მთავარი,სიახლეები

მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეში არსებული სიყალბე ნაწილობრივ დაადასტურა – ვიდეო

13.03.2025 •
მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეში არსებული სიყალბე ნაწილობრივ დაადასტურა – ვიდეო

„საქმე, რომელსაც განიხილავთ და ის, რასაც ახლა მოვუსმინე, გაყალბებულია… პოლიციელებისთვის არ მიმიყენებია არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიმართლე არის ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი“, – მიმართა სასამართლო სხდომის დასაწყისშივე მზია ამაღლობელმა მოსამართლე სალიხ შაინიძეს.

საქმის დასასრულს კი მოსამართლემ ეს თქვა: „ბესელიამ ხელი მოკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზიას და შეყვა მას პოლიციის ეზოში. მეორე ჩანაწერი არის, სადაც ირაკლი დგებოაძე ამბობს, რომ 150-ე მუხლით დავაკავე… ვიდეოჩანაწერში ვერ დავინახე მზიას მხრიდან პოლიციელებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი“.

დღეს, 13 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე განიხილა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი დღევანდელ სხდომასაც პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ჩაერთო.

ადმინისტრაციულ საქმეზე გაყალბებული ოქმის საფუძველზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, უკანონო პატიმრობაში მზია ამაღლობელი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დატოვა.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”, თუმცა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია: დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.

არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მზია ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს სულ სხვა მუხლით.

ასევე, მზია ამაღლობელს უშუალოდ აკავებს გრიგოლ ბესელია – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და ესეც ჩანს კადრში, ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელის დამკავებელი გოჩა ვანაძეა.

ამ საქმეზე მზია ამაღლობელის ადვოკატები აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების: ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას დაკითხვასაც ითხოვენ.
„არ არიან შემხებლობაში დავის საგანთან,“ – განაცხადა სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. შსს-ს წარმომადგენლების კატეგორიული პოზიციაა, გაყალბებული ოქმის საფუძველზე დაკავებული მზია ამაღლობელის საქმეზე აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები: გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე არ დაიკითხონ.

დღევანდელ პროცესზე არაერთ მომენტში გამოჩნდა არამხოლოდ ის, რომ მზია ამაღლობელი უსაფუძვლოდ, უკანონოდ და თვითნებურად დააკავეს, არამედ პირიქით გამოჩნდა შსს-ს მხრიდან ჩადენილი სიყალბე.

„…მზიამ გამოართვა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სტიკერი და გააკრა კედელზე, სტიკერის გაკვრას მოჰყვა მისი დაკავება… გრიგოლ ბესელიამ მოჰკიდა მას ხელი, შეუზღუდა თავისუფლება და შეიყვანა პოლიციის ეზოში“, – განაცხადა საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელს საერთოდ არ აქვს მოქალაქის დაკავების უფლება.

მზია ამაღლობელის ინტერესებს საია, ადვოკატები – თამარ კორძაია და გიორგი ხიმშიაშვილი იცავენ.

ვიდეო მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, შსს-ს ვერსიით, მზია ამაღლობელი გრიგოლ ბესელიას არ დაუკავებია.

გოჩა ვანაძის ცრუჩვენება

ნონა ქურდოვანიძემ მოსამართლეს მოუწოდა, საერთოდ შეეწყვიტა ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რადგან შსს-ს სიყალბე ვიდეო ჩანაწერებით მარტივად დასტურდება, ხოლო ის ვიდეოები, რომელიც შსს-მ წარმოადგინა სასამართლოში, გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ, როცა იგი ხელწერილით გაათავისუფლეს.

„აქ პირველად თქვა ახლა შსს-ს წარმომადგენელმა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს შენობაში, ეს სიცრუეა“, – დასძინა ნონა ქურდოვანიძემ.

საინტერესოა, რომ მოწმე პოლიციელებსაც არ უთქვამთ, რომ მზია ამაღლობელი შენობაში დააკავეს. შსს-ს მოწმე პოლიციელმა გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი შესასვლელთან დააკავა.

ადვოკატმა თამარ კორძაიამ ყურადღება გაამახვილა ასკ-ის 150-ე მუხლის ჩანაწერის ამ მონაკვეთზე: „იერსახის დამახინჯება“.

„ეს ხომ შემთხვევით არ წერია?“ – იკითხა ადვოკატმა, რომელიც მზია ამაღლობელთან ერთად ჩაერთო დღევანდელ პროცესს.

თამარ კორძაიამ მოსამართლეს ისიც უთხრა, რომ ადმინისტრაციულ საქმეში განსაკუთრებით ჩანს მტკიცებულებების სიყალბე და ამიტომაც მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ საქმეზე სიმართლის დადგენა.

ადმინისტრაციული საქმეზე მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილი გაყალბებული ოქმი მისი უკანონო პატიმრობის საფუძველი გახდა.

„იცნობთ ამ ადამიანს?“ – ნონა ქურდოვანიძემ ის ვიდეოკადრი აჩვენა მოწმე პოლიციელს, გოჩა ვანაძეს, როცა გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელს აკავებს.

გოჩა ვანაძე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილეა. მან დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ თავად დააკავა მზია ამაღლობელი „პრევენციის და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით“ – თუმცა, კადრში სხვა რამ ჩანს.

გოჩა ვანაძემ ვერ უარყო, რომ თვითონ არ არის ის პირი, ვინც მზია ამაღლობელის დაკავების კადრში ჩანს.

„თქვენ ცრუ ჩვენებას აძლევთ სასამართლოს… რა გამოდის, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება და სხვა დაგეხმარათ აღსრულებაში?“ – ირონიულად ბესელიაზე მიანიშნა პოლიციის ჩინოვნიკს ნონა ქურდოვანიძემ.

„კითხვები ეხება დაკავებას, დაკავების კანონიერებას კი სასამართლო არ განიხილავს“, – პროტესტი დააფიქსირა შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პროტესტი არ გაიზიარა, შსს-ს მეორე წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ იკითხა: „შერჩევითი სამართალია?“

შსს-ს წარმომადგენლის ამ შეკითხვაზე დარბაზში გაეცინათ.

„დამშვიდდით“, – დარბაზს გადახედა მოსამართლემ.

სასამართლოს ჩვენება მისცა პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმაც.

„ვინ შემოიყვანა შენობაში მზია ამაღლობელი?“ – ჰკითხა ამ პოლიციელს საიას ხელმძღვანელმა.

„არ მახსოვს“, – უხერხულობა დაეტყო პოლიციელს – ვიდეო კადრში მკაფიოდ ჩანს, მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აკავებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პოლიციელის თქმით, ის გოჩა ვანაძის მონათხრობს დაეყრდნო და ის პირველწყარო არ არის.

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის სიტყვა

კიდევ ერთ პოლიციელს, კახაბერ მალაყმაძეს კი ნონა ქურდოვანიძემ ჰკითხა, რატომ შეაგროვეს მზია ამაღლობელის საქმეზე პირდაპირი ჩართვის ის ჩანაწერები, რაც მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგაა გადაღებული?

„ჩანს, რომ ეს ქალბატონი უწევს პოლიციელებს წინააღმდეგობას“, – თქვა კახაბერ მალაყმაძემ. მისი პასუხი დარბაზში სრულად არ ისმოდა, რადგან სასამართლო დიდ დარბაზში ისევ ვერ ახერხებს იმას, რომ ხმის გამაძლიერებელი მუშაობდეს, სასამართლოს ფასადზე კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება და სხდომათა დარბაზში ეს ხმებიც შემოდის.

„რატომ არ არის ამ საქმეში წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები, ხომ არ გაგირკვევიათ?“-  მიუბრუნდა პოლიციელს ნონა ქურდოვანიძე.

„რატომ არ ჩართეს სამხრე კამერები, ან ჰქონდათ თუ არა საერთოდ, ამას მე ვერ გავარკვევ“,- თქვა მოწმე პოლიციელმა, რომელმაც ამ საქმეზე ვიდეო მტკიცებულებები შეაგროვა და ხელმძღვანელობას წარუდგინა.

მოწმემ ვერ თქვა, რა პერიოდს ასახავს ის ვიდეოჩანაწერები, რაც მან „მზია ამაღლობელის საქმეზე“ შეაგროვა, ან რატომ არ წარმოადგინა შსს-მ სასამართლოში ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ რა ხდებოდა აქციაზე მზია ამაღლობელის დაკავებამდე?

ჟურნალისტმა, ონლაინგამოცემა “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის 11 იანვრის აქციაზე მივიდა იმ დროს, როცა მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკვე დაკავებული იყო.

ამის მიუხედავად სულხან მესხიძის პირდაპირი ჩართვის – ფეისბუკლაივის ჩანაწერი შსს-მ წარმოადგინა, როგორც მტკიცებულება.

„ისე დაურთო შსს-მ ეს კადრები საქმეს, მედიაორგანიზაციისთვის საერთოდ არ მოუმართავთ“, – დასძინა სულხან მესხიძემ.

„მსგავსი რამ არ მომისმენია არასოდეს“ – უთხრა მოსამართლეს ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა მოსამართლეს, როცა მას საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ ჰკითხა: ხომ არ მოუსმენია პირდაპირ ეთერში მომუშავე ჟურნალისტს მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელის მიმართ ნათქვამი შეურაცხმყოფელი სიტყვები?

მანანა ქველიაშვილი „ბათუმელების“ ჟურნალისტია და 11 იანვრის საპროტესტო აქციას „ბათუმელების“ ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ჩართვით აშუქებდა.

მანანა ქველიაშვილმა გადაიღო ის ვიდეოც, თუ როგორ დააკავა მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ.

ჟურნალისტს ასევე ჰკითხეს, დაინახა თუ არა აქციაზე ირაკლი დგებუაძის მოადგილე – გოჩა ვანაძე, რომელიც ამბობს, რომ მზია ამაღლობელი დააკავა.

მანანა ქველიაშვილის თქმითაც, მზია ამაღლობელი გრიგოლ ბესელიამ დააკავა, ვისთან ახლოსაც იდგა გოჩა ვანაძე, თუმცა მას ამაღლობელის დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია:

„ტელეფონი ეჭირა ხელში, ჭიშკართან დარჩა“, – დასძინა ჟურნალისტმა.

გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელს აკავებს უკანონოდ

მოწმის სახით სასამართლოში დაკითხულმა „ბათუმელების“ კიდევ ორმა თანამშრომელმა – გურამ მურვანიძემ და არჩილ კახაძემ თქვეს, რომ შემთხვევის ადგილზე იყვნენ და მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მოწმეებმა ასევე აღწერეს, რომ შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრის შემდეგ მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დააკავა.

კიდევ ერთმა მოწმემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა, აკაკი გვიანიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ისიც შეესწრო, როგორ დააკავა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი.

„თქვენ უკვე 4 საქმეში იყავით მოწმე, ყველას დაკავებას როგორ შეესწარით, ზებუნებრივი ნიჭით ხართ დაჯილდოებული?“ – დაცინვა სცადა შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

„თქვენ უნდა იცოდეთ რამხელაა სივრცე შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან“, – მოსამართლეს უპასუხა აკაკი გვიანიძემ და განმარტა, რომ პატარა სივრცეში რამდენიმე ადამიანის ზედიზედ დაკავების შემჩნევას „ზებუნებრივი ნიჭი“ არ სჭირდება.

მოსამართლეს აჩვენეს მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეო მასალები. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის ირაკლი დგებუაძის ხმაც, რომ ჟურნალისტი ადმინისტრაციულ შენობაზე სტიკერის მიკვრისთვის დააკავეს.

„უშუალოდ არ დასტურდება, რომ ირაკლი დგებუაძემ გააკეთა ეს განმარტება“, – აღნიშნა შსს-ს იურისტმა, მარიამ კერესელიძემ.

