოლაა და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, დაგვიანებულიც კია ღონისძიებების გატარება თავაშვებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სანქციების ნაწილში მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რათა მოხდეს ამ მონოლითური სისტემის რღვევა, შემდგომში ყინული რომ დაიძრას ამ რეჟიმის უკან დასახევად და დასამარცხებლად.

ბათუმში 23 ნოემბერს საპროტესტო მარში იგეგმება – „გააუქმე გაყალბებული არჩევნები“

ხვალ, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები ბათუმში საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ.

მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით გაიმართება.

საპროტესტო მსვლელობის მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

ქარდი, რომელსაც ბათუმში ოპოზიცია ავრცელებს

„ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ – საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდში

დღეს, 22 ნოემბერს, ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, მათი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა.

ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

„ძალიან დიდი მუხტია ქალაქში, ვმოძრაობთ და გზადაგზა ხალხი გვიერთდება. ძალიან ბევრი ადამიანია ამ დროისთვის ქუჩაში გამოსული. ვფიქრობ, ეს საპროტესტო განწყობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ქუჩებს არ ვკეტავთ, მაგრამ დისკომფორტს ვქმნით. ძალიან სოლიდარულია ხალხი ამ პროტესტის მიმართ და ბევრი გვიერთდება“, – ამბობს მიხეილ მესხი.

საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდის ცენტრიდან დაიწყო და ახლა ხალხი ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდება.

„მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ – საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდში.

დღეს ზუგდიდის გარდა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართება თბილისშიც.

ავტოავარია მოხდა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე

დღეს, 22 ნოემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზიანდა გზის გამყოფი მოაჯირი.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაიწყო.

2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი

აჭარის მთავრობამ არაფინანსური აქტივების ნაწილში გაწერილი გეგმა ვერც 2024 წელს შეასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ საპრივატიზებო ქონება ვერ გაასხვისეს. მიუხედავად ამისა, მთავრობა ბიუჯეტის ამ ნაწილში პროგნოზს ყოველ ჯერზე ჯიუტად ზრდის.

2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, არაფინანსური აქტივების კლების გეგმა 54 მილიონით განსაზღვრეს, თუმცა ფაქტობრივმა შესრულებამ 17 მილიონ 253 ათას 900 ლარი შეადგინა, ეს კი გეგმის 32 პროცენტია.

არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშში განმარტავს, რომ  საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება.

„სამინისტროს მიერ განსაკარგად გათვალისწინებული ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადდა აუქციონები, მათ შორის რიგ ქონებაზე – არაერთგზის, რომლებიც არ შედგა განაცხადების შემოუსვლელობის გამო“ – წერს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს სამ კვარტალში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 790 500 ლარი, ხოლო მიწის  გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 16,5 მილიონი ლარი შეადგინა.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსავლების პროგნოზი – 655 მილიონი ლარით, მათ შორის არაფინანსური აქტივების ცვლილება 42,6 მილიონი ლარით განსაზღვრეს. სახელმწიფო აუდიტი ვარაუდობს, რომ ასეთი დაგეგმვა 2025 წლის ბოლოს ბიუჯეტში ნაშთის გაზრდას გამოიწვევს.

აუდიტი განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, მხარჯავმა დაწესებულებებმა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გაითვალისწინონ პროექტების განხორციელების მიმდინარეობის როგორც წინა გამოცდილება, ასევე დასაგეგმი წლისათვის მოსალოდნელი აქტივობების მასშტაბი და ამაზე დაყრდნობით განსაზღვრონ მომდევნო წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა, იმისათვის, რომ ოპტიმალურად გადანაწილდეს თანხები და 2025 წლის ბოლოს მოცულობითი საბიუჯეტო რესურსი აუთვისებელი არ დარჩეს.

აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით შემოსულობები 770 მილიონ ლარი, ხოლო გადასახდელები 850 მილიონი ლარია – 2024 წლის გეგმასთან შედარებით ორივე მაჩვენებელი იზრდება.

აუდიტი წერს, რომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გადასახდელების გეგმური მაჩვენებელი შემოსულობებს  80 მილიონი ლარით აჭარბებს. შესაბამისად, მთავრობა ამ თანხის დაფარვას ბიუჯეტის ნაშთიდან გეგმავს, ამიტომაც2025 წლის ბოლოს ბიუჯეტის ანგარიშზე თავისუფალი ნაშთი არ უნდა იყოს.

თუმცა, აუდიტი ვარაუდობს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის გადასახდელების 10 თვის ფაქტობრივი შესრულებისა [59.4%] და 2023 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით არსებული თავისუფალი ნაშთის გათვალისწინებით [132,68 მილიონი ლარი] მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ბოლოს ნაშთი 80 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

აუდიტი გასული წლის ბოლოს, 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროსაც წერდა, რომ აჭარის მთავრობა გარკვეულ შემთხვევებში პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ჭარბი ფულადი რესურსით გეგმავს. ეს წლის განმავლობაში ბიუჯეტში ნაშთის დაგროვებას უწყობს ხელს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ათვისების დაბალი მაჩვენებელიც არის.

ამის გათვალისწინებით აუდიტი მკაფიო რეკომენდაციას აძლევდა აჭარის მთავრობას, ყურადღება მიექცია ფინანსური რესურსის დროული ათვისებისთვის, რომ საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილი წლის ბოლო თვეში არ დახარჯულიყო და არ გაზრდილიყო ნაშთი გადასახდელების გეგმის შეუსრულებლობის გამო.

მიუხედავად ამისა, აჭარის მთავრობა, განსაკუთრებით არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსულობებს, ბოლო წლების ტენდენციების საფუძველზე არ განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩამორჩენა ფიქსირდებოდა 2022 და 2023 წლებში. იგივე ვითარებაა 2024 წლის ბოლოსაც.

2025 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით „არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლით მისაღები შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 115 მილიონი ლარით განსაზღვრეს, რაც 2 მილიონ 350 ათასი ლარით [2,1 პროცენტით] აღემატება 2024 წლის გეგმურ მაჩვენებელს, 3.1-ჯერ 2023 წლის ფაქტს და 3.3-ჯერ  2022 წლის ფაქტს.

„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 10 თვეში არაფინანსური აქტივების კლების მუხლიდან რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 18 მილიონ 438 ათასი 900 ლარი, რაც წლიური გეგმის 16.4%-ია. გამომდინარე იქიდან, რომ საპრივატიზებო აქტივების მოცულობა ბოლო პერიოდში არსებითად არ შეცვლილა, არაფინანსური აქტივების კლებით მისაღები შემოსულობების ასეთი მოცულობით დაგეგმვა მეტ დასაბუთებას საჭიროებს“, – აცხადებს აუდიტი.

უმაღლეს საბჭოში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით შეასრულა, რასაც ვერ ვიტყვით ხარჯვით ნაწილზე.

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი 764 მილიონ ლარითაა განსაზღვრული, მომავალი 2025 წლის ბიუჯეტი კი, პროექტით 850  ლარი იქნება და ის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის იანვრამდე უნდა დაამტკიცოს.

ბიუჯეტის პროექტი დღეს მოქმედი უმაღლესი საბჭოს კომისიებში უკვე განიხილება. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას, უსკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები 18 ნოემბერს შეაჯამა.

უსკოს ინფორმაციით, „ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში [ანუ 26 ნოემბრამდე] და მას გახსნის უსკოს თავმჯდომარე“.

თუმცა, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, შესაბამისად არც უმაღლეს საბჭოში აპირებენ შესვლას. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს:

___

რას ითხოვს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?

 

შეაჩერეს ცენზურის გამო მურაკამის გაყიდვა? – გამომცემლობის განმარტება

მომხმარებელი ფეისბუქში წერს, რომ ცენზურის კანონის გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ მიიღო, წიგნის მაღაზიათა ქსელიდან თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის წიგნები ამოიღეს. სულაკაურის გამომცემლობა კი მურაკამის წიგნების გაყიდვის შეჩერებას ცენზურის კანონს არ უკავშირებს.

„მურაკამი მოვიკითხე ბიბლუსში და რეგულაციების გამო ამოგვაღებინეს გაყიდვიდანო. გამაღვიძეთ ვინმემ“, – წერს ერთ-ერთი მკითხველი სოციალურ ქსელში.

„ბათუმელები“ წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია.

„ბიბლუსში“ დაგვიდასტურეს, რომ წიგნის გაყიდვა შეჩერებულია.

„კი, ასეა. რამდენიმე დღეა თვითონ სულაკაურის გამომცემლობას აქვს დროებით შეჩერებული გაყიდვის უფლება და ალბათ ეს საკითხი მათთან უნდა დააზუსტოთ, რატომ“, – გვითხრეს „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

ამავე ქსელის ერთ-ერთ ფილიალში კი დაგვიდასტურეს, რომ მურაკამის წიგნები აქვთ, მაგრამ გამომცემლის მოთხოვნით მაღაზიიდან აიღეს – „წიგნები გვაქვს, მაგრამ გაყიდვის უფლება არ გვაქვს“.

მათ ვკითხეთ, ჰარუკი მურაკამის გარდა კიდევ ხომ არ არის რომელიმე სხვა მწერლის წიგნების გაყიდვაც შეჩერებული, რაზეც გვითხრეს, რომ მსგავსი მოთხოვნა, ჯერჯერობით, მხოლოდ მურაკამის წიგნებზე მიიღეს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სულაკაურის გამომცემლობას, სადაც გვითხრეს, რომ მურაკამის ქსელიდან ამოღება ცენზურის კანონს არ უკავშირდება.

„არა, ახალი წიგნი გამოვეცით მურაკამის და პირიქით, განახლებას ვაკეთებთ. ახალ ყდებს ვუკეთებთ, თორემ შეჩერებული არ არის. ცენზურასთან არაფერ შუაშია, უბრალოდ, ახალი წიგნი გამოვეცით ახლა მურაკამის, კიდევ ერთი მზადდება და ყდების განახლება ხდება, დიზაინს ვუცვლით, ამიტომ არის შეჩერებული, შემდეგ ისევ გავა ქსელში“, – გვითხრა სულაკაურის წიგნის გამომცემლობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ ჩხაიძემ.

დაზუსტების მიზნით გამომცემლობას ვკითხეთ, ყდის განახლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უკვე გამოცემული და ქსელში გატანილი წიგნის გაყიდვა შეაჩერონ?

„კი, მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვთანამშრომლობთ უცხოურ სააგენტოსთან, საავტორო უფლებებს ვყიდულობთ და არც ერთი წიგნი არ გვაქვს გამოცემული ლიცენზიის გარეშე. გვაქვს ვალდებულება სააგენტოსთან და მთელი რიგი პროცედურებია.

ვაახლებთ ხელშეკრულებას, ახალ ყდებს ვამზადებთ და ამის გამოა შეჩერებული გაყიდვა. ნოემბრის ფესტივალზე გამოვედით მურაკამის ახალი წიგნით და კანონთან კავშირში რომ იყოს, მაშინ წიგნები საერთოდ უნდა ამოგვეღო ქსელიდან და გაგვენადგურებინა. ამის შესახებ ჩვენ თვითონაც გავაკეთებდით განაცხადს.“

გამომცემლობას ვკითხეთ, რატომ არ არიან ამის შესახებ ინფორმირებული წიგნის მაღაზიები, თუ მიწოდება დროებით შეჩერდა? რაზეც გამომცემლობაში გვითხრეს. „არ ვიცი, ასე რატომ გითხრეს. რაღაცების მარაგი ამოწურულია. უბრალოდ, კანონთან არაფერ შუაშია, როგორც ჩანს, რაღაც გაუგებრობაა“, – გვითხრა თამარ ჩხაიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა მურაკამის მიწოდება ამ კვირაშიც განახლდეს.

ცენზურის კანონი არის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, ებრძვის „ლგბტ პროპაგანდას“. რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე – აწესებს ცენზურას.

აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ნოემბრის 21 საათიდან 23 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 15– 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 24 და 25 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში – ზოგან ძლიერი თოვა.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 728 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
  • ტანკი – 9 399 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 19 156 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 20 736 ერთეული [+5]
  • MLRS – 1 254 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 004 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 260 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 764 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 29 777 ერთეული [+32]
  • სპეცტექნიკა – 3 675 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 648 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 467 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 420 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 490 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 318 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 573 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და უთხრეს, სარაკეტო თავდასხმაზე არ ესაუბრა, ზარი მიკროფონებმა ჩაიწერეს

პუტინის თქმით, რუსეთმა დნიპროში „უახლესი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა“

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და უთხრეს, სარაკეტო თავდასხმაზე არ ესაუბრა, ზარი მიკროფონებმა ჩაიწერეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ სატელფონო ზარით მიიღო მითითება, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკრაინაზე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

დღეს, 21 ნოემბერს, ზახაროვა ბრიფინგს ატარებდა, როდესაც მან სატელეფონო ზარს უპასუხა, მითითების შინაარსი ცნობილი გახდა ჩართული მიკროფონების გამო: კაცის ხმამ ზახაროვას უთხრა, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა უკრაინის წინააღმდეგ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ.

ზახაროვას ზარის შემდეგ განმარტება არ გაუკეთებია, ისე განაგრძო ლაპარაკი. ბრიფინგი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, შესაბამისად, ეს მომენტი სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

მოგვიანებით რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია “რია ნოვოსტიმ” ზახაროვას სთხოვა კომენტარი ამ ზარის შესახებ, რაზედაც მან უპასუხა:

„ბრიფინგამდე იყო კითხვები ინტერნეტში გავრცელებულ ურთიერთგამომრიცხავ მასალებთან დაკავშირებით… ექსპერტებს ვკითხე, ეს იყო თუ არა ჩვენი თემა. პასუხი მოვიდა ბრიფინგზე – საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. ასე რომ, ინტრიგა არ არის“, – თქვა მან.

ზახაროვას ბრიფინგზე დაურეკეს და უთხრეს, სარაკეტო თავდასხმაზე არ ესაუბრა, ზარი მიკროფონებმა ჩაიწერეს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 21 ნოემბრის დილას, დნიპროზე შეტევისას, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა.

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ასტრახანის რეგიონიდან იქნა გაშვებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

„გამოსავალი არის ავჯანყდეთ, გამოვაცხადოთ დაუმორჩილებლობა“ – სტუდენტები

„დუმილი მშვიდობას ნიშნავს?“, „როგორ იმღერებ, თუ ხმა მოგპარეს?“, „თავისუფალი მეცნიერებები თავისუფლების გარეშე?!“, „რისთვის სწავლობ სამართალს, თუ თავისუფლებისთვის არ იბრძვი?“- ეს ის სლოგანებია, რომლებიც სტუდენტებმა თსუ-ს კიბეებზე გამოფინეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ისინი ღამესაც  თსუ-ს შენობაში ათევენ. სტუდენტები აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას და ახალი არჩევნების გარდა მოითხოვენ თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას იმის გამო, რომ მან უნივერსიტეტის ეზოში სპეცრაზმი შეუშვა, სტუდენტებს კი კარები ჩაუკეტეს.

უნივერსიტეტის დაცვა არც ახლა აძლევს სტუდენტებს თავისუფლად გადაადგილების უფლებას. პროტესტში მონაწილე სტუდენტები, რომლებიც მესამე დღეა ღამეს პირველ კორპუსში ათევენ, გამოსავალს დაუმორჩილებლობაში ხედავენ.

მათი თქმით, არსებული ხელისუფლება არალეგიტიმურია და საზოგადოება უნდა აჯანყდეს.

პროტესტში მონაწილე სტუდენტებს „ბათუმელები“ ესაუბრა.

მეორეკურსელი ვაჟა ღურწკაია თსუ-ში ეკონომიკას ეუფლება. ის მესამე დღეა, რაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ათამდე სტუდენტთან ერთად ღამეს ათევს და 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ვაჟა მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა.

გაყალბებული არჩევნების გარდა ვაჟა და მისი თანამოაზრე სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის გადადგომასაც ითხოვენ, რადგან ის სპეცრაზმი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია, უნივერსიტეტის ეზოში შეიყვანეს.

„ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების“ მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ოკუპაციასაც. სამი ღამეა აქ ვრჩებით უნივერსიტეტში, ამიტომ რომ არ გადავიღალოთ, გვყავს შემცვლელებიც. უამრავი ადამიანია მსურველი და გვენაცვლებიან ხოლმე.

აქ, ადგილზე ათი სტუდენტი ყოველთვისაა. ზოგჯერ უფრო მეტიც.

მხარს გვიჭერს ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ლექტორ-მასწავლებლებიც და გვეუბნებიან, რომ თუ რაიმე დახმარება დაგვჭირდება, აუცილებლად დაგვიდგებიან გვერდით“, – გვეუბნება ვაჟა ღურწკაია.

სტუდენტების პროტესტი თსუ-ში.

ამ დროისთვის თსუ-ში შუალედური გამოცდები მიმდინარეობს და პროტესტის მონაწილე სტუდენტები პროტესტის პარალელურად გამოცდებსაც აბარებენ.

„აქ ვინც ვრჩებით ღამით, გამოყოფილი გვაქვს სივრცე და ვმეცადინეობთ და ვისაც შუალედური აქვს, იმას ვენაცვლებით. 25 ნოემბრისთვის შუალედური გამოცდებიც დასრულდება და ვფიქრობ, უფრო მეტი სტუდენტი შემოგვიერთდება.

სტუდენტები ყოველთვის იყვნენ სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების მონაწილე საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, თუ გადავხედავთ ისტორიას. ამიტომ, ჩვენ ვალდებულად ვგრძნობთ თავს, რომ მივიღოთ იმ პროტესტში მონაწილეობა, რაც ქვეყანაში გვაქვს და დავიცვათ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, – ამბობს ვაჟა.

პროტესტში მონაწილე სტუდენტები რექტორისგან მოითხოვენ პასუხს იმაზე, თუ ვინ მისცა სპეცრაზმს უნივერსიტეტის ეზოში განთავსების უფლება. თუმცა რექტორი ჯერჯერობით დუმს.

„რექტორმა შემოაგზავნა ყავა და ღვეზელები, თუმცა ხელი არ გვიხლია.

მოდის ჩვენთან ინფორმაცია, რომ თითქოს საერთოდ არ იყო რექტორი სპეცრაზმის შემოყვანაზე ინფორმირებული. თუ ასეა, მაშინ გააკეთოს ამაზე განცხადება. თუმცა, ასე რომ იყოს, მაინც პრობლემაა, რადგან გამოდის, რომ რექტორი ვერ იცავს უნივერსიტეტის ავტონომიურობას და ჩვენს უფლებებს.

ჩვენ არ გვჭირდება ისეთი რექტორი, რომელიც არა სტუდენტების ცოდნაზე, განათლებასა და მათ უფლებებზე იქნება ორიენტირებული, არამედ უნივერსიტეტს აქცევს სტრატეგიულ ობიექტად, სადაც შეჰყავთ ძალოვანი სტრუქტურები, რომელიც გვარბევს.

ამიტომ ჩვენ არა მარტო რექტორის გათავისუფლებას ვითხოვთ თანამდებობიდან, არამედ მთლიანად სისტემის გაწმენდას, რადგან თუ სისტემა არ შეიცვალა, ამას გაათავისუფლებენ და დაგვინიშნავენ ახალ მარიონეტს“, – გვეუბნება ვაჟა.

მისი თქმით, ახლა არც უიმედობისა და ნიჰილიზმის დროა, რადგან ქვეყანა რთულ სიტუაციაშია და მხოლოდ ბრძოლას აქვს აზრი. „ბრძოლას რომ ყოველთვის აქვს აზრი, ამის მაგალითებიც ბევრი გვაქვს ისტორიაში. ამიტომ ასეთი რეჟიმების შეცვლისთვის მთავარი დაუმორჩილებლობაა. ხალხისა და სტუდენტების ძალისხმევით ყველაფერი კარგად დასრულდება“, – ამბობს ვაჟა ღურწკაია.

თსუ-ში სტუდენტები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და რექტორის გადადგომასაც მოითხოვენ.

ელენე ზურაბიშვილი პირველკურსელია და საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს. ელენე საუბარს ბათუმელი სტუდენტების მადლობით იწყებს, რადგან ამბობს, რომ სწორედ მათ მისცეს სტუდენტური დაუმორჩილებლობის მაგალითი.

„მეორე ღამეა, რაც ვრჩები თსუ-ში. მანამდე ვიყავი ილიაუნიში, რადგან აქ არ გაგვიღეს კარები, ღამე გავათენეთ ჯერ კიბეებზე, შემდეგ კი მოვახერხეთ შენობაში შემოსვლა.

შემართება, რა თქმა უნდა, გვაქვს, სხვანაირად ვერ გავუძლებდით ღამისთევებს.

ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვაფხიზლოთ ის ხალხი, ვინც მოდუნებულია. დღეს გარეთ, ქუჩაში ბრძოლა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. უნდა ავირჩიოთ ან რუსეთი, ან ცივილიზებული დასავლური სამყარო. თუ ახლა დავკარგეთ შანსი, მეორედ ან აღარ მოგვეცემა, ან ძალიან დიდი ხანი გადაიწევს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ჩამოვშორდებით დასავლურ ცივილიზაციას.

განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა აწუხებდეთ ეს, იმიტომ, რომ ვეღარ მიიღებენ დასავლურ განათლებას, ვეღარ მიიღებენ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და ყველა იმ სიკეთეს, რომელიც დასავლეთს მოსდევს. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვკარგავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან უნივერსიტეტი ძალოვანი უწყებების შტაბ-ბინად გადააქციეს უკვე და სტუდენტებს არ უშვებენ უნივერსიტეტში. ისიც კი არ ვიცით, მართლა დაცვის თანამშრომლები არიან ეს ხალხი თუ არა. ვითხოვთ ხელშეკრულებებს, მაგრამ არ გვაჩვენებენ.

თსუ-ს თავისი ისტორიული ბრწყინვალება დაუკარგეს, ისეთი უღირსობა ხდება აქ“, – ამბობს ელენე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ის სტუდენტობა, რომელიც ორი წელია რუსთაველზე დგას და დღეს შესაძლოა ნიჰილიზმით არის მოცული, რადგან არჩევნები გაუყალბეს, მაინც მოიკრებს ძალას.

„მინდა მათ ვუთხრა, ვინც არ ელოდა ასეთ შედეგებს, რომ არც არავის ჰქონდა მოლოდინი,  არჩევნები არ გაყალბდებოდა, მათ შორის არც ოპოზიციურ პარტიებს. თავიდანვე უნდა გაგვეცნობიერებინა ის, რომ არჩევნების შემდეგ დიდი ბრძოლა გველოდა – არჩევნები არ ყალბდება დემოკრატიულ ქვეყნებში და თუ ჩვენ დემოკრატიისთვის ვიბრძვით, ესე იგი, არ გვაქვს დემოკრატია.

შესაბამისად, არჩევნების გაყალბება მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ ამის გამო. ვინც არ იყო მზად, ვცდილობთ ეს ადამიანები ავიყოლიოთ და გამოვაფხიზლოთ, რადგან თუ სტუდენტები უარს იტყვიან და არ იბრძოლებენ საკუთარი და ქვეყნის თავისუფლებისთვის, აქ იღუპება ქვეყანა“, – გვეუბნება ელენე.

ლუკა ხიზაძე პირველკურსელია და ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობს.

მესამე დღეა, რაც ლუკა ღამეს ათევს უნივერსიტეტში და ასე ცდილობს ქვეყნის თავისუფლების დაცვას.

„გაყალბებული არჩევნების ფონზე მთავრობა ცდილობს დაატეროროს საზოგადოება, დაატეროროს სტუდენტები და ამის მაგალითია აქ სპეცრაზმის შემოყვანა.

რაც შეიძლება გამძლედ და მხნედ უნდა ვიყოთ, რადგან დამორჩილება არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის ავჯანყდეთ, დაუმორჩილებლობა გამოვუცხადოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მთელი უნივერსიტეტი გამოვაცოცხლოთ.

იმედი მაქვს, ეს ბრძოლა გაფართოვდება და მეტ თანამოაზრეს შევიძენთ. ილიაუნის სტუდენტებიც სულ ჩვენთან არიან, მხარს გვიჭერენ. თეატრალური სტუდენტებიც შემოუერთდნენ  ჩვენს ბრძოლას.

მთავარი საფრთხე, რაც დღეს გვაქვს არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ, არ გვისმენს, მათთან უკვე სამართლებრივ ბრძოლაშიც ვეღარ შევდივართ, რადგან აღარ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუციები, ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, რომ არჩევნების გზით წასულიყვნენ მშვიდობიანად, მაგრამ დავინახეთ, რომ არ აპირებენ წასვლას. ამიტომ ვინც ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, ქუჩაში უნდა გადმოვინაცვლოთ. საყოველთაო პროტესტში ვხედავ გამოსავალს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში“, – ამბობს ლუკა.

წარწერა ბანერზე – სტუდენტური პროტესტი თსუ-ში.

სესილი პაჭკორია პირველკურსელია და იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს თსუ-ში.

მეორე დღეა, რაც ღამეს ათევს უნივერსიტეტში და არ აპირებს შენობის დატოვებას.

„უნივერსიტეტი საჯარო სივრცეა, მაგრამ დაცვა ისევ გვიშლის ხელს აქ შემოსვლაში. თსუ-ს მუზეუმის სტატუსიც აქვს და ყველას შეუძლია შემოვიდეს, მაგრამ რექტორის ბრძანებაა ალბათ, რომ კარები ჩაგვიკეტონ.

ის, რომ უნივერსიტეტში სპეცრაზმი შემოდის და სტუდენტი ვერა, ეს არის ყველაზე დიდი დაცემა რექტორის. არავის აქვს უფლება მე, სტუდენტს, შენობაში გადაადგილება და შემოსვლა ამიკრძალოს.

ქვეყანაში გვყავს არალეგიტიმური მთავრობა და ამ სიტუაციაში ირღვევა ყველა მოქალაქის უფლება. მათ შორის ჩვენიც. ყველა რევოლუცია ისტორიულად იწყებოდა სტუდენტებისგან, თსუ-დან და მეც იმიტომ ვდგავარ აქ, რომ ჩემი ქვეყნის და ჩემი მომავალი მადარდებს. ჩემი უფლებები მადარდებს და ამიტომ ვერთიანდებით ყველა უსამართლობის წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, ეს მუხტი გაიზრდება, გაძლიერდება და ველოდებით სხვებსაც, დაგვიდგნენ გვერდით, რომ გადავაყენოთ არალეგიტიმური მთავრობა“, – ამბობს სესილი პაჭკორია.

სესილი პაჭკორია

სტუდენტების საპროტესტო აქციების პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქუჩებშიც, უნივერსიტეტის წინ გაშლილია კარვები.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოშიც.

აქტივისტი ნინოწმინდიდან: „არჩევნებზე აქ იყო ტოტალური კონტროლი“

ტიგრან თარზიანი ნინოწმინდელი აქტივისტია. ის გვიყვება, როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდი და საპარლამენტო არჩევნების დღე ჯავახეთში – ნინოწმინდასა და ახალქალაქში, სადაც ძირითადად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს.

აქტივისტი ამბობს, რომ ნინოწმინდაში არჩევნები „ქართული ოცნების“ ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდა.

  • ტიგრან, მოდი დავიწყოთ წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრით. რა ხდებოდა ჯავახეთში არჩევნებამდე?

მე არ ვიყავი დამკვირვებელი ან რომელიღაც პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენელი, შესაბამისად, არ ვყოფილვარ საარჩევნო უბნებზე 26 ოქტომბერს. ჩემი ინტერესის გამო ვაკვირდებოდი ამ საარჩევნო პროცესს და ჩემი მოსაზრებები ამ დაკვირვებისა და ნანახის შედეგია.

ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის წინასაარჩევნო პერიოდშივე გახდა ცალსახა და ჩვენ არ გვქონდა იმედი, რომ სამცხე-ჯავახეთში ოპოზიციური ძალები შეძლებდნენ თუნდაც 10-20 პროცენტის მიღებას, რადგან რეალურად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ რეგიონში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში, ძალიან სუსტად იყვნენ წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები.

და ვინც იყვნენ, მუშაობა დაიწყეს გვიან. მმართველ პარტიას 6-7 თვით ადრე ჰქონდა დაწყებული, ასე ვთქვათ, არაოფიციალურად, პოლიტიკური საარჩევნო აგიტაცია. რეალურად, როგორც ყოველ საარჩევნო წელს, ჩვენ აქ ვიცოდით, რომ რადგან სუსტად არიან წარმოდგენილები ოპოზიციური პარტიები, მარტო ის გზავნილი, რომ „მნიშვნელოვანია წლევანდელი არჩევნები“, არ გაჭრიდა. ოპოზიციის მხრიდან არანაირი საუბარი, მობილიზება და ა.შ., არ ყოფილა. ცხადი იყო, რომ აქ დიდი პროცენტებით იგებდა არჩევნებს მმართველი ძალა.

აქ წინასაარჩევნო გარემო ბოლო წლებში მშვიდად, წყნარად მიმდინარეობს და ზუსტად ამ სიწყნარეშია, ასე ვთქვათ, ის პრობლემა, რაც არსებობს.

თუ შევადარებთ გასულ არჩევნებს ნინოწმინდაში და ახალქალაქში, გასულ წლებში 80 პროცენტამდე [ხმების] დააფიქსირა მმართველმა პარტიამ, წელს კი ცოტა მეტი – 89-97 პროცენტი იყო. არჩევნების დღეს ეს რიცხვები იყო შემაშფოთებელი, იმიტომ, რომ ეს არ არის რეალური.

ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის უმრავლესობა, ახალგაზრდები იმყოფებიან სამუშაო ემიგრაციაში და ძირითადად ბრუნდებიან დეკემბრის დასაწყისში ან ნოემბრის ბოლოს. არჩევნები დაემთხვა პროცესს, როდესაც ჯავახეთის მოსახლეობის უმრავლესობა დაკავებული იყო კარტოფილის ამოღებით და თითქმის არ იყვნენ პოლიტიკურ თუ საარჩევნო პროცესებში ჩართული. ესეც რომ არ იყოს, ამიტომაცაა ეს რიცხვები შემაშფოთებელი, რომ რეალურად, ადგილზე ნამდვილად არ ცხოვრობს ამდენი ადამიანი და არაბუნებრივი რიცხვები იყო ასახული საარჩევნო უბნებზე.

  • რომ დავაზუსტოთ, რას გულისხმობთ? 

მე შემიძლია ჩემი სოფლის მაგალითზე ვთქვა, სოფელ უჩმანაზე. საარჩევნო სიებში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩაწერილი და ნამდვილად არ ცხოვრობს ამდენი ადამიანი სოფელში, ძირითადად ორი მიზეზით – ან 20-30 წელზე მეტია არ ცხოვრობენ ეს ადამიანები ადგილზე, შეიძლება უფრო მეტიც. რიცხვებში რომ დავინახოთ, 200 კაციდან 60 არ ცხოვრობს ადგილზე, საერთოდ კავშირი არ აქვთ სოფელთან, შეიძლება ვიღაცები ბოლო წლებში სტუმრად იყვნენ თავიან ნათესავებთან და ა.შ.

მეორე ფაქტორია, როგორც ვთქვი, ემიგრაცია. ახალგაზრდების უმრავლესობა დადის სამუშაო მიგრაციაში. ეს ძალიან ცხადი იყო, იმიტომ, რომ კარტოფილის აღების პროცესში ფერმერები სულ ეძებდნენ მუშას და მაინც ვერ იპოვეს საკმარისი. ჰექტრობით კარტოფილი დარჩა მიწაში.

  • თქვენ ახსენეთ, რომ საარჩევნო სიაში მყოფი ბევრი მოქალაქე წლებია არ ცხოვრობს ადგილზე. არ უშვებთ, რომ შესაძლებელი იყო მათი მობილიზება და არჩევნების დღეს სოფელში ჩამოყვანა?

მე არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო ამდენი ადამიანის ჩამოყვანა რუსეთიდან, სომხეთიდან ან ევროპის ქვეყნებიდან, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ ან მუშაობენ. ეს არარეალურია.

  • სოფელში ყველა ყველას იცნობს. როგორია თქვენი დაკვირვება, იყვნენ უბნებთან/უბნებში უცნობი ადამიანები?

უბნებზე მოქალაქეების მაგივრად, ვინც არ ცხოვრობენ აქ, აძლევდნენ ხმას… სხვის მაგივრად მისცეს ხმა ახალი სტილით [ელექტრონულად] სადაც ტარდებოდა არჩევნები, მაგრამ ტრადიციული წესით სადაც ტარდებოდა, იმ საარჩევნო უბნებზე, ვიცი, რომ იყო ბიულეტენების ჩაყრის და მსგავსი სახის დარღვევები. ორივე შემთხვევაში იყო არათავისუფალი გარემო, ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა.

ხდებოდა ტოტალური კონტროლი, დარეკვები, ხალხის უბნებზე მოყვანა და ა.შ. სოფლები პატარაა, ყველაფერი ისმის, ყველა ამაზე საუბრობს.

დიდი პრობლემა იყო ისიც, რომ სადამკვირვებლო მისიები ადგილზე ძალიან სუსტად იყვნენ წარმოდგენილები. წინასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებლის პოზიციაზე ვერ მოუყარეს თავი იმდენ ადამიანს, რამდენიც საჭირო იყო. ამაზე თავად სადამკვირვებლო მისიებიც საუბრობენ, რომ რეგიონში დამკვირვებლების პრობლემა იყო.

სოფლებში, სადაც დამკვირვებელი თავად იმ იმ სოფლიდან იყვნენ, ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ, იმიტომ, რომ მათი უფრო მეტი დაშინების თუ სხვა სახის ბერკეტები ჰქონდათ, ამიტომ, ძირითადად, მათ არც საჩივრები დაწერეს.

ასევე, მე ერთ-ერთ დიდ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ სადამკვირვებლო მისიებს პოსტსაარჩევნო პერიოდში, მაგალითად არჩევნების მეორე თუ მესამე დღეს, დარღვევების გამოსაკვეთად არ ჰქონდათ მონიტორინგი მოსახლეობაში, მითუმეტეს, როცა ვსაუბრობ არაბუნებრივ რიცხვებზე, დარღვევებზე. კი, ვნახეთ უბნებიდან ფოტო, ვიდეოები, მაგრამ ამის შემდეგ საჭიროა შესაბამისი მონიტორინგი.

  • ტიგრან, მედიაში გავრცელებული არაერთი ფაქტის თუ თავად დამკვირვებლების თქმით, იყო ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევები 26 ოქტომბერს. რა ხდებოდა ამ მხრივ ჯავახეთში?

შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც დიდი რაოდენობით ფული არ დაურიგეს [მოქალაქეებს], წინა არჩევნებთან შედარებით. ქრთამი არ ვიცი რამდენად შეიძლება ეწოდოს, უბრალოდ დაასაქმა მმართველმა გუნდმა სხვადასხვა პოზიციაზე – მძღოლი, კოორდინატორი, აგიტატორი… მსგავს პოზიციებზე იყო ბევრი ხალხი დასაქმებული და რაღაც თანხებიც აიღეს…

ძალიან საინტერესოა თბილისში მცხოვრები და ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომხების მაგალითზე რომ ვისაუბროთ – თბილისში, კონკრეტულად იმ უბნებზე, სადაც სომხები ცხოვრობენ, ოპოზიციამ გაიმარჯვა. ჯავახეთის შემთხვევაში სხვანაირად მოხდა, მმართველმა ძალამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ფაქტია, რომ თბილისში მეტ-ნაკლებად იყო თავისუფალი გარემო, აქ კი იყო ტოტალური კონტროლი, რაზეც ცალსახად მეტყველებს რიცხვები.

იმ სახის დარღვევები, რაც საქართველოს სხვა რეგიონებში იყო, თავისთავად იყო ჩვენთანაც – უბნებთან მობილიზება; დამკვირვებლის პოზიციაზე ბევრი საჯარო მოხელე და სოფლის რწმუნებული, საკრებულოს წარმომადგენლები იყვნენ და სხვა.

______

ამავე თემაზე:

დამკვირვებელი იორმუღანლოდან: „გაყალბების მინიმუმ 20 მეთოდი გამოიყენეს”

 

კუნძულის აშენების შემდეგ ბათუმის მოსახლეობა 70 000-ით გაიზრდება – რას სთხოვს სააგენტო „ამბასადორს“

ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაზე [გდგ] გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 15 ნოემბერს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის დასკვნა გასცა.

სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით ხელოვნური კუნძულის გდგ და სგშ-ს განცხადება გარემოს ეროვნულ სააგენტოში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ წარადგინა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სგშ-ის ანგარიშის მომზადება ამ დასკვნის შესაბამისად ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს.

 სგშ-ის ანგარიშის მომზადებისას გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:

სააგენტო სკოპინგის დასკვნის დოკუმენტში წერს, რომ, როგორც კუნძულის ფუნქციური ზონირების რუკიდან ჩანს, შემომზღუდავ ნაგებობებზე დაგეგმილია საქმიანი ზონების მოწყობა – სარეკრეაციო სივრცეებისა და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობების, კვების, სავაჭრო და საოფისე ობიექტების განთავსება.

  • „უნდა აღინიშნოს, რომ ტალღური რეჟიმიდან გამომდინარე, აღნიშნულ უბნებზე, შტორმის დროს ხდება ტალღის გადადინება შემომზღუდავი ნაგებობის თხემზე, რაც საეჭვოდ ხდის ამ ტერიტორიის საქმიან ზონად შეფასებას. ანალოგიურად ტალღა გადადის ტალღმსხვრევის თხემზეც, სადაც გათვალისწინებულია გამწვანებული ზონის შექმნა.“ – წერია დასკვნაში.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ სტრატეგიული დოკუმენტი განხილული უნდა იქნას ბათუმის გენგეგმის კონცეფციასთან მიმართებაში, რომლის მიზანია ქალაქის ცენტრის განტვირთვა.

გენგეგმის კონცეფციის თანახმად, ზღვის სანაპიროზე აშენებული 30-50-სართულიანი სასტუმროები ხელს უშლის ზღვის ნიავისა და იონიზებული ჰაერის შეღწევას ქალაქის ტერიტორიაზე და იწვევს არასასიამოვნო თერმულ პირობებს ზაფხულის პერიოდში. ბათუმის საზღვაო სანაპიროს რეკრეაციული ზონების ეკოლოგიური მდგომარეობა კი, ტურისტების მატებასთან ერთად, თანდათანობით უარესდება. გენგეგმის კონცეფციაში განხილულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე ბათუმის ელ.მომარაგების ქსელის, წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის განვითარების რეკომენდაციები.

  • „ვინაიდან [ბათუმის გენგეგმის კონცეფცია] არ ითვალისწინებს ხელოვნური კუნძულის მოწყობის საკითხს და ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმა წარმოადგენს დამოუკიდებელ დოკუმენტს, საჭიროა სგშ-ის ანგარიშში განხილულ იქნას ხელოვნური კუნძულის მიმდებარე საქალაქო არეალებზე, ლანდშაფტზე, შესაბამის ზონირებასა და სიმჭიდროვეზე, ასევე სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედების საკითხები.“

ბათუმი [მარჯვნივ მშენებარე ხელოვნური ნახევარკუნძული] / 21.11.2024 / ფოტოები: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ამასთან:

  • „სგშ-ის ანგარიშში ასახული იქნას ინფორმაცია, განაშენიანებული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის [საზოგადოებრივი სივრცეები, საინჟინრო ინფრასტრუქტურა და ა.შ.] მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
  • ასევე ინფორმაცია, განაშენიანების ეტაპზე სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეწყვეტის/შეჩერების შემთხვევაში, გარემოს პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენისა და კონსერვაციის საკითხები“.

სააგენტოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩამდინარე წყლების მართვის საკითხთან დაკავშირებით „ამბასადორის“ მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ასახულია სხვადასხვა ინფორმაცია, ასევე გამოყენებულია ერთი და იგივე მნიშვნელობის სხვადასხვა ტერმინი, რაც ბუნდოვანს ხდის ჩამდინარე წყლების მართვის საკითხებს. აღნიშნული საკითხი კი კომპანიამ უნდა დააზუსტოს.

სკოპინგის ანგარიშის თანახმად, „კუნძულის მშენებლობა ითვალისწინებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მდინარე ბარცხანას და კუბასწყლის დაბინძურების წყაროების აღმოფხვრის კუთხით, რაც დადებითი ეფექტის მომტანი იქნება“; ასევე, „კუნძულის ექსპლუატაციაში გადაცემამდე დაგეგმილია მდ. კუბასწყალის დაბინძურების რისკების მინიმუმამდე შემცირება, რაც გააუმჯობესებს იქთიოფაუნის დღეს არსებულ არადამაკმაყოფილებელ საარსებო გარემოს.“

  • სააგენტო წერს, რომ „საჭიროა სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ იქნას რა კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი დაბინძურების წყაროების აღმოფხვრის კუთხით.“

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ზემოქმედება ძირითადად განხილულია ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის პროცესში და განაშენიანების შემდგომ მოსალოდნელი ზემოქმედების კუთხით და ნაკლები ინფორმაციაა წარმოდგენილი, ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების განაშენიანებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებით მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ, რაც ასევე უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ.

  • „საჭიროა სგშ-ის ანგარიშში განხილულ იქნას ავტოსადგომების განთავსების ადგილმდებარეობა, რომელიც გათვლილი იქნება საჭირო მინიმალურ რაოდენობაზე [6085 ავტოსადგომი].“
  • „განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტზე დაფუძნებული ვიზუალიზაცია უნდა შეესაბამებოდეს სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილ ინფორმაციას, მათ შორის იახტების, ნავმისადგომისა და ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცეების შესახებ“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორია ექცევა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების – ხელოვნების ცენტრის და ტექნოლოგიური მუზეუმის შენობების ვიზუალური დაცვის არეალში. სადაც აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.

  • აქედან გამომდინარე „საჭიროა განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტში გათვალისწინებული იქნას „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

სააგენტო მიუთითებს ასევე, რომ „წარმოდგენილი სგშ-ის სკოპინგის განცხადების 245-ე გვერდიდან ნუმერაცია გრძელდება 302-ე გვერდით.“

ბათუმი [მშენებარე ხელოვნური ნახევარკუნძული] / 21.11.2024

რამდენიმე დეტალი ხელოვნური კუნძულის სგშ-ის სკოპინგის განცხადებიდან:

  • „ხელოვნური კუნძულის მოწყობის და განაშენიანების პროგრამა გათვლილია 15 წლიანი პერიოდის გათვალისწინებით, მათ შორის: პირველი ხუთი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია დამცავი მოლების მოწყობა და ტერიტორიის ფორმირება, ხოლო შემდგომ პერიოდში მოხდება კუნძულის განაშენიანების პროექტის განხორციელება.
  • ხელოვნურ კუნძულსა და ნახევარკუნძულებზე ჯამურად გათვალისწინებულია 5 500 ბინა, 105 ვილა, 19 000 სერვის აპარტამენტი, 2 000 სასტუმროს ნომერი და სხვა.
  • კუნძულთან უსაფრთხო და ადვილი მისასვლელის უზრუნველყოფის მიზნით, დაგეგმილია 5 სატრანსპორტო კვანძის განთავსება, რომლებიც კუნძულს დააკავშირებს მთავარ გზასთან – ოდისეი დიმიტრიადის ქუჩასთან. განაშენიანების არეალში ავტოტრანსპორტით გადაადგილების მხრივ დაგეგმილია ორი დონის გზის მოწყობა. პირველი დონის გზა გაივლის ნახევარკუნძულების ცენტრში და ამ გზაზე დასაშვები იქნება 50კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება.
  • ღონისძიებების დღეებში, ღონისძიების ჩატარების ადგილამდე უფრო ადვილი წვდომის უზრუნველსაყოფად, პირველი დონის გზაზე იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში ავტობუსები საპროექტო ობიექტს მოემსახურება მთავარი გზიდან.
  • გზის მეორე დონე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტით შენობებამდე წვდომას, როგორც ნახევარკუნძულებზე, ასევე სხვა კლასტერებზე, საცხოვრებელი ვილების ტერიტორიაზე. მეორე დონის გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იქნება 30 კმ/სთ.
  • განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, ავტოპარკზე მოთხოვნის საერთაშორისო კვლევის შედეგად დადგინდა, ავტოსადგომების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა, რომლის მიხედვითაც განაშენიანების არეალში ავტოსადგომების მინიმალურ რაოდენობას შეადგენს 5 985 ადგილს. საპარკინგე ადგილების რაოდენობა ნაწილდება მიწის ნაკვეთებზე პროპორციულად, მათი ფუნქციების შესაბამისად, ასევე სქემატურად წარმოდგენილია გზის გვერდითა შესაძლო პარკინგების განთავსების ადგილები.
  • განაშენიანებული ტერიტორიის სასმელი წყლით მომარაგება განხორციელდება ქალაქის ქსელთან მიერთებით. დოკუმენტის თანახმად, სასმელი წყლის მომარაგებაში შეფერხების რისკის გამორიცხვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, წყალმომარაგების სისტემის ოპერატორ კომპანიასთან ერთად გათვალისწინებულია წყალმომარაგების დამატებითი წყაროების ათვისება და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოების სამუშაოების შესრულება.
  • განაშენიანების შემდგომ ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ნახევრით [70 000] გაიზრდება და დიდი დატვირთვა იქნება მოსალოდნელი ქალაქის არსებულ ინფრასტრუქტურულ ქსელზე. არსებულ ქსელზე დატვირთვის შესამცირებლად დაგეგმილია ჩამდინარე წყლების შეგროვება, გაწმენდა და შიდა მიზნებისთვის ხელმეორედ გამოყენება.
  • განაშენიანების უბნებისა და შენობებისთვის საშუალო ძაბვის მიწოდება (35 კვ) უზრუნველყოფილი იქნება მთავარი ქვესადგურის მეშვეობით. წარმოდგენილია 110კვ/35კვ ქვესადგურის განთავსების სავარაუდო ადგილები, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვესადგურის ადგილმდებარეობა, რაოდენობა, ზომები და სხვა დაზუსტდება შემდგომ ეტაპებზე.
  • სგშ-ის სკოპინგის განცხადების თანახმად, შესაძლებელია დაპროექტდეს ცენტრალური გათბობის სადგურები, ხოლო მზის (PV) სისტემები განთავსებული იქნება მაღალსართულიან შენობებსა და მე-4 კლასტერში დაგეგმილ შენობაზე.
  • სგშ-ის სკოპინგის განცხადების თანახმად, სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება გარკვეული პერიოდით, სხვადასხვა ხარისხით, უარყოფით ზეგავლენას იქონიებს გარემოს კომპონენტებზე, ზემოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების პერიოდთან.
  • ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტი გადის ტერიტორიის სიახლოვეს. ამ მხრივ აღსანიშნავია ღამის განათების სისტემებით გამოწვეული ზემოქმედება, რომლის შემცირება შესაძლებელი იქნება ოპტიმიზებული განათების სისტემის გამოყენებით. აქედან გამომდინარე ფრინველებზე ზემოქმედების რისკი არ იქნება მაღალი.“

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – ეს არის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.

ბათუმი [მშენებარე ხელოვნური ნახევარკუნძული] / 21.11.2024
კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს.

ამ თემაზე ვრცლად:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ხელოვნური კუნძული / ფოტო-რენდერი: Ambassadori Batumi Island

ვინ იზრუნებს თქვენზე, თუ დახმარება გჭირდებათ? – შინმოვლა ევროპასა და საქართველოში

წარმოიდგინეთ, რომ ავად ხართ და სისტემატური, სპეციფიკური მოვლა და დახმარება გჭირდებათ. ვინ იზრუნებს თქვენზე ოჯახის წევრების გარდა? რა როლი აქვს სახელმწიფოს ამ დროს თქვენი, როგორც მოქალაქის სამედიცინო და სოციალურ მხარდაჭერაში?

სწორედ ამ მხარდაჭერისთვის არსებობს პროგრამა, რომელიც წლებია ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს, საქართველოში კი წელს დაინერგა სახელმწიფო ქვეპროგრამის სახით.

შინმოვლა – ამ ტერმინით აღინიშნება მოვლის საჭიროების მქონე პირთა სამედიცინო, სოციალური და ტექნიკური მომსახურება მისსავე საცხოვრებელ ადგილზე. შინმოვლა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება იმ ადამიანს, რომელსაც ზრუნვა სჭირდება და, ასევე, მის ოჯახსაც.

ამ სტატიაში გიამბობთ, შინმოვლის როგორი პროგრამები გვაქვს საქართველოში, რა გამოწვევებია ამ მიმართულებით და რით განსხვავდება შინმოვლა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების შინმოვლის პროგრამებისგან.

  • როგორ მუშაობს შინმოვლის პროგრამა საქართველოში

საქართველოში შინმოვლის ქვეპროგრამას 2024 წლიდან ზრუნვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამისთვის წელს 440 000 ლარია გამოყოფილი. ეს თანხა პროგრამის 400 მოსარგებლეზეა გათვლილი.

იმისთვის, რომ საქართველოს 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქემ პროგრამით ისარგებლოს, მწოლიარე უნდა იყოს, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით.

პროგრამაში რომ მოხვდეს, მოქალაქემ ზრუნვის სააგენტოს უნდა მიმართოს განცხადებით, რის შემდეგაც მის მდგომარეობას სპეციალური, ბართელის სკალის მიხედვით შეაფასებენ. ესაა კითხვარი, რომლითაც იზომება პროგრამით მოსარგებლე პირის საჭიროებები.

შეფასების შემდეგ შინმოვლის სერვისის მიმღები პირები სამ კატეგორიაში ნაწილდებიან – პირველი კატეგორია რთულად მიიჩნევა, მეორე – საშუალო სიმძიმის და მესამე – შედარებით მსუბუქად. თითოეულ კატეგორიას აქვს თავისი ვაუჩერული დაფინანსება, რაც განსაზღვრავს მოქალაქესთან შინმოვლის გუნდის ვიზიტების რაოდენობასაც.

მაგალითად, თუ ქალაქში მცხოვრები მოქალაქე ბართელის სკალით პირველ კატეგორიაში მოხვდა, მასთან სახლში თვეში ორჯერ მივა ექიმი, 10-ჯერ – ექთანი, 12-ჯერ – მომვლელი და სხვა სპეციალისტები, ანუ თვეში, ჯამში, მულტიდისციპლინური გუნდის 36 ვიზიტია მის დასახმარებლად გათვალისწინებული.

მაგრამ თუ მოქალაქე სოფელში ცხოვრობს, ვიზიტების რაოდენობა 22 იქნება, რადგან საქართველოში შინმოვლის სახელწიფო პროგრამა სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს საჭიროების მქონე მოქალაქეებს ქალაქებსა და სოფლებში.

ვიზიტების რაოდენობის გარდა, ქალაქისა და სოფლის მოდელში განსხვავდება მულტიდისციპლინურ გუნდში სპეციალისტების რაონოდენობაც.

მაგალითად, ქალაქის მოდელში შინმოვლის მულტიდისციპლინურ გუნდში შედის კოორდინატორი, ექიმი, ექთანი, მომვლელი, სოციალური მუშაკი, საყოფაცხოვრებო ასისტენტი და ტექნიკური ასისტენტი, სოფლის მოდელში კი – მხოლოდ  კოორდინატორი, ექთანი და მომვლელი.

ბოლო მონაცემებით, რამდენი ადამიანია ჩართული შინმოვლის პროგრამაში? რამდენად მოიცავს პროგრამა საჭიროების მქონე ყველა ბენეფიციარს – ხომ არ დგას პროგრამის გაფართოების საჭიროება? რის მიხედვით განისაზღვრა სოფლისა და ქალაქის მოდელები? – „ბათუმელებმა“ ამ და სხვა კითხვებით ზრუნვის სააგენტოს მიმართა, თუმცა უწყებამ ეს კითხვები ამ დრომდე უპასუხოდ დატოვა. სააგენტოსგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

თავად ზრუნვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით კი 2024 წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ამ პროგრამისთვის სულ 206 905 ლარი დაიხარჯა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ სექტემბერში 96 ბენეფიციარზე 50 132 ლარი დაიხარჯა.

რა გამოწვევები აქვს შინმოვლას საქართველოშირას ამბობენ ექსპერტები

„ბათუმელები“ ესაუბრა ზურაბ ტატანაშვილს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებიას და განვითარების ცენტრის სოციალური მომსახურების ექსპერტს, რომელიც შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცესებს აკვირდება საქართველოში.

ზურაბ ტატანაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საქართველოში შინმოვლის პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ე,წ. „მწოლიარეს“ საკითხი:

„ზრუნვის სააგენტოში რომ მივიდეს ადამიანი, საბუთი მიიტანოს და შეფასება დაიწყოს, ფორმა 100-ში უნდა ეწეროს სიტყვა „მწოლიარე“. სხვა შემთხვევაში არ ხვდება მოქალაქე იმ კატეგორიაში, რომლის მიხედვით შინმოვლის სერვისი მიეწოდება.

საქმე იმაშია, რომ შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს შინმოვლის საჭიროება, მაგრამ არ იყოს მწოლიარე. შესაძლოა შეეძლოს ადგომა, მაგრამ, მაგალითად, თვითმოვლის ნაწილში სჭირდებოდეს დახმარება.

ეს ნამდვილად არის პროგრამის გამოწვევა და სამუშაო ჯგუფში ეს საკითხი ინტენსიურად განიხილება. დიდი ალბათობით, შემდეგი წლიდან შეიცვლება ეს ამბავი“ – ამბობს ზურაბ ტატანაშვილი.

იგი განმარტავს, რომ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეზე ე.წ. ვაუჩერის გაცემით, ფაქტობრივად „ყიდულობს“ მომსახურებას სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებლისგან, თუმცა სერვისის მიმწოდებლები, ორგანიზაციები, რომლებსაც შინმოვლის სერვისის შეთავაზება შეუძლიათ, ყველა მუნიციპალიტეტში არ არიან, რაც შინმოვლის სერვისის მიწოდებას შეუძლებელს ხდის.

ზურაბ ტატანაშვილის თქმით, თვალშისაცემია განსხვავება შინმოვლის ქალაქისა და სოფლის მოდელებს შორის. განსხვავებულია შინმოვლის სერვისის მიმწოდებლების ანაზღაურებაც – ქალაქის მოდელზე ვაუჩერით მეტი თანხაა გამოყოფილი ვიდრე სოფლის მოდელზე და განსხვავდება სერვისიც:

„მაგალითად, სოფლის მოდელში პირველადი ჯანდაცვის ექიმი უნდა ჩაერთოს, სოციალური მუშაკი კი, ითვლება, რომ სხვა სისტემიდან უნდა იყოს და გადამისამართებით უნდა მოგვარდეს ეს ამბავი. სოფლის ექიმები გადატვირთულები არიან. ხშირად, სოციალური მუშაკები საერთოდ არ ჰყავთ ან ისინიც გადატვირთულები არიან და ეს ნაწილი, ფაქტობრივად, დაუფარავი რჩება სოფლის მოდელში.

სოფლის მოდელში მნიშვნელოვანია ასევე გათვალისწინებული იქნეს ტრანსპორტზე დახარჯული დროის და რესურსის საკითხი. შესაბამისად, თითო ვიზიტზე გაცილებით მეტი თანხა უნდა გამოიყოს, ვიდრე ქალაქის მოდელზე, რადგან თუ ერთმა სპეციალისტმა შეიძლება ქალაქში დღეში 5-10 მოსარგებლის მომსახურება მოასწროს, სოფელში, განსაკუთრებით დაბალი სიმჭიდროვის და მთაგორიან დასახლებებში, ზამთარში, შესაძლოა მხოლოდ ერთი მოსარგებლის მომსახურება შეძლოს“.

ზურაბ ტატანაშვილი

ტატანაშვილის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ექთანი ან მომვლელი ითავსებს საყოფაცხოვრებო ასისტენტის ფუნქციებსაც, რაც ზრდის პერსონალის დატვირთვას და ბენეფიციართან ვიზიტის დროსაც.

ზურაბ ტატანაშვილი აღნიშნავს, რომ პროგრამაში მოქალაქეების ჩართვა ძალიან შენელებულია და ამის მიზეზი ინფორმაციის არქონაა:

„რეალურად ადამიანებმა, ვისაც ძალიან სჭირდებათ შინმოვლა, შესაძლოა, არ იცოდნენ ამ პროგრამის არსებობის შესახებ.

მე რაც ვნახე, ძირითადად ბენეფიციარები მოიზიდეს სერვისის მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა. ეს ასე არ უნდა იყოს. სისტემა უნდა მუშაობდეს ისე, რომ ჯანდაცვის სისტემის ექიმებმა და სოციალურმა მუშაკებმა უნდა იცოდნენ შინმოვლის პროგრამის შესახებ და გადაამისამართონ მოსარგებლეები ზრუნვის სააგენტოში“ – მიიჩნევს ექსპერტი.

  • განსხვავება ქართულ და ევროპულ შინმოვლის პროგრამებს შორის

შუქია ჭინჭარაული პროფესიით ექთანია, მას შინმოვლის სფეროში მუშაობის 26-წლიანი გამოცდილება აქვს. „ბათუმელებთან“ შუქია საუბრობს,  რა განასხვავებს საქართველოში არსებულ შინმოვლის პროგრამას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროგრამებისგან და რატომაა მნიშვნელოვანი ქართული პროგრამა დაემსგავსოს ევროპულ მოდელს.

„სერვისის განმავითარებელი ორგანოს წარმომადგენელი ვარ, მე ვარ თავად ტრენერი, აღიარებული და ავტორიზებული სახელმწიფოს მხრიდან.

ძალიან დიდი სხვაობაა შინმოვლის მომსახურების მიწოდების მასშტაბში. მაგალითად, ევროპის გერმანულენოვან ქვეყნებში სხვადასხვა დაზღვევა მუშაობს, ერთი არის ავადმყოფობის დაზღვევა, მეორე – მოვლის დაზღვევა. შინმოვლის სერვისის დაფინანსება ხდება მოვლის დაზღვევით. განისაზღვრება კატეგორია, თუ რომელი პაკეტი შეიძლება სჭირდებოდეს სერვისით მოსარგებლეს და ამის მიხედვით ერთვება მოქალაქე პროგრამაში.

სხვადასხვა კატეგორიაა, როგორც ჩვენთან: სირთულის, სიმძიმისა და ჩარევის ხარისხის დასადგენად, ოღონდ, განსხვავება ის არის, რომ იქ ყველაფერი შედის შინმოვლის პაკეტში.

ჩვენთან სერვისი დაზღვევიდან არ ფინანსდება და გვაქვს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მხოლოდ 400 ბენეფიციარზეა გათვლილი“ – გვეუბნება შუქია ჭინჭარაული.

მისი თქმით, ევროპულ და ქართულ შინმოვლის მოდელებში განსხვავებულია პროგრამაში ჩართვის ეტაპებიც. საზღვარგარეთ გაცილებით იოლია შინმოვლის სერვისში ჩართვა.

„ჩვენთან მწოლიარე ადამიანისთვის ძალიან ძნელია ფორმა 100-ის მოპოვება. ძალიან ძნელია ექიმის მიყვანა სახლში მის დასაწერად. ზრუნვის სააგენტომ რატომღაც თავიდანვე მოითხოვა, რომ ამ საბუთში უნდა ყოფილიყო ჩაწერილი „მწოლიარე“, არადა, პირველი კატეგორიის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ფეხზე მოსიარულე, მაგალითად, შეიძლება ღრმა დემენცია ჰქონდეს და მიეკუთვნებოდეს პირველ კატეგორიას.

დიდი ხანია ვესაუბრებით ზრუნვის სააგენტოს, რომ შეცვალოს ეს მოთხოვნა“ – ამბობს შუქია ჭინჭარაული.

იგი ხაზს უსვამს კიდევ ერთ გარემოებას – კანონიერი წარმომადგენლის საჭიროებას შინმოვლის საჭიროების მქონე იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ ოჯახი. კანონიერი წარმომადგენლის გასაფორმებლად საჭიროა ნოტარიუსთან მისვლა ან ნოტარიუსის სახლში მიყვანა, რაც დამატებით ბარიერებს ქმნის ფინანსური თვალსაზრისითაც.

თუმცა ბარიერები ამით არ სრულდება:

„დავუშვათ, გააკეთა ყველაფერი ადამიანმა, შეიტანა მოთხოვნილი საბუთები. ზრუნვის სააგენტო გადადგამს შემდეგ ნაბიჯს, ეს გახლავთ უკვე ექიმის გაგზავნა სახლში, რომელიც ბართელის ინდექსით შეაფასებს ბენეფიციარს. აქ არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა – ვერ აიძულა სახელმწიფომ ექიმები, კლინიკები, რომ თანხმობა ეთქვათ ამ მომსახურების გაწევაზე, იმიტომ, რომ 25 ლარზე მეტს არ უხდიან თითო ვიზიტში ექიმს და ამ თანხაში შედის ტრანსპორტირებაც.

შეფასების გადაგზავნის შემდეგ ზრუნვის სააგენტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც აცნობებს ბენეფიციარს და ოჯახს, რა რიცხვიდან არის ის შინმოვლის პროგრამაში ჩართული და აცნობებს, ასევე, სავარაუდო ორგანიზაციებს, ვისაც შეიძლება ბენეფიციარმა მიმართოს ამ სერვისის მისაღებად, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაში არსად წერია, რომელი კატეგორია მიენიჭა ბენეფიციარს. ანუ, ორგანიზაციამ, რომელსაც ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი მიმართავს, უნდა მოიძიოს ინფორმაცია ზრუნვის სააგენტოში, თუ რომელი კატეგორიით შეფასდა ამ ადამიანის მდგომარეობა.

ევროპაში როგორც კი დადგინდება შინმოვლის საჭიროება, ძალიან სწრაფად მიდის პროცესი, რადგან სისტემა აწყობილია. ხდება მოძიება ყველაზე ახლოს არსებული შინმოვლის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის და იწყება სერვისის მიწოდება. თუ კი რაიმე პრობლემამ იჩინა თავი, შესაძლოა რაღაცები შეიცვალოს, თუ არა და სერვისი შინმოვლის საჭიროების მქონე პირს ყოველდღე მიეწოდება“ – ამბობს შუქია ჭინჭარაული.

იგი განმარტავს იმ სირთულეებსაც, რაც საქართველოში იმ ორგანიზაციებმა უნდა გაიარონ, ვისაც სურვილი აქვს შინმოვლის სერვისის მიმწოდებლები გახდნენ.

„ამ ორგანიზაციებს სჭირდებათ სპეციალურად გადამზადებული კადრები, რომლებსაც გავლილი უნდა ჰქონდეთ მინიმალური პროგრამა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული, რომელიც მოიცავს 62 საათს.

ეს კურსი აერთიანებს ორ მოდულს. ძირითადი ოპერაციული ჯგუფი, ექთნები და მომვლელები გადიან ორივე მოდულს. ეს ადვილი არ არის, რადგან არ არის მთლიანად დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან [კურსები] და თუკი რომელიმე ორგანიზაციას უნდა ეს სერვისი ააწყოს, თავისი ხარჯებით უნდა დაფაროს ტრენინგები.

შიგადაშიგ გამოიყოფა გარკვეული დაფინანსებები, მაგრამ ძალიან ცოტა. ამ წუთას, „გაეროს ქალთა ფონდი“ აფინანსებს შინმოვლის ტრენინგებს ოთხ რეგიონში“.

შუქია ჭინჭარაული მიიჩნევს, რომ შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია იმიტომაც არ ვრცელდება ფართოდ, რომ პროგრამისთვის გადამზადებული თანამშრომლების რაოდენობა საკმარისი არ არის.

ჭინჭარაულის თქმით, კიდევ ერთი განსხვავება ქართულ და ევრუპულ მოდელს შორის, პერსონალის კვალიფიკაცია და მოვალეობებია:

„იქ აბსოლუტურად სხვა განათლებას იღებენ დასაქმებულები. მაგალითად, საექთნო განათლება, ხანდაზმულთა მომვლელის განათლება, მომვლელის ასისტენტის სასწავლო კურსი ერთმანეთისგან განსხვავდება კრედიტების რაოდენობით და შინაარსით.

ექთნებს კი სულ მცირე, სამწლიანი ან საბაკალავრო განათლება უნდა ჰქონდეთ.

ჩვენს საგანმანათლებლო კურსს რომ შევადაროთ, ძალიან დიდი სხვაობაა.

გარდა ამისა, ევროპაში ყველას ევალება ძირეული მოვლის შესრულება, რასაც პირად ჰიგიენას ეძახიან, მაგრამ გაცილებით მეტია, ვიდრე პირადი ჰიგიენა. აი, რასაც ჩემს თავს ყოველდღე ვუკეთებ: დაბანა, კბილების გახეხვა, საჭმლის მომზადება, მირთმევა, საპირფარეშოში სიარული და ა.შ.

ამ ძირეული მოვლის ელემენტებს ექთნები და მომვლელები ჩვეულებრივად ასრულებენ იქაც, უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ თუკი პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ან სამედიცინო კუთხით სერიოზული ჩარევა სჭირდება, ძირეული მოვლის ელემენტებს აუცილებლად ექთნები ასრულებენ.

ჩვენს სტანდარტზე რომ გითხრათ, აკრძალულია ან ნება დართულია – არა. არსად არ წერია, რომ არ უნდა შეასრულოს ან უნდა შეასრულოს ექთანმა ძირეული მოვლის ელემენტები, მაგრამ სახელმწიფოს შემოთავაზებულ დოკუმენტაციაში თუ ჩავიხედავთ, იქ ძალიან მკვეთრადაა გაყოფილი. ანუ, სამედიცინო-ტექნიკური მანიპულაციები, პროცედურები არის მხოლოდ ექთნის საქმე, მათ შორის ხელმძღვანელობა, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა.შ. ძირეული მოვლის ელემენტები კი, რაც ძალიან ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობით რთულ პაციენტებთან საკმაოდ ძნელი შესასრულებელია, მომვლელების საქმეა“.

შუქია ჭინჭარაული

მოვლის ექსპერტი გვეუბნება, რომ ევროპაში, საქართველოსგან განსხვავებით, არ აქვთ ქალაქის და სოფლის შინმოვლის მოდელები ცალ – ცალკე.

„მაგალითად, გერმანიაში არავინ არ უყურებს ბენეფიციარი სოფელში ცხოვრობს თუ ქალაქში. იქ მთელი ქვეყნის მასშტაბით კატეგორიები, თანხა და საქმიანობა დროების მიხედვით ზუსტადაა გაწერილი, რაც სამართავად ადვილია სახელმწიფოსთვის.

ევროპის შინმოვლის სერვისში ვერ იმუშავებს ვერც ერთი სპეციალისტი, თუ მას არ აქვს მართვის მოწმობა. ისეა აწყობილი მარშრუტები, 7-10 წუთი, ეს არის მაქსიმუმი ერთი პაციენტიდან მეორესთან მისასვლელი დრო, რომელიც ანაზღაურებადია და სამუშაო დროში ითვლება. ჩვენთან, მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა – გინდა დიდ ქალაქებში, გინდაც – სოფლებში და ვერაფრით დავიცავთ გრაფიკს.

[ევროპულ] დაზღვევაში ყველანაირი ხარჯი გათვლილია. ერთი შეხედვით ჩვენთანაც, მაგრამ თუკი რამე ხარჯი შეიძლება წარმოიქმნას, კატეგორიების მიხედვით რა თანხაცაა ვაუჩერულად გამოყოფილი, იმ თანხაში უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი.

ჩვენს სტანდარტში პირდაპირ წერია, რომ 25 ლარია თითო ბენეფიციარზე მოსავლელი მასალების საყიდელი თანხა. დამიჯერეთ, 25 ლარად კარგი ხარისხის პამპერსის ერთ შეკვრასაც ვერ ვიყიდით“.

  • რას ამბობს პროგრამაში ჩართული ექთანი

ირმა დევაძე შინმოვლის ქვეპროგრამის ექთანი და კოორდინატორია ქედის მუნიციპალიტეტში. მისი თქმით, ქედაში სულ 14 ადამიანი სარგებლობს პროგრამით, თუმცა მსურველების რაოდენობა იზრდება.

„ბენეფიციარები გვყავს ისეთ სოფლებში, საიდანაც არ გვყავს სპეციალისტები და ძალიან შორი მანძილის გავლა გვიწევს როგორც ექთნებს, ასევე შინმოვლის სპეციალისტებსაც.

თავიდან ვიყავი მხოლოდ კოორდინატორი და ბოლოს მეც შევითავსე ექთნის მოვალეობა.

შრომატევადი საქმეა. ეს არ ჰგავს ექთნის მოვალეობას კლინიკაში. ჩვენ ვაკეთებთ მომვლელის, ექთნის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის საქმეს და ა.შ, რადგან სოფლის მოდელის გუნდი ნაკლები სპეციალისტებით კომპლექტდება.

ახლა გვემატებიან ბენეფიციარები, კიდევ უფრო გაფართოვდება სამუშაო არეალი და გაგვიჭირდება გადაადგილება.

ამ დროისთვის გვყავს 14 ბენეფიციარი, ხუთი ახალი დარეგისტრირებულია და სამი ელოდება შეფასებას. ფაქტობრივად, 22 ბენეფიციარი გვყავს ქედაში და მათთან უნდა ვიმუშაოთ ორმა ექთანმა და ხუთმა შინმოვლის სპეციალისტმა.

მყავს შინმოვლის სპეციალისტი, რომელიც სოფელ პირველი მაისიდან დადის სოფელ კოკოტაურში. მისი ანაზღაურება 15 ლარია ერთ ვიზიტზე და აქედან 8 ლარს ხარჯავს გზაში. ფიზიკურ შრომასთან და იმ სამუშაოსთან ერთად, რასაც ის ასრულებს, ფინანსური ხარჯიც ძალიან დიდი აქვს.

გვპირდებიან ცვლილებებს იანვრის თვიდან. ვნახოთ“ – ამბობს ირმა დევაძე.

ირმა დევაძე

ექთნის თქმით, ბენეფიციარებთან ყოფნის დრო განსხვავებულია მათი საჭიროების მიხევდით, თუმცა ერთ ბენეფიციართან სულ მცირე ერთი საათი ჩერდებიან.

„კვირაში ექთნის 2 ვიზიტი და მომვლელის სამი ვიზიტია განსაზღვრული ბენეფიციართან. ექთანს და მომვლელს შეუძლიათ ერთდროულადაც დაგეგმონ ვიზიტები, მაგრამ მძიმე ბენეფიციარებთან ისე გვაქვს განაწილებული, რომ ერთად არ მივიდეთ და კვირაში ხუთი დღე დავუფაროთ ბენეფიციარს.

მყავს ბენეფიციარი, რომელთანაც ფეხით მივდივარ. ისეთ უბანში ცხოვრობს, სადაც ტრანსპორტი აქტიურად არ მოძრაობს და ვერც ტაქსის აიყვან. ნახევარი საათი მჭირდება, მასთან რომ მივიდე ფეხით.

ფაქტობრივად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის ყოველ დღე მივიდეთ და შევაფასოთ მათი მდგომარეობა.

გვყავს ბენეფიციარი, რომელიც რვა წლის განმავლობაში იყო მწოლიარე და ახლა გადაადგილებაც დაიწყო“ – იხსენებს ირმა.

შუქია ჭინჭარაულის მსგავსად, ირმა დევაძეც აღნიშნავს, რომ ბენეფიციარის მოვლისთვის საჭირო მასალების შეძენისთვის გამოყოფილი ვაუჩერი რაც 25 ლარს შეადგენს, მიზერულია და საჭიროებებს ვერ ფარავს.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, დღეს, 21 ნოემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაისროლეს ქალაქ დნეპრის მიმართულებით, მათ შორის რუსეთმა პირველად გამოიყენა უკრაინაზე თავდასხმისთვის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.

უკრაინული მხარის ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, სავარაუდოდ „რუბეჟი“, რუსეთმა ასტრახანის რეგიონიდან გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იყო ბიზნესი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

მედიის ცნობით, „რუბეჟის“ წონა 50 ტონაა, რაკეტა 2000-იან წლებშია შექმნილი საბჭოთა კონსტრუქციებზე დაყრდნობით და მას შეუძლია დაარტყას სამიზნეს 6000 კილომეტრის დაშორებით.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დნეპრში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო საწარმო, სარეაბილიტაციო ცენტრი, საცხოვრებელი კორპუსები და ავტოფარეხები. 2 ადამიანი დაშავდა.

რუსეთს ამ დრომდე არ დაუდასტურებია „რუბეჟის“ გამოყენება. ასევე, ინფორმაცია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ ჯერ არ დაუდასტურებიათ საერთაშორისო წყაროებს.

BBC წერს, რომ ამერიკულ CBS-თან ერთად ისაუბრეს ორ წყაროსთან, ამერიკელ ოფიციალურ პირებთან იმის შესახებ, გამოიყენა თუ არა რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ. წყაროების თქმით, რაკეტა მართლაც ბალისტიკურია, მაგრამ არა კონტინენტთაშორისი.

დღეს მედიაში გავრცელდა მოკლე ვიდეო, რომელშიც ჩანს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ როგორ მიიღო სატელეფონო ზარით მითითება, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

ზახაროვა დღეს, 21 ნოემბერს ბრიფინგს ატარებდა, როდესაც სატელეფონო ზარს უპასუხა, მითითების შინაარსი ცნობილი გახდა ჩართული მიკროფონების გამო: კაცმა ზახაროვას უთხრა, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ.

ზახაროვას ზარის შემდეგ განმარტება არ გაუკეთებია ისე განაგრძო საუბარი. ბრიფინგი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, შესაბამისად ეს კადრები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

მოგვიანებით, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ, „რია ნოვოსტიმ“ ზახაროვას სთხოვა კომენტარი ამ სატელეფონო ზარის შესახებ, რაზედაც მან უპასუხა:

„ბრიფინგამდე იყო კითხვები ინტერნეტში გავრცელებულ ურთიერთგამომრიცხავ მასალებთან დაკავშირებით… ექსპერტებს ვკითხე, ეს იყო თუ არა ჩვენი თემა. პასუხი მოვიდა ბრიფინგზე – საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. ასე რომ, ინტრიგა არ არის“ – თქვა მან.

____________

ფოტო: სააგენტო „ტასი“/tass.ru

არ დაესწროთ პარლამენტის პირველ სხდომას – გახარია ელჩებს მიმართავს

გიორგი გახარია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართავს, არ დაესწრონ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას და არ მისცენ ლეგიტიმაცია ახალ პარლამენტს იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს, 21 ნოემბერს განაცხადა ბრიფინგზე.

„მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატურ კორპუსს, პირველ რიგში აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს – მინდა გთხოვოთ, რომ ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი, ერთად დავიცვათ არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის შინაარსი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის.

დღეს საქართველოს ქუჩებში ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს და არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თქვენი სახელმწიფოების ხელმძღვანელები და ევროკავშირის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი, დამოუკიდებელი გამოძიება.

ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, მინდა გთხოვოთ, რომ არ დაესწროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და ამით დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ნება, არ იყოს მოპარული შემდეგი არჩევნები.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები სისტემურად იყო გაყალბებული და კარგად მოგეხსენებათ იყო სამი ძირითადი ფაქტორი: ეს იყო ფარულობა, კომისიების ფორმირება სრულად ოცნების გავლენის ქვეშ და ეს იყო ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების სისტემური გამოყენება.

…დიდი პატივისცემით მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ „ოცნებას“ შესაძლებლობა მანიპულირების და სპეკულირების ლეგიტიმაციის მიღების“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე პროტესტისკენ მოუწოდა მოქალაქეებსა და მხარდამჭერებს ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს:

„მეორე მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენ მხარდამჭერს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, იმ დღეს, როცა ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ არ ვთვლით ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად და შესაბამისად, არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს, მანამ, სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური გამოძიება და ყველა ლეგიტიმურ კითხვას გაეცემა სრულფასოვანი პასუხი“ – განაცხადა ბრიფინგზე გახარიამ.

„ქართული ოცნების“ განცხადებით საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ნოემბრის ბოლოს ჩატარდება. ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გადალახეს 5-პროცენტიანი ბარიერი, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.

პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს – ნონა ქურდოვანიძე არჩევნებზე

„პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ლოდინის ვადა ჩაირთო სარჩელის წარდგენიდან“, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი 25 ნოემბრის შესახებ, როცა „ქართული ოცნება“ პარლამენტის ახალი მოწვევა პირველ შეკრებას გეგმავს. მანამდე კი, არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მოქმედი პარლამენტის 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ სარჩელების დასაშვებობის საკითხს სასამართლო დღეს, 21 ნოემბერს განიხილავს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელებს წარმოებაში მიიღებს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. კონსტიტუციონალისტები, ასევე საია-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პარლამენტის ახალი მოწვევას დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის უფლება არ აქვს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით: „პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში“. 

საიას ხელმძღვანელი განმარტავს, რატომ ვერ უნდა გაიმართეს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის განხილვას არ დაასრულებს:

„საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სარჩელს განხილვის შესაბამისი პროცედურები და ეტაპები აქვს. პირველი ეტაპია სარჩელის რეგისტრაცია. ეს ეტაპი სარჩელმა უკვე გაიარა. მეორე ეტაპია სარჩელის დასაშვებობის გადაწყვეტა. მესამე – საკითხის არსებითი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ამ ყველაფრისთვის კანონით დადგენილია 30-დღიანი ვადა.

საკითხი გასაჩივრებულად ითვლება სარჩელის წარდგენის მომენტიდან. კანონში არ არის რაიმე დათქმა, რომლითაც სარჩელის გასაჩივრებულად მიჩნევა არმიჩნევის საკითხი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდეს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელს გავლილი აქვს უკვე რეგისტრაციის ეტაპი და სანამ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაუშვებლობის [რისი საფუძველიც ამ სარჩელთან მიმართებით არ არსებობს] შესახებ ან განსახილველად მიღების შემთხვევაში, არ გადაწყდება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა, პარლამენტს არ აქვს უფლება, ცნოს დეპუტატების უფლებამოსილება. პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ლოდინის ვადა ჩაირთო სარჩელის წარდგენიდან,“ – წერს საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე „ფეისბუქში“.
„სანამ დავა არ დასრულდება, მანამდე პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს,“ – წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. მისი პოზიციითაც მკაფიოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის შეკრება უკანონო იქნება.
„პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ნიშნავს, რომ 150-ივე დეპუტატის მანდატის კანონიერება სადავო გახდა, დავა აღძრულია. სანამ დავა არ დასრულდება, მანამდე პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა რაც არ უნდა თქვას, ეს ასეა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა იქნება უკანონო,“ – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, ახალი მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. პარლამენტის პირველ სხდომას კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი ნიშნავს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგების პირიქით, გაბათილებას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.
პრემიერი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები კონსტიტუციის იმ ჩანაწერზე აკეთებენ აქცენტს, რომლის მიხედვითაც „ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი“.

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი ახალი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობას ხელს ვერ შეუშლის. ამ განცხადებას პარლამენტის დეპუტატი და საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი თამარ კორძაია გამოეხმაურა:

„მამუკა მდინარაძე იტყუება მარტივად, რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი: საკონსტიტუციო სასამართლოში 3 დღის ვადაში იმიტომ არის განსაზღვრული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა, რომ უმოკლეს ვადაში უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხი და აქამდე პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. ეს არის კონსტიტუციით და კანონით დადგენილი წესი.
მეორე: პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში არის სარჩელი წარდგენილი, სამანდატო კომისიას უფლებამოსილება არ აქვს, წარადგინოს და სიაში შეიყვანოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა არჩევაც არის სადავო საკონსტიტუციო სასამართლოში. სადავო არის 150-ვე წევრის არჩევის საკითხი.
ის, რასაც ლაპარაკობს მამუკა მდინარაძე, არის თვითნებობა, რადგან თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას კანონით განსაზღვრულ ვადაში და მაქსიმუმ ერთი თვე აქვს მას ამისთვის, თუმცა განმწესრიგებელი სხდომა უფრო სწრაფად უნდა ჩანიშნოს, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო დაარღვევს კონსტიტუციას და კანონს და პარლამენტის შეკრება იქნება არალეგიტიმური.
მეორე ვერსია: თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას, მაგრამ პარლამენტი მაინც შეიკრიბება, ამ შემთხვევაშიც პარლამენტის შეკრება იქნება არალეგიტიმური იმიტომ, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა მას ამის შესაძლებლობას არ აძლევს,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

5 პირი დააკავეს 620 ათასი ლარის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება წარუდგინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი თანხის მათთვის გადაცემის შემთხვევაში, დაზარალებულები მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებდნენ.

გამოძიების ამ ეტაპისთვის დადგენილია, რომ აღნიშნული ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, ჯამში – 620 584 ლარს“ – წერს პროკურატურა.

უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით) წარედგინათ.

სამართალდამცველებმა 5 პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7- დან 10 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რას ითხოვს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?

ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევა – ამ ორი მთავარი არგუმენტით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოოდ შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

„ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების არეალში ფარულობა ყველგან დაირღვა, რაც გულისხმობს/მოითხოვს ამ სისტემით ჩატარებული შედეგების გაბათილებას…

არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსები და მათ საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები,“ – ვკითხულობთ პრეზიდენტის სარჩელში, რომელიც მან საკონსტიტუციო სასამართლოში 2024 წლის 20 ნოემბერს შეიტანა.

სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია. ცნობილია, რომ პრეზიდენტის სარჩელს სასამართლოს პლენუმი განიხილავს, თუმცა მოსამართლეებს ჯერ პრეზიდენტის სარჩელის დასაშვებობაზე არ უმსჯელიათ. ამ საქმის მომხსენებელი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება. ანალოგიური მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედი პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 21 ნოემბერს, გადაწყვეტს ამ სარჩელების დასაშვებობის საკითხს. კონსტიტუციონალისტების განმარტებით, თუ მოსამართლეები სარჩელების არსებითად განხილვას დაიწყებენ, პარლამენტის ახალი მოწვევის უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელი იქნება, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

პრეზიდენტი ახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ ხმის ფარულობა კონსტიტუციით დაცული უფლებაა. სარჩელში სალომე ზურაბიშვილი ასაბუთებს, როგორ დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა:

„ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც უფლების დაცულობის მასშტაბი ფიქციური ხდება.

ფარულობის პრინციპის დარღვევა ასევე არღვევს ევროპულ კონვენციას, რომლის თანახმადაც, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას. [„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი].

2024 წლის 26 ოქტომბერს ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნები შეიცავდა ყველა იმ რეალურ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა დაემუქროს კენჭისყრის ფარულობას და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. გამოკვლეული მტკიცებულებით დადგინდა, რომ გონივრულობის ფარგლებში, უმეტეს შემთხვევებში, შეუძლებელია ამომრჩეველმა წარმოდგენილი ბიულეტენის, მარკერის და ჩარჩო – კონვერტის მეშვეობით გამოხატული ნება [გაფერადებული/გაუფერადებელი, მონიშნული/მოუნიშნავი ბიულეტენი] ისე მოათავსოს ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონული აპარატში, რომ სრულად გამორიცხული იქნეს მისი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული კენჭისყრის ჩატარებული პროცედურის ფარგლებში საარჩევნო სუბიექტის წინ მდებარე წრის გაფერადების შემდგომ, მარკერის კვალი სრულად გადადიოდა ბიულეტენის უკანა მხარეს. შესაბამისად, ბიულეტენის მთვლელ აპარატში მოთავსებისას კომისიის წევრების, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე სუბიექტებისთვის, მარტივად აღქმადი იყო ამომრჩევლის გამოხატული ნება.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ბიულეტენების დაბეჭდვა უზრუნველყო ცესკომ მის მიერ შერჩეული სტამბების და მის მიერვე მიტანილი საბეჭდი ქაღალდის მეშვეობით, შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოყენებული ბიულეტენი იყო ერთი ხარისხობრივი ნიშნის. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩარჩო-კონვერტი განკუთვნილი იყო და ფარავდა მხოლოდ ბიულეტენის იმ ნაწილს, სადაც ფიქსირდებოდა საარჩევნო სუბიექტები, თავის მხრივ, კონვერტი უზრუნველყოფდა ბიულეტენის წინა მხარეს გაკეთებული არჩევანის ფარულობას და ამ მიზნითვე ხდებოდა ბიულეტენის მოთავსება მთვლელ აპარატში ამობრუნებულ მდგომარეობაში.

თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამობრუნებულ ბიულეტენზეც იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება. კერძოდ, ჩარჩო-კონვერტიდან მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას მასზე გარკვევით ჩანდა მარკერის კვალი, რაც მინიმუმ იმის იდენტიფიცირების სრულ შესაძლებლობას იძლეოდა, ამომრჩევლის ნება ოპოზიციურ თუ სახელისუფლებო პარტიას მიემართებოდა – აპარატის მიერ ბიულეტენის უკან დაბრუნების შემთხვევაში კი სრულად იდენტიფიცირდებოდა გაფერადებული საარჩევნო სუბიექტი.

გარდა ამისა, ხდებოდა ამომრჩეველთა გამოსახულებით იდენტიფიკაცია, ეს გარემოებაც პირდაპირ მიმართული იყო საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ფარულობის პრინციპის დარღვევისკენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საარჩევნო უბნები კენჭისყრის დღეს, 26 ოქტომბერს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ აღჭურვა იმგვარად, რომ დაცული ყოფილიყო ხმის მიცემის ფარულობა, შესაბამისად ყველა ელექტრონულ უბანზე, სადაც გამოყენებული იქნა ელექტრონული ბიულეტენი, დაირღვა საარჩევნო პრინციპები,“ – აღნიშნავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში საქართველოში 2263 უბანზე ჩატარდა. ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა გასაჩივრდა სასამართლოებში, თუმცა მხოლოდ ერთმა მოსამართლემ – თეთრიწყაროს სასამართლოში დაადასტურა ფარულობის პრინციპის დარღვევა. საბოლოოდ, საერთო სასამართლოებმა „ქართული ოცნების“ და ცესკოს არგუმენტები გაიზიარეს და თქვეს, რომ შესაძლოა ბიულეტენზე მარკერმა გაჟონა, მაგრამ ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას, თუ ამომრჩეველი წესებს დაიცავდა.

სალომე ზურაბიშვილი სარჩელში ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ცესკო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნებამდე დაჰპირდა, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი განსხვავებული იქნებაო:

„არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ესწრებოდნენ ცესკოს მიერ ორგანიზებულ ელექტრონული ტექნოლოგიების სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც ხდებოდა ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცედურის „დატესტვა“. ჯერ კიდევ ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ ირღვეოდა ნების გამოხატვის ფარულობა.

სპეციალური მარკერები, რომლებითაც უნდა მომხდარიყო საარჩევნო სუბიექტის შესაბამისი გრაფის გაფერადება, ტოვებდა ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალს, ეს კი ბუნებრივია, ცხადს ხდიდა ამომრჩევლის გამოხატულ ნებას. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ცესკოსათვის მიწერილი წერილის პასუხად, ცესკომ განმარტა, რომ „შეხვედრებზე გამოყენებული ბიულეტენი არის სატესტო ვერსია და შესაბამისად, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნება განსხვავებული, რაც უზრუნველყოფს ფარულობის დაცვას.“

უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით ჩატარდა, კენჭისყრის დღესვე გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები, რომლებიც გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა იმდენად მასშტაბური, რომ ცხადყო საარჩევნო უფლების უმნიშვნელოვანესი პრინციპის, ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა. აღნიშნული გამოიხატა იმაში, რომ დაფიქსირებული ხმა ისახებოდა ბიულეტენის უკანა მხარეს.

ნიშანდობლივია, რომ ფარულობის დაცვას ვერ უზრუნველყოფდა ვერც ჩარჩო-კონვერტი. ეს გამოწვეული იყო ერთი მხრივ, ჩარჩო-კონვერტის ზომით, ხოლო მეორე მხრივ, იმით, რომ კომისიის წევრების მხრიდან გაცემული ბიულეტენის ჩარჩო-კონვერტში მოთავსების განმარტებული წესის დაცვის პირობებშიც კი ხმის მთვლელ აპარატში შეცურების მომენტში ბიულეტენის უკანა მხარე ნაწილ-ნაწილ ხილული ხდებოდა.

ამასთანავე, საარჩევნო უბნების გახსნისთანავე, უბნებზე მასობრივად განთავსდა ვიდეოკამერები. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები რიგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამტკიცებული ბიულეტენის და არსებული მარკერის ფორმა იმთავითვე ვერ უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას. კერძოდ, მარკერით გაფერადებული წრე, ბიულეტენის თხელი მატერიისა და მარკერის სიმუქის გამო, ვიზუალურად აშკარად აღსაქმელი იყო ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ აპარატში შეცურებისას.

ამასთანავე, პრობლემური იყო თითქმის ყველა საარჩევნო უბანში დამონტაჟებული ვიდეოკამერა, რომელიც დღის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში იღებდა კენჭისყრის პროცესს, რაც ამომრჩევლებისთვის ქმნიდა კონტროლის განცდას და უქმნიდა აღქმას, რომ არჩევნები არ იყო ზეწოლისგან თავისუფალი.

მაგალითისათვის წალკის მუნიციპალიტეტში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2024 წლის 4 ნოემბრის N3/62-24 (3-63/24) გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს ძირითადი კანონით – კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას,“ – აღნიშნულია სარჩელში.

პრეზიდენტი არჩევნების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევას მოითხოვს იმ მოტივით, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლი: „საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება“  მუხლი 37: „….პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.“

პრეზიდენტი ასაჩივრებს საყოველთაობის პრინციპის დარღვევასაც – საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტების ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუზღუდეს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის.

სასამართლოს მხრიდან ნორმის იმგვარად განმარტება, რომ ცესკოს დისკრეციაა, თუ სად შექმნის საარჩევნო უბანს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის, ეწინააღმდეგება საარჩევნო უფლებით სარგებლობის გარანტირებისთვის სახელმწიფოს პოზიტიურ კონსტიტუციურ ვალდებულებებს, შესაბამისად საფრთხეს უქმნის საარჩევნო უფლების რეალიზაციას, შედეგად სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს და დემოკრატიას.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა არჩევნებში მონაწილეობისათვის. ამომრჩევლის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინების გარეშე საარჩევნო უბნების შექმნა, წარმოადგენს არამართლზომიერ ჩარევას ამ უფლებაში.

ამასთან, უფლებაში ჩარევა არათანაზომიერია, რადგან ამომრჩეველი იძულებულია დიდი მანძილი [რამდენიმე ასეული და ათასი კილომეტრი] გაიაროს, რაც შეუძლებელს გახდის საარჩევნო უფლების განხორციელებას, მაგალითად, თუ ალაბამაში მცხოვრებ ამომრჩეველს მოუწევს ნიუ-იორკში გახსნილ უბანზე მისვლა, ეს აშკარად პრაქტიკული დაბრკოლებაა იქნება მისთვის. ამდენად, საარჩევნო უბნების ადგილის განსაზღვრა სხვა სახელმწიფოებში უნდა ემყარებოდეს ამომრჩევლის ადგილსამყოფელს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აქტიური საარჩევნო უფლების რეალური და ეფექტიანი განხორციელება.

ზღვარი „არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1 500 ამომრჩევლისთვის“ ქმნის ჩარჩოს, რომელიც არეგულირებს თითოეული საარჩევნო უბნის ფარგლებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას.

თუმცა, ამ ჩარჩოს პრაქტიკულ გამოყენებაში ცესკოს უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული ამომრჩეველთა გეოგრაფიული განაწილება. ეს აუცილებელია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცალკეული საარჩევნო უბნების გადატვირთვა და უზრუნველყოფილ იქნეს, რომ თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაბამისი წვდომა საკუთარ საარჩევნო უბანზე.

აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესის გამართულობას და ცხადყოფს, რომ საარჩევნო სისტემა პასუხობს მოქალაქეების საჭიროებებს და ინტერესებს.

2024 წლის 29 სექტემბრის N01/2777 სამსახურებრივი ბარათით 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ, ინფორმაცია მიეწოდათ ცესკოს წევრებს. ქვეყნების რაოდენობა – 42; ქალაქების რაოდენობა – 53; უბნების რაოდენობა – 60; ამომრჩეველთა რაოდენობა სპეციალურ სიაში – 65 508.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიმრავლის გამო დამატებით რამდენიმე უბანი იქნა გახსნილი, ბუნებრივია, ეს სრულფასოვნად ვერ ქმნის საზღვარგარეთ საყოველთაო საარჩევნო უფლებით სარგებლობის ადეკვატურ შესაძლებლობას.

იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო პერიოდში დაახლოებით 270 000-ზე მეტი ამომრჩეველი იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფაქტობრივად კენჭისყრის დღემდე დაკარგა ამომრჩეველთა უმრავლესობამ, ვინაიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ შექმნა უფლებით სარგებლობის სათანადო გარანტიები, არ გახსნა თანაზომიერი და პროპორციული ოდენობისა და შესაბამისი ადგილმდებარეობის მიხედვით საარჩევნო უბნები და ამავდროულად, ამომრჩევლებს არ მიეცათ შესაძლებლობა გაევლოთ სათანადო რეგისტრაცია მათთვის ხელმისაწვდომ უბნებზე.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ამომრჩეველთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ეს პირდაპირ ზღუდავს ამომრჩეველთა კონსტიტუციურ უფლებებს.

ამ პირობებში, ცესკოს მოქმედებები უნდა იყოს გამყარებული მკაფიოდ განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რაც ამომრჩეველთა უფლებების რეალიზაციას ეხება, იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ცესკოს გადაწყვეტილებები ეყრდნობოდეს შესაბამის კანონმდებლობას, რომელიც ნათლად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში და რა პირობებში შეიძლება ცესკომ მიიღოს კონკრეტული ზომები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების შეზღუდვას,“ – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

სალომე ზურაბიშვილის დასაბუთებით, მასშტაბურად დაირღვა ფარულობის პრინციპი, ასევე საყოველთაობის პრინციპის დარღვევამ გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე. პრეზიდენტი სარჩელში საუბრობს იმაზე, თუ რატომ უნდა მიიჩნიოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უსკოს და ცესკოს შემაჯამებელი ოქმები:

„საგულისხმოა, რომ ფარულობის მასშტაბური დარღვევა, შეიძლება მიჩნეულ იქნეს არჩევნებზე იმგვარ არსებით გავლენის მქონე ეფექტად, რომელსაც შეეძლო, საარჩევნო სუბიექტთა პროცენტული მაჩვენებლები შეეცვალა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს განსხვავებულ შედეგს.

ამასთანავე განსაკუთრებით საყურადღებოა ფარულობის დარღვევის გავლენა მოწყვლად ამომრჩეველზე, რომელთა ნების გამოვლენა მარტივად შეიძლება გახდეს მანიპულირების საგანი ფარულობის დარღვევის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთათვის გარკვეულწილად წინასწარ კენჭისყრის დღემდეც ცნობილი იყო, რომ სპეციალური მარკერის, ჩარჩო კონვერტის ზომისა და ბიულეტენის ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო დარღვეულიყო ხმის მიცემის ფარულობა, და დამატებით უშუალოდ კენჭისყრის დღეს ყველასათვის თვალსაჩინო გახდა აღნიშნული ფაქტი, ბუნებრივია ამ დარღვევის მასშტაბმა არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

ფარულობის დარღვევის მასშტაბის შეფასებისას ბუნებრივია საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ელექტრონული კენჭისყრის პროცედურა ჩატარდა 2263 საარჩევნო უბანზე. ამ უბნებზე ამომრჩეველთა სრული ოდენობის დაახლოებით 90% იყო რეგისტრირებული. ვინაიდან ამ უბნებზე არსებითად დაირღვა ელექტრონული კენჭისყრის პროცედურის ფარგლებში ხმის მიცემის ფარულობა, ამან მასშტაბური და გადამწყვეტი გავლენა იქონია ამომრჩეველთა ნების თავისუფლების გამოვლენის პრინციპზეც და ბუნებრივია არჩევნების შედეგებზე.

რაც შეეხება არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევის გავლენას არჩევნების შედეგებზე, აღნიშნულ შემთხვევაში შედარებით მეტად არის დათვლადი კონკრეტული მონაცემები, თუ რა გავლენა იქონია სარჩელში მითითებულმა გაუმართლებელმა ჩარევამ არჩევნების შედეგებზე. კერძოდ არსებული ინფორმაციით საზღვარგარეთ საარჩევნო სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა იყო დაახლოებით 96 ათასი, რომელთაგანაც დაახლოებით ამომრჩეველთა 2/3-მა (60 000-ზე მეტმა) ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა, [19] მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია რამდენად მაღალი იყო საზღვარგარეთ კონკრეტულ უბნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა.

აღნიშნულ შემთხვევაში ამომრჩეველთა სრული ოდენობა დაახლოებით შეადგენდა 2 მილიონ ამომრჩეველს (ცესკოს სადავო შემაჯამებელი ოქმის მიხედვით 2 111 834 ამომრჩეველი), რის გათვალისწინებითაც პირები, რომლებიც საარჩევნო სიაში იყვნენ და ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით შეადგენდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 3%, რამაც ფარულობის დარღვევასთან ერთად და დამოუკიდებლადაც ბუნებრივია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

ამასთანავე საყურადღებოა ის ზოგადი მონაცემები, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ არჩევნების დღისათვის დაახლოებით იმყოფებოდა დაახლოებით 270 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომელთაგანაც უდიდეს ნაწილს ასევე არ მიეცა უფლება არჩევნებში მიღოთ მონაწილეობა, რის გამოც საყოველთაობის პრინციპის ამგვარმა გაუმართლებელმა დარღვევამ გაცილებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის სარჩელში.

ტურავა: არჩევნების შესახებ პრეზიდენტისა და პარლამენტარების სარჩელები გაერთიანდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, დღეს, 21 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლო შეთანხმდება არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელების დასაშვებობის საკითხზე. მისივე განცხადებით, ორივე სარჩელი – პრეზიდენტის და პარლამენტის წევრების, ერთად განიხილება.

„რაც შეეხება გაერთიანებას, ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა.

გაერთიანებული არ არის, იმდენად, რამდენადაც მეორე სარჩელი რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა.

ორივე სარჩელი დარეგისტრირების შემდეგ ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს“.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სარჩელების დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს და მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

ტურავას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ახალი პარლამენტის პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებითაც.

„რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, ეს საკითხი ჩვენთან არ არის დაყენებული. ამ საკითხზე განმარტებას მე ვერ გავაკეთებ და არ გავაკეთებ, ეს საკითხი ჩვენთან არ არის დაყენებული“ – განაცხადა ტურავამ.

20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ. ასევე 20 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც გაასაჩივრა.

„ახალი თაობა გაიმარჯვებს. არ გვინდა არც ჩრდილოეთ კორეა გავხდეთ და არც ბელარუსი“- იულონ გაგოშიძე

არქეოლოგი იულონ გაგოშიძე იმ საპროტესტო აქციების მუდმივი მონაწილეა, რომელიც ეს დღეებია პერმანენტულად იმართება თბილისში ახალი არჩევნების მოთხოვნით. მისი აზრით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოსაცილებელია, „რადგან ქვეყნის ინტერესების მტერია“, – ამბობს იულონ გაგოშიძე, არქეოლოგი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

„ქართველი, ასე თუ ისე იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების მოსაპოვებლად. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ 91-ში, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ახლა მოსაპოვებელი გვაქვს თავისუფლება.

თავისუფლების მოპოვება უფრო ძნელია, თავისუფლების მოპოვებას სჭირდება ბრძოლა. დღეს ამ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა, მოწინავე გახდა, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს. ესენი გაიმარჯვებენ.

იმედიც მომემატა და იმის იმედიც კი მაქვს, რომ მეც კი მომასწრებენ იმ დღეს, როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. იმიტომ ვარ ამ მიტინგებზე. საპროტესტო აქციებზე“, – ამბობს იულონ გაგოშიძე.

ელოდებით ახალი არჩევნების დანიშვნას? – ვკითხეთ მას. იულონის აზრით, ახალი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

„აუცილებლად უნდა მოხდეს ეს. იმიტომ, რომ ავტორიტარიზმი არის საბჭოთა კავშირის პირდაპირი მემკვიდრე, უშუალო გამგრძელებელი იმისა, რაც იყო საბჭოთა კავშირში. როცა ქვეყანას ერთი პარტიის სახელით ერთი კაცი მართავდა. აქაც ეგრეა. ერთი პარტიის სახელით ერთი კაცი მართავს ქვეყანას, რაც სრულიად არანორმალურია. ქართველი ხალხი არ შეეგუება ამას.

არ გვინდა არც ჩრდილო კორეა გავხდეთ და არც ბელარუსი. ახლა ჩვენ მხარში გვიდგას უკრაინა, რომელიც სისხლს ღვრის ჩვენთვისაც. ჩვენი ხელისუფლება კი უნამუსოდ ეხმარება რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში და ქვეყნის მტერია, ნამდვილი მტერი. მოსაცილებელია.

იმედი მაქვს, რომ ეს თაობა, რომლის შეშინება შეუძლებელია, გაიმარჯვებს“, – ამბობს იულონ გაგოშიძე.

ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციები კვლავ მიმდინარეობს. ბათუმსა და თბილისში გაფიცული არიან სტუდენტებიც.

_____________

მთავარი ფოტო: იულონ გაგოშიძე აქციაზე

„რითი ამაყობენ, არცერთი არ იცავს მოქალაქის უფლებებს“ – პრეზიდენტი სახელმწიფო სააგენტოებსა და კომისიებზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ყველა ის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელმაც ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებები უნდა დაიცვას, აღარ არის დამოუკიდებელი, რაც დემოკრატიის უკუსვლის უტყუარი ნიშანია.

პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გააზიარა კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ნიუსი, სადაც ეწერა:

„კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოში რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებელთა დაცვა“ იმართება“.

„აქ ჩამოწერილი სააგენტო/ კომისიები არცერთი რომ აღარ არის დამოუკიდებელი, არცერთი რომ არ იცავს მოქალაქეების უფლებებს, სამწუხარო და უტყუარი ნიშანია დემოკრატიის უკუსვლის… და რით ამაყობენ, რას აპიარებენ!!!,“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის პოსტი ფეისბუქზე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 727 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 510]
  • ტანკი – 9 398 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 19 143 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 20 731 ერთეული [+50]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 003 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 19 259 ერთეული [+57]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 756 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 29 745 ერთეული [+97]
  • სპეცტექნიკა – 3 674 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 648 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 36 467 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 420 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 490 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 18 318 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 28 573 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბაიდენმა კიევისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდება დაამტკიცა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში 4 ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, 4 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევა დღეს, 20 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა.

სასწრაფო სამსახურმა ავარიის შედეგად 4 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

დამკვირვებელი იორმუღანლოდან: „გაყალბების მინიმუმ 20 მეთოდი გამოიყენეს”

აქტივისტი თოზუ გულმამედლი კახეთში, იორმუღანლოს თემში აკვირდებოდა წინასაარჩევნო პერიოდსა და საპარლამენტო არჩევნებს 26 ოქტომბერს. ეს თემი ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული.

იორმუღანლოს თემში ოფიციალურად 9 სოფელია, სადაც ჯამში 13 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნების დღეს თოზუ ყველა საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.

აქტივისტი „ბათუმელებს“ უზიარებს, რა დარღვევები გამოიკვეთა იორმუღანლოში არჩევნებამდე და უშუალოდ არჩევნების დღეს.

  • თოზუ, რომ მოგვიყვე, როგორი იყო იორმუღანლოში წინასაარჩევნო პერიოდი?

მთლიანი წინასაარჩევნო პერიოდი, ორი თვის განმავლობაში ვიყავი იორმუღანლოში და უშუალოდ არჩევნების დღესაც.

ადრეც ვყოფილვარ გრძელვადიანი დამკვირვებელი, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და ასეთი მასშტაბური გაყალბება არასდროს არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“.

ადრე თუ ჰქონდათ 5-10 გაყალბების, დაშინების მექანიზმი, ახლა ჩემ თვალწინ მინიმუმ გაყალბების 20 მეთოდი გამოიყენეს. ეს ადრეც იყო – მანიპულირება. მაგალითად, მოსახლეობის დარწმუნება, რომ თუ თქვენ ამდენ ხმას მოიტანთ თქვენი ახლობელი მოხვდება ამნისტიაში. ახლა, რადგან დიდი მასშტაბის ამნისტია იყო, მოსახლეობის ამაში დარწმუნება გაუმარტივდათ – „ნახეთ, ის გამოუშვეს, თქვენს ახლობელსაც გამოუშვებენ, ოღონდ უნდა მოგვიტანოთ 50 ხმა“.

პირადობებს აგროვებდნენ ჩვეულებრივად და ჩვენ გვეგონა, რომ პირადობებს იმიტომ აგროვებდნენ, რომ ხელი შეეშალათ, ამომრჩეველს უცებ რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის არ მიეცა ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სხვისი პირადობებითაც ახერხებდნენ ხმის მიცემას.

რაც კი არსებობს სახელმწიფო სერვისი, ყველაფრით ხდებოდა მანიპულირება: პენსია, სოციალური დახმარება, ქონების, მიწის რეგისტრაცია. ანუ, რაც კი არსებობს რეგიონში მერიის და ზოგადად სახელმწიფოს რესურსი, ყველაფრით მანიპულირებდნენ.

პოლიციით აშინებდნენ ადგილობრივებს, რადგან განსაზღვრული იყო, ვის რა პრობლემა ჰქონდა.

წინასაარჩევნო პერიოდშივე საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეს კოორდინატორებს. მე ვნახე სია, სადაც ეწერა ადამიანების სახელები და მათთვის გადაცემული ფულის ოდენობა.

  • უშუალოდ არჩევნების დღე, 26 ოქტომბერი როგორი იყო იორმუღანლოს?

არჩევნების დღეს, დილიდან რომ მივედი დუზაგრამის საარჩევნო უბნებთან, 28-29 საარჩევნო უბნები იყო აქ, უშუალოდ დავინახე სოფლის რწმუნებული სქელი რვეულით ხელში. გადახაზა ვიღაცის სახელი და ფული მისცა. იმ რვეულში იდო საკმაოდ დიდი რაოდენობის ფული.

ძალიან მარტივი იყო ამ კაცისთვის ხალხის მანიპულაცია მიწებით, რადგან რეალურად რაც კი არის სახნავ-სათესი მიწები, მის ხელშია. ნახევარი კი არა, მიწების 80 პროცენტი.

მასთან ერთად ეზოში იდგა „ოცნების“ 20 წარმომადგენელი მაინც, ხალხს აშინებდნენ, ფულს სთავაზობდნენ.

მოსყიდვა იქვე, უბანთანვე ხდებოდა. იმის სანაცვლოდ, რომ ფოტოები გადაეღოთ ბიულეტენისთვის. ჩვენთან ძველი წესით ტარდებოდა არჩევნები.

მთლიანი საარჩევნო სისტემა ამ უბნებზე, ორი დამკვირვებლის გარდა, ხელს უწყობდა ამ ყველაფერს.

მასწავლებლები ძალიან აქტიურად მუშაობდნენ. ადრე თუ მარტო სიას ითხოვდნენ მათგან, ახლა დირექტორი იდგა სკოლის წინ და ამოწმებდა, მოჰყავდათ თუ არა იმ რაოდენობის ხალხი. რომელ მასწავლებელსაც მოჰყავდა ამომრჩევლები, პირდაპირ მიჰყვებოდა მას შიგნით, უბანზე შედიოდა და უთითებდა, რომ მიდი, 41 ნომერი შემოხაზეო. ყველაფერს ძალიან თავისუფლად აკეთებდნენ.

აქამდე ამდენს ვერ ბედავდნენ. უბანზე შესვლა და იქვე მითითება, თუ ვის ვინ უნდა შემოეხაზა, ასე მასიურად არ ხდებოდა. ახლა ძალიან მკაცრები იყვნენ და რეალურად ადრე თუ კოორდინატორები ატყუებდნენ „ქართულ ოცნებას“, ხალხი კი მოჰყავდათ, მაგრამ ხალხი სხვას აძლევდა ხმას და ა. შ. ახლა მაგის საშუალება არავის არ ჰქონდა. საკმაოდ მკაცრი კონტროლი იყო. ყველა ხმას აკონტროლებდნენ, რომ ზუსტად შემოხაზულიყო 41 ნომერი.

  • თოზუ, რომ მოგვიყვე, საარჩევნო უბნებთან როგორი სიტუაცია იყო? კიდევ რა გამოიკვეთა?

თითოეულ უბანთან მინიმუმ 40 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. შიგნითაც, გარეთაც, სულ მათი ხალხი. მეც შემეშინდებოდა იქ სხვა არჩევანის გაკეთების.

დაახლოებით 40 ადამიანი, აგრესიული, ძალაუფლების მქონე, ყველაფრის გამკეთებელი… რომელ თავისუფალ არჩევნებზე ვსაუბრობთ?

თავისუფლად ჩაყარეს ბიულეტენები გადასატან ყუთებშიც და მაგას ვინ აკონტროლებდა? ორი დამკვირვებელი იყო თითოეულ უბანზე და კონტროლი იყო ძალიან რთული.

  • თოზუ, თუ ჰქონდა არჩევნებზე გავლენა ენის ბარიერს?

კი, რა თქმა უნდა. ძალიან კარგად გამოიყენეს აზერბარჯანული მედია და იქაური გავლენიანი პირები.

აზერბაიჯანული მედია ყოველდღე იმას აწვდიდა ადგილობრივებს, რომ იგებდა არჩევნებს „ქართული ოცნება“ 65 პროცენტით, დასავლეთი ერევა ჩვენს შიდა საკითხებში და ა.შ.

არჩევნებამდე ორი დღე იყო დარჩენილი, როცა ერთ-ერთი ძალიან რეიტინგული დღის გადაცემის წამყვანიც ხალხს მოუწოდებდა, აირჩიეთ სიმშვიდე, ეს არის თქვენთვისაც მნიშვნელოვანი და ჩვენი რეგიონისთვისაც, თქვენ ხომ არ გინდათ, რომ უკრაინის დღეში ჩავარდეთ, მაგიტომაც გააკეთეთ სწორი არჩევანიო და სხვა, მსგავსი პროპაგანდა. ომის პროპაგანდა ძალიან კარგად ამუშავეს აქაც.

მანამდე ჩვენ ვიცით, რომ დახურული შეხვედრა ჩაატარეს აზერბაიჯანის გავლენიან პირებთან. შეხვდნენ ჩვენი თანასოფლელები, მათ შორის მასწავლებლები, თემაზე – „ხმა მიეცით „ქართულ ოცნებას“.

ასევე, იორმუღალოში აშენდა ბაღი და მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაღი მუშაობდა შარშანდლიდან, დიდი ღონისძიებით გახსნეს იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენ „ქართული ოცნების“ გვერდით ვართ.

  • თოზუ, უშუალოდ უბნებზე, შიგნით თუ გყავდათ თქვენი წარმომადგენლები და ყველაზე თვალშისაცემი რა იყო თქვენთვის?

35 უბანთან იდგა ძალიან ბევრი ადამიანი, 30-მდე კაცი, ყარაულობდნენ ამომრჩეველს. ისეთი სიტუაცია იყო, იქ შესვლის შეგეშინდებოდა. ადამიანები იყვნენ ყველაფერზე წამსვლელები.

ერთი საჩივრის დასარეგისტრირებლად, 30-50 კაცთან ჩხუბი გვიხდებოდა. არ არეგისტრირებდნენ და უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებაზეც გადავიდა საქმე, ერთი საჩივრის დარეგისტრირების გამო.

უბანზე მყოფი ახალბედა დამკვირვებელი ვერაფერს ვეღარ იზამდა. ამასთან ბრძოლა შეუძლებელი იყო. ამდენ ადამიანთან, კაცებთან, რა უნდა ქნა? ფიზიკურად მართლაც საფრთხის შემცველი სიტუაცია იყო.

  • მიუხედავად ამის, მოახერხეთ საჩივრები დაგეწერათ?

რამდენიმე დავწერეთ, მაგრამ დიდი არაფერი. რაც ხდებოდა, იმის გათვალისწინებით ძალიან ცოტა საჩივარი. ჩვენზეც ახდენდა გავლენას ეს ყველაფერი, ჩვენც გვეშინოდა, თან არ ვყოფნიდით. იქიდან გვირეკავდნენ, რომ ეს ხდება, აქედან გვირეკავდნენ. დიდი ხნით ვერ ვჩერდებოდით უბნებთან, იმიტომ, რომ ვერ ვასწრებდით და საბოლოოდ, ვერაფერი ვერ ვქენით. საკმაოდ შორი მანძილი იყო გასავლელი უბნიდან უბანზე.

ენის ბარიერი რადგან იყო, ქართულენოვანი დამკვირვებლები ვერ ხვდებოდნენ როგორ მიუთითებდნენ უბანზე ვინ უნდა შემოეხაზათ და ადგილობრივი დამკვირვებლები ვინც იყვნენ, ქართული ენა და შესაბამისად საჩივრის დაწერა არ იცოდნენ. ძალიან გაგვიჭირდა.

„ნაციონალური მოძრაობიდანაც“ აკვირდებოდნენ უბნებს, მაგრამ ძალიან სუსტად იყვნენ წარმოდგენილები.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ადამიანებმა თვითონ აირჩიეს ვისთვის მიეცათ ხმა, ძალიან დიდი შეცდომაა.

ბიზნესმენი ქედიდან, რომელმაც საკუთარ სოფელში „გლემფინგი“ მოაწყო

„აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის ნომერ პირველი მიმართულება კოტეჯებია, სადაც შეიძლება დასაქმება, ფულის გამომუშავება. შეიძლება დარჩე სოფელში, მაგრამ არავის და არაფერს ჩამორჩე. ხარ შენს სოფელში, ინარჩუნებ სოფელს, გყავს მეზობლები და ცხოვრება გრძელდება. ამის ერთ-ერთი საშუალებაა ეს კოტეჯები. ამ მხრივ ძალიან დიდი როლი ექნება სახელმწიფოს, მთავრობას, რომ ეს მიმართულება რაც შეიძლება გააძლიეროს ფინანსურად “ – გვიზიარებს თავის ხედვას ბაგრატ თავართქილაძე, ტურისტული განთავსების ობიექტების მფლობელი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში.

„მიმოიხედეთ ირგვლივ, ყველგან ადგილებია კოტეჯებისთვის“ – გვეუბნება ბაგრატი და ხელით გვაჩვენებს კოკოტაურის მიმდებარე სოფლებსა და ტყეებს. 


ბაგრატ თავართქილაძე

„აქ ახლა აფრიკელს რა უნდა, მაგრამ ვიღებთ აფრიკიდან სტუმრებს, ამერიკიდან აქ კაცს რა უნდა, მაგრამ მოდის ის ამერიკელიც, ევროპიდან ხომ მოდიან და მოდიან, ადგილობრივებიც არ გვაკლია. ჩვენი მთა და ბარი უნდა გადავაქციოთ ტურიზმად და აქ მაცხოვრებლებისთვის ეს იქნება საარსებო წყარო“ – ამბობს ის. 

ბაგრატ თავართქილაძის ეს მოსაზრება გამოცდილებითაა გამყარებული. ის საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შვილებთან ერთად „გლემფინგის“ ტიპის დასასვენებელი კოტეჯები ქედის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ სოფელ კოკოტაურში მოაწყო.

„გლემფინგი“ გულისხმობს ცივილიზაციიდან შორს, ავთენტურ ბუნებაში, ბანაკის ან სასტუმროს ტიპის ადგილას დასვენებას, სადაც ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნება და კომფორტი.

„ბოლო 25 წლის განმავლობაში თბილისში ვცხოვრობდი. ჩემს შვილს გაუჩნდა იდეა, რომ შეიძლებოდა ჩვენს სოფელში ტურიზმი განვითარებულიყო, რაღაც უნდა გაგვეკეთებინა და ეს ძალიან მომეწონა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩამოსვლა მომიწევდა და ეს მახარებდა და მეორეც – საქმეს დავიწყებდი. თან ბრუნდები სოფელში, სადაც წლების განმავლობაში ვერ ვიტყოდი, რომ გადაკარგული ვიყავი, მაგრამ მაინც არ მიცხოვრია და მეც დავეთანხმე, რომ საქმისთვის მოგვეკიდა ხელი.

ჩამოვედი თბილისიდან და „აჭარა გლემფინგით“ დავიწყეთ“ – იხსენებს ჩვენთან საუბარში ბაგრატ თავართქილაძე.


„აჭარა გლემფინგი“

ამ პერიოდში ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, „ენპარდის“ პროგრამა ხორციელდებოდა, რომლის პრიორიტეტიც სოფლისა და სოფლის მეურნეობისა მხარდაჭერა/ დაფინანსება იყო. ბაგრატის შვილმა, გიორგიმ სოფელში კოტეჯების მოწყობის იდეა საგრანტო კონკურსზე წარადგინა. იდეამ, როგორც ინოვაციურმა და პოტენციურად წარმატებულმა სტარტაპმა, საგრანტო კომისიის დიდი მოწონება დაიმსახურა და გრანტიც მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში პროექტს გაცილებით მეტი თანხა დასჭირდა, ვიდრე გრანტით გათვალისწინებული თანხის რაოდენობა იყო, ბაგრატ თავართქილაძე იმ ეტაპზე გრანტით დაფინანსებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

„ევროკავშირის ფული იმითაა კარგი, რომ საწყისს გაძლევს, ეზოს გარეთ როცა ვერ გადიხარ, ის გეუბნება, რომ შეგიძლია წახვიდე – აი, ესაა ევროკავშირის ფული. იმის მიღმა ბევრი ხარჯია, მაგრამ საწყისი ფული დიდ სტიმულს გაძლევს“.

გარდა ევროკავშირის გრანტისა, თავართქილაძეების ოჯახმა სახელმწიფო პროგრამითაც-„აწარმოე საქართველოში“  ისარგებლა. არც ეს აღმოჩნდა საკმარისი, მაგრამ საქმის კეთების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ოჯახმა ყველა დაბრკოლება დაძლია და შრომის ნაყოფიც გამოჩნდა. 

პროექტმა, გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის რეგიონისთვის სიახლე იყო, მოლოდინი გაამართლა და კარგი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საერთაშორისო ვიზიტორებში, ასევე, ადგილობრივებში.

კოკოტაურში თავდაპირველად დადგეს ორი კოტეჯი, რომლებიც „აჭარა გლემფინგის“ სახელით ოპერირებენ. თუმცა, მოთხოვნიდან გამომდინარე, ბიზნესი მალე გაფართოვდა და უკვე იმავე სოფელში, მაგრამ უფრო ტყის სიღრმეში, სამი კოტეჯისგან შექმნილი კომპლექსი, „სერი“ დაემატა.


„სერი“

ამ კომპლექსებს შორის განსხვავება კლასშია: „სერი“ აერთიანებს მთლიანად ბუნებრივი ხით მოწყობილ ლუქს ნომრებს, ხოლო „აჭარა გლემფინგი“ ძირითადად რკინის კონსტრუქციისა და სპეციალური მასალით აწყობილი კარვის ტიპის ნომერია.

ორივე კომპლექსს ჯამში, ამ ეტაპზე, 10 ადგილობრივი ემსახურება და სამზარეულოშიც ძირითადად ადგილობრივთა ნაწარმს იყენებენ.

პროექტის მფლობელი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და გაფართოებას, მომსახურების გამრავალფეროვნებას და დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, რაც ადგილობრივი გარემოს განვითარებას, მეტი ადამიანის დასაქმებას და მეტ რეალიზებულ ადგილობრივ პროდუქტს ნიშნავს. ამიტომ სამეზობლოც მოტივირებულია და ერთმანეთს ხშირად ეხმარებიან, გამოწვევებს ერთად უმკლავდებიან, ეს იქნება ადგილობრივ გარემოზე ზრუნვა, გაფრთხილება თუ განვითარება.

></img></p>
<p>ჩანჩქერი კოკოტაურში, რომელსაც ადგილობრივებმა „სურნალის ჩანჩქერი“ უწოდეს, რადგან ის „სურნალის ღელეს“ ნაწილია. ჩანჩქერის არსებობის შესახებ მხოლოდ ადგილობრივებმა იცოდნენ ბოლო წლებამდე. „გლემფინგების“ მოწყობის შემდეგ ბაგრატ თავართქილაძემ მეზობლებთან ერთად გადაწყვიტა რომ ეს სილამაზე ყველა სტუმარს უნდა ენახა და მისასვლელი გზა მოაწესრიგეს. მათი თქმით სამუშაოს 45 დღე დასჭირდა.</p>
<p><span style=„ჩვენი ხეობა განსაკუთრებულია ტურიზმის თვალსაზრისით. აქ ახლოსაა ზღვაც და მთაც. ეს ხეობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ამიტომ ყველა სოფელში მე ვისურვებდი, რომ იყოს კოტეჯები, სადაც ჩვენი სტუმრები დაისვენებენ“ – ამბობს ბაგრატ თავართქილაძე.

მხოლოდ ბუნება და გარემო პირობები რომ არაა საკმარისი, ბიზნესმენმა ესეც ძალიან კარგად იცის და წუხს, რომ განვითარების ტემპს ცუდი ინფრასტრუქტურა აფერხებს, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, სადაც ისედაც მცოცავი და მეწყრულად არამდგრადი მიწაა. ბევრგან არაა წყალი, გაზი, არ არის დაგებული გზის საფარი დაგებული ან სანიაღვრე სისტემა არაა მოწყობილი. ბაგრატ თავართქილაძე აქ ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებულ როლს ხედავს ბიზნესის ხელშესაწყობად და მაგალითად მოჰყავს ფაქტი, როცა სოფელში გასულ წელს გზა დაიმეწყრა, დიდხანს ვერ გაწმინდეს და ამის გამო ტურისტს ვერ იღებდა, ამ დროს კი ბანკში სესხის თანხა გადასახდელი იყო. 

„ხედავთ, რომ კოტეჯებთან მისასვლელი გზა ცუდია და მეტიც, როცა სველდება, ექსტრემალურია. მე კი ვემსახურები საკუთარი მაღალი გამავლობის მანქანებით და მიმყავს ადგილზე სტუმარი უსაფრთხოდ, მაგრამ ვისაც თავისი მანქანით უნდა ამოსვლა, მაქვს შემთხვევები, როცა უარს ამბობენ ან ამოდიან და შემდეგ რევიუებში წერენ, რომ ყველაფერი მოეწონათ გზის გარდა, რაც ქმნის პრობლემას ყველა სეზონზე მუშაობისთვის.

მსგავს საკითხებში ძალიან გვჭირდება ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება და რთულია ამ პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა ჩვენი ტიპის ბიზნესისთვის. იგივე ხარჯების, ბიზნესის სეზონურობისა და სხვა ბიუროკრატიული დეტალების გამო. მხოლოდ მე არა, ხეობაში ბევრი ბიზნესია, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს“ – ამბობს ბიზნესმენი.

პროექტების სარგებელზე საუბრის დროს ბაგრატი პირველ რიგში საკუთარი სოფლის ცნობადობის გაზრდაზე საუბრობს და ერთგვარი სიამაყით აღნიშნავს, რომ მან ამ სტილის ტურიზმის განვითარებას დაუდო საფუძველი აჭარის მაღალმთიანეთში. უკვე მხოლოდ მის სოფელში რამდენიმე ადგილია „გლემფინგისთვის“, განსაკუთრებით კი მომრავლდა „გლემფინგი“ ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

ეს ორი მუნიციპალიტეტი ევროკავშირის სამიზნე მუნიციპალიტეტებს წარმოადგენდა, სადაც „ენპარდის“ პროგრამა ხორციელდებოდა და უკვე ათეულობით სხვადასხვა ტურისტული დანიშნულების ობიექტია დაფინანსებული.

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისგან მსგავსი პროექტების დაფინანსების შეწყვეტის ალბათობა რეალურია და ამის მიზეზი ჩვენს ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ურთიერთობის გაციებაა, რისი შედეგიც უარყოფითად აისახება ტურიზმზეც:

„თუ შეწყდება დაფინანსებები და ამის რეალური შანსი არის, ურთიერთობების გაციება ჩვენს ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, ეს ძალიან ცუდი ნიშანი იქნება. იმიტომ, რომ ეს შემდეგ აისახება მარტო იმაზე კი არა, რომ რაღაც დაფინანსებები შეწყდება, არამედ ტურიზმზე.

ის მოქალაქე [პოტენციური ევროპელი ტურისტი] უყურებს და უსმენს ისე, როგორც მე და თქვენ. ამიტომ, თუ იქნება გრილი ურთიერთობა, ის შეიკავებს თავს აქ წამოსვლაზე. როგორმე უნდა დათბეს ისევ ურთიერთობები, რომ ტურიზმის ეს მიმართულება არ გაჩერდეს, თორემ ადამიანი აღარ ჩამოვა. ტურიზმი მხოლოდ ფინანსურად არ მუშაობს, მუშაობს ფსიქოლოგიურადაც. ამიტომ, ამ მიმართულებით მუშაობა სავალდებულოა“ – ამბობს ბიზნესმენი. 

ნახეთ ვიდეო: 

ბიზნესმენი ქედიდან, რომელმაც საკუთარ სოფელში „გლემფინგი“ მოაწყო

  • ENPARD – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ევროკავშირი საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უჭერდა და უჭერს მხარს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ბოლო წლებში წარმატებით განხორციელდა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ია, რომლის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 180-მდე მილიონი ევრო დახარჯა.

აჭარაში პროგრამის ერთ-ერთი სამიზნე ქედის მუნიციპალიტეტი იყო და პროგრამას ადგილზე ახორციელებდნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები: „დემოკრატიის ინსტიტუტი“, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდი ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის თქმით, საგრანტო კონკურსის პრიორიტეტი იყო ახალგაზრდების საინტერესო პროექტების ხელშეწყობა:

„ერთ-ერთი ასეთი საინტერესო იდეის ავტორი გიორგი თავართქილაძე იყო, რომელმაც წარმოადგინა იმ დროისთვის ინოვაციური იდეა „გლემფინგების“ მოწყობის სახით. ძალიან საინტერესო იდეა აღმოჩნდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, რაც სამაგალითო გახდა სხვებისათვის და დღეს უკვე მრავლად ვხვდებით ქედის მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის განხორციელებულ პროექტს, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

ENPARD-ის განხორციელება საქართველოში 2013 წლიდან დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. პროგრამის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ადგილობრივებს და ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს“ – ამბობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

მისივე განმარტებით, ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგ ძირითად საკითხებს ითვალისწინებს: სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება და მათი დახმარება სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირების პროცესში; სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მცირე ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებით და რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობით, გარემო პირობებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით.

2013-2022 წლებისთვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 179.5 მილიონი ევრო იყო და ის რამდენიმე ფაზად განხორციელდა. პროექტის მეოთხე ფაზა ახლა მიმდინარეობს საქართველოს ოთხ რეგიონში – კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და გურიაში. მეოთხე ფაზის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს შეადგენს.

 


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

ბათუმის მერიამ 10 თვეში ჯარიმებიდან 11 მლნ-ზე მეტი ამოიღო, კაზინოებიდან – 54 მლნ ლარი

ბათუმის ბიუჯეტის შესრულების 10 თვის ანგარიშის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან ბიუჯეტში 54 მილიონ 893 ათას 900 ლარი შევიდა.

წლის ბოლოსთვის შეიძლება ეს რიცხვი ბიუჯეტის შემოსულობებში კიდევ გაიზარდოს, მოქმედი ბიუჯეტის მიხედვით გეგმა 59 მილიონი იყო.

ბათუმის მერიამ საკრებულოს 10 თვის ანგარიშთან ერთად ბიუჯეტის 2025 წლის პროექტიც წარუდგინა. პროექტის მიხედვით, მომავალ წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის პროგნოზი 65 მილიონი ლარია.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბიუჯეტის შემოსულობებში „სხვა შემოსავლების“ ნაწილშია ასახული. ანგარიშის მიხედვით, სხვა შემოსავლების 2024 წლის საპროგნოზო მოცულობა 84 მილიონ 891 ათას 500 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივმა შესრულებამ კი შეადგინა 115 მილიონ 116 000 ლარი, ანუ გეგმის 135.6 პროცენტი.

სხვა შემოსავლების წილი ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 35.2%-ს შეადგენს.

ზოგადად დამკვიდრებული პრაქტიკით, ბათუმის მერიის ფინანსურ სამსახურებს გადასახადების ამოღება არ უჭირთ და ამ ნაწილში ბიუჯეტი გადაჭარბებითაც კი სრულდება, რასაც ვერ ვიტყვით ხარჯვით ნაწილზე.

2024 წლის 10 თვეში სხვა შემოსავლების ნაწილში ასახულია საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მობილიზებული 10 მილიონ 286 000 ლარი. პროცენტებიდან ბიუჯეტმა სარგებლის სახით 8 მილიონ 248 ათას 300 ლარი მიიღო; რენტის სახით ბიუჯეტში შევიდა 2 მილიონ ლარზე მეტი.

ანგარიშის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 61 მილიონ 989 ათასი ლარი. მათ შორის – ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ასახულია 61 მილიონ ლარზე მეტი. დასუფთავების მოსაკრებელი – 3 მილიონ 905 ათას 100 ლარი ამოიღეს, არასაბაზრო წესით გაყიდული საქონლისა და მომსახურებიდან კი – 618 ათას 900 ლარი.

ბათუმის მერიამ სანქციების, ჯარიმებისა და საურავების სახით 10 თვეში 11 მილიონ 694 300 ლარი ამოიღო.

_____________

ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

„გაჟონილია!“ – ხმის ფარულობა, როგორც კონსტიტუციური უფლება

ქალაქში საპროტესტო აქციებზე თეთრსამკლავურიანი ადამიანების სიმრავლეს ადვილად შეამჩნევთ. თეთრ ფონზე დიდი შავი ლაქა უკვე იქცა გაყალბებული არჩევნების სიმბოლოდ.

„დაუსვი წერტილი რუსულ ოცნებას“, „ოცნების შავი ლაქა“, „სამუდამო წერტილი ოცნებას“, – ამ სლოგანებს მოისმენთ საქართველოს მოქალაქეებისგან აქციებსა თუ თავშეყრის სხვა ადგილებში, სადაც ისინი წართმეულ ხმებს აპროტესტებენ.

თეთრ ფონზე შავი წერტილის სამკლავურად ქცევის იდეა ფეისბუქჯგუფ „დაიტოვეს“ აქტივისტებს ეკუთვნით. ისინი ასე გამოხატავენ 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევას.

ამ იდეის ერთ-ერთი ავტორის, ილია ღლონტის განცხადებით, სამკლავური შავი წერტილით გამოხატავს იმას, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. „ეს არის ფარულობის, გაჟონილი და ჩვენი დაკარგული ხმის სიმბოლო“, – გვითხრა ილია ღლონტმა.

ილია ღლონტი, აქტივისტი

აქტივისტი მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლის ხაზი თითოეულ მოქალაქეზე გადის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ყველამ დაინახოს საკუთარი თავი.

„ხმის მიცემის დროს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ჩვენი კონსტიტუციური უფლების დაცვა. ამიტომ ადექი და გაიკეთე ეს სამკლავური სამსახურში, რომ შენმა კოლეგებმა დაინახონ შენი პროტესტი. ყველა შემთხვევაში პერსონალურ ბრძოლაზე გავდივართ, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქმნის იმ მუხტს, რომელიც პროტესტისთვის გვჭირდება ადამიანებს.

300 ათასიც რომ გამოვიდეთ ქუჩაში, „ქართული ოცნებისთვის“ ეს მაინც არაფერს ნიშნავს, როგორც თვითონ ამბობენ ხოლმე. ამიტომ ჯერ ინდივიდუალურად უნდა გავხადოთ ეს პროტესტი მასშტაბური, საბოლოოდ კი, იმდენი უნდა ვიყოთ, რომ ვერ დაგვთვალონ. ამიტომ გადის ეს ბრძოლა ინდივიდუალურ პროტესტზე“, – გვეუბნება ილია ღლონტი.

„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ის, რომ არჩევნები გაგვიყალბეს ან ოფშორების კანონი მიიღეს და ასე შემდეგ. მთელი სისტემაა შესაცვლელი და გვინდა, ამ სისტემას დავუსვათ წერტილი.

ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ეს ქვეყანა არ გახდება ევროკავშირის წევრი, სადაც არ დაგვაშინებენ, არ იძალადებენ ჩვენს თავისუფალ ნებაზე და სამსახურიდან არ გაგვიშვებენ იმის გამო, რომ ხმა არ მივეცით მმართველ პარტიას“, – ამბობს ილია.

თეთრი, შავწერტილიანი სამკლავურით გამოჩნდა სტუდენტი ქეთი პაქსაძეც ბათუმში აქციაზე. ქეთი მიიჩნევს, რომ შავი წერტილი ხმის ფარულობის დარღვევის გარდა „ქართული ოცნების“ მმართველობისთვის წერტილის დასმის სიმბოლოცაა.

„გაჟონა ჩვენმა ვითომ ფარულად მიცემულმა ხმამ. სწორედ ეს გაჟონილი ხმები აღმოჩნდა იმ რეალობის მიზეზი და საბაბი, რა რეალობაშიც ჩვენ ახლა ვართ.

ეს არის ალბათ შავი ხვრელი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წაიყვანს და ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მათი ადგილი აღარ იქნება. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი წინაპრების სისხლით და ბრძოლით მოტანილ თავისუფლებას“, – ამბობს ქეთი პაქსაძე.

ქეთი პაქსაძე, სტუდენტი

აქტივისტების აზრით, „ეს გაჟონილი ლაქა, იქნება ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის ბოლო წერტილი“.

„პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისგან“- საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 37, პუნქტი 2

ბათუმში მოქალაქეები ხმის ფარულობის დარღვევას აპროტესტებენ.
ფოტო: ბათუმელები/ლელა დუმბაძე
  • ხმის ფარულობა დაცულია კონსტიტუციით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდა არჩევნებს და სწორედ ის არის ერთ-ერთი პირველი, ვინც 2263 ანუ ყველა იმ უბნის შედეგების ბათილობას მოითხოვს, სადაც ხმის მიცემა ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

„დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი არის ხმის ფარულობის პრინციპი, რომელიც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო აქტებით. ფარული კენჭისყრის პრინციპზე წერია საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს საარჩევნო კოდექსში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასევე საუბარია ხმის ფარულობაზე. შეგვიძლია ვახსენოთ ეუთო-ოდირის რეკომენდაციებიც, რომლებიც ძალიან ნათლად მიუთითებენ არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, რომ ხმის მიცემის აბსოლუტური ფარულობა დაცული უნდა იყოს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის ბიულეტენის მთვლელ აპარატში მოთავსების ეტაპზეც“, – ამბობს საიას წარმომადგენელი ნიკოლოზ ოდიკაძე.

მისი თქმით, ვერც ბიულეტენი, ვერც ჩარჩო კონვერტი, ვერც ხმის მთვლელი ელექტრონული მოწყობილობა, ვერ უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას.

„ბიულეტენები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიბეჭდა ერთსა და იმავე სტამბაში, ცესკოს მიერ მიწოდებულ ფურცელზე. ამ თვალსაზრისით, ბიულეტენებში ოლქების მიხედვით სხვაობა ვერ იქნება. მარკერი ჟონავდა ბიულეტენის უკანა მხარეს და იქიდან გამომდინარე, რომ ჩარჩო კონვერტი და ბიულეტენი განსხვავებული ზომისაა, ფურცლის შეცურებისას შესაძლებელი იყო იმის გაგება, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა“, – ამბობს ნიკოლოზ ოდიკაძე.

საპროტესტო ბანერები ბათუმში აქციაზე.
ფოტო: ბათუმელები/ლელა დუმბაძე
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ხმის ფარულობა კენჭისყრის დროს?

„თუ ფარულობა არ არის დაცული, ამომრჩეველმა შეიძლება იგრძნოს შიში, ზეწოლა, სირცხვილი და ასე შემდეგ.

ფარულობა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღოს თავისუფლად და არ იყოს დამოკიდებული გარე ფაქტორებზე.

საარჩევნო კენჭისყრის ოთახებში განთავსებული იყო „ქართული ოცნების“ ვიდეოკამერები, საარჩევნო კომისიის წევრებს ისედაც ევალებათ იქ ყოფნა და მთლიანობაში ზეწოლის გარემო შეიძლება ეგრძნო ამომრჩეველს“, – ამბობს ნიკოლოზ ოდიკაძე.

საია: „ჩვენ მტკიცებულებზე დაყრდნობით ვდავობთ, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას“.

„ჩვენ გავასაჩივრეთ ყველა იმ უბნის შედეგები, სადაც კენჭისყრა ჩატარდა ელექტრონულად.

სხვა მძიმე დარღვევებიც რომ არ ყოფილიყო უბნებზე და იყოს მხოლოდ ეს ერთი – ხმის ფარულობის დარღვევა, საკმარისი მოტივია იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, რადგან ეს არსებითი დარღვევაა. ჩვენი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევდა ახალი არჩევნების ჩატარებას“, – ამბობს ოდიკაძე.

26 ოქტომბრის არჩევნებზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა მხოლოდ ერთმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დაადგინა და ამ ოლქში არჩევნების შედეგები ხმის ფარულობის დარღვევის გამო ბათილად ცნო.

მან სასამართლო პროცესზე ექსპერიმენტიც ჩაატარა, რითაც გამოჩნდა, რომ ხმის მიცემის ფარულობა არჩევნებზე დარღვეული იყო.

„მივიღე გადაწყვეტილება სამოსამართლეო ფიცზე, სინდისზე, კანონის უზენაესობაზე, სამართლიანობაზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით“, – განაცხადა მოსამართლე ხუჭუამ.

თუმცა საბოლოოდ ქართულმა სასამართლოებმა არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს.

„ის, რომ ხმის ფარულობა ირღვეოდა, ამას აღიარებდა ცესკოც, რადგან 2021 წელს, როცა კრწანისის ოლქში, შუალედური არჩევნები ჩატარდა, ეს პრობლემა იყო შესამჩნევი და მივმართეთ ცესკოს პრობლემის აღმოსაფხვრელად.

წინასაარჩევნოდ, როცა იმიტირებული ხმის მიცემის პროცესი ჩაატარა ცესკომ, მაშინაც დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა. თუმცა ცესკო ამბობდა, რომ ეს იყო სატესტო ბიულეტენი და დაგვპირდა, რომ ფურცლის ხარისხი შეიცვლებოდა, თუმცა ვნახეთ, რომ ეს ასე არ მოხდა.

სამართლებრივად, თუ ამომრჩევლის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, მაშინ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები“, – გვითხრა ნიკოლოზ ოდიკაძემ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე საუბრობს მიშა ბენიძეც, რომელიც წარმოადგენს კოალიციურ სადამკვირვებლო მისიას – „ჩემი ხმა“ . მისი თქმით, არჩევნებზე ფარულობის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას

„ამ არჩევნების წინ გვესმოდა ბევრი ადამიანის წუხილი და შიში იმაზე, რომ მათი ხმის ფარულობა არ იქნებოდა დაცული. ახალი ტექნოლოგიების გარშემო ვრცელდებოდა უამრავი მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომ ხელისუფლება გაიგებდა, თუ ვინ ვის მისცა ხმა.

ხალხი გვიყვებოდა, რომ ეს მანქანა ამოიცნობდა ვინ რა დროს ვის მისცა ხმა და ასე შემდეგ. ამ აპარატს ასეთი შესაძლებლობები არ ჰქონდა და ჩვენ ამაზე ვესაუბრებოდით მოქალაქეებს, მაგრამ არჩევნების დღეს დავინახეთ, რომ ბიულეტენებზე მასიურად ჟონავდა მელანი და ფარულობა პრაქტიკულად არ იყო დაცული.

ვნახეთ ისიც, რომ კომისიის წარმომადგენელს, რომელიც ამ აპარატთან ახლოს იდგა, თავისუფლად შეეძლო დაეფიქსირებინა ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეს იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ხშირ შემთხვევაში, პროცესი კომისიის წევრებისთვისაც კი უხერხული იყო“, – ამბობს მიშა ბენიძე.

მის თქმით, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა კომისიის წარმომადგენლები პირდაპირ ხსნიდნენ ჩარჩო კონვერტს და ხედავდნენ, რომელი პარტია გააფერადა ამომრჩეველმა. ეს ფაქტები ვიდეოებზეც არის დაფიქსირებული და არაერთი საჩივარი დაიწერა ამის გამო.

„ასევე, ყველა უბანზე ვიდეოკამერა იყო განთავსებული, რომელიც საარჩევნო ყუთს ან ხმის მისაცემ კაბინას უყურებდა და ამ ჩანაწერებიდანაც შესაძლებელია იდენტიფიცირება, თუ ვის მისცეს ხმა.

მე, ერთმა მოქალაქემ შეიძლება მოვახერხო ისე, რომ ჩემი ხმის ფარულობა დავიცვა, მაგრამ თუ ეს პროცესი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას მასობრივად იძლევა, ეს უკვე მთლიანად აყენებს არჩევნებს ეჭვქვეშ.

ასე გამოხატავენ მოქალაქეები ხმის ფარულობის დარღვევას თბილისში, საპროტესტო აქციაზე

„ამ არჩევნების წინ გვესმოდა ბევრი ადამიანის წუხილი და შიში იმაზე, რომ მათი ხმის ფარულობა არ იქნებოდა დაცული. ამ განწყობას ხელი შეუწყო ახალი ტექნოლოგიების შემოტანამაც, რადგან ვრცელდებოდა უამრავი მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომ ხელისუფლება გაიგებდა, თუ ვინ ვის მისცა ხმა.

ხალხი გვიყვებოდა, რომ ეს მანქანა ამოიცნობდა, ვინ როდის ვის მისცა ხმა. ამ აპარატს ასეთი შესაძლებლობები არ ჰქონდა და ჩვენ ამაზე ვესაუბრებოდით მოქალაქეებს, მაგრამ არჩევნების დღეს დავინახეთ, რომ ბიულეტენებზე ჟონავდა მელანი და ფარულობა არ იყო დაცული.

ვნახეთ ისიც, რომ კომისიის წარმომადგენელს, რომელიც ამ აპარატთან ახლოს იდგა, თავისუფლად შეეძლო დაეფიქსირებინა, ვის მისცა ამ ადამიანმა ხმა. ეს იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ პროცესი კომისიის წევრებისთვისაც კი უხერხული იყო.

ზოგ შემთხვევაში კომისიის წარმომადგენლები პირდაპირ ხსნიდნენ ჩარჩო კონვერტს და ხედავდნენ, რომელი პარტია გააფერადა ამომრჩეველმა. ეს ფაქტები ვიდეოებზეც არის დაფიქსირებული და არაერთი საჩივარი დაიწერა ამის გამო.

ასევე, ყველა უბანზე ვიდეოკამერა იყო განთავსებული, რომელიც საარჩევნო ყუთს ან ხმის მისაცემ კაბინას უყურებდა და ამ ჩანაწერებიდანაც შესაძლებელია იდენტიფიცირება, ვის მისცეს ხმა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ ფორმატით დაარღვია კანონი და ყველა იმ ადამიანის კონსტიტუციური უფლება, ვინც მონაწილეობდა 26 ოქტომბრის არჩევნებში და ხმა მისცა ელექტრონულად“, – ამბობს მიშა ბენიძე.

თბილისში მოქალაქეები არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვენ.

ხმის ფარულობის დარღვევაზე ათასზე მეტი სარჩელი დაიწერა.

მიშა ბენიძის თქმით, ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ასეთ მასშტაბურ დარღვევებს ექნებოდა ადგილი, ამ არჩევნების შედეგები გაუქმდებოდა.

მოქალაქეებმა და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებმა არ უნდა აღიარონ შედეგები და უნდა მოვითხოვოთ ხელახალი არჩევნები“, – ამბობს ბენიძე.

ხმის ფარულობის დარღვევას არ ეთანხმება ხელისუფლება და არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც ამბობს, რომ „სადღაც უკან, რომ ფერი (გამოვიდა)“, ეს არ არის ფარულობის დარღვევა.

საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგალითად, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის შინასი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტანდარტებს არ შეესაბამება.

„ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომლებსაც მოელიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისაგან“, – თქვა მან.

მკაცრი შეფასებები ჰქონდათ საქართველოში მყოფ ევროკავშირის რვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც. გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, მიხაელ როთი ამბობს, რომ „ხმის მიცემის ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი, მიდიოდა ფართოდ გავრცელებული დაშინება, მოსყიდვა“.

„თუ არ იქნება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები გამოძიებული, მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციასა და  დაშინებაზე“, – განაცხადა მიხაელ როთმა.

მიხაელ როთი თბილისში, საპროტესტო აქციაზე.

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე პირადად შეესწრო გაყალბების ფაქტებს.

„მე თავად შევესწარი მანიპულაციებს, შოკის მომგვრელ ბიულეტენების ჩაყრას, ასევე გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის დარღვევასა და ამომრჩევლის დაშინებას.

ამ არჩევნებს სამართლიანად ვერ მივიჩნევთ. საჭიროა დარღვევების გამოძიება და პასუხისმგებელი პირების სანქცირება“, – თქვა გრეგოროვამ ევროპარლამენტში დებატებზე.

„არჩევნები არ იყო დემოკრატიული, მათ ვერ ვაღიარებთ. „ოცნებას“ არ მოუგია. უნდა მოვუწოდოთ საერთაშორისო გამოძიებისკენ“, – ამბობს კიდევ ერთი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ამის შესახებ მან განცხადება არჩევნების მეორე დღეს, 27 ოქტომბერს გააკეთა.

„არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ეს იგივეა, რაც რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. ამას არ შევეგუებით. არ შეიძლება, ვინმემ წაართვას საქართველოს ევროპული მომავალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან არჩევნებში ბარიერგადალახულ პარტიებს – ოთხ კოალიციურ გაერთიანებას ერთად დგომისკენ მოუწოდა. ზურაბიშვილმა მიმართა ხალხსაც.

„მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და რუსეთს, მის ამ ფორმით საქართველოში შემოსვლას, ახალი ფორმით დაპყრობას. დავდგებით ერთად.“

რას აპირებს ოპოზიცია?

11 ნოემბერს ოპოზიციის ნაწილმა საერთო ფორმატზე შესათანხმებლად კონსულტაციები გამართა. ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან ერთიან სტრატეგიაზე და ითხოვენ საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას.

ოპოზიციურ კოალიციებში მიაჩნიათ, რომ დემოკრატიულმა სამყარომ არ უნდა აღიაროს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და უნდა გაიზარდოს სამოქალაქო წინააღმდეგობა.

ქვეყანაში საპროტესტო აქციები ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გრძელდება.

ხმის ფარულობის დარღვევაზე სასამართლოში სარჩელი ცესკოს წინააღმდეგაც შევიდა

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ჩახსნის სიებს, მაგრამ „ქართული ოცნების“ წევრები ახალ პარლამენტში მაინც შეიკრიბებიან?

ამ თემაზე ბათუმელები კონსტიტუციონალისტებს, ვახუშტი მენაბდესა და დავით ზედელაშვილს ესაუბრა.

ვახუშტი მენაბდე:

YouTube video player

დავით ზედელაშვილი:

YouTube video player

 

„ივანიშვილს აქვს ვნება, გაიფორმოს დიქტატურა, მაგრამ ეშინია ხალხის“ – ზვიად ქორიძე

„ბიძინა ივანიშვილი არ მალავს, ღიად გამოდის და ამბობს, რომ მას უნდა დიქტატურის დამყარება, დიქტატურის ლეგიტიმაცია ქვეყანაში და ერთადერთი, რამ რაც მას უშლიდა ხელს, ეს იყო არჩევნები. იმიტომ, რომ დემოკრატიული არჩევნები არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული ბერკეტი, რომელიც გააჩნია საზოგადოებას თავისი დემოკრატიული იმუნიტეტის დასაცავად,“ – ამბობს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძის თქმით, ივანიშვილისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი სამართლიანი არჩევნები იყო, რადგან დანარჩენი ყველაფერი „მოაგვარა“.

„ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველაფერი „მოაგვარა“ თავისი  ერთპიროვნული, უზურპატორული ძალაუფლების დამყარებისთვის. ერთადერთი ხელს უშლიდა არჩევნები. ამიტომაც ადგა და მიიტაცა ეს საპარლამენტო არჩევნები.

მიიტაცა ძალიან უხეშად, ძალიან თავხედურად, ძალიან ცინიკურად და თან უმტკიცებს ამ საზოგადოებას, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა, მართლა საკუთარი სხეულის შეგრძნებებით დაინახა, რანაირად მოჰპარეს არჩევნები, ამ ხალხს ეუბნება, რომ მან დემოკრატიულად გაიმარჯვა არჩევნებში და ცდილობს ამის დამტკიცებას დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის.

არავინ არ აღიარებს მის არჩევნებს. არავინ არ ცნობს მის არჩევნებს, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არის მიტაცებული არჩევნები. ეს არის ქართველი ხალხის ნების წართმევა და ბუნებრივია ამის შემდეგ მისი ნებისმიერი ქმედება – რაც ხდება ქუჩაში, რაც აუცილებლად მოხდება ქუჩაში, იმიტომ, რომ ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუცია მას აქვს წართმეული ხალხისთვის. ყველაზე დიდი დემოკრატიული სივრცე არის ახლა ქუჩა. ამიტომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში. ამიტომ არ დათმობს ხალხი არც დემოკრატიას და არც დამოუკიდებლობას.

ეს არის ჩვენი საზოგადოების განაცხადი. გამორიცხულია, რომ ეს ვინმემ დათმოს. რამდენადაც არ უნდა დარწმუნდეს ახლა ბიძინა ივანიშვილი, რომ პოლიციამ დღეს კარგად და ოსტატურად გაწმინდა ვარაზის ხევის კუთხე [კომენტარი ჩაწერილია 19 ნოემბერს დილას, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია] ვერ გაწმინდა. ვერ გაწმენდს ვერაფერს, იმიტომ, რომ ის ვერ გაწმენდს ნებას ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის, რომელსაც მართლა უნდა იცხოვროს დემოკრატია ქვეყანაში და დემოკრატია უნდა იმისთვის, რომ გააძლიეროს დამოუკიდებლობა ჩვენი სახელმწიფოსი,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი სასწორზე აყენებს ამ ორ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს – დემოკრატიას და დამოუკიდებლობას.

„აყენებს იმიტომ, რომ თავისი ავტორიტარიზმი, თავისი დიქტატურა გახადოს შეუქცევადი. ეს გამორიცხულია. არ გამოვა დიქტატურა აქ. რატომ ვერ შეიგნო მან? რატომ ვერ შეიგნო მისმა კამარელიამ, რომ არ გამოვა. არ შეიძლება დიქტატურა დამყარდეს ამ საზოგადოებაში, ამ საზოგადოებას არ აქვს ნება დიქტატურისთვის.

ის, რომ დღეს პოლიცია მივა და დააკავებს მომიტინგეებს, რომელიც კარავში ზის ან გარეთ ცეკვავს, ან დააკავებს ჟურნალისტს, რომელიც იღებს ან თავს დაესხმება ოპერატორს, რომელიც იღებს ამ ყველაფერს, ან ციხეში ჩასვამს ახალგაზრდას, რომელიც აპროტესტებს, ამით კიდევ უფრო დიდ მღელვარებას გამოიწვევს. საზოგადოების კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს.

გააღიზიანებს იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც უნდათ დემოკრატიულობაში ცხოვრება, მაგრამ პასიური დამოკიდებულება აქვთ და არ გამოდიოდნენ ქუჩაში, ისინიც გამოვლენ.

მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. ყველა ის ადამიანი, ვინც მან დაითვალა არჩევნებზე, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, ყველა გამოვა ქუჩაში.

ვინც მან არ დაითვალა და ნამდვილად ოპოზიციურად განწყობილია, ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არის, ისიც გამოვა ქუჩაში და ეს იქნება ძალიან დიდი ტალღა.

დღეს ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. იმიტომ, რომ მას აქვს ვნება, რომ გაიფორმოს დიქტატურა და მას ეშინია ხალხის,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

„რატომ ვერ შეიგნო ივანიშვილმა, რომ ამ საზოგადოებაში დიქტატურა არ დამყარდება“ - ზვიად ქორიძე

ვინ არიან განათლების მინისტრის ახალი მოადგილეები

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ,  ოთხი ახალი მოადგილე დაინიშნა. თავად ამ თანამდებობაზე 2 ოქტომბერს დანიშნეს.

განათლების მინისტრი ამ პოსტზე დანიშვნამდე მოსამართლედ მუშაობდა. მის პირველ მოადგილეს, გიორგი მოდებაძესაც სასამართლოში მუშაობის გამოცდილება აქვს.

2024 წელს, მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე გიორგი მოდებაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი იყო, 2016 წლიდან 2024 წლის აპრილამდე სასამართლოს სამდივნოს უფროსად მუშაობდა, 2016 წლამდე კი ამავე სასამართლოში პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იყო.

გიორგი მოდებაძე

კიდევ ერთი ახალი მოადგილე, რომელსაც სასამართლოში მუშაობის გამოცდილება აქვს, ანა მღებრიშვილია.

მოადგილედ დანიშვნამდე ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბიუროს უფროსი იყო, უფრო ადრე კი – ანალიტიკური სამსახურის უფროსი ამავე სასამართლოში.

ანა მღებრიშვილი

ბაია კვიციანიც მინისტრის მოადგილე გახდა. ის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, რომელიც რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატია.

ბაია კვიციანი

გიორგი ჯინჭარაძე 2016-2020 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი იყო, შემდეგ წლებში კი, ჯერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ბოლოს ამავე სამინისტროში განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

გიორგი ჯინჭარაძე

განათლების მინისტრს სულ 6 მოადგილე ჰყავს.

ძველი მოადგილეებიდან თანამდებობა მხოლოდ თამარ მახარაშვილმა და გელა გელაძემ შეინარჩუნეს.

გელაძე 2023 წელს გახდა მინისტრის მოადგილე, მანამდე კი მანდატურის სამსახურის უფროსი იყო.

რითი კვებავს შსს აქციის დამშლელ პოლიციელებს 

„ქართული ოცნების“ მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება-მიტაცების გამო ხელახალი არჩევნების მოთხოვნით თბილისში ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები განახლდა. პარალელურად კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციების დაშლა განაახლა.

პოლიციამ თბილისში 19 ნოემბერს, დილით, მშვიდობიანი აქცია დაარბია და ჭავჭავაძის გამზირი მომიტინგეებისგან გაათავისუფლა. 20 ნოემბრის დილით კი, იმავე ადგილზე აქცია შსს-მ მშვიდობიანად დაშალა. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი, აქციების დაშლამდე თსუ-ს ტერიტორიაზე იყო განლაგებული.

მშვიდობიანი აქციის დამშლელ პოლიციელებს შსს „საველე პირობებში“ სპეციალური ლანჩით კვებავს, რომელსაც ტენდერით ან უტენდეროდ ყიდულობს.

გაზაფხულზე, ანტირუსული აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის [2024 წლის აპრილ-მაისში] ჯამში 753 744 ლარი დახარჯა. აქედან ტენდერით მხოლოდ 150 ათასი ლარი, დანარჩენი კი, უტენდეროდ – გამარტივებული წესით.

ვრცლად: შსს-მ სპეცრაზმის ლანჩისთვის 88,5 ათასი ლარი დახარჯა 28 მაისის აქციის დროს

მიმდინარე აქციების დასაშლელად მობილიზებული პოლიციელებისთვის კი საკვებს შსს წესით ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან შეიძენს, რომელთანაც ხელშეკრულება 200 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვაზე“ ხელშეკრულება 2024 წლის 16 ივლისს გაფორმდა სამინისტროსა და კომპანია „სთარ ფუდს“ შორის, რომელსაც ხელს აწერენ: შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი თია მელაძე და შპს „სთარ ფუდის“ დირექტორი თამარ სულაძე.

ხელშეკრულება ძალაშია 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით, „მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე“.

შესაბამისად, თუ აქციების დარბევა გაგრძელდება და ტენდერით გათვალისწინებული 200 ათასი ლარი ამოიწურება, პოლიციელთა საკვების შეძენას სამინისტრო უკვე ტენდერის გარეშე გააგრძელებს.

ამ 200 ათასი ლარიდან კი, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით შსს-ს „სთარ ფუდისთვის“ 4 ნოემბრის ჩათვლით უკვე გადარიცხული აქვს 88 ათას 765 ლარი.

ხელშეკრულების მიხედვით, „სთარ ფუდი“ ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნიდან 12 საათის განმავლობაში მიაწოდოს ლანჩი. კომპანიამ „ერთჯერადად უნდა შეძლოს არანაკლებ 5 000 კომპლექტის დამზადება [მიმწოდებლის თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია შეიცვალოს აღნიშნული რაოდენობა, რაც არ საჭიროებს წერილობით შეთანხმებას]. მომსახურების გაწევის ადგილია თბილისი, ჭიჭინაძის I შესახვევი N3 [შსს-ს მიერ მზა საკვების გატანა მოხდება აღნიშნული მისამართიდან]“.

ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „კომპანიამ შეკვეთის დამზადებამდე სამინისტროსთან უნდა შეათანხმოს გამაგრილებელი სასმლის და შოკოლადის ნაწარმის [ბატონის ტიპის] მწარმოებელი/ბრენდი“.

კომპანია სამინისტროს ორი სახის ლანჩის კომპლექტს აწვდის, რომელთა შემადგენლობები განსხვავებულია. შესაბამისად, განსხვავებულია ფასებიც. პირველი კომპლექტის მიხედვით 1 ლანჩის ნაკრების ღირებულება 8,85 ლარია, ხოლო მეორე კომპლექტის შემთხვევაში – 11,95 ლარი.

ძირითადი მენიუ უცვლელია: სენდვიჩი – პურით, სულგუნით, შაშხით; შოკოლადი „სნიკერსი“, გაზიანი გამაგრილებელი სასმელი:

ამ შემთხვევაში 1 ლანჩის ნაკრებში შსს 8,85 ლარს იხდის / წყარო: ხელშეკრულება
ამ შემთხვევაში 1 ლანჩის ნაკრებში შსს 11,95 ლარს იხდის / წყარო: ხელშეკრულება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. აქედან გამომდინარე, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „ბათუმელებს“ 6 თვის წინ ზოგადი პასუხი მოგვწერა, რომ შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე ტექნიკური შეფერხება იყო, თუმცა ეს „შეფერხება“ შს სამინისტროსთვის ამ დრომდე გრძელდება, ანუ კვლავ უცნობია, რას, ვისგან და რა ფასად ყიდულობს სამინისტრო ტენდერის გარეშე.

შს სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „შეკრების/მანიფესტაციის დროს მუშავდება უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სახელმწიფო საიდუმლოების მოთხოვნათა დაცვით.

სამოქმედო გეგმაში, სხვა საკითხებთან ერთად, აისახება შემდეგი მონაცემები: სპეციალური ღონისძიების განხორციელების ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი პირების მონაცემები; სპეციალური ღონისძიების პროცესში მონაწილე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების რაოდენობა, მათი ფუნქციები და მოქმედებათა თანამიმდევრობა; სპეციალური ღონისძიების ჩატარებისთვის სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირი/პირები; პირადი შემადგენლობის რაოდენობა; დანაყოფების აღჭურვილობა და სხვა.“

შესაბამისად, შსს ზემოთ აღნიშნულ მონაცემებსაც არ ასაჯაროებს.

„თუ სანქციები იქნება და აქაც პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება, სისტემური რყევები დაიწყება. საბოტაჟი თუ დაიწყო სისტემამ, ბიძინა თვითონ ხომ არ დაიწყებს ქუჩაში სირბილს? ასეთ შემთხვევაში ჩამოიშლებიან და ჩამოიშლებიან ძალიან სწრაფად,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:

„მითოლოგია ბიძინაზე უნდა დაინგრეს, სისტემაში ჯერ კიდევაა ილუზია მის ყოვლისშემძლეობაზე“ – ინტერვიუ

საქართველოს ტურიზმის სამიტი, “ტურისტერი 2024” 6-7 დეკემბერს ბათუმში გაიმართება

საქართველოს ტურიზმის სამიტი (www.tourister.ge) , “ტურისტერი 2024”, 6-7 დეკემბერს, სასტუმრო ჰილტონ ბათუმში გაიმართება. სამიტში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, მათ შორის Booking.com,  AirDNA, Amadeus, და ა.შ.

წლევანდელი სამიტი 3 ძირითად თემატიკას ეთმობა:

  • ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში
  • მდგრადობა
  • წინსვლა

ღონისძიება მოგცემთ საშუალებას ეზიაროთ მსოფლიო ტრენდებს ტურიზმში, გაეცნოთ ტურისტის მოთხოვნის სამომავლო ტენდენციებს გლობალურ და ადგილობრივ დონეზე,  აპარტოტელების და აპარტამენტების მონაცემზე დაყრდნობით ქალაქის პოზიციონირებას,  ადგილობრივი ბაზრის შესაძლებლობებს და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს.

გარდა სიტყვით გამოსვლებისა, სამიტი ასევე მოიცავს თემატურ ვორქშოპებს, პანელურ დისკუსიებს და ნეთვორქინგ საღამოს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ კონტაქტები დაამყაროთ  ტურიზმის ინდუსტრიის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან.

სამიტს დაესწრებიან:

  • სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები
  • სახელმწიფო ორგანიზაციები
  • აკადემიური სფეროს წარმომადგენლები
  • ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები და ასოციაციები

ტურისტერი 2024-ის ორგანიზატორია ა(ა)იპი „ტურიზმის ინსტიტუტი“  (www.tourisminstitute.ge)  და ციფრული მარკეტინგის სააგენტო „შინდი  (www.shindi.ge ).“

გენერალური სპონსორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი. სპონსორები: USAID, სასტუმრო კოლიზეუმ მარინა, გურუ ჰოლდინგი, Exely, TripCamp.

ტურისტერი 2024-ის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე:  https://www.tourister.ge/

Exit mobile version