მთავარი,სიახლეები

კიდევ ერთი საქმე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ – რა ხდებოდა სასამართლო სხდომაზე

07.05.2025 •
კიდევ ერთი საქმე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ – რა ხდებოდა სასამართლო სხდომაზე

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე გაჩნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ამჯერად მოსამართლემ უნდა გაარკვიოს, მზია ამაღლობელის მიერ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ღობეზე სტიკერის მიკვრა არის თუ არა სამართალდარღვევა.

ეს 2025 წლის 11 იანვარს მოხდა, შსს-მ კი ოქმი სამთვენახევრის შემდეგ შეადგინა.

მზია ამაღლობელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერია, გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო, პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. უფლებადამცველების შეფასებით, მზია ამაღლობელის მიმართ წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა და ის უკანონო პატიმრობაშია.

2025 წლის 11 იანვრის აქციაზე, თავდაპირველად, მზია ამაღლობელი დააკავეს სწორედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის – „იფიცება საქართველო“ – გაკვრისთვის, თუმცა 150-ე მუხლის საფუძველზე პოლიციას არ აქვს ვინმეს დაკავების უფლება. ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებული მზია ამაღლობელი იმავე ღამეს უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი ადმინისტრაციულ საქმეში გაყალბებული ოქმი გახდა: იმის გამო, რომ პოლიციელებს სინამდვილეში 150-ე მუხლის საფუძველზე, ანუ სტიკერის გაკვრისთვის მოქალაქის დაკავების უფლება არ ჰქონდათ, პოლიციის მაღალჩინოსნებმა ოქმი გააყალბეს და გამოიგონეს ფაქტი: თითქოს მზია ამაღლობელი, ასევე აქტივისტი ციალა ქათამიძე, თითქოს ერთნაირი ფრაზებით შეურაცხყოფდნენ პოლიციელებს და ისინი სტიკერის გაკვრის გამო კი არ დააკავეს, არამედ პოლიციელების შეურაცხყოფის და წინააღმდეგობის გაწევის [ასკ-ის 173-ე მუხლი] გამო.

საქმის გაყალბების მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო და იგი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

მნიშვნელოვანია გარემოება – რატომ გაახსენდა შსს-ს 2025 წლის 11 იანვარს გაკრული სტიკერი 2025 წლის 30 აპრილს?

ვიდრე შს სამინისტრო ახალ ოქმს შეუდგენდა მზია ამაღლობელს, მანამდე ორი დღით ადრე, 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელის საქმეზე ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა.

სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც გამოიჭირეს ტყუილში ადვოკატებმა.

კერძოდ, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს მსგავსი ოქმი არ არსებობდა.

„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო შენობის იერ-სახის დამახინჯება] არისო…,“ – განაცხადა 28 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

გრიგოლ ბესელიას ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ცალკე მსჯელობის საგანია, რამდენად არის საჯარო სივრცეში, პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევა და „იერსახის დამახინჯება“.

იმის გამო, რომ ამ საქმის მასალები მზია ამაღლობელს 5 მაისს ჩაბარდა და მის გაცნობას ადვოკატები ვერ მოასწრებდნენ, მზია ამაღლობელმა ციხიდან გამოგზავნილი წერილით სხდომის გადადება მოითხოვა.

მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ახალი ადმინისტრაციული საქმის განხილვა 9 ივნისს გადადო.

მზია ამაღლობელი დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში ხვალ, 8 მაისს გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: