5 მაისს, თბილისში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებულ აქტივისტებს: ნუცა მახარაძეს, ქეთევან ჯანანაშვილს და სალომე სარიშვილს უცნობი პირი ღამით, ლიფტიდან გამოსვლისას დახვდა და მათ ჯერ წიწაკის სპრეი შეასხა, შემდეგ კი – ბრილიანტის მწვანე. გოგოებმა სახეზე პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღეს.
აქტივისტები „ბათუმელებთან“ ჰყვებიან, რომ რამდენიმე კვირის წინ შენიშნეს, რომ მათ უთვალთვალებდნენ, ქეთევან ჯანანაშვილის ძმას კი ავტომანქანის საბურავები დაუჭრეს დანით.
აქტივისტების თქმით, არსებობს ვიდეოთვალის ჩანაწერები, რომელზეც ის ავტომობილები და პირები არიან აღბეჭდილი, რომლებიც მათ, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ.
„სამი კვირის წინ იყო შემთხვევა, როცა ქეთის ძმას დაუჭრეს საბურავები სახლთან. ეს იყო აღდგომის წინა დღეს“ – ამბობს სალომე სარიშვილი.
საუბარში გვერთვება ქეთევან ჯანანაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ის მანქანა, რომლითაც გადაადგილდება, მისი ძმის სახელზეა გაფორმებული.
„სავარაუდოდ ნომრებით იპოვეს მისამართი, რადგან ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ მე და ჩემი ძმა, მაგრამ სხვადასხვა სახლში. იგივე მარკისაა ჩემი ავტომანქანაც და ალბათ აერიათ, რადგან იმ მომენტში მე არ ვიყავი სახლში.
ამ უბანში ძირითადად კერძო სახლებია და უცხო მანქანა ისედაც თვალში ხვდება ყველას. გვიყენია გარე კამერებიც და სწორედ ამ კამერებმა დააფიქსირეს უცხო პირები.
მანქანაში ორ-ორნი ისხდნენ, თუ სწორად მახსოვს. როგორც ჩანს, ჯერ ზვერავდნენ სიტუაციას და მერე გადავიდნენ ქმედებაზე.
რამდენჯერმე დაარტყეს წრე სახლს, მიდიოდნენ-მოდიოდნენ, რაღაცებს ზვერავდნენ.
ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანს, როგორ მიდის ერთი პირი და დანას არჭობს მანქანის ბორბალს. ჩანაწერში ისმის კიდეც ხმა, რომ ამბობდნენ ეს არის, ეს არისო“- ამბობს ქეთევანი.
მისი თქმით, უცნობი პირები ორი ავტომობილით, „ტოიოტა ქემრით“ და „ფორდით“ გადაადგილდებოდნენ.
აქტივისტების თქმით, რამდენიმე დღეში იგივე „ფორდი“ ნუცა მახარაძის სახლთან დახვდათ.

ქეთევანის და სალომეს თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც აღბეჭდილია ყველა ის ავტომანქანა, საიდანაც უცხო პირები, მათივე თქმით, უთვალთვალებდნენ.
„ამოწმებდნენ იქ გაჩერებულ მანქანებს და უყურებდნენ ვიდეოთვალებს.
წესით, პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს ამ პირების იდენტიფიცირება, რადგან ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს როგორც ავტომანქანის მარკა, ასევე ნომრები.
თუმცა ჩვენ მაშინ პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, რადგან ჩავთვალეთ, რომ აზრი არ ჰქონდა. 5 მაისს, როცა ჩვენზე ძალადობის შემთხვევა მოხდა, არც მაშინ დაგვირეკავს პოლიციაში, ნუცამ დარეკა სასწრაფოში და იმას მოჰყვა პოლიცია“ – ამბობს სალომე.
ახლა აქტივისტები ცდილობენ თავად გაარკვიონ, ვინ არიან ამ ავტომანქანის მფლობელები. ისინი შიშობენ, რომ პოლიციამ, შესაძლოა, პირიქით, დამალოს კვალი.
„გამოგვკითხეს და მაშინ ვუთხარით პატრულის თანამშრომელს, რომ გვქონდა იმ ავტომანქანების ნომრები, ვინც თავდასხმამდე დაგვყვებოდა. მაგრამ იმასაც ვფიქრობთ, რამდენად ღირს მათთვის ამ ნომრების მიწოდება. შეიძლება საერთოდ გააქრონ ეს ავტომანქანები და ნომრები და ვეღარ ვიპოვოთ“ – ამბობს ქეთევანი.
გოგოები კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებენ:
„ლიფტთან დახვედრამდე, რამდენიმე დღით ადრე, ნუცას სახლთან შევნიშნეთ უცხო პირები. ეზოს შესასვლელთან იდგა საეჭვო მანქანა.
უცხო პირები იყვნენ ეზოში, რომლებიც გვიყურებდნენ. ღამით კი, როდესაც უკან დავბრუნდით, ქუჩის მხარეს მანქანაში ორი ადამიანი შევნიშნეთ“ – იხსენებს სალომე.
გოგოების თქმით, 3 მაისს, შაბათს, სადარბაზოს შესასვლელთან შენიშნეს პირი, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა სახეზე ჩამოფარებული და ხელში ცივი ჩაის ბოთლი ეჭირა.
„მანქანას რომ ვაყენებდით, კუთხეში მდგომი ერთი ავტომანქანა გამოვიდა, შიგნით მყოფ პირს სახეზე სამედიცინო პირბადე ეკეთა, დაგვინახა, დაქოქა მანქანა და წავიდა. სადარბაზოსთან კი ეს კაპიუშონიანი პირი დაგვხვდა. სახე ვერ დავინახეთ, კარგად ჰქონდა ჩამოფარებული.
როცა ლიფტში შევედით, ხმა გავიგეთ, რომ ისიც ამოვიდა კიბით, მაგრამ მერე უკან დაბრუნდა. ალბათ იმ დღესაც ჰქონდა დაგეგმილი რაღაც, მაგრამ ვერ მოახერხა“-ამბობენ გოგოები.
5 მაისს, იმ დღეს, როცა ნუცას, ქეთევანს და სალომეს ბრილიანტის მწვანე და წიწაკის სპრეი შეასხეს, გოგოები საპროტესტო აქციიდან ერთად მიდიოდნენ ნუცა მახარაძესთან, სახლში.
„ამ დღეს არავინ შეგვინიშნავს. ალბათ ჩვენც მოვადუნეთ ყურადღება. ლიფტი მეოთხე სართულზე გაჩერდა და სანამ გამოვიდოდით, კარის ღრიჭოდან შემოგვასხეს ჯერ წიწაკის სპრეი, შემდეგ კი ბრილიანტის მწვანე.
ძველი ლიფტია, შიდა კარი გაფუჭებული აქვს და მხოლოდ გარე კარი იღება, რომელიც ხელით უნდა გააღო.
იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სახე ვერ დავინახეთ.
ნუცა ზურგით იდგა და კისერში ჩაესხა სითხე და საშინლად ეწვოდა. მე და ქეთის კი სახეში შეგვესხა. ყველაზე მეტი მე მქონდა სახეში შესხმული.
თავიდან მეგონა, რომ გვწვავდა ეს ტიპი, იმიტომ რომ სპირტის სუნივით ვიგრძენი, შემდეგ წიწაკის სპრეის ხმა გავიგონე და მეთქი, გვწვავს ვიღაც.
იმ ცივი ჩაის ბოთლში ჰქონდა ბრილიანტის მწვანე გახსნილი და პირდაპირ შემოგვასხა. შეგვაგინა „თქვენი ნაცი დედა მოვტ…-ო“, ბოთლი იქვე დააგდო და გაიქცა“ – ამბობს სალომე.

სალომე და ქეთევანი კლინიკაში
გოგოების თქმით, ბოთლი დაახლოებით 3:00 საათამდე ლიფტთან ეგდო სადარბაზოში, შემდეგ კი გაქრა:
„რამდენიმე პოლიციელი ყარაულობდა ამ ბოთლს, შემდეგ იქ აღარ იყო. ჩავთვალეთ, რომ როგორც ნივთმტკიცება, წაიღეს“.
გოგოები მიიჩნევენ, რომ ეს დევნა, დიდი ალბათობით მათ სამოქალაქო აქტიურობას უკავშირდება.
„მე იმდენად აქტიური არ ვარ სოციალურ ქსელში, ნუცა უფრო ხმამაღლა საუბრობს ხოლმე ამ პროტესტზე, ის უფრო ცნობადია. ეჭვიც გვქონდა, რომ რუსთაველის ქვედა ქუჩებზე ჩემს მანქანას ხშირად ხედავდა პოლიცია, რადგან მათთან ახლოსაც გამიჩერებია.
დარწმუნებული ვარ, ეს ნომრებიც პოლიციის მიერ არის გადაცემული, რადგან ისე ვერ გაიგებდნენ, რომ სხვის სახელზე გაფორმებული მანქანით გადავადგილდები.
ცესკოსთან რომ იყო პირველი აქცია, მაშინ მივედით იქ მე და ნუცა და სიგნალით მივესალმეთ ხალხს გასამხნევებლად. მერე, როცა გადმოვედით, ნუცას პატარა შელაპარაკება ჰქონდა პოლიციელ ლაშა სალუქვაძესთან, იქ იდგა კრიმპოლი და პატრულიც, გამოგყვნენ და სადღაც 40 მეტრში გაგვაჩერეს“ – გვეუბნება ქეთევანი.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, დღეს, როცა პოლიციის ნდობა ძნელია, ერთადერთი გამოსავალი ისევ საკუთარი თავის და ერთმანეთის დაცვაა.
„პირველი შემთხვევის მერე ჩვენ ვფრთხილობდით და ვაკონტროლებდით, ვინმე მოგვყვებოდა თუ არა, ეზოში შესვლის დროსაც სიფრთხილეს ვიჩენდით, მაგრამ იმ დღეს რა მოხდა, არ ვიცი.
შემდეგ ერთი მეზობელი გვეუბნებოდა, რომ თავდასხმის დღეს, 15:00 საათიდან იქ ტრიალებდნენ ეს პირები. სახლებთან ალბათ იმიტომ მოდიან, რომ ფიქრობენ, ასე უფრო შეგვაშინებენ. „ვიცით სად ცხოვრობთ“ – ალბათ ამის თქმა უნდათ, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ.
ჩვენს თანამებრძოლებსაც შეგვიძლია ის ვუთხრათ, რომ არ უნდა შეშინდნენ არცერთი წამით და რაღაცნაირად, საკუთარი თავის დაცვის მეთოდები უნდა გავიძლიეროთ“ – გვეუბნებიან ქეთი და სალომე.
შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ასევე, გოგოები აპირებენ მიმართონ პოლიციას და მოითხოვონ დაზარალებულის სტატუსი.
რაც შეეხება სახეზე დაზიანებას, როგორც სალომე გვეუბნება, მას ბრილიანტის მწვანეს შესხმის გამო თვალის რქოვანა აქვს დაზიანებული, თუმცა ჯერჯერობით მკურნალობა კარგად მიმდინარეობს. მკურნალობას გადიან ქეთი და ნუცაც.
____________________
მთავარ ფოტოზე: ქეთევან ჯანანაშვილი და სალომე სარიშვილი
ამავე თემაზე:
„რეალურად, ეს თავდამსხმელები მშიშრები არიან“ – რუსული ხელწერა აქტივისტების წინააღმდეგ