„თუ ეჭვი გეპარებათ, ამიტომ მოვითხოვეთ ჩვენ ირაკლი დგებუაძის დაკითხვა. ასევე შეიძლება ჩატარდეს ხმის ექსპერტიზა, არის თუ არა ეს ხმა ნამდვილად ირაკლი დგებუაძის“, – შსს-ს წარმომადგენელს უპასუხა ნონა ქურდოვანიძეს, რასაც რეპლიკა აღარ მოჰყოლია.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ ნახა ის ვიდეოც, სადაც ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის წესით დაკავებით ემუქრება და აგინებს.

რაც შეეხება ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას დაკითხვას – საბოლოოდ მოსამართლემ ამაზე უარი თქვა იმ არგუმენტით, რომ მისთვის სადავო არაა ფაქტი, რომ ბესელიას შეჰყავს მზია ამაღლობელი პოლიციის დეპარტამენტის ეზოში, ასევე ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, როცა პოლიციელი აქციის მონაწილეს განუმარტავს, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის დავაკავეთო.

შსს-ს მტკიცებულებად ერთი ვიდეო ფაილი დარჩა, რომელიც შსს-ს მტკიცებით მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობას გამოხატავს, თუმცა სულხან მესხიძის თქმით, ვიდეო, რაზეც შსს საუბრობს, ადმინისტრაციული დაკავების შემდეგაა გადაღებული.

ნონა ქურდოვანიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ გოჩა ვანაძის ჩვენების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია გრიგოლ ბესელიას ნაწილი ამ საქმეში: ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს ბესელია აკავებს.

ნონა ქურდოვანიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შსს-ს მიკერძოებულობას აჩვენებს კიდევ ერთი გარემოება: დაკავება გაყალბებული ოქმით მზია ამაღლობელის ადვოკატებმა შსს-ში გაასაჩივრეს, შსს-მ კი, საჩივრის განხილვა ისევ გრიგოლ ბესელიას დააწერა.

შსს-ს ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ახლა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა უნდა დაადგინოს, ხომ არ გააყალბა მზია ამაღლობელის საქმე და ხომ არ ჩაიდინა დანაშაული?

ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი მოსამართლეს ესაუბრა ცდომილებაზე სამართალდარღვევის და დაკავების ოქმებს შორის.

კიდევ ერთი ცრუ მოწმე პოლიციელი

„როცა მიხვდნენ, რომ მტკიცებულებები არ ჰქონდათ, დაკავების ოქმისგან განსხვავებით, სამართალდარღვევის ოქმში შემოიტანეს ეს გარემოება, თითქოს მზია ამაღლობელი სხვა პირების დაკავებაში უშლიდა მათ ხელს.

გოჩა ვანაძემ კი, ჩვენ ვერ დაგვისახელა კონკრეტული შემთხვევა, თუ სად და ვისი დაკავების დროს შეუშალა ხელი პოლიციელებს მზია ამაღლობელმა“, – აღნიშნა გიორგი ხიმშიაშვილმა.

გაყალბებული დაკავების ოქმში პოლიციელებმა ჩაწერეს, რომ თითქოს მზია ამაღლობელი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ნონა ქურდოვანიძემ შსს-ს წარმომადგენლებს შეახსენა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთ საქმეზე, რომლის მიხედვითაც პოლიციელი ვალდებულია მოიპოვოს ნეიტრალური მტკიცებულება, მაგალითად, ტელეფონით გადაიღოს ვიდეო, როცა ამის საშუალება არსებობს.

____

მთავარი ფოტო: გოჩა ვანაძე, რომელმაც ყალბი ჩვენება მისცა სასამართლოს – მან მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით თავადა დააკავა. სინამდვილეში, რაც ვიდეოში ჩანს და მოსამართლემაც დაადასტურა, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით გრიგოლ ბესელიამ დააკავა.

___

ამ თემაზე:

დაკითხავენ თუ არა ირაკლი დგებუაძეს და გრიგოლ ბესელიას? – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის პროცესიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: