მთავარი,სიახლეები

გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი დატოვა

04.04.2025
გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი დატოვა

გრიგოლ ბესელიამ დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი.

შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე შსს-ში არ გვითხრეს.

შსს-ს ცნობით, ცვლილების საფუძველი როტაციაა.

გრიგოლ ბესელია 2022 წელს დაინიშნა აჭარის პოლიციის უფროსად, მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, პოლიციაში მუშაობდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ოცნების“ დროს.

ბესელიას აჭარაში დანიშვნის შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტი დაიკავა ირაკლი დგებუაძემ, რომელიც ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის მთავარი ფიგურანტია. დგებუაძე ამ საქმეზე დაზარალებულადაა ცნობილი – მან განაცხადა, რომ 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიერ აქციაზე გაწნული სილის შედეგად ლოყა გაუწითლდა და ტკივილი განიცადა.

რაც შეეხება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, ჯერჯერობით უცნობია, ის ბათუმში აგრძელებს მუშაობას თუ არა.

გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებას. ირაკლი დგებუაძეს აქციის არაერთი მონაწილე ადანაშაულებს ძალადობაში.

გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე არიან იმ პირებს შორის, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირეს.

______________

ფოტოზე: გრიგოლ ბესელია. ედო მჟავანაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: