გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით შეყვანილი, 46 წლის პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალებას ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ ეხმაურება და საქმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს.
„ბათუმელები“ სოლიდარობის თემის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაც ძირითადად ეფუძნება გორგაძის ადვოკატისა და მისი ახლობლების მონათხრობებს, იოსებ გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2024 წლის ოქტომბერში მომხდარი ავარიის შემდეგ მოათავსეს – ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ხოლო საქმეზე განაჩენი გამოტანილი არ იყო და სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
იოსებ გორგაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს 2025 წლის 23 იანვარს, თუმცა ამის შესახებ არც ოჯახისთვის და არც ადვოკატისთვის ციხის ადმინისტრაციას არ შეუტყობინებია. გორგაძის მდგომარეობის თაობაზე ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ თანამესაკნის მიერ მისთვის დარეკვისა და მდგომარეობის მოკითხვის შემდეგ. საზოგადოებისთვის კი მომხდარი ფაქტი ცნობილი გახდა 29 იანვარს, როდესაც გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებასთან პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს.
პატიმარი 23 იანვარს ვივამედში შეიყვანეს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებებით – ინტერნეტში ვრცელდება პაციენტის „ფორმა 100“ და ასევე ზურაბ ჩხაიძის განცხადებაც ამას ადასტურებს.
კონკრეტულად „ფორმა 100“-ში მითითებულია, რომ იოსებ გორგაძეს აღენიშნებოდა: ტვინის შერყევა, ტრავმული სუბდურალური ჰემატომა, თვალისა და ორბიტის [თვალბუდის] სხვა ტრავმები, თავის ქალას მოტეხილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, თავის ქალასა და სახის ძვლების განუსაზღვრელი მოტეხილობა, თავის დაზიანება, სისხლდენა ან ჰემატომა, სამედიცინო მანიპულაციის სხვა გართულებები, კომა, ანოქსიური ტვინის დაზიანება და სხვა.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ პაციენტი იქნა ნანახი პენიტენციური დაწესებულების ექიმის მიერ საკანში იატაკზე მწოლიარე მდგომარეობაში, კონტაქტში არ შედიოდა.
პენიტენციური 5 მაისის განცხადებაში ადასტურებს, რომ საკანში ანდა სხვაგან პატიმრებთან ჩხუბი არ მომხდარა, რასაც შეეძლო ეს დაზიანებები გამოეწვია. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავუშვათ, რომ ციხის პირობებში ანუ სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მიიღო გორგაძემ ეს მძიმე დაზიანებები. შესაბამისად პატიმრის სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება პენიტენციურ დაწესებულებას.
მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება აშკარად არასათანადოდ მიმდინარეობს.
- პირველი, რომ მომხდარიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იოსებ გორგაძის მდგომარეობის შესახებ არავისთვის იყო ცნობილი, მაშინ როდესაც დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება. ამ პერიოდში დახურულ დაწესებულებაში უფრო მეტი რისკია მტკიცებულებების განადგურების.
- მეორე, თავიდანვე სავარაუდო იყო, რომ ამ საქმეში არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი და საეჭვოა, რატომ არ დაიწყო საკითხის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და რატომ დაიწყო იუსტიციის საგამოძიებო ორგანომ, რომელსაც ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულებები ანუ ის სივრცე რომლის კონტროლის ქვეშ განხორციელდა სავარაუდოდ ძალადობა.
5 მაისის განცხადებით უკვე ჩაერთო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, თუმცა რა ფორმით და რამდენად ეფექტიანად ეს ბუნდოვანია.
გარდა ამისა, გორგაძის ადვოკატის განცხადებით გამოძიება მიმდინარეობს დაახლოებით 4 თვეა, მაგრამ რაიმე სახის შედეგი არ დამდგარა – არც სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაუწყიათ. პირიქით, გამოძიებას აქვს ის ვერსია, რომ სავარაუდოდ, იოსებ გორგოძე წაიქცა და ისე მიიღო ეს დაზიანებები, რაც კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს და გამორიცხავს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას. იოსებ გორგოძეს ჰქონდა თავის და სახის მიდამოებში დაახლოებით 30-ზე მეტი დაზიანება. ცხადია დიდი ეჭვს იწვევს თუ როგორ მიიღო ადამიანმა სიცოცხლისთვის საშიში მრავლობითი დაზიანებები ერთი წაქცევით.
6 მაისს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა დამონტაჟებული ვიდე-ჩანაწერი, სადაც ჩანს გარდაცვლილი იოსებ გორგაძე და მისი საკნის მიმდებარე ტერიტორია. მათივე განცხადებით არსებული ვიდეო მასალა საკმაოდ მოცულობითია და ასაჯაროებენ მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს. გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ითხოვს, სამინისტრომ გაასაჯაროოს მინიმუმ 22 და 23 იანვარს განვითარებული მოვლენების უწყვეტი მასალა.
ის ამბობს, რომ ის ნაწილიც კი, რაც გაასაჯაროვეს, ვერ ადასტურებს პენიტენციური სამსახურის ვერსიას, თითქოს გორგაძე არ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ციხეში და კლინიკაში სავარაუდო ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. ამავე ვიდეოკადრების თანდართულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს.
ზემოაღნიშნული გარემოებები აჩენს ეჭვს საგამოძიებო ორგანოები რამდენად არიან მიზანმიმართული დამნაშავეების აღმოჩენისა და პასუხისმგებლობაში მიცემისკენ. ასევე, ხელს ხომ არ უშლიან საქმის რეალურ გამოძიებასა და ხელს უწყობენ მტკიცებულებების განადგურებაში.
სოლიდარობის თემი ითხოვს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, რათა სრულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის,“ – ნათქვამია „სოლიდარობის თემის“ განცხადებაში.
სოლიდარობის თემი არის ორგანიზაცია, რომლის მიზანია აჭარის შესახებ ცნობადობის ზრდა, კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, მუსლიმი თემის თვითორგანიზების მხარდაჭერა და სოლიდარობის პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა.
ორგანიზაცია ორიენტირებულია სოლიდარული, სამართლიანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს შეეძლება საკუთარი უფლების დაცვა, ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება.
ამავე თემაზე: რა (არ) ჩანს პენიტენციურის მიერ გავრცელებულ კადრებში | იოსებ გორგაძის საქმე