მთავარი,სიახლეები

„რუსთავი 2“-ს სთხოვენ კობახიძის ცილისწამების პასუხად ეთერი დაუთმოს მზია ამაღლობელის ადვოკატს

06.05.2025 •
„რუსთავი 2“-ს სთხოვენ კობახიძის ცილისწამების პასუხად ეთერი დაუთმოს მზია ამაღლობელის ადვოკატს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სთხოვენ, გადაცემა „ღამის კურიერში“ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ირაკლი კობახიძის ცრუ ბრალდებებს პასუხი გასცეს.

სწორედ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს, რომ თითქოს მზია ამაღლობელმა ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა.

„რუსთავი 2-ს“ ჩავაბარეთ განცხადება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში 6 ადამიანი ვაწერთ ხელს: ეთერ თურაძე, ნინია კაკაბაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, თამარ რუხაძე და ზვიად ქორიძე.

ამ განცხადებით ვითხოვთ, რომ გადაცემა „ღამის კურიერში“, რომელიც მიჰყავს ნინო შუბლაძეს, მიეცეს საშუალება მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველს, მის ადვოკატს, მაია მწარიაშვილს, საეთერო დროის კონკრეტულ ინტერვალში, გასცეს პასუხი იმ არაზუსტ, შეცდომაში შემყვან და მცდარ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამავე გადაცემაში გაავრცელა ირაკლი კობახიძემ.

მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არ უნდა დარჩეს უპასუხოდ და გამომდინარე იქიდან, რომ ჯეროვანი სიზუსტე უნდა დაიცვას მაუწყებელმა, სამართლიანად უნდა მოექცეს ყველა მოქალაქეს და აუცილებლად უნდა დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, მაუწყებლობის ქცევის კოდექსის ამ ნორმებიდან გამომდინარე, ვითხოვთ, მაია მწარიაშვილს, მზია ამაღლობელის ადვოკატს, მიეცეს საშუალება, ეს არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი განცხადებები გააბათილოს თავისი გამოსვლით. ამიტომ ვითხოვთ ღია ეთერს, რომელშიც მაია მწარიაშვილი იქნება „ღამის კურიერის“ სტუმარი“, – თქვა ზვიად ქორიძემ განცხადების ჩაბარების შემდეგ.

16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა კობახიძემ მზია ამაღლობელის საქმეზე ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა. მსგავსი განცხადებები გაავრცელეს „ოცნების“ სხვა წევრებმაც.

________________

ფოტოზე: მზია ამაღლობელის ადვოკატები: მაია მწარიაშვილი და გიორგი ხიმშიაშვილი

ამავე თემაზე: 

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: