მთავარი,სიახლეები

რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

27.03.2025 •
რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

„სასამართლოს შეუძლია მიუთითოს მთავრობას, რომ გამოუშვან მზია ამაღლობელი… ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი ქმედება ჩადენილი საერთოდ არ არის, რაც პირდაპირ გამორიცხავს პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, პატიმრობის საფუძველი გახდა სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულება,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია. მას მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ: რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეს ევროსასამართლოში?

ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს მოლოდინი აქვს, რომ მზია ამაღლობელი ევროსასამართლოში ამ საქმეს მოიგებს.

ექსმოსამართლე ნონა წოწორიას რამდენიმე გარემოება აფიქრებინებს ამას, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, სილის გაწვნა არ შეიძლება თავდასხმად შეფასდეს.

„იმედი მაქვს, ევროსასამართლო დაასკვნის, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის თვითნებურ ინტერპრეტაციას და რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა,“ – გვითხრა ნონა წოწორიამ და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ იმ ტერმინის ჩაწერას ელოდება „მზია ამაღლობელის საქმეში“, რასაც ევროსასამართლო იყენებს: „ორკესტრირებული მოქმედება“.

„ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ კონტექსტში ამ საქმის დანახვა. მთელი სახელმწიფო აპარატი მომართულია იქითკენ, რომ ქალბატონმა მზიამ აგოს პასუხი იმისთვის, რაც მას არ ჩაუდენია და პოლიციის მაღალჩინოსნებიდან პასუხისგებაში არავინ მიეცეს… ევროსასამართლო არაერთ საქმეზე ახსენებს ტერმინს – „ორკესტრირებულად მოქმედება“. ეს ჩანს ამ საქმეშიც – ორკესტრირებულად ცდილობენ მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯას,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ნონა წოწორიამ.

„ბათუმელებმა“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ნონა, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ევროსასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. სავარაუდოდ, ერთერთი მოთხოვნა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა იქნება: პატიმრობის შეფარდება გაყალბებული ოქმით, მტკიცებულებების დიდი ნაწილის საქმიდან ამორიცხვათქვენ, როგორც ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რა დარღვევებს ხედავთ მზია ამაღლობელის საქმეში?

როგორც ვიცით, ორი საქმეა: ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის. ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ ადმინისტრაციული საქმეც, რომელიც ეხება მზია ამაღლობელის პირველ დაკავებას და სტიკერის გაკვრას, იქნება წარდგენილი ევროსასამართლოში, რაც სწორია. ამ საქმეზე შეიძლება დადგინდეს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა [სამართლიანი სასამართლოს უფლება]. ადმინისტრაციულ საქმეზე ასევე შეიძლება იყოს მოთხოვნა მე-10 მუხლთან დაკავშირებით [გამოხატვის თავისუფლება], რადგან სტიკერის გაკვრა იყო პოლიტიკური გამოხატვის უფლება და ესეც ევროკონვენციით დაცული უფლებაა.

შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეზე მე-6 და მე-10 მუხლებით წარმომიდგენია სასამართლოსთვის მიმართვა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვანია მე-5 მუხლი [თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება], რომელიც პატიმრობის კანონიერების საფუძვლებს ეხება.

ამ საქმის განხილვა ჯერ დასრულებული არ არის და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ადვოკატებმა ამ ეტაპზე მე-5 მუხლის საფუძველზე უნდა მიმართონ სასამართლოს.

მზია ამაღლობელის პატიმრობის დასაბუთებულობა სერიოზულ ეჭვს აჩენს. ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი ქმედება ჩადენილი საერთოდ არ არის, რაც პირდაპირ გამორიცხავს პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას. ამასთან, როგორც ცნობილია, პატიმრობის საფუძველი გახდა სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულება – ადმინისტრაციული ოქმი. ასეც რომ არ იყოს, სასამართლოს მიერ მხოლოდ იმის მითითება, რომ ბრალდებულმა შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ან მიემალოს გამოძიებას, არის დაუსაბუთებელი, თეორიულია და არ გამომდინარეობს საქმის კონკრეტული გარემოებებიდან.

ასევე, როგორც ვიცი, მოსამართლეს საერთოდ არ უმსჯელია უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობაზე.

საქმეში სხვა სერიოზული პრობლემებიცაა, როგორიცაა მოსამართლის კვალიფიკაცია, მოსამართლის მიუკერძოებლობა. ასევე, მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილი ამორიცხა მტკიცებულებების ნუსხიდან. ადვოკატებმა უნდა დაასაბუთონ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამორიცხულ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმეზე და რა გავლენა იქონია ამ ფაქტმა დაცვის უფლების განხორციელებაზე კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისთვის.

რადგანაც ადმინისტრაციული საქმე კავშირშია სისხლის სამართლის საქმესთან, ამიტომაც, ორივეს გასაჩივრება აუცილებელია და საჭირო. თუმცა, სისხლის სამართლის საქმეზე მე-6 მუხლით მიმართვა [სამართლიანი სასამართლოს უფლება] ჯერ ადრეა და შეიძლება მოგვიანებით დაემატოს.

გასაჩივრებას თავისი ვადები აქვს. მე-5 მუხლით [თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება] თუ აპირებენ საჩივრის შეტანას, 4-თვიანი ვადა აითვლება პატიმრობის შეფარდების ბოლო გადაწყვეტილებიდან. ვფიქრობ, რომ მე-5 მუხლზე ახლავე უნდა შეიტანონ საქმე ევროსასამართლოში და თუ აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ მიუსჯიან ქალბატონ მზიას, მერე დაამატონ მე-6 მუხლი.

  • რა ვადაში შეიძლება ეს საქმე ევროსასამართლომ განიხილოს? რამდენად შესაძლებელია პატიმრობის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მიიღოს გადაწყვეტილება ევროსასამართლომ

ვადების წინასწარ განსაზღვრა რთულია, თუმცა ევროსასამართლოს აქვს მექანიზმი, ეს საქმე დაჩქარებული წესით განიხილოს. ვფიქრობ, ასეც უნდა მოიქცეს სასამართლო.

რეგლამენტის 39-ე წესი ანუ დროებითი ღონისძიების მექანიზმი [გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უფლებების დარღვევის მაღალი და შეუქცევადი რისკი და საჭირო ხდება სახელმწიფოების კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერება], არ ვფიქრობ, რომ ეფექტური იქნება ამ შემთხვევაში. პირიქით, ეს უფრო სარისკო მგონია, რადგან ევროსასამართლო მე-5 მუხლთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ იყენებს ამ ტიპის ღონისძიებას, ხოლო საქართველოს ე.წ. ხელისუფლება ამას სათავისოდ, მანიპულაციურად გამოიყენებს. მე პირადად ამ იარაღს მათ არ მივცემდი.

არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას, დარღვეული უფლებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია მიუთითოს მთავრობას, რომ გამოუშვან მზია ამაღლობელი. არსებობს პრეცედენტები, მაგალითად, „მამედოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“, როდესაც ჟურნალისტის გათავისუფლება აზერბაიჯანის მთავრობას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოსთხოვა უკვე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

„ფეტულაევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ საქმეში კი, სასამართლომ თავად დაადგინა, რომ საქმის განსაკუთრებული გარემოებების და კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის შეწყვეტის გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, როგორც კონვენციის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ერთ-ერთი საშუალება, მოპასუხე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს განმცხადებლის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ამ საქმეში მოსარჩელე, რომელიც იყო გაზეთის რედაქტორი, გაასამართლეს 2 სტატიისთვის, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდა რამდენიმე მოვლენის ოფიციალურ ვერსიას და ხელისუფლების პოლიტიკას.

ასევე, საქმე – „შაჰინ ალფაევი თურქეთის წინააღმდეგ“ ეხებოდა ჟურნალისტის დაკავებას ანტიტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კონტექსტში. საქმის განსაკუთრებული გარემოებების, დარღვეული უფლებების შინაარსის და კონვენციის მე-5 § 1 მუხლის დარღვევის დასრულების გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის შეწყვეტა, რაც შეიძლება სწრაფად. პირველი ასეთი პრეცედენტი სასამართლომ ასანიძის საქმეში გამოიყენა.

  • დაჩქარებულად საქმის განხილვის შემთხვევაში რა ვადა დასჭირდება ევროსასამართლოს

იდეალურ შემთხვევაში 1 წელი მაინც დასჭირდება.

მე რომ ვიყო ეროვნული მოსამართლე, ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა და აუცილებლად მოვითხოვდი მისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

  • ევროსასამართლოს, მათ შორის თქვენი მონაწილეობით, ბევრი გადაწყვეტილება აქვს მიღებული პატიმრობის კანონიერებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის მუხლით. ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, რა პერსპექტივა აქვს მზია ამაღლობელის საქმეს

არ ვიცნობ საქმის მასალებს დეტალურად, მაგრამ ვეცნობი „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიებს, ინტერვიუებს, რაზეც არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ რაც იქ წერია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის გამო დარწმუნებული ვარ, რომ მზია ამაღლობელის საქმე წარმატებული იქნება – ევროსასამართლოს პრაქტიკა სხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, ჩემი აზრით, არ იძლევა.

არსებობს წინაპირობები, რა შემთხვევაში უნდა გამოიყენო პატიმრობა და როგორ უნდა დასაბუთდეს პატიმრობის შეფარდება, რომელიც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაა.

ევროსასამართლოს სტანდარტია, რომ პატიმრობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული. ამ საქმის მასალები კი აჩვენებს, რომ ეს გამონაკლისი არ არის. პირიქით, ეს მიზანმიმართულად ქალბატონი მზიას დასასჯელად გამოიყენეს.

თქვენს ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობდი, შსს-ს წარმომადგენელი პროცესზე ამბობდა: „საქმეში იკვეთება დამამძიმებელი გარემოება. მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახდელი, რომელსაც ექნება მსუსხავი ეფექტი, რათა ქალბატონმა მზიამ და შემდგომ სხვა პოტენციურმა სამართალდამრღვევებმა მსგავსი ფაქტი აღარ გაიმეორონ. რომ ეს იყოს მაგალითი, რომ პოლიციას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო“. ამ დროს ვიდეომტკიცებულება თავად მოსამართლის შეფასებით სხვა ფაქტებზე მიუთითებდა.

ეს ევროსასამართლოს სტანდარტების სრული აღრევაა. „მსუსხავი ეფექტი“ამ კონტექსტში საერთოდ არ გამოიყენება და შსს-ს ეს დამოკიდებულება აჩვენებს „ოცნების“ ხელისუფლების დღის წესრიგს, რომ მზია ამაღლობელის დასჯა სამაგალითო გახადოს სხვების დასაშინებლად.

ძალიან ტრაგიკულია ამის ყურება, როცა ახალგაზრდა ქალბატონი [შსს-ს წარმომადგენელი თეა ლაღაძე] ასეთ მცდარ სამართლებრივ კონცეფციებსა და ფაქტებზე ამყარებდა თავის პოზიციას.

სამწუხაროდ, დღეს საჯარო სამსახური ტყუილის თქმას მოითხოვს მოხელეებისგან და ეს ითვლება პროფესიონალიზმად. არც ერთი პროფესია არ შეიძლება იდგეს ტყუილზე.

„მსუსხავი ეფექტი“, ევროსასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პირიქით, ისეთი შემთხვევაა, როცა ადამიანები, მაგალითად, პოლიტიკური აზრის გამოხატვის ფარგლებში ზებრა გადასასვლელზე მოძრაობის გამო 5-5 ათასი ლარით დააჯარიმეს. ხელისუფლება ასეთი მიდგომით ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის თავშეკავებისკენ უბიძგებს ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების შიშით და ესაა ზუსტად მსუსხავი ეფექტი. ეს აჩვენებს იმას, თუ რა მიმართულებით მიდის ხელისუფლება და განსხვავებული აზრისთვის ხალხის დასჯა რამდენად აქვს ქცეული პოლიტიკის ნაწილად.

  • თქვენთვის პირდაპირ ჩანს ჟურნალისტის დევნა მზია ამაღლობელის საქმეში მისი პროფესიული საქმიანობის გამო

თავიდანვე ჩანდა ეს. ამას აჩვენებდა მის მიმართ მოპყრობა, რასაც ადგილი ჰქონდა დაკავების შემდეგ და ის, თუ როგორ წარიმართა მის წინააღმდეგ საქმეები. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ კონტექსტში ამ საქმის დანახვა. მთელი სახელმწიფო აპარატი მომართულია იქითკენ, რომ ქალბატონმა მზიამ აგოს პასუხი იმისთვის, რაც მას არ ჩაუდენია და პოლიციის მაღალჩინოსნებიდან პასუხისგებაში არავინ მიეცეს.

როგორც ეს საქმე აჩვენებს, ადამიანებს, რომლებიც ახლა ხელისუფლების სახელით მოქმედებენ, მიცემული აქვთ სრული თავისუფლება უკანონობის ჩასადენად. სისტემა ცდილობს, დაიფაროს მაღალჩინოსნები შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნისგან, რადგან ის ქმედებები, რაც ქალბატონი მზიას წინააღმდეგ ჩაიდინეს, თავისი შინაარსით არის სავარაუდო მძიმე დანაშაულები. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებს: გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძეს სასამართლოში მოწმედ დაკითხვაზეც არ იბარებენ, მაშინ როცა უშუალოდ ისინი მონაწილეობდნენ ქალბატონი მზიას დაკავებაში.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მთელი სისტემაა მომართული, რომ მზია ამაღლობელის საქმე მიიყვანონ ბოლომდე, როგორც მათ ეს წარმოუდგენიათ.

ევროსასამართლო არაერთ საქმეზე ახსენებს ტერმინს „ორკესტრირებულად მოქმედება“. ეს ჩანს ამ საქმეშიც: ორკესტრირებულად ცდილობენ მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯას.

  • ოქმის გაყალბებასა და ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებაზე საჩივარი შსს-მ ისევ აჭარის პოლიციის დეპარტამენტს დააწერა. გამოდის, გრიგოლ ბესელიამ სავარაუდოდ თავისი დანაშაული უნდა გამოიძიოს. ესეც ამ ორკესტრირებული მოქმედების ნაწილია

ეს ფაქტები როცა დაიდება ევროსასამართლოს წინაშე, ობიექტურ დამკვირვებელს შეუძლია თქვას, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა?! ევროსასამართლო ხშირად იყენებს „ობიექტური დამკვირვებლის“ სტანდარტს.

სხვათა შორის, როცა ვსაუბრობთ ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ოქმის გაყალბებაზე, ეს უკვე სისტემური პრაქტიკაა საქართველოში. იმედია, ამას მიაქცევს სათანადო ყურადღებას ევროსასამართლო.

ჩემთვის ყველაზე გასაკვირი იყო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განმხილველი მოსამართლის ქმედება, როცა მან დადასტურებულად მიიჩნია ვიდეომასალაში დაფიქრისებული ფაქტები. ვიდეოებში კი ჩანს, რომ მზია ამაღლობელს აკავებს გრიგოლ ბესელია.

მოსამართლემ ასევე დაადგინა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის დაკავების სამართლებრივი საფუძველი იყო არა ის, რაც შემდეგ ოქმში მას ჩაუწერეს, არამედ სრულიად სხვა [ადმინისტრაციულ სამართლარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი და არა 173, რომელიც შემდეგ ჩაწერეს], რომელიც თავის მხრივ პატიმრობას არ ითვალისწინებს და ასევე ის, რომ მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

როცა მოსამართლე ადგენს ფაქტს, რომ ეს დადასტურებულად ასე მოხდა და სამართლებრივ შეფასებას აკეთებს სრულიად საწინააღმდეგოს, ეს სხვა არაფერია, თუ არა თვითნებობა. ამ საკითხს, იმედია, ევროსასამართლო შეისწავლის. სასამართლოს თავისი კომპეტენცია აქვს და, როგორც წესი, არ შედის ეროვნული მოსამართლეების მიერ გაკეთებულ შინაარსობრივ შეფასებაში, თუ ადგილი არ აქვს თვითნებობას.

  • შეიძლება ევროსასამართლომ მოსამართლე სალიხ შაინიძეს თვითნებობა დაუდგინოს

რთულია გათვალო, რომელ ფაქტებს დაეყრდნობა ევროსასამართლო. მზია ამაღლობელის საქმეში ძალიან ბევრი ელემენტია, რაზეც შეიძლება სასამართლომ თავისი მსჯელობა ააგოს და საჭიროდ არ ჩათვალოს ყველა უკანონობას  შეეხოს. ქალბატონი მზიას საქმეში არსებული დარღვევები ერთობლიობაში ობიექტურ დამკვირვებელს არ უტოვებს სხვა აღქმის საშუალებას გარდა იმისა, რომ ეს არის ხელისუფლების ორკესტრირებული, ორგანიზებული ქმედება.

ევროსასამართლოსთვის ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენ მოიძიეთ და გამოაქვეყნეთ სტატიებში. ეს საქმეები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელზე სილის გაწვნა, უზენაესი სასამართლოს აქამდე მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, არ შეიძლება შეფასდეს თავდასხმად.

მზია ამაღლობელს ჰყავს კარგი ადვოკატები და ამ მასალებს ისინი ალბათ საჩივარს დაურთავენ. ევროსასამართლო ზოგადად არ ახდენს შიდა სამართლის ინტერპრეტაციას და იყენებს ეროვნული სასამართლოების განმარტებებს. თქვენ მიერ შეგროვებული საქმეები მიუთითებს, რომ სასამართლო პრაქტიკა საქართველოში სულ სხვა მიმართულებით მიდის და რომ მზია ამაღლობელის ბრალდების მსგავსი და გაცილებით მძიმე შემთხვევები, როგორიცაა: პოლიციელისთვის მინის ბოთლის თავში ჩარტყმა, საზარდულში ფეხის ამორტყმა და ასე შემდეგ, არასდროს შეუფასებია სასამართლოს პოლიციელზე თავდასხმად.

იმედი მაქვს, ევროსასამართლო დაასკვნის, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის თვითნებურ ინტერპრეტაციას და რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა.

  • იმსჯელებს თუ არა ევროსასამართლო იმ კუთხით, რომ მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და ის ასევე დაასანქცირეს ამ საქმეზე ჟურნალისტის უფლებების დარღვევის გამო?

ამ გარემოებებს ევროსასამართლო ფაქტებში ასახავს და ერთობლიობაში გაითვალისწინებს. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობის შეფასება, რაზეც ევროსასამართლოს პრაქტიკა სპეციფიკურია: დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებში – მოსამართლემ მხოლოდ პროცედურული საკითხები გადაწყვიტა, თუ არსებითად იმსჯელა ბრალის საკითხზე? შინაარსობრივად უნდა მოხდეს მოსამართლის როლის განხილვა სხვადასხვა ეტაპზე.

მეორეცაა: შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს აღარ იყოს აქტუალური პირველი ინსტანციის მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სასამართლომ თქვას, რომ პირველ ინსტანციას პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ზემდგომ ინსტანციაში ეს საკითხი გამოსწორდა.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს დავა ევროსასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე

მზია ამაღლობელის საქმეში ზედაპირზე რაც უკვე ჩანს, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ევროსასამართლომ გადაწყვეტილებაშივე თქვას: მზია ამაღლობელი გაათავისუფლეთ! ეს გამონაკლის შემთხვევებში ხდება და მისი საქმე სწორედ ასეთია. ასევე შესაძლებელია, რომ ეს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღსრულების კონტექსტში მოითხოვოს. დამატებითი ვერსიაა, რომ ევროსასამართლო დაადგენს მე-6 მუხლის დარღვევას, რაც შედეგად საქმის გადასინჯვას გამოიწვევს და ეს გრძელვადიანი პროცესია.

ვფიქრობ, ევროსასამართლო „მზია ამაღლობელის საქმეს“ დაინახავს საქართველოს დღევანდელობის კონტექსტში, როცა დემოკრატია და მედიის თავისუფლება განსაკუთრებული დარტყმის ქვეშაა. მაშინ როცა ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ყველაფერი, რაც დემოკრატიას უკავშირდება, ასეთ საფრთხეშია, არა მგონია, ევროსასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვოს.

თუმცა მე იმედი მაქვს, რომ „ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, და ქალბატონი მზია ამ საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე გათავისუფლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: