ბათუმში, რუსთაველის ქუჩიდან „საოცრებათა პარკთან“ მისასვლელ ტერიტორიაზე განათებები გამორთულია.
აქ ათამდე რკინის მაღალი ბოძია განთავსებული. თითო ბოძზე რამდენიმე ნათურაა დამაგრებული, თუმცა ყველა გამორთულია. მხოლოდ ერთ ბოძზე მუშაობს რამდენიმე ნათურა.

სკვერში, რკინის ბოძებზე დამაგრებული ნათურები არ მუშაობს.
რატომ არ მუშაობს განათება? – ვკითხეთ ბათუმის მერიას, თუმცა აქ გვითხრეს, რომ პარკი ბულვარის საკუთრებაა და მიზეზის გასარკვევად ბულვარისთვის უნდა მიგვემართა. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ განათების აღნიშნული ბოძები არა ბულვარს, არამედ ქუჩას ეკუთვნის.
„ჩვენი ელექტრიკოსების განცხადებით, ჩვენი არაა. ჩვენს ტერიტორიაზე მუდმივად ხდება მონიტორინგი და თუ სადმე პრობლემაა, იცვლება ეტაპობრივად“ – გვითხრეს ბათუმის ბულვარში.
საჯარო რეესტრის მიხედვით, ანბანის კოშკსა და რუსთაველის ქუჩას შორის არსებული ტერიტორია, სადაც აღნიშნული განათების ბოძებია განთავსებული, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და იჯარით ან სხვა ფორმით სარგებლობაში არ არის გადაცემული.






