ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. ვიდეომიმართვაში ელჩი ამბობს, რომ დღეს ბევრი „დამაიმედებელი გზავნილი“ მიიღო ჩინეთის ხელისუფლებიდან იმის შესახებ, რომ ინფიცირებულების რაოდენობა მალე დასტაბილურდება. თუმცა, ამავე დროს, იგი მიმართვაშივე აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების პიკს თებერვალში ელიან.
„მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს ქალაქ უხანში. მე დღეს მქონდა საუბარი ქალაქ უხანის მუნიციპალიტეტთან და ასევე ჩინეთის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩინური მხრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში არ შეიქმნება არც მედიკამენტების, არც საკვების, არც სასმელი წყლის ან რაიმე სახის დეფიციტი. უხანის მუნიციპალიტეტში გახსნილია შესაბამისი ცხელი ხაზები და ცხადია, ამ ნომრებს მივაწვდით ჩვენს თანამემამულეებს პირად მიმოწერაში და ნებისმიერი პრობლემის ან გართულების შემთხვევაში ოპერატიულად იმოქმედებენ ჩინეთის შესაბამისი სტრუქტურები.
ქალაქ უხანში და მთელი ჩინეთის მასშტაბით ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს უპრეცედენტო პრევენციის ზომებს. მე დღეს ბევრი დამაიმედებელი გზავნილი მივიღე ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ძალიან დიდი იმედი აქვთ იმისი, რომ ძალიან მალე ეს ეპიდემია საბოლოოდ იქნება დამარცხებული. ამისთვის არის საჭირო დრო, სიფრთხილე და მოთმინება“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, საქართველოს საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და საელჩოს თანამშრომლები მუდმივ კონტაქტში არიან ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
„…ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ამისთვის არის საჭირო სიფრთხილე და მოთმინება. ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ თავი ქალაქში გადაადგილების დროს, იარეთ პირბადით, თავი მოარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ძალიან ხშირად იბანეთ ხელები – ეს არის ის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც არის აუცილებლად შესასრულებელი.
საქართველოდან ბევრი „ფეიქნიუსი“ვრცელდება ჩინეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შეწუხებული არიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები – ეს ბუნებრივია, მაგრამ მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. საპანიკო ამ ეტაპზე არაფერი არ არის, რთული ვითარებაა, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პიკს ელოდებიან თებერვალში, მაგრამ ჩვენ თუ შევასრულებთ და დავიცავთ ყველა იმ მოთხოვნებს, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.
მე მუდმივ კონტაქტში ვარ ყველა სახელმწიფო უწყებასთან როგორც პეკინში, ასევე ქალაქ უხანში. ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვიყოთ ფრთხილად და ვიყოთ თავდაჯერებულები, ამ გამოწვევას ყველანი ერთად გადავლახავთ“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.
27 იანვრის მონაცემებით, 80 ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს, რომელიც ჩინეთიდან, ჰუბეის პროვინციიდან გავრცელდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჰუბეის პროვინციის ქალაქებში კარანტინია გამოცხადებული, თუმცა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა სხვა ქალაქებშიც.
თამაში რომ ბავშვისთვის მხოლოდ თავშესაქცევი საქმიანობა არ არის, ამას მის დაძაბულ გამომეტყველებაზეც შეატყობთ, როცა იგი იატაკზე მიმოფანტული პატარა ფერადი კუბიკებისგან გულმოდგინედ ცდილობს, რაც შეიძლება მაღალი კონსტრუქცია ააწყოს.
რა დანიშნულება აქვს ბავშვისთვის სათამაშოს და რა ტიპის სათამაშოები ეხმარება მას ამა თუ იმ კონკრეტული უნარის განვითარებაში? ამ თემაზე ფსიქოლოგი, სარეაბილიტაციო ცენტრ “ფანშეტის” ადრეული განვითარების სპეციალისტი, გვანცა სამნიძე გვესაუბრა.
გვანცა, რა დანიშნულება აქვს ბავშვისთვის სათამაშოს?
სათამაშო აუცილებელია როგორც ბავშვის გართობისთვის, ისე მისი განვითარებისთვის. სწორედ თამაშის საშუალებით შეიცნობს ბავშვი სამყაროს, ეს პროცესი ეხმარება მის ემოციურ და სოციალურ განვითარებას, მოტორულ განვითარებასა და მეტყველებასაც.
პირველი სათამაშოთი დავიწყოთ, როგორი უნდა იყოს ის?
ბავშვისთვის სათამაშოები პირველივე დღიდან არის აუცილებელი. 0-6 თვემდე ხდება ძირითადი უნარების: სმენის, მხედველობის, შეხების, გემოსა და ყნოსვის განვითარება. შესაბამისად, პირველი სათამაშოები მორგებული უნდა იყოს სწორედ ამ უნარების განვითარებაზე.
მხედველობის გასავარჯიშებლად შეარჩიეთ აუცილებლად ხასხასა, კონტრასტული ფერების (მაგალითად, თეთრი და შავი) მქონე სათამაშო. ბავშვი პირველ დღეებში ბუნდოვნად ხედავს, ამიტომ კარგია წითელი ფერის სათამაშოებიც, რადგანაც იგი ადვილად გამოირჩევა სხვა ფერის ნივთებისგან.
ამ პერიოდში სმენის გასავარჯიშებლად კარგია ჟღარუნა, ხმოვანი სათამაშოები, რომლებიც უკრავენ მუსიკას ან/და გამოსცემენ სხვადასხვა ხმას.
ხელისა და პირისთვის განსხვავებული სტრუქტურის შეგრძნება აუცილებელია, ამიტომ კარგია შერეული სტრუქტურის მქონე სათამაშოები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ასაკში ბავშვები ცდილობენ პირით/გემოთი შეიცნონ სამყარო, ამიტომ მნიშვნელოვანია სათამაშოს მასალა და ფორმა იყოს უსაფრთხო როგორც პირისთვის, ისე ხელისთვის. ასეთი შეიძლება იყოს ხარისხიანი პლასტმასის, ხის ან ნაჭრის სათამაშოები. კარგია ფერადი ხალიჩაც, რომელზეც ბავშვი წამოწვება და თამაშთან ერთად ისწავლის გადაბრუნებას, კოტრიალს, ხოხვას.
ასაკობრივ კატეგორიებად რომ დავყოთ, რა სათამაშოები რა უნარებს ავითარებს?
6-12 თვემდე შეგვიძლია ბავშვს მივცეთ პატარა ზომის რგოლები, რომ ადვილად ჩაეჭიდოს მათ, ასევე საშუალო ზომის ბურთები, ადვილად რომ დაიჭიროს. ამ ეტაპზე სულ მცირე ზომის ან ასეთი დეტალების მქონე სათამაშოები ჯერ კიდევ საშიშია, პირში ჩადებისას რომ არ გადასცდეს ბავშვს. როცა ბავშვი უკვე ისწავლის ჯდომას, მას შეგვიძლია მივცეთ სქელი ფანქრები, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ თითების საღებავები, რომლებიც ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის არის აუცილებელი. კარგია გასაგორებელი მანქანები, ასევე სათამაშო მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც გამოსცემენ სხვადასხვა ხმას და ხელს უწყობენ სმენისა და მოტორიკის განვითარებას.
1-3 წლამდე ბავშვისთვის შემოდის ლოგიკური სათამაშოები. პირველად ვიწყებთ მარტივი (ორდეტალიანი), დიდი ზომის ფაზლებით. ამით აუცილებლად ვითარდება როგორც ნატიფი მოტორიკა, ისე ლოგიკური მსჯელობა და ყურადღება. კარგია კუბებიც, რომლითაც ბავშვი აშენებს სხვადასხვა სიდიდის კონსტრუქციებს. თავიდან ვიწყებთ შედარებით დიდი ზომის “კუბიკებით”, რადგანაც ბავშვს ჯერ კიდევ უჭირს ხელის ჩაჭიდება, შემდეგ ნელ-ნელა ვამცირებთ ზომებს. კარგია თამაში სილაში.
აუცილებელია წიგნები. თავიდან ხასხასანახატებიანი, სქელფურცლიანი წიგნები, რომლის გადაშლასაც ბავშვი იოლად შეძლებს. ფურცლის სისქე თანდათანობით მცირდება, რათა ნატიფი მოტორიკა ადვილად განვითარდეს. სათამაშოების ზომების შემცირება ხდება ასაკის მატებასთან ერთად.
3 წლიდან ბავშვები უკვე თავისით ირჩევენ სათამაშოებს, ხშირად საყოფაცხოვრებო ნივთებიდან. ამ ეტაპზე მათთვის უკვე აქტუალური ხდება ჩვენი ყოფითი ცხოვრება, ძალიან მოსწონთ უთო, მტვერსასრუტი, ჯამები, ჩანგლები, კოვზები, რომლებსაც ისინი ხშირად იყენებენ დასარტყამი ინსტრუმენტების სანაცვლოდ. მშობლებმა აუცილებლად უნდა მისცენ ბავშვებს საშუალება, ითამაშონ სახლში საყოფაცხოვრებო ნივთებით, ეს მათ ფანტაზიის უნარს უვითარებს.
3 წლიდან ბავშვები იწყებენ როლურ თამაშებს, დედა-შვილობანას, ავტობუსით მიჰყავთ ვიღაცები სამსახურში… ითავისებენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. მაგალითად, ვინც ბაღში დადის სახლში თამაშისას აკეთებს ბაღის სიტუაციების გათამაშებას. როლური თამაშები კარგია ყოველდღიური ცხოვრების გასათავისებლად, ფანტაზიის უნარის გასავითარებლადაც.
ამ ასაკისთვის ჩვენ შეგვიძლია ბავშვს მივცეთ სრული თავისუფლება, თავად აირჩიოს სათამაშო და თვითონ მოძებნოს ამ სათამაშოს გამოყენების სხვადასხვა გზა. არ არის აუცილებელი ნივთი მხოლოდ მისი ძირითადი დანიშნულებისამებრ გამოიყენოს ბავშვმა.
ასევე, ვზრდით ფაზლის დეტალების რაოდენობას, ვარჩევთ ლოგიკურ სათამაშოებს. მშობლებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ სხვადასხვა ტიპის სათამაშო დაამზადონ სახლში, ბავშვებთან ერთად.
საზიანოა თუ არა სათამაშოების დაყოფა გენდერის ნიშნით?
ორი წლის ბავშვს რომ ჰკითხო, გოგო ხარ თუ ბიჭი, თუ დასწავლილი არ აქვს, ვერ გიპასუხებს. მათ არც ფერების მიხედვით ადარდებთ სათამაშოების გარჩევა, მცდარ შეხედულებებს “გოგოსა და ბიჭის სათამაშოებზე” მშობლები უნერგავენ. უამრავი წარმატებული კაცი შეფ-მზარეული ვიცით, ალბათ თავიანთ მშობლებს რომ დაეშალათ მათთვის სამზარეულოს ინვენტარით თამაში, ისინი ვერ იპოვიდნენ ცხოვრებაში თავიანთ ნამდვილ მოწოდებას. არ შეიძლება დავრთგუნოთ ეს მოთხოვნილება ბავშვებში.
იგივე ეხება თოჯინებით თამაშს ბიჭებში. ხშირად ითხოვენ ბიჭი ბავშვები თოჯინებით თამაშს, იმიტომ, რომ სწორედ ამ ასაკში უყალიბდებათ მათ ზრუნვის უნარი. როცა თოჯინაზე ზრუნავს ბიჭი, იგი ითავისებს მამის როლს, მამა აუცილებლად უნდა ზრუნავდეს ბავშვზე. როცა მშობლები უშლიან ბიჭ ბავშვს თოჯინით თამაშს და უებნებიან, რომ ეს გოგოს საქმეა, ზრუნვის თვისება ითრგუნება ბავშვში და შემდგომ ზრდასრულობაში იჩენს თავს. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის.
ასევე დიდი შეცდომაა, როცა გოგონებს უშლიან მანქანებით თამაშს, ყველა ქალი მართავს დღეს მანქანას, რატომ არ უნდა ითამაშონ მანქანებით ბავშვობაში. ეს თავიდან ბოლომდე მშობლებში გავრცელებული ჰომოფობიური და სტერეოტიპული შეხედულებების ბრალია, რაც რეალურად აზიანებს ბავშვში სხვადასხვა უნარის განვითარებას. არ არსებობს ბიჭის და გოგოს ფერი, ეს არის შეცდომა, რომლებსაც მშობლები ბავშვთან ურთიერთობისას ვუშვებთ.
გაჯეტებთან ბავშვების ურთიერთობა როდის სცდება ზღვარს?
სამწუხაროდ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სრულად ვერ შევუზღუდავთ ბავშვებს მობილურ ტელეფონებთან და სხვა გაჯეტებთან თამაშს, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ თვითონაც ხშირად ვიყენებთ მათ. 2-3 წლამდე ბავშვისთვის მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი მისი გამოყენება. იდეალურია, თუ სამ წლამდე ბავშვს არ ეცოდინება გაჯეტის ფუნქციის მნიშვნელობა. 3 წლიდან შეიძლება ბავშვის გაჯეტთან ყოფნის დრო განვსაზღვროთ 10-15 წუთით. თუ ესეც არ ხერხდება, იმას მაინც მივაქციოთ ყურადღება, რომ ბავშვი პლანშეტთან არ გაჩერდეს გართობის დროს, იგივე ჭამის დროს – გავართოთ ბავშვები რეალური თამაშით.
ადრეული ასაკიდან გაჯეტების გამოყენება ძალიან აფერხებს განვითარების ეტაპებს. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როცა სრულიად ჯანმრთელი ბავშვების განვითარების ეტაპები მიდიოდა ძალიან კარგად, მაგრამ 6 თვიდან დედამ დასვა იუთუბთან, მათი ფიზიკური განვითარება მოხდა ჩვეულებრივად, მაგრამ გონებრივი განვითარება და მეტყველება არის შეფერხებული.
როგორ აფერხებს გაჯეტის ჭარბი გამოყენება ბავშვის გონებრივ განვითარებას?
ბავშვი აქტიურად ვითარდება, როცა ჩვენ მას ვესაუბრებით და ისიც გვპასუხობს, თუნდაც ჩვილობაში ღუღუნით. აუცილებელია ეს კომუნიკაცია შედგეს. სამწუხაროდ გაჯეტებთან ეს უკუკავშირი არ ხდება. გაჯეტი აწვდის ინფორმაციას ბავშვს, მისი გონება ილექავს ამ ინფორმაციას, მაგრამ აღარ გადმოსცემს. ამიტომ ადრეულ ასაკში მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ბავშების ურთიერთობა გაჯეტებთან.
„ჭკვიანი სათამაშოები“ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
საწოლის თავზე ჩამოსაკიდი სათამაშო – მწოლიარე ჩვილის თავზე მოცეკვავე ობიექტები ასტიმულირებენ მხედველობას და ავითარებენ კონცენტრირების უნარს.
სარკე – თავიდან თქვენი ბავშვი მოხიბლული იქნება სარკიდან მოცქირალი სახის გამომეტყველების ცვლილებით. დროთა განმავლობაში ბავშვი გაიაზრებს, რომ სარკიდან მომღიმარი სახე მისი ანარეკლია. როცა ეს მოხდება, ბავშვი იწყებს საკუთარი თავის ცნობას, ეს კი საკუთარი სხეულის შეცნობაში დაეხმარება, ისინი სწავლობენ სხეულის ნაწილებს და მათ მდებარეობას.
რგოლების პირამიდა – ღერძზე აწყობილი ფერადი რგოლები. თავიდან ბავშვები რგოლების ხელში დაჭერითა და მათი პირში ჩადებით ერთობიან. მოგვიანებით ისინი გაავარჯიშებენ უფრო წვრილ მოტორიკას რგოლების ღერძზე წამოცმით. ფერადი რგოლების ღერძზე წამოცმისა და დათვლისას ბავშვები სწავლობენ რიცხვებისა და ფერების შესახებ.
გასაგორებელი სათამაშოები – ასეთი სათამაშოები ეხმარება პატარებს ბალანსის შენარჩუნებასა და კუნთების განვითარებაში, როდესაც ისინი საწოლში კოტრიალიდან სიარულზე გადადიან. რაც უფრო მეტს აწვება და ექაჩება ბავშვი ასეთ სათამაშოს, მით უფრო მეტად უვარჯიშდება კუნთები, რაც აუცილებელია სამომავლოდ სირბილზე და სიმაღლეში ცოცვაზე გადასასვლელად.წყარო: kidshealth.org
ყალბი ვებგვერდების შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ეს გვერდები დიზაინით სააგენტოს ოფიციალურ საიტს ჰგავს.
სააგენტოს ინფორმაციით, ყალბ გვერდებზე მომხმარებელს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ვერიფიკაციისთვის ბარათზე 0,01 თეთრი დაიბლოკება 24 საათით, რომელიც შემდეგ მომხმარებელს უკან დაუბრუნდება.
„საპენსიო სააგენტო სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ! შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვებგვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო დანაზოგის შემოწმება კი, დამსაქმებლის მიერ მოწოდებული პაროლის მეშვეობით არის შესაძლებელი,“ – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის შესწავლა დაიწყო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის 700 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული
27 იანვრის მონაცემებით 80 ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს, რომელიც ჩინეთიდან, ჰუბეის პროვინციიდან გავრცელდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჰუბეის პროვინციის ქალაქებში კარანტინია გამოცხადებული, თუმცა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის 5-მილიონიან ქალაქ ანიანგში, ჰენანის პროვინციაში. ამ ქალაქში ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე, ირმა დიმიტრაძე, რომელსაც „ბათუმელები“ ქალაქში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა.
ირმა, რა ხდება ქალაქში, სადაც შენ იმყოფები, იგრძნობა თუ არა კორონავირუსის შიში?
ქალაქში რომ ვირუსის შემთხვევები იყო, 26 იანვარს, დილას გამოაცხადეს და პანიკის მსგავსი სიტუაცია შეიქმნა. ხალხი მიაწყდა სუპერმარკეტებს, გაიტანეს ძირითადად სწრაფი კვების პროდუქტები, სარეცხი საშუალებები, თაროები დაცარიელდა.
პირველი ადამიანი ქალაქში, ვისაც ვირუსი აღმოაჩნდა, 17 იანვარს ჩამოვიდა ჰუბეის პროვინციიდან, საიდანაც გავრცელდა ვირუსი. 20 იანვარს მას სიცხემ აუწია, 22 იანვარს მივიდა ექიმთან და არ დადასტურდა ვირუსი, თუმცა 24 იანვარს, განმეორებითი შემოწმების შემდეგ, ვირუსი დადასტურდა და 26 იანვარს აცნობეს მოსახლეობას ამის შესახებ. უკვე დღეს, 27 იანვარს, ჩვენს ქალაქში ვირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი აღმოაჩნდა 10 იანვარს ჩამოსული გოგოს მამას და მამიდებს, თავად ეს გოგო აღმოჩნდა ვირუსის მატარებელი, სიმპტომები მას არ აღენიშნებოდა.
ირმა დიმიტრაძე
ახლა ქალაქში ხალხი ცდილობს გარეთ არ გავიდეს. ამჟამად ისედაც საახალწლო არდადეგებია ჩინეთში და სკოლები და ბაღები არ მუშაობს. ეს არდადეგები, ჯერჯერობით, 2 დღით – 3 თებერვლამდე გაახანგრძლივეს, ვფიქრობ, კვლავ გადაიდება. კერძო სკოლები აპირებენ მოსწავლეებს გაკვეთილები მიაწოდონ ონლაინსისტემით, რაც ჩინეთში აპრობირებული მეთოდია. თუ ადრე ონლაინპლატფორმები ითხოვდნენ ფულს ამისთვის, ახლა განაცხადეს, რომ კერძოს სკოლებს ამ პერიოდში უფასოდ შეუძლიათ გამოიყენონ მათი პლატფორმა.
ყველა წერს ერთმანეთს: არ გახვიდეთ გარეთ, თავი შეიკავეთ ერთმანეთთან მიმოსვლისგან და ა.შ. ჩაიკეტა სამეზობლოები, აქ დიდი სამეზობლოებია, მაგალითად, 15 კორპუსი დგას ერთად, რომლებსაც ერთი ეზო აქვთ და ჭიშკრები. ჩვენთან 6 ჭიშკარია ჩაკეტილი და მხოლოდ ერთია ღია.
სუპერმარკეტში ვერ შეხვალ, თუ პირბადე არ გიკეთია. გუშინ, დილით, მეგობართან ერთად ადრე გავედი საყიდლებზე და ვნახეთ კაცი, რომელიც სუპერმარკეტთან იდგა და ამბობდა, რომ არ შეუშვეს, რადგან პირბადე არ ჰქონდა.
გუშინ აფთიაქში უკვე აღარ იყო პირბადეები, არც სპირტი. დღეს არ გავსულვარ, მაგრამ უკვე წერენ, რომ ეს პირველი დღის პანიკის ეფექტი იყო და დღეს უკეთესი სიტუაციაა. ზოგმა პროვინციამ გამოაცხადა, რომ ერთ ადამიანზე პირადობის მოწმობით გაყიდიან 10 პირბადეს, რადგან შეიქმნა კრიზისი და ქარხნები ვერ ასწრებენ მარაგის შევსებას, მით უმეტეს, რომ ახლა ისვენებენ ქარხნებიც.
ზოგადად, ჩინეთში პირბადეს ძალიან ხშირად იყენებენ. მოქალაქეები ხშირად დადიან პირბადით, რადგან სუფთა ჰაერი არ არის ქალაქებში. ბევრს ჰქონდა სახლში მარაგი. მე, მაგალითად, მას შემდეგ, რაც ვირუსის შესახებ გამოაცხადეს, არ მიყიდია, ახლა დაახლოებით 100-150 პირბადე მაქვს სახლში.
ქალაქში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები?
ავტობუსები მუშაობს, მაგრამ ქალაქებთან და პროვინციებთან დამაკავშირებელი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ჩინეთში ახლა ცდილობენ შეზღუდონ გადაადგილება ქალაქიდან ქალაქში. ტრანსპორტი ქალაქში მოძრაობს, მაგრამ ხალხი არ გადაადგილდება, ქუჩები თითქმის ცარიელია. დღეს ვიყავი ჩასული პარკინგზე, ნაგვის გადასაყრელად. ნაგვის ურნა ყოველთვის სავსეა, დღეს კი სულ ცარიელი იყო, პარკინგზეც კი არ ჩასულა ხალხი. დახურულია კინოთეატრებიც, თუმცა სუპერმარკეტები მუშაობს.
ასე გამოიყურება ქალაქი, სადაც 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ფოტო: ირმა დიმიტრაძეფოტო: ირმა დიმიტრაძე
მას შემდეგ, რაც თქვენს ქალაქში დაფიქსირდა ვირუსის შემთხვევა, გავრცელდა თუ არა დამატებითი რეკომენდაციები ხელისუფლების მხრიდან?
ითქვა, რომ სწავლა უნივერსიტეტებში, სკოლებსა და ბაღებში გადაიდო. ადგილობრივი მმართველობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულად მოქმედებს. მაგალითად, მე სადაც ვცხოვრობ, ამ სამეზობლოს მართავს კომპანია, რომელსაც ეკუთვნის არა მხოლოდ ჩვენი 15 შენობა, არამედ სხვა სამეზობლოებიც. ეს კომპანია არის ვალდებული მოგვწეროს, გაგვაფრთხილოს, თუ ჩვენს სამეზობლოში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა ჰუბეიდან. მაგალითად, დღეს მოგვწერა კომპანიამ, რომ ერთ-ერთ სამეზობლოში ცხოვრობს ადამიანი, რომელმაც იმოგზაურა ჰუბეიში და დაბრუნდა.
გვაფრთხილებენ, თუ კი გვექნება რაიმე სიმპტომები, მივმართოთ ექიმს, პირველ რიგში, თუ შევხვდით ადამიანს, რომელმაც იმოგზაურა ჰუბეიში, ან კიდევ ადამიანს, რომელსაც შეხება ჰქონდა ჰუბეიდან ჩამოსულთან, აუცილებლად მივიდეთ და გავესინჯოთ ექიმს.
ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ კორონავირუსის სიმპტომები აქვს, კლინიკაში მიდის, თუ ადგილზე მოდის ექიმი?
უნდა მიხვიდე ემერჯენსში, სადაც აიღებენ ანალიზებს და გეტყვიან, გაქვს თუ არა ვირუსი. ჩვენს ქალაქში სპეციალურ რეჟიმზე ჰოსპიტალი არ გადართულა, ემერჯენსი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. ჩვენ ახლოს მდებარე ქალაქში, სადაც ვირუსი უფრო გავრცელებულია და პაციენტების რაოდენობა ბევრია, ჩინეთის ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ექიმს ელოდებოდნენ 10 საათის განმავლობაში საავადმყოფოს გარეთ, რადგან საავადმყოფოში, შენობაში, სადაც ბევრი ადამიანი იყო, გაჩერება გაცილებით მეტ საფრთხეს შეიცავდა.
სოციალურ მედიაში ექიმები და მოხალისეები ცდილობენ მობილიზაცია მოახდინონ და წავიდნენ იმ ზონაში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, რადგან იქ ექიმებს ჰყავთ ძალიან ბევრი პაციენტი და მედპერსონალი აღარ არის საკმარისი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი ძალის იქეთ გადასროლაც არ არის სწორი, რადგან თუ ვირუსი აქტიურად გავრცელდება, სხვა პროვნციებსაც დასჭირდება მედპერსონალი. ამ ეტაპზე ჰუბეის პროვინციაში დამატებით სამხედრო ექიმები არიან გადაყვანილი.
ასევე, ითქვა, რომ კარანტინის ზონაში ვირუსი გადაედო ექთნებს და სამედიცინო პერსონალს, ზოგიერთი მათგანი, რომელთაც მსუბუქი ფორმით აღენიშნებოდათ ვირუსი, გაუშვეს სახლში.
ვინც სახლში ვართ, ყველა ვითვლით დღეებს, როდის ვიყავით ბოლოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. მე, მაგალითად, ბოლოს ვიყავი 24 იანვარს პირბადის გარეშე სუპერმარკეტში, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო, იქედან უნდა გადავითვალო 14 დღე. 4 დღე გავიდა, არ მაქვს სიმპტომები, მაგრამ ეს არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვდუნდე, არ უნდა გავიდე გარეთ. თუ, მაგალითად, მაქვს ვირუსი, შეიძლება გავხდე გამავრცელებელი. გუშინ დაადასტურა ჩინეთის მთავრობამ, რომ სიმპტომების გარეშეც ვრცელდება ვირუსი და ამიტომაც გავრცელდა ასე სწრაფად. უნდა დავითვალო ეს 14 დღე და თუ კი არანაირი სიმპტომი არ მექნება, ჩავთვლი, რომ არ მაქვს ვირუსი.
ჩინური მედია ყოველ დილას იწყებს სტატისტიკის გამოცხადებით. დილით რომ ვიღვიძებთ, პირველ რიგში, ვუყურებთ სტატისტიკას. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი იყო 56, დღეს უკვე გვაცნობეს, რომ გარდაცვლილია 80 ადამიანი. დაავადებულების რაოდენობა იზრდება ყოველ მომდევნო დღეს, თითქმის ორჯერ მეტით, ვიდრე წინა დღეს. მედია ინტენსიურად აფრთხილებს ხალხს, არ გავიდნენ გარეთ, აფრთხილებს უსაფრთხოების ზომების შესახებ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი, ხელები როგორ უნდა დავიბანოთ, გავანიავოთ სახლი დ ა.შ.
კარანტინის ზონიდან თუ აშუქებს ჩინური მედია ინფორმაციას?
ამ ქალაქებთან კონტაქტი არის. სოციალური მედიის ერაში ინფორმაციას ვერ დამალავ. კარანტინის ზონაში მოქალაქეები წერენ ვიდეობლოგებს, რომლებიც აღწერს სიტუაციას, გუშინ, ასევე, კარანტინის ზონაში იყო შესული BBC, მიუხედავად იმისა, რომ გააფრთხილეს, თუ შევიდოდნენ, ვეღარ გამოვიდოდნენ, მაინც შევიდნენ. რაც ვნახე ვიდეობლოგებში, მაღაზიები კარანტინის ზონაში მუშაობს ნაწილობრივ, გამოკრულია განცხადებები, რომ არ შეგიშვებენ, თუ პირბადე არ გიკეთია, კარანტინის ზონაში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქალაქეები, მოხალისეები თავიანთი მანქანებით ეხმარებიან პაციენტებს საავადმყოფომდე მისვლაში და საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებაში, თუმცა პაციენტების რაოდენობა ძალიან დიდია და კლინიკებს მათი მიღება უჭირთ. კლინიკებში ცდილობენ მართონ სიმპტომები, რომ პაციენტების მდგომარეობა არ გაუარესდეს.
ვნახე, რომ რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ვირუსისგან განკურნების შემთხვევაზე, მაგრამ ოფიციალური პრესკონფერენცია, ბრიფინგი ან განცხადება ამის თაობაზე არ ყოფილა მთავრობის მხრიდან.
ასევე, ქართულ მედიასაშუალებებში ვნახე ინფორმაცია, რომ შუქი არ არის კარანტინის ზონაში. საქმე რაშია, უხანი [ჰუბეის პროვინციის ცენტრი] 10-მილიონიანი ქალაქია, მას აკრავს პატარა სოფლები, პატარა- პირობითად, სინამდვილეში ეს ძალიან დიდი დასახლებებია, შესაძლოა იყოს სადღაც ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები, მაგრამ მასიურად ეს არ ხდება. ამის გადამოწმება შესაძლებელია, მსოფლიო მედიაც აშუქებს ამას.
გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ასახულია პანიკური ვითარება, თითქოს ხალხი ეცემა ქუჩაში, ეს რამდენად შეესაბამება არსებულ რეალობას?
ეს ვიდეოკადრები იყო ჰუბეის პროვინციიდან, ვირუსის გავრცელების პირველ დღეებში, როცა ხალხი დაპანიკდა და საავადმყოფოებს მიაწყდა. ნამდვილად ვირუსის გამო წაიქცნენ, თუ ეს იყო შიში გამო, არავინ იცის, მაგრამ კორონავირუსი არ მუშაობს ისე, რომ უცებ შეგეყაროს და წაიქცე. ვირუსის საინკუბაციო პერიოდია 1-დან 14 დღემდე, ანუ 14 დღის განმავლობაში შესაძლოა საერთოდ ვერ მიხვდე რომ გაქვს ვირუსი, შეიძლება ვიღაცას 2 დღეში გამოუვლინდეს. გამოვლენა იწყება ჩვეულებრივი გრიპისა და გაციების სიმტომებით, სურდო, მაღალი ტემპერატურა, ისე, რომ პირდაპირ ქუჩაში დაცემა გამოიწვიოს – არარეალურია.
შენ როგორ ცხოვრობ ასეთ სიტუაციაში, როცა სახლიდან არ გადიხარ? გაქვს საჭირო პროდუქტის მარაგი?
ჩინეთში ძალიან ხშირად ვაჭრობენ ონლაინ, მაღაზიაში გასვლის გარეშე, თუმცა „ტაობაოს“, ონლაინვაჭრობის სისტემის მაღაზიების უმრავლესობა დაიხურა საახალწლო არდადეგების გამო, ეს წინასწარ იყო ცნობილი და მოსახლეობამ მოიმარაგა პროდუქტი. ზოგადად, ჩინელებს ახასიათებთ პროდუქტის და საჭირო ნივთების მომარაგება. რადგან იცოდნენ, რომ „ტაობაოდან” შეძენილი ნივთების მიწოდება პირველ თებერვლამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა, ყველამ მოიმარაგა საჭირო პროდუქტები. ორი კვირის მარაგი მაქვს მეც, მერე რა იქნება, არ ვიცი, ჯერ სუპერმარკეტები მუშაობს და იმედი მაქვს, იმუშავებს.
ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს ეკონტაქტება თუ არა საქართველოს საელჩო, შენ რა ინფორმაცია გაქვს?
აქ არ არის პანიკური სიტუაცია და ალბათ, არც საჭიროებაა კონტაქტის. სამხრეთში მყავს ნაცნობი ქართველი გოგო, რომელსაც მივწერე და არავინ შეხმიანებია მას, ისევე როგორც მე. მხოლოდ ორის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. არ ვიცი, ჰუბეიში და კარანტინის ზონაში მცხოვრებ ქართველებს თუ შეეხმიანენ. როდესაც კარანტინის ზონა ცხადდებოდა, დაურეკეს უცხოელებს და უთხრეს, ქალაქი იკეტება და ვინც აპირებთ გასვლას, გადითო. ოღონდ უნდა დაეტოვებინათ პროვინცია შემოწმების საფუძველზე. აშშ-მ წაიყვანა თავისი მოქალაქეები, ბევრმა სხვა ქვეყანამაც, ქართველების შესახებ არაფერი მსმენია.
აქ ყოველი დილა იწყება მისალმებით, სულ მცირე ხუთ სხვადასხვა ენაზე. ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მულტიკულტურულ მოსამზადებელ ჯგუფში ქართველებთან ერთად ხუთი ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვები სწავლობენ. თავიდან ყველას საკუთარ ენაზე სურს მისალმება, თუმცა გაკვეთილი ქართული და ინგლისური მისალმებით იწყება.
“ქართულს ყველას ვასწავლით. დიდი სიყვარულით და განსხვავებული აქცენტით წარმოთქვამენ ხოლმე ქართულ სიტყვებს. მშობლებსაც უხარიათ, როცა ხედავენ, რომ შვილებმა ასეთი რთული ენა შეისწავლეს. ზოგიერთი ქართულად ლექსებსაც ამბობს”, – გვიყვება გვანცა ხილაძე, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის სკოლამდელი პროგრამის მასწავლებელი.
საგაკვეთილო პროცესი სახალისო და საინტერესო სავარჯიშოებით, თამაშ-მეცადინეობებითა და მუსიკალური აქტივობებითაა დატვირთული. ვინაიდან სკოლამდელი პროგრამის აღსაზრდელები მხოლოდ 4-5 წლისანი არიან, მათში ინტერესის გამოწვევა და ყურადღების დამსახურება და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
“პატარებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია მათი დაინტერესებაც და ფანტაზიის გაღვივებაც, ამიტომ ძალიან ბევრ ვიზუალურ საშუალებას და მრავალფეროვან თვალსაჩინოებებს ვიყენებთ თითოეული გაკვეთილის დროს. დაფაზე ვაკეთებთ ჩანახატებს, გვაქვს ვიდეო გაკვეთილები, ვძერწავთ, ვაშენებთ, ვმღერით, ვცეკვავთ, სიტყვებს ვადგენთ, ლექსებს ვსწავლობთ, გონებას ვავარჯიშებთ, მეტყველებას ვავითარებთ. თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს, მათ პოზიტიურ განწყობაზე ვზრუნავთ”, – ამბობს გვანცა ხილაძე.
პროგრესის” მულტიკულტურულ მოსამზადებელ ჯგუფში ქართველებთან ერთად ხუთი ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვები სწავლობენ
ბათუმში ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესში” სკოლამდელი პროგრამა უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და მის ძირითადი მიზანია აღსაზრდელების სწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავება, ყურადღების, მეხსიერების და აზროვნების განვითარება, გარემოს შესწავლა-ადაპტირება და სკოლისთვის მომზადება. კვირის განმავლობაში პროგრამის მონაწილეები სწავლობენ ქართულს (5 სთ), ინგლისური (8 სთ), მათემატიკა (5 სთ), ბუნებისმეტყველება (2), ხელოვნება (4 სთ), სპორტი (2 სთ), მუსიკა (4 სთ), დრამა (3 სთ), ICT (1 სთ), ბიზნეს უნარები (2 სთ), ჭადრაკი (2 სთ).
“სწავლება მათემატიკაშიც მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. ციფრებს, რიცხვებს, გეომეტრიულ ფიგურებს ბავშვები ასახელებენ და ანიჭებენ კონკრეტულ ფერებს. ეს საშუალებას გვაძლევს ბავშვმა კონკრეტული ინფორმაცია, მრავალმხრივი განათლება მიიღოს და თან ითამაშოს, გააფერადოს, ფერები გაიცნოს. შემდეგ ეტაპზე შეკრება-გამოკლება და ასე შემდეგ, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპებს გადიან“, – ამბობს მათემატიკის მასწავლებელი თამარ ხილაძე.
სკოლამდელ პროგრამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს აღსაზრდელების კულტურული მრავალფეროვნება. ნებისმიერ გაკვეთილზე – მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლისას, ქართული და ინგლისური სიტყვების სწავლისას, თამაშების თუ აქტივობების დროს, ბავშვები ხშირად თავიანთ ენაზე ეძებენ სიტუაციის/სიტყვის შესატყვისს და დანარჩენებს ასწავლიან, როგორ ამბობენ თავად. ასე ეჩვევიან ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას, ერთმანეთის პატივისცემას და ცოდნის გაზიარებას.
საგაკვეთილო პროცესი პროგრესის” მულტიკულტურულ მოსამზადებელ ჯგუფში
“ფაქტობრივად, ჩვენ მსოფლიო მოქალაქეებს ვზრდით. ჩვენთან ბავშვები რამდენიმე ენაზე საუბარს და სხვადასხვა კულტურის მახასიათებლებსა და წეს-ჩვეულებებს სწავლობენ. ჩვენთვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მეგობრული გარემოს შექმნა, ბავშვებში ემპათიის და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბება, ტოლერანტობის და სამართლიანობის, განსხვავებული აზრის მიმღებლობის გამომუშავება. მშობლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვები მხიარულები და ბედნიერები მიდიან სახლებში, მეორე დღის დიდი მოლოდინით. ეს ჩვენთვის დიდი მიღწევაა”, – ამბობს ნანა ჩარექიშვილი, სკოლის დირექტორი.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესში” ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო სკოლის და უმაღლესი სკოლის – აკადემიის პროგრამები, სადაც მულტიკულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება იმ უნარების განვითარება, რაც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრების რეალური გამოწვევების დაძლევისთვის.
24 იანვარს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც შეეხებოდა არაქართულენოვან სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ რადგან ისინი ვერ ფლობენ სრულყოფილად ქართულ ენას, შესაძლებლობა არ ეძლევათ ჩააბარონ პროფესიული უნარები მათთვის გასაგებ ენაზე.
პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებად და ამაზეა დამოკიდებული ხელფასის მატება.
„ბათუმელების“ კითხვაზე, ექნებათ თუ არა არაქართულენოვან პედაგოგებს შესაძლებლობა ჩააბარონ პროფესიული უნარების გამოცდა მათთვის გასაგებ ენაზე – გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არაქართულენოვან პედაგოგებს უკვე სამი წელია აქვთ შესაძლებლობა, პროფესიული უნარები მათთვის გასაგებ ენაზე ჩააბარონ. როგორც „ბათუმელებმა“ მოგვიანებით აღმოაჩინა, ეს ინფორმაცია შეიცავს გარკვეულ უზუსტობას, შესაბამისად, დღეს, 27 იანვარს, კვლავ დაუკავშირდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს და კიდევ ერთხელ დააზუსტა, ნამდვილად შეუძლიათ თუ არა არაქართულენოვან პედაგოგებს მათთვის გასაგებ ენაზე გამოცდის ჩაბარება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის უფროსი, ირინა ჟვანია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ პედაგოგებს, რომლებიც სათანადოდ ვერ ფლობენ სახელმწიფო (ქართულ) ენას, მხოლოდ იმის უფლება აქვთ, რომ მშობლიურ ენაზე დაწერონ ტესტის პასუხები.
„პროფესიული უნარების ტესტი არ ითარგმნება არც ერთ ენაზე. ჩვენ, დებულების მიხედვით, იმიტომ არ გვევალება ამ ტესტის თარგმნა, რომ ის არის სპეციფიკური და თარგმნის დროს ძალიან დიდი შანსია, რომ შეიცვალოს დავალების სპეციფიკა. ამიტომ ეს ტესტი არ ითარგმნება.
ბოლო სამი წელია სომეხ და აზერბაიჯანელ პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთ ენაზე გასცენ პასუხი… ტესტი უნდა წაიკითხონ ქართულ ენაზე, რადგან ტესტის ბუკლეტი არის მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე, მაგრამ ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ გასცენ მშობლიურ ენაზე პასუხი,“ – ამბობს ირინა ჟვანია.
კითხვაზე, როგორ უნდა დაწეროს პასუხები პედაგოგმა, თუკი არ ესმის დავალების პირობა? – ირინა ჟვანია ამბობს, რომ „ეს პრინციპის საკითხიცაა, რადგან საქართველოს მოქალაქეს მინიმუმ ქართულ ენაზე წაკითხვა უნდა შეეძლოს“.
ჟვანიას თქმით, 2019 წლის ნოემბერში ჩატარებულ პროფესიული უნარების გამოცდაზე, დაახლოებით 1000 სომხური და აზერბაიჯანული ნაშრომი ქართულად ითარგმნა და გასწორდა. „თუ ვინმემ ვერ გაიგო და არ იცოდა ამის შესახებ, ეს მისი პრობლემაა,“ – გვეუბნება ის.
ირინა ჟვანიას თქმით, ამ მიმართულებით არც 2020 წელს შეიცვლება რამე, რადგან ისედაც იცვლება მასწავლებლის კარიერული წინსვლის მოდელი.
„2020 წლიდან, როგორც ვიცით, იცვლება პროფესიული რეგულირების წესი და ეს აქტივობა (პროფესიული უნარები) შეუძლიათ სხვა აქტივობით ჩაანაცვლონ პედაგოგებმა. ამ ფორმით პროფესიული უნარების გამოცდა არის ბოლო, აღარ იქნება და, ბუნებრივია, ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება აღარ იგეგმება წელს“.
2020 წლისთვის მასწავლებლის პროფესიული რეგულირების ახალი წესი ინერგება, თუმცა მანამდე, სანამ პედაგოგები გამოცდების ჩაბარების ახალ სისტემაზე გადავლენ, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, პედაგოგებისთვის საჭირო იქნება შესაბამისი სასწავლო რესურსების მომზადება.
27 იანვარს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე აღინიშნება. 1945 წლის ამ დღეს გაათავისუფლა საბჭოთა ჯარმა პოლონეთში ოსვენციმის სასიკვდილო ბანაკი ნაცისტებისგან. 1933-1945 წლებში ჰიტლერის რეჟიმმა დახოცა მილიონობით ებრაელი, ბოშა, საბჭოთა ტყვე, პოლონელი, ჰომოსექსუალი, იეჰოვას მოწმე, შავკანიანი და სხვა უმცირესობები საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ მის მიღმა.
ტერმინი ჰოლოკოსტი მასობრივი გენოციდის აღსანიშნავად 1910-იანი წლებიდან გამოიყენება და ლათინური ბიბლიიდანაა ნასესხები, რომელიც, თავის მხრივ, ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც “ცოცხლად დაწვა”.
საიტის Holocaust Memorial Day -ს მიხედვით წლევანდელი, 2020 წლის მთავარი თემა და სლოგანია “ერთად დგომა”.
საიტზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ:
“მთავარი მესიჯი 2020 წლისთვის “ერთად დგომაა”. ის ეხება იმის გააზრებას, თუ როგორ ცდილობენ მთელი ისტორიის მანძილზე გენოციდური რეჟიმები გარკვეული ჯგუფების მარგინალიზებით ადამიანების გატეხვას. ეს კი ნამდვილი გამოწვევაა ხალხისთვის, რომლებიც ერთად უნდა იდგნენ და ხმა აიმაღლონ ჩაგვრის წინააღმდეგ.
ჰოლოკოსტის მომდევნო წლებშიც ნაცისტური პოლიტიკა და პროპაგანდა მიზანმიმართულად აწყობდა განხეთქილებას გერმანულ საზოგადოებაში; დაჟინებით მოითხოვდნენ “არიული” გერმანელებისგან, რომ შორს დაეჭირათ თავი ებრაელი მეზობლებისგან. ჰოლოკოსტმა, ნაცისტების მიერ ხალხთა კონკრეტული ჯგუფების დევნამ და შემდგომში გენოციდმა, რიგითი მოსახლეობა წააქეზა, რათა მათაც უარი ეთქვათ თავიანთ არაგერმანელ მეზობლებთან ურთიერთობაზე.
დღეს დიდი ბრიტანეთსა და დანარჩენ მსოფლიოში იზრდება განხეთქილება სხვადასხვა ჯგუფებს შორის. როგორც არასდროს, ახლა გვჭირდება დავდგეთ ერთად და დავასრულოთ ხალხთა შორის იდენტობაზე დაფუძნებული მტრობა. ყველას შეგვიძლია სხვათა მხარდაჭერა მრავალგვარი ქმედებით, იქნება ეს ჩვენი ხმების გამოყენება, მონაწილეობა თუ ის სცენა, რომლიდანაც ხალხს ვესაუბრებით.”
თბილისის საკრებულოს საიტის ცნობით, თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ობიექტი გაიხსნება. ინიციატივა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. ამასთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორსაც შეხვდა. მხარეები ამ მხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
18 წლის დაქორწინდა, სამი შვილი გააჩინა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლა ვეღარ გააგრძელა. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომი არ აქვს, ორგან მუშაობს: ენების ონლაინშემსწავლელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვებპლატფორმის სოციალური მენეჯერია და საკუთარი ატელიე აქვს, სადაც ძირითადად საბავშვო სამოსს კერავს. იცის ინგლისური, რუსული, ბერძნული, სწავლობს ესპანურს. ამბობს, რომ ენები წიგნებით და სატელევიზიო გადაცემებით ისწავლა. რასაც სწავლობს, შვილებსაც ასწავლის. ერთადერთი, რასაც ნანობს, არის ის, რომ გიტარაზე დაკვრას ვეღარ ასწავლის მსურველებს და კვარტეტში აღარ მღერის – დრო არ რჩება.
„უნივერსიტეტი ერთადერთი ადგილი არ არის , სადაც განათლების მიღებაა შესაძლებელი”
ია თავდიშვილი 31 წლისაა და როგორც ამბობს, უდიპლომობა მისთვის დაბრკოლებად არასდროს ქცეულა. ამას არც მის თვითშეფასებაზე უმოქმედია.
,,ნაადრევად დავქორწინდი, მაგრამ ძალიან კარგი ოჯახი მყავს, მეუღლე და სამი უსაყვარლესი შვილი. 25 წლამდე დაქორწინება ამ გადმოსახედიდან მაინც დიდი შეცდომა მგონია. თვითრეალიზება არ გამჭირვებია, თუმცა ეს თავისთავად არ მომხდარა. უზომოდ აქტიური ვარ და განვითარება არასდროს შემიწყვეტია, სულ რაღაცას ვსწავლობდი. როცა დავქორწინდით, მე და ჩემი მეუღლე საბერძნეთში გადავედით საცხოვრებლად ორი წლით. რვა თვეში უკვე ისე ვლაპარაკობდი, რომ ბერძნებს იქ დიდი ხნის წინ ჩასული ვეგონე. ეს ცოდნა ძალიან გამომადგა საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ახლა ოზურგეთიდან დისტანციურად ვმუშაობ LINGWING-ის სოციალურ მენეჯერად და ჩვეულებრივ, ანაზღაურებად სამუშაოს ვეწევი. ვფიქრობ, აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ სიტუაციაში, როგორშიც არ უნდა იყო. მე ასეთი ვარ”.
„მთაშიც რომ ჩამსვან, ჩიტებს და მგლებს დაველაპარაკები”
„იმიტომ, რომ მიყვარს ადამიანები, სხვებთან ურთიერთობის გარეშე არ შემიძლია. ჩვენი დიდი ოჯახიც ასეთია – ხმაურიანი და მხიარული”, – ამბობს ია. ოზურგეთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. კერვა რომ კარგად შეეძლო, დედის საკერავ მანქანასთან აღმოაჩინა, მერე პროგრამით – ,,აწარმოე საქართველოში” გრანტი მოიპოვა და ოზურგეთშივე გახსნა ატელიე ბავშვებისთვის. მორიგ კაბას ჭრიდა, როცა დაურეკეს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სემინარზე მიიწვიეს, არ ელოდა, რომ აარჩევდნენ და უზომოდ გაუხარდა. სემინარი ბიზნესის განვითარებაში დაეხმარა, ახალი სამსახურიც იპოვა და სამომავლოდ სრულიად მოულოდნელი გეგმები დასახა.
„საჯარო სამსახურში, სადაც დიპლომია საჭირო, არ ვაპირებ დასაქმებას. მირჩევნია, მომავალში კოდები ვწერო HDML-ში და აპლიკაციები შევქმნა IOS და ANDROID სისტემებისთვის”
გაეროს სემინარზე სოციალური მარკეტინგის და ვებპროგრამირების ოთხთთვიანი კურსი გაიარა. საკუთარი ბიზნესგვერდიც გააკეთა, რის შემდეგაც მის ატელიეში შეკერილ საბავშვო სამოსს ახლა მთელ საქართველოში გზავნის, ევროპის რამდენიმე ქვეყნიდანაც იღებს ონლაინშეკვეთებს. იას შეკერილი სამოსის მომხმარებელთა რიცხვი ვებგვერდის დამზადების შემდეგ სამჯერ გაიზარდა.
„ოთხთვიანი ტრენინგის შემდეგ, სხვადასხვა უნარის მიხედვით, სტაჟირების პროგრამაც დაგვიმატეს, ორმოც საუკეთესო სტაჟიორში აღმოვჩნდი და ასე გავიგე სტარტაპ LINGWING-ის შესახებ, სადაც დისტანციურად შეგიძლია ისწავლო ენა. პლატფორმას უკვე 170 ათასი მომხმარებელი ჰყავს და სწორედ მეც აქ დამასაქმეს . სტაჟირების შემდეგ, გარდა დასაქმებისა, ლისაბონის მსოფლიოს ყველაზე დიდ ვებსემინარზეც გაგვგზავნეს, სადაც უამრავი სტარტაპერი ქალი გავიცანით. ისინი საკუთარი ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე საუბრობდნენ და ამომწურავად გვიზიარებდნენ გამოცდილებას. ეს ბევრისმომცემი იყო ჩემთვის, დავამყარეთ ძალიან მნიშვნელოვანი კავშირები და ბევრი რამ გავიგეთ”, – ამბობს ია. მომავალში გეგმავს, რომ კოდები დაწეროს HDML-ში და IOS და ANDROID სისტემებისთვის აპლიკაციები შექმნას.
ია თავდიშვილის საბავშვო ატელიე ტა-ბებას სამოსიია თავდიშვილის საბავშვო ატელიე ტა-ბებას სამოსი
„მხოლოდ სურვილი და ენთუზიაზმი არ კმარა, ოჯახში მხარს უნდა გიჭერდნენ”
ფიქრობს, რომ მისი წინსვლა პირდაპირაა ოჯახთან დაკავშირებული. იხსენებს, როგორ გაუფუჭდა გაეროს სემინარის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ლეპტოპი, რის გარეშეც ვერაფერს გააკეთებდა, მეუღლემ კი სემინარის დაწყების დღეს ყველა საჭირო პროგრამით გამართული ახალი მაკბუქი აჩუქა, დავალებების შესრულება რომ შეძლებოდა.
„ჩემი მეუღლე გერმანიაში მუშაობდა, ქარხანაში. ჩადიოდა და ჩამოდიოდა. მე რომ სემინარებზე მევლო, მუშაობას თავი დაანება და ბავშვებს უვლიდა მთელი დღე. ესმოდა, რომ ეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო და იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მესწავლა რაღაც ახალი. საღამოს, როცა 6 საათზე დაღლილი მოვდიოდი და უამრავი დავალების შესრულება მიწევდა, ხანდახან ღამის 4 საათამდეც, ბავშვებს მარიდებდა, დედას აცალეთო. ამას რომ გეუბნებით, ის გოგოც მახსენდება, რომელსაც შეიძლება ჩემზე უკეთესი უნარებიც ჰქონდა, მაგრამ სემინარზე ვერ იარა. ქმარმა აღარ გამოუშვა და ვინ იცის ამით რა შესაძლებლობა დაკარგა, ამ შემთხვევაში მე გამიმართლა, სხვაგვარად არაფერი გამოვიდოდა”, – ამბობს ია.
“ერთადერთი უდანაშაულო მხოლოდ თქვენ ხართ,” – ამ სიტყვებით მიმართა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არჩილ ვანაძეს. ის ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია და ერთ-ერთი ბრალდებული იყო “მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე”, რომლის განხილვაც დღეს დასრულდა.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვის მუხლით და წელიწად-ნახევრით თავისუფლება აღუკვეთა ეგარსლან ლომიძეს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. დანარჩენ ოთხ ბრალდებულს კი, მოსამართლემ 25-25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა გულგრილობისთვის. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ, რადგან რამდენიმე თვე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ.
მსჯავრდებულები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, მათ შორის, გიორგი ერმაკოვიც.
“ყოველთვის ვიბრძოლებ სიმართლისთვის. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი…” – ამ სიტყვებით დატოვა სხდომათა დარბაზი გიორგი ერმაკოვმა.
“მე მათთან ერთად ვცდილობდი, არ ყოფილიყო ეს ზიანი. გაკეთდა ყველაფერი მაქსიმალურად,” – აღნიშნა სასამართლო დარბაზში გათავისუფლებულმა არჩილ ვანაძემ.
არჩილ ვანაძეს ვკითხეთ, სასამართლოს გადაწყვეტილება არის თუ არა სამართლიანი.
არჩილ ვანაძემ კითხვაზე ირიბად გვიპასუხა:
“არც ერთ ჩემს ყოფილ კოლეგას არ გააჩნდა განზრახვა, რომ ჩაედინა დანაშაული… მსჯელობა იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავე, არასწორად მიმაჩნია,” – თქვა მან.
არჩილ ვანაძე დაკავებამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. მას 2017 წელს „ჟილინის არხის საქმეზე“ გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2018 წელს არჩილ ვანაძე უდანაშაულოდ მიიჩნია.
2017 წლის 5 აგვისტოს ხელი მოეწერა პოლონეთის რესპუბლიკის, კერძოდ ქვემო სილეზიის სავოევოდოს(სეიმიკი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლობას. მემორანდუმს ხელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და სავოევოდოს საბჭოს თავმჯდომარემ პაველ ვრუბელევსკიმ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში ერთ-ერთ პროექტად დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიებები, სტუდენტებისა და დიდაქტიკური პერსონალის გაცვლითი პროგრამები.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და სეიმიკის თავმჯდომარე პაველ ვრუბლევსკი
2019 წლის 11 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიის“ დირექტორი ლეილა გოგიტიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ასლან ლორთქიფანიძე იმყოფებოდნენ ქვემო სილეზიის ქალაქ ვროცლავში, სადაც სამუშაო შეხვედრა გაიმართა მარშალის ოფისში. ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალმა და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიის“ დირექტორმა ხელი მოაწერეს სტუდენტების გაცვლით პროგრამას, რომლის ფარგლებშიც კოლეჯ „გოლდენ სიის“ 8 სტუდენტი და 2 პედაგოგი პოლონეთში მიემგზავრებიან, ასევე, პოლონეთიდან მიიღებენ იმავე რაოდენობის სტუდენტს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს.
„შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯმა „გოლდენ სიიმ“ 2016 წელს პირველმა განახორციელა რეგიონში არაფორმალური დუალური განათლება და შეძლო ერთდროულოად სასწავლო პროცესი საწარმოსთან თანამშრომლობით განეხორციელებინა. გარდა ამისა, კოლეჯმა კიდევ რამდენიმე ინოვაციური პროექტი განახორციელა და თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში, რამეთუ დუალური განათლება გვაძლევს მაღალი კვალიფიკაციის კადრს, რაც ესოდენ სჭირდება ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის წინსვლას. პირველი ნაბიჯი ევროკავშირის ქვეყნებთან სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის შესახებ, რომელიც სახელმწიფო დონეზე ხორციელდება, ჩვენმა სასწავლებელმა დაგეგმა და ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ახორციელებს მსგავს პროგრამას“, – ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიის“ დირექტორი ლეილა გოგიტიძე.
კაროლ პშივარა – ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიის“ დირექტორი ლეილა გოგიტიძე.
პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის რეგიონში კოლეჯის სტუდენტები სასწავლო და სამუშაო პრაქტიკას ორ სასწავლებელში გაივლიან, კერძოდ, ქვემო სილეზიის ტექნიკურ სასწავლო კომპლექსში – ბიედრზრიჩოვიცე და ქვემო სილეზიის ცნობილ საკურორტო ზონაში – კარპაცი.
კოლეჯი „გოლდენ სიი“ თანამშრომლობს რეგიონში არსებულ თითქმის ყველა ბრენდულ სასტუმროსთან და რამდენიმე სხვა საწარმოსთან.
პოლონეთის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნდა აღინიშნოს სასტუმრო „გრანდ გლორიას“ (რომელთანაც თანამშრომლობს კოლეჯი და სტუდენტები სასტუმროს ბაზაზე სასწავლო პროცესს გადიან) მნიშვნელოვანი როლი და ჩართულობა პროექტის განხორციელებაში. სასტუმრო „გრანდ გლორია“ არის პირველი სასტუმრო ჩვენს რეგიონში, რომელიც უმასპინძლებს 8 პოლონელ სტუდენტს და 2 პედაგოგს. მათივე ბაზაზე კოლეჯ „გოლდენ სიისთან“ ერთად უზრუნველყოფს სტუდენტების სწავლება-სტაჟირებას და ასევე, სტუდენტებისა და პედაგოგების დაბინავებას.
სასტუმრო „გრანდ გლორიას“ გენერალური დირექტორი, მურათ თანსუ და ლეილა გოგიტიძე
„ჩემთვის დიდი პატივია და მოხარული ვარ, რომ მსგავსი პროექტი, რომელიც პირველად ხორციელდება რეგიონში, სწორედ ჩვენს სასტუმროში დაიგეგმა. მზად ვართ, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ყველა კარგ წამოწყებას, რამეთუ კარგი განათლება არის სწორედ ის მნიშვნელოვანი ღერძი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის წინსვლას. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევასა და ენერგიას, რომ ყოველთვის ვიყოთ ჩართული ყველა იმ ახალ წამოწყებაში, რაც სამომავლოდ სასიკეთო შედეგს მოგვცემს“, – ამბობს სასტუმრო „გრანდ გლორიას“ გენერალური დირექტორი, მურათ თანსუ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. არჩილ ვანაძე ერთ-ერთი ფიგურანტი იყო ბათუმელი მაღალჩინოსნების საქმეში.
ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და კიდევ 6 მაღალჩინოსანი, მათ შორის, არჩილ ვანაძე, გასული წლის 30 მაისს დააკავეს.
არჩილ ვანაძე აქამდეც იყო დაკავებული. მას 2017 წელს „ჟილინის არხის საქმეზე“ გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2018 წელს არჩილ ვანაძე უდანაშაულოდ მიიჩნია.
ბათუმში, ავარიული დაზიანების გამო, ჯავახიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებზე დროებით შეწყვეტილია წყალმომარაგება.
როგორც „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში ამბობენ, დაზიანების არეალი საკმაოდ დიდია, ამიტომ ამ დროისთვის მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, რათა დადგინდეს რა ხარისხის დაზიანებაა. დაზიანების ხარისხის დადგენამდე კომპანიაში დაზუსტებით ვერ ამბობენ, როდის აღდგება წყალმომარაგება. “მიუხედავად იმისა, რომ დაზიანების არეალი საკმაოდ დიდია, ამ ქუჩებზე წყლის მიწოდება სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღდგება”, – გვითხრეს “ბათუმის წყლის” პრესცენტრში.
კომპანიის ინფორმაცით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით . “გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,” – წერს “ბათუმის წყალი”.
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში [Unicef Georgia] 0-5 წლამდე ასაკის ბავშვების ნუტრიციულ სტატუსს აქვეყნებს.
აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ჭარბი წონა აქვს, ასევე 6%-ს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული ჩამორჩენა სიმაღლეში.
2 პროცენტს აქვს ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული წონის დეფიციტი, ბავშვების 1 პროცენტს კი აღენიშნება წონაში ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული გამოფიტვა.
ბავშვების უმეტესობა (5%), რომლებსაც აქვთ წონის დეფიციტი და გამოფიტვა, არიან 0-5 თვის ასაკის.
ასევე მაღალია (8%) ბავშვების სიმაღლეში ჩამორჩენის მაჩვენებელი 24-35 თვის ბავშვებში.
იხილეთ ინფოგრაფიკა:
ინფოგრაფიკა: 5 წლამდე ბავშვთა ნუტრიული სტატუსი საქართველოში იუნისეფის მიხედვით
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება დღეს, 27 იანვარს, გამოაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლომ.
მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია არჩილ ვანაძე და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. არჩილ ვანაძე დაკავების ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.
რაც შეეხება ეგარსლან ლომაძეს, მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
მოსამართლემ ასევე გულგრილობისთვის დააჯარიმა სხვა ბრალდებულები. ამ საქმეზე არც ერთ დაკავებულს ამ მუხლით ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. მოსამართლემ კვალიფიკაცია თითოეულ შემთხვევაზე შეცვალა ერმაკოვის შემთხვევის გარდა.
მოსამართლემ ვეღარ მოახერხა ეთქვა, რამდენი ლარით დაჯარიმდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები – დარბაზში ერმაკოვის ოჯახის წევრებმა განაჩენი გააპროტესტეს. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში განახლდება, მას შემდეგ, რაც დარბაზს ბრალდებულების ახლობლები სრულად დატოვებენ.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, ახალი წელი მიულოცა დარბაზში მყოფებს.
საბოლოო სიტყვაში, გიორგი ერმაკოვმა, ძირითადად აუდიტის დასკვნა გააკრიტიკა, რასაც შემდეგ პროკურატურა დაეყრდნო. მან პროკურატურის ბრალდებას “აუდიტის ფილოსოფიური ნამუშევრის განხილვა” უწოდა.
“აუდიტის დასკვნას ობიექტურის გარდა ყველაფერი შეიძლება ეწოდოს… ბრალი მხოლოდ მოსაზრებებზეა აგებული,” – აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა. მან მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ სასამართლო მოსაზრებებს და ვარაუდებს არ უნდა დაეყრდნოს.
ერმაკოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან ანგარებას, როცა საბიუჯეტო ფული გაიცა, მაგრამ ტენდერის პირობა ვერ შესრულდა.
ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის პროცესის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა
ბათუმის ყოფილი მერი, გია ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი პროკურატურამ გასული წლის 30 მაისს დააკავა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საუბარია „იაფი სახლის“ პროექტზე, რომლის გამოც ჩატარებულ ტენდერზე მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა.
ამ საქმეზე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ დაკავებიდან ამ დრომდე: გია ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე. დანარჩენი ოთხი მაღალჩინოსანი – ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე – მოსამართლემ გირაოს – თითოეული 100 ათასი ლარის სანაცვლოდ 2019 წლის 24 სექტემბერს გაათავისუფლა.
კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები აჭარაშიც დაიწყო. საქართველოს საზღვარზე შემოსული მგზავრების შემოწმება მაღალ ტემპერატურასა და სხვა კლინიკურ ნიშნებზე, ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც ხდება. სკრინინგს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს.
როგორც შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი მინდია კახიძე ამბობს, ამ დრომდე მაღალი ტემპერატურა ან ვირუსთან დაკავშირებული სხვა კლინიკური ნიშანი არც ერთ მგზავრს არ დაფიქსირებია.
შემოსულ მგზავრებს ადგილზე ამოწმებენ სპეციალური უკონტაქტო თერმომეტრით, ასევე ხდება გასაუბრება ვირუსის სიმპტომებზე – აქვთ თუ არა რაიმე ჩივილები, მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით. “განსაკუთრებული დაკვირვება ხდება ადამიანებზე, რომლებიც შემოდიან იმ ზონიდან, სადაც არის კერა ინფექციის,” – ამბობს მინდია კახიძე. მისივე თქმით, ასეთი მგზავრის გამოვლენის შემთხვევაში, მას დაუყოვნებლივ გადაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში. შემოწმება გაგრძელდება მანამ, სანამ ვირუსის გავრცელების საფრთხე იქნება აქტუალური.
კორონავირუსს, რომელიც ამჟამად რამდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული, უკვე 80 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გარდაცვლილთა გარდა, ჩინეთში კორონავირუსით დაავადების 2,744 შემთხვევაა დადასტურებული. ჩინეთის გარდა ვირუსით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, აშშ-ში, ავსტრალიაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და სამხრეთ კორეაში, თუმცა იქ ლეტალური შემთხვევები არ ყოფილა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.
რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:
რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;
ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;
თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან და/ან გარეულ ცხოველებთან;
რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი;
სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის ეკონომიკის მინისტრს დებატებში იწვევს. დებატებისთვის საეთერო დროის გამოყოფას კი ენმ-ს წევრი, გიორგი კირთაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სთხოვს.
დებატებში გამოწვევის შესახებ ინფორმაცია დღეს, 27 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ გაავრცელა.
„უტიფარ ტყუილებში აჭარის მთავრობამ თავის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც კი გადაასწრო. სასაცილოა მთავრობის წევრების დაჟინებული განცხადებები აჭარაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციიის მოზიდვასთან დაკავშირებით. თუ მათ დავუჯერებთ, სამჯერ უფრო მეტი ინვესტიცია მოუტანიათ 2019 წელს, ვიდრე 2004-2012 წლებში განხორციელდა აჭარაში ჩვენი მმართველობის დროს. ეს რეალურად უნდა ნიშნავდეს ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნას, მაგრამ რეალობა სხვა გვაქვს. ყველამ კარგად ვიცით, როგორ ცხოვრობს ბათუმში და აჭარაში მოსახლეობა. რეალური სამუშაო ადგილები არათუ შექმნეს, არამედ დიდი გულმოდგინებით გააუქმა აჭარის მთავრობამ ჩვენს მხარეში,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი კირთაძის თქმით, აჭარის მთავრობამ გააჩერა მნიშვნელოვანი პროექტი – გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარება, რასაც რეალურად შეეძლო სამუშაო ადგილების გაჩენა.
„გონიოს პოლიგონის განვითარება მართლა მოიტანდა ათეულობით სამუშაო ადგილს. ამის განხორციელებისთვის საჭირო იყო ხიდის აშენება, რომლის პროექტიც და ფულიც დავტოვეთ და იქ კომუნიკაციების მოწყობა. მათ პირველივე, რაც გააკეთეს, გონიოს ხიდის მშენებლობისათვის განკუთვნილი ფული ბიუჯეტიდან ამოიღეს,“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის მთავრობის პრესსამსახურს. ამ ეტაპზე უცნობია დათანხმდება თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დებატებს.
2019 წელს 19 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს 16 წლამდე მოზარდების წინააღმდეგ. შემაკავებელ ორდერს ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები გამოსცემენ იმისთვის, რომ ძალადობის შემთხვევა აღარ განმეორდეს. ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
შემაკავებელი ორდერი 16 წლამდე 11 ბიჭის და 8 გოგოს წინააღმდეგ გამოსცეს.
ასაკობრივი მონაცემების მიხედვით, ოჯახში ყველაზე ხშირად 25-დან 44 წლამდე ადამიანები ძალადობენ [4340 კაცი, 746 – ქალი].
ოჯახში ძალადობისთვის ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი გასულ წელს თბილისში გამოსცეს 3265 კაცისა და 763 ქალის წინააღმდეგ. აჭარაში 699 კაცისა და 129 ქალის წინააღმდეგ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი 2019 წელს. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელს, 7030 კაცისა და 1524 ქალის წინააღმდეგ გამოსცეს პოლიციელებმა შემაკავებელი ორდერი.
შინაგან საქმეთა სამინმისტრო აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს ოჯახში ძალადობის სახეების შესახებ: ყველაზე გავრცელებული სახე ისევ ფსიქოლოგიური ძალადობაა – 9445 შემთხვევა, მეორე ადგილზეა ფიზიკური ძალადობა – 2582 შემთხვევა, ეკონომიკური – 255, სექსუალური – 33.
ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 27 იანვარს, დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით შპს „დაგი“ სამინისტროს კომპლექსის მშენებლობას 38 746 000 ლარად სთავაზობს.
ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული და ამ დროისთვის მხოლოდ ის პრეტენდენტია ცნობილი, რომელიც მშენებლობას სამინისტროს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. მონაწილეობდა თუ არა სხვა პრეტენდენტი ტენდერში, მას შემდეგ გამოჩნდება, რაც გამოვლინდება გამარჯვებული, ან, თუ სატენდერო კომისია დაბალი შეთავაზების მქონე მონაწილეს დისკვალიფიკაციას მისცემს.
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 17 თვეში უნდა განხორციელდეს.
ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადებული თავდაპირველი ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ კი კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა.
ტენდერის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ მიზეზი, „სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი რიგი უზუსტობები იყო სამშენებლო მოცულობების ნაწილში“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა კი 1 980 000 ლარით შემცირდა და 39 488 000 ლარი იყო.
მიმდინარე ტენდერის გამო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო კომპანია შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივის. შპს „აუდიტური ფირმა ბაკაშვილი და კომპანია“ მიიჩნევს, რომ სატენდერო განცხადების ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ მოთხოვნას ეხება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. სამინისტრო კი მიიჩნევს, რომ „საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევადაც ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] თანხა 414 681 ლარი იყო, თუმცა, მშენებლობაზე პირველად გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტის გამო, სამინისტრომ ზედამხედველობაზე გამოცხადებული ეს ტენდერიც შეწყვიტა.
—
„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ 320 ათას ერთ ლარზე 2019 წლის 25 მარტს გააფორმა. პროექტი 2019 წლის ივნისის ბოლოს უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა მშენებლობაზე ტენდერი სამინისტრომ მხოლოდ 2019 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა.
ტენდერის შეწყვეტამდე, სამინისტროს სატენდერო კომისიამ, ტენდერში მონაწილე კომპანიისაგან წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის „სრულყოფილად განხილვა“ წინასწარ განსაზღვრულ ვადაში „ვერ მოახერხა ამ დოკუმენტაციის მოცულობის გამო“.
შესაბამისად, კომისიამ განხილვის ვადა, 2019 წლის 24 დეკემბრის ოქმით, 2 დღით გაახანგრძლივა. 2019 წლის 26 დეკემბერს კი, ტენდერი შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი მეორე დღესვე, 27 დეკემბერს გამოაცხადა.
ამავე თემაზე:
აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელ კორპუსებში ბინებს 582 ოჯახი 2021 წელს მიიღებს, ხოლო 968 ოჯახი – 2023 წელს. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 73 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. პროგრამაში ადრე 48 750 000 ლარი იყო გაწერილი და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი:
ეს აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გადაიღო ფოტოხაფანგმა. აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი, როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობა.
დღეს, 26 იანვარს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა რივიერას გადასარჩენად.
ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს სამშენებლო პროექტის განხორციელებას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე. ბათუმში რივიერას დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა.
„დღეს აქციის ორგანიზატორები ვართ სამი მოძრაობა: „მწვანე მომავალი“, „ახალგაზრდა მწვანეები“ და საზოგადოება „ბათომი“. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ბათუმის ისტორიული მწვანე კონცხი გადავარჩინოთ და გავხადოთ ისევ საჯარო საკუთრებად, მოქალაქეების საკუთრებად, სადაც იქნება ხეები და სიმწვანე და არა საზარელი ცათამბჯენები და კაზინოები,“ – განაცხადა თამარ ჯაყელმა, „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრმა.
აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყო ბათუმელი თეონა დიასამიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ბრძოლას აზრი აქვს და სწორედ მსგავსი ბრძოლის შედეგად მოხერხდა ბათუმის ბულვარისა და „რვაფეხას“ გადარჩენა. თეონა აქციაზე შვილებთან ერთად მივიდა:
„მეორე შვილიც თან მახლავს, მაგრამ ის მზეს ეფიცხება, სწორედ იმიტომ, რომ არასწორი გადაწყვეტილების გამო დღეს ჩვენ ეს შენობა მზეს გვიფარავს [ბათუმის ისტორიული ფოსტის ადგილას აგებული სასტუმრო]. იმავე გადაწყვეტილებით, რასაც რივიერას პროექტი ჰქვია, ჩვენ მალე ზღვასაც ვეღარ დავინახავთ. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, აქვს თუ არა ბრძოლას აზრი. ბრძოლას აქვს აზრი, მე ჩემს შვილთან, თქვენთან, ბათუმელებთან ერთად გადავარჩინე რვაფეხა და ბულვარი და ახლა ჩვენ ერთად შევძლებთ გადავარჩინოთ რივიერა“.
აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილიაქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილიაქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
აქციას შეუერთდა სამოქალაქო აქტივისტი და იურისტი ირაკლი კუპრაძე, „ლელოს“ წევრი.
„ქალაქში უნდა იყოს ორგანული სივრცეები, მორგებული ბათუმელებზე, პირველ რიგში, ისე იყოს გადაწყვეტილი, როგორც მიაჩნიათ სწორად ეს ბათუმელებს და არა საკრებულოში მოკალათებულ ადამიანებს, რომლებიც ყველა ბოროტებას აწერენ ხელს. რივიერა არის ერთადერთი ფანჯარა და ბოლო შანსი. ჩვენ გვაქვს დასამტკიცებელი, რომ ამ ქალაქში ყველაფერს წყვეტენ ბათუმელები და არა ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან კერძო ინტერესებს, ემსახურებიან ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რაც შეიძლება მეტი ფული წაიღონ ამ ქალაქიდან,“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილიაქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილიაქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილიაქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ევროპის მოედანზე აქციის შემდეგ აქტივისტები რივიერას შემოსაზღვრული ტერიტორიისკენ გაეშურნენ მსვლელობით.
„ვისია ეს ქალაქი?“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“
რივიერას თუნუქით შემოსაზღვრულ კედელზე აქციის მონაწილეებმა წარწერები დატოვეს, თუნუქზე „ხორუმი“ „დაუკრეს“ და ასე გააპროტესტეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამ ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის აგება იგეგმება.
აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“აქცია რივიერას დასაცავად. 26 იანვარი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“
„ისინი, ვინც აქ აშენებენ შენობებს, არ აპირებენ ამ ქალაქში ცხოვრებას. ჩვენ ვრჩებით ამ ქალაქში“ – განაცხადა სალომე ცეცხლაძემ, აქციის მონაწილემ.
აქციაზე ასევე ითქვა, რომ 9 თებერვალს რივიერას პროექტს ბათუმში მთავრობის სახლთან გააპროტესტებენ.
პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან 59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 27 იანვარს, ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. უნალექო ამინდი იქნება 28 და 29 იანვარსაც.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
XXI საუკუნის ბათუმში ყველაზე უხვთოვლიანი დღე 2016 წლის 26 იანვარს იყო, როცა ბათუმში ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა და თოვლის საფარის სიმაღლემ 60-80 სანტიმეტრს მიაღწია.
დიდთოვლობის შედეგად ბათუმი პარალიზებული იყო. ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ რამდენიმე ხაზზე მუშაობდა, ისიც შეზღუდვებით. უგზოობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ყველა გამოძახებაზე რეაგირებას ვერ ახერხებდა.
მაღაზიებში ვერ მოხერხდა პურის შეტანა, ამიტომაც ზოგიერთ მაღაზიასთან და პურის საცხობებთან რიგები გაჩნდა. შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. ქალაქში გადაადგილება, ძირითადად, მხოლოდ ფეხით იყო შესაძლებელი. აჭარის სამაშველო სამსახურში ამ დღეს 150-მდე ზარი შევიდა.
2016 წლის 26 იანვარი, დილა, ბათუმელები ფეხით მიდიან სამსახურში. ხატია მიქელაძის ფოტო.2016 წლის 26 იანვარი. კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორია. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“ავტომობილები თოვლში. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის ბევრ ადგილას თოვლში ჩარჩა. ფოტოზე ჩანს, როგორ ცდილობენ ავტობუსის ამოყვანას თოვლიდან მოლიპულ გზაზე. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“ცივი ამინდის მიუხედავად არაერთი ბათუმელი გამოვიდა ქალაქში გაუკვალავ თოვლში სასეირნოდ. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“ზღვის ნაპირი თოვლში. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“მემედ აბაშიძის ქუჩა. მოქალაქეები პირდაპირ ავტომობილის სავალ გზაზე მოდიან და ასე არიდებენ თავს სახურავიდან ჩამოცვენილ თოვლსა და ყინვას და, ასევე, მოყინულ ტროტუარს. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“დიდთოვლობამ ქალაქში დააზიანა ხეები. ხეებს თოვლისგან ათავისუფლებდნენ როგორც მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოქალაქეები. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“ყველაზე კმაყოფილი ბავშვები იყვნენ, რომელთაც სკოლაში წასვლის ნაცვლად გუნდაობის შანსი მიეცათ. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“საინიციატივო ჯგუფმა, „დაიცავი ბათუმის ბულვარი“, მოხალისეებს უხმო ბულვარში ხეების თოვლისგან გასათავისუფლებლად. საღამოს აქციაში ათობით მოხალისე ჩაერთო ხეების გადასარჩენადყინულის ლოლუები ქუჩის ლამპიონზე. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“ბულვარი. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“26 იანვარს, საღამოს, გაიყინა ცენტრალურ პარკში მდებარე ტბა. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“ღამით ჰაერის ტემპერატურა -3, -7 გრადუსამდე დაეცა. ტბაში ბათუმელები ქვებსა და გუნდებს ისვროდნენ იმის შესამოწმებლად, გაიყინა თუ არა ტბა. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“27 იანვარს, დილას, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა უკვე +3 გრადუსი იყო, თუმცა ტბის ზედაპირი დილას ბათუმელებს ისევ გაყინული დახვდათ. 2016 წლის 27 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“
თუ გაინტერესებთ, კიდევ რომელ წლებში იყო ბათუმის ისტორიაში დიდთოვლობა, ნახეთ სტატია:
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა, გორგილაძისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში მთლიანად გადაკეტილია. დღეს, 25 იანვარს, გადაიკეტა ჯავახიშვილის ქუჩა ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩებს შორის.
შესაბამისად, ფიროსმანის ქუჩით მოძრავი ავტომობილები ჯავახიშვილის ქუჩიდან ვერც გორგილაძის და ვერც გორგასლის ქუჩაზე გავლენ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ვერ გამოვლენ ავტომობილები გორგასლის ქუჩის ბოლოდანაც.
ადგილზე მომუშავეთა თქმით, ეს მონაკვეთი 2-3 თვით გადაიკეტა, თუმცა ზუსტი დრო, როდის დასრულდება სამუშაოები, უცნობია.
ბათუმის მერიის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა 45 დღის განმავლობაში შეიზღუდება.
თუმცა ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი – გორგასლისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის 2019 წლის ივნისში გადაიკეტა და სამუშაოები, ბათუმის მერიის მაშინდელი განცხადებით, სამ თვეში ანუ ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნული სამუშაოები უკვე მეშვიდე თვეა გრძელდება.
საავტომობილო გზის ჩაკეტვა ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. ეს არხი არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბ სადგურს უნდა დაუკავშირდეს.
ჯავახიშვილის ქუჩის ამ მონაკვეთში სამუშაოების დაწყებისას ბათუმის მერიაში ვერ დაგვიკონკრეტეს, სრულად როდის აღდგებოდა საავტომობილო მოძრაობა ჯავახიშვილის ქუჩაზე.
„სამუშაოები ამ ქუჩაზე, არსებული გეგმა-პროექტით, 2020 წლის მარტში უნდა დასრულდეს“, – გვითხრეს მაშინ მერიაში. ამ დროისთვის უნდა დასრულდეს სატუმბი სადგურის მშენებლობაც არდაგანის ტბასთან.
ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში [გორგასლისა და აბუსერიძის ქუჩებს შორის] / ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის მშენებლობა / 25.01.2020 / ფოტო „ბათუმელები“ჯავახიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების კვეთა / 25.01.2020გორგილაძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე [აბუსერიძის ქუჩის მიმართულებით] ავტომობილებისთვის მოძრაობა აკრძალულია / 25.01.2020
თურქული მედია ქალაქ ელაზიღში მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მიწისქვეშა ბიძგების ხმის ჩანაწერს ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ჩაწერა შეძლო ამერიკული უნივერსიტეტის კონსორციუმმა, რომელიც მიწისქვეშა ქანებს იკვლევს. უნივერსიტეტმა ჩანაწერი თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
თურქეთში წუხელ მომხდარი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. თურქული მედიის ცნობითვე, ქალაქ ელაზიღთან არსებული ერთ-ერთი სოფელი მთლიანად დაინგრა. მიწისძვრის შედეგად ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ამ სოფელმა განიცადა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, რასაც არაერთი პირი ადასტურებს, ახალი წლიდან ექთნებს ხელფასები შეუმცირეს. ექთნები სხვადასხვა კლინიკიდან ამბობენ, რომ ადმინისტრაცია მათ შეხვდა და მიუთითა ხელფასების შემცირების მიზეზზე – „მთავრობის 520-ე დადგენილებაზე“. სწორედ ამ დადგენილებას უკავშირებენ კლინიკები შემოსავლების შემცირებას, რაც, თავის მხრივ, სამედიცინო სერვისების ფასების შემცირებას უკავშირდება.
რამდენიმე კლინიკის ექთნების თქმით, მათ ადმინისტრაცია უკვე ესაუბრა და ხშირ შემთხვევაში ხელიც მოაწერინეს ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც ხელფასები დააკლდათ.
მაგალითად, ბათუმში არსებულ კლინიკა „ბაუში“ რამდენიმე ექთანთან გასაუბრების შემდეგ გავარკვიეთ, რომ მათ მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი, რომლის მიხედვითაც ხელფასი 12%-ით შეუმცირდათ.
ხელფასის შემცირებაზე გვითხრეს კლინიკა „მედინაშიც“. ამ კლინიკაში ექთნები გააფრთხილეს, რომ ახალ პირობებში მოუწევთ მუშაობა და ეს „ახალი პირობები“ ითვალისწინებს ანაზღაურების შემცირებასაც. ჯერ მათთვის უცნობია, რამდენი პროცენტით შეუცირებენ ხელფასს.
კიდევ ერთი კლინიკის – ბათუმის „ევექსის“ ექთნებისთვის, ჯერჯერობით, ადმინისტრაციას არაფერი უთქვამს ხელფასის შემცირებაზე და ისინი მხოლოდ ხელფასის დაგვიანებით ჩარიცხვაზე გააფრთხილეს. ამ დაწესებულების პრესცენტრში კი ირწმუნებიან, რომ ექთნების ხელფასების შემცირება არ იგეგმება. „დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ [ექთნების] ხელფასები არ შემცირებულა, ძველ სახელფასო სარგოზე აგრძელებენ მუშაობას“, – აცხადებენ დაწესებულების პრესცენტრში.
„ბათუმელებმა“ უშუალოდ რამდენიმე კლინიკის ადმინისტრაციას ჰკითხა, რით არის გამოწვეული ექთნებისთვის ხელფასების შემცირება, მაგრამ მათ მიზეზებზე საუბარი არ სურთ.
საერთაშორისო ჰოსპიტალ „ბაუში“ კი ჩვენს კითხვებზე გვიპასუხეს მოკლედ და წერილობით.
„520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ, საშუალოდ 20 პროცენტამდე შემცირდა სამედიცინო სერვისების ფასები. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ გაკოტრების მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, საერთაშორისო ჰოსპიტალი ბაუ იძულებულია გაატაროს გარკვეული ღონისძიებები“, – მოგვწერეს „ბაუდან“.
სამედიცინო დაწესებულება „მედინაში“ კითხვებზე პასუხისთვის ვერ მოიცალეს, ბათუმში „მედალფას“ კლინიკის ხელმძღვანელი ლევან ანთაძე კი ამბობს, რომ ეს ცვლილება ნებისმიერი კლინიკის საქმიანობაზე მოახდენს უარყოფით გავლენას და მათ შორის „მედალფაზეც“:
„ჩვენ რაც პირდაპირ შეგვეხო, ეს არის რეანიმაცია, რომლის კოდებიც შემცირდა, რაც აქამდეც არ იყო საკმარისი. ასევე შემცირდა ნევროლოგიის კოდები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, შემცირდება ხელფასები. ფინანსური წყარო როცა მცირდება, ეს მოსალოდნელია“.
ლევან ანთაძის შეფასებით, 520-ე დადგენილება რეანიმაციული განყოფილების გარდა მნიშვნელოვნად შეეხო ნევროლოგიას და კარდიოლოგიას. „როცა სასიცოცხლო ფუნქცია მოშლილი ჰქონდა ადამიანს [აპარატზე შეერთება], ბათუმში ერთი დღე-ღამე ღირდა 500 ლარი. მაშინ, როცა უფრო მეტი სჭირდებოდა, შეამცირეს და 440 ლარი გახადეს. ერთი დღის ღირებულება რომ შემცირდა, სამედიცინო კუთხით რაც გამოსაყენებელია – კვლევა, მედიკამენტი, ის ხარჯიც შემცირდება. ექიმი იძულებული იქნება, ნაკლები კვლევა ჩაატაროს და კარგხანს იფიქროს, სანამ მედიკამენტს დანიშნავს.
ეს ჩვენ არ გვეხება, მაგრამ განსაკუთრებით კარდიოლოგია შეზღუდეს… რეალურად ის დაავადებები შეამცირეს [დაფინანსება], რასაც დიდი ფინანსური რესურსი სჭირდებოდა. სამინისტროს, მოყოლებული 2014 წლიდან, ყოველდღიური გადახარჯვა ჰქონდა და მარტივი გზა მონახა – ფინანსურად რესურსტევადი დაავადებები [დაფინანსება] შეამცირა“.
ლევან ანთაძის ინფორმაციით, მთავრობის 520-ე დადგენილებაზე, რაც ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პირობებში მიიღეს, კონსულტაციები სამინისტროსა და კლინიკებს შორის ჯერ კიდევ გრძელდება:
„მიდის მოლაპარაკება, რომ ეს გასწორდეს. სამედიცინო სერვისის მიმწოდებლები თავისას ითხოვენ, სამინისტრო – თავისას. როგორც ვიცი, დათმობებზე აპირებენ წასვლას. იგივე რეანიმაციაში, რთული შემთხვევების ცალკე კვოტად გამოტანას აპირებენ, ცალკე დაფინანსების გამოყოფას.
როგორც ვიცი, დათმობებზე აპირებენ წასვლას კარდიოქირურგიაშიც. მნიშვნელოვანი ისაა, რომ როცა ნაკლებია დაფინანსება, ხარისხი ფუჭდება. გაჭირდება ინოვაციური ოპერაციები, რაც ტარდებოდა კარდიოქირურგიაში“.
ექთნები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ჯგუფია და ზოგ შემთხვევაში, მათი შემოსავალი საარსებო მინიმუმსაც ვერ აღწევს. საქსტატის გაანგარიშებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, 2019 წლის მარტის მონაცემებით, 160 ლარი და 50 თეთრია.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. მხარეებმა განათლების, კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები უკვე განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, USAID-ი 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კიდევ ერთ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს. პროექტი [Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT] გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომლებიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.
სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, ამ პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ [ETA] პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია, რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.
პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლებისა და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას.
შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება და ის სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით Fulbright-ის ფარგლებში განხორციელდება.
სამინისტროში მიიჩნევენ, რომ პროექტი საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება და „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვას შეუწყობს ხელს.
„ახალგაზრდა მწვანეები“ ხვალ ბათუმში „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია დღის 3:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება, შემდეგ კი უშუალოდ რივიერას ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიშო ჯიბლაძის ინფორმაციით აქციას ორგანიზაცია „ბათომიც“ შეუერთდება.
ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს კომპლექსის სამშენებლო პროექტის განხორციელებას,, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე. ბათუმში რივიერას დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტრომ გასცა ბათუმი რივიერაზე პირველი 42-სართულიანი მშენებლობის ნებართვა ცოტა ხნის წინ გასცა.
16 იანვარს ბათუმში განცხადება გააკეთეს საზოგადოებრივი ჯგუფებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა თქმითაც, ბათუმი რივიერაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს და ყოველგვარი არგუმენტაციის, სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს.
პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან 59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.
ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლების საკითხის განხილვისთვის გათვალისწინებული მეორე ვადა მარტის ბოლოს ამოიწურება. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურს სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი 23 სახლის ღირებულება, კულტურული მემკვიდრების თვალსაზრისით, ექვს თვეში უნდა შეესწავლა.
სწორედ ამ ვადას ითვალისწინებს კანონი, მას შემდეგ რაც ამ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიენიჭება. ითვალისწინებს თუ არა ობიექტი ძეგლის სტატუსს, ეს ძეგლების საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.
კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირველ ვადაში [ექვსი თვე] სააგენტომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ამის შემდეგ კი ვადა კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივეს, რასაც ასევე კანონმდებლობა ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გაფრინდაშვილმა [სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე] მოაწერა ხელი.
შეძლო თუ არა ამ დროში სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა ინფორმაციის დამუშავება ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, თუმცა სააგენტოში გვითხრეს, რომ ძეგლების საბჭო ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი საკითხის განხილვას 2020 წლის თებერვლიდან დაიწყებს. განხილვა მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლები კომპანია „გეოგრაფიკმა“ ბათუმის მერიის დაკვეთით 2015 წელს შეარჩია. 2015 წლიდან 2019 წლამდე, ბათუმის მერიას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ეროვნულ სააგენტოს შორის გრძელვადიანი გადარჩევა-დაზუსტების შემდეგ, სააგენტომ გადაწყვიტა და 2019 წლის მარტში ამ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიანიჭა. შესაბამისად, დარჩენილია ბოლო ეტაპი – შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება.
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის მინიჭების შემდეგ, კონკრეტული შენობების მიმართ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ყველა დამცავი რეჟიმი ამოქმედდა, რაც ამ სახლების ათვისებით დაინტერესებული მშენებლებისგან დაცვას უზრუნველყოფდა. როგორც სააგენტოს დანართშია მითითებული, ამ სახლების უმრავლესობა არქიტექტურის თვალსაზრისით ღირებულია.
ბათუმელი მომღერალი თათია კობალაძე „თურქეთის ხმაში“ O Ses Türkiye-ს მონაწილეა. მომღერალმა რთული შესარჩევი კასტინგი გაიარა და ოთხი სკამის კონკურსზე ჟიურის ოთხივე წევრის შემოტრიალება შეძლო.
„გასულ წელს ჩემპიონი არ გამხდარა და ამიტომ ვთვლი, რომ ერთად გავხდებით ჩემპიონები, ამიტომ ვირჩევ ბატონ ბეიაზს,“ – ასე უპასუხა თათიამ წამყვანის კითხვას, თუ ვის გუნდში სურდა მოხვედრა.
„ბათუმელები“ თათიას სტამბოლში დაუკავშირდა და კონკურსის შესახებ ჰკითხა.
„ბათუმში დავიბადე, ბათუმელი ვარ. ჩემი კარიერაც, როგორც მომღერლის ბათუმში დაიწყო. თუმცა საკმაოდ პატარა ვიყავი, როდესაც თბილისში გადავედით საცხოვრებლად. დავამთავრე კონსერვატორია, საესტრადო ვოკალის განხრით. მონაწილეობა მაქვს მიღებული ქართულ „იქს ფაქტორში“. შემდეგ იყო უკრაინული „იქს ფაქტორი“, სადაც საკმაოდ წარმატებულად გამოვედი – ლაივის ეტაპზე გადავედი, სადაც უკვე მაყურებელი სმს-ებით წყვეტდა თითოეული კონკურსანტის ბედს. პირველ შოუში კარგი შედეგი მქონდა, მეორე ლაივზე კი უკვე ხმები არ მეყო და პროექტი დავტოვე,“ – იხსენებს თათია.
თათიას უკრაინული პროექტის შემდეგ სურდა ბრიტანულ ნიჭიერში მიეღო მონაწილეობა, საბუთებიც შეაგროვა, კასტინგზე დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ საელჩომ ვიზა არ მისცა, ბრიტანეთში გამგზავრება ვერ შეძლო.
„ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. მე იმდენი საშუალება არ მქონდა, რომ ჩემი გამგზავრება დამოუკიდებლად დამეფინანსებინა. თურქეთში ცხოვრობს და მუშაობს დიზაინერი გია კანდელაკი, ჩემი მეგობარია და ის მეხმარებოდა ფინანსურად. როდესაც ბრიტანეთში ვერ წავედი, მითხრა, მოდი თურქულ შოუში მიიღე მონაწილეობაო. „O Ses Türkiye – თურქეთის ხმა“ არის ძალიან ცნობილი კონკურსი თურქეთში. ვინაიდან მე თურქული ენა არ ვიცოდი, აპლიკაცია გიამ შემივსო.
საქართველოში ვიყავი, როცა გიამ დამირეკა და მითხრა, ხვალ უნდა ჩამოხვიდე, მოსმენა გაქვს შოუშიო. რამდენიმე ეტაპიანი მოსმენა გავიარე და საბოლოოდ შოუში მოვხვდი,“ – იხსენებს თათია კობალაძე.
თათია პირველ საეთერო შოუში საკმაოდ წარმატებით გამოვიდა. მისი სიმღერის დროს, ჟიურის ოთხივე წევრმა დააჭირა წითელ ღილაკს ხელი და თათიას ამ გზით შანსი გაუჩნდა, თავად აერჩია, რომელი მენტორის გუნდში სურდა კონკურსის გაგრძელება.
„მე ავირჩიე ბეიაზ ოზთურქი. ვიცოდი, რომ მამა ქართველი ჰყავდა. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა მისი არჩევა. როდესაც მისი სახელი ვთქვი, ბეიაზი მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა – „იცი მე ქართველი მამა მყავდაო“. ვიცი-მეთქი. თვითონაც ძალიან გაუხარდა რომ ავირჩიე,“ – ამბობს თათია.
თათიას თქმით, იმის გამო, რომ თურქული არ იცის, ხანდახან კომიკური სიტუაცია იქმნება, თუმცა ფიქრობს, რომ მთავარი, მუსიკის ენა ესმის, რომელიც ყველასთვის გასაგებია.
„ენა რომ არ ვიცი ცალკე კომედიაა. ვაპირებ, თურქული სიმღერა ვიმღერო და ყველას ძალიან უკვირს, როგორ იმღერებო. თუმცა არც ინგლისური ვიცი კარგად, მაგრამ ვმღერი ინგლისურ სიმღერებს. ენა რომ არ ვიცი, ხშირად სასაცილო სიტუაცია იქმნება. როცა ჟიურის წევრები გველაპარაკებიან, ველი ჩემს გვერდით მდგარი სხვა კონკურსანტები ტაშს როდის დაუკრავენ. თუ დაუკრეს სხვებმა ტაში, მაგ შემთხვევაში ვუკრავ მეც. ახლა მეორე ტურზე, ჩემი მენტორი, ბეიაზ ოზთურქი რაღაცას მეუბნებოდა, გაიგე რას გეუბნებიო? მე გავუქნიე თავი, ვერა-მეთქი. გაიცინა და მითხრა: „შენი ბედი ჩემს ხელშია, შენ კიდევ არაფერი გესმის ჩემიო. არ ხარ ამ სამყაროშიო“.
თათიას თქმით, ვინაიდან კონკურსი მიმდინარეობს, არ აქვს უფლება მომდევნო ეტაპების დეტალები მოყვეს. იმედოვნებს, რომ მისი შრომა დაფასდება და O Ses Türkiye-ის ფინალში მოხვდება.
„საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს. არ მეგონა თურქები ასე კარგად თუ მღეროდნენ და აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად მღერიან. რა შანსი მაქვს გამარჯვების? არ ვიცი. ალბათ იმით გამოვირჩევი სხვა კონკურსანტებისგან, რომ ემოციურად გადმოვცემ და ამ ემოციურობამ გავლენა იქონია ჩემს გამოსვლაზე.
ამას გარდა, თვითონ ამ კონკურსში მონაწილეობა, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება პროდიუსერებმა შეგამჩნიონ და დაინტერესდნენ. შოუს დაწყების წინ კონტრაქტზე ხელი მოგვაწერინეს, სადაც წერია, რომ მოგების გარეშეც შეიძლება ტელევიზიამ ჩაგიწეროს ალბომი, თუკი მიხვალ ლაივებამდე,“ – ამბობს თათია.
კითხვაზე, თუ რატომ აირჩია კარიერის განვითარება სხვადასხვა კონკურსის გზით, თათია ამბობს, რომ ეს არის შანსი მომღერალი გაიზარდოს:
„უკრაინის იქს ფაქტორიდან დღემდე ძალიან გავიზარდე. სხვაგვარად ვდგავარ უკვე სცენაზე და ვმღერი. მეორეც, საქართველოში თუ კონკურსებში არ მიიღე მონაწილეობა, სხვა რა უნდა ქნა? თუმცა ისიცაა, საქართველოში კონკურსში ვინც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომც მოიგოს, საბოლოო ჯამში მაინც რესტორანი არის ბოლო ყველა მომღერლის. ამ მხრივ თურქეთის ბაზარი უფრო სხვა განზომილებაა. მეტი შესაძლებლობები გაქვს, შემოთავაზება მოდის ძალიან ბევრი, კონტრაქტებს გიდებენ და წარმატების შანსი აქ უფრო მეტია. შეიძლება კონკრეტულ პროექტში ვერ გაიმარჯვო, მაგრამ ზუსტად ამ პროექტით შეგამჩნიოს საპროდიუსერო კომპანიამ და ახალი შანსი გაგიჩნდეს ცხოვრებაში“.
„ბალნეოლოგიური ცენტრი“, რომელსაც შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში აშენებს, მომავალში შესაძლოა სასტუმროდ იქცეს. ძეგლების დამცველები მიიჩნევენ, რომ კომპანია სწორედ სასტუმროს ნომრების შექმნაზეა ორიენტირებული და ნებართვა სამკურნალო დაწესებულებისთვის მხოლოდ იმიტომ მოითხოვა, რომ ასე მისი მიღება გაუადვილდებოდა. ბულვარში სასტუმროს მშენებლობა კანონით დაუშვებელია. რა ინფორმაცია მიაწოდა კომპანიამ აჭარის კმდ-ს ძეგლების საბჭოს, როცა პროექტის სიმაღლის 15-სართულამდე გაზრდა მოითხოვა? – ამ თემაზე საბჭოს წევრს, ნინო ინაიშვილს ვკითხეთ.
ეჭვიც არ მეპარება, რომ სასტუმროს აშენება სურთ, რაც არც დაუმალავთ (ეს ცხადზე ცხადია, ამას ვერ დამალავ), კომპანიის მხრიდან საუბარი იყო ნომრებზე, აპარტამენტებზე. მხოლოდ იმით დაგვამშვიდეს, რომ აპარტამენტებს ბინებად არ გაყიდიან (ყოველ შემთხვევაში, დღეს ამას აცხადებენ). სასტუმროს გამო უნდათ 15–სართულიანი შენობა და იგონებენ რაღაცეებს (მაგალითად, შადრევნიანი ნაგებობა ან გოგირდოვანი წყლები, რაც სრული აბსურდია ამ გეოლოგიურ გარემოში) ამ ყველაფრით უნდათ შეფუთონ სასტუმროს იდეა, რომ როგორმე მიიღონ ნებართვა. ჩემთვის სწორედ ეს არის საგანგაშო – სასტუმროს მშენებლობა ისტორიული ბულვარის საზღვრებში, როგორი გენიალური არქიტექტურაც არ უნდა შემოგვთავაზონ. ეს ქანდაკების დადგმა ხომ არ არის, სასტუმროს სხვა ინფრასტრუქტურა სჭირდება, მაგალითად პარკინგი. ამიტომ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრებს ემსჯელათ არა შემოთავაზებული პროექტის არქიტექტურულ იერ–სახეზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ ადგილას (ბულვარის ცენტრალურ ნაწილში) სასტუმროს წამოჭიმვა. ამიტომაც ძალიან სამწუხაროა, რომ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრთა თითქმის უმრავლესობა იწონებდა პროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება ბულვარის, როგორც ისტორიული ძეგლის და მისი ღირებულებების დაცვის ელემენტარულ პრინციპებს.
ამ ადგილას სასტუმროს მშენებლობის პროექტი 3–4 წლის წინაც იყო შემოსული საბჭოზე. მაშინ რა მოხდა?
მაშინ უცხოელი მეპატრონე ჰყავდა, მაგრამ რადგან ვერ მიიღო თანხმობა, როგორც ჩანს, გაყიდა და ახლა სხვა მეპატრონე ჰყავს. ბოლო პროექტი, რომელსაც საბჭომ მხარი დაუჭირა ითვალისწინებდა არა სასტუმროს, არამედ საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობის (4–სართულიანი) აგებას საცურაო აუზებით და სხვა გამაჯანსაღებელი სერვისებით, რაც ბულვარში ტრადიციულად არსებობდა და ჩვენ ამ პროექტს მხარი დავუჭირეთ.
მაგრამ ბულვარის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ცუდი პრეცენდენტიც ხომ გვაქვს – მერიდიენს ვგულისხმობ. სახელმწიფომ ბულვარის ცენტრალური შესასვლელის ის ნაწილი (ყოფილი ტექნოლოგიურის ტერიტორია) სადაც მერიდიენია განლაგებული, ბულვარის საზღვრებიდან ამოიღო და გასცა მშენებლობის ნებართვა. ახლა ამბასადორმა მოინდომა სასტუმროს მშენებლობა, მერე სხვებიც იტყვიან, ჩვენ ვისზე ნაკლები ვართო და ასე გაგრძელდება, ვიდრე ბულვარიდან აღარაფერი არ დარჩება. ეს ყველაფერი სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგია. არ შეიძლება ასეთი პრეცენდენტების დაშვება.
როგორგაგრძელებასელოდებით?
კომპანია გამოიყენებს თავის გავლენებს და დაიწყებს ამ საქმის მოგვარებას უფრო ზემოთ, ცენტრალურ ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, მერიდიენის მაგალითს მიბაძავს და ეროვნულ სააგენტოს მოსთხოვს ამ ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან სწორი იყო თორნიკე რიჟვაძის [აჭარის მთავრობის თავმჯდომარე] პოზიცია, როცა თქვა – უნდა აშენდეს უკვე შეთანხმებული პროექტის შესაბამისად. ვნახოთ, თუ შეძლებს ამ პოზიციის ბოლომდე დაცვას. ასევე, ძალიან სწორი და კარგი ნაბიჯი იყო აჭარის მთავრობის მხრიდან ბულვარის განვითარების კონცეფციაზე და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რისთვისაც გამოიყო თანხები სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა. დიდი იმედი მაქვს, რომ როცა გვექნება (2020–ის სექტემბრისთვის) ბულვარის განვითარების დოკუმენტი (ხედვა იმისა, თუ რა არის დასაცავი ღირებულება და როგორ შეიძლება მისი განვითარება), ბულვარში მსგავსი სამშენებლო პროექტების გამო ვნებათაღელვა აღარ მოგვიწევს. თუმცა ბათუმლებს, ვისთვისაც ძვირფასია ბულვარი, როგორც ბათუმის იდენტობის გამოხატულება, მოვუწოდებ, რომ ძალიან ფხიზლად ვიყოთ.
ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეიქმნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით უკვე დამტკიცდა ცენტრის დებულება. ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანება 2020 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.
დებულების მიხედვით, „ცენტრი იქმნება ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და შეფასების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით“.
მონიტორინგის ცენტრს უხელმძღვანელებს უწყებათაშორისი საბჭოს მდივანი – იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი. ცენტრის სტრუქტურული ერთეულები კი იქნება – მონაცემთა კვლევის დანაყოფი და საკონსულტაციო დანაყოფი.
საბჭომ უნდა უზრუნველყოს:
[checklist]
ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მიერ განსაზღვრული ინდიკატორების გათვალისწინებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური მაჩვენებლების დამუშავება, მათი მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო და საზოგადოებრივი ზიანის შეფასება;
ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების საკითხზე ყოველწლიური და სპეციალური ანგარიშების მომზადება;
საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან, მათ შორის, „EMCDDA“-თან, ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოება;
საჭირო სხვა ფუნქციების განხორციელება.
[/checklist]
მონიტორინგის ცენტრი ანგარიშვალდებული იქნება უწყებათაშორისი საბჭოს წინაშე; ცენტრის ფარგლებში დამუშავებული დოკუმენტებისა და სხვა შესაბამისი მასალის შინაარსი კი, კონფიდენციალური უნდა იყოს. დებულების მიხედვით, დაუშვებელია მათი შინაარსის მესამე პირისათვის გამჟღავნება ცენტრის მიერ აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალურად გამოქვეყნებამდე.
[highlight color=”green”]მონაცემთა კვლევის დანაყოფი:[/highlight] საქმიანობის მთავარი ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ნარკოვითარების მონიტორინგის მიზნით ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ცენტრის სპეციალური და ყოველწლიური ანგარიშების შემუშავება.
დანაყოფი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან, ჯანდაცვის სექტორთან და თემატურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებთან, სერვისის მიმწოდებელ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან/და კერძო დაწესებულებებთან.
დანაყოფის შემადგენლობაში შედის ნარკომოხმარების პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, მიწოდების შემცირების, ადიქტოლოგიის, სოციოლოგიის, სტატისტიკის ან ეპიდემიოლოგიის დარგის 5 წარმომადგენელი. მონაცემთა კვლევის დანაყოფის თანამშრომლები შეირჩევიან კონკურსის წესით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
[highlight color=”green”]მონაცემთა კვლევის დანაყოფი:[/highlight] ამ დანაყოფის ამოცანას წარმოადგენს მონაცემთა კვლევის დანაყოფის თემატური მხარდაჭერა, ამავე დანაყოფის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტებსა და ანგარიშებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაზიარება და პროფესიული კონსულტაცია. საკონსულტაციო დანაყოფი იკრიბება საკუთარი ინიციატივით, ან ცენტრის ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე, არანაკლებ წელიწადში ორჯერ.
საკონსულტაციო დანაყოფი შედგება შემდეგი სახელმწიფო უწყებების 6 წარმომადგენლისაგან: იუსტიციის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; გენერალური პროკურატურა; სპეციალური პენიტენციური სამსახური.
დებულებაში აღნიშნულია, რომ უწყებები 2 წლის ვადით უწყებათაშორის საბჭოს წარუდგენენ უწყების იმ თანამშრომელს, რომელსაც აქვს ნარკოვითარებისა და ნარკომოხმარებასთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. საკონსულტაციო დანაყოფის წევრის ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად სახელმწიფო უწყება, რომლის თაობაზეც წერილობით ეცნობება უწყებათაშორის საბჭოს.
საკონსულტაციო დანაყოფის მუშაობაში, ცენტრის ხელმძღვანელის მოწვევით, მონაწილეობას იღებს ნარკომოხმარების პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, მიწოდების შემცირების ან/და ადიქტოლოგიის, ასევე, მომიჯნავე დარგების 5 ექსპერტი.
ბათუმის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო სკოლების [სულ 13 სკოლა] მშენებლობა/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება დღეს, 25 იანვარს დაიწყო. სატენდერო თანხა 140 ათასი ლარია.
ტენდერში წინადადებების მიღება 28 იანვარს დასრულდება. გამარჯვებულმა კი პროექტები, ტექნიკური დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა მოამზადოს.
ახალი სკოლის შენობის ან ახალი კორპუსის მშენებლობის შემთვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება განახორციელოს მშენებლობის სამუშაოებზე საავტორო ზედემხედველობა დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
სკოლების ჩამონათვალი და ის სამუშაოები, რაც უნდა აისახოს კონკრეტული სკოლის პროექტში:
საჯარო სკოლა
სამუშაოები, რაც უნდა აისახოს პროექტში
მაქსიმალური ღირებულება ლარში
სსიპ ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლა;
არსებული შენობის დემონტაჟი, ახალი სკოლის მშენებლობა, ეზოს კეთილმოწყობა
30000
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა;
გათბობის სისტემის რეაბილიტაცია, საქვაბის მშენებლობა
3000
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა;
ეზოს კეთილმოწყობა, სანიაღვრე სისტემა, ღია მოედანი, ღობე
4000
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლა;
ღია მოედნის რეაბილიტაცია
2000
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლა;
შენობის შიდა სრული რეაბილიტაცია
6000
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლა;
კონსტრუქციის გაძლიერება და ნაწილი სამღებრო სამუშაოები
3000
სსიპ რაულ მჟავანაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლა;
ღია მოედნის მოწყობა
3000
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა;
ფასადის რეაბილიტაცია
4000
სსიპ ქალაქ ბათუმის N13 საჯარო სკოლა;
ღია მოედნის მოწყობა, ტერიტორიის შემოღობვა
3000
სსიპ ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლა;
ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა (3 ან 4 სართულიანი შენობა, 2 სააქტო დარბაზით, შენობის გაბარიტები განისაზღვროს სამშენებლო ნორმების შესაბამისად შემსყიდველთან შეთანხმებით), ტერიტორიის კეთილმოწყობა
40000
სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლა;
ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევა
5000
სსიპ ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლა;
შენობის სახურავის, ფასადის და ნაწილობრივ შიდა რეაბილიტაცია. ტერიტორიის კეთილმოწყობა
7000
სსიპ ქალაქ ბათუმის N31 საჯარო სკოლა;
არსებული შენობის დემონტაჟი და ახალი შენობის მშენებლობა (2 ან 3 სართულიანი შენობა, შენობის გაბარიტები განისაზღვროს სამშენებლო ნორმების შესაბამისად შემსყიდველთან შეთანხმებით), ტერიტორიის კეთილმოწყობა
30000
—
აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმსა და აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე 16 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე 2019 წლის ოქტომბერშიც გამოაცხადა ტენდერი სავარაუდო თანხით – 136 ათასი ლარი.
ტენდერის დამატებითი და აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ გამარჯვებულს ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიისა და შენობის კვლევა უფასოდ ჩაეტარებინა. ეს ტენდერი არ შედგა, მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.
სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, სადაც მე-16 სკოლის ტერიტორიისა და შენობის კვლევა, მოთხოვნებიდან ამოიღო [ამ კვლევისთვის სამინისტრომ ამჯერად, მიმდინარე ტენდერში, მაქსიმუმ 5 ათასი ლარი გაითვალისწინა]. ხელახალ ტენდერში გამარჯვებულ შპს „აჭარკაპმშენთან“ კი სამინისტრომ ხელშეკრულება 135 ათას ლარზე, 2019 წლის ნოემბრის ბოლოს გააფორმა.
შუახევში, გონიოსა და ქობულეთში, 2020 წელს, თითო ნოტარიუსი უნდა დაინიშნოს. ნოტარიუსთა დანიშვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უნდა უზრუნველყონ.
სამინისტროს და პალატას კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება იმ დასახლებებში (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში), სადაც სანოტარო მომსახურება 2020 წელს სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაევალათ.
იმ დასახლებათა ნუსხა, სადაც 2020 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, იუსტიციის მინისტრის 16 იანვრის ბრძანებით დამტკიცდა.
იმ დასახლებათა ნუსხა, სადაც 2020 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის:
შესწორება: „ბათუმელებმა“ აღნიშნული სტატია გამოქვეყნა 24 იანვარს, სათაურით, – „არაქართულენოვანმა პედაგოგებმა არ იციან,რომ უნარების ჩაბარება უცხო ენაზეც შეუძლიათ“. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, არაქართულენოვანი სკოლებიდან პედაგოგები ისევ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ გამოცდების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
„ბათუმელები“ ხელმეორედ დაუკავშირდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს და აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება მოითხოვა.
ამჯერად განმარტება გააკეთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის უფროსი, ირინა ჟვანიამ. ის ამბობს, რომ პროფესიული უნარების ტესტი, რომელსაც არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები აბარებენ, ნამდვილად ქართულ ენაზეა და არაქართულენოვან მასწავლებლებს შუძლიათ მათთვის გასაგებ ენაზე მხოლოდ პასუხები დაწერონ.
ირინა ჟვანიას სრული კომენტარი ამ საკითხზე იხილეთ აქ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან „ბათუმელებს“ პედაგოგი დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები ქართული ენის არასრულფასოვნად ცოდნის გამო, პროფესიული უნარების გამოცდას ვერ აბარებენ. შესაბამისად, პრაქტიკოსი მასწავლებლები ვერ იმაღლებენ სტატუსს.
პედაგოგი, რომელიც პრობლემის შესახებ გვესაუბრება, ამბობს, რომ სკოლაში 24 წელია რუსულ ენას ასწავლის. საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს 7 კრედიტზე, თუმცა სტატუსი რომ შეიცვალოს და უფროსი მასწავლებელი გახდეს, აუცილებელია პროფესიული უნარების ჩაბარებაც, რაც ქართული ენის სათანადოდ არცოდნის გამო, არ შეუძლია.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს დიდი ხანია შეუძლიათ პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარონ როგორც რუსულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
თუმცა, პედაგოგი „ბათუმელებს“ უყვება, რომ ეს ინფორმაცია მისთვის და სხვა ბევრი არაქართულენოვანი პედაგოგისთვის არავის მიუწოდებია. „მასწავლებელთა სახლის წარმომადგენელს ვკითხე და მან მითხრა, რომ ეს საკითხი გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა გამერკვია. მათაც მივმართე ცოტა ხნის წინ, სადაც მითხრეს, რომ პროფესიული უნარები მხოლოდ ქართულ ენაზე ბარდება“, – გვეუბნება პედაგოგი.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს იმის გასარკვევად, ნამდვილად შეუძლიათ თუ არა არაქართულენოვან პედაგოგებს პროფესიული უნარების ჩაბარება მათთვის გასაგებ ენაზე. ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ტესტები ხელმისაწვდომია როგორც რუსულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე.
„პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლები. დიდი ხანია ასეა – უნარების გამოცდა, როგორც ზოგადის, ასევე პროფესიულის, შეუძლიათ ყველა ენაზე ჩააბარონ. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ჩააბარონ ქართულის გარდა სხვა ენაზე“, – გვეუბნებიან გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსში 2019 წელს ჩართული იყო 71 სკოლა, 2020-ში ჩაერთვება 85 სკოლა.
ცენტრის, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი, თამარ კეკელიძის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 2019 წელს 23 არაქართულენოვანი პედაგოგი ესწრებოდა ენის შემსწავლელ კურსებს, ხოლო იმ სკოლიდან, საიდანაც პედაგოგი დაგვიკავშირდა, „ჩართული იყო 5 მასწავლებელი, ორმა კი სიარული შეწყვიტა“.
კეკელიძის თქმით, ქართული ენის შემსწავლელი კურსი მოიცავს 98 საათს, თავისი პრეტესტით, შუალედური ტესტით და საბოლოო შეფასებით. „არაქართულენოვანი პედაგოგების უმრავლესობა, სამწუხაროდ ნულოვან დონეზეა, ამიტომ 2019 წლის თებერვალში როცა დავიწყეთ ენის შემსწავლელი კურსი და დავასრულეთ ივლისში, ეს საფეხური წარმატებით გაიარა 303-მა მსმენელმა, თუმცა ეს არის ერთი საფეხურის ენობრივი კომპეტენცია, რაც საკმარისი არ არის პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად, ამისთვის პედაგოგი მინიმუმ B2 დონეზე უნდა ფლობდეს ენას“, – ამბობს კეკელიძე.
კეკელიძის შეფასებით, არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის შესწავლის მოტივაცია დაბალია. „ჯერ გამოთქვამენ სურვილს, შემდეგ უარს ამბობენ, ხშირად მიტოვების მიზეზი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებია და ვერ ესწრებიან“.
ცენტრის ინფორმაციით, არაქართულენოვან სკოლებში ამ დროისთვის 6 830 პედაგოგი მუშაობს.
მთავარი ფოტო: „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“/ნეტგაზეთის არქივიდან
გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრას დაესწრო.
ასოციაციის წევრებმა 2019 წლის შედეგები შეაჯამეს და აღინიშნა, რომ 2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71 %ით (10,7 ათსი TEU) გაიზარდა და ეს აღნიშნულ დერეფნში გადაზიდვის რეკორდული მაჩვენებელია.
ამასთანავე, 2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო. ასოციაცია ТМТМ-ს ახალი წევრებიც შეემატნენ – ჩინური კომპანია ,,Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd“ და ყაზახური – ,,აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი“.