მზია ამაღლობელმა დღეს, 7 მაისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვს ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის მიერ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მედია-საშუალებებში მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევას და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფას.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს დააკავეს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრისათვის. მეორედ კი 12 იანვარს დააკავეს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო და უკვე 4 თვეა წინასწარ პატიმრობაშია.
ირაკლი კობახიძემ, სოზარ სუბარმა და მამუკა მდინარაძემ სახელისუფლებო არხებზე გამოსვლისას არაერთგზის გაავრცელეს ცილისმწამებლური ინფორმაცია, რომ „თითქოს მზია ამაღლობელმა სტიკერი გააკრა პოლიციელს ზურგზე“. სინამდვილეში მზია ამაღლობელმა სტიკერი გააკრა დამხმარე ნაგებობის კედელზე და არსებობს ამის დამადასტურებელი უწყვეტი კადრები.
- რა წერია სარჩელში
მოსარჩელე მზია ამაღლობელი ითხოვს ცილისწამებად იქნეს სასამართლოს მიერ მიჩნეული 2025 წლის 29 იანვარს, ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში, ირაკლი კობახიძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება და დაევალოს ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით – კერძოდ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით:
„ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი…“ – თქვა “იმედის” ეთერში ირაკლი კობახიძემ.
მოსარჩელე მზია ამაღლობელი ასევე ითხოვს, ცილისწამებად იქნეს მიჩნეული 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, „ღამის კურიერი“-ში, ირაკლი კობახიძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება:
„უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.
მოსარჩელე ითხოვს, დაევალოს ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა.
მოსარჩელე მზია ამაღლობელი ითხოვს ცილისწამებად იქნეს მიჩნეული 3 თებერვალს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებული სამთავრობო ბრიფინგის დროს, მამუკა მდინარაძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება:
„გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ჯერ „სტიკერი“ დააკრა პოლიციელს – ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას. პოლიციის უფროსთან მივიდა 1 თუ 2 საათის გამოშვებული მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკით დააკავა, რომ კარგად შემოერტყა და შემდეგ შემოარტყა. პოლიციელს გაარტყა სილა, დემონსტრაციულად, კამერების თანდასწრებით. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს პოლიციისა და პოლიციელის რეპუტაცია. სპეციალურად ამიტომ დაარტყა პოლიციის უფროსს ხელი და ამოარჩია ეს ადამიანი. ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ამბავი. ამას ტრენინგებზე ასწავლიან, რომ მაღალჩინოსანს, მის ხელქვეითებთან, მის დაქვემდებარებულ ადამიანებთან, გმირ პოლიციელებთან შეელახოს რეპუტაცია და ასე ჩამოშალონ სახელმწიფო. უშუალოდ ამ სიბინძურის ამსრულებელი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში გახლდათ მზია ამაღლობელი“.
მოსარჩელე ითხოვს, დაევალოს მამუკა მდინარაძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით – კერძოდ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებული სამთავრობო ბრიფინგის ფარგლებში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით.
მოსარჩელე მზია ამაღლობელი ითხოვს ცილისწამებად იქნეს მიჩნეული 5 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში, სოზარ სუბარის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება:
„ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც მან გააკრა “სტიკერი” პოლიციელს ზურგზე და არ მგონია ეს ეხლა ნორმალური საქციელი, რა გითხრათ“.
მოსარჩელე ითხოვს, დაევალოს სოზარ სუბარს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით – კერძოდ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით.
სასარჩელო მოთხოვნები ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1-ელ ნაწილს, მე-12 მუხლს, 31-ე მუხლის 1-ელ და მე-4 ნაწილებს. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის „ე“ ქვეპუნქტს და მე-17 მუხლის 1-ელ ნაწილს.