„მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, უბრალოდ ვამბობ, რომ სილის გაწვნა არ არის თავდასხმა“ – უთხრა მზია ამაღლობელმა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა სასამართლოს, როცა მას მიეცა საშუალება კითხვები დაესვა მის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის.
მანამდე კი მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ჰკითხა:
„გულწრფელად მაინტერესებს, მე, მზია ამაღლობელმა, თქვენ, ირაკლი დგებუაძეს, რა ზიანი მოგაყენეთ ისეთი, რომელიც კვალიფიცირდა 353-ე პრიმა მუხლით? იცით, ალბათ, ეს რას ითვალისწინებს – 4-დან 7 წლამდე სასჯელს“.
დღეს, 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. დგებუაძემ სასამართლოს უამბო მისი ვერსია – რა მოხდა 12 იანვარს, როცა მას მზია ამაღლობელმა აქციაზე სილა გააწნა. დგებუაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტკივილი იგრძნო, როცა მზია ამაღლობელმა სილა გააწნა. მან თქვა ისიც, რომ ეს ტკივილი წუთიერი იყო.
სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს კითხვები დაუსვა მისი მხრიდან ძალადობაზე – გინებაზე, ფურთხებაზე, საპირფარეშოსა და წყლის დალევის აკრძალვაზე, რაც ირაკლი დგებუაძემ უარყო, თუმცა ვერ უარყო ის, რასთან დაკავშირებითაც ვიდეომტკიცებულება არსებობს – დგებუაძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ვიდეოში, სადაც ისმის მუქარა და გინება – „სისხლით დავიჭერ“ – მისი ხმა ისმის. ამ ვიდეოს სასამართლო სხდომაზე გაშვების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ჯერ თქვა – „ჩემს ხმას ჰგავსო“, შემდეგ – „შეიძლება გამოვიყენე უწმაწური სიტყვებიო“ და თან დასძინა, რომ ეს უწმაწური სიტყვები „ფაქტის აღწერის მიზნით“ გამოიყენა.
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ირაკლი დგებუაძეს ჰკითხეს, როგორ ფიქრობს თავად, ემუქრება თუ არა მას საფრთხე, თუ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული იქნება არასაპატიმრო ღონისძიება.
ბათუმის პოლიციის უფროსმა უპასუხა, რომ მას თუ არა, შეიძლება სხვა პოლიციელს დაემუქროს საფრთხე: „აქციები გრძელდება, მე 400-მდე თანამშრომელი მყავსო“ – აღნიშნა დგებუაძემ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ასევე სთხოვეს დაეკონკრეტებინა – მზია ამაღლობელის მიერ მისთვის სილის გაწვნა თავდასხმა იყო თუ შეურაცხყოფა. მან თქვა, რომ ეს იყო თავდასხმა: „თქვენ სილის გაწვნას უწოდებთ, მე ვამბობ, რომ ხელი დამარტყა“ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტკივილი განიცადა.
დღეს სხდომაზე ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელზე ისიც თქვა „ღმერთმა თავისუფლებაზე ამყოფოს“, მაგრამ „ჩემი გადასაწყვეტი არ არისო.“
დგებუაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა ისიც, რომ მისი მიზანი, არაა მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა:
„მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული და თავისუფლება თავადვე უნდა მოიპოვოს სამართლებრივად მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით“ – თქვა მან და არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მზია ამაღლობელის გასათავისუფლებლად დაცვის „არსებული სტრატეგია არ მუშაობს“. „არსებობს მარტივი ქმედებები იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ, პასუხი აგოთ იმ კონკრეტული საქციელისთვის, რომ 4 და 7 წელი არ იჯდეთ ციხეში” – თქვა მან.
მოგვიანებით მისი ეს სიტყვები მზია ამაღლობელის ადვოკატმა შეაფასა, როგორც მუქარა მზია ამაღლობელის მიმართ.

ირაკლი დგებუაძე პროკურორებთან ერთად სხდომაზე შესვენების დროს
სხდომაზე დიდი დრო დაუთმეს იმის განხილვასაც, ჰქონდა თუ არა ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის სილის შემდეგ სიწითლე ლოყისა და ყურის არეში. ირაკლი დგებუაძემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ სიწითლის შესახებ თანამშრომლებისგან გაიგო და შემდეგ თავადაც შეამოწმა სარკეში.
„რამდენიმე თანამშრომელმა ეზოში ყოფნის დროს, დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მითხრა, ყურზე სიწითლე გაქვსო. შესაბამისად, ესე იგი მქონდა. მე ვერ ვხედავდი. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვნახე, რომ რეალურად, ყურის ამ ნაწილში მქონდა სიწითლე“ – თქვა დგებუაძემ.
სხდომაზე გამოჩნდა ისიც, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის მინიმუმ უსიამოვნოა – „ჩემი ლოყის სიწითლე შოუს ნაწილი გახდაო“ – თქვა ბათუმის პოლიციის უფროსმა.
სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მოთხოვნით, აჩვენეს 12 იანვარს დაკავებული აქციის მონაწილეების ინტერვიუებიც, სადაც აქციის მონაწილეები თავად ჰყვებიან, როგორ იძალადა მათზე ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ სამმართველოს შენობაში, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, შეურაცხყოფა მიაყენა მათ და აგინა.
ბათუმის პოლიციის უფროსმა აქციის ყველა მონაწილის მიერ მოყოლილი ამბავი უარყო. ასეთ ვიდეოებს რამდენსაც გინდათ ჩავწერ, თუნდაც თქვენზეო – უთხრა მან ადვოკატებს.
„როგორ ფიქრობთ, რატომ გაბრალებენ?“ – ჰკითხა მას ადვოკატმა, თუმცა ეს კითხვა არ მოეწონა პროკურორ თორნიკე გოგეშვილს – განრიდება მაქვს ბატონო მოსამართლევ, საიდან უნდა იცოდეს დგებუაძემ, რატომ აბრალებენო.
დღეს დგებუაძე სასამართლოში ჰყვებოდა, თუ როგორ იცავდნენ პოლიციელები აქციების მონაწილეების უფლებებს და როგორი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მათთან – „იყვნენ პროვოკატორებიც, მაგრამ მე მაქსიმალურად პროფესიონალურად ვუდგებოდი და ვიცავდი აქციის მონაწილეების უფლებებს“ – თქვა მან.
ამის მოსმენამ გააღიზიანა მოქალაქე მალხაზ ირემაძე, რომელიც ამბობს, რომ თავად გახდა 12 იანვარს დგებუაძის ძალადობის მსხვერპლი, როგორც აქციის დაკავებული მონაწილე. „ღმერთმა დაგვიფაროს, რა მეგობრობა, არ შემიძლია ამის მოსმენა“ – თქვა მალხაზ ირემაძემ და დარბაზი დატოვა.

მალხაზ ირემაძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა
სხდომა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა რამდენიმე დამსწრე, მათ შორის: „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი, ზვიად ქორიძე და ბათუმის აქციების მედროშე, ზურაბ ჭავჭანიძე.

მანდატურები ნეტგაზეთის რედაქტორს სხდომათა დარბაზიდან აძევებენ
სხდომის დასრულებამდე მზია ამაღლობელმა საზოგადოებას ევროპის დღე მიულოცა: „ხვალ 9 მაისია, ევროპის დღე, გილოცავთ და ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, იბრძოლოს ევროპული მომავლისთვის“.
სხდომის მსვლელობისას დარბაზში ისმოდა შეძახილების ხმა ქუჩიდან: „ დგებუაძე ცრუ მოწმე ხარ“ , „დაისჯები“, „შენი დროც მოვა“, „მოძალადე ხარ“, „არაპროფესიონალი დგებუაძე“.
სხდომის დაწყებამდე ხმაური იყო სასამართლოს ფოიეშიც.

მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომაზე
სანამ დგებუაძის დაკითხვას დაიწყებდნენ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მხარეებს გააცნო გადაწყვეტილება წინა სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობების თაობაზე. მოსამართლემ თქვა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო დაცვის მხარის შუამდგომლობები – არა.
ერთ-ერთი შუამდგომლობით მზია ამაღლობელის ადვოკატები „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის გამოკითხვას ითხოვდნენ. კობახიძემ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით თქვა, რომ მან პოლიციელი დავალებით დაამცირა. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ეს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა და ამიტომ სურთ კობახიძის გამოკითხვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გარემოება შეიცვლება, დაცვის მხარის მხრიდან წარმოდგენილი იქნება მტკიცებულება და სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, შეაფასოს, ფლობს თუ არა ფაქტობრივ გარემოებებს ეს პირი საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაცვის მხარეს კვლავ ექნება შესაძლებლობა აღნიშნული შუამდგომლობის გაჟღერების“ – განაცხადა მოსამართლემ.

პროტესტი სასამართლოს ფოიეში

პროტესტი ფოიეში

პროტესტი სასამართლოს ფოიეში
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 მაისს განახლდება.