მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

01.05.2025 •
მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

„არ შეიძლება სილის ერთჯერადი გაწვნა ქალის მიერ მამაკაცზე აღწევდეს იმ ინტენსივობას და იწვევდეს დაზიანების იმ სიმძიმეს, რომელიც თავდასხმად შეფასდებოდა. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გაცილებით უფრო მძიმე დაზიანებების მიყენება არ შეფასებულა თავდასხმად,“ – იურისტი, სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, შალვა შავგულიძე განმარტავს, რომ სამართლებრივი ლოგიკით და სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა ხდებოდა 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე, ვიდრე პოლიციელს სილას გააწნავდნენ:

„პოლიციელებმა დააკავეს აქციის მონაწილეები, შემდეგ უკვე ქალბატონი მზიაც დააკავეს, შეცვალეს ბრალდება, დააბრალეს ისეთი რამ, რა მოქმედებაც არ ჩაუდენია, რომ თითქოს პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, შემდეგ დაკავებები ისევ გაგრძელდა და მზია ამაღლობელი უსვამს პოლიციის უფროსს შეკითხვას: რატომ აკავებთ? იგი ისმენს ისევ ცრუ ბრალდებას, პოლიციელებს აგინებდაო, როცა ქალბატონი მზია იქვეა და ხედავს, რომ არავის პოლიციელებისთვის არ უგინებია.

სწორედ პოლიციელების მხრიდან ასეთმა უსამართლობამ და ძალადობამ გამოიწვია ეს სასოწარკვეთა და აღშფოთება, რაც გამოიხატა სილის გაწვნაში. ეს იყო აღშფოთება იმის გამო, რომ ასეთ უსამართლობას სჩადიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, სამართალს უნდა იცავდნენ,“ – ამბობს შალვა შავგულიძე.

რა არგუმენტით მიაჩნია გამოცდილ ადვოკატს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრად? – „ბათუმელებმა“ შალვა შავგულიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო შალვა, ეთანხმებით შეფასებას, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია? თუ ასეა, რა არის თქვენი არგუმენტი? 

რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი, უკანონოდ ბრალდებული.

ვიდრე გადავალ ამის დასაბუთებაზე, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ქალბატონ მზია ამაღლობელის მიმართ, მისი სწორი, პროფესიული და მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, იმის გამო, თუ როგორ პრინციპულად და ღირსეულად გამოხატავს, იცავს ამ პოზიციას. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მზია ამაღლობელის ინტერესებს, როგორც ადგილობრივ სამართალწარმოებაში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავენ შესანიშნავი იურისტები. ალბათ მათზე უკეთესად ვერაფერს ვიტყვი ამ საქმის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით, თუმცა რადგან მეკითხებით, შევეცდები მოკლედ ავხსნა, რაოდენ უსაფუძვლო და შესაბამისად, უკანონოა მზია ამაღლობელისადმი წარდგენილი როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართალწარმოების ბრალდებები.

თავდაპირველად ვთქვათ ფაქტი: საპროტესტო აქცია იმართებოდა, რომელშიც ქალბატონი მზია არ მონაწილეობდა, ის თავის ოფისში იმყოფებოდა. ამ დროს აქციაზე დააკავეს აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული შენობების იერ-სახის დამახინჯებას.

თუმცა სამართალდარღვევის ოქმებში სხვა რამ ჩაუწერეს დაკავებულებს, მათ შორის, მზია ამაღლობელს – პოლიციელებს შეურაცხყოფას გვაყენებდნენო.

დიახ, ვიცი, თუმცა რაც მოვისმინეთ უშუალოდ პოლიციელებისგან, იყო ის, რომ მათ დააკავეს აქციის მონაწილეები სტიკერის გაკვრისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად.

მოგვიანებით პოლიცია მიხვდა, რომ ასკ-ის 150-ე მუხლით დაკავება არ შეიძლება, რადგან ეს მუხლი დაკავებას არ ითვალისწინებს და შეცვალეს – სიყალბე ჩაიდინეს და ჩაწერეს, რომ ასკ-ის 173-ე მუხლით დააკავეს თითქოს ადამიანები. თითქოს ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და მათ შორის იყო ქალბატონი მზიაც. მათ ჩაუწერეს ერთი და იგივე ფრაზები, რომ თითქოს ეძახდა: „მონებო“, „ძაღლებო“ და ასე შემდეგ, რაც ბუნებაში არ ყოფილა.

ეს, რაც აღვწერე, უკვე ძალიან დიდ აღშფოთებას იწვევს ყველა ნორმალურ ადამიანში, მათ შორის, ქალბატონ მზიაში…

ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ქალბატონ მზიას უშვებენ რაღაც ხელწერილის საფუძველზე, თუმცა მალევე პოლიციელები აქციის კიდევ რამდენიმე პირს აკავებენ, ქალბატონი მზიაც იქ არის, როდესაც გაბაიძეს აკავებენ სრულიად უმიზეზოდ. იქ არის გამოსული ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე. მზია ამაღლობელი სვამს კითხვას: რატომ დააკავეს ეს ახალგაზრდა და ისმენს დგებუაძისგან პასუხს, მთვრალი მოვიდა და პოლიციელებს აგინაო. ანუ მზია ამაღლობელი ისმენს ისევ რაღაცის დაბრალებას ადამიანზე, როდესაც ამ ადამიანს პოლიციელებისთვის არ უგინებია და ამას ქალბატონი მზია თავად ხედავდა.

ეს სიტუაცია, როცა აბსოლუტური ძალადობა ხდება პოლიციის მხრიდან, თან დაბრალება, რომელიც არ ჩაგიდენია და გაკავებენ – ეს იწვევს აღშფოთებას და ქალბატონი მზია სილას აწვნის დგებუაძეს.

ისევე, როგორც ადმინისტრაციული სამართალწარმოების 173-ე მუხლი არ დაურღვევია ქალბატონ მზიას, მაგრამ ამ მუხლით ის დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ასევე მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას რაც შეეხება, საერთოდ ფაქტი არ ყოფილა ბუნებაში, არავითარი პოლიციელების შეურაცხყოფა არ ყოფილა. დაკავების დროს პოლიციელებს არც კი უფიქრიათ ამ მუხლზე, უბრალოდ სხვა მუხლით, თითქოს იერ-სახის დაზიანებით დააკავეს და შემდეგ მიხვდნენ, რომ არ შეიძლება დაკავება, მოიგონეს ეს მუხლი და მოიგონეს შეურაცხყოფის ფაქტიც.

  • გამოდის, რომ პოლიციელებმა კანონიც კი არ იციან? 

კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, როცა მიხვდნენ, რომ უკანონოდ დააკავეს, შემდეგ ჩაიდინეს სიყალბე, შეუცვალეს ბრალდება და დააბრალეს ისეთი ქმედება, რომელიც ბუნებაში არ მომხდარა.

ფაქტია, რომ იქ გააკრეს ეს სტიკერები, რაც შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი, ამან იერ-სახე დაამახინჯა თუ არა, მაგრამ პოლიციელების შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ეს მოიგონეს პოლიციელებმა.

  • მოქალაქეს გაბრაზებს ისიც, რაც რეალურად მოხდა: სტიკერის შენობის ღობეზე გაკვრის გამო გაკავებენ, ანუ კონსტიტუციით და ევროკონვენციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის პოლიცია შენს უფლებას კი არ იცავს, პირიქით, ძალადობს შენზე და უკანონოდ გაკავებს…

რა თქმა უნდა. თანაც ისეთი სტიკერის გაკვრა, რომელიც ხელის ერთი მოძრაობით ააძვრეს იქვე. ეს არანაირი ლოგიკით არ იყო ადმინისტრაციული შენობის იერ-სახის დამახინჯება.

ფაქტი, რის გამოც თითქოს ჩაიდინა მზია ამაღლობელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ანუ პოლიციელის შეურაცხყოფა და წინააღმდეგობის გაწევა, არ ყოფილა ბუნებაში. ეს არის მთავარი უკანონობა და უსამართლობა. არათუ შეფასებაში შესცოდეს, არამედ მოიგონეს ფაქტი.

ახლა რაც შეეხება სისხლის სამართალწარმოებას: სწორია აქ შეფასება სილის გაწვნაზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით? – ეს არ არის სწორი შემდეგ გარემოებათა გამო:

ჯერ ერთი, არსებობს ამ ნორმის კომენტარები, რომელიც განმარტავს ამ ნორმას. არსებობს ასევე ვრცელი სასამართლო პრაქტიკა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელზეც აპელირებას ახდენს დაცვის მხარე. მე ვუსმენდი ქალბატონ მაია მწარიაშვილის გამოსვლას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ პოლიციელზე თავდასხმის შემადგენლობისთვის აუცილებელია ამ თავდასხმის სიმძიმე და ინტენსივობა იყოს მაღალი.

არ შეიძლება სილის ერთჯერადი გაწვნა ქალის მიერ მამაკაცზე აღწევდეს იმ ინტენსივობას და იწვევდეს დაზიანების სიმძიმეს, რომელიც თავდასხმად შეფასდებოდა. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გაცილებით უფრო მძიმე დაზიანებების მიყენება არ შეფასებულა თავდასხმად.

მეორეა სუბიექტური მხარე: ანუ თავდამსხმელის განზრახვა უნდა იყოს მიმართული სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფისკენ, ანუ ვისაც თავს ესხმიან, მისი სიცოცხლე, ან ჯანმრთელობა ხელყოფა უნდა მოხდეს. როგორ შეიძლება სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფის განზრახვით ქალმა სილა გააწნას მამაკაცს და ამით მან ჩათვალოს, რომ ის ხელყოფს, ან აზიანებს მის სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას?

შესაბამისად, სუბიექტური მხარეც, ანუ მოქმედი პირის განზრახვა სახეზე არ არის, რომელიც აუცილებელია ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის.

  • მნიშვნელოვანია თუ არა რა გარემოში მოხდა ეს ამბავი? ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნეს პოლიციელების გარემოცვაში, პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან. 

ეს გარემოებაც მნიშვნელოვანია.

ეს უნდა შეფასდეს მთელი ამ პროცესის ნაწილად. როცა პოლიციელებმა დააკავეს აქციის მონაწილეები, შემდეგ უკვე ქალბატონი მზიაც დააკავეს, შეცვალეს ბრალდება, დააბრალეს ისეთი რამ, რა მოქმედებებიც მათ არ ჩაუდენიათ, რომ თითქოს პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდნენ, შემდეგ დაკავებები ისევ გაგრძელდა და მზია ამაღლობელი უსვამს პოლიციის უფროსს შეკითხვას: რატომ აკავებთ? იგი ისმენს ისევ ცრუ ბრალდებას, პოლიციელებს აგინებდაო, როცა ქალბატონი მზია იქვეა და ხედავს, რომ არავის პოლიციელებისთვის არ უგინებია,

სწორედ პოლიციელების მხრიდან ასეთმა უსამართლობამ და ძალადობამ გამოიწვია ეს სასოწარკვეთა და აღშფოთება, რაც გამოიხატა სილის გაწვნაში. ეს იყო აღშფოთება იმის გამო, რომ ასეთ უსამართლობას სჩადიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, სამართალს უნდა იცავდნენ და სამართალდამცველები ეწოდებათ.

ეს იყო სასოწარკვეთა: ვერ ერევი ამ უსამართლობას და პოლიციელების მხრიდან ძალადობას. 

სილის გაწვნა შეიძლება შეფასდეს ერთადერთი ასკ-ის 173-ე მუხლით. ეს მუხლი ითვალისწინებს „სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას“. მე ამას შეურაცხყოფასაც ვერ დავარქმევდი, რასაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესი ითვალისწინებს.

ეს სილის გაწვნა იყო თვითონ პოლიციის უსამართლო და უკანონო მოქმედებებით პროვოცირებული რეაქცია, მაგრამ რომც ჩავთვალოთ, რომ მაინც უნდა მოეთმინა კიდევ მოქალაქეს, მერე რა, რომ პოლიციელი აშავებდა, ყველაზე დიდი მსჯელობა აქ შეიძლება იყოს ზუსტად ადმინისტრაციულ სამართალწარმოების 173-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას პოლიციელის მიმართ, რომელიც სისხლის სამართალწარმოებით გათვალისწინებული დანაშაულის ინტენსივობას ვერ აღწევს, ანუ ვერ არის ეს იმ ინტენსივობის, რომ ქმედება ცემად ჩაითვალოს, ან მით უმეტეს – პოლიციელზე თავდასხმად.

აბსოლუტურად უსაფუძვლოა და შესაბამისად უკანონოა როგორც ადმინისტრაციული წესით მზია ამაღლობელის მჯავრდება, ასევე ბრალდება სისხლის სამართლის წესით, რომელიც მას აქვს წარდგენილი და ახლა სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

  • მტკიცებულებების დიდი ნაწილი სასამართლომ ამორიცხა მზია ამაღლობელის საქმიდან. ეს რას აჩვენებს? 

უკანონობა რომ გაამართლო, პროცესუალურადაც უნდა ჩაიდინო უკანონობა. როცა წარმოგიდგენენ მტკიცებულებას, რომელიც სწორ ფაქტს ასახავს, ის არ უნდა მიიღოს მოსამართლემ და უნდა დაკმაყოფილდეს ამოჭრილი, ფრაგმენტული მტკიცებულებებით და დაიჯერო პოლიციის ინტერპრეტაცია.

კვალიფიციურად გასაჩივრდა მზია ამაღლობელის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. გასაჩივრებულია პატიმრობის უკანონობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლება და ეფექტური სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის წესის დარღვევა, ასევე მე-18 მუხლი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უფლებათა შეზღუდვა არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნით.

ღმერთმა ქნას, რომ ევროსასამართლომ მოასწროს ამ საჩივრის განხილვა – არ გამოვრიცხავ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშკარად მიდის იქითკენ, რომ ალბათ რუსეთის მსგავსად, რაღაც დროში „ქართული ოცნებაც“ უარს იტყვის ევროპულ სასამართლოზე და ამ მექანიზმის წართმევასაც შეეცილება მოქალაქეებს.

  • მზია ამაღლობელი იდევნება იმის გამო, რომ ის მედიამენეჯერია? „ოცნების“ პრემიერმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია მზია ამაღლობელის შესახებ საუბრის დროს… 

ირაკლი კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელის შესახებ ცალკე მსჯელობის საგანია. ირაკლი კობახიძე სხვა თუ არაფერი იურისტი გახლავთ და მისი ეს გამონათქვამები პირდაპირ არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

ზუსტად ასეთივე გამონათქვამები მოვისმინეთ წინა ხელისუფლების დროს სულხან მოლაშვილის მისამართით, როცა მაშინდელი პრეზიდენტი, სხვა თანამდებობის პირები ამბობდნენ – დააბრუნოს მოლაშვილმა თანხები, რაც მან ადამიანებს მოჰპარაო და ასე შემდეგ. თანამდებობის პირები სულხან მოლაშვილს დამნაშავედ აცხადებდნენ სასამართლოს განაჩენამდე. მაშინ ჩვენ გაზეთები და ტელეგამოსვლების ჩანაწერები შევაგროვეთ, სადაც ეს ციტატები იყო გაჟღერებული და წარვუდგინეთ ევროსასამართლოს. ევროპულმა სასამართლომ ეს შემთხვევა შეაფასა, როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციის და შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.

  • ამ საქმეზე პოლიციელები, მათ შორის, პოლიციის ხელმძღვანელი პირები, არაერთხელ გამოიჭირეს სიცრუეში ადვოკატებმა. მაგალითად, ირაკლი დგებუაძის ერთი მოადგილე ამბობს, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავესო, მეორე მოადგილემ კი მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დავაკავეთო… ეს რას აჩვენებს თქვენთვის?

რა შეიძლება ითქვას, როცა ადამიანი ცრუ ჩვენებას იძლევა? მით უმეტეს, ამას როცა სჩადის პოლიციელი. ეს მიუთითებს, რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო, როცა პოლიციელებს ჩააყენებ ამ მდგომარეობაში, ჩამწკრივებული დგანან საცოდავად სასამართლოს კორიდორებში, ისმენენ შეძახილებს, რომ ცრუ მოწმეები არიან, მერე შედიან და ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს. ეს სჭირდება ტოტალიტარულ მართვას, რომ უნდა იყოს მხოლოდ ერთი კაცის სურვილი და მას უნდა მოემსახუროს მოწმეც და მოსამართლეც.

რაც შეეხება პირადად ირაკლი დგებუაძეს, ამ ახალგაზრდა კაცს, რომლის სილის გაწვნაზეც მიმდინარეობს ეს პროცესი. პოლიციის უფროსი გამოდის და ამბობს, რომ გამიწითლდა ლოყა, მეტკინაო, არ არის ეს ლამაზი.

არავისთვის რჩევის მიცემას არ ვაპირებ და ჭკუის დარიგებას, მაგრამ ერთხელ როცა ვუყურებდი ტელევიზიით ამ პროცესს, დავინახე, როგორ უწევდა უკანა შესასვლელით სასამართლოში შესვლა, რომ როგორმე არ მოესმინა სამართლიანი საყვედურები. მაშინ გავიფიქრე: რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელიც აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში? რა უნდა გააკეთოს და ცრუ ჩვენებით და ბრალდებით კი არ უნდა დაამძიმოს თავისი არასწორი, წინარე მოქმედებები, იმაზე უნდა დაფიქრდეს, რატომ ჩაიდინა ისეთი რამ, რომ ქალბატონისგან საჯაროდ სილის გაწვნა დაიმსახურა? აი, ამაზე უნდა დაფიქრდეს ირაკლი დგებუაძე.

  • თქვენი აზრით, რის მიღწევას და ჩვენებას ცდილობს „ოცნების“ რეჟიმი მზია ამაღლობელის საქმით? 

ყველა ეს საქმე და ბრალდება, რა ყალბი ბრალდებებითაც დაკავებულნი არიან სინდისის პატიმრები, ყველა ეს ძალადობა, რომელსაც სჩადის პოლიცია აქციების დარბევის დროს, უკანონო ბრალდებები და ჩხრეკები, ეს ყველაფერი ემსახურება საზოგადოების, მოქალაქეების დაშინების მიზანს.

როდესაც ხელისუფლება პოზიტიურად არ მართავს სახელმწიფოს, მისი ინტერესები აცდენილია ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებს. ივანიშვილის ინტერესია სწორედ რუსეთის სამსახური, რუსეთის წინაშეა ის ანგარიშვალდებული, ხოლო საქართველოს მოსახლეობის ინტერესია დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირება. აბსოლუტურად აცდენილია ეს ორი ინტერესი ერთმანეთს.

ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა, ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე დარჩენილი აქვს ერთადერთი ენა, რომლითაც შეუძლია ესაუბროს საკუთარ მოქალაქეებს – ესაა ძალადობა და დაშინება. ამან შეიძლება რაღაც დროში იმოქმედოს, მოითმინოს ხალხმა, მაგრამ საბოლოოდ სტალინის ძალადობრივი რეჟიმი, ნახევარი საბჭოთა კავშირი რომ დახვრიტეს, ისეთი ხარისხის ძალადობაზე დამყარებული სახელმწიფოც კი, ჩამოიშალა ერთ მშვენიერ დღეს. ამათი ძალადობა უბრალოდ დარჩება მათ ბიოგრაფიაში ძალიან შავ ლაქად. მათ მოუწევთ პასუხისგება ამ ძალადობისა და უკანონობისთვის.

რა გამოდის: თუნდაც ბოლო 30 წლის მანძილზე, ადრინდელზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამდენი ადამიანური მსხვერპლი, ერთი ომი აფხაზეთში, მეორე ომი ცხინვალის რეგიონში, დროებით, მაგრამ წართმეული ტერიტორიები, დევნილობა, ეს ყველაფერი, ეს ფასი რატომ გადაიხადა ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა საზოგადოებამ? გადაიხადა იმიტომ, რომ რუსეთის უპერსპექტივო გეოპოლიტიკურ სივრცეს მოვწყვეტოდით და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი გავმხდარიყავით.

ფაქტობრივად, ივანიშვილი და მის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანები ამხელა ფასგადახდილ ხალხს ეუბნებიან: ახლა ეს ყველაფერი გადაყარეთ წყალში და ჩვენი ინტერესების სამსახურში დაბრუნდით უკან, რუსეთში, გალახულები, დამცირებულები, ტერიტორიებწართმეულები და ჩვენ ვიქნებით ამით ბედნიერი.

ამაზე მეტი თავხედობა რა შეიძლება იყოს? როგორ შეიძლება ასეთი მიდგომა გქონდეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ და შენ შეძლო ამის შენარჩუნება ძალადობით? ეს წარმოუდგენელია. ამ შეურაცხყოფას ქართული საზოგადოება, რა თქმა უნდა, არ აიტანს. ის მსხვერპლი, რომელიც გაღებულია თუნდაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, იმის გამო, რომ საქართველო გამხდარიყო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი…

ეს ბრძოლა უკვალოდ ვერ ჩაივლის, რაც არ უნდა მოინდომოს ბიძინა ივანიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: