მთავარი,სიახლეები

ცემა, ფურთხება და გინება – რა მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი დგებუაძის საქმეზე

22.01.2025 •
ცემა, ფურთხება და გინება – რა მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი დგებუაძის საქმეზე

„ეს მიუთითებს, რა სახის დამოკიდებულებაა თავიდანვე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან – შემსუბუქება უნდათ,“ – ასეთია საიას იურისტის და მზია ამაღლობლის ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის შეფასება გამოძიებაზე, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე.

საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.

საუბარია „მზია ამაღლობლის საქმეზე. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს პროკურატურა ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევა უნდა გამოიძიოს – მზია ამაღლობლის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც ცდილობდა და დაკავებულს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.

„ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ისიც, ირაკლი დგებუაძე როგორ ემუქრება და აგინებს მზია ამაღლობელს დაკავების დროს.

„გამოძიება უნდა დაწყებულიყო დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, რაზეც არის საუბარი, რომ ირაკლი დგებუაძე დაკავებულ ადამიანს აფურთხებს და აგინებს, საპირფარეშოთი სარგებლობის და წყლის დალევის საშუალებას არ აძლევს… ეს არის აშკარად არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა, როგორც ქართული, ასევე ევროპული სასამართლოს პრაქტიკით.

შესაბამისად, ამ მუხლით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიებისთვის,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ იურისტი ჯუბა ქათამაძე.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის მუხლი კი [სსკ-ის 144 პრიმა 3] გულისხმობს პირის დამცირებას, ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს, ან მორალურ ტანჯვას აყენებს. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე.

მზია ამაღლობლისთვის გამოძიებას ჯერ კიდევ არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი. შესაბამისად, ადვოკატისთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ან გამოჰკითხეს თუ არა თავად ირაკლი დგებუაძე. საიასთვის ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ 12 იანვარს მომხდარ შემთხვევაზე, რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახური 12 იანვარსვე იყო ინფორმირებული, პირველი საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ 19 იანვარს ჩატარდა – მზია ამაღლობლის ტანსაცმელი ამოიღეს.

როდის დაიწყო გამოძიება ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე? გამოიკითხა თუ არა ირაკლი დგებუაძე? რატომ დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების მუხლით და არა არაადამიანური მოპყრობის მუხლით? – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „ბათუმელები“ დღეს, 22 იანვარსაც დაუკავშირდა. 

უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, მზია ამაღლობლის შემთხვევაზე გამოძიება 2025 წლის 13 იანვარს დაიწყო. „ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია ექსპერტიზები, იკითხებიან სამართალდამცავები,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. აქ არ დაგვიკონკრეტეს, გამოიკითხა თუ არა კონკრეტულად ირაკლი დგებუაძე, ასევე, რატომ დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და არა არაადამიანური მოპყრობის მუხლით?

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ასევე ვიკითხეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება 2025 წლის 12 იანვრის აქციაზე დაკავებული აქციის სხვა მონაწილეების შემთხვევებზე: ბათუმის აქციის მედროშის, თემურ ქათამაძის თქმით, მას პოლიციელებმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით შსს-ს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში სცემეს, მალხაზ ირემაძის თქმით კი, მას ირაკლი დგებუაძემ აგინა, კედელზე თავი არტყმევინა და სცემა. ფიზიკური ძალადობის შედეგად მალხაზ ირემაძემ გონება დაკარგა.

მალხაზ ირემაძის თქმით, ის იზოლატორში ყოფნის დროს გამოჰკითხეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა. ეს უწყება იძიებს სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, მალხაზ ირემაძის შემთხვევაზე გამოძიება 2025 წლის 13 იანვარს დაიწყო. უწყებაში არ დაგვიკონკრეტეს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება. აქვე გვითხრეს, რომ თემურ ქათამაძის შემთხვევაზე „შეტყობინება შემოსულია და გამომძიებელი უშუალოდ მას ხვდება დეტალებში გასარკვევად“. 

„პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთი თვე შესაძლოა დასჭირდეს სტატუსის მინიჭებას, როგორც კი მოგვეცემა საშუალება, ჩავიხედავთ საქმის მასალებში და ვნახავთ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მზია ამაღლობლის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ.

მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს, მისი სარჩელი აღკვეთი ღონისძიების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 21 იანვარს არც კი განიხილა.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად შსს-ს ღობეზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

ვრცლად ამ თემაზე: მზია ამაღლობლის ბრალდება ატარებს დაშინებისა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს – საია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: