- თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი)
- საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი)
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი)
- გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი)
- კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება)
- უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი)
- თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი):
საიას თანახმად, მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად და უკანონოდ — ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა პატიმრობის აუცილებლობას. პროკურატურის შუამდგომლობა, ისევე როგორც სასამართლოს განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ეფუძნება აბსტრაქტულ რისკებს და მსჯელობას, ნაცვლად საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასებისა. არც ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, არც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობის განხილვისას და არც წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლეს არ შეუფასებია რატომ ვერ უზრუნველყოფდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევას.
როგორც ცნობილია, 2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრით, 2025 წლის 14 იანვრის განჩინებაში მითითებული საფრთხეები ხელოვნური და დაუსაბუთებელი იყო, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა არ დაუშვა და არ განიხილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი. 2025 წლის 13 თებერვალს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს, შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე, ვერა დოლიძის 19 თებერვლის განჩინებით, მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ადვოკატების საჩივარი ასევე დაუშვებლად იქნა ცნობილი. 2025 წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა სხვა დანარჩენთან საკითხებთან ერთად იმსჯელა აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის შესახებ, თუმცა, მან მზია ამაღლობელი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა.
საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას რაც შეეხება, საიას თანახმად, მზია ამაღლობელის საქმეზე არაერთგზის, მათ შორის, სასამართლოს მხრიდან, დაირღვა ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ მიღებულ განჩინებაში ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის დასასაბუთებლად გამოიყენა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტი ისე, რომ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
საჩივარში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ვლინდება არაერთი არსებითი მნიშვნელობის პროცედურული დარღვევა, რაც საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე მიანიშნებს, მათ შორისაა დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომლის საფუძველზეც მოხდა მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. პროკურატურას, ისევე როგორც სასამართლოს, არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ, რომელთა ანონიმურობაც გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამავე მოქმედებით, ხელყოფილი იქნა მომჩივნის პირადი კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების უფლება.
„მხოლოდ პატაკის საფუძველზე მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ძირს უთხრის კონვენციით გარანტირებულ მე-8 და მე-10 მუხლებით განმტკიცებულ უფლებებს, მსგავსი პრეცედენტი ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და წარმოადგენს ცალსახა უკანონობას. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში არ არსებობს უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მსგავსი ტიპის ცალსახა უკანონო გადაწყვეტილებებისგან თავის დაცვას“, — აცხადებს საია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მზია ამაღლობელის საქმეში არსებული უკანონობის მასშტაბები სცდება უბრალოდ მატერიალური კონვენციური მუხლების დარღვევას და მიუთითებს ისეთ განზრახვაზე, რომელიც აკრძალულია კონვენციის მე-18 მუხლით.
„მზია ამაღლობელის პატიმრობის მიზანს წარმოადგენს მისი სამაგალითო დასჯა და ანგარიშსწორება მისი ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის და არა სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნების მიღწევა. ,,ქართული ოცნებისა” და მასთან დაკავშირებული პირების მიერ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რათა მზია ამაღლობელის მიმართ საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს უარყოფითი დამოკიდებულება. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ ისაუბრა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე, მოიხსენია იგი დამნაშავედ და მის წინააღმდეგ გაავრცელა პროპაგანდისტული გზავნილები“, — აცხადებს საია.
საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევებისა, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ არის ჩადენილი.
„იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი აღნიშნულ დარღვევებს არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი“, — თქვა ნონა ქურდოვანიძემ.