მთავარი,სიახლეები

349 მომხრე, 42 წინააღმდეგი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

06.05.2025
349 მომხრე, 42 წინააღმდეგი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
5 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას და აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის.

5 მაისს გამართულ კენჭისყრაზე კანონპროექტ მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 42-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. მხარდამჭერებს შორის 168 რესპუბლიკელი კონგრესმენია და 181 – დემოკრატი.

მანამდე, 27 მარტს, „მეგობარი აქტი“ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა.

თუმცა კანონპროექტს საბოლოოდ მიღებისთვის სჭირდება როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა. კანონპროექტმა კონგრესის ორივე პალატაში ერთი და იგივე პროცედურა უნდა გაიაროს, სანამ ხელმოსაწერად პრეზიდენტს წარედგინება.

წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერის შემდეგ დარჩენილი პროცედურებია:

  • „მეგობარი აქტის“ სენატის საერთო სესიაზე კენჭისყრა, საჭიროა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა;
  • თუ სენატიც და წარმომადგენელთა პალატაც „მეგობარი აქტის“ იდენტურ ვერსიას მიიღებს, მაშინ ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატა და სენატი განსხვავებულ ვერსიებს მიიღებენ, მაშინ კანონპროექტი „მომრიგებელ კომიტეტს“ გადაეცემა, რომელიც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებისგან შედგება. ამ კომიტეტში განხილვის შედეგად მიღებული კანონპროექტი უბრუნდება წარმომადგენელთა პალატასა და სენატს საბოლოოდ დასამტკიცებლად;
  • მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაც და სენატიც „მეგობარი აქტს“ დაამტკიცებენ, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეცემა;
  • აშშ-ის პრეზიდენტს 10 დღე აქვს იმისთვის, რომ კანონპროექტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.

„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში, იმ დროს წარადგინა, როცა „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა. ის 2025 წლის იანვარშიც წარადგინეს ხელმეორედ. სენატში კანონპროექტი რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარადგინეს.

კანონპროექტის ავტორების თანახმად, „მეგობარი აქტი“:

  • აინიციირებს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;
  • მოითხოვს, პრეზიდენტმა დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კორუფციაში და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანაში;
  • მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს;
  • გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მუდმივი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
  • მხარს უჭირს სამოქალაქო საზოგადოებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: