„უნდა გაირკვეს როგორ გადაადგილდებოდნენ გოგონები, რომლებსაც სახეში მწვანე სითხე შეასხეს. სად გადაადგილდებოდნენ, სად შენიშნეს თვალთვალი, რომელ ქუჩებზე, საიდან გაუჩნდათ ეს შეგრძნება რომ უთვალთვალებდნენ და მოიმოქმედეს თუ არა რაიმე. როცა საშიშროებას გრძნობ, ამაზე დროულად და ხმამაღლა უნდა ილაპარაკო“ – ამბობს გიორგი მელაძე, ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი.
რა ეტაპზე გადადის აქტივისტების დევნა, როცა ქალებს ღამით, სახლთან ჩასაფრებით ესხმიან თავს? – „ბათუმელები“ გიორგი მელაძეს ამ თემაზე ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, აქტივისტებისთვის სახეში საღებავის შესხმის პრაქტიკა აქამდე არ გვინახავს საქართველოში. რა არის ეს, როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზე გადავიდა აქტივისტების დევნა?
მე მგონი, თავიდან უკრაინაში იყო ასეთი რაღაცები, იქ დატესტეს რუსებმა. უტევდნენ უფრო დასავლელ პოლიტიკოსებს. სააკაშვილსაც შეასხეს არაერთხელ უკრაინაში, დათო საყვარელიძეს, იაცენუკს და პოროშენკოს და იქ იყო ეს ამბები.
- ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელსაც სითხე შეასხეს, გვითხრა, რომ ეს იყოს ბრილიანტის მწვანე, ე.წ. „ზელიონკა“. რუსული ხელწერაა „ზელიონკის“ შესხმა სახეში?
ადვილად ხელმისაწვდომია. მიდიხარ აფთიაქში და ყიდულობ. საღებავებსაც ასხამენ ხოლმე, მაგრამ ბრილიანტის მწვანეს მოშორებას ბევრი დრო სჭირდება და ალბათ ამიტომ იყენებენ, რომ დიდი ხანი იყოს ასეთ მდგომარეობაში ადამიანი.
ასევე, თვალს აზიანებს ძალიან.
არ დაგვავიწყდეს, რომ შარშან, ბოლნისში ახალგაზრდა ქალს დაუსვეს სამართებელი სახეზე, ამიტომ ფიზიკური ძალადობა სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ინტენსივობით სულ არის.
მაგრამ რატომ არის, ეს არის მთავარი და მე მგონი აქ რამდენიმე მომენტია, რაზეც აუცილებლად, სულ უნდა ვფიქრობდეთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაიწყება ხოლმე, რომ „რაღაც არ გამოგვდის“, „რაღაც ისე არ ხდება“ და ასე შემდეგ.
პირველი არის ის, რომ „ოცნებას“ ჰქონდა წინააღმდეგობის მოლოდინი, მაგრამ ასეთი პროტესტი თუ იქნებოდა, ვერ წარმოედგინათ.

თბილისში აქტივისტ ნუცა მახარაძეს ლიფტიდან გამოსვლისას მწვანე სითხე შეასხა ნიღბიანმა პირმა
მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომ იყვნენ შარაგზის ყაჩაღები, საქართველოს გეოგრაფიული, სტრატეგიული უპირატესობა გამოიყენონ გამდიდრებისთვის, შეიქმნან რაღაც ახალი წყობის ფეოდალიზმი, იმიტომ, რომ კომუნისტი ფეოდალების შთამომავლები არიან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
მათთვის წარმოუდგენელია ძალაუფლების გადაადგილება ერთი ჯგუფიდან მეორეში, ამიტომ ისინი არასდროს იქნებიან დემოკრატები, რაც არ უნდა უცხოურ ორგანიზაციებში იყვნენ ნამუშევარი და ჰქონდეთ უცხოეთში განათლება მიღებული. უბრალოდ, შუა საუკუნეების ფეოდალები არიან, ასე აზროვნებენ და უნდათ, რომ საქართველოს გზა იყოს მათი, ძარცვონ ეს გზა და ასე იცხოვრონ სულ, ჯერ მათ და შემდეგ კი მათმა შვილებმა.
ჰქონდათ მოლოდინი, რომ ჩვენი ეროვნული თვისება, სიზარმაცეც დაეხმარებოდათ მიზნის მიღწევაში.
- პრინციპში ეს მოლოდინი გააჟღერა კიდეც ბიძინა ივანიშვილმა, როცა თქვა, რომ ბოლოს და ბოლოს დაიღლებიან ახალგაზრდები…
ამას ამბობენ კიდეც ღიად – „კარგი ახლა, გეყოფათ, წადით გერმანიაში ტაქსისტებად იმუშავეთ, რა დემოკრატია აგიტყდათ“.
რაც შეეხება აი, ამ პროცესებს, რაც დღეს ხდება. ყველაფერი შეცვალა. აღმოჩნდა, რომ არის საზოგადოების მასობრივი მობილიზება, რომელიც არის პიკურიც და აქვს თავისი პასიური მომენტიც, მაგრამ დაიწყო რეალური მობილიზება, ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების შენება დაიწყო. არა კაბინეტებში, როგორც ეს იყო, მაგალითად, 90-იან წლებში, როცა პატარა ორგანიზაციები იქმნებოდა წინააღმდეგობებისთვის, ახლა მიდის ახალი ტიპის საზოგადოების მშენებლობა, როდესაც ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები სპონტანურ კავშირებს ამყარებენ, რაღაცას ერთად აღწევენ, მერე იშლებიან, ახალი კავშირები მყარდება და ეს არის ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება.
დააკვირდით, როგორ შეიქმნა ფულის შეგროვების კულტურა, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. ნამდვილი სოლიდარობა და არა ფურცელზე დახატული.
ეს ყველაფერი რეჟიმს ნერვებს უშლის, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი მთავარი ლოზუნგი არის ფული. ფულია ამათი მთავარი იდეა. რუსები არიან და ის ვერ წარმოიდგინეს, რომ საქართველოში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც კოლექტიურად ახერხებს ორგანიზებას, თავისი საჯარო ინტერესის გამოხატვას და ჩემი აზრით, ეს არის მთავარი, რასაც მოჰყვა ფიზიკური ძალადობა.
- ვინ არწმუნებს მათ, რომ წინააღმდეგობა შესუსტდება და მსგავსი მეთოდები უნდა გამოიყენონ?
არ დაგვავიწყდეს, „ოცნებამ“ რომ ბელარუსებთან გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება. ეს სიმბოლური ამბავი იყო, ტერორიზმს ვებრძვით ჩვენო, განაცხადეს. სინამდვილეში, ეს იყო ღიად ნათქვამი მსოფლიოსთვის – „ჩვენ რუსულ კლუბთან ვიწყებთ ურთიერთობას და მათ გამოცდილებებს გამოვიყენებთ“.
რუსებმა არაერთი სამოქალაქო წინააღმდეგობა ჩაახშეს ბოლო 25 წლის მანძილზე და მათ რაღაც სქემა დაამუშავეს. მე დარწმუნებული ვარ, არსებობს კომპიუტერული მოდელირება, სტრატეგიული თამაში რომ წარმოვიდგინოთ, რომელშიც შესაძლებელია სხვადასხვა სცენარის ჩატვირთვა და ეს თამაში ავტომატურ სქემებს გაძლევს, რა უნდა აკეთო.
დარწმუნებული ვარ, რუსებს აქვთ ეს გაწერილი, იმდენად დიდი ხანია რაც ამაში არიან, რადგან ბიუროკრატები იცვლებიან ფსბ-ში თუ სხვა სამსახურებში და ეს ცოდნა რაღაცნაირად უნდა დარჩეს.
მეორე საკითხია ის, რომ როგორც კი დაინახეს, რომ ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება იქმნება, ეს მათთვის უკვე არის სასიცოცხლო საფრთხე, იმიტომ, რომ ამათი მთელი სქემა იშლება- ფეოდალები ვეღარ იქნებიან.
ჩნდებიან გოგო-ბიჭები, ახალგაზრდები, ვინც მათ ბოროტებას ამჟღავნებს, ლაპარაკობენ ამ ყველაფერზე, არ ეშინიათ, არ ერიდებათ. ეს მათთვის მთავარი პრობლემაა, ამიტომ შემოდის ეს ძალადობა.

სხვადასხვა დროს სახეზე ბრილიანტის მწვანე ან საღებავი შეასხეს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს; რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორ დიმიტრი მურატოვს და სხვა პირებს.
აქ არის ინტენსივობაზე ლაპარაკი. თუ შენ ხედავ, რომ პროტესტი ძალიან მატულობს, ცდილობ ერთი ტიპის შემაკავებლები გამოიყენო. როცა შეგრძნება გაქვს, რომ პროტესტი მცირდება, შეიძლება გადახვიდე ფიზიკურ ძალადობაზე. მაგრამ არ ითვალისწინებენ ქართულ ფაქტორს. ქართული ფაქტორი არის გაბრაზება, მაგრამ მათ ეს მომენტი არ იციან და რამდენჯერაც ასეთი ბოროტება გააკეთეს, წააგეს.
ეს გოგოები რატომ გახდნენ თავდასხმის სამიზნე, ამის თქმა ზუსტად მიჭირს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ქმედებებით ისინი იღებენ მეტ ზიზღს საზოგადოებისგან. ვის შეეშინდა? ყველა გამოდის, ამ ყველაფერზე ლაპარაკობენ ნათელი სახეებით და არავის ეშინია.
ორსულ ქალს რომ შეუვარდნენ დილის რვა საათზე სახლში, შეაშინეს?! ზიზღის მეტი რა მიიღეს, მაგრამ ეს არის რუსული სქემები, რაც შეიძლება რუსეთში მუშაობს, მაგრამ ჩვენს შემთხვევებში – ვერა. ჩვენ შემთხვევაში ეს იწვევს ზიზღს, აგრესიას და დაუმორჩილებლობის მეტ სურვილს.
ჩვენ უკვე ვხედავთ სამოქალაქო მოძრაობის დაუმორჩილებლობის რამდენიმე სტრატეგიულ უპირატესობას – კოლექტიური მოქმედების უნარი ძლიერდება.
ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება აქამდე სრულიად გაუცხოებული იყო ამ აქტივიზმთან, ახლა უკვე აქტივიზმის ცენტრში აღმოჩნდა. ანუ ცოდნა ვრცელდება. 160 დღეა ეს მუშაობს.
- გამოდის, რომ „ოცნება“ კრიზისს გრძნობს?
კრიზისს გრძნობს კი არა, ამ კრიზისში ცხოვრობს. შიდა პარტიული სტრუქტურები ერღვევა. მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეხვდათ საზოგადოებისგან, ლეგიტიმაციას ვერ იქმნიან და ახლა საერთოდ, ამერიკული სანქციები ხუმრობა ამბავი არ არის. მთავარი პროკურორი რომ სანქცირებულია, საერთოდ არ არის სასაცილოდ საქმე.
ფაქტია, რომ შეეშინდათ სანქციების. ფაქტია, რომ ამ მომენტისთვის შიგნით აქვთ უწესრიგობა. ეს დროებითია თუ არა, ამაზე ლაპარაკი ახლა ძნელია, მაგრამ ამ მომენტისთვის აქვთ უწესრიგობა.
- რა შეიძლება იყოს შემდეგი, ანუ უფრო უარესი ნაბიჯი, თქვენი აზრით?
სამი კვირის წინ იყო, ბიჭს ქუჩაში თავს დაესხნენ, ისე ურტყეს თავში, ოპერაცია დასჭირდა. აი, ეს ფორმაც აითვისეს. ჩვენ სახეზე გვაქვს ფიზიკური თავდასხმა, უხეში, დანებით, რაღაც მძიმე ნივთების გამოყენებით დაზიანების მიყენება, გვაქვს სახეზე სამართებლის სახეზე დასმა, ახლა გააკეთეს ეს – ბრილიანტის მწვანე შეასხეს გოგონებს, აქციებზე მიზანმიმართულად უმიზნებენ თვალებში აქტივისტებს… ამ ყველაფერზე უარესი არის ერთი – გამოაცხადონ სამხედრო მდგომარეობა, სცადონ, რომ საერთოდ ჩაკეტონ ქვეყანა.
- ეს რას გამოიწვევს ქვეყანაში?
რეალურად, ჩვენ ახლა ვართ სასწორზე, სადაც ერთ მხარეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მეორე მხარეს – პოსტსაბჭოური, კომუნისტური პარტიის აპარატი და ყოფილი საბჭოთა უშიშროების რესურსი, რუსეთიდან ჩამოსული ვიღაცებით, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველები არიან. მიდის რეალური წინააღმდეგობა ამ ორ ძალას შორის. წინააღმდეგობა იმაზე, თუ ვის ექნება ამ ტერიტორიაზე კონტროლი – ამ ფეოდალურ დაჯგუფებას, რომელიც აზერბაიჯანში რომ ვხედავთ, ასეთი ტიპის რეჟიმის შექმნას შეეცდება, თუ ეს ყველაფერი დასრულდება, როგორც ძალიან ცუდი ეტაპი საქართველოს ისტორიაში და საქართველო ევროპული დემოკრატიისკენ წავა.
„ოცნების“ მთავრობას აქვს რაღაც ბერკეტები, მას შეუძლია მცირე ინტერესთა ჯგუფზე გავლენის მოხდენა, შეუძლია გამოიყენოს პოლიტიკური სახეები, ათასი სიბინძურეები ალაპარაკოს, საჯარო დებატებში შექმნას ქაოსი, მაგრამ ერთ რამეს ვერ აკეთებს, ვერ ახერხებს სამოქალაქო წინააღმდეგობის მოთვინიერებას.
- თქვენ ახსენეთ ჩაკეტილობა. გამოუვათ კი ეს? და ამ შემთხვევაში რა დაემართება სამოქალაქო წინააღმდეგობას?
ამ ყველაფერს უშველის ის, რაც დღეს გვაქვს – სამოქალაქო მობილიზაცია.
მე საერთოდ მომხრე ვარ ისეთი აქტივიზმის, რომელიც ნაკლებ მსხვერპლს მოიტანს აქტივიზმის მხარეს. აქ მოქნილობაა მთავარი და ამას სწავლობს პროტესტი.
საქართველოა, ძალიან პატარა საზოგადოებაა, ადამიანი ჩამოვიდა ფეხით ხევსურეთიდან აქციაზე, თავისი თვალით რომ ენახა რა ხდებოდა და წაიღო ეს სიტყვა თავის თემში. ასე მოიქცა ბევრი და რაც არ უნდა საგანგებო მდგომარეობები შექმნან, ამ სისტემას ვერ დაარღვევენ.
მართალია, ასეთი რთული წინააღმდეგობის გამოცდილება აქამდე არ გვქონია, არც პარტიზანული მოქმედებების გამოცდილება გვაქვს ასეთი რთული, მაგრამ ვხედავთ, რომ ადამიანებში არის ინტერესი, რომ იყოს წინააღმდეგობა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ცდილობს მოიფიქროს წინააღმდეგობის კრეატიული ფორმები და ამას ვერ ცვლიან, რაც უნდა ჩაგვრთონ ამ რაღაც ბნელ „ცარცის წრეში“, უკეთესი ცხოვრებისკენ ახალგაზრდების მისწრაფებას მაინც ვერ შეაჩერებენ.
- თქვენ წერდით ფეისბუქზე, რომ „ყველაფერზე წამსვლელის, შემსრულებლების“ სიმცირე გაძლევთ იმედს, რომ ასეთი თავდასხმები შესაძლოა დიდხანს ვერ გაგრძელდეს. თუმცა, რა შეიძლება იყოს პრევენცია, როგორია ამის გამოცდილება?
9 აპრილი გახსოვთ? ვიღაც ერთი წაშლილი ადამიანი რომ გამოიყვანეს, რომელიც აგინებდა ყველას, გადალახა ყველა საზღვრები- ადამიანობის, კაცობის, ზრდილობის, მაგრამ რამდენი მოიყვანეს ასეთი? რამდენიმე.
ეს კატეგორია მართლა თითზე ჩამოსათვლელია და თან ესენიც იმალებიან.
ვინც ამ გოგოებზე იძალადა, მისი მოძებნაც შეიძლება. შესაძლოა უკვე იციან კიდეც, ვინ არის.
მაგრამ მოულოდნელობის მთელი აზრი ის არის, რომ თავდაცვის გარეშე ხარ დარჩენილი. ერთადერთი გამოცდილება ის არის, გქონდეს რუტინა, თავდაცვის კულტურა. აი, მაგალითად, იცოდე სად არის საფრთხილო ადგილები და ამ ადგილებს სიბნელეში ერიდო, თუ გვიან გიწევს სახლში მისვლა, შეეცადო, რომ ოჯახის რომელიმე წევრი გააფრთხილო და ვიღაც შუქანთებული იყურებოდეს ქუჩაში და გელოდეს. ლიფტში, სადარბაზოში როდესაც შედიხარ, ხედავ რაიმე საეჭვოს? – ეცადო, რომ გქონდეს ტელეფონი მომარჯვებული და არც ხმამაღლა დაძახება მოგერიდოს.
ასეთი ელემენტარული ზომები ამგვარი თავდასხმების რისკს დიდი პროცენტით შეამცირებს.
რეალურად ეს თავდამსხმელები მშიშრები არიან, არ უნდათ, მათი სახე რომ გამოჩნდეს. ვისი სახეებიც გამომჟღავნდა, არა მგონია ეს ადამიანები კომფორტულად გრძნობდნენ თავს ქალაქში.
სახეების გამოჩენა არ უნდათ იმის გამოც, რომ შეიძლება ვიღაცები რუსეთიდან ჰყავთ ჩამოყვანილი და მერე უკან აბრუნებენ. დღეში 5 რეისი დადის წინ და უკან.
ეს ამბავი არის გამოსაძიებელი და მედიამ უნდა გაარკვიოს, როგორ გადაადგილდნენ, სად გადაადგილდნენ, სად შენიშნეს თვალთვალი, რომელ ქუჩებზე, საიდან გაუჩნდათ ეს შეგრძნება, რომ უთვალთვალებდნენ და თუ ამას გრძნობდნენ, მოიმოქმედეს რაიმე თუ არა და ესეც იქნება გარკვეული გაკვეთილი ყველასთვის, რომ როცა საშიშროებას გრძნობენ, სჯობს ამაზე ილაპარაკონ დროულად და ხმამაღლა.
დროული ლაპარაკი, რაღაც ფოტოების გადაღება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეტი ადამიანი იჩენდეს სიფრთხილეს. ამ ინფორმაციის გაზიარებით შეიძლება დავგეგმოთ ჩვენივე უსაფრთხოება.