პროევროპული აქციის აქტივისტს, ციალა ქათამაძეს ისევ სასამართლოში იბარებენ, ამჯერად სტიკერის გაკვრისთვის.
სტიკერის „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო ციალა ქათამიძე ბათუმში 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დააკავეს – მან სტიკერი საჯარო სივრცეში, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან გააკრა. აქტივისტი ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დააკავა ასკ-ის 150-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს იერსახის დამახინჯებას.
თუმცა 150-ე მუხლის საფუძველზე პოლიციას არ აქვს ვინმეს დაკავების უფლება.
ამიტომაც, ისევე, როგორც მზია ამაღლობელის საქმის შემთხვევაში, ციალა ქათამიძის დაკავება პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს და გამოიგონეს ფაქტი: ციალა ქათამიძე და მზია ამაღლობელი თითქოს ერთნაირი ფრაზებით შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და ისინი სტიკერის გაკვრის გამო კი არ დააკავეს, რაც აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეოკადრებში ჩანს, არამედ პოლიციელების შეურაცხყოფის და წინააღმდეგობის გაწევის [ასკ-ის 173-ე მუხლი] გამო.
ამ საქმის გაყალბების მიუხედავად, ციალა ქათამიძე მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო.
რატომ გაახსენდათ 2025 წლის 11 იანვრის აქციიდან სამ-თვენახევრის გასვლის შემდეგ პოლიციელებს სტიკერის გაკვრა?
2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა. სხვა პოლიციელების მსგავსად, პოლიციის ხელმძღვანელიც გამოიჭირეს ტყუილში ადვოკატებმა.
გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს ასეთი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო შენობის იერ-სახის დამახინჯება] არისო…,“ – განაცხადა 28 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
ასკ-ის 150-ე მუხლით სამართალდარღვევის ოქმი არც ციალა ქათამაძის მიმართ არსებობდა, თუმცა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომიდან 2 დღეში, 2025 წლის 30 აპრილს, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, [სწორედ მასზე სილის გაწვნის გამო ედავებიან მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას] პატაკით მიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს, გიორგი ბუხრაშვილს.
„…შეკრების მონაწილეთა გარკვეული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გადაცდომის ფაქტს, კერძოდ: მოქალაქე ციალა ქათამიძემ დეპარტამენტის შესასვლელთან ე.წ. შლაგბაუმთან დააკრა სტიკერი წარწერით „იფიცება საქართველო“, ვინაიდან ციალა ქათამიძის ქმედებაში იკვეთებოდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნები, მე მას განუმარტე დარღვევის არსი და მოვუწოდე, რომ შეეწყვიტა სამართალდარღვევა. მოწოდებისა და განმარტების მიუხედავად, ციალა ქათამიძე არ დაემორჩილა ჩემს მითითებას და კვლავ განაგრძო სამართალდარღვევის ჩადენა,“ – წერს პატაკში ირაკლი დგებუაძე.
გამოდის, რომ ირაკლი დგებუაძემ სამ-თვენახევრის შემდეგ გადაწყვიტა ფაქტზე რეაგირება. ცალკე მსჯელობის საგანია, რამდენად არის საჯარო სივრცეში, პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან, ასფალტის საფარზე სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევა და „იერსახის დამახინჯება“.
პატაკის საფუძველზე სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის მე-8 განყოფილების დეტექტივს, თენგიზ კვირკველიას შეუდგენია.
ციალა ქათამიძის მორიგი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 მაისს გაიმართება. ასკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი სამართალდამრღვევის დაჯარიმებას ითვალისწინებს 1000 ლარით.
___________________________
ფოტოზე: ციალა ქათამაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებთან ერთად ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 12 მარტი, 2025 წელი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ამავე თემაზე:
მოსამართლემ ციალა ქათამიძე 2 000 ლარით დააჯარიმა – დაკავება გაყალბებული ოქმით