მთავარი,სიახლეები

შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა

07.05.2025
შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო.

სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

მზია ამაღლობელს შსს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავება, თითქოსდა ამ ქმედებით იერსახე დამახინჯდა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა სასამართლოში შესული.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ, პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობის კედელზე სტიკერის გაკვრის გამო.

დაკავების კადრებში ჩანს, რომ მზია ამაღლობელის დაკავების პარალელურად ააძრეს ეს სტიკერი იქვე მდგარმა პოლიციელებმა.

იურისტების განმარტებით, პოლიციას არ აქვს ასკ-ის 150-ე მუხლით ჩადენილის სამართალდარღვევის გამო დაკავების უფლება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს, 7 მაისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იმართებოდა, მედიისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს განრიგიდან.

ამ დროისთვის უცნობია მიაწოდეს თუ არა სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია თავად მზია ამაღლობელს.

მზია ამაღლობელი ოთხი თვეა წინასწარპატიმრობაშია, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო.

მზია ამაღლობელის საქმის შესახებ მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: