მთავარი,სიახლეები

„დაზიანებული აქვს თვალის რქოვანა“ – რა ზიანი მიაყენეს აქტივისტებს თბილისში

06.05.2025 •
„დაზიანებული აქვს თვალის რქოვანა“ – რა ზიანი მიაყენეს აქტივისტებს თბილისში

აქტივისტებს, რომლებსაც თბილისში, 5 მაისს, ლიფტიდან გამოსვლისას წიწაკის სპრეი და საღებავი შეასხეს სახეზე, პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ.

ამის შესახებ ერთ-ერთი აქტივისტი ნუცა მახარაძე წერს ფეისბუქზე.

„კარგად ვართ, მხნედ, შემართებით და ამათი დაშინებული არ გაიშვას.

აქვე ვიტყვი, რომ მხნეობასთან ერთად ქეთევანს [ჯანანაშვილს] და სალომეს [სარიშვილი] აქვთ პირველი ხარისხის დამწვრობა. სალომეს დაზიანებული აქვს თვალის რქოვანა, აქვს საშინლად შეშუპებული და ეწვის. სიბნელეში ზის, რადგან სინათლეზე რეაგირებს “- წერს ნუცა მახარაძე.

„ბათუმელები“ სალომე სარიშვილს ესაუბრა. ის ამბობს, რომ სითხე რომელიც სახეში შეასხა ნიღბიანმა, ბრილიანტის მწვანეა, ე.წ. „ზელიონკა“.

იქონიებს თუ არა ეს გავლენას მხედველობაზე, ამას გამოკვლევა დაადგენს. სალომე ხვალ განმეორებით გეგმავს ექიმთან ვიზიტს.

„გუშინ რაც მოხდა, რუსული მეთოდით თავდასხმაა, რუსული დამოკიდებულებაა მოქალაქეების მიმართ, სიძულვილი, ზიზღი და თან უკიდურესი სიმხდალე და სილაჩრე. სინამდვილეში, შიშით ასეთ არარაობებს მართავს ეს რუსული, ბნელი სისტემა და ვერანაირად ვერ გვიმორჩილებს ჩვენ – ასე იქნება მუდამ!

მებრძოლ და წესიერ ადამიანებს ვერ შეაშინებთ, შიშები თქვენკენ მოიკითხეთ ცვედანო არაკაცებო! ყველა დაისჯება, აუცილებლად!” – წერს ნუცა მახარაძე სოციალურ ქსელში.

გუშინ, 5 მაისს, რუსთაველის გამზირიდან სახლში მიმავალ სამ ქალს – ნუცა მახარაძეს, ქეთევან ჯანანაშვილს და სალომე სარიშვილს სადარბაზოსთან დახვდა უცნობი მამაკაცი და ლიფტში შესულებს სახეში მწვანე სითხე და წიწაკის სპრეი შეასხა. გარდა ამისა, მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

შს-ს განცხადებით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის მუხლით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: