მთავარი,სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი: 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა რუსიფიკაციას

06.05.2025 •
სალომე ზურაბიშვილი: 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა რუსიფიკაციას

დღეს, 6 მაისს, ბრიფინგი გამართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი გამოეხმაურა „მეგობარი აქტის“ მიღებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და საქართველოში მიმდინარე უახლეს ამბებს.

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც ქვეყანაშია. ეს თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა ოფიციალურ დოკუმენტში. ეს არის სურათი ჩვენი დღევანდელი ქვეყნის და კიდევ უფრო მძიმე ამ სურათიდან გამომდინარე ისაა, რომ არ შეიძლება დღეს გვქონდეს რამე მოლოდინი, ან იმედი ან გამოძიების, ან სასამართლოსი.

ეს არის სწორედ ის, რაც ამ ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, რომ დავიბრუნოთ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ჩაატარებენ გამოძიებას, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება და მთავარი ეს არის – დავიბრუნოთ სასამართლო“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ბრიფინგზე ისაუბრა „მეგობარი აქტის“ მიღებაზეც და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ოცნების“ რეჟიმი შეიცვლება, საქართველო დაიბრუნებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან.

„ჩვენ დაგვეწია „მეგობარი აქტის“ მიღება აშშ-ში, რაც არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ეს რეჟიმი დასასანქცირებელია, სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან. არ შეიძლება საქართველოდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან “ომის პარტიობას”, ხან „დიფ სთეითობას“ და ხან რას და ხან რას, ეს არის მიუღებელი და ეს არის ამერიკის, როგორც მეგობრის პასუხი.

ჩვენ მეგობარს დავიბრუნებთ, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება, ეს არის ჩვენი განაცხადი. დავიბრუნებთ არამხოლოდ ამერიკის მეგობრობას, დავიბრუნებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც დაიკარგა ამ პერიოდში და ასევე, დავიბრუნებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან და არა იმ ქვეყნებთან, რომლის სია გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ და დავიბრუნებთ თავისუფალ ვაჭრობას. ეს არის ჩვენი მომავალი ამ რეჟიმის გარეშე“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

მან ასევე დააანონსა აქციები 9 და 26 მაისს. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უნდა ჩაიბარონ საქართველოს მოქალაქეებმა:

„მნიშვნელოვანია, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და ამასთან, პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ ჩვენს ქუჩებში, ჩვენს მაღაზიებში, ჩვენს რესტორნებში.

სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად, რუსები არიან, რომლებიც ამ ქვეყანაში კომფორტულად ცხოვრობენ. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და სამაგიეროდ, რუსები ხეირობენ.

ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას; დავუპირისპიროთ ის ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ.

და რაც მთავარია, გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად – პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა, ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ერთად ჩავიბარებთ 26 მაისს.

იმიტომ, რომ 26 მაისი ჩვენია! 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას, ამისთვის ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს, შემდეგ  – 26 მაისს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